ინებოს ღმერთმა და მათეული ერთსულოვნება მიეცეს სრულიად საქართველოს
* მაშინ, როცა ფარნავაზმა თბილისის სანახებში განძით სავსე გამოქვაბული იპოვა, ქართლში ალექსანდრე მაკედონელის მიერ დატოვებული მაკედონელი აზნაური აზონი მთავრობდა.
ის ქართველი, რომელიც მახვილს აიღებდა, აზონის ბრძანებით, დამპყრობლებს უნდა მოეკლათ. ფარნავაზმა მონა გაუგზავნა ქუჯი ერისთავს: მე ვარ უფლოს მცხეთოსის ძის ნათესავი და უამრავი სიმდიდრე მაქვს. თუ გინდა, მოვალ და მტრად გამოვუჩნდეთ აზონსო. უზომოდ გაიხარა ქუჯიმ: ადექი და მოდი ჩემთან და ნურც საგანძურს დაინანებ, რათა სპანი გავამრავლოთ. მაშინ გაიხარებს დამონებული ქართლიო. ფარნავაზი მალულად წავიდა ქუჯისთან, თან წაიღო განძის ნაწილი. მასპინძელმა უთხრა: შენ ხარ შვილი ქართლის მეთაურთა და შენვე გმართებს ჩემი უფროსობა. ნუ დაინანებ საგანძურს. თუ ყმებს გაიმრავლებ და აზონსაც სძლევ, შენ ხარ უფალი (ბატონი) ჩვენი. მე არაფერი მინდა შენიო. ქართველთა ამ ერთსულოვნებამ სძლია მტერს, ჩვენი სამშობლო გათვისუფლდა. ფარნავაზმა კი თავისი ერთი და შერთო ქუჯის, თავის ერთგულ ყმას მისცა ქვეყანა ეგრისისწყალსა და რიონს შუა, ზღვიდან მთამდე, და დაამტკიცა იგი ერისთავად. იქ ქუჯიმ ააშენა ციხეგოჯი.
* იგივე ქნა ქართლის ერისთავმა ივანე მარუშისძემ. მან ქართლში მოიწვია დავით კურაპალატი და ხელისუფლება გადააბარა, რათა მას ქართლში ბაგრატ გურგენის ძე გაემეფებინა, რომელიც უშვილო დავითს ღვიძლი შვილივით გაეზარდა.
* ქართველთა ერთსულოვნების მაგალითი 6000-მა გარეჯელმა მოწამემაც მოგვცა. ისინი, როგორც ერთი კაცი, ქრისტეს სარწმუნოებისთვის ეწამნენ. ისინი შეეწევიან შემდგომ თაობებს. მამები ცდილობდნენ, წმინდა მოწამეთა ნაწილები, რომლებიც ერთ საძვალეში იყო ჩასვენებული, ერთმანეთს არ დაეცილებინათ. ერთ მორწმუნეს თურმე ერთი თხემის ნაწილი დიდი სასოებით წაუღია შინ და ოქრო-ვერცხლის კოლოფში ჩაუსვენებია. კაცს უკურნებელი სნეულება შეჰყრია, მაგრამ ვერ გულისხმაუყვია. მაშინ ჩვენებით გამოსცხადებიან ის წმინდანები და უთქვამთ: ურთიერთას რად განგვაშორე ჩვენ, სულით შეერთებული ძმანი? მაგ ჩვენს ნაწილს უკანვე თუ არ მიიტან, მთელ შენს სახლეულს გადაედება სნეულებაო. კაცმა სანთელ-საკმევლით და დიდი პატივით მიასვენა წმინდა ნაწილი უკან.
* აქვე გვსურს გავიხსენოთ ბახტრიონის ომის გმირები - წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები: წმინდა ელიზბარი და წმინდა შალვა. მათმა წმინდა ერთობამ, კახ-თუშ-ფშავ-ხევსურთა გაერთიანებულმა ლაშქარმა მოწყვიტა მტერი და მომავალ ქართველებს კახეთი შეუნარჩუნა. გონს მოსულმა მტერმა ქართველი თავადები მოითხოვა. მათაც უკან არ დაუხევიათ. ჩაბარდნენ მტერს. სპარსეთში მრავალი ტანჯვა დაითმინეს და ქრისტეს მაინც არ უღალატეს. პირველად ბიძინა აკუწეს, მერე შალვასა ელიზბარს მოჰკვეთეს თავი, მათი წმინდა სხეულები კი უპატიოდ დაყარეს. იქაურმა სომხებმა მათი ცხედრები მოიპარეს და თავიანთ ეკლესიაში ერთად დაკრძალეს. საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ წმინდა შალვას მეუღლემ ქეთევანმა და ვაჟმა დავითმა სარწმუნო კაცებს წმინდანთა ნაწილების წამოსვენება დაავალეს. მათი წმინდა თავები სომხებს და კათოლიკეებს (ფრანგებს) გაეყოთ. საფლავი გათხარეს - "სამნივე იგი წმინდანი არა განირჩეოდეს, არცა იცნობებოდეს სახელდებთ", ამიტომაც "სამივე იგი ერთბამად განუყოფელად მოიხვნეს" და იკორთის მთავარანგელოზის ეკლესიაში ერთ საერთო სამარხში ჩაასვენეს. ინებოს ღმერთმა და მათეული ერთსულოვნება მიეცეს სრულიად საქართველოს.
ამ დიდებული ამბების შემდეგ ცრუ ერთსულოვნებაც ვახსენოთ.
* "დღეს ეკუმენიზმის ფენომენს ვხედავთ, - ბრძანებს მამა პაისი, - ყველა საყოველთაო გაერთიანებაზე საუბრობს, მშვიდობასა და სიყვარულზე. კათოლიკეები მართლმადიდებლებთან გაერთიანებას ცდილობენ, პროტესტანტები - კათოლიკეებთან. ეს დიდი შეცდომაა, რადგან სწორად არ აკეთებენ. ჩვენი მამები, სიყვარული, სიმშვიდე და ქრისტეს მადლი რომ მოეპოვებინათ, ბევრს იღვწოდნენ და მერე შეუერთდებოდნენ ღმერთს. ასევე უნდა მოვიქცეთ დღესაც. მართლმადიდებლები კარგი მართლმადიდებლები უნდა გავხდეთ, კათოლიკეებმა უნდა მოიშორონ ყოველივე, რაც სათნო არ არის ღვთისათვის და მაშინ შეძლებენ გაერთიანებას და ერთმანეთის შეყვარებას.
ხოლო როცა კაცს ვნებები სჭირს, ღვთისმეტყველებაზე არ უნდა ისაუბროს".
"ჩვენ ვლოცულობთ ეკლესიათა გაერთიანებისათვის არა ისე, როგორც მათ უნდათ, არამედ იმგვარად, როგორც ნებავს ღმერთს", - ბრძანებს მამა პაისი და ცრუ ერთსულოვნების მაგალითი მოჰყავს, რომელიც მან სინას მთაზე ყოფნისას მოისმინა: სინას მთის მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზე შემთხვევით კათოლიკე იტალიელი და ბერძენი მართლმადიდებელი შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი თანამოაზრენიც იყვნენ, საუბრობდნენ შეერთებაზე, მშვიდობაზე, სიყვარულზე, თანხმობაზე. მიაღწიეს მწვერვალს. იქ ბედუინებს შეხვდნენ - ორ პატარა, გაცვეთილტანსაცმლიან, ჭუჭყიან ბიჭს. მათ ფული ითხოვეს. ბერძენმა საფულე ამოიღო და აღელვებულმა კათოლიკე იტალიელს მიმართა: "იცი, ამ ბედუინებმა რა მომაგონეს? როცა 1940 წელს იტალიელები საბერძნეთში შემოიჭრნენ და დაიპყრეს, ათასობით ჩვენიანი შიმშილით იხოცებოდა. იქამდე მივედით, რომ მთელი ერი გაღარიბდა". იტალიელმა სამშობლოს დაცვა დაიწყო და ბერძნებს ადანაშაულებდა. წაკამათდნენ და სადღაც გაქრა მათეული მშვენიერი მსჯელობა სიყვარულზე, შეერთებასა და მშვიდობაზე - მათ არ იცოდნენ, რომ ყოველგვარ სიკეთეს წინაუძღვის ბოროტებაზე უარის თქმა და ვნებათაგან ჩამოშორება.
* სამარცხვინო ერთობის ამბავიც გავიხსენოთ. როცა ლათინებმა ათონის მთა დაარბიეს, მრავალი მამა ეწამა მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის, მაგრამ მათ შორის არ იყვნენ ათანასეს ლავრის ბერები და ქსიროპოტამის მონასტრის მამები. დიდი ლავრის ბერები დათანხმდნენ ლათინებთან ერთობას და შემდგომში ღვთისაგან მხილებულ იქნენ, ხოლო ქსიროპოტამელი ბერები ზეთისხილის რტოებით მიეგებნენ ლათინებს: "იყავნ მშვიდობა ქრისტესი თქვენ თანა". "არს და იყოს", - უპასუხეს ლათინებმა, შევიდნენ მონასტერში და ნაძარცვი ქონების ნაწილი სავანეს უძღვნეს. დაიწყეს ერთად წირვა. მაშინ, როცა წარმოთქვეს კვერექსი და რომის პაპი მოიხსენიეს, იძრა მიწა და იმ ადგილას, სადაც უღირსი ბერები იდგნენ, მონასტრის კედლები გასკდა და მრავალი ლათინი იმსხვერპლა. კედლის მხოლოდ ერთი ნაწილი გადარჩა სამხილებლად ცრუ ერთგულებისა.
* ჯალათის წინაშე წარმდგარა ქრისტიანთა კრებული, მაგრამ სახეზე სიმშვიდე გადაჰფენიათ, ერთმანეთს მეგობრულად და სიყვარულით განამხნევებენ. მოახლოვდა ჟამი დასჯისა. სულისშემძვრელად დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ძმური ამბორით აკურთხეს ერთურთი.
- ისე იქცევით, თითქოს ძმები იყოთ. რანაირად ენათესავებით ერთმანეთს? - ჰკითხა მათ ჯალათმა.
- ჩვენ ყველანი ქრისტესმიერი ძმები ვართ, - უთხრეს მოწამეებმა, - მაცხოვრის რწმენამ სისხლისმიერ ნათესაობაზე მტკიცედ შეგვკრა.
- მამაო, გვწყინს, რომ დადგა დღე, როცა უნდა დაგვტოვო და შორს წახვიდე! - უთხრეს მამა პაისის სულიერმა შვილებმა.
- სულიერ ცხოვრებაში არ არსებობს "შორს" და "ახლოს". ქრისტეს სიყვარული მანძილს კი არ დაჰყოფს, განაქარვებს. შესაბამისად, ახლოს იქნება თუ შორს ადამიანი, როცა ის ახლოს არის ქრისტესთან, ყოველთვის გრძნობ, რომ ის თავისი მეგობრის გვერდითაა, რომელთანაც ქრისტიანული სიყვარულის ძმური საკვრელებით არის შეკრული.
* ორი ძმა ცხოვრობდა კელიებში. მოხუცი ახალგაზრდას სთხოვდა, ერთად ვიყოთო. ის კი უარობდა: ცოდვილი ვარ და შენთან ყოფნა არ შემიძლიაო. ბერი კი არწმუნებდა: ნამდვილად შეგვიძლიაო. ეს მამა წმინდა იყო და არ სურდა ახალგაზრდას სიძვის გულისთქმები ჰქონოდა. ახალგაზრდამ პასუხისთვის ერთი კვირა ითხოვა. ერთი კვირის შემდეგ ბერი ახალგაზრდასთან მივიდა. ამ უკანასკნელმა მისი გამოცდა მოინდომა და უთხრა: "ამ კვირაში განსაცდელი შემემთხვა. საქმეზე სოფელში ვიყავი და ერთ დედაკაცთან დავეცი. განა ამის შემდეგ კიდევ არსებობს ჩემთვის მონანიება?" არის, - უთხრა ბერმა, - მე კი შენი ცოდვის ნახევარს ვიტვირთავო. მაშინ უთხრა ახალგაზრდამ - ჭეშმარიტად შეგვიძლია ერთად ყოფნაო. ისინი მხოლოდ სიკვდილმა დააშორა ერთმანეთს.
* 1959 წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა დღეს, მეტრაპეზე ცდილობდა საზეიმო სუფრა გაეწყო. მას მამა იოსებმა (ისიქასტმა) დაასწრო და სულიერ შვილებს უთხრა: - დღეს მე გაგიშლით სუფრას. ეს უკანასკნელად მოხდება, როცა ჩემს ხელთაგან მიიღებთ ჭამადსო. მეორე დღეს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მამა იოსები უფალთან წავიდა.
* ერთხელ ერთმა მორწმუნემ მამა იაკობს (ევბეელს) დახმარება სთხოვა ჭის ამოთხრაში. მამა იაკობი დაჰპირდა, - წავალ და წმინდა დავითსა ვთხოვ, წყლის მოძებნაში დაგეხმაროს. შევევედრები ღირს იოანესაც (რუსი), რათა თავისი კვერთხის დარტყმით მიწიდან წყალი ამოიყვანოსო. მართლაც წყალი მალე იპოვეს. მამა იაკობს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა წმინდა იოანესადმი, წმინდა დავითთან ერთად მას ხშირად მიმართავდა და სხვა წმინდანთაგან გამოყოფდა. ის პირდაპირ "მოითხოვდა" წმინდა იოანესგან თხოვნის შესრულებას. მისდამი განსაკუთრებული კრძალვა ჰქონდა, თავს უღირსად თვლიდა მის ტაძარში ემსახურა. წმინდა იოანე ხშირად ეცხადებოდა მამა იაკობს. ხშირად ხედავდა მამა იაკობი, როგორ მიდიოდა წმინდანი სხვათა დასახმარებლად, მერე კი თავის ლუსკუმას უბრუნდებოდა. ერთხელ, სამედიცინო გამოკვლევის მერე, ლუსკუმასთან დამხობილ მამა იაკობს წმინდანის ხმა მოესმა, - დღეს ერთი საქმე მაქვს. ამიტომაც უნდა წავიდე. მწუხრი მანამდე არ დაიწყო, ვიდრე არ დავბრუნდებიო.
* ღირს მამა აკაკი კავსოკალიველს დიდი სიყვარული ჰქონდა ღირსი მაქსიმე აღმსარებლის მიმართ. ხშირად ლოცვით მიმართავდა მას. მრავალგზის გამოეცხადა მას ღირსი მაქსიმე ამ რწმენისა და სიყვარულის გამო. ერთხელაც მან წმინდა მაქსიმე იხილა მრავალ თეთრკვართიან მიმდევართან ერთად. ღირსმა აკაკიმ ჰკითხა: - ესენი ვინ არიანო. ღირსმა მაქსიმემ უპასუხა: - ამ უდაბნოში მცხოვრებნი არიან, რომელთაც სიცოცხლეშივე ვმოძღვრავდი და ჩემს სწავლებას მიჰყვებოდნენო.
* წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: ოჯახში ყველაზე მეტად ერთსულოვნება დააფასეთ და იზრუნეთ, რომ ოჯახში მუდამ მშვიდობა და სიწყნარე იყოს. შვილებიც სათნოებებში მშობლებს მიბაძავენ, მთელი სახლი სათნოებებით გაიფურჩქნება და ყველა საქმეში წარემატება.
ცოლქმრობაში ყველაფერი უნდა შესწირო და ყველაფერი დაითმინო ურთიერთსიყვარულის შესანარჩუნებლად. თუ ის გაქრება - ყველაფერი დაიკარგება.