"აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!"
* გლინელი მამა სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ამელინი) მთლიანად ღვთის ნებას იყო მინდობილი, ამიტომაც მშვიდად ხვდებოდა ყველა განსაცდელს.
ერთხელ ერთმა სტუმარმა ძველ ალბომში ანახა ტაძარ-მონასტრები, რომლებიც კომუნისტებმა დაანგრიეს. ერთმა მორწმუნემ ჰკითხა, როგორ დაითმინე ამდენი განსაცდელიო, რაზეც წმინდა მამამ უპასუხა: - ყველაფერი ღვთის ნება იყოო! არც გაბრაზება, არც განკითხვა ბარბაროსთა არ დასცდენია.* მამა პორფირე ათენელი კიბოთი იტანჯებოდა. სულიერმა შვილმა ჰკითხა:
- მამაო, ამდენი სასწაული მოგიხდენიათ, თქვენი ლოცვით კიბოიანებიც კი განკურნებულან! დიდი კადნიერება გაქვთ ღვთის წინაშე. რატომ არ სთხოვთ ღმერთს, დაგიხსნათ ამ ტანჯვისაგან?
- ამას, შვილო, არასოდეს არ გავაკეთებ იმიტომ, რომ არ მინდა ღმერთი ვაიძულოო.
მამა პორფირესთან გასაცნობად მღვდელი დიონისე მივიდა. საუბრისას ამ უკანასკნელმა მას საოჯახო ფოტოსურათი მიაწოდა. მამა პორფირემ სურათზე გამოსახული თითოეული ადამიანის ხვედრი გამოიცნო. მღვდელს აინტერესებდა, რას იტყოდა მის მესამე ქალიშვილზე. მამა პორფირე მცირე ხანს დუმდა, მერე ღრმად ამოიოხრა და თქვა:
- სამწუხაროდ, ასე უნდა მოხდარიყო! იგი უფალმა თავისთან წაიყვანა.
მამა დიონისეს თვალები ცრემლებით აევსო და კვლავ ჰკითხა:
- ასე უნდა მოხდარიყო, მამაო?
- დიახ.
მართლაც, მღვდლის ქალიშვილი მრავალი წლის წინ გარდაიცვალა კიბოთი. ისე იტანჯებოდა, რომ მშობლებმა ღმერთს სთხოვეს, იგი ამ ქვეყნიდან გაეყვანა.
* მოვუსმინოთ წმინდა სილუან ათონელს: "როგორ შეიტყობთ, ცხოვრობთ თუ არა ღვთის ნების მიხედვით? აი, ნიშანი: თუ ჯავრობ რაიმე ნივთზე, ეს ნიშნავს, რომ სრულიად არ ხარ მინდობილი ღვთის ნებას, თუმცა შესაძლოა გეჩვენებოდეს, თითქოს ღვთის ნებით ცხოვრობდე. ვინც ღვთის ნებით ცხოვრობს, არ ზრუნავს რაიმეზე... სულს, რომელიც ღვთის ნებას მიენდო, აღარაფრის ეშინია. რაც არ უნდა შეემთხვეს, იტყვის, "ასე უნდა ღმერთს". თუ სნეულია, ფიქრობს: "ესე იგი სნეულება მჭირდება, თორემ ღმერთი არ მომცემდაო". და ასე შეინარჩუნებს სიმშვიდეს სულსა და სხეულში".
* წმინდა ბარსანოფი ოპტელს არაერთხელ ჰქონია სურვილი უდაბნოში დაყუდებისა, მაგრამ მრჩეველი არავინ ჰყავდა, თავის ნებაზე გასვლისა კი ეშინოდა. წმინდა თეოფანე დაყუდებული ცდილობდა, ყველაფერი მიეტოვებინა და დაყუდებულიყო, მაგრამ ეს ღვთის ნება არ იყო. თითქოს მისი სურვილის პასუხად ვლადიმირში ეპისკოპოსად აკურთხეს, მოგვიანებითღა შეძლო თავის სანატრელ ვიშაში დაყუდება.
* წმინდა მღვდელმთავარმა ლუკამ (ვოინო-იანესეცკი) ერთხელ ღვთისაგან შეიტყო, რომ მალე განთავისუფლდებოდა ტურუხანის გადასახლებიდან, მაგრამ საშველი არ ადგებოდა, კვირა კვირას მისდევდა. ერთხელ სასოწარკვეთილი დაეცა საკურთხეველში მაცხოვრის ხატის წინ და უფალზე დრტვინვა დაიწყო. უცებ დაინახა, რომ იესო ქრისტემ თავისი უწმინდესი სახე მიიბრუნა მისგან. მღვდელმთავარი შეძრწუნდა, ხატის ყურება აღარ შეეძლო. გამოვიდა საკურთხევლიდან და კლიროსზე "სამოციქულოს" მოჰკრა თვალი, გადაშალა და კითხვა დაიწყო. საკითხავიც ამხილებდა მას ღვთისადმი დრტვინვაში და, იმავე დროს, უდასტურებდა ღვთისაგან აღთქმულს. უკვე დამშვიდებული შევიდა საკურთხეველში და გახარებულმა დაინახა, რომ უფალი კვლავ მადლმოსილი და ნათელი მზერით უცქერდა.
* მრავალჭირნანახი არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) თავის გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდა მღვდლებს: "ყოველთვის წესად მედო: "არაფერი ითხოვო და ნურაფერზე იტყვი უარს". თავის დროზე ასე მივიღე სამღვდელო ხარისხიც, ასევე მივიღე ღვთისგან მსახურებიდან შვიდი წლით განყენება და დავუბრუნდი მსახურებას დროზე ადრე ღვთის ნებითვე, "რამეთუ მისგან და მის მიერ და მის მიმართ არს ყოველი" (რომაელთა 11,36) და ასე ვცხოვრობ. და აი, ახლა, ჩემი ცხოვრებისეული გზის ბოლოს, ვმოწმობ, რომ უკეთესი და სწორი გზა სხვა არა არის რა, თუ არა ოდენ ღვთის ნებით ცხოვრება. ღვთის ნებას კი ნათლად გამოგვიცხადებს ცხოვრებისეული გარემოებები".
* მამა იოანე (კრესტიანკინი) ზოგს მაშინვე უმჟღავნებდა ღვთის ნებას. მასთან ერთხელ 27 წლის ყმაწვილი მივიდა. მამა იოანე მას დიდხანს ესაუბრა: ცოტაა შენთვის, მხოლოდ მორწმუნე ერისკაცი იყოო და აკურთხა, მღვდელი გამხდარიყო. მაგრამ ის ყოყმანობდა მანამდე, ვიდრე კიდევ ერთხელ არ მოხვდა რეანიმაციაში შეხუთვის შეტევით (ქიმიური ცდისას დაუზიანდა ფილტვები). მაშინღა მიხვდა, რომ ერთადერთი გზა დარჩენოდა - ღვთისმსახურება. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი წლის მერეღა გამოჯანმრთელდა. 30 წლისას დიაკვნად დაასხეს ხელი.
* წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს ეპისკოპოს პავლინე პოლანელზე, რომელმაც ყველაფერი გაყიდა, რათა აფრიკაში ტყვედ წაყვანილი პოლანელები გამოესყიდა. ერთხელ მას ქვრივმა დედაკაცმა დატყვევებული შვილის გამოსყიდვა სთხოვა. ღვთის კაცმა სახლში შესაფერისი ვერაფერი იპოვა და საშინელი ფიცის მერე უთხრა დედაკაცს, - წამიყვანე და შენი ვაჟის მაგივრად ჩამაბარეო. ქალი უარობდა, მაგრამ წმინდა პავლინემ იგი დაარწმუნა და აფრიკაში გაემგზავრნენ. ბარბაროსმა ახალგაზრდის მიცემაზე უარი განაცხადა, ეს ბერიკაცი არ გამომადგებაო. მაგრამ როცა გაიგო, მონამ მებაღეობა იცისო - დაიტოვა, ვაჟი კი დედას დაუბრუნდა.
გამოხდა ხანი. ბატონს ძალზე მოეწონა ბრძენი მონა, ყოველდღე მიდიოდა მასთან სასაუბროდ. ერთხელ პავლინემ ბატონს უთხრა: - მალე მოკვდება ბარბაროსთა მეფე და შენ ახლავე უნდა იფიქრო, მისი ადგილი როგორ დაიკავოო. მისი ბატონი მეფის ერთგული იყო და ყველაფერი მოახსენა, მან კი პავლინეს ნახვის სურვილი გამოთქვა. მეფეს ფერი დაეკარგა პავლინეს დანახვაზე და უთხრა სიძეს, პავლინეს ბატონს: მართალი უთქვამს ამ კაცს. წუხელ სიზმარში გამასამართლეს, მსაჯულთა შორის ეს კაციც იყო. მათი გადაწყვეტილებით, მახვილი ჩამომართვეს. ჰკითხე, ვინ არის, ვფიქრობ, უბრალო ვინმე არ უნდა იყოსო.
ღირსმა პავლინემ დიდი ხნის ვედრების მერეღა გაუმხილა, რომ ეპისკოპოსი იყო. შეეშინდა ბატონს, - მთხოვე, რაც გინდაო. მღვდელმთავარმა აფრიკაში ტყვედ გაყიდული პოლანელების დაბრუნება ითხოვა. მალე ხომალდი გაივსო პოლანელებით, რომლებიც თავიანთ მღვდელმთავართან ერთად სამშობლოში დაბრუნდნენ.
* მომაკვდავ მამა იოანეს სულიერმა შვილებმა რჩევა ჰკითხეს. მან მძიმედ ამოისუნთქა და უთხრა: "მე არასოდეს ამისრულებია ჩემი ნება და მანამდე არასოდეს მისწავლებია, ვიდრე თვითონ საქმით არ ამისრულებიაო".
* დიდ მამა აღათონს სურდა, თავისი ნება მკვიდრად შეეერთებინა ღვთის ნებისთვის, ამისთვის მზად იყო, ყველაფერი დაეთმინა. წესად ჰქონდა, ხშირად ეკითხა საკუთარი სინდისისთვის, - ადრინდელივით ხშირად რატომ აღარ წუხხარ საკუთარ ცოდვებზეო. სინდისი კი პასუხობდა: - ასე იმიტომ ვიქცევი, რომ შენ სრულიად მიენდე ღვთის ნებას, ყველაფერში მას ემორჩილები და არ ამბობ უარს მის ასრულებაზე, რაც არ უნდა შეგემთხვას, სასურველი თუ უსიამოვნო, ყველაფრისთვის მადლობ უფალს და ხალისით ემორჩილები მის ნებასო.
* ორმა კაცმა სთხოვა წმინდა მაკარს, მათთვის ლოცვა ესწავლებინა. წმინდა მაკარმა მათ უპასუხა: "ლოცვისას ბევრს ნურას იტყვით, მაგრამ ხშირად აღაპყარით ხელები ზეცად და გულწრფელად თქვით: "უფალო ღმერთო, როგორც შენს გსურს და როგორც შენთვის სათნოა, დაე, ასე იყოს", რამეთუ მან ჩვენზე უკეთ იცის, რაც უკეთესია თქვენთვის".
* კასიანე ჰყვება უფალზე მინდობილ ერთ ალექსანდრიელ ბერიკაცზე. ერთხელ მას, როგორც მგლები კრავს, შემოერტყნენ წარმართები. დასცინოდნენ, სცემდნენ, მასხრად იგდებდნენ. ბოლოს ერთმა მათგანმა ჰკითხა ბერიკაცს: - რა სასწაულები მოახდინა ქრისტემ, რომელსაც ასე განადიდებთო. ბერიკაცმა თავმდაბლობით უთხრა: - ის, რომ მე მოთმინებით დავითმენ თქვენს დაცინვას და ჩემს გონებას ღვთის დიდებულების განჭვრეტისკენ მივმართავ და მზად ვარ, ღვთის სიყვარულით მეტი სატანჯველი დავითმინოო.
* ერთხელ იერუსალიმში მიმავალი ღირსი ხარიტონი ავაზაკებმა შეიპყრეს, ყველაფერი წაართვეს და ღირსი მამა თავიანთ მღვიმეში შეაგდეს. მარტო დარჩენილმა ხარიტონმა ღმერთს მადლობა შესწირა და ავაზაკებისთვის ლოცვა დაიწყო. უცებ დაინახა, რომ ხვრელიდან გველი გამოძვრა, ქოთნიდან რძე დალია და შიგ გესლი ჩაანთხია. მალე ავაზაკები დაბრუნდნენ და მოწყურებულებმა რძე დალიეს. ცოტა ხნის მერე ყველამ სული განუტევა. ამგვარად გახდა წმინდა ხარიტონი მთელი ამ ქონების ბატონ-პატრონი. ღვთის შეწევნით, ბორკილთაგან დახსნილმა წმინდა ხარიტონმა იმავე ადგილას მონასტერი ააგო. სიმდიდრის ნაწილი გლახაკებს, ეკლესიებსა და მონასტრებს დაურიგა. ამგვარად იქცა ავაზაკთა მღვიმე ღვთის მონასტრად.
* ნეტარი ავგუსტინე თავის "აღსარებანში" გვიყვება, თუ როგორ მოექცა წარმართობიდან ქრისტიანობაზე. მანამდე ჭეშმარიტების ნათელს ის ფილოსოფიაში ეძებდა და მუდმივად თან სდევდა თავის მოკვლის ფიქრი. ამდენ ყოყმანში დაიწყო ფიქრი, ქრისტიანობა ხომ არ მივიღოო. ტირილით, ცრემლთა ღვრით ღვთისადმი ლოცვა დაიწყო და აი, ესმის წვრილი ხმა: "აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!" გაოცდა ავგუსტინე. მერე კი თავის მეგობარს, ალიმპეს ესტუმრა. მეგობარი შინ არ დახვდა. მაგიდაზე კი წიგნი იდო - "სამოციქულო". უნებურად აიღო და გადაშალა. თვალი მოჰკრა წმინდა პავლეს ეპისტოლეს რომაელთა მიმართ 13,12: "განვიშორნეთ უკვე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა". ავგუსტინეს სიმძიმე ჩამოშორდა. გადაწყვიტა, მონათლულიყო და ასეც მოიქცა.
* ირლანდიის განმანათლებელი წმინდა პატრიკი დიდი ხნის მანძილზე ბრიტანეთში ცხოვრობდა და წმინდა წერილს სწავლობდა. უეცრად მოესმა ხმა მთელი გუნდისა, რომელიც ირლანდიაში დაბრუნებას მოუწოდებდა: "გევედრებით, მოდი და იცხოვრე ჩვენთან". მას ისე ხშირად ესმოდა ეს ხმები, რომ მიეჩვია კიდეც. წმინდა პატრიკმა აღიარა, რომ ამ ხმების პატრონებს იცნობდა ირლანდიაში ყოფნისას და ამ ხალხსაც მართლაც სურდა მისი დაბრუნება. ღვთის განგებულებით, მათი სურვილი წმინდა პატრიკს გამოეცხადა. ბოლოს ისე აუტანელი გახდა ცხადშიც და ძილშიც ამ ხმების მოსმენა, რომ ირლანდიაში გადასახლდა. ის საქმენი კი, რაც იქ მოიმოქმედა, მოწმობს, რომ უფლის მიერ ესმოდა ხმები.
* წმინდა ტიხონ ზადონელის ცხოვრებაში წერია, თუ როგორ აირჩიეს იგი მღვდელმთავრად. იმ დღეს, როცა პეტროგრადში, წმინდა სინოდში ვორონეჟის ეპისკოპოსს გამოირჩევდნენ, არქიმანდრიტი ტიხონი ტვერში წირავდა. პროსკომიდიის წინ მღვდელმთავარ ათანასეს უთხრა: "მომიხსენე მე, წმინდაო მეუფეო!" მღვდელმთავარმა ის ამგვარი სიტყვებით მოიხსენია: "ეპისკოპოსობა შენი მოიხსენიოს უფალმა ღმერთმა". იმავე დღეს, როგორც ვთქვით, ეპისკოპოსს ირჩევდნენ პეტერბურგში. ყარეს წილი, გამოირჩა შვიდი კანდიდატი. უეცრად მიტროპოლიტმა თქვა: "მოდით, შევუერთოთ მათ ტვერელი რექტორი, არქიმანდრიტი ტიხონი". შეეწინააღმდეგნენ: ძალზე ახალგაზრდა არისო. ბოლოს მაინც დაეთანხმნენ. სამჯერ ყარეს წილი და სამჯერვე ტიხონის სახელი ამოვიდა. მღვდელმთავრად აკურთხეს.
* ქართველი მამა დანიელ გარეჯელი გავიხსენოთ. სიბერის ჟამს დასნეულდა და მის გამოკეთებას აღარავინ ფიქრობდა. ითმენდა ტკივილს და წმინდა გაბრიელ მცირესაც ასწავლიდა: ავადმყოფობისას ბევრი მოუთმენლობით დრტვინავს და ვერც ხორციელად იკუნება და ვერც ღმერთს მოიმადლებს. არადა შვენის, სნეული კაცი ღვთის მადლიერი იყოსო. როცა სენი გაუძლიერდა, გაბრიელმა უთხრა, - გინდა, მამაო, ზეთის კურთხევის საიდუმლო აღგისრულო, რამეთუ სულის და ხორცის საკურნებელიაო. ღირსმა მამამ უპასუხა: "არ მინდა, შვილო, რადგან ვიცი, ამ სნეულებით არ მოვკვდები. სიჭაბუკეში ბრძოლა მქონდა ეშმაკისგან, ვევედრე ღმერთს, რომ განსაცდელს მივცემოდი ხორცით, რათა სულით გავთავისუფლებულიყავი. ღვთის განგებით დამატყვევეს. სამი წლის შემდეგ ღმერთს განთავისუფლება შევთხოვე და მისი წყალობით მოვვლე ხერსონა და მოსკოვი და აქ მოვედი. ახლაც ეს სალმობა სულის სიკეთისთვის ვითხოვე, კვლავ შევევედრები და განვთავისუფლდები ყოვლადსახიერი ღვთის მადლით".
რამდენიმე დღის მერე სრულიად განიკურნა სნეულებისგან და ადიდებდა ღმერთს.