"რატომ არის მნიშვნელოვანი წმინდათა ცხოვრების კითხვა? - კითხულობს მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი და თვითონვე პასუხობს
, - ღვთისკენ სავალ გზათა უსასრულო სპექტრს შორის, სხვადასხვა წმინდათა ცხოვრებაში რომ არის გაცხადებული, შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი გზა, მივიღოთ რჩევა და მინიშნება, თუ როგორ გავიდეთ ჩვენი ადამიანური, აბსურდული ცოდვიანობის ტევრიდან ნათლისკენ მიმავალ გზაზე".
* წმინდა ბარსანოფი ოპტელს ერთმა ათონელმა მონაზონმა უამბო: "ახალგაზრდობაში ძალზე მდიდარი ვიყავი და განშვებულად ვცხოვრობდი, ბედი ყველგან მიღიმოდა. დროთა განმავლობაში მსხვილი ფაბრიკანტი გავხდი და მილიონობით მქონდა შემოსავალი. ჩინებული ჯანმრთელობა მქონდა და არასოდეს მიფიქრია სიკვდილისშემდგომ სიცოცხლეზე.
ერთხელ, ნასადილევს ჩემს კაბინეტში ჩამეძინა. უეცრად, როგორც ცხადში, ვხედავ უფლის ანგელოზს, რომელმაც მომკიდა ხელი და მითხრა: - წავიდეთ, შენს საუკუნო საცხოვრებელს განახებო. შიშით გავყევი. ჩავედით ვაკეზე. აღმოვჩნდით კონუსისებრ მთასთან, რომლის წვერიდან კვამლი და საშინელი მოთქმა ამოდიოდა. "აქ გადასახლდები სიკვდილის შემდგომ, თუკი ისე იცხოვრებ, როგორც ახლა", - მითხრა და ანგელოზი უხილავი შეიქნა. გამომეღვიძა. ავდექი, ღმერთს მადლობა შევწირე, რომელმაც სინანულის ჟამი მომცა. საქმეები მოვაგვარე. ცოლ-შვილს თითოეულს მილიონ მანეთზე მეტი დავუტოვე და მთაწმინდაზე აღვიკვეცე ბერად".
* წიგნში, "ბოლო დროის სასწაულები", მოთხრობილია ამბავი ერთი დედაკაცისა, რომლის ქმარმაც სმას თავი ანება სიზმრის ნახვის მერე. "ჩემი ქმარი სერგი ლოთობის ვნებით იყო შეპყრობილი. თავიდან ბევრს სვამდა, მერე კი ცოტაც ჰყოფნიდა. ერთხელ, 1998 წელს მითხრა:
- წუხელ საოცარი სიზმარი ვნახე. ვხედავ გზას, გზის ბოლოს კი ტაძარია. ტაძრისკენ თეთრად შემოსილი მღვდელი მიდის. გზის ორივე მხარეს ხალხი დგას. თითოეულს სურს მას შეეხოს, მისწვდეს მის სამოსს. მათ შორის მეც ვდგავარ. მოძღვარი გამისწორდა, შეჩერდა. სმას თავი ანებეო, - მითხრა. მიბრუნდა და გზა გააგრძელა. უცნაური სიზმარია, ოღონდ სმას თავს ვერ დავანებებო.
რამდენიმე დღის მერე ქმარმა დაიწყო ტაძრებში სიარული და მოძღვრის ძებნა. მამა სერაფიმე იპოვა. ახალი ფხიზელი, ჯანსაღი ცხოვრება დაიწყო.
* წმინდა ნიკოლოზ სერბი ჰყვება: გვეწვია სოფელ გლუბოჩიცელი ახალგაზრდა, იაკობი ერქვა და გვიამბო, თუ რამ აღუძრა სურვილი სულიერი ცხოვრებისკენ შემობრუნებისა: "გლუბოჩიცაში წმინდა ილიას სახელობის ტაძარია. ეს წმინდანი არის სოფლის მფარველი. ილიაობის წინა საღამოს სახლის წინ მივწექი. რული არ მომკიდებია. უეცრად ცხადად მომესმა წვრილი, ნაზი, სულისშემძვრელი, არამიწიერი ხმა: "რძე და თაფლი, რძე და თაფლი". დედაჩემი გვერდით მეჯდა, მაგრამ მას არაფერი გაუგონია. დავფიქრდი ამ სიტყვებზე: "რძე და თაფლი!" დავასკვენი, რომ ხმა ღვთისგან იყო და სულიერი ცხოვრებისკენ მომიწოდებდა. დავრწმუნდი, რომ ღმერთი მამობრივად ზრუნავდა ჩემზე. ამის მერე მოვიქეცი ღვთისაკენ.
