მამა ხარლამპე დიონისიატელი
თავის უარყოფის მაგალითები. მამა იოსებ დიონისიატელი ჰყვება: "ერთხელ, ახალ სკიტში ცხოვრებისას, ფეხები ცოტათი შემისივდა და შეშინებულმა მამა ხარლამპეს შევჩივლე. მან გამიღიმა: "დიახ, შენ დიდი ასკეტი ხარ! რა უცებ შეგეშინდა.
არა უშავს, შვილო, ეს ფეხზე დიდხანს დგომის შედეგია. გაჩვენო ჩემი ფეხები?" შარვლის ტოტები აიწია და... რა იხილა ჩემმა თვალებმა - ორივე ფეხი რუმბივით ჰქონდა დასივებული. მამა ხარლამპე ორი თითით დააწვა დასივებულ ფეხს, ზედ ორი ღრმული ანაბეჭდივით დარჩა. უნებურად წამოვიძახე: - მამაო, მიაქციეთ ყურადღება ფეხებს-მეთქი. მშვიდად მიპასუხა:
- ნუ გეშინია, შვილო, რაც მონაზონი გავხდი, სულ ასეთი ფეხები მაქვს. საშიში არაფერია. მე სხვა რამ მაწუხებს, მაგრამ არც ეს არის საშიში, ღმერთი შემეწევა.
- რა გაწუხებთ, მამაო!
- როცა დიდხანს მიწევს დგომა, თიაქარი მიწყებს ტკივილს. მაგრამ აქაც არის გამოსავალი, მაგრად ვიჭერ ქამარს, თიაქარი ხურდება და ტკივილიც მიკლებს.
გამაოცა მამა ხარლამპეს თავის უარყოფამ. მუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ფეხები დასივებული ჰქონდა, აზრადაც არ მოსვლია დაესვენა..." ასევე, დიდი ხნის მანძილზე დაითმენდა თიაქრის ტკივილს. მრავალი წლის შემდეგ სულიერმა შვილმა ჰკითხა, - თიაქარი ხომ არ გაწუხებსო. უპასუხა: - გაქრა, შვილო, გავთავისუფლდი. ღვთისმშობელმა სასწაული მოახდინაო.
ერთხელ მრავალსაათიანი, დამღლელი ღამისთევის ლოცვა, უამრავი მუხლთა დრეკა და ფეხზე დგომა ბერისა ეშმაკმა ვეღარ დაითმინა, ხმამაღლა იწყო გოდება შვილდაკარგული ქალივით. გაოცებულმა მამა ხარლამპემ ზევით აიხედა - მისი კერის სიახლოვეს რაღაც საშინელი შავი არსება დგას. მამა ხარლამპემ მამაცურად ჰკითხა: - ვინ ხარ და აქ რას აკეთებ ასეთ დროსო. პასუხად მოესმა: - სასოწარკვეთის დემონი ვარ. ის, ვინც თავისი ფრთებით აშინებს მონაზვნებს. მაგრამ შენ, უმაქნისო შავკაბიანო, დამწვი და დამთუთქე. მივდივარ, მივდივარო.
მამა იოსების ხილვა. ნეტარხსენებულ მამა იოსებს (ისიქასტი) ღვთისგან ეუწყა თავისი გარდაცვალების ჟამი და თავის სულიერ შვილებს დაჰპირდა: - შვილებო, თუ უფლის წინაშე კადნიერებას მოვიპოვებ, დარწმუნებული იყავით, რომ არ დაგიტევებთო. როცა მოძღვარი გარდაიცვალა, სულიერი შვილები მეტად დამწუხრდნენ. მიუხედავად მამა არსენის ნუგეშინისცემისა, ძმები თავიანთ ობლობას გლოვობდნენ.
მეორმოცე დღეს, როცა ძმები ემზადებოდნენ, წესისაებრ მოძღვრის სულისთვის ელოცათ, ამ დროს მამა ხარლამპე ლოცვად იდგა. რაღაც მომენტში, ძილში თუ ღვიძილში, ღმერთმა იცის, უეცრად თავისი გარდაცვლილი მოძღვარი იხილა კელიის პატარა საყდარში. მამა იოსები ბრწყინავდა უჩვეულო, კაშკაშა ნათლით. მისი სახის ელვარება აღემატებოდა თვით ხილულ გრძნობად ნათელს.
"ძალიან ავღელდი, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - ყურადღებით შევხედე ჩემს წინ გამოცხადებულ მამა იოსებს - ორდენებით და მედლებით დაეჯილდოებინათ. მომეხვია და მეამბორა. გაოცებულმა ვკითხე: - საიდან გაქვს ამდენი ჯილდო-მეთქი. ქრისტემ მიბოძაო. ამ სიტყვების შემდეგ გონს მოვედი, ჯერ კიდევ ნანახის შთაბეჭდილებით გაოგნებული ვყვიროდი: - მამაო, მამაო, სადა ხარ, რატომ მიდიხარ-მეთქი. მისმა ხილვამ დამარწმუნა, რომ მან მართლაც მოიპოვა ღვთის წინაშე დიდი კადნიერება. თითქოს ამბობს: "მე აქ ვარ. ჩემი პირობა შევასრულე".
ერთხელ დიდი განსაცდელები შემემთხვა და ჩემთვის ვამბობდი: - ეჰ, სადა ხარ, ჩემო მამაო, ამ გაჭირვებისას ხომ დამეხმარებოდი-მეთქი. უეცრად ცხადად მომესმა მისი უტკბესი ხმა: "შვილო, რატომ სულმოკლეობ? განა არ გითხარით, რომ თქვენს გვერდით ვარ?" ავწიე თავი და ჩემი ხორციელი თვალებით დავინახე გაბრწყინებული მამა იოსები. მერე თითქოს კარებიდან გავიდა და უჩინარი შეიქნა. შუაღამისას კელიიდან გიჟივით გამოვვარდი და ვყვიროდი: - მამაო! მამაო! მამა იოსებ, სადა ხარ? მოდი აქ, არ წახვიდე-მეთქი.
მამა არსენს ჩემი ყვირილი რომ მოესმა, ერთი პირობა იფიქრა, ალბათ უბედურება შეემთხვაო. მაგრამ ჩემი მოძღვრის გამოცხადებამ გამაძლიერა. მისი ლოცვით ყველა საშინელი განსაცდელის დათმენა შევძელი, რომელიც იმ დროს თავს დამატყდა".
კარგი იყო მამა ხარლამპესთვის მარტო, მყუდროებით ცხოვრება, მაგრამ იძულებული შეიქნა, მოწაფეები მიეღო. რადგან მამა იოსებს, მათ თანამოწმეს, ხშირად უხდებოდა ათონის დატოვება ერისკაცთა სულიერად გამოსაკვებად, მამა ხარლამპეს კი, მოძღვრის კურთხევით, ყოველდღიურად უნდა ეწირა, ამიტომაც წირვისას მნათეს დახმარება სჭირდებოდა. თანაც იყო სხვა მიზეზიც. მას შემდეგ, რაც მამა ხარლამპე მოძღვარი გახდა და აღსარებების მიღება დაიწყო, მასთან ბევრი ახალგაზრდა მივიდა სულის მოსაოხებლად. ზოგიერთმა მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, მამა ხარლამპე მათ მეზობელ მონასტრებში გზავნიდა. მათი მონასტრის მორჩილებს უჭირდათ ყოველთვის კურთხევის აღება. მაშინ მამა ხარლამპემ, რომელსაც უნდოდა, სხვებისთვისაც გადაეცა ის, რითაც თვითონ ცხოვრობდა, მამა არსენთან თათბირის მერე გადაწყვიტა, ზოგიერთი მათგანი მორჩილად მიეღო. პირველად ორი ძმა მივიდა - პეტრე და გიორგი, მერე მამა იოსებ დიონისიატელი.
მორჩილ პეტრეზე მამა ხარლამპე ჰყვებოდა: "ცოტა ხნის წინ პეტრე მოვიდა და აღსარების მიღება მთხოვა. ასეთი წმინდა და წრფელი აღსარება პირველად მოვისმინე. მან, სხვა რამეებთან ერთად, გულწრფელად მითხრა:
- მე, მამაო, უკანასკნელი ცოდვილი ვარ და ბევრი უძლურება მაქვს. მინდა მონაზვნობა, მაგრამ უძლური ვარ და ჩემს უღირსობას ვგრძნობ.
არ ვიცოდი, რა მერჩია და ვუთხარი: - რადგან ღვთისმშობელმა აქ მოგიყვანა, დარჩი ცოტა ხანს და გამოგცდი. დარჩა.
გიორგის მოსვლის მერე პრობლემა შეგვექმნა - არ ვიცოდით, სად დაგვესახლებინა. პეტრემ მითხრა: - მე ხელობით სანტექნიკოსი ვარ, მშენებლობისაც რაღაც გამეგებაო. დრო აღარ დავკარგე, მამა პენდელისს სამშენებლო მასალა მოვატანინე და მალე პეტრემ მეორე სართულზე სამი კელია ააშენა, თანაც დიდი ოსტატობით, რამაც ძალზე გამაოცა.
მშენებლობის წინ ჩემთვის ვამბობდი: - პეტრე რომ წავიდეს, კელია ცარიელი დარჩება-მეთქი, მაგრამ როცა პეტრეს ავუხსენი, ღამის თევით როგორ უნდა ელოცა, აენთო. რამდენიმე ღამის მერე მითხრა: - მამაო, ლოცვისას, როცა ჩემი გონება გულს შეუერთდება, შიგნიდან ენით აღუწერელი კეთილსურნელება გამოიფრქვევა. ზოგჯერ ისეთი ცრემლთაღვრა და ტირილი მერევა, შეჩერებაც შეუძლებელიაო.
ჩემთვის ვთქვი: - ამისგან მონაზონი დადგება-მეთქი და ვუთხარი: - ეს იმის ნიშანია, რომ ღმერთს უნდა, მონაზონი გახდე.
მალე მონაზვნად პროდრომოსის სახელით აღვკვეცე. მაგრამ როცა ამ წმინდა წესის შესრულებას ვაპირებდი, პეტრე მეუბნება:
- მე ღირსი არა ვარ მონაზვნის სამოსი შევიმოსო.
აღკვეცა გადავდე, რათა საამისოდ "მომწიფებულიყო", მაგრამ პეტრემ, თავისი უბრალოებით, დაძინების წინ კელიის დაკეტვა დაიწყო. ვკითხე: - რა მოხდა-მეთქი. მამაო, მეშინია, როცა დავიძინებ, არ მოხვიდეთ და მონაზვნად არ აღმკვეცოთო.
ავუხსენი, რომ ასეთი საქმეები ჩუმად არ აღესრულება".
რამდენიმე ხნის შემდეგ ძმობას სხვებიც შეემატნენ. პეტრე ყოველთვის ჩუმად მუშაობდა, დროდადრო ღრმად ჩაისუნთქავდა ხოლმე. მორჩილმა იოსებმა მამა ხარლამპეს ჰკითხა ამის მიზეზი. მან უპასუხა: "როცა მამა პროდრომოსი მუშაობს, მის შიგნით ლოცვა წამითაც არ წყდება. ლოცვის სიუხვის გამო მისი გული კეთილსურნელებს და მას გაძღომა აღარ ძალუძს, ამ ჩასუნთქვებით ეს არომატი უდიდეს ტკბობას ანიჭებს".
მამა პეტრე თავისი უბრალოებით და უეშმაკობით არაერთხელ წარიტაცა სულით უმაღლესი ჭვრეტისკენ. ერთხელ მამა პეტრეს უთქვამს ერთი ბერისთვის, რომ მას ხშირად უნახავს წირვაზე მდგომი მამა ხარლამპე მიწიდან ნახევარი მეტრით მაღლა, ჰაერში გაჩერებული. მარტო ამ მაგალითითაც შეგვიძლია მივხვდეთ, თუ ვინ იყო ეს უბრალო მონაზონი და ვინ - მისი მოძღვარი, მამა ხარლამპე.
ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა ჩვენი ცხონების მტერს: ერთი ძმა უყვებოდა მამა იოსებ დიონისიატელს, რომ ერთხელ, ლოცვისას, თითქოსდა ძილ-ღვიძილში ცხადად მოესმა კელიის კედლის იქით ბრბოს ყვირილი. ყური მიუგდო და გაარჩია შეძახილები: "მოგვეცით პროდრომოსი! პროდრომოსი მოგვეცით!" გაიხედა სარკმლიდან და საშინელება იხილა... გოლიათების ბრბო ღრიალებდა. იმ სიმაღლისა იყვნენ, თავებით სახურავს უსწორდებოდნენ. გონს რომ მოვიდა, მაშინვე მოძღვართნ მიირბინა და ყველაფერი უამბო. ბრძენმა მოძღვარმა უპასუხა: "მამა პროდრომოსის ლოცვა მოსწყლავს დემონებს, ამიტომაც სძულთ ასე. მაგრამ, მგონია, რომ მან რაღაც შეცდომა დაუშვა, და ეს გახდა თავდასხმის მიზეზი. ახლავე გავარკვევთ". მამა ხარლამპემ პროდრომისი კელიაში შეიყვანა, მაგრამ რაზე ისაუბრეს, უცნობია.
პეტრეს მრავალი სნეულება სჭირდა და ძლიერ იტანჯებოდა. ეს გარემოება აიძულებდა მამა ხარლამპეს, უფრო შემწყნარებელი ყოფილიყო მისი უძლურების მიმართ.
ერთხელ, ადამიანური სისუსტეების გამო, მამა იოსებმა ძალზე განიკითხა პროდრომისი, რადგან მოძღვარს ღვაწლის შერბილებას სთხოვდა. მამა ხარლამპეს უსაყვედურა: - მამაო, მამა პროდრომოსს ბევრის უფლებას აძლევთო.
მამა ხარლამპემ მშვიდად უთხრა:
- ახლავე ყველაფერს აგიხსნი. მოძღვრისაგან მცნებად მაქვს, შემწყნარებელი ვიყო მათ მიმართ, ვისაც, ვხედავ, რომ ღმერთი შეიწყნარებს. გამიხარდებოდა, შენც ისეთივე ლოცვა გქონოდა, როგორიც მამა პროდრომოსს აქვს.
მაგრამ იმისთვის, რომ მამა იოსები მიმხვდარიყო, არა მარტო ღმერთი, არამედ მამა ხარლამპეც შემწყნარებელი იყო ადამიანური უძლურების მიმართ, ისეთი რამ მოხდა, მთელი სიცოცხლე დაამახსოვრდა.
ღირსსახსოვარი მამა პროდრომოსის უძლურებისა ბევრ მამას არ ესმოდა. ამბობდნენ: იგონებს ავადმყოფობას და ეს მტრისგან არისო.
სწორედ ამ დროს ამ ძმამ ინახულა კესარიაში ცნობილი მოძღვარი მამა პორფირე. მის სულიერ ხედვას არ დაემალა, რაც სხვებისთვის დაფარული იყო და უთხრა: "შვილო, ბევრს იტანჯები, მაგრამ დანარჩენებს შენი არ ესმით, ამბობენ, ეს მტრისგან არისო".
ამასობაში მონაზვნად აღკვეცეს ორი ძმა - არსენი და იოსები.
ასე ჩამოყალიბდა ძმობის პირველი ბირთვი. მალე მათ ორი მონაზონი შეუერთდა, რომელთაც გიორგი და ხარლამპე უწოდეს. სულ შვიდნი გახდნენ. ასეთი იყო ძმობა 1967 წლამდე, როცა ის ახალ სკიტში ცხოვრობდა.