მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მამა იერონიმე ახალბედას განსაცდელებზე (წერილიდან).
ცუდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ყველა კარგ ბიჭს მეძახდა, ვინაიდან ხედავდნენ, რომ ეკლესიაში მაშინ ვტიროდი, როცა სხვები არ ტიროდნენ. ოქტომბერში გავემგზავრე მთაწმინდზე. მოძღვარმა როცა დამინახა, რომ სხეულით ვიკუზებოდი, უფრო კი სულით ვიგრიხებოდი, მიბრძანა, სიმონ-პეტრას დიდ მონასტერში წავსულიყავი, სადაც მეტი შრომა მექნებოდა, სადაც გამოცდილი ძმებიც საკმარისად იყვნენ. სიმონ-პეტრაში წასვლამდე მონაზვნობაში პირველი გაკვეთილები ათენის ამაღლების ტაძარში ამ მონასტრის მამამ ჩამიტარა.
მან შეხვედრისას მითხრა:
- შენ აქ მონაზვნად გასახდომად მოხვედი! კარგია. ვარდებივით წმინდა სულები იფურჩქნებიან მონაზვნობაში. მაგრამ გაფუჭებული კაცი ხარ და შენგან ყოველგვარი მანკიერების შხამი რომ გამოვიტანოთ, საჭიროა მძიმე სამუშაოზე გაგგზავნოთ. აქ მონაზვნებს საქმეები საკმარისად აქვთ: ყოველდღიურად რუსი მომლოცველები მოდიან, ორმოცდაათი, ასი კაცი. ჩვენი მონასტერი ხანძრის მერე დიონისეს მონასტერთან ერთად გაკოტრდა. ჩვენი მოძღვრები განსვენებულ მამა ნეოფიტესთან ერთად ჩადიოდნენ რუსეთში და ფულს აგროვებდნენ და ამ შემოწირულობებით მონასტერმა აღორძინება მოახერხა და გაფართოვდა კიდეც. ამიტომაც თავს მოვალედ ვთვლით ყველა რუსი მომლოცველის წინაშე.
გადავწყვიტე მონასტერში დარჩენა, მაგრამ გულისთქმები ისე მებრძოდნენ, რომ ათი დრაქმა რომ მქონოდა, ჩავჯდებოდი ხომალდში და უკან წავიდოდი. მოძღვარი ფიქრს მიმიხვდა:
- წაიკითხე წმინდა ირინა ქრისოვალელის ცხოვრება და გაიგებ, რომ მონაზვნობისთვის მონასტერში მისვლის მერე ერთხელაც არ უფიქრია სავანიდან გაქცევა. ეშმაკი ცდილობდა, იგი ცოცხლად დაეწვა - უწვავდნენ სამოსს, მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. მონასტრის დედებს რომ არ შეემჩნიათ, ალბათ ჩაიფერფლებოდა.
შენ იცი, რომ ყველა მონასტერში ასვენია წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხატი. ღირსი მარიამი მეძავი იყო. ვიდრე ალექსანდრიიდან იერუსალიმამდე გემით მივიდოდა, გემზე ყველა ახალგაზრდასთან ყოფნა მოასწრო. მერე აღთქმა დადო ღვთისმშობლის ხატის წინაშე, რომელიც ახლა ათონზე წმინდა ათანასეს მღვიმეში ინახება და შორს, უდაბნოში წავიდა. მას არც მოძღვარი ჰყოლია და არც მრჩეველი. 47 წელი სიცივის, შიმშილის და უდაბნოს სხვა საფრთხეთაგან იტანჯებოდა. ყველაზე მძიმე გამოცდა ის იყო, რომ ახლომახლო მიმსალმებელიც არ ჰყავდა. მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეჰღაღადებდა: "მაცხოვნე მე!" მამა ზოსიმეს უამბო თავისი ტანჯვის თაობაზე და უთხრა: "არ შემიძლია სიტყვით გადმოგცე ის, რაც დავითმინე, რათა მომეშორებინა ხორციელი შეცოდების მური, რამდენი დავითმინე, რათა განმშორებოდა ყველანაირი ვნებიანი მოძრაობა".
შენ სულ ახლახან მოხვედი მონასტერში, შავი სამოსი ჩაიცვი და ფიქრობ, რომ შეგიძლია დაყუდების ღვაწლი იტვირთო მხოლოდ იმიტომ, რომ ილარიონს უყურებ, რომელიც საავადმყოფოში მსახურობს. იგი მაგალითია დაყუდებისა და ლოცვისა. მან მოიარა იერუსალიმი, იქ გაიცნო წმინდა ადამიანები, მერე კი უფრო მეტი მყუდროების მოსურნემ დატოვა სოფელი და მონაზვნად აღიკვეცა.
ანდა იქნებ მამა მათეს უყურებ, რომელიც აღსარებას ათქმევინებს ამდენ ადამიანს. ის აქ პატარა ბიჭი მოვიდა, სული მუდამ უშფოთველი ჰქონდა. ამ უშფოთველობას მის სახეზე კითხულობ. შენ კი, თუ გინდა სული განიწმინდო, დაითმინე ლანძღვა, ცემა, დევნა იმ დრომდე, ვიდრე არ იგრძნობ, რომ შენს გულში მეტად აღარ არის ბოროტ ვნებათა შხამი.
ჩურჩულითღა შევბედე:
- ნუთუ ნუგეშად არაფერი მექნება?
- არა, რას ამბობ. დღეს, როგორც კი დაამთავრებ მსახურებას, წადი შენს კელიაში, დაჯექი სკამზე და იქ საკუთარი თავის იმედი მოიშორე. მიხვდები, რომ იესო ქრისტეს გარდა, რომელმაც კაცთა მოდგმის ცოდვები იტვირთა, კაცთაგან არავის ძალუძს შენი შველა. მერე გადაშალე "უხილავი ბრძოლა" და იესო ტკბილის აკათისტო წაიკითხე.
პირველად როცა წაიკითხავ, მარცხენა ყურში დამცინავ ხმას გაიგონებ: - ჰოი, სულელო და შეშლილო. აქ, ადამის განდევნის ადგილას, რას აკეთებ? არ გიფიქრია შენს დებზე, რომლებიც ახლა მრუშობენ?
მაგრამ შენ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს დაუგდე ყური. ლოცვისას მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ თუ განმარტოების ღვაწლს არ შეუდგები უდაბნოში გასული ღირსი მარიამივით, ვერ შეძლებ შენი გულიდან გესლის ამოგდებას, რომელიც გწამლავს არაწმინდა ვნებებით და თუ ამ ცხოვრებაში არ განიწმინდები ცოდვათა თესლისგან, ეშმაკები საუკუნოდ შეგასმევენ ამ მტანჯველ საწამლავს, თანაც გეტყვიან:
- შენ ვნებებით დატკბობა ირჩიე? ახლა შეიცანი მთელი მისი სიმწარე. ჯვარცმულმა მონასტერში გამოგგზავნა ვნებების ჩამოსაშორებლად, მაგრამ შენ ვერ დაითმინე მცირეოდენი შეზღუდვაც კი. ახლა იტანჯე საუკუნოდ.
ყველაფერ ამას იმიტომ გწერ, რომ ჩემი მაგალითით ისწავლო.
ვიდრე არ დაწდება საწამლავი, რომელსაც შენ სოფელი შეგასმევს, უნდა დაითმინო ყოველგვარი უსიამოვნება. კარგია, თუ შენს გვერდით სხვა ქრისტიანები იქნებიან. უდაბნოში მარტო როგორ მოერეოდი საკუთარ თავს? თუ ეშმაკი მონასტრიდან გაქცევას შთაგაგონებს, დაფიქრდი, რამდენად მწარეა ეშმაკის ტყვეობა და რა ბედნიერებაა, რომ ქრისტემ განგათავისუფლა. ეშმაკი თავისას გეტყვის, შენ კი ქრისტეს ლოცვით მიმართე:
- ქრისტე ჩემო, სასიძოვ სულისა ჩემისა, შენ მიყვარხარ და შენ მსურხარ, მომეცი მოთმინება, როგორც მარიამ მეგვიპტელს, როცა ის უდაბნოში იყო.
მონასტრული ცხოვრების პირველი გაკვეთილები (წერილებიდან). 1913 წელს, ათონზე ჩამოსვლისთანავე, გავეცანით კინოვიური მონაზვნობის პრაქტიკას, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე წმენდს ადამიანს ვნებათაგან, კაცმა აღარ იცის ამაოება, მის გულს განეშორება გარედან შემოტანილი ვნებები. სულისთვის ხომ ბუნებრივი არ არის ვნებანი.
მშობლები ყურადღებას აქცევენ შვილებს, რომ საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, უცხოს გვერდით ყოფნის დროს არ იცინოდნენ და ყველას პატივისცემით მოეპყრონ. ისინი იცავენ მათ გულებს, რომელშიც მეუფე ქრისტეა დავანებული, რათა წმინდა ნათლისღების მერე წმინდანი დარჩნენ.
იღუმენმა მიმიღო და მორჩილება მომცა. სამუშაოდ სამზარეულოში გამამწესეს! მზარეული ძალზე გამოცდილი აღმოჩნდა სულიერ ცხოვრებაში და თავმდაბლობის გზა მიჩვენა, ამიხსნა, თუ როგორ უნდა მომეკვეთა თვითნებობა და გულისთქმები.
სიმდაბლის გზა გასწავლის, რომ არ შეეჭვდე განზრახვებში. სამუშაოს დროს გაჩენილ გულისთქმებს მზარეულის წინაშე ვაღიარებდით, რომელიც იმავე დროს მღვდელმონაზონი იყო და ჩვენი მოძღვარიც გახდა. მაგალითად ამბა დოროთე დავისახეთ. ყოველი მონაზვნური საძმო მასში შემავალი გამოცდილი მონაზვნების წინაშე უნდა იყოს წრფელი აღმსარებელი სარწმუნოებისა და ზნეობით უმწიკვლო. ისინი, ვინც დღეს ამ წესს მისდევს, თავისუფალნი არიან ყოველგვარი ცხოვრებისეული საზრუნავისგან. მოუთმენლადაც კი ელიან, როდის განეშორებიან ამ ამაო სოფელს და შეუერთდებიან წმინდათა დასს ზეციურ სასუფეველში.
თუ გადაწყვეტთ მონაზვნები გახდეთ, ნუ შეგაშინებთ მონაზვნური ცხოვრების ღვაწლი. თქვენმა სიმტკიცემ, შეუპოვრობამ უნდა გაგახსენოთ გველი, რომელიც ერთი მოქნევით იცვლის ტყავს და სრულიად განახლებული გამოჩნდება. თქვენც ასევე უკან მოიტოვეთ სოფელი და მონასტერში შეიძინეთ სულიერი მამა - თქვენი მოძღვარი, რომელსაც ძალუძს, თქვენს განზრახვებში გარკვევა და თქვენი საქციელის გამართვა. ხოლო თუ რაიმე ნაკლს შეგამჩნევს, აღმოფხვრის მას ისე, როგორც ბუნება იქცევა. თავიდან ცაზე იელვებს, ანუ დამოძღვრა, მერე კი იქუხებს, ანუ მოწოდებები გამოსწორებისა, ბოლოს კი კოკისპირული წვიმა წამოვა, ანუ დაუწყვეტელი წყარო ცრემლთა, რომელიც გულს ვნებათაგან განწმენდს. გული კი ხარობს და მოუწოდებს: "იესო ჩემო, უტკბესო სიყვარულო ჩემო".
მოკლედ ამის მოწერა მსურდა.
მამა იერონიმეს პირველი დამოძღვრა სიმონ-პეტრას მონასტერში. ერთხელ ვმსჯელობდით, თუ რა არის მონაზვნური ცხოვრება და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ კაცს ძნელი ხეობის გავლა სურს, მას კარგი წინამძღოლი სჭირდება.
ჩვიდმეტი წელი რომ შემისრულდა, წავედი ერიდან ათონზე. დაფნაზე გადმოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ გავიცანი ბერები, მონაზვნური ცხოვრების სანთელნი. მათ მირჩიეს, რომ ჯერ კანონიკურ მონასტერში წავსულიყავი და არა სკიტში ან იდიორითმულ მონასტერში.
შევასრულე დამოძღვრა. კინოვიურ მონასტერში მამები მხოლოდ დღეში ერთხელ ტრაპეზობდნენ და სიყვარულის ისეთი მტკიცე საკვრელით იყვნენ შეკრულნი, რომ გახსენებაზე ცრემლი მომდის.
დაღლილს მანუგეშებდნენ. ერთხელ ნეტარხსენებულმა მამა იერონიმემ მოისურვა, უზომო ნაღლვისგან გავეთავისუფლებინე, რომელიც აბნელებდა ჩემს გულს და სასაფლაოზე წამიყვანა. პარასკევი დღე იყო, ის-ის იყო, დასრულდა ღვთისმსახურება. გზად ლეღვის ხეს ჩავუარეთ. ვიგრძენი, რომ მომინდა. მოვწყვიტე ორი თუ სამი ნაყოფი და შევჭამე, რადგან უკვე მეცხრე ჟამი იდგა. მერე კი ჯვრის თაყვანისაცემად გავეშურეთ, რომელიც ნავსადგურის გზაზე იდგა. გზასაყარიდან პანაღუდას სკიტისა და ღირსი გრიგოლის მონასტრისკენ წახვიდოდი.
მამა იერონიმემ მკითხა, რა წერია ამ დაფაზეო. წარწერის გარჩევა გამიჭირდა - ასოები გადარეცხილი იყო. მამა იერონიმემ ეს ჩემს მაგივრად გააკეთა:
- ერთ ძმას ტვირთი მოჰქონდა ნავმისადგომიდან. ეშმაკი შეებრძოლა, შთააგონებდა, - ტყუილად შრომობ, ამ ღვაწლიდან სარგებელი არაფერიაო. და ამ დროს მოესმა უტკბესი ხმა, რომელიც ეტყოდა: "შრომის სიმძიმილს და დაღვრილ ოფლს, ამ აღმართზე ამსვლელნი რომ დაითმენენ - ძე ჩემი და ღმერთი ნებაყოფლობით მოწამეობად შეურაცხავს! ყოველი მონაზონი, რომელიც მოიკვეთს საკუთრ ნებას, გამოიჩენს მორჩილებას, მოწამის გვირგვინით შეიმკობა და დიდ პატივსა და დიდებას მიიღებს ჩემი ძის სასუფეველში".
როცა მამა იერონიმემ ეს მინაწერი წამიკითხა, უდიდესი სიხარული ვიგრძენი სულში. სახე გამინათდა და ბედნიერდ ხტუნვა მომინდა. მამა იერონიმემ მონაზვნური ცხოვრების საფუძველზე წამიკითხა სწავლება. ამ უბრალო საუბრებმა იმდენად დიდი სიყვარული ჩამინერგეს მონაზვნური მსახურებისა, რომ ყველაფერი დამამახსოვრდა. მერე კი მოსაგრენი გავიცანი, რომლებიც უფრო ამაღლებულნი მეჩვენნენ, ვიდრე სკიტში იყვნენ, ამიტომაც დაუფიქრებლად მათნაირი განდეგილი გავხდი. ყოვლადსახიერმა ღმერთმა არ დამტოვა მოძღვრის გარეშე, მრავალი მოღვაწე მასწავლებელი მიბოძა. მათ შორის გამოირჩეოდა ის, ვინც გულისმიერი ლოცვის ხერხი მასწავლა. ლოცვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოვლადწმინდა სამების მადლით საქმით შეძლო შესრულება იმისა, რაც წმინდა წერილში წერია: "მე მძინავს, მაგრამ გული ჩემი ფხიზლობს".
რა საქმეც არ უნდა აასრულო, ყოველთვის ფხიზლად იყავი, რომ შენი გონება არ განეშოროს. ხუთ სიტყვას, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულმა პავლემ ახსენა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო" და ჭეშმარიტი სიყვარულით გაიმეორებთ იესო უტკბესის სახელს. ჩვენთვის განცხადდება კიბე ზეაღსვლისა.
როცა წარმოვთქვამთ მეუფე ქრისტეს უტკბეს სახელს, ჩვენ უნდა მივემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს, რომლებიც ტკბილად გალობენ, თან გაფაციცებულნი არიან, რომ არ მოფრინდეს ძერა და რომელიმე მათგანი არ გაიტაცოს.
ასე რომ, ილოცე სულის მთელი ძალისხმევით, რათა შენმა ყოველმა გრძნობამ ღმერთი განადიდოს, თორემ ეშმაკი ზურგიდან მოგეპარება, შეგკრავს შენი ქედმაღლობით და მედიდურობით და ღვთისკენ ნებისმიერ სწრაფვას შეგიზღუდავს. ძერას კლანჭებში ჩავარდნილი გვრიტივით იქნები. გვრიტი მთელი დღეები მშვიდად ზის ბუდეში. თუმცა საზრუნავი არ იცის, დააცხრება მტაცებელი ფრინველი და კლანჭებით აიტაცებს. იცის, კლანჭები თავზე უნდა ჩასჭიდოს, თორემ თუ ფრთებით აიტაცებს, მაშინ ის შეძლებს გასხლტომას.
ეშმაკი გხედავს განმარტოებულს (დაყუდებულს). უეცრად გამოგეცხადება, თავზე ჩაგჭიდებს კლანჭებს და დაგატყვევებს, ანუ დაატყვევებს შენს ჭკუა-გონებას, დაგფლეთს, წაგართმევს წმინდა და შეურყვნელ გულისთქმებს, ჩაგითესავს არაწმინდა ფიქრებს; თუ მათ არ განიშორებ, ვნებებიც მოგერევა. ამიტომაც იცოდე, ეძებე კარგი ხელმძღვანელი, რათა ბნელში არ აღმოჩნდე და არ ჩავარდე ეგოიზმისა და თავმაღლეობის ორმოში.
ცხოვრება სიმონ-პეტრაში (ბერის წერილიდან). მარადის გიხაროდენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიხარულით, რომელმაც აღგზარდა შენ თავისი ყოვლადწმინდა დედის ბაღში, ათონის წმინდა მთაზე. ათონზე შენი შემწენი შეიქმნენ უდიდესი წმინდანები: მარიამ მაგდალინელი და სვიმეონ მირონმდინარე, ქტიტორი მონასტრისა.
ისმინე შენი მდაბალი სულიერი მამისგან რამდენიმე სანუგეშო სიტყვა მონაზვნურ გამოცდილებაზე.
როცა მონასტერში დავსახლდი, სადაც შენ ახლა შეუდექი მონაზვნობის გზას, კარიბჭის მცველად დადგენილმა მამამ მითხრა:
- აქ ნამდვილი მონაზონი გახდები. მონასტერი ღუმელია, მაგრამ მასში შეშა კი არ არის შეკეთებული, არამედ ადამიანთა სიცოცხლე. თითოეულის სიცოცხლე ალმასზე ძვირფასია. ამ ღუმელში ისინი იწმინდებიან, მოიკვეთენ ნებას და გულისთქმებს. აქ 80 მონაზონია. მათ შეიძლება რაიმე დაგავალონ. მაშინვე შეუდექი საქმეს: დაგადგინეს ეკლესიაში წიგნის მკითხველად, ბავშვურად, სკოლის მოწაფესავით ნუ წაიკითხავ, კითხვაში მამებს არ ჩამორჩე. ისინი გაიღიმებენ, როცა ენა წაგიბორძიკდება, მაგრამ ნუ გეწყინება, მოიოხე გული და შვება იგრძენი. მონასტერი იღებს ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა განზრახვა აქვთ. მონასტრის მკვიდრმა პირველ რიგში უნდა მოიკვეთოს სულის თვითნებური და წინასწარგანზრახული მოძრაობა. შვილო, თუ გსურს მონასტერში ცხოვრებას გაუძლო, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, თუ როგორ იცვლის გველი ტყავს და შენც მოგშორდება დამამწუხრებელი მოგონებები დაცინვისა და შეურაცხყოფისა. მაშინ მონასტერში მყოფ მამათა აზრებს შენიც მიესადაგება.
მამებს ძალიან ვუყვარდი. მეუბნებოდნენ, - კინოვიური მონასტერი საშენოაო.
ერთხელ ჭურჭელი ისე გავრეცხე, რომ ელვარებდა. მოვიდნენ ერთი მამა, მღვდელი და კანონარქი. ხელისგულზე ზეთი დაისხეს, ერთ ღრმა თეფშს გაუსვეს, შემდეგ კი შემარცხვინეს:
- ასე რეცხავ ჭურჭელს? როგორ ბედავ ასე მოექცე მონასტრის ნივთებს?
ცივმა ოფლმა დამასხა, ავკანკალდი. მღვდელმა მწყრალად შემომხედა და მითხრა: ათონელო ტრაბახავ, ჭურჭლის გარეცხვა მაინც თუ შეგიძლია?
მერე კი სატრაპეზოში ჩავიდა, სხვა მამებს უთხრა, - ცუდად მუშაობსო და დაუმატა: - ჩვენ, უფროსები, მოვალენი ვართ, თვალყური ვადევნოთ ახალგაზრდებს, თორემ მათგან თავმდაბლობას ვერ ვეღირსებითო.
ამიტომაც მონასტერში ეცადე, ასეთმა რამეებმა არ შეგაშფოთოს. ჟანგიანი რკინა ცეცხლში სრულიად გაიწმინდება. მონაზონი კი კინოვიურ მონასტერში ვნებათაგან იწმინდება.
თუ გინდა ღირსი შეიქმნა არა მხოლოდ ლოცვის ნიჭისა, არამედ გონიერი გულისა, დაითმინე ყოველგვარი მწუხარება. მაშინ ის გარდაისახება სიხარულად. თითქოს გასაღებით გააღე გული. ამგვარი გულის შეძენისთვის მამები კინოვიურ საძმოში მიდიოდნენ, სადაც სწავლობდნენ იესო ქრისტეს უტკბესი სახელის წარმოთქმას. მაშინვე უდაბნოში არ გარბოდნენ. იცოდნენ, რომ ჯერ თავი უდიდესი განსაცდელებისთვის უნდა მიეცათ. ასე აღივსებოდნენ ისინი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომელსაც ნეტარებით იმეორებდნენ: "იესო ჩემო, უტკბესო სიყვარულო ჩემო".
მათი გული ყოველდღიურ საჭმელსაც კი ერიდებოდა. ვერც კი წარმოედგინათ სხეულისთვის მცირეოდენი შემსუბუქების ნების მიცემა. მათ ხომ ზეციურ სასიძოსთან შეხვედრა სწყუროდათ. აი, მამები მაშინ კი გამოითხოვდნენ კურთხევას იღუმენისგან და უდაბნოში მიდიოდნენ სრული მოღვაწებისთვის. ასე მოიქცა ჩვენი ღირსი მამა სვიმეონი, ქტიტორი მონასტრისა, რომელშიც შენ ცხოვრობ. ყოველგვარ ბრძანებას დამორჩილებულმა, მან მიაღწია ჭვრეტის სიმაღლეებს, რაც მამებს არაერთხელ მოუყოლიათ...