* ნეპლუევი დედის მხრიდან ბავარიის სამეფო სახლს ენათესავებოდა. ახალგაზრდა ძალზე მდიდარი იყო და მიუნხენში ბავარიის მეფის კარზე სამუშაოზე დანიშნეს. ერთხელაც სამეფო ბალზე მიიწვიეს. საღამოს პროგრამაში ვიოლონჩელოს ნომერიც იყო. როცა მუსიკოსმა დაკვრა დაიწყო, ყმაწვილი კედელთან მიდგა და სმენად იქცა. უეცრად ამ განათებულ დარბაზში მოპირდაპირე კედელზე მაცხოვრის ჯვარცმა დაინახა. ჯვრიდან წამოსული ქვითინი საკრავის ხმას ახშობდა. ახალგაზრდა კაცს შეეშინდა, აკანკაკლდა, შინამდე ძლივს მიაღწია. მალე თანამდებობიდან გადადგა, დაბრუნდა რუსეთში და იწყო "სახარების" კითხვა. ქონება ტაძრებს და გაჭირვებულებს დაურიგა.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ჰყვებოდა: "ახალგაზრდობა მხიარულებაში მიედინებოდა. ფული ბევრი მქონდა და, რაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი. ერთხელ, 17 სექტემბრის ღამეს ძილში ცხადად მომეახლა ბერიკაცი, მომკიდა ხელი და საწოლის წინ ჩამოკიდებულ საათზე მიმითითა, - რომელი საათიაო. შვიდის ნახევარი-მეთქი. კითხვა სამჯერ გამიმეორა და სამჯერვე მითხრა: "სამი წლის შემდეგ მოვკვდები". გამეღვიძა. სანთელი ავანთე. შვიდს ოცდახუთი წუთი აკლდა. გადიოდა დღეები. სიკვდილის ხსოვნა თავს არ მანებებდა. ნელ-ნელა გავთავისუფლდი სოფლის საკვრელთაგან, ორი-სამი ღვთისმოშიში ოჯახის გარდა, არავისთან დავდიოდი.
გავიდა სამი წელი. დადგა 17 სექტემბერი. უთენია წავედი მონატერში, აღსარება ვთქვი, ვეზიარე წმინდა საიდუმლოს. ზიარების მერე ეკლესიაში ვიდექი და ვფიქრობდი, - ახლა კი მიწა გამისკდება ფეხქვეშ-მეთქი, მაგრამ არაფერი მომხდარა. ბერიკაცის ნათქვამი კი ამისრულდა. იმ დღეს მოვკვდი, ოღონდ ამა სოფლისთვის".
* მე ბევრს ვეძებდი, - ჰყვება ერთი მორჩილი, - ჩემი პირველი შეცდომა ხელოვნება იყო. მეგონა, კარგ ნახატს თუ დავხატავდი ან ლექსს დავწერდი, ამით მარადისობას მოვიპოვებდი. ძალიან მალე იმედი გამიცრუვდა. ამას მოჰყვა ფსიქოლოგია, დეილი კარნეგის წიგნები. მაგრამ ვერსად ვპოვე სასურველი. გული გამიქვავდა, გამისასტიკდა, სასოწარკვეთაში ჩავვარდი. მაშინ პირველად ვილოცე, - უფალო, თუ არსებობ, დამეხმარე. თვითონ არაფერი არ შემიძლია-მეთქი. პასუხი არ ჩანდა... მორჩა ყველაფერი... იმ დღეს ქალაქის ქუჩებში დავბორიალობდი... წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძართან ინვალიდის ეტლში ბავშვი იჯდა. პატარა ხელებში დაუფიქრებლად რაღაც ჩავუდე და წასვლა დავაპირე. უეცრად პატარამ ხელზე ხელი მომკიდა. თვალებში ჩავხედე და სული ამომიბრუნდა. რაღაც წამში მთელ ჩემს ცხოვრებას სხვანაირად შევხედე. მივხვდი, რომ ყოფის აზრი მოყვასი, სიყვარული, ადამიანების სამსახურია. ამგვარად, ბავშვის ხელების ერთი კეთილი მოძრაობით უფალმა ჩემი სული სასოწარკვეთის უფსკრულიდან აღმოიტაცა.
* მამა სერაფიმე (ერისკაცობაში იუჯინ როუზი) ჭეშმარიტებას სიყრმიდანვე ეძებდა. ბავშვობაში დედამ უთხრა, - ჭკვიანი კაცი გამოხვალო, რაზეც შვილმა უთხრა, - მე კაცობა კი არა, ბრძენკაცობა მინდაო. მაშინ, როცა თანატოლები ერთობოდნენ, იუჯინი ტყეში მარტო დასეირნობდა და ფიქრობდა: არსებობდა თუ არა სხვაგან სიცოცხლე. მოიზარდა. მას უკვე აღარ აკმაყოფილებდა ქრისტიანობის პროტესტანტული ვარიანტი, რომლის წევრიც იყო. ჭეშმარიტების ძიებაში შეისწავლა დასავლური ფილოსოფია, ინდუიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი, თითოეული - დედნის ენაზე. მაგალითად, კონფუციანურ ტექსტებს ძველ ჩინურად კითხულობდა.
ერთხელ მეგობარმა, აღმოსავლური ქრისტიანობის მკვლევარმა, მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაზე დასწრება ურჩია. ეს მოხდა სან-ფრანცისკოში, დიდ პარასკევს. მრავალი წლის მერე ასე იგონებდა ამ ამბავს: "როცა პირველად გადავაბიჯე მართლმადიდებლური ტაძრის ზღურბლს, ვიგრძენი ის, რაც არ მიგრძნია არც ერთ ბუდისტურ ანდა დასავლურ ტაძარში. გულმა მითხრა, რომ ჩემი ძიება დასრულდა და ეს ჩემი სახლია". იუჯინმა იწყო მართლმადიდებლურ ლოცვებზე დასწრება, რუსული ენის შესწავლა, კითხულოდა წიგნებს მართლმადიდებლობაზე.
1961 წელს დაიცვა ბაკალავრის ხარისხი. ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. სწორედ ამ დროს განსაკუთრებული სენი - კიბო გამოაჩნდა. იუჯინი ევედრებოდა ღვთისმშობელს და გამოჯანმრთელდა. 1962 წელს იგი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიიღეს.
* ერთი მორწმუნე ჰყვებოდა: ფლოტში მყვინთავად ვმსახურობდი. დაგვავალეს და მე და ჩემი მეგობარი ზღვის ფსკერზე ჩავედით. უეცრად მღვიმე დავინახეთ. ფარნების შუქზე ისეთი სილამაზე გადაგვეშალა, რომ სუნთქვა შეგვეკრა. მღვიმის იატაკი და ჭერი ფერად-ფერადი კენჭებით იყო დაფარული. ფანტასტიკური ყვავილები ამშვენებდა კაცის თვალთაგან დაფარულ მღვიმეს. დრო კიდევ გვქონდა და შიგნით შევედით. დიდხანს ვტკბებოდით დიდებული სანახაობით. უკან გამოვბრუნდით და ეს რა ხდება? თითქოს უხილავი კედელი აღიმართა ჩვენს წინ და გზა გადაგვიღობა. ამაოდ ვცდილობდით უცებ გაჩენილი მინის კედლის გარღვევას. სასოწარკვეთილმა ორი წვერმახვილი ქვა დავარტყი კედელს - ქვები ხელებიდან გამიცვივდა და უხილავი კედლის მიღმა გაფრინდა... ვცადეთ სხვა გასასვლელის ძიება, მაგრამ ამაოდ...
მე ლოცვა არ ვიცოდი - ურყევად მჯეროდა, რომ ღმერთი გამონაგონი იყო. აქამდე ათასნაირი სისულელე მიტრიალებდა თავში და ყველა სადღაც გაიფანტა. ცრემლები მახრჩობდა. უნებურად ლოცვა დავიწყე: "უფალო, თუ არსებობ, მაპატიე! უფალო, გამოგვიშვი, გევედრები!" თვალი მოვკარი ჩემს მეგობარს. მდუმარე, სასწაულის მომლოდინე ზევით იყურებოდა. უეცრად სული და გული ისეთი სითბოთი, ისეთი სიყვარულით ამევსო, დედისგანაც რომ არ მიგრძნია. კედელი გაქრა - გადავრჩით!
აქამდე არავისთვის მომიყოლია ეს ამბავი, რადგან თვითონაც ვერ ვხვებოდი, რა შეგვემთხვა. ახლა მივხვდი, რომ ეს ჩვენი შეხვედრა იყო ღმერთთან.
