სინას მონასტერს მრავალ ქვეყანაში ჰქონდა მეტოქები და სოფლები. მეტოქი ჰქონდა მას თბილისშიც, ხოლო მამულები ქართლში, სოფელ მეღვრეკისში. დროთა ვითარებაში, რაიმე მიზეზის გამო, ეს მამულები თუ სხვის ხელში აღმოჩნდებოდა, სინელები ცდილობდნენ მის დაბრუნებასა და შენარჩუნებას (მაგალითად, 1665 წელს ქართლში ჩამოვიდა სინას მთავარეპისკოპოსი ანანია, რომელმაც ქართლის მეფის დახმარებით დაიბრუნა დაკარგული მიწა-წყალი).
***
1883 წელს სინას ეწვია მეცნიერი ალექსანდერე ცაგარელი, რომელმაც შეისწავლა იქაური ქართული ხელნაწერები. ზამთრის სუსხიან დღეებში ათვალიერებდა და სწავლობდა სინას ქართულ ხელნაწერებს, ეძებდა მათ სენაკებსა და სარდაფებში, ძველი ეკლესიების ნანგრევებში. "ზამთარი სინაზე მკაცრია და არ არის ხელსაყრელი დრო მონასტერში მეცადინეობისათვის, - ასე აღწერს იგი იქაურობას, - ჩემს იქ ყოფნის დროსაც ძალიან ციოდა: გარეთ და ოთახებში თითქმის ყოველთვის ნულს ქვევით იყო, რადგან არ მოიპოვება არც შეშა, არც ბუხარი. კარები და ფანჯრები ცუდად იხურება, იატაკი ქვისაა და თანაც სამი დღის განმავლობაში ქარბუქი იყო და თოვლი მოდიოდა, ყველაფერი ირყეოდა და შხიოდა მონასტერში, ქარი ზუზუნებდა, ზარებს აქეთ-იქეთ ძლიერ აქანებდა და რეკავდა". ალექსანდრე ცაგარელმა სინაზე ნახა და აღწერა 92 ხელნაწერი. მათგან 5 გრაცშია, ერთი - პრინსტონში, ცხრა ხელნაწერის ადგილსამყოფელი გაურკვეველია. დანარჩენი დღესაც სინას მთაზეა. სინას მთის ერთი ქართველი მოღვაწის ანდერძიდან ირკვევა, რომ იქაურ ქართველებს წიგნებისათვის სპეციალური ოთახიც ჰქონდათ გამოყოფილი. მსურველს შეეძლო იქ ესარგებლა წიგნით, მაგრამ გამოტანა აკრძალული იყო. ანდერძის საინტერესო ადგილი ასე იკითხება: "ვინცა ესე წიგნი ქართველთა ეკლესიით გამოიღოს, ანუ სხუასა ეკლესიასა წაიღოს, ანუ გაღმა გაიღოს, ანუ სენაკსა შინა დაიდვას, ანუ ეკლესიისა სენაკსა შინა დამალოს, კრულმცა არს ცათა შინა. ისხნენ საწიგნეთა ზედა, ვის ოდენ, იხმარნს, ვის არა - მშვიდობაი მის თანა".
მეორე ქართველი მწიგნობრის ანდერძით ვეცნობით კერძო ბიბლიოთეკის არსებობის საინტერესო ფაქტსაც. ბასილ მჩხრეკელი წერდა: "უკუეთუ შემდგომად ჩემისა სიკუდილისა კაცი ქართველი სწავლული შემოვიდეს აქა, რომელ იხმარებდეს, ვითა რაიცა მას ჟამსა წიგნი ჩემი იპოოს, ყოველი მას მიეცეს უნაკლულოდ და ეგრეთვე მან სხუათა დაუტეოს და უკუეთუ ამათ ორთა ჩემთა ბერთაგანი ცოცხალ იყოს, მათ იზრუნონ.Dდა თუ არავინ იყოს მათგანი და არცა ვინ აქა შემოვიდეს სწავლული, ვისაცა ღმერთმან არწმუნოს, განყიდნენ და ფასი გლახაკთა განუყოს და მღვდელთა, რამეთუ მადლითა ღმრთისაითა მონასტერნი სავსენია წიგნითა და არა სადა უწყი ნაკლულევანი". ეს სიტყვები ბასილ ხუცესმონაზონს დაუწერია "ქუაბსა შინა და სამოღუაწეოსა ნეტარისა კვირიკესსა". ჩანს, სინაზე, კვირიკეს "ქუაბში", ყოფილა კერძო ბიბლიოთეკა.
X საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეებად ჩანან იოანე კუმურდოელი, თეოდორე წყუდელელი და გრიგოლ მომგებელი.
იოანე კუმურდოელი საკმაოდ ცნობილი პირია. 964 წელს მისი თაოსნობით აშენდა კუმურდოს ტაძარი. შემდეგ იგი სინას მთაზე ცხოვრობდა და ნაყოფიერად მონაწილეობდა იქაურ კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში. "სვიმეონ სალოსის ცხოვრების" იმ ხელნაწერში, რომელიც გრაცში ინახება, საგანგებოდაა აღნიშნული მისი ღვაწლი. "მე, თეოდორე წყუდელელმან გავასრულე წმიდისა მთისა სინისათვის", - გვამცნობს გადამწერი და თან დასძენს, რომ "შექმნაი ხელ-ჰყო" იოანე კუმურდოელმა. იოანე უნდა იყოს მომგებელი, გადამწერი კი თეოდორე წყუდელელია.
თეოდორე პალავრელის თაოსნობით საბაწმინდაში დამზადებული კრებული, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, შემდეგ სინას მთაზე მოხვედრილა და ვინმე გრიგოლს მოუგია.Aამ საქმეში მას იოანე კუმურდოელი დახმარებია.Gგრიგოლი გვამცნობს: "მე, გლახაკი და ცოდვილი გრიგოლ, ღირს-მყო ღმერთმან წმიდასა ამას მთასა შემოსვლად.Mმუნ მოვიგენ წმიდანი ესე იადგარნი გამოკრებულნი სასწავლელად ჩემდა უცბისა. რომელმან ამათი შრომაი თავს იდვა და მომიგნა, იოანე კუმურდოელი, ქრისტემან შეიწყალენ".
სინურ ხელნაწერებში ხშირად იხსენიება ქართველი ბიბლიოფილი მიქაელი. 974 წელს "ბრძანებითა პატიოსნისა მღვდელისა მიქაელ დეკანოზისაითა" იოანემ გადაწერა სამოციქულო. მიქაელის თაოსნობით დამზადდა მოზრდილი კრებული, რომლის ანდერძებში (იოანე ზოსიმესი) რამდენჯერმე იხსენიება "მიქაელ მომგებელი ამის წმიდისა წიგნისაი", "მიქაელ დეკანოზი სიწმიდისაი მომგებელი ამის წმიდისა წიგნისაი", "მიქაელ პატიოსანი მღვდელი, რომელი მიზეზ ექმნა წმიდისა ამის წიგნისა აღმართებასა" და სხვა. საგულისხმოა, რომ მიქაელი, კალიგრაფებს ავალებდა რა ხელნაწერების დამზადებას, თვითონ ურჩევდა გადასაწერ მასალას, ამარაგებდა ეტრატით. მომგებლის მიზანდასახულობასა და საქმიანობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მიქაელისადმი მიმართული სიტყვები გადამწერისა: "ძმაო და უფალო ჩემო მიქაელ! რომელი გებრძანა, დამიწერია. მაგრამ მეგვიპტელისაი არა ვპოვე, სხუაი ვერაი ვიცოდე, რაიმცა დავწერე. რვეულნი, რომელ დარჩის, საკითხავები დავწერე. შემინდვე, არაი მქონდა. ესე მე ადრე დავწერე, განა არავინ ვპოვე, ვისმცა მოვეც. აწ კვირიკესდა წარმომიცემიან, ღმერთმან მოიწიენ. თუ რას მაწერიებდე, მიხარიან, ეტრატი გიზღო".
XI საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეა მიქაელ "უცბად მჩხრეკელი", რომელსაც 1074 წელს გადაუწერია სახარება. მის ანდერძებში იხსენიებიან მისი თანამედროვე სინელი ქართველი მოღვაწენი (დავით მოძღვარი, მოსე, სვიმიონი, გრიგოლი და სხვა). ამავე დროის მოღვაწე უნდა იყოს გიორგი მანაველი, რომელიც მივიდა რა სინას, შესწირა მას "ექვთიმე დიდის ცხოვრება".
სინას მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებით კიდევ ვეცნობით ზოგიერთ მოღვაწეს, მწერალსა თუ მომგებელს. მათ შორისაა გრიგოლ მღვდელი, რომელსაც გადაუწერია "მამათა ცხოვრება", გიორგი, რომელმაც გადაწერა "თარგმანებაი წმიდათა სახარებათა". საგულისხმოა, რომ დასახელებულ ხელნაწერში მოთავსებულია ცნობილი ქართველი მქადაგებელის იოანე ბოლნელის ნაწარმოებები, რაც იმას მოწმობს, რომ იოანე ბოლნელის ქადაგებანი ადრევე სწრაფი ტემპით გავრცელებულა და სინამდეც მიუღწევია. მომდევნო ხანის მოღვაწე უნდა იყოს მათე, რომელმაც გადაწერა ანდრია კრიტელის, იოანე მინჩხისა და სხვათა თხზულებანი თეოდორე მწერალთან ერთად. აქვე უნდა მოვიხსენიოთ თეოდორე სამოთხელი, რომელმაც იოანესთან ერთად გადაწერა სვინაქსარი, იოანე გოდორაელი, რომელმაც გადაწერა კრებული და სხვა.
გვიანი ხანის ერთ-ერთი გამოჩენი მოღვაწეა ელიაყოფილი ელისე ჩიდანისძე, მისი მინაწერი არაერთ ძველ ხელნაწერს შემოუნახავს, მაგრამ ის არა მხოლოდ უბრალო მოწესე იყო, არამედ მწიგნობარიც. მას გადაუწერია სინას მთის ერთი მოზრდილი კრებულის ნაწილი.
სინას მთის ქართულ ხელნაწერებში ხშირად გვხვდება არაბული მინაწერები, რომელთა ავტორები ზოგჯერ აღნიშნავდნენ ხელნაწერის სინას მონასტრისადმი კუთვნილებას.