მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მოგვიანებით ტაძარში მსახურება დაიწყო მთაწმინდელმა სულიერმა კაცმა პანერეტი კატუნაკელმა. სწორედ მან აგვიხსნა გულიდან მომდინარე ლოცვის ხერხები.
მე ვლოცულობდი, რამეთუ სინდისი მკარნახობდა, რომ ლოცვა იმ ჯავშანივითაა, რომლითაც შემოსილს ვხედავთ წმინდა გიორგი ძლევაშემოსილს და წმინდა დიმიტრი თესალონიკელს. როგორც მტერმა ვერ შეძლო მათი ძლევა ვერანაირი იარაღით, ასევე ჩვენი სულების მტერს არ შეუძლია რაიმეთი გვძლიოს. მამა პანერეტი მასწავლიდა, თავი შემეკავებინა ადამიანებთან შეხვედრისაგან და გულშემუსვრილს მეტირა საკუთარ ცოდვებზე. სამსახურში სხვათაგან მოშორებით გავდიოდი და ტირილს მივეცემოდი.
მაშინ პრემიერ-მინისტრი გახდა ვენიზელოსი და ყველგან ათეიზმი გაპარპაშდა. ჩემმა თანამშრომელმა ათეისტებმა, რომ დამინახეს, ვტიროდი, ნავთში ამოვლებული, ცეცხლმოკიდებული ძენძი სახეში მესროლეს.
მაგრამ მაინც ყოველ კვირას ღვთისმოშიში ქრისტიანები ყოველი სოფლიდან ერთად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, როგორ ელოცათ, როგორ დაეთმინათ დაცინვა და შეურაცხყოფა, როგორ დაეცვათ მარხვის ტიპიკონი და სხვა საგნები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ცხონებისთვის. პირეაში დიდი ხნის წინ დასახლებული მოხუცები გვასწავლიდნენ ღვთის შიშს და გვიხსნიდნენ, მოთმინებით როგორ უნდა გაგვეძლო უსიამოვნებებისთვის. მათ უახლოესი წარსულიდან მრავალი მაგალითი მოჰყავდათ და ასე ვიგებდით იმ ადამიანების ამბავს, რომლებიც ღვთის შიშით ავსებული სულით და განკრძალული გულით გარდაიცვალნენ. ცოცხლად წარმოვიდგენდით მათ, მთელი კვირა აღარაფერზე ვდარდობდით, თითქოს ეს განსაცდელები ჩვენ არ გვეხებოდა, არამედ გვიხაროდა.
პირეაში უამრავმა ახალგაზრდამ შეიყვარა მონაზვნური ცხოვრების გზა. მაშინ გადაწყვიტეს სამრევლოების საზღვრებად დაყოფა. ამიტომაც, როცა ახალგაზრდები შეიკრიბნენ ამაღლების ტაძარში წასასვლელად, მრევლში ეუბნებოდნენ, არ არის აუცილებელი მონასტერში წასვლა, აუცილებელია, ერში შექმნა კარგი ოჯახიო. ასე თანდათანობით ჩაქრა ახალგაზრდებში მონაზვნური ცხოვრების სიყვარული და მხოლოდ ქალებს შემორჩათ თავდაპირველი შემართება.
ამაღლების ტაძარში იმ დროს აღსარებებს მამა პაისი იღებდა. იცოდა, თუ რაოდენ ფასეული იყო ჩვენთვის მონაზვნური ცხოვრება, ამიტომაც ჩვენ, ხუთ კაცს, კანონად ყოველ კვირას ზიარება მოგვცა.
მონაზვნები საბერძნეთში ჯერ ბევრნი არ იყვნენ, მონაზვნობის ახალი გაფურჩქვნა მაშინ იწყებოდა. სწორედ მაშინ მრავალი ადამიანი მივიდა ათონზე ცენტრალური საბერძნეთიდან. ბევრი უპოვარი იყო - როგორიც, მაგალითად, გიორგი მანგანარასი და თქვენი უღირსი მოძღვარი, ამ სტრიქონების ავტორი.
ერთხელ ჩვენი ახალგაზრდობის გამო გზაზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით. ბერიკაცებმა გვითხრეს, - ფხიზლად იყავით, ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ, თავმდაბლად ილაპარაკეთ: თქვენ ხომ მონაზვნობას აპირებთო. ყოველთვის ეცადეთ, ილოცოთ, და როცა ილოცებთ, თქვენი გონება პრეტორიაში უნდა იმყოფებოდეს, სადაც თქვენ ხედავთ, თუ როგორ დაითმენს ღმერთი თავის ქმნილთაგან გაშოლტვას, შეურაცხყოფას ყველა ხალხისგან, ბერძნების გარდა. რამეთუ ბერძნები ერთადერთი ერია, განკუთვნილი იმისთვის, რომ შეიყვაროს უფალი მთელი სულით, რამეთუ ღმერთმა უკვე გამოუცხადა მათ თავისი სული.
ამიტომაც ლოცვისას ფხიზლად იყავით, არაფერზე იფიქროთ, ჩვენი უფალი ღვთის გარდა. მან საკუთარი ნებით მისცა თავი რომაელ პრეტორიელთა ხელისუფლებას, რომლებიც გოლგოთაზე ასვლამდე დასცინოდნენ. და მას, როგორც კაცს, ესმოდა, რომ დაითმენდა ურიცხვ სატანჯველს იმისთვის, რათა დაეხსნა კაცნი სატანჯველთაგან.
იფრთხილეთ, როცა ერთმანეთს ესაურებით. ისაუბრეთ მხოლოდ ერთზე - ღმერთკაცის, ჩვენი უფალის იესო ქრისტეს მშვენიერებაზე. თუ მას გაიხსენებთ, კარგი მონაზვნები გახდებით. შვილებო, ნუ იჯავრებთ, რომ ამერიკაში ცხოვრობთ (მისი წერილის ადრესატები ამერიკაში წავიდნენ სამუშაოს საძებნელად). სწავლებანი და რჩევები, რომელთაც თქვენთვის ვიწერ, საშუალებას გაძლევთ, სწრაფად მიაღწიოთ ღვთაებრივ სიყვარულს. შეგიძლიათ გახდეთ შესანიშნავი მაგალითი სულიერი ცხოვრებისა ყველა თქვენს ნაცნობ მართლმადიდებელ ბერძენთათვის. მათ სწყურიათ ღვთის სიტყვა, როგორც მწყურვალ ირმებს წყალი. შვიდი ხართ თუ რვა - კეთილ მაგალითად შეიქმენით კაცთათვის. მწამს უფალი ქრისტესი, სასიძოსი თქვენი სულებისა, რომ ასეთნი გახდებით.
მამა გაბრიელ მალიკოცაკისი - კავსოკალიველი ცთომილებაზე. ძალზე ახალგაზრდა ვიყავი. ამაღლების ტაძარში ღამისთევის ლოცვა ჯერ დაწყებული არ იყო. კავსოკალიველმა სულიერმა მოძღვარმა, მამა გაბრიელ მალიკოცაკისმა, მას მერე, რაც შეიტყო, რომ ამაღლების ტაძრის მრევლი ათონზე მონაზვნობას ვაპირებდით, იწყო ქადაგება, თუ რა არის მონაზვნური ცხოვრება. თქვა, თუ ეს მოძღვარს არ აუწყეთ, შეიძლება ცთომილებაში ჩავარდეთო.
თურმე ერთმა კავსოკალიველმა მონაზონმა გადაწყვიტა, თავისი მოძღვრისაგან ფარულად ემოსაგრა. ეშმაკმა მას შთააგონა, სრულყოფილების საზომს მიაღწიეო. დაიჯერა.
ერთ ზამთარს, დღისით ეშმაკმა უთხრა, სრულყოფილ უვნებლობას მიაღწიე. ამიტომ უნდა ახვიდე ათონის მწვერვალზე და თაყვანი სცე წმინდა სამებას, როგორც მაქსიმე კავსოკალიველმაო. იგი აცოცდა ათონის მწვერვალზე და იხილა ეშმაკის მიერ ქმნილი ცრუ ხილვა წმინდა სამებისა.
ამ მონაზვნის მოძღვარი ძალზე მადლმოსილი იყო და მოეპოვებინა ღვთის წინაშე დიდი კადნიერება. და უფალმა, რათა არ დაემწუხრებინა მოწაფის დაცემით, განუხვნა მორჩილს სულიერი თვალნი, მან იხილა, რომ ცრუ "დაუსაბამო მამას" შუბლზე ორი პატარა რქა ამოსწვეროდა. მიხვდა, რომ შეცდა, გამოისახა ჯვრის ნიში და წარმოთქვა:
- დიდ არს სახელი წმინდა სამებისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე, ჯვარო ქრისტესო, მიხსენ შენ ძალითა შენითა.
ხილვა გაქრა.
საღვთო განგებულებამ მაშინვე აუწყა მოძღვარს, რაც მოხდა. უხმო მამებს, მათ აიღეს ნიჩბები, ავიდნენ მწვერვალზე და გადაარჩინეს თოვლში ჩავარდნილი მორჩილი.
მერე მამა გაბრიელმა აგვიხსნა, თუ რა არის ხიბლი: - იგი ეშმაკის წარმოსახვაა ზოგიერთ საგანზე. მის მოძღვრებას წმინდა სამების კალივაში განდეგილობისას ვითვალისწინებდი, რჩევას ვეკითხებოდი ასევე მამა ონოფრეს, რომელმაც მიბრძანა, რომ შორს ვყოფილიყავი ეშმაკებისგან, რომელთაც ძალუძთ წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებულთა ცდუნება. სხვა მამებისგანაც გამიგონია, ხიბლში ჩავარდნას სჯობს ეშმაკმა შეგიპყროთო.
მამა ონოფრეს რომ არ გავეფრთხილებინე, ალბათ ჩემი სიამაყის გამო ეშმაკის ხიბლში ჩავვარდებოდი. ჩემს ამპარტავნებას მიხვდა ჩემი მეგობარი დიონისე, რომელსაც სრულყოფილი მორჩილებისთვის მიეღწია. როცა შაბათს საზიარებლად გავემართე, მითხრა: - სჯობს ახლავე წახვიდე შენს მოძღვართანო.
ჩემს გაამპარტავნებას მიხვდნენ სხვა მამებიც და დატუქსვა დამიწყეს. მრავალი ათონელის მოძღვარმა მამა ნათანაელმა მითხრა:
- აუცილებლად უთხარი შენს მოძღვარს, მამა ონოფრეს, დიდ პარასკევს საჭმელად ხორცი მოგცეს, ალბათ მაშინ თუ დაბდაბლდებიო.
მოძღვრის შუამდგომლობით და სკიტელი მამების დახმარებით გავთავისუფლდი ხიბლისგან. აღდგომის ტაძრის მეტოქიონი შუქურად იქცა მონაზვნური ცხოვრების მაძიებელთათვის. მენელსაცხებლე დედათა კვირაში გონება ჩემი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს საფლავის გარშემო ტრიალებს. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ შეუშინდნენ ეს უძლური და სუსტი დედაკაცები არც ჯარისკაცებს, არც პილატეს, არც მწიგნობრებს, არც ფარისევლებს, არც ებრაელთა ბრბოს - ჩვენი უფლის, ღმერთკაცის, იესო ქრისტეს მოძულეებს. უპირველესად ვფიქრობ წმინდა მარიამ მაგდალინელის სიყვარულზე. იხილა რა მკვდრეთით აღმდგარი უფალი, იგი სუნთქვაშეკრული გაიქცა წმინდა მოციქულებთან, რათა მიეყვანა ისინი, როგორც მწყურვალნი - წმინდა კუბოს წყაროსთვალთან, რათა არც ისინი მოჰკლებოდნენ ცხოველსმყოფელ ჯვარცმა-აღდგომის წყლებს. სიყვარული არ დუმს, არამედ ყოველთვის გვაუწყებს თავის სრულყოფილებას.
წმინდანი მენელსაცხებლენი ყველა ქალისთვის იქცნენ მაგალითად, რომ უარი არ თქვან მაცხოვარი ქრისტეს უტკბესი სახის ჭვრეტაზე.
ქრისტეს სარწმუნოების წინააღმდეგ მრავალი დევნა აღმდგარა, მაგრამ ქალები ყოველთვის ხდებოდნენ მეგზურები და სხვებს უჩვენებდნენ ქალწულების გზას. ისინი მხოლოდ მაცხოვარს უცქერდნენ, რომლის სახელიც საყვარელია ყველა მორწმუნისთვის. რამდენმა დედაკაცმა აირჩია მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ წმინდა პახუმისთვის ნასწავლი მონაზვნური ცხოვრება.
საბერძნეთში, ოტონის მმართველობის წლებში, მონასტრებს ხურავდნენ, ბერებს მონაზონ დედებზე ქორწინებას აიძულებდნენ და სხვა მრავალ ბოროტებას აკეთებდნენ. თანამედროვე ისტორიკოსებმა ეს ყველაფერი დაწვრილებით გამოიკვლიეს.
მრავალი მონასტერი გაანადგურეს, მაგრამ 1909 წელს, როცა მონაზვნობის მდევნელები მზად იყვნენ ედღესასწაულათ ახალი გამარჯვება, უეცრად პანკრატიონში ხმა გაუვარდა ქრისტეს ამაღლების ტაძარს. სწორედ აქ იწყეს მონაზვნურ ცხოვრებაზე საუბრები ათენის, პირეის და მთელ საბერნეთში მცხოვრებ მწყურვალ სულთათვის.
ამაღლების ეკლესიაში პირველი ათონელი იყო ტაძრის მაშენებელი მამა ნილოსი. მას მოჰყვა მთაწმინდიდან კატუნაკელი მორჩილი მამა დანიელისა მამა იანის დიმიტრიადისი თავის ღვიძლ მამასთან, იერონიმე სიმონპეტრელთან ერთად.
მათYიწყეს ქადაგება მონაზვნურ ცხოვრებაზე და მაშინვე ქალ-ვაჟებმა იწყეს საიდუმლოდ მონაზვნური ცხოვრება. ეს რომ შეიტყვეს, სიწმინდის მქადაგებლებს დევნა დაუწყეს და აიძულეს, ათონზე თავიანთი სინანულის სავანეში დაბრუნებულიყვნენ. 1914 წელს კატუნაკიდან ჩამოვიდა სულიერი მოძღვარი მამა პანარეტი, რომელიც მანამდე ცხოველსმყოფელი წყაროს კალივაში ცხოვრობდა. მაგრამ ისიც ათონზე გააბრუნეს. მაშინ სიმონ-პეტრას მონასტერმა გადაწყვიტა, თავის მეტოქიონში მამა მათე გამოეგზავნა, რომელიც მამა იერონიმესთან ერთად მონაზვნებად შინ აღკვეცდა მოშურნეთ. ყველა ეს მონაზონი მკაცრად იცავდა მონაზვნად აღკვეცისას დადებულ აღთქმებს.
მაგრამ მამა მათე მაინც გააძევეს. ამაში დიდად იმარჯვა ევანგელემ, რომელიც არ ფარავდა მონაზვნობისა და მამა მათეს მიმართ სიძულვილს.
ამის მერე მამა მათემ დედათა მონასტერი დააარსა კერატეში, რომლის მონაზვნებმაც წმინდანობას მიაღწიეს.
ერთ-ერთ მათგანზე მოგითხრობთ.
მონაზვნობის მორიგი დევნის მერე იგი სოფელში დასახლდა. სხვა მონაზვნებთან ერთად ჩვეულებრივ მრევლში დაიწყო მსახურება. იქ მგალობელთა შორის იყო ვაჟი, რომელსაც ბულბულივით ხმა ჰქონდა.
ეშმაკმა მისი ყურადღება მგალობლის ხმას მიაქცია. მაგრამ მან ქრისტე სასიძო გაიხსენა და ამ გულისთქმას უპასუხა: "შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა" (ფს. 44,3). და გულში კვლავ გამოუთქმელი სიხარული იგრძნო. მთელი ლიტურგია მისი გონება იმას გალობდა, რასაც ის კითხულობდა ხოლმე ლოცვებსა და ტროპარებში. მან მოისმინა უტკბესი ხმა, რომელიც ეტყოდა: - მე შენთან ვარ ყოველთვის, ნუ გეშინია, იყავ თამამი ჩემთან ურთიერთობისას. რამეთუ მე ვარ სასიძო შენი სულისა, უფალი ყველა ზეციურ ძალთა, წინდათა ყველა დასისა და უპირველესად მთელი ჩემი მხედრობისა, მათი, ვინც ანგელოზებრივ ხარისხშია. ნუ გეშინია და მოწამეობის ჟამს სიკვდილისა ნუ შეგეშინდება, რამეთუ ეს სიკვდილი საუკუნო სიცოცხლედ იქცევა.
მან კეთილმოკრძალებით ახედა ქრისტე მეუფის ხატს. მისი უწმინდესი სახე აღვსებული იყო სიხარულით.
საზიარებლად მიმავალმა გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო. სული მისი იძახდა:
- წამიყვანე მე, ზეციურო სასიძოვ, წამიყვანე.
პასუხად კი მოესმა ხმა:
- იღვაწე, რათა საკუთარი თავიდან საუკუნოდ განაძევო ეგოიზმი, თავმაღლობა და ქედმაღლობა და მაშინ, ვითარცა ნამდვილი გვრიტი, იფარფატებ ჩემს ზეციურ სასუფეველში.
როცა ეს მოვისმინე, ხმა ვერ ამოვიღე, იმაზეღა ვფიქრობდი, რამხელა სიმაღლეებს მახილვებდა მორჩილება. მაშინ წმინდა ანას სკიტში ვიყავი და ჩემი სულიერი მამის ზეციურ სწავლებებს ვისმენდი. ახლა კი ისევ ერში ვარ და არ ვიცი, კაცი ვარ თუ ბუნების სათამაშო.