* მიტროპოლიტ ანტონი სუროჟელს ერთხელ ახალგაზრდა ქალმა შესჩივლა: - მორწმუნე ოჯახის შვილი ვარ და ყოველ აღდგომას ზიარებას მაიძულებენ. არც ღმერთის მწამს, არც ზიარების, არც ქრისტესი და არც ეკლესიისა. ასე გაგრძელება აღარ შემიძლიაო. მიტროპოლიტმა ქალი პარასკევს დაიბარა და მთელი მარხვის განმავლობაში პარასკეობით ესაუბრებოდა. გამოიყენა მთელი ცოდნა, გამოცდილება, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. მოახლოვდა დიდი პარასკევი. მიტროპოლიტმა შესთავაზა, - ვერც ოჯახმა, ვერც მე ვერაფერი მოგეცით, წავიდეთ ტაძარში და შევთხოვოთ ღმერთს, რომ რწმენა მოგცესო. წავიდნენ. მეუფე ანტონიმ არ იცის, რა უთხრას. დაიწყო ლოცვა და უცებ ისეთი აზრი მოუვიდა, რომ შეეშინდა კიდეც. მაგრამ რა ექნა, ეს იყო ღვთის პასუხი. "თუ იმას შეასრულებ, რასაც გეტყვი, გპირდები, რომ რწმენას იპოვი. ხვალ, დიდ შაბათს, ლიტურგიას აღვავლენ. შენ საზიარებლად მოხვალ, ბარძიმის წინ შეჩერდები და ხმამაღლა იტყვი: "უფალო, ჩემმა მშობლებმა არაფერი მომცეს, შენმა ეკლესიამ მომატყუა და არაფერი მომცა, შენმა მღვდლებმაც ვერაფერი მომცეს. ახლა ვდგავარ შენ წინაშე და გეკითხები. თუ არ მიპასუხებ, წავალ და აღარასოდეს დავბრუნდები". ქალმა - თუ ღმერთი არსებობს, ეს მკრეხელობაა, ამის თქმა არ შემიძლიაო. მივუგე, - შენ ამას იტყვი, ხოლო შენს სიტყვებზე პასუხს მე ვაგებ-მეთქი. ქალიც მოვიდა, თქვა ეს საშინელი სიტყვები და ეზიარა წმინდა საიდუმლოს. იმავე დღეს საფრანგეთში წავიდა. მალე მისი წერილი მივიღე: "ჯერ კიდევ არ ვიცი, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც მივიღე ზიარებისას, პური და ღვინო არ გახლდათ, არამედ სულ სხვა რამ იყო".
ასე დაიწყო იმ ქალის სულიერი გზა ღვთისკენ.
* იმ დროს, როცა გლინის უდაბნოს წინამძღვარი მამა ფილარეტი გახლდათ, მონასტერში დასახლდა ყოფილი გვარდიის პოლკოვნიკი მილანოვი. ის გამოირჩეოდა მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით. იყო მომარხულე და მლოცველი. ახალგაზრდობაში ურწმუნო იყო, დასცინოდა ყოველგვარ სიწმინდეს, უარყოფდა ღვთის რწმენასა და ადამიანის საუკუნო ხვედრს. იმდროინდელი ახალგაზრდების კვალად იყო ლხენისა და გარყვნილების მოყვარე. არ უგდებდა ყურს მორწმუნე დედას, რომლის ლოცვამაც ალბათ მიაღწია უფლის საყდრამდე. ერთხელ ნაქეიფარი თავდამძიმებული დაბრუნდა შინ, წამოწვა და უეცრად ღუმლიდან ხმა მოესმა: - მილანოვ, იარაღი აიღე და თავი მოიკალი. შეშინეულმა ლაქიას დაუძახა. მან უთხრა, - ეშმაკი იქნება. თუ კიდევ მოგესმება ხმა, ჯვარი გამოისახეო. სასაცილოდ აიგდო. მაგრამ როცა ხმა კიდევ გაიგო, ჯვარი გამოისახა და ეშმაკი დადუმდა. ამის მერე დატოვა სამსახური, თადარიგში გავიდა, მიადგა კიევის მღვიმის მონასტერს და ბერად აღკვეცა ითხოვა. კიევის მიტროპოლიტმა ურჩია, - სჯობს გლინის უდაბნოში დასახლდეო. მაგრამ რადგანაც მოხუცი დედა ჰყავდა და ოფიცრის პენსიით არჩენდა, ბერად არ აღკვეცილა, მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით განვლო სიცოცხლე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი