მონაზონი და გეგმები? სადმე გინახავს ასეთი მონაზვნობა?
ლეონიდეს გარდაცვალება. ხარლამპეს მამამ სიკვდილის მოახლოება იგრძნო.
როგორც ახალმა იაკობმა, რიგრიგობით იხმო შვილები. უმცროს ტყუპს - კოზმას და დამიანეს უთხრა, რომ როგორც მამას, ისე დამორჩილებოდნენ ხარლამპეს. მერე კი უფროს შვილთან ცალკე დარჩენა ითხოვა და უთხრა ხარლამპეს: "შვილო, მაპატიე, რომ განათლება ვერ მოგეცი. იმ დროს სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ახლა კი მივდივარ. გახსოვდეს, ღვთისთვის მიცემული აღთქმა არავითარ შემთხვევაში არ გატეხო. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ: ოჯახის თავკაცობა მოგიწევს. მინდა ტყუპებმა განათლება მიიღონ. მერე კი გაკურთხებ, წადი, საითაც ღმერთი წარგიძღვება", - თქვა ეს ლეონიდემ და საუკუნოდ დახუჭა თვალები. ეს ბოლო სიტყვები ხარლამპემ მცნებად მიიღო. ამასვე ფიქრობდა მისი მოძღვარი ილია და ამასვე ევედრებოდა დაქვრივებული დედა.
ამგვარად, ხარლამპე ოჯახის მეთაურის მოვალეობას იტვირთავს, მაგრამ ეს წინაღობად არ ექცევა ღვთისკენ სწრაფვაში. პირიქით, ჩაუღრმავდა საკუთარ თავს. დღისით მუხლჩაუხრელად შრომობდა, ღამე კი მღვიძარებდა ღამისთევის ლოცვით. მარხვაც უფრო გაამკაცრა. ნუგეშსა და სულიერ შეწევნას თავის მოძღვარ ილიასა და მეძველსტილე თანამოაზრეებთან პოულობდა. ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ დღეში ერთხელ, მზის ჩასვლისას მიიღებდა პურსა და წყალს.
ძვირუხსენებელი. ადრე ვახსენეთ ხარლამპეს ერთი ბულგარელი "მეგობარი" ათანასე, რომელმაც მაშინ, როცა მართლა დახმარება სჭირდებოდა - "უმეგობრა". ათანასე ბერძნულ ჯარში ხარლამპეს ხელქვეითი იყო. წარმოშობით საზღვრისპირა ბულგარული სოფლიდან გახლდათ.
ოკუპაციის მერე ხარლამპემ შეიტყო, რომ "მეგობარი" ათანასე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, სოფელში დაბრუნებულა. ხარლამპეს რომ ის გაეცა, სამხედრო ტრიბუნალს გადასცემდნენ, მაგრამ მას ეს გულში არ გაუვლია. ერთხელ ხარლამპე კოზმასთან ერთად ქალაქ დრამის ცენტრალურ ქუჩაზე მიდიოდა. მათკენ ვიღაც კაცი მოდიოდა. უეცრად შეჩერდა და გაფითრდა. ხარლამპე, რა მოხდა? - ჰკითხა კოზმამ. მისი სახელის ხსენებაზე ის კაცი თავქუდმოგლეჯილი სადღაც გაიქცა. უცებ ხარლამპესთან გაჩნდა ვიღაც ჭაბუკი, სახელად ვასილი, რომელმაც ბევრი ტანჯვა დაითმინა ათანასესგან. ხარლამპეს აღმოხდა: "ათანასე... ათანასე!" ვასილი დენთივით აფეთქდა: "სად არის, სად წავიდა, ჩქარა მითხარი". ხარლამპემ საპირისპირო მხარეს მიუთითა და ათანასე სიკვდილს გადაარჩინა. მერე, როცა მასთან მარტო დარჩა, მოუთხრო "მეგობრის" საქციელზე. ასეთი ძვირუხსენებლობის სათნოებით იყო შემკობილი ხარლამპე, ვიდრე მონაზონი გახდებოდა.
ახალი წინააღმდეგობა. კოზმა და დამიანე გაიზარდნენ, უმაღლესი განათლება მიიღეს. კოზმა დაწყებითი საგნების პედაგოგი გახდა, დამიანე - სახელმწიფო მოხელე. ხარლამპეს უკვე შეეძლო მონასტერში წასვლა, მაგრამ ახლა წინააღმდეგობა თავის თანამოძმე მეძველსტილეებისგან შეხვდა. ეუბნებოდნენ, ჩვენი ბრძოლის წარმატებით დასრულებისთვის ერში უნდა დარჩე. ეს შენი ვალიაო. ამიტომაც სოფლის მიტოვებას გადადებდა, ასე გაგრძელდა 1950 წლამდე. ამ დროს ხარლამპე მეძველსტილეთა მოძრაობის სათავეებთან იდგა. მიუხედავად საღმრთო მოშურნეობისა, განსჯის უნარი და ზომიერების გრძნობა ჰქონდა. აი, როგორ აღწერს იმ დროის მოვლენებს თვითონ:
"ოფიციალური ეკლესიის ახალ სტილზე გადასვლის მერე ჩვენ ეკლესიას განვუდექით. ამ დროს დიდი პრობლემა წარმოიშვა - ჩვენ არ გვყავდა მეთაური - მღვდელმთავარი. მეძველსტილეებს შეუერთდნენ საკმაო რაოდენობის მღვდლები, მთაწმინდელი მღვდელმონაზვნები, მაგრამ ეპისკოპოსი არ გვყავდა. როცა 1935 წელს ფლორინის მიტოპოლიტი ქრიზოსთომოსი განუდგა ოფიციალურ ეკლესიას, მეძველსტილეებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ერთნი ფიქრობდნენ, რომ სტილის შეცვლის მერე ეკლესიას მადლი განშორდა. სხვები ამბობდნენ, მადლი რჩება, ჩვენი ქმედება კი - პროტესტის პოზიციაა ახალ სტილზე გადასვლის გამოო. ამ მოსაზრებას ვეთანხმებოდი. ფლორინის მიტროპოლიტი თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში წერდა: "ჩვენს დედად ითვლება ელადის ეკლესია, საიდანაც ვიღებთ მადლს. მაგრამ მას არ ვეთანხმებით და არ გვსურს კალენდრის შეცვლის გამო პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ".
1950 წელს მეძველსტილეთა სათავეში უკიდურესი მიმართულების ხალხი მოვიდა. გაიმართა კრება. მეუფე ქრიზოსთომოსი ეუბნებოდა კრების მონაწილეებს: - გთხოვთ უკიდურესობაში არ ჩავარდეთ, დამიჯერეთ მე და გპირდებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. მთელი ათი წლის მანძილზე ახალმესტილე ეპისკოპოსი ვიყავი და თუ ახლა ვიტყვი, ახალ სტილზე გადასვლით მადლი განშორდა ელადის ეკლესიას-მეთქი, მაშინ გამოდის, რომ არც მე მქონია მადლი და ცრუ ეპისკოპოსი ვარ.
მაგრამ ფანატიკოსებს ამის მოსმენა არ უნდოდათ და პასუხობდნენ:
- შენ მღვდელმთავარი ხარ. მადლი იმიტომ გაქვს, რომ მეძველსტილე ხარ. რაც შეეხება ახალმესტილეებს, მათი აღსრულებული საიდუმლოებები ნამდვილი არ არის.
მეც ვცდილობდი რაღაცის ახსნას, მაგრამ უნაყოფოდ. კრებაზე ერთმანეთს არ უსმენდნენ და ყველაფერი აირია, ბოლოს მეუფე ქრიზოსთომოსი, როგორც კრების ხელმძღვანელი, იძულებული გახდა, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ოფიციალური ელადის ეკლესია ახალ სტილზე გადასვლისას ავტომატურად გახდა ერეტიკული და მადლი დაკარგა. მეუფემ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერისას განაცხადა: "მე ხელს ვაწერ დოკუმენტს, რომელსაც სრულიად არ ვეთანხმებიო". როცა ეს დოკუმენტი ჩემს ხელთ მოხვდა, ავტირდი და ჩემთვის ვთქვი: "ჰოი, უბედურო, ღმერთმა ანგელოზებრივი ცხოვრებისთვის მოგიწოდა, შენ კი იმისთვის დარჩი, ადამიანები გადაგერჩინა. აი, შედეგიც. რაც შეიძლება სწრაფად წადი შენი მიზნისკენ, რათა უეცარი სიკვდილი არ გეწვიოს და ღვთისთვის მიცემული აღთქმის დამრღვევი არ გამოჩნდე".
მთაწმინდაზე. მეძველსტილეთა ბრძოლის შედეგებით გულგატეხილი ხარლამპე დაემშვიდობა ახლობლებს და მთაწმინდაზე წმინდა ანას სკიტში გაემგზავრა, რათა იქ ენახა თავისი ნათლია - მამის ძმა, ფიქრობდა, რომ მერე კუნძულ ეგინაზე წასულიყო, რათა დამშვიდობებოდა თავის მამიდას, ევპრაქსიას, მამა იერონიმეს მოწაფეს. ბოლოს ისევ ათონზე ბიძასთან დაბრუნებას და ბერად შედგომას აპირებდა.
გემი დაფნის ნავსადგურს მიადგა, ხარლამპე ნაპირზე გადავიდა და წმინდა ანას სკიტისკენ გასწია. ეს ბილიკი დიდი ისიქასტის, მამა იოსების საძმოსკენ მიდიოდა, სადაც მისი ღირსი თანამოღვაწე ცხოვრობდა - მამა არსენი.
"ავდიოდი ზემოთ და რაც უფრო ვუახლოვდებოდი მითითებულ ადგილს, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - ვერაფერს ვხედავდი, კლდეების გარდა. დავიყვირე: "მამა იოსებ, მამა არსენ..." სიჩუმეა. უეცრად მესმის ალერიანი ხმა. მივუახლოვდი. პატარა მღვიმის წინ დგას ძველებური სამოსით მოსილი ხნიერი მონაზონი.
- გამარჯობა, ძმაო ჩემო, - მესალმება და თაყვანს მცემს, ცდილობს, ხელზე მემთხვიოს, - შემოდი ჩემს ღარიბულ კელიაში და მამა იოსების კელიას მიგასწავლი.
შევედი... ვიწრო მღვიმეა, წელში რომ ვერ გაიმართები. ყველგან აბლაბუდაა, ნაგავი, ტანსაცმელი და სხვადასხვა საგნებია მიმოფანტული. როცა გავიგე, რომ ეს მონაზონი მამა იოსების ღვიძლი ძმა და მისი საძმოს წევრი იყო, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. კი, - ვამბობ ჩემთვის, - მოღვაწეობისა არ მეშინია, მაგრამ ასეთ პირობებში ცხოვრება არ შემიძლია. დედაჩემი მირეცხავდა, მიუთოებდა, ყველაფერი სუფთა მქონდა. აქ კი რა ხდება - მონაზვნობაა თუ ბოშათა ბანაკი? მიუხედავად ამისა, ეს მონაზონი დიდი თავაზიანობით წამყვა მამა იოსებთან. გზად მკითხა:
- რა გქვია, მამაო?
- ხარლამპე, მამაო.
- მე ძმა ათანასე გახლავარ.
მალე მივედით მამა იოსებთან. დიდბერმა მაშინვე მიხმო. წინა კელიაში სტუმრობის მერე მამა იოსების კელიაში შესვლა აღარ მინდოდა, მაგრამ შიგნით შესულს ჩემდა გასაოცრად, სრულიად სხვა სურათი დამხვდა. კელია პატარა და ვიწრო იყო, მაგრამ მოვლილი, დალაგებული, დაგვილი, სუფთა. შვებით ამოვისუნთქე. ჩემი ჩემოსვლის ამბავი მამა არსენმა მალევე შეიტყო და სიხარულით შემხვდა. მისალმების მერე მამა იოსებმა მკითხა:
- რა არის შენი ცხოვრების მიზანი, შვილო?
- მონაზვნობა.
- აქ, შვილო, მკაცრი ცხოვრება გვაქვს, ასეთ ცხოვრებას ვერ შეძლებ.
- ვცდიდი მაინც, მამაო.
- ჰოო... გინდა სცადო? მოდი, ახლავე შევამოწმოთ.
მოუხმო მამა არსენს და უთხრა:
- შენი ნათლული ამბობს, რომ მონაზვნობა უნდა. თქვენ ერთად, სათითაოდ 3000 მეტანია შეასრულეთ, მერე კი მოიყვანე ჩემთან და საუბარი განვაგრძოთ.
- გვაკურთხე, მამაო, - გაისმა პასუხად.
დავიწყეთ მუხლთა დრეკა. მამა არსენი ადრე მორჩა, მე ორმოცდათი მეტანიით ჩამოვრჩი, მაგრამ რომ არ შევცოდო, ვიტყვი: მე სწორ მიწაზე ვიდრეკდი მუხლს, ჩემი ნათლია - პატარა ბორცვზე, რაც რამდენადმე უმსუბუქებდა ღვაწლს. ბოლოს კვლავ მოძღვართან მივედით.
- აბა, ხარლამპე, რას ფიქრობ, გაუძლებ?
- მამაო, ჯერჯერობით არაფერი გამძნელებია, შემდგომში რა იქნება, არ ვიცი.
- ეს ნიშნავს, რომ შენ მაინც გინდა სცადო?
- დიახ, მამაო. აქ ამისთვის ჩამოვედი. ოღონდ ერთი სურვილი მაქვს, ჯერ ერთ ადგილას წავიდე, მერე კი საბოლოოდ მოვიდე თქვენთან.
- სად აპირებ წასვლას?
- ეგინაზე, რათა ვნახო ჩემი მამიდა, მონაზონი ევპრაქსია, მამა არსენის და. მინდა გამოვემშვიდობო და მისგან კურთხევა ავიღო.
- თუ აქ იმისთვის მოხვედი, რომ მონაზონი გახდე, მაშინ დაივიწყე მამიდა ევპრაქსია. თუ მასთან წასვლა გინდა, არავინ გაკავებს, ოღონდ ჩვენთან უკვე ვეღარ დაბრუნდები.
- მაგრამ, მამაო, აქაურობა მე ძალზე მომეწონა. მსურს, აქ გავხდე მონაზონი.
- თუ ჩვენთან გსურს ბერად შედგომა, მაშინ დარჩი, ჩათვალე, რომ ჩვენი საძმოს წევრი ხარ. თუ ახლა აქედან წახვალ, შენთვის კარი დაიკეტება.
- ოჰ, ღმერთო ჩემო! მამაო, მე რომ აქ მოვედი, მარშრუტი უკვე წინასწრ მქონდა დაგეგმილი.
- მონაზონი და გეგმები? სადმე გინახავს ასეთი მონაზვნობა - თვითნებობითა და თავისი გეგმებით?"
მამა იოსები და მამა ხარლამპე დიდხანს საუბრობდნენ. ბოლოს ეს უკანასკნელი დანებდა. ახალგაზრდა კაცის მხურვალე სწრაფვაში დარწმუნებული გონიერი მამა განა გაუშვებდა ხელიდან ასეთ ფუტკარს? ბოლოს და ბოლოს, ხარლამპეც დათანხმდა.
ხარლამპე ადვილად შეეწყო ძმობის ცხოვრების ტიპიკონს. დღისით - მდუმარება, შრომა, ღამით - მღვიძარება, რვასაათიან ლოცვაზე ფეხზე დგომა, მრავალგზის მუხლთადრეკით.
ახალგაზრდა მოღვაწის გული საღმრთო სიყვარულით აენთო. მამა იოსები უცქერდა მის გულმოდგინებას, პირველ ნაბიჯებს და წარმატებებს და განუწყვეტლივ ღმერთს ადიდებდა. მამა არსენს კი უთხრა: "არსენ, ახლა შემიძლია მშვიდად ვუთხრა უფალს: "აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით". მე და შენ მკაცრად ვცხოვრობდით, ვიღვწოდით სისხლის დანთხევამდე, რათა საკუთარ თავში ღმერთი მოგვეპოვებინა. მაგრამ მთელი ეს წლები წუხილი მტანჯავდა: ბევრმა იცხოვრა ჩვენს გვერდით, სარგებელი (სიკეთე) ნახა და წავიდა; ჩვენი სულიერი მუშაკობის გაზიარება კი მათ ვერ შეძლეს. ვფიქრობდი, რომ ეს სადარდელი სამარეში ჩამყვებოდა, მაგრამ არა, ღმერთმა მოხედა ჩვენს სიბერეს და ბოლოს გამოგვიგზავნა ეს მონაზვნები. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა, შემდგომში მათ მთელი ათონის მთა დაეყრდნობა".
მართლაც, ჩვენს დროში აცხადდა წმინდა მამის ეს წინასწარმეტყველება - მთაწმინდის უმეტესი მონასტრების ახალმოსახლენი დაკავშირებულნი არიან მამა იოსების სულიერ შვილებთან.