* ღირსი ეფრემ კატუნაკელი ბრძანებს: "დიდი კურთხევაა (წყალობაა) მოწამეობა. ჩვენი ეკლესია აგებულია მოწამეთა სისხლით. წმინდა ტრაპეზები დაფუძნებულია არა ღირს მამათა, არამედ მოწამეთა წმინდა ნაწილებზე.
დიდებულია ღირსი ანტონი, დიდებულია ღირსი პახუმი, მაგრამ არც ერთი წმინდა ტრაპეზი, არც ერთი წმინდა სამსხვერპლო მათ ნაწილებზე არ არის დაფუძნებული. უცნობ მოწამეთა ნაწილებს კი ამის პატივი აქვთ.
* ევროპელი მოგზაური დენ-გარსია მოგვითხრობს: "მე ვნახე ისპაჰანში, შაჰის მოედანზე, ასეთი სურათი: რამდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ, მაჰმადიანობა მიეღო, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანებად დარჩნენ".
* ოსმალებმა ლივან-კლარჯელთა გათათრებაც გადაწყვიტეს. დატუსაღებული ქართველები ართვინის ხიდთან მიიყვანეს. ხიდის გვერდით დადეს ართვინის ეკლესიიდან გამოტანილი ძველი ქართული ხატი, ხატის გვერდით კი იდო თავსაკვეთი ქვა და იდგნენ ჯალათები. მიჰყავდათ ქართველები ხატის წინაშე და ეუბნებოდნენ, გათათრდით, ხატს შეაფურთხეთ, თორემ აგერ ჯალათი და თავი არ შეგრჩებათ კისერზეო. ქართველთა უმრავლესობამ ხატის მიფურთხებაზე უარი განაცხადა: - ნება თქვენი აღსრულდესო. ზოგს შეეშინდა, უღალატა სარწმუნოებას. ბევრიც მოწამებრივად აღესრულა: ორ დღეში რვაას (თუ 1400) ქართველს მოსჭრეს თავი და ჭოროხში გადაყარეს.
* მაჭახელელ აზნაურს, ძნელაძეს, რამდენიმე სოფელი ებარა. მუსლიმანებმა მისი გათათრება სცადეს. ჯერ მოინდომეს მისი მოქრთამვა, რომ არაფერი გამოუვიდათ. ოსმალებმა ცილი შესწამეს. ხან კაცის კვლას აბრალებნენ, ხან გამაჰმადიანებულთა დევნას. ამ საბაბით მიწების მეტი ნაწილი წაართვეს. მალე ძნელაძის გარშემო ყველამ რჯული შეიცვალა, თვითონ ისევ მტკიცედ იდგა და ოსმალებს ეუბნებოდა: - გვარად ძნელაძე ვარ და საქმითაც ძნელაძე უნდა ვიქმნე. რაც უნდა დამმართოთ, არ გავმაჰმადიანდებიო. ბოლოს ყველაფერი წაართვეს და დარჩა ცარიელი. სიღატაკისას ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა. გამაჰმადიანებულ შვილებს შესთხოვა, ისე ნუ გამიშვებთ საიქიოს, ქრისტიანულად წესი ამიგეთო. მართლაც, მოიყვანეს მღვდელი ართვინიდან, აზიარეს... მერე კი პატარა საყდარში დაკრძალეს. მას მერე მაჭახელაში კაცი აღარ დარჩენილა ქრისტიანი.
* ფაშისტებმა სოფელ ბუკოვიცეში 44 კაცი ერთ სახლში შეყარეს და უფლის ამაღლების დღეს ცოცხლად დაწვეს, მათ შორის იყო აჯიჩების მთელი ოჯახი. 17 წლის იაგლიკა აჯიჩი ცალკე დაეყენებინათ. მოხდენილი, შავთვალა, ქერათმიანი ქალიშვილი მტერმა მხეცური ვნების დასაცხრომად შემოინახა. გოგონა მიხვდა მათ განზრახვას, თვალები ზეცას აღაპყრო და წარმოთქვა: "თქვენ გსურთ ტანჯვითა და აუტანელი ჭრილობებით შეგვაშინოთ. შეკრიბეთ წამების ყველანაირი იარაღი, მიუხმეთ მსოფლიოს ყველა ჯალათს. ჯიჯგნონ ჩემი სხეული, იარაღი დაემსხვრევათ, ხელები დაეღლებათ, ვიდრე განვუდგები ქრისტეს, რომელიც მწარე ტანჯვას ტკბილ სამოთხისეულ სასმლად გარდააქცევს, დროებით სიკვდილს კი - საუკუნო ცხოვრებად". ამ სიტყვებით ხელიდან გაუსხლტა ჯალათებს, გადაეშვა ცეცხლში და იმავე წამს შეაბიჯა სასუფევლის კარიბჭეში.
* 1928 წელს მამა სამსონი (სივერსი) დააპატიმრეს და სოლოვკაში გაისტუმრეს. ჩეკისტებს ათასნაირი იარაღი ჰქონდათ წამებისა, ერთ-ერთს "ტრამვაის" ეძახდნენ. მცირე ტერიტორიაზე შეყრილი უამრავი ადამიანი ფეხზე ძლივს იდგა, გასანძრევი ადგილი არ იყო. კარებს სამი კვირით კეტავდნენ. ბევრი კვდებოდა, ცოცხლები კი მკვდრებთან ერთად "ტრამვაიში" იდგნენ. ყარდა იქაურობა. მამა სამსონმა ამას გაუძლო. პატიმრებს ხან ბნელ სარდაფში ჩაიყვანდნენ. ვირთხები ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ. მამა სამსონს ჯურღმულში ხუთჯერ უკბინეს ვირთაგვებმა. ფერგანის არხშიც იხრჩობოდა და გადარჩა. ერთხელ ღონემიხდილი დაეცა და თმით ყინულს მიეყინა. თავი რომ ასწია, კეფიდან თმასთან ერთად ტყავიც ასძვრა.
* მამა დანიელ გარეჯელი ჰყვებოდა, ჩემს სიყრმეში მონასტერში ერთი კერძო დიაკონი იყო, რომელიც ქალაქში წავიდა. იქ გაბატონებულმა წარმართმა აგარიანებმა შეიპყრეს და აიძულებდნენ, სარწმუნოება უარყავიო. მაგრამ ის მტკიცედ იდგა. ჩამოკიდეს, 50-ჯერ ესროლეს თოფი. ღამე ბევრს უნახავს მასზე დამდგარი ბრწყინვალე ნათელი.
* უფელი მღვდლის შვილი ლიდია ჩეკისტების დროს ფარული ეკლესიის წევრი იყო. ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. ბოლოს შეიპყრეს. ათი დღე განუწყვეტლივ აწამებდნენ ქალიშვილს. ქანცგაწყვეტილს სიარულიც აღარ შეეძლო. მას ეკლესიის წევრთა გაცემას სთხოვდნენ.
- ტირი და ყვირი, ესე იგი გტკივა, - ეუბნებოდნენ დაღლილი ჯალათები.
- მტკივა, ღმერთო, როგორ არ მტკივა, - პასუხობდა კვნესით.
- მაშ, რატომ არ ამბობ?
- არ შეიძლება ამის თქმა... ნებას არ მაძლევს ღმერთი.
ჯალათებმა მისი გაუპატიურება მოინდომეს. ამ დროს საკანში შემოვიდა ერთ-ერთი მცველი, კირილ ატაევი, რომელსაც გულს უკლავდა გოგონას წამება და გამწარებულმა ოთხი ჯარისკაცი დახოცა. ჯალათებმა მოასწრეს მისი სასიკვდილოდ დაჭრა. მომაკვდავმა ლიდიას შეხედა და შეევედრა: - წმინდანო, წამიყვანე შენთან ერთად!
- წაგიყვან, - გაუღიმა ლიდიამ.
ამას ორი ჩეკისტი შეესწრო, რომლებმაც მომაკვდავებს ტყვიები დააყარეს. ერთი გაგიჟდა, მეორემ, სიგიჟის ზღვარზე მყოფმა, ეს ამბავი თავის მეგობარ ოფიცერს უამბო.
* წმინდა ბასილისა 9 წლის იყო, როცა უშიშრად წარდგა სამსჯავროს წინაშე. თავიდან მოფერებით სცადეს მისი ცდუნება, მერე კი მხეცებივით ეცნენ. ქალწულმა მოწამემ ათასნაირი საშინელება გამოიარა და ცოცხალი და ქრისტეს ერთგული დარჩა. მისი ჯალათი გონს მოეგო, წამოიძახა: "ვინ აღუდგება წინ უფალს!" დაემხო ბასილისას წინაშე და შესძახა: "შემიწყალე და შემინდე, რაც ჩემი უგუნურებით ტკივილი მოგაყენე. სთხოვე შენს ღმერთს, რომ მეც შემიწყალოს, ამიერიდან მწამს იგი". წმინდა მოწამემ მადლობა შესწირა უფალს. მალე წმინდა ბასილისას ჯალათიც წმინდა მოწამეთა დასს შეუერთდა.
* სპარსელებმა ჯერ საშინლად სცემეს ბახტრიონის ომის გმირებს: წმინდა შალვას, ბიძინასა და ელიზბარს. მერე შალვას და ელიზბარს თავი წარკვეთეს, იქნებ ამით შევაშინოთ ბიძინაო. მერე დედათა სამოსელი მოასხეს დასაცინად და შუა ქალაქში გაატარეს. როცა დაშინებითაც არაფერი გამოუვიდათ, გალესილი მახვილებით დაიწყეს "უწყალოდ ჭრად და კვეთად" წმინდანის სხეულისა: დაგვნებდი, ბიძინა, და უარყავ სჯული ქრისტესიო. ჯერ მარჯვენა ხელზე დააჭრეს თითები, მერე მარცხენაზე. თან ეუბნებოდნენ, - ამის განკურნება ადვილია, თუ დაგვნებდებიო. ის კი დაუცხრომლად ლოცულობდა და არაფერს მიუგებდა. მერე ფეხის თითები დასხიპეს, ხელები მოჰკვეთეს მაჯაში და ფეხები - კოჭამდე და ასე წვრილ-წვრილად დაჭრეს იაკობ სპარსივით. ფიქრობდნენ, ტკივილისგან იქნებ დაგვნებდესო. ბიძინა კი ხმამაღლა მოუხმობდა ქრისტეს სახელს და ამით იცხრობდა საშინელ ტკივილს. ორივე მკლავი იდაყვამდე მოჰკვეთეს, ორივე წვივი - მუხლამდე. მერე ორივე მკლავები - ბეჭამდე, ფეხები - ბარძაყებში... ბაგითა და თვალებით ჩანდა, რომ ლოცულობდა. გაფატრული მუცლიდან ნაწილნი გამოვარდა და გამოჩნდა გული, რომელიც ოდნავღა ფეთქავდა. ეს რომ იხილა ერთ-ერთმა მტარვალმა, იყვირა: - ეს ღორი კიდევ ცოცხალი ყოფილაო და მახვილი მთელი ძალით "განაწონა გულსა მისსა". თავიც წარკვეთეს. "ესრეთ აღესრულა, ესრეთ შეიმკო და ესრეთ გვირგვინოსან იქმნა".
* ათი წელი შაჰის ტყვეობაში იტანჯებოდა წმინდა ქეთევანი. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. შაჰმა მისი გათათრება ბრძანა. ნაქართველარმა იმამ ყული-ხანმა შესთავაზა დედოფალს, სხვის დასანახად აღიარე მაჰმადი, გულში კვლავ ქრისტიანად დარჩიო. შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა. ილოცა: "მეუფეო ქრისტე, სიტყვაო ღვთისაო, არ შვენოდა მხევლისა შენისად უარყოფაი შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა". ეზიარა მაცხოვრის სისხლსა და ხორცს.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა დედოფალი. ჯალათებმა გაახურეს სპილენძის ქვაბები და შანთები. ერთი ითხოვა დედოფალმა, ნუ გამაშიშვლებთო.
უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაახურეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს. ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. მერე კი მისი სხეული ნადირთა საჯიჯგნად დააგდეს. ღმერთმა სასწაული მოახდინა - წმინდანის ნეშტს ღამე ნათელი დაადგა.
* გასაოცარი იყო მღვდელმთავარ ნეოფიტეს ცხოვრება. წარმოშობით სპარსი, VII საუკუნეში საქართველოს დასარბევად შემოსული, ჯართან ერთად, წმინდა შიო მღვიმელის სასწაულებრივმა ხილვამ ქრისტეს სჯულზე მოაქცია. მიატოვა მამული, მთავრობაც, ქონებაც და შიომღვიმის სავანეში მოინათლა, აქვე აღიკვეცა ბერად. ღვთის განგებით, წმინდა ნეოფიტე ურბნისის მღვდელმთავრად დაადგინეს. ის ნამდვილი მამა იყო თავისი სამწყსოსი. მტერმა ვერ მოითმინა სპარსელის მოციქულებრივი ღვაწლი და მაზდეანებმა მისი სიკვდილი გადაწყვიტეს. მარტო მლოცველ წმინდა ნეოფიტეს თავს დაადგნენ სპარსნი და ქვით ჩაქოლვა მიუსაჯეს. წმინდანმა ტკბილი ხმით მიუგო: "ტკბილ ჩემდა სიკვდილი, უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემდა განყოფა კავშირთა უკვდავისა და მოკვდავისა არსებისათა... ამიერიდან სისხლითა ჩემითა დავამტკიცო შრომილი ჩემგან წმიდაი ეკლესიაი, რომელი შეჰკრიბა ქადაგებისა მიერ ჩემისა ძემან და სიტყვამან ღმრთისამან პატიოსნითა სისხლითა თვისითა, ხოლო რომელიცა განაგო ჩემთვის ღმერთმან, იყავნ იგი, რამეთუ მომიწოდა მე უღმრთოებისაგან ნათლისა მიმართ თვისისა".
გამძვინვარებულმა უსჯულოებამ წმინდანი ქვით ჩაქოლეს. წმინდა მღვდელმოწამის უკანასკნელი სიტყვები იყო: "უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი".
* ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ზედ თავისი ბილწი საჯდომელი დაადგმევინა. მისი ბრძანებით, სიონის ტაძრიდან გამოიტანეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, მტკვრის ხიდზე უპატიოდ დაყარეს და იქ შეკრებილ თბილისელებს მათი გათელვა და სჯულის დატევება უბრძანეს. ვინც ამას არ აასრულებდა, თავის წარკვეთა ელოდა.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი ცხედარი გაატანეს უსჯულოებმა მტკვარს. და ჩვენ რომ მადლიერი შთამომავალნი ვიყოთ, 100 000 ქართველის მოწამეობის ადგილას მათი სახელობის ტაძარს ავაგებდით, სადაც უსისხლო მსხვერპლი შეიწირებოდა ყოვლადწმინდა სამების მიმართ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი