ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
გაექეცით წარმავალ სიმდიდრეს, დიდებისმოყვარეობას და ქედმაღლობას
თავი XXXIII. ამბები უცხოთმოყვარეობისა
გლახაკი, რომელიც არ შეიწყნარეს. დიდი ხნის წინათ ივერთა სავანეში მოვიდა ერთი ჩამოკონკილი გლახაკი და მეკარეს ცოტა პური და საჭმელი სთხოვა. მაგრამ მეკარემ ჭუჭყიანი მათხოვარი გააგდო. საცოდავი გლახაკი დამწუხრებული და მშიერი წავიდა, შეუდგა ათონის მთის აღმართს. ერთ ადგილას დასასვენებლად ჩამოჯდა. თავის მწარე ხვედრზე ჩაფიქრებულმა არ იცოდა, რა ექნა. უეცრად დიდებული ქალბატონი გამოეცხადა და მწუხარების მიზეზი ჰკითხა. გლახაკმა არაფერი დაუმალა. ქალბატონმა ხელში ოქროს მონეტა ჩაუდო და უბრძანა, მონასტერში ჩადი და პური იყიდეო.
როგორც კი გლახაკმა მეკარეს ოქრო მისცა, მაშინვე პური და საჭმელი მოუტანეს, თან ჰკითხეს, ეს ოქრო სად იპოვეო. "უცნობმა ქალბატონმა მომცა, რომელსაც ცოტა ზემოთ შევხვდი და ფულის მონასტერში მოტანა მიბრძანაო". მონაზვნებმა ნახეს, რომ ღვთისმშობლის ხატს შემონაწირი ერთი მონეტა აკლდა. მიხვდნენ, რომ ეს მონეტა გლახაკს ღვთისმშობელმა მისცა.
შემდგომში ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას ეკვდერი ააგეს. ახლა კი იქ პატარა მშვენიერი ტაძარი დგას, კეთილკრძალულ მღვდელმონაზონ მაქსიმეს გულმოდგინე ზრუნვითა და ღვაწლით, იგი წარმოშობით პონტოელია, ტრაპიზონელი, და ადრე ღვთისმობლის ხატის პროსმონარი გახლდათ.
კაცთმოყვარეობა მამა პატრესი. კარიესში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის კელიაში, განმარტოებულ კელიოტურ ცხოვრებას ეწევა მონაზონი, მამა პეტრე, მეტსახელად მონა.
უსაზღვროა მისი უცხოთმოყვარეობა. ის მასპინძლობს ყოველ მასთან მისულ მონაზონსა თუ ერისკაცს.
ხშირად, როცა მეზობელი მონასტრები - ყუთლუმუში, ივერონი და სხვა სავსეა მომლოცველებით და იქ აღარ არის ღამის გასათევი ადგილი, ზოგიერთი მომლოცველი ამოდის კარიესში. დაეხეტებიან ქუჩებსა და მოედნებზე და არ იციან, როგორ მოიქცნენ. ზოგიერთმა, ვინც ბერის კელია იცის, მიდის მასთან. თვითონაც, ხშირად, როცა შეხვდება მოხეტიალე მომლოცველებს, მიჰყავს თავისთან და უმასპინძლდება.
მამა პეტრემ ერთხელ თქვა: "მივეჩვიე სახარებისეული გამონათქვამის შესრულებას, "ჩემთან მოსული არ განვაგდოო" (შდრ. იოანე 37).
ამიტომაც ღმერთი არ დაუტევებს, სათნოებათა გამო მიაგებს და ნათხოვნს ყველაფერს აძლევს.
ერთხელ მან თავის კელიასთან მდებარე აბალახებული ბოსტნის გათოხნა გადაწყვიტა, მაგრამ ფეხი სტკიოდა და გაუჭირდებოდა. საღამოს მას გერმანელმა ტურისტმა შეუარა. ბერმა, რითიც შეეძლო, უმასპინძლა. მეორე დღეს კმაყოფილმა გერმანელმა ჰკითხა ბერს: - მითხარი, რა გჭირდება, რომ დაგეხმაროო. ბერმა უთხრა. სტუმარმა - ასეთ სამუშაოს ვეძებდი. მინდოდა რამდენიმე დღე დავრჩნილიყავი აქ, მთაწმინდაზე, ლოცვის სათნოების და სიწმინდის გარემოცვაშიო, - და მთელი ბაღი დაუთოხნა.
ბერი მიხვდა, რომ იგი საღვთო განგებულებამ გამოუგზავნა, რათა შეჭირვებაში დახმარებოდა.
ერთხელ კი ბერმა გადაწყვიტა, თავისი ბაღის მოსარწყავად პატარა არხი მოეწყო. ფული არ ჰქონდა. ფიქრობდა, რა ვიღონოო.
მაშინ ბერმა კარიესში პატარა ფარდული გახსნა, სადაც წიგნებსა და მონაზვნების ნაკეთობებს ყიდდა. და აი, მასთან მივიდა სხვა გერმანელი ტურისტი და ბერისგან 6000 დრაქმის საქონელი იყიდა, ამასთან ბერს ასი გერმანული მარკაც გადასცა, როგორც შესაწირი. მაშინ ბერი კვლავ მიხვდა, რომ საღმრთო განგებულებამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, რომელსაც კეთილმოკრძალებით პატივს მიაგებდა ეს ბერი და რომელიც დაჰპირდა ათონელ ბერებს, რომ იგი იქნებოდა მათი შემწე, გამომკვები და მკურნალი, გამოაგზავნა ეს უცხოელი ტურისტი, რათა ბერს ფულით დახმარებოდა.
ერთხელ კი, 1992 წლის შემოდგომას, მან გადაწყვიტა ყურძნის ჭაჭისგან არაყი გამოეხადა, რაც ორი-სამი კვირის სამუშაოს მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ დაუძლურებული იყო. მან შეწევნა ღმერთსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შესთხოვა.
მაშინ, როგორც თვითონ ბერი ამბობდა, ღმერთმა მას თავისი ანგელოზი გამოუგზავნა. ამერიკიდან ჩამოვიდა ერთი ბერდიაკონი, რომელიც მასთან დარჩა ორი კვირა და არა მარტო არყის გამოხდაში, არამედ სხვა აუცილებელ საქმეებში დაეხმარა.
დიდი ხნის წინ მასთან სტუმრად ბერძენი მამა-შვილი ცხოვრობდა. ისინი მასთან ოცი დღე ცხოვრობდნენ, სვამდნენ და ჭამდნენ. მან მათ ტაძრის გალესვა სთხოვა 20000 დრაქმად. ეს კი ორი დღის სამუშაო იყო. მაგრამ ისინი ისე წავიდნენ, მადლობაც კი არ უთქვამთ.
თუმცა ყოვლისმხედველი ღმერთი ხედავდა რა ბერის შეჭირვებას, მასთან ორი ახალგაზრდა გერმანელი გაგზავნა, რომლებიც ესტუმრნენ ბერს, გაურემონტეს ტაძარი და ამაში დრაქმაც კი არ აიღეს.
დაბოლოს, რამდენიმე სიტყვა ვთქვათ მამა პეტრეს კალივაზე.
ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. მისი ხატობა 8 სექტემბერსაა. ამ კალივას "მეტიკეთა კალივასაც" ეძახიან, ეტყობა, ადრე აქ ტიკებს აკეთებნენ ღვინისთვის.
როგორც მამა პეტრე ჰყვებოდა, ძველად, მეკობრეთა თავდასხმების ეპოქაში, მიწისქვეშა გასასვლელი არსებობდა პროტატის ტაძრიდან მეტივეთა ამ კალივამდე, სადაც კარიესელი მონაზვნები ემალებოდნენ ტყვიებსა და სიკვდილს.
ასევე ამბობენ, რომ ადრე ამ კალივის ადგილას კარიესის ძველი სასაკლაო მდებარეობდა. მეტივეთა კალივის ტაძარში, კანკელის ზედა რიგში არის საოცარი ხატი, სიგრძით დაახლოებით სამი მეტრი, სიგანით კი 60 სანტიმეტრი. მის შუაგულში ქრისტეა გამოსახული, მარცხნივ და მარჯვნივ - ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი, მათ რამდენიმე მოციქული მოჰყვება, რომელთა შორის ანგელოზებია გამოსახული.
თავი XXXIV. ამბები გრძნობათა დამარხვისა
ღირსი ლეონტი დიონისიატელი. ღირსმა ლეონტიმ გაიბრწყინა XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის დასაწყისში დიონისიატის მონასტერში. სამოცი წელი არ გამოსცილებია იგი სვანის კარებს, არამედ ცხოვრობდა როგორც დაყუდებული, იცავდა საკუთარ გრძნობას ცოდვის საცთურისაგან, თავის თანაშემწედ კი სიმდაბლე ჰქონდა, ლოცვა - თანამონაწილედ სათნოებათა მოპოვებასა და ღვთის მცნებების აღსრულებაში, რის გამოც ღვთისგან ღვთაებრივი წიგნის მიღების ღირსი შეიქმნა. ამგვარივე ფხიზელი მონაზონი. წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტში, რომელიც ყუთლუმუშის მონასტერს ეკუთვნის, ცხოვრობს ერთი ღვთისმოშიში ჭეშმარიტი მონაზონი. ის თავის კელიაშია დაყუდებული, იღვწის საკუთარი ცხონებისთვის, როგორც ამას გვასწავლიან ძველი წმინდა მამანი. მას აქვს ნიჭი სიფხიზლისა, ყურადღებისა, მოყვასისადმი სიყვარულისა, მყუდროებისა, თავშეკავებისა, ქალწულებისა. მაგრამ მან ერთი სათნოებაც მოიპოვა იმ საზომით, რამდენადაც შეგვიძლია დატევა და რომელიც სხვა მონაზონთაგან გამოარჩევდა. ეს იყო გრძნობათა დაცვა. როცა ის ვინმეს ესაუბრება, მონაზონი იქნება თუ ერისკაცი - თვალები ყოველთვის დახრილი აქვს და მიწას უყურებს. როცა ვინმე გაესაუბრება, წამიერად შეხედავს, რომ გაიგოს, ვინ არის. მერე კი შეუძლია ორი-სამი საათი ესაუბროს სტუმარს ანდა თანამოსაუბრეს და სახეში საერთოდ არ შეხედოს, არამედ მიწისკენ თვალებდახრილი განაგრძობს საუბარს, ან ხელსაქმეს აკეთებს და ყურადღებით უსმენს.
ზოგჯერ მინახავს იგი კარიესში, როცა თავის ხელსაქმეს ყიდდა (ის სკვნილებს ქსოვს) და იქ დამინახავს, თუ როგორ მიიჩქაროდა სწრაფი ნაბიჯით, თვალებით ქვედახრილი. მას ყურადღება ძალზე დაეხმარა სულის განწმენდაში.
ერთხელ, 1978 წლის 27 ივნისს, წმინდა დიდმოწამე პენტელეიმონის დღესასწაულზე, ღამისთევისა და ლიტურგიის მერე, სკიტის ხელმძღვანელმა ტრაპეზობა შემოგვთავაზა. ტრაპეზზე ჩემს გვერდით იჯდა სახეზე კუნკულჩამოფარებული მონაზონი. ის იჯდა თავდახრილი, ჭამდა საჭმელს და მეტრაპეზეს უსმენდა, რომელიც წმინდათა ცხოვრებას კითხულობდა. არ აინტერესებდა, თავის გვერდით რა ხდებოდა, არც მარჯვნივ იხედებოდა და არც მარცხნივ. როცა დავამთავრეთ ტრაპეზობა და ღმერთს მადლობა შევწირეთ, ვიხილე, რომ ეს ფხიზელი და უინტერესო კაცი სწორედ ის მონაზონი იყო. დაე ფარავდეს მას ღმერთი ვიდრე აღსასრულამდე, ამ ღვაწლში, რომელიც წაადგება მას ცხოვრებაში.
ნაწილი II. მთაწმინდელ მამათა მოკლე გამონათქვამები
ღირსი პეტრე ათონელი (+861).
როცა ღირსი პეტრე თავის მღვიმეში ერთმა მონადირემ იხილა და სთხოვა მასთან დარჩენილიყო და მონაზონი გამხდარიყო, მან უთხრა: "წადი, ჯერ გაყიდე შენი ქონება და დაურიგე გლახაკებს; თავი შეიკავე ღვინისა და ყველისგან, კვერცხისა და ზეთისგანაც კი. ცოლთან ურთიერთობისგან ერთი წლით თავი შეიკავე, შემდეგ მოდი აქ და დაე მაშინ აღსრულდეს ღვთის ნება". ღირსი პეტრე ათონელი (+861).
ღირსი პავლე
ქსეროპოტამელი (Xს.)
როცა ღირს პავლეს ჰკითხეს მონაზვნებმა, როგორ მოვიპოვო ცრემლები და გულისშემუსვრილებაო, უპასუხა: ქსეროპოტამელი (Xს.)
გონება ყოველთვის ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე გქონდეს და გახსოვდეს შენი ცოდვები, დაე ნუ მოგაკლდებიან ცრემლნი.
მან ასევე თქვა:
"შვილებო და ძმებო, გქონდეთ ლოცვა, სიმდაბლე და მოთმინება. რამეთუ მონაზონს, რომელსაც არა აქვს ეს სათნოებები, მონაზონი კი არა, ერისკაცი უნდა ერქვას.
ვაი იმ მონაზონს, რომელსაც უწვერულთან ურთიერთობა აქვს! რამეთუ ასეთნი არასოდეს იხილავენ ღვთის სახეს".
ღირსი ათანასე, ლავრის მაშენებელი
(X საუკუნის დასასრული)
ღირსმა ათანასემ თქვა: "ძმანო და შვილნო ჩემნო! დაე თითოეული ჩვენგანი ეცადოს ენის მოთოკვას. რამეთუ სჯობია სიმაღლიდან ჩამოვარდე, ვიდრე საკუთარი ენით განლაღდე". (X საუკუნის დასასრული)
მან ასევე თქვა:
"დავითმინოთ განსაცდელები, რამეთუ ამ მცირე განსაცდელებით შევალთ ზეციურ სასუფეველში".
მან კიდევ თქვა:
"სხვანაირად განსჯიან ადამიანები და სხვანაირად აღაშენებს ყოვლადბრძენი ღმერთი".
თავისი ლავრის მომავალი წინამძღვრებისთვის ანდერძად დაიბარა:
"უწვერული პირნი საერთოდ არ მიიღოთ ლავრაში... გინდაც უფლისწული იყოს".
ღირსი სიმონ
მირონმდინარე (XIIIს.)
ღირსმა სიმონმა უთხრა თავის მორჩილებს: მირონმდინარე (XIIIს.)
"აღასრულეთ საზეიმო ღვთისმსახურება წესისამებრ და ღვთის შიშით. რამეთუ დღესასწაულია - განწმენდა და გაბრწყინება სულისა, რომელიც იშვება დუმილისგან ლოცვისა და წმინდა წიგნთა კითხვისგან".
"აღასურლეთ ღვთისმსაუხრება კეთილმოკრძალებით და ხარისხიანად, და არა უწესო ქვითინით".
"კეთილკრძალული იყავი იღუმენის წინაშე".
"საერთო საცხოვრებელში და სავანეში უწვერულებს ნუ მიიღებ, რამეთუ პალესტინაში ოთხი ლავრა დაიქცა ასეთ პირთაგან".
"გაექეცით წარმავალ სიმდიდრეს, დიდებისმოყვარეობას და ქედმაღლეობას, რამეთუ, როგორც თქმულია იობის წიგნში, ეშმაკი მუცლის ჭიპს მიებმებაო".