* დიდი მადლმოსილი წინაპრები გვყავდა, მათ შინაგანი ნათელი, მდუღარება სულისა სახეზე ეწერათ. ისინი მსახურნი იყვნენ მიუაჩრდილებელი ნათლისა და სულგანათლებულნი მაგალითად ექცნენ მომავალ თაობებს.
რამდენიმე ამგვარ მაგალითს შემოგთავაზებთ.
ათონზე 1867 წელს, წმინდა ილარიონ ქართველის გარდაცვალებიდან მესამე წელს, მისმა მოწაფემ, მამა საბამ მოძღვრის საფლავი გახსნა. საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა, რომელიც წმინდა ანას მცირე სკიტამდე გაჰყვა. მოწაფის სენაკში კი ისეთი სურნელი იდგა, რომ 4 რუსი და 70 ბერძენი მონაზონი სახტად დარჩნენ. წმინდა ნაწილების გადატანისას ერთმა მეუდაბნოემ მამა საბას სენაკის თავზე, დღისით-მზისით, ბიზანტიური დროით ხუთ საათზე (ჩვენი დროით 11 საათზე) მზის მსგავსი მანათობელი ბურთი დაინახა. ბურთი სხივებს აფრქვევდა და სენაკისგან მოშორებით ჰაერში მიმოდიოდა. ეს დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. როცა ბერმა ამის სანახავად ძმებს დაუძახა, ბურთი უჩინო შეიქმნა. მან დაასკვნა, ალბათ მამა ილარიონის საფლავი გახსნესო. გაოცებული მამა საბას ეახლა და ნანახი უამბო.
* წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება, რომ გარეჯში, ნათლისმცემლის მონასტრის შორიახლოს, ეკლესიაში, ერთი ადგილი მრავალგზის უნახავთ ანთებული სანთლებით განათებული და იქ მოხდენილ მრავალ სასწაულსაც ხედავდნენ. ერთხელ, გარეჯელ მოწამეთა ხსენების დღეს, იქაურმა მამებმა გულისხმაყვეს - ხსენებულ ადგილას მიწა გაწმინდეს და აღმოაჩინეს საწნეხლის მსგავსად აშენებული ნაგებობა, სადაც ჩასვენებული იყო წმინდა მოწამეთა ნაწილები. იქვე იყო დამარხული ერთი უხელო მიცვალებული. გაახსენდათ მამებს, რომ ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს სამარტვილო მეფე ალექსანდრე მესამეს აუშენებია და მასში დაუსვენებია ეს წმინდა ნაწილები. ხოლო ის ღირსი მონაზონი, ეტყობა, ამ სამარტვილოსთან ახლოს დასახლდა და იღვაწა. აღსასრულის ჟამი უფლის მიერ შეიტყო, დაიდო სასთუმლად ქვა, გულზე ხელები დაიკრიფა და განუტევა სული. ვინაიდან კაცი არ ჰყავდა დამმარხავი, ღმერთმა ქარით იმოდენა მტვერი შეჰყარა, რომ ამოავსო სამარტვილე.
* გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დაასრულა სიცოცხლე ამბა ალავერდელმა ზენონმა. გარდაცვალებამდე მამებს ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულებინა. მისი გარდაცვალების მერე ერთი თერძი მოვიდა მამებთან და უთხრა: "წუხელ ვიხილე დიდი ლამპის მსგავსი ნათელი, რომელიც მეუფე ზენონის კელიის სახურავიდან ზეცად ამაღლდაო". თხუთმეტი წლის მერე მისი საფლავის გვერდით ერთი სეფეწულისთვის საფლავს თხრიდნენ. უნებურად მეუფე ზენონის კუბოს ფიცარი გაუტყდათ, საიდანაც ისეთი კეთილსურნელება ამოვარდა, რომ მისი ყნოსვით ვერ ძღებოდნენო, - ამბობენ შემსწრენი.
* ერთი მღვდელმონაზონი უყვებოდა გაბრიელ მცირეს: ერთ ღამეს საკვირაო წირვისთვის ვემზადებოდი; დამჭირდა სანთლის ანთება. დავინახე, ერთი პატიოსანი და ღირსი ძმის კელიიდან სინათლე გამოდიოდა. მივედი და ვთხოვე, - სანთელი ამინთე-მეთქი. ძმამ ლოცვას თავი ანება და მითხრა, - არ მინთია, მამაო, სანთელიო. კარები დახურა და ლოცვა დაიწყო. ისევ ანთებული სანთელი იხილვებოდა.
მანვე მოჰყვა: ერთ ღამეს წირვისთვის ვემზადებოდი და სენაკიდან გარეთ გავედი. უეცრად ვიხილე გუნდი ბრწყინვალე ნათლისა აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიდიოდა. უთუოდ ღვთისსათნო ადამიანი გარდაიცვალა და სული მისი უფლის ანგელოზებმა აიყვანეს ზეცად, - დასძინა მღვდელმონაზონმა.
* წმინდა მეფე სოლომონ II რუსმა გენერალმა მოტყუებით შეიპყრო და თბილისში, ერთ-ერთ სახლში დაამწყვდია. მაშინ თავი დადეს მეფის ერთგულმა ქართველებმა და სოლომონი გამოაპარეს. "განძვინდა" ტორმასოვი, შეიპყრა სოლომონის მცველნი, პოლიცმაისტერი გოსტაშაბაშვილი - სულ ექვსი კაცი და ოთხი მათგანი ტფილისის ავლაბრის რიყეზე დაახვრეტინა. ცხედრები იქვე, ავლაბრის მინდორზე დაფლეს და მცველნი დაუყენეს - ქართველებმა არ მოიპარონო. შუაღამისას ნათელი ზეგარდმო დაადგა მათ საფლავს, რომლის გამოც შეშინდნენ რუსი სალდათები, დაეცნეს და თაყვანი სცეს მეფისთვის მოკლულთა საფლავს. შეშინდა ტორმასოვი და სალდათებს უბრძანა, არავისთვის ეთქვათ. მაგრამ ეს ნათელი იხილეს ტფილისის და ავლაბრის მცხოვრებთ და ადიდებდნენ ღმერთს.
* 1810 წელს ერევანს გადახვეწილმა ალექსანდრე ბატონიშვილმა ოსეთში მყოფ ლეონ ბატონიშვილს თავისი გამზრდელი იესე დოღაძე გაუგზავნა, გაატანა ტანისამოსი და რამდენიმე თეთრი. დოღაძემ ღამე სასირეთში, ერთ გლურჯიძესთან გაათია. მეორე დღეს, იესეს წასვლისთანავე, გლურჯიძემ ეს ამბავი მარშალ დავით ციციშვილს შეატყობინა გორში. მაშინვე შეკრეს გზები, შეიპყრეს იესე. ტორმასოვმა მისი ჩამოხრჩობა ბრძანა. შეევედრა იესე კომენდატს, აღსარება-ზიარების ნება მომეციო. თქვა აღსარება, დაუმატა, რომ წმინდა იყო დედის მუცლიდან, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და ჩამოახრჩვეს. დაუდგინეს მცველად რუსი ყარაულნი.
ღამე ზეგარდმო ნათელი დაადგა მის გვამს. შეეშინდა ყველას, შეატყობინეს კომენდანტს. ის მოვიდა და იხილა ბრწყინვალე ნათელი. ამის მხილველი იყო უამრავი გორელი, ხოლო მთავარეპისკოპოსმა იუსტინემ (მაღალაშვილი) სთხოვა, დაეთმო იესეს გვამი. ცხედარი შემოსეს და გორის სასაფლაოს ეკლესიაში დამარხეს.
* მამა პაისიმ ერთ ნაცნობ მღვდელმონაზონს გაუმხილა: "ერთხელ კატუნაკში, კელიაში იესოს ლოცვას წარმოვთქვამდი. დაახლოებით ღამის სამ საათზე უცნაურმა ზეციურმა სიხარულმა შემიპყრო. ამასთან ჩემი ბნელი კელია, რომელსაც სანთლის მოცახცახე ალი ოდნავ ანათებდა, თანდათანობით აივსო მოთეთრო-მოცისფრო ნათელით. თავიდან ძალზე კაშკაშა ნათელი იყო. მაგრამ მერე მივხვდი, რომ თვალები განმიმტკიცდა და შემეძლო ასეთი ნათელის დათმენა. ეს ხელთუქმნელი ნათელი იყო! ასე დავრჩი მრავალი საათის მანძილზე, მიწიერის შეგრძნება დავკარგე და ვცხოვრობდი სხვა სულიერ სამყაროში, რომელიც ამ ხორციელისგან განსხვავდებოდა.
მერე ხელთუქმნელმა ნათელმა თანდათანობით უკან დაიხია და მე დავუბრუნდი ძველ მდგომარეობას, ვიგრძენი შიმშილი და ორცხობილას ნაჭერი შევჭამე, ვიგრძენი წყურვილი და წყალი დავლიე, ვიგრძენი დაღლა და დასასვენებლად ჩამოვჯექი. თავი ცხოველად ვიგრძენი და განვაქიქე საკუთარი თავი, რომ მას მივემსგავსე... სულიერი მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში გადავედი და განსხვავება დავინახე. ჩემს ქვემოთ ერთი ძმა ცხოვრობდა. მომეჩვენა, რომ გარეთ ბნელოდა და სავსე მთვარე ანათებდა. გამოვედი კელიიდან და ძმას ვკითხე, - რომელი საათია-მეთქი. მაშინ კი მივხვდი, რაც მოხდა. დილის ათი საათი იყო, მზე ანათებდა, რომელიც მე სავსე მთვარედ მომეჩვენა, ხელთუქმნელი ნათელი კი ისეთი კაშკაშა იყო, რომ დღის სინათლე ღამედ მივიღე, მზე კი - მთვარედ!"
* წმინდა ანას სკიტელ მამა ანთიმოზ ათონელს დიაკვნად კურთხევის შემდეგ საღვთო ხილვა ჰქონდა - თითქოს ტაძრის გუმბათი სადღაც გაქრა, გაიხსნა ცანი და ზეცა და მიწა შეერთდა. მოზეიმე და მებრძოლი ეკლესიები თითქოს ხარობდნენ მომხდარი ქიროტონიის გამო. ხოლო როცა მღვდლად ხელი დაასხეს, მან იხილა, რომ ერთის გარდა, ყველა მღვდელი, ვინც ხელდასხმას ესწრებოდა, ღვთაებრივი ნათლით იყო მოცული. სამწუხაროდ, ამ მღვდელმა შემდგომში ანგელოზებრივი სქემა დაუტევა.
* ერთხელ, როცა მამა ანთიმოზი (+1996) საღვთო ლიტურგიას აღავლენდა, წმინდა გიორგის სახელობის კალივის მღვდელმონაზონ მამა ვარლაამს თვალწინ ნამდვილი სასწაული წარმოუდგა. პურისა და ღვინის უფლის ხორცად და სისხლად გარდასახვისას დაინახა, რომ მამა ანთიმოზი ერთიანად ცეცხლში იყო გახვეული. მამა ვარლაამი თითქმის შეუცნობლად გაიქცა, ხელი სტაცა საბანს, პირსახოცს, რათა ცეცხლი ჩაექრო. უეცრად განეხვნა თვალნი, უკან დაიხია და ჯვარი გამოისახა.
* როცა წმინდა გერმანე ალასკელი გარდაიცვალა, მოშორებული სოფლის მკვიდრთ იხილეს მიწიდან ზეცამდე აღმართული ნათლის სვეტი. ამ საოცარი ხილვით შეძრულებმა თქვეს: "ეტყობა, მამა გერმანემ დაგვტოვაო" და ლოცვა დაიწყეს. შემდგომში მათ შეიტყვეს, რომ სწორედ იმ ღამეს გარდაცვლილიყო ღირსი გერმანე. ეს სვეტი თურმე სხვა მხარეშიც დაუნახავთ, ხოლო მეზობელი სოფლის მკვიდრთ უხილავთ კუნძულიდან ზეცაში აღმავალი კაცი.
* მამა ევლოგი ბალაამელზე ამბობენ, რომ ზოგჯერ ლოცვისას შორდებოდა ყოველივე ამქვეყნიურს, ჩაუღრმავდებოდა ლოცვას და მიღმა სამყაროს ჭვრეტდა. შეამჩნიეს, რომ ამ დროს მას სახე ეცვლებოდა, უბრწყინდებოდა. თითქოს ფოსფორის ნათებით ანათებდა. ბალაამში ეს არ უკვირდათ, რადგან ასეთი ამბები ხშირად ხდებოდა. მაგრამ ერთხელ, წირვისას, ისე გაუბრწყინდა სახე, რომ მამები ეცნენ და პირსახოცი გადააფარეს, რომ ბრწყინვალებისგან არ დაბრმავებულიყვნენ, მაგრამ მამა ევლოგის ეს არ აღელვებდა და ლოცვას განაგრძობდა. ხელთუქმნელი ნათელის ხილვა, მამა ევლოგის მაგალითზე, ნიშანია ღვთის დიდი მოწყალებისა თავმდაბლობის გამო.
* ჰაჯი ეფენდი ანუ წმინდა არსენ კაპადუკიელი ერთხელ, საღვთო ლიტურგიის დასრულების მერე, ერთი უსინათლო ქალისთვის ლოცულობდა. მრევლი დაიშალა და ტაძარში რამდენიმე კაციღა დარჩა. როცა წმინდა არსენი სამეუფეო კარის წინ ქალის თავზე სახარებას კითხულობდა, უეცრად ცისარტყელასავით მრავალფეროვანმა ნათელმა გაიბრწყინა, გააბრწყინვა მამა არსენი და მის წინ მუხლმოყრილი ბრმა ქალი. სწორედ ამ დროს ქალს თვალთ აეხილა.
* ერთხელ წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ზენონ დიდი მონასტრის ვენახებისკენ წაიყვანა ოპიზის სიახლოვეს. ამ დროს ოპიზიდან მოვიდა მაკარი ოპტელი და დიდად გაიხარეს ერთმანეთის ხილვით. ის ღამე ერთად ერთ სახლში დარჩნენ. ილოცეს, მაკარის მიერულა და მიწვა. შუაღამისას, როცა მამა გრიგოლი და ზენონი მდაბლად ფსალმუნებდნენ, ამ დროს საღვთო მადლმა განაბრწყინა ისინი დიდების ნათლით და სახლი იგი, ვითარცა მზის მცხუნვარებამ, განანათლა. როცა მამა მაკარის გაეღვიძა, თქვა: - რა საოცრად ჩანან ეს წმინდანებიო.
მამა გრიგოლმა უთხრა: - ძმაო მაკარი, რად გიკვირს ეს ხილვა, არ გაგიგია წმინდა წერილში ნათქვამი: "საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა"?
და ესრეთ იხარებდნენ სამივენი, სამებისა წმინდისა მადიდებელნი.
* უკეთურმა საჰაკმა, რომელმაც ანჩის საყდარი დაიკავა, წმინდა გრიგოლის მოსაკლავად კაცი გაგზავნა. ისიც ჩაუსაფრდა ხანძთის გზაზე. გამოჩნდა წმინდა გრიგოლი. მოდის და თან ზეპირად იმეორებს წმინდა ეფრემის სინანულის საკითხავებს. გოდებით იტყვის, მაგრამ სულით იხარებს. ამ დროს საღვთო ხილვას ხედავდა. ჩასაფრებულმა იხილა სასწაული დიდ - წმინდა გრიგოლის ზედა გამოჩინებული ცამდე აწეული ბრწყინვალე ნათლის სვეტი. თავზე კი თვალთშეუდგამი ჯვარი ადგა და ცისარტყელა გადაჭიმულიყო, ისეთი, როგორიც წვიმის მერე იცის. შეძრწუნდა მკვლელი. მკლავი გაუხმა. წმინდა გრიგოლმა მას უთხრა: "ჰოი, საწყალობელო, ნუთუ სამი გრივი ფეტვისა და ხუთი თხისათვის მოხვედი ჩემს მოსაკლავად?" კაცმა შესტირა, შენდობა ითხოვა, წმინდა გრიგოლმა ჯვარი გადასახა და მაშინვე განიკურნა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი