თქვენი ქედმაღლობით დაანგრიეთ თქვენივე აშენებული
* კარგი მოსავალი რომ მოვიდეს, თესლი კეთილი უნდა იყოს და ნიადაგიც შესაფერი უნდა დახვდეს.
უწმინდესი პატრიარქი ლეონიდე იხსენებს სიყმაწვილის წლებს: "მყავდნენ რა წინაპრები, რომელნიც ურთიერთის შემდეგ ემსახურებოდნენ წმინდა ეკლესიას მწყემსის თანამდებობაში, მე მაქვნდა კურთხევა ზეციერის მამისა შობად ასეთ ოჯახში, რომლის არსებით ძარღვს შეადგენდა დანერგვა და დამყარება ქრისტიანობრივის კეთილმსახურებისა თვისს თითოეულ წევრში; ამის გამო ძალიან ადრე შევეჩვიე საღმრთო ტაძარში სიარულსა, სადაც მოვიქცეოდი კეთილ-მოწიწებით, ვგალობდი და ვკითხულობდი... რვა წლისა მომაშორეს დედ-მამის სახლის ჭერსა და მიმცეს სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ აქაც კეთილისმყოფელი მარჯვენა ღვთისა წინ მიძღოდა, მან დამამორჩილა უახლოეს ზედ-გავლენას ჩემი ნათესავის მღვდელ-მთავრისასა (წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე), ხსენებულმა მწყემსმთავარმა მომცა საშუალება, რათა უძლიერესად შემეტკბო წმიდისა დედისა ჩვენის მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილმოქმედი და სიყვარულით აღსავსე სუნთქვა... ვესწრებოდი რა ჩემი მეორე მშობლის ღვთისმსახურებას, მე ყოველთვის ვიხიბლებოდი სამღვდელმთავრო მსახურების მაღალმნიშვნელოვანის წესით და არ მახსოვს, მის მსვლელობას ორტოტა და სამტოტა სანთლებით არ გამოეწვიოს ჩემში ლმობიერება და წრფელი ცრემლი... ერთხელ, როდესაც ჩემი კეთილისმყოფელის ღვთისმსახურებას მოვისმენდი, გარკვევით გავიგონე შინაგანი ღვთის მოწოდება, რათა თვით გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური სამღვდელო ხარისხში..."* წმინდა მაკრინე, და ბასილი დიდისა, იხსენებდა, - დედა დამისვამდა მუხლებზე და მასწავლიდა, სუსტი, მოტიტინე ენით წარმომეთქვა უტკბესი სახელი იესო ქრისტესი. იმ დროიდან გულში ამენთო სიყვარული უფლისა, რომელიც მთელი სიცოცხლე მწვავდაო.
* ერთმა ქრისტიანმა ყრმამ ჯალათს შეკითხვაზე, - საიდან შეიტყვე, რომ ღმერთი ერთიაო, - უპასუხა: - ეს მასწავლა დედაჩემმა, მას კი ასწავლა სულიწმინდამ. იმისთვის ასწავლა, რომ ჩემთვის ესწავლებინა. როცა აკვანში მარწევდნენ და დედის ძუძუს ვწოვდი, მაშინ ვისწავლე რწმენა ქრისტესიო.
* ერთი ურწმუნო და ყოველგვარი სიწმინდის უარმყოფელი კაცი ერთხელ თოვლიან დილას შინიდან გამოვიდა. გზა უნდა გაეკვალა. უეცრად შეამჩნია, რომ მისი ცხრა წლის ბიჭი უკან მიჰყვებოდა. რას შვრები, სიარული გაგიჭირდებაო, - გაუწყრა. მაგრამ ბიჭმა მხიარულად მიუგო: - ფეხებს შენს ნაკვალევში ვდგამ და თავისუფლად მოვდივარო. ბავშვმა ვერც იგრძნო, რომ ამით მამის გულში ქარიშხალი ააბორგა: "რა მოხდება, თუ ჩემი შვილი ზუსტად ჩემს ნაკვალევს გამოჰყვება? თუ ისიც იქ წავა, სადაც მე მივდივარ, ნეტავ სად მიგვიყვანს ეს გზა?" მამას შეაჟრჟოლა. ადრე არასოდეს უღელვია ამგვარად თავისი ნამოქმედარის გამო. ეს შფოთიანი ღელვის საათები იმით დამთავრდა, რომ შემდგომში მამამ შეძლო შვილისთვის ეთქვა: "მე გამომყევი, რადგან მე ქრისტეს მივყვებიო".
* იოანიკე დიდი ყრმობიდანვე მშვიდი, მდაბალი და ლოცვისმოყვარული იყო. გამოსახავდა ჯვარს ცხვრის ფარას, რომელსაც მწყემსავდა და მას ვერც მხეცი და ვერც კაცი ვერ ეკარებოდა. ერთხელაც ამ კეთილ ნიადაგზე ვიღაცამ ხატმებრძოლობის ბოროტი თესლი ჩათესა და მიუხედავად ამდენი სათნოებისა, იოანიკეს წმინდა ხატების დანახვა არ უნდოდა. მაგრამ ღმერთმა მოაქცია გზაარეული. ერთხელ მას რაღაც საქმე დაავალეს და მან ვინმე დაფარულმცოდნელ მამას ჩაუარა. შვილო იოანიკე, - მიმართა უცნობმა, - თავს ქრისტიანს უწოდებ და რატომ გძაგს ხატი ქრისტესი? ამაოა შენი ღვაწლი, თუ მართალი რწმენა არა გაქვსო. უცნობის სიტყვებმა დააფიქრა იოანიკე, დაემხო მოძღვრის წინაშე და მას მერე სწორად თესავდა და მკიდა.
* ერთხელ ერთმა კომპანიამ მოინახულა მამა პაისი. ბერმა სტუმრები არქონდარიკში დასვა და სათითაოდ გაუმასპინძლდა რაჰათ-ლუკუმით. როცა ერთ მათგანთან მივიდა, ლუკუმი მიწაზე დააგდო, ფეხით გასრისა, მიწას შეურია, აიღო და სტუმარს მისცა. მან დაბნეულმა ჰკითხა მოძღვარს: "მამაო, რატომ მაძლევ ასეთ ჭუჭყიანს?" ბერმა მიუგო: "შენ რაღად აძლევ შენს ჭუჭყიან ნაწარმოებებს ჩვენს ახალგაზრდობას და ხრწნი?" (ეს კაცი სცენარისტი იყო და უწესო ფილმებისთვის სცენარებს წერდა).
* მამა თეოდოსი ოპტელს მთელი სიცოცხლე ახსოვდა თავისი მორწმუნე ბებია, რომელიც ღამეებს ლოცვასა და მუხლთადრეკაში ათენებდა. საღამოთი ბებო პატარას მაცხოვრისა და ღვთისმშობლის დაუჯდომლების წაკითხვას ავალებდა, თვითონ დებთან ერთად მუხლმოდრეკილი აცრემლებული იმეორებდა: "გიხაროდენ, სძალო უსძლოო". მერე ფსალმუნებს კითხულობდნენ მოსახსენებლებთან ერთად, რაც დიდად სიამოვნებდა ყმაწვილს. ზამთრობით, თუ ვახშმობის ჟამი ჯერ არ იყო, თეოდოსი მათ მღვიმის პატერიკს, მამათა ცხოვრებასა და ბიბლიას უკითხავდა. მთელი ოჯახი მდუმარედ უსმენდა და ხშირად თვალთაგან ცრემლი ღვარად სდიოდა. მათ ამ იდილიას ზოგჯერ თეოდოსის უფროსი ძმა აწყვეტინებდა, რომელიც ოჯახს მხატვრულ ლიტერატურას უკითხავდა. ბებია კი ეტყოდა თეოდოსის: "წასაკითხი არაფერია. სხვა საქმეა წმინდა წერილი, მასში, როგორც სარკეში, ხედავ შენს უძლურებას და დასტირი. მაგ წიგნებს ნუ წაიკითხავ, სახარება იკითხე, ის უფრო განგაბრძნობს და განგინათლებს გონებას, ვიდრე ეს ბრძენნი თავიანთი წიგნებით".
* მამა დანიელ კატუნაკელმა მოყვასის სიყვარული ყრმობაში მშობლებისგან ისწავლა. ერთხელ, როცა 15 წლის იყო, მთელი ოჯახი სატრაპეზოდ შეიკრიბა. დანიელის მამა ჩაფიქრებული იჯდა და მერე თქვა: - ჩვენ ვსხედვართ, ვჭამთ, ვსვამთ და ყველაფერი უხვად გვაქვს. რამდენ გლახაკსა და ობოლს საჭმელი ენატრებაო. ამ სიტყვებმა ააღელვა დანიელი (მაშინ დემეტრე) და შემდგომში წესად დაიდო, ზოგიერთი სიამოვნება შეეზღუდა, რათა საშუალება მისცემოდა, მოყვასს დახმარებოდა. ეს წესი უძვირფასეს მემკვიდრეობად გადასცა სულიერ შვილებს, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ მას.
* სიკეთე ყოველდღე უნდა აკეთო. როცა მეუფე პავლინე ბოლშევიკებმა გადაასახლეს, მამა ანდრონიკეც (ლუკაში) ნებაყოფლობით თან გაჰყვა. იქ იყო მოქმედი ეკლესია, სადაც მეუფე ხანდახან მსახურობდა კიდეც. ძალიან უჭირდათ, ხშირად პურიც არ ჰქონდათ. ერთხელ გლახაკმა პური ითხოვა. მამა ანდრონიკეს რამდენიმე დღე პირში ლუკმა არ ჩაედო, ბოლო ნატეხს კი მეუფისთვის ინახავდა. "მიეცი", - მოესმა მეუფის ხმა. შეცბუნებულმა ანდრონიკემ მიუგო: "ბოლო ნატეხიღა დარჩა, ხვალ ვერაფერს შეჭამთ". "მიეცი", - გაუმეორა პავლინემ.
განთიადზე სარკმელზე ვიღაცამ მიუკაკუნა. ეკლესიის მამასახლისი მოვიდა, ახალგამომცხვარი პური მიართვა. მეუფემ გაიღიმა: "ხედავ, გუშინ გლახაკისთვის რომ არ მიგეცა, დღეს ამ პურს ვერ მიიღებდიო".
* ღირსი თეოდორე, მოწაფე პახუმი დიდისა, სათნო, გონიერი ახალგაზრდა იყო. მას წმინდა წერილისა და მამების ნაწერთა განმარტება შეეძლო, თავისი მონათხრობით ადამიანთა გულების ათრთოლებაც ძალუძდა. წმინდა პახუმმა ერთხელ საღმრთო წერილის წარმოთქმა უბრძანა. ოცი წლის ახალგაზრდა წარდგა მამათა წინაშე და სახარების განმარტება დაიწყო. ძმები ტკბებოდნენ მისი მოსმენით, მაგრამ ზოგიერთი მასში მხოლოდ ახალგაზრდას ხედავდა და დრტვინვა დაიწყეს: "ახალბედა გვასწავლის, ყმაწვილი გვარიგებს! სირცხვილი მამებს, რომ უსმენთო!"
ღირსმა პახუმიმ ნაწირვებს უხმო ძმებს და ჰკითხა: - ტაძრიდან რატომ გახვედითო. იმიტომ, რომ მონასტერში ამდენი წლის ნაღვაწთ მასწავლებლად ყმაწვილი დაგვიყენეთო, - მიუგეს. პახუმიმ ღრმად ამოიოხრა: "უგუნურნო, თქვენი ქედმაღლობით დაანგრიეთ თქვენივე აშენებული: თქვენ პირი იბრუნეთ არა თეოდორესგან, არამედ იესო ქრისტეს სიტყვისგან და მოაკლდით სულიწმინდას. განა ვერ მხედავდით თქვენზე მხცოვანს ბერობაში, თუ როგორი ყურადღებით ვუსმენდი? ენა თეოდორესი იყო, მაგრამ მოძღვრება - ქრისტესი და მე მისგან დიდი სიკეთე მივიღე".