გლინის უდაბნო
გლინის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა სტავროპიგიალური მონასტერი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის
და მდებარეობს გლუხოვკის რაიონის სოფელ სასნოვკაში, რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში.
გადმოცემის თანახმად გლინის უდაბნო დაფუძნებულა მე-16 საუკუნეში იმ ადგილას, სადაც ადგილობრივ მეფუტკრეებს ღვთისმშობლის შობის გლინის სასწაულმოქმედი ხატი გამოეცხადათ.
გლინის უდაბნოს აყვავების პერიოდია მე-19 საუკუნე, როცა მონასტერმა სახელი გაითქვა მაღალი სულიერებით გამორჩეული ბერდიდებით. 1922 წელს მონასტერი დახურეს. სასწაულმოქმედი ხატი სოფელ შალგინოში წააბრძანეს, რის შემდეგაც უკვალოდ გაქრა. მონასტრის ტერიტორიაზე კი ხან ბავშვთა ბანაკი იყო და ხან კოლმეურნეობა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, უდაბნო გერმანელების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მოხვდა და 1942 წელს მონასტერი კვლავ აღადგინეს. 1961 წლის 4 ივლისს კი ბერები გაასახლეს მონასტრიდან და უდაბნოს ტერიტორია ინვალიდთა სახლად გადაკეთდა.
1994 წელს გლინის უდაბნო ისევ აღდგა და მას შემდეგ სამონასტრო ცხოვრება განუწყვეტლივ ვითარდება. მონასტერი ათონური წესგანგებით ცხოვრობს, ისევე, როგორც ძველ დროში ცხოვრობდა.
გლინის უდაბნოს წმინდა მამები, რომელთა ცხოვრებაც უფალმა ივერიას დაუკავშირა
2009 წლის 21 აგვისტოს გლინის მონასტერში დიდი დღესასწაული იყო, აქ წმინდათა დასში შეირაცხა სამი მოღვაწე სასულიერო პირი: ღირსი სქემმიტროპოლიტი სერაფიმე (მეუფე ზინობი მაჟუგა), სქეარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში) და სქეარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცოვი). მათი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო გლინის მონასტერთან და საქართველოსთან.
სქემმიტროპოლიტი სერაფიმე (მაჟუგა) იყო გლინის მონასტრის ბერი, კომუნისტურ პერიოდში, მონასტრის დახურვის შემდგომ, ის წამოვიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში და საქართველო გახდა მისი მეორე სამშობლო. აქ გახდა ის მღვდელმონაზონი, არქიმანდრიტი, ეპიკოპოსი და თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი. მან გამოიარა დევნა, ციხეები, სატუსაღო ბანაკები და ყველგან შეინარჩუნა ერთგულება ღვთისა, სახე ღირსეული მონაზონისა და მოყვასის სიყვარული.
სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში). გლინის უდაბნოს ბერი, მონასტრის საძმოს მოძღვარი იყო, მისი ცხოვრება მაგალითია მრავალთათვის. მანაც საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა - გადასახლება, ციხეები, მაგრამ იგი ყოველთვის იყო ქრისტიანული სათნოებების მატარებელი და ღმერთზე მინდობილი. მამა ანდრონიკე მეუფე ზინობის ხელმძღვანელობის ქვეშ მოღვაწეობდა თბილსში, წმ. კეთილმსახური თავად ალექსანდრე ნეველის ტაძარში.
სქემარქიმანდრიტი სერაფიმეს (რომანცოვის) მოღვაწეობისა და ცხოვრების ადგილი, გლინის მონასტრიდან გამოძევების შემდგომ, გახდა საქართველოს ულამაზესი კუთხე - აფხაზეთი. ის მსახურობდა ქ. სოხუმის მიხაილოვის სასაფლაოს ტაძარში. ეს მამები საკამაოდ მძიმე და რთულ დროს იყვნენ ადამიანთა ნუგეშინისმცემელნი, თავიანთი წმინდა ცხოვრებით მოპოვებულ ღვთის მადლს ისინი მრავალ ადამინს გადასცემდნენ - ასწავლიდნენ კეთილზნეობას, სიყვარულს და სულიერ ცხოვრებას ქართველებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, სომხებს და სხვას, განამტკიცებდნენ მათ რწმენაში. მათი ლოცვით ხდებოდა საღვთო სასწაულები.
მათ მიმართ თაყვანისცემა და სიყვარული მათი გარდაცვალების შემდგომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
2008 წელს უკარაინის ეკლესიის სინოდმა გლინის მონასტრის 13 ბერი შერაცხა წმინდანთა დასში, ხოლო 2009 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წმინდანთა დასში შერაცხულიყო კიდევ სამი მოღვაწე მამა: სქემიტროპოლიტი სერაფიმე, სქეარქიმანდრიტი ანდრონიკე და სქეარქიმანდრიტი სერაფიმე. ამ წმინდანთა დასს ეწოდა გლინის უდაბნოს მამათა კრებული.
გლინის უდაბნოელი მამა გახლდათ აგრეთვე მამა ვიტალი (სიდორენკო), რომლის ცხოვრებასა და ღვწლზე "კარიბჭეს" არაერთხელ უამბია.
არქიმანდრიტი ფილარეტი (კუდინოვი)
სწორედ ამ დიდი ბერების სულიერი შვილი და მათი მოსწავლე გახლავთ არქიმანდრიტი ფილარეტი (ბორის კუდინოვი), რომელიც 1927 წელს ტამბოვის ოლქის სოფელ პერევოზში დაიბადა. მან ბავშვობიდანვე შეიყვარა ეკლესია, ღვთისმსახურება, მოძღვართა ქადაგებები ამბიონიდან. ათეისტურ პერიოდშიც გამუდმებით ცდილობდა ეკლესიაში ყოფილიყო, რის გამოც დააპატიმრეს.
1944 წელს ჯარში გაიწვიეს და მოსკოვის ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალებში გაამწესეს. ამავე პოლკში მომსახურე ერთ-ერთმა ჯარისკაცმა შენიშნა, რომ ბორისი ჩუმად ლოცულობდა ნოვოდევიჩის მონასტრის ეკლესიაში და ეს ამბავი ზემდგომთა ყურამდე მიიტანა. მამა ფილარეტს კომკავშირში შესვლა მოსთხოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ კომკავშირში შესვლა სულისთვის სასარგებლოს არაფერს მისცემდა.
მამა ფილარეტი ყაზარმიდან ცხოველთა სადგომში გადაიყვანეს, იქ თივაზე ეძინა და თავქვეშ ბალიშის ნაცვლად "სათნოთმოყვარეობა" ედო. უფროსები ყველაზე ბინძური სამუშაოების შესრულებას ავალებდნენ "დასასჯელად". ასე მიდიოდა დრო. ერთხელაც შინიდან დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მამა ფილარეტი დედის დაკრძალვაზე გაუშვეს, მაგრამ დიდხანს არ დასცალდა მშვიდად ცხოვრება, სულ მალე - 1948 წელს ისევ გამოიძახეს და დააპატიმრეს ასეთი ბრალდებით: "ანტისაბჭოური მოქმედებისთვის, საბჭოური რეალობის კრიტიკისა და რელიგიური კულტებისადმი თაყვანისცემისათვის". მამა ფილარეტს მიესაჯა 10 წლით ბანაკში გადასახლება და 3 წლით უფლებების შეზღუდვა.
მამა ფილარეტი იხსენებს: როცა დაკითხვებიდან საკანში ვბრუნდებოდი, მიხაროდა, ღმერთი მაძლიერებდა და ძალას მაძლევდა.
ბანაკიდან ბანაკში გადაყავდათ მამა ფილარეტი სხვა პატიმრებთან ერთად. ვაგონები ისეთი ვიწრო იყო, რომ ადგილიდან განძრევაც კი შეუძლებელი იყო. უმძიმეს სამუშაოებს ასრულებდა მამა ფილარეტი, ამუშავებდნენ მშენებლობებზე, ათხრევინებდნენ ნავმისადგომთა გრუნტებს.
ბანაკის პატიმრებმა იცოდნენ, რომ მორწმუნე ვიყავი, მაგრამ არ დამცინოდნენ - იხსენებს მამა ფილარეტი. - შობა დღეს სამუშაოდ არ გავედი და ბანაკის უფროსმა დამიბარა:
- რატომ არ იმუშავე? - მეკითხება.
- შობა დღეა და იმიტომ - ვუპასუხე, - დღესასწაულია.
- ჩვენც მორწმუნეები ვართ - დაასრულა მან საუბარი და ბრძანება გასცა კარცერში გადავეყვანე, იქ შეიძლებოდა მშვიდად მელოცა და სამუშაოზე არ ვყოფილიყავი. მეორე დღეს ყველა პატიმარს ფეხსაცმელები დაურიგეს, მე კი მხოლოდ წინდები მომცეს. ცოტა ხნის შემდეგ მორწმუნე უფროსმა მეც გამომიგზავნა ფეხსაცმელები. მერე მორიგეობაზე გადამიყვანეს - ღუმელი უნდა გამეხურებინა და ყაზარმები დამელაგებინა.
1953 წლის 10 მარტს, აღდგომა დღეს, მამა ფილარეტი მოულოდნელად გამოუშვეს ბანაკიდან ამინისტიით კარგი ქცევისათვის.
ციხიდან გამოსულმა არ იცოდა საით წასულიყო. გადწყვიტა აღდგომა დღეს მოსკოვის სერგი რადონეჟელის მონასტერში მისულიყო და ციხის ტანსაცმლითვე გაეშურა სანატრელი ადგილისკენ, მაგრამ გზაში ისევ დააპატიმრეს და განყოფილებაში წაიყვანეს. კარგა ხანს დააყოვნეს იქ, ვიდრე გაარკვევდნენ ვინ იყო და საიდან მოდიოდა. ბოლოს კი გამოუშვეს, მაგრამ აღდგომა დღეს მოანსტერში სტუმრობა ჩაეშალა.
ამის შემდეგ დას ეწვია ლენინგრადში. მატარებლიდან ჩასვლისას ეშინოდა, ისევ არ დაეპატიმრებინათ. დასთან რამდენიმე თვე იცხოვრა და მერე მშობლიური სოფლისკენ გაუწია გულმა, მაგრამ იქაც ვერ გაჩერდა, კვლავ მონასტერი უხმობდა.
ბავშვობის მეგობრის დედა მარიას (მატვეევას) რჩევით გლინის უდაბნოში ჩავიდა და იქ იპოვა რასაც ეძებდა. იქვე გაიცნო ის დიდი მამები, ვიზეც ზემოთ გიამბეთ. 1958 წელს მამა ფილარეტმა ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. გლინის უდაბნოელ მამებთან ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში არდადეგებზე. ამ მამებისგან სწავლობდა მორწმუნე ადამიანისათვის უმთავრესს - ღმერთისა და ადამიანის სიყვარულს, მოთმინებას, მორჩილებას, ლოცვას. თბილისში დაიბადა მამა ფილარეტი სულიერად, როცა იგი არქიმანრიტმა ანდრონიკემ (ლუკაშმა) ბერად აღკვეცა, მერე აქვე დიაკვნად დაასხა ხელი მიტროპოლიტმა გურიმ (ეგოროვმა), მერე კი მღვდელმონაზვნად - მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა (როტოვმა).
როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდებოდა, მამა ფილარეტი მაშინვე თბილისში მოდიოდა, 1967 წლიდან კი სამუდამოდ დარჩა აქ. წმ. კეთილმსახური თავადის - ალექსანდრე ნეველის ტაძარში მსახურობდა მამა ანდრონიკესთან ერთად. ბოლო წლებში კი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრშია.
უამრავი სასწაული ხდება ჩვენს ირგვლივ უფლის ნებით და მთავარი სასწაული მაინც წმინდა ადამიანები არიან, რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან, რადგან ქრისტეს ეკლესია ცოცხალია, მარადიულია. ეს ადმაინები თავმდაბალნი და მორიდებულნი არიან, რადგან სიწმინდე არ ყვირის, წმინდანს კი თავი წმინდანად არ მიაჩნია...
შემთხვევით არაფერი ხდება და უფალმა ინება, გლინის უდაბნოს მადლმოსილი მამები საქართველოში ჩამოსულიყვნენ სამოღვაწეოდ. 40 წელია არქიმანდრიტი ფილარეტი ჩვენს გვერდით ცხოვრობს უჩუმრად, უხმაუროდ, ბერული ცხოვრებით, ლოცვით.
შეგვეწიოს გლინის უდაბნოს მამების წმინდა ლოცვა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი