ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი XX. ამბები ხიბლისა. მოხიბლული ლავრელი მამა ნექტარიოსი
ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში, როცა ის ჯერ კიდევ იდიორითმული მონასტერი იყო, მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა მამა ნექტარიოსი.
ის პროსნომარის მორჩილებას ასრულებდა, ანუ პასუხს აგებდა კუკუზელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში კანდელების ანთებაზე და ღვთისმშობლის პარაკლისს აღასრულებდა.ერთხელ მას ხორციელი ბრძოლა ჰქონდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ევედრებოდა განთავისუფლებას. მაგრამ როცა რამდენიმე დღის მერე ბრძოლა არ დაუცხრა, დრტვინვა დაიწყო და თავდაუმდაბლებლად ღვთისმშობელზე გაბრაზდა. მერე, არავინ იცის, რა დაემართა, გამოეყო სხვა მამებს და უკვე იშვიათად დადიოდა ტაძარში ღვთისმსახურებაზე. ბოლოს კელიაში ჩაიკეტა. ის მამებს ცოდვილებად თვლიდა, თავის თავს კი პატივს მიაგებდა და თავმაღლობდა. თანდათანობით ეშმაკმა ხილვები მოუვლინა. ხედავდა, თუ როგორ სცოდავდა ვინმე ქალი ეკლესიაში ქორკანდელის ქვეშ და რომ ვითომ სალონიკსა და ათენში მიწიძვრა მოხდა, როგორ ამოჰყავდა გარდაცვლილი მამების სულები ჯოჯოხეთიდან...
მისმა მეგობარმა მამა პეტრემ, რომელიც კარიესში ცხოვრობდა, 1974 წელს რამდენიმე წერილი გაუგზავნა, რათა მას თავისი მოხიბლულობა შეეცნო, მაგრამ ამაოდ.
ბოლოს ნექტარიოსმა მონასტერი დატოვა და მშობლიურ კუნძულ სკოპელოზე წავიდა საქადაგებლად. იმ ოთახში დაეყუდა, სადაც ცხოვრობდა, ყველასთან შეწყვიტა ურთიერთობა. მოკვდა. მისი გვამი ერთი თვის მერე აღმოაჩინეს. გახრწნა დაეწყო. რაც ყველაზე სამწუხაროა, იგი მოკვდა აღსარებისა და საღმრთო ზიარების გარეშე და თან თავისი ხიბლი წაიღო...
გთავაზობთ მამა პეტრეს წერილს მამა ნექტარიოსისადმი: "საყვარელო ძმაო ნექტარიოს! ქრისტე ღმერთში გიხაროდენ. საყვარელო ძმაო, მე და შენ ხომ თანატოლები ვართ მონაზვნური წოდებით და მორჩილების წლებით. შენ მარიგებდი ხოლმე, რომ მთელი ღამე ეკლესიაში ფეხზე არ ვმდგარიყავი, დამესვენებინა მდაბალი სხეული, რათა არ დაავადებულიყო გადაღლილობისგან.
ახლა ვხედავ, რასაც ამბობ და გვსურს მოვიქცეთ მაცხოვრის მცნებისაებრ: "ძმა ძმისგან განმტკიცებული, ვითარცა ქალაქი შეუძვრელი" - რამეთუ დაეყუდე შენს კელიაში და არავის იღებ სასაუბროდ, ამიტომაც დიდი თანაგრძნობით გავბედავ და მოგწერ რამდენიმე მაგალითს წმინდა მამათაგან ეშმაკის სხვადასხვანაირ საფრთხეზე.
ძმაო ნექტარიოს! მახსოვს, 1974 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს, დერეფანში გამოსულს, შენი კელიიდან საუბარი შემომესმა. გთხოვე და მომიყევი შენს საიდუმლოსა და იმ ნიჭზე, რომელიც გიბოძა უფალმა.
1. შენ ლოცულობდი, რათა შეგწყვეტოდა ხორციელი ბრძოლა და ა.შ.
2. შენ გსურდა გექადაგა და ადამიანთა სულები გადაგერჩინა. შენმა ნათქვამმა დამაბნია.
3. შენ მითხარი, რომ დედამიწის ყოველი მხრიდან მოდიან და უსმენენ შენს ქადაგებებს, შენ იღლები იმით, რომ მთელი ღამე გიწევს ლაპარაკი.
4. შენ მითხარი, რომ ერთ შვეიცარიელ ქრისტიან დედაკაცს საბერძნეთში ჩამოსვლა უბრძანე. მან გითხრა, ფული არ მაქვსო. მაშინ მის ნათესავებს ქალისთვის ფულის გაგზავნა უბრძანე და ისიც დაბრუნდა სამშობლოში. ეს ყველაფერი კი თითქმის ერთ დღეში მოხდა.
5. ეკლესიაში გკითხე, რას ხედავ, თავს რომ აქნევ და რაღაცას ბუტბუტებ-მეთქი. მიპასუხე: - ქორკანდელის ქვეშ ქალი სცოდავსო. მერე ის გალანძღე. მან მაშინვე შეინანა და ატირდა.
6. შენ მიყვებოდი მამებზე, რომლებიც თავიანთი ვნებებისა და ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვდნენ.
მე შენ ჩემთან კელიაში შეგიყვანე და გთხოვე, რომ ნეტარი ტარასი გამოგეხმო. ძახილი დაიწყე: "ტარასი, ტარასი!" მაგრამ ის არ გამოგვეცხადა. მითხარი, შენ მათ უღალატე და ამიტომ არ მოდიანო. მე კი გითხარი: - როგორ შეიძლება, სიტყვით სთხოვო და შენი თხოვისაებრ გამოვიდნენ სულები ჯოჯოხეთიდან ან სამოთხიდან-მეთქი.
შენ კი მითხარი, რომ ვისაც გინდა, იმას გამოიხმობ ჯოჯოხეთიდან ან სამოთხიდან და ეკითხები სხვადასხვა რამეს.
მე შენ გითხარი, ძმაო ნექტარიოს, რომ ეს ეშმაკის მოჩვენებებია, სულები არ გამოდიან არც ჯოჯოხეთიდან და არც სამოთხიდან. საშიშია ეს ეშმაკის ხიბლი-მეთქი. შენ კი მითხარი, რომ გამოიხმე ანანია, კაიაფა, პილატე და იუდა და მათ სინანულისკენ მოუწოდე.
შენ მაშინ მითხარი, რომ: 1. შენი და მოკვდა. 2. 1973 წელს საშობაო ლოცვის სამეუფეო ჟამნების დასრულების მერე მამა თეოფილაქტე მოკვდებოდა. 3. სალონიკში დიდი მიწისძვრა მოხდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა. 4. ათენში მიწისძვრას ათასობით კაცი შეეწირა. 6. შენთან შუაღამისას მოვიდა მამა ამბაკუმი და გარდაცვლილ მამა თეოფანესთან წახვედით. მაგრამ ეს ყველაფერი მართალი არ არის.
1. საყვარელო ნექტარიოს! მე შენ გითხარი, რომ ის, რაც მომიყევი, სიცრუეა. ეშმაკი თავიდანვე მატყუარა იყო, სიცრუით ცხოვრობს და აცდუნებს სოფელს. აი, მამა იოანე მოვიდა კუნძულ ტინოსიდან, იქ მონასტერში სწირა და შენი მონაზონი და აზიარა. ეშმაკის შთაგონებით მას არ დაელაპარაკე. არ გჯერა მამა იოანესი, რომ შენი და ცოცხალია და უჯერებ ეშმაკს, იმას, რასაც ოცნებებსა და ცრუ ხილვებში წარმოგიდგენს. ეს ყველაფერი სიცრუეა. შენი და ცოცხალია, წერილიც მოგვწერა და უკვირს, თუ როგორ გჯერა მატყუარა ეშმაკისა.
2. მამა თეოფილე ცოცხალია. შენ მას ნახულობ, ესაუბრები და მაინც სატანისა გჯერა? რატომ, ძმაო, განა ვერ ხედავ, რომ სატანა გაცთუნებს თავისი ცრუ ხილვებით და ხიბლებით?
3. შენ ამბობდი, მიწისძვრის გამო სალონიკსა და ათენში ათასობით ადამიანი დაიღუპაო. მაგრამ არც იქიდან ჩამოსული ხალხი და არც რადიო შენს ნათქვამს არ ადასტურებს, შენ მათი არ გჯერა და ეშმაკისა გჯერა! მე ვიყავი სალონიკსა და ათენში, მაგრამ არაფერი მაგნაირი იქ არ მომხდარა.
4. გახსოვს, ჩემს კელიაში მოგიხმე და გესაუბრე ეშმაკის საფრთხეებზე, რომ მას შეუძლია გარდასახვა და დედაკაცის სახის მიღება, რათა მზაკვრობით მიაღწიოს მიზანს, რომ მას ემსახურონ.
წმინდა მამათაგან რამდენიმე შემთხვევას შეგახსენებ:
1. ერთი მოგვი ცეცხლში შედიოდა, არ იწვოდა და ამით აცთუნებდა ხალხს. წმინდა ლევ კატანელმა ის თავისი ოლარით შეკრა. ისინი ცეცხლში შევიდნენ, ეშმაკმა ვეღარ შეძლო მოგვთან დასახმარებლად მიახლოება და ის უბედური დაიწვა.
2. სხვა მოგვი კი ფარდულში იჯდა და ჯადოქრობდა. ერთხელ შორს ქალები დაინახა და მათ მოაჩვენა, თითქოს მდინარე უნდა გადაელახათ. რაც უფრო "შედიოდნენ" წყალში, "მდინარე" უფრო ღრმავდებოდა. ქალებიც უფრო და უფრო მაღლა იწევდნენ კაბებს და ხორცი უჩანდათ. ხალხი გაოცებული გაიძახოდა, - რა ემართებათ ამ დედაკაცებსო. მდინარეს მხოლოდ ის დედაკაცები ხედავდნენ.
3. წმინდა ბასილის სკიტის ერთი მოსაგრის გრძელი წვერი მიწას ეცემოდა და მას გულისთქმა დაებადა, ასეთი წვერი ნამდვილად პატრიარქის შესაფერისიაო! რადგანაც ეს გულისთქმა აღსარებაში არ თქვა, ოცნებებსა და სიამაყეში ჩავარდა. ცოტა ხანში მასთან კელიაში ოფიცრები მივიდნენ და უთხრეს: "გაემზადე გასამგზავრებლად, ჩვენ ინგლისიდან შენთან გემით გამოგვგზავნეს, რათა წაგიყვანოთ და ინგლისის პატრიარქად გაკურთხონო". ისინი ნაპირისკენ დაეშვნენ, სადაც ფლოტი და საადმირალო ხომალდი ელოდათ. ნაპირთან ნავი ტივტივებდა. ვიდრე მასზე ფეხს შედგამდა, ბერმა ჯვარი გამოისახა და წარმოთქვა: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე, რომ პატრიარქი გავხდე!" ღვთისმშობლის ხსენებასა და ჯვრის ნიშთან ერთად გაქრა მთელი ფლოტი. ხალიჩებდაფენილი ნავის ნაცვლად, ზღვის უფსკრული გამოჩნდა. მაშინღა მიხვდა ეშმაკის სიცრუეს, რომელიც ალბათ ზღვაში ჩაახრჩობდა და პატრიარქობის ნაცვლად სიკვდილს შეეყრებოდა.
4. აქ, ჩვენს მონასტერში, მიძინების კოშკში ცხოვრობდა ერთი სათნო მოძღვარი, რომელიც ხიბლში ჩავარდა. მას გამოეცხადა ეშმაკი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახით და უთხრა: "ამა და ამ დღეს მზად იყავი, მოვალ და წაგიყვან. მე შენთან ღმერთმა იმის სათქმელად გამომგზავნა, რომ მეთქვა, მომზადებულიყავიო". ამასობაში მან ტრაბახი დაიწყო, წმინდა ნათლისმცემელი მოვა და წამიყვანსო. მამებმა რომ შეიტყვეს, აღსარების სათქმელად იძულებით გაგზავნეს გადასახლებაში მყოფ პატრიარქ იოაკიმესთან და სწორედ მაშინ გამოცხადდა "წმინდა ნათლისმცემელი" ბერის წასაყვანად. მის დანახვისთანავე პატრიარქმა შეფუცვის ლოცვები წაიკითხა და ეშმაკი გაქრა. "შეიცან საკუთარი ხიბლი, ძმაო", - უთხრა ბერს პატრიარქმა, დამოძღვრა და აცხოვნა იგი.
5. სხვა მამას კი სიამაყე დაეუფლა. მან იფიქრა, ყველაზე წმინდა და ქალწული იყო და რომ ლიტურგიის ჟამს წმინდა ტრაპეზზე ეცხადებოდა "წმინდა სამება", რომელიც ეუბნებოდა: თაყვანი მეცი იმ სიწმინდის გამო, რომელიც გაქვს და აღასრულე ლიტურგიაო. როცა ეს მრავალგზის განმეორდა, ის თავის მოძღვართან წავიდა და უთხრა, წირვისას წმინდა სამება მეცხადება და მემსახურება, მეუბნება, რომ თაყვანი ვცე ჩემთვის ბოძებული სიწმინდის გამო და დამეხმარება საიდუმლოს აღსრულებაშიო. ფრთხილად იყავი, თაყვანი არ სცე ამ ეშმაკს. ეს ეშმაკის მზაკვრული ხიბლიაო. არა, სულიერო მამაო, ნუ დამაბრკოლებ: ის წმინდა სამებააო. მოძღვარმა უთხრა: - როცა მოვა, ეს ლოცვა უთხარიო. ცოტა ხნის მერე მან მოძღვარს უთხრა: - მამაო, ვთქვი ეს ლოცვა და არ მიდისო. ეს ლოცვაც უთხარი და თაყვანი არ სცეო. მაინც არ მიდისო. მოძღვარმა ჰკითხა: - რას გრძნობ, როცა მას ხედავო. სიხარულსო. მაშ, თაყვანს რატომ არ სცემ, თუკი ამბობ, რომ წმინდა სამებააო? მოძღვარო, შიშს ვგრძნობ, შინაგან შფოთს და თაყვანისცემისა მეშინიაო. მოძღვარმა უთხრა: - ღვთის სიყვარული შიშს განდევნის, მაგრამ ეს ეშმაკია და ფრთხილად იყავი. ახლა როცა მოვა, უთხარი: - თაყვანს გცემ, თუკი მეტყვი, ჩემს მოძღვარს რა აქვს გონებაში და რას ფიქრობს ჩემზეო. ამ კითხვაზე ეშმაკმა ველური ხმით უღრიალა: - რაო, მივიდე და ვკითხო, თავში რა გიტრიალებს-მეთქი? დამაცადე, ნახავ, რასაც გიზამო და გაქრა "წმინდა სამება". ბერი მიხვდა, რომ ეს ეშმაკის ხიბლი იყო და ატირებული მოძღვართან მივიდა.
6. მამაო და ძმაო ნექტარიოს, შენ ადამიანთა სახით ეშმაკები გეცხადებიან, რომლებიც ვითომ შენი ქადაგების მოსასმენად ყველა ქვეყნიდან მოდიან იმ დროს (შუაღამისას), როცა ადამიანებს სძინავთ. არ გიფიქრია, რომ შენი კელია პატარაა და იქ 4-5 კაციც არ ეტევა, არათუ ამდენი ადამიანი? არ გიფიქრია, რომ ეს ცრუ ხილვაა და პირველი არ ხარ, ვისაც ეს დამართნია?
7. წმინდა ამფილოქეს კელიაში ქრისტე გამოეცხადა ანგელოზებსა და წმინდანებთან ერთად და წირვა აღასრულეს. დასასრულს მან წმინდა ამფილოქეს ზიარება მოისურვა, მაგრამ ის არ მიდიოდა ბარძიმთან, რადგან შინაგან შიშს გრძნობდა. ანგელოზები სთხოვდნენ, ეზიარეო, ხომ მხოლოდ შენთვის ვიმსახურეთო. ამფილოქე კი ტიროდა. ამასობაში ცისკრის ლოცვის დრომ მოაღწია. მამები ეკლესიაში მოვიდნენ და ტირილი შემოესმათ. კარები გააღეს. ჰკითხეს, რა დაგემართაო. ის გულამომჯდარი ტიროდა. ბოლოს იკითხა: - თქვენ უკვე მოხვედით, როდის მორჩა ლიტურგიაო. რა ლიტურგია, ყველა მამას სძინავსო. განა ქრისტე არ მსახურებდა ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად? უნდა ვეზიარებინე, მაგრამ შემეშინდა და ბარძიმს ვერ მივეკარე. მათი ტკბილი გალობა არ გაგიგონიათო? მამები მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკის ნახელავი იყო. რომ ზიარებულიყო, ეშმაკი შევიდოდა მასში, ეშმაკეული გახდებოდა და გაგიჟდებოდა.
გახსოვს, მამა ნექტარიოს, კატუნაკში ერთი მორჩილი სოლომონის წიგნს კითხულობდა და ამ დროს მაგიდა სკამებთან ერთად გამოვიდა კელიიდან და სხვა კელიაში შევიდა, მას სპილენძის ჭურჭელიც მიჰყვა, რამაც მამები ძალზე გააოცა.
8. მამა ნექტარიოს, გახსოვს, ქრისტეს ლოცვისას ბოროტი ეშმაკი გამოეცხადა და სოფლის მთელი მეუფება და დიდება შესთავაზა. ასე გაჩვენებს შენც.
9. ძმაო ნექტარიოს, ეშმაკი ფერს იცვლის შენს საცდუნებლად. ფრთხილად იყავი, ეს ყველაფერი ცრუ ხილვებია.
10. დაფიქრდი, მამაო, როგორი სიმაღლიდან დაეცი ეშმაკის წყალობით. ჯერ ერთი, მოგწყვიტა სახარებას და მას კვირის ცისკარზე არ ეამბორები. მეორე - მოგწყვიტა ღვთისმსახურებას. მესამე - მოგწყვიტა საღმრთო ლიტურგიას. მეოთხე - მოგწყვიტა თვით საღმრთო ზიარებას. მეხუთე და უმნიშვნელოვანესი: მოგწყვიტა მამებს, რომელთაც განიკითხავ, როგორც ცოდვილებს და საკუთარ თავს წმინდანად თვლი. ეს სიამაყეა და ყველაზე უარესია. ვინ დაგადგინა შენ მსაჯულად, რომ სხვებს განიკითხავ, ყველას ჯოჯოხეთში გზავნი და მარტო თვითონ ხარ წმინდანი?! იცი, რას გვამცნევს ჩვენთვის ჯვარცმული უფალი. "გამძვინვარებული ეშმაკი ეძებს, რომ ვინმე გადაყლაპოს". მამა ნექტარიოს, ძმაო, გულისტკივილით გწერ ამ მცირე წერილს, გთხოვ იჩქარე მოძღვართან და წრფელი აღსარება თქვი თავმდაბლობით, რათა გაგშორდეს სიამაყის ეშმაკი, ფრთხილად იყავი, თორემ ან ეშმაკეული გახდები, ან ის დაგღუპავს.
შენმა ღირსებამ, რომელმაც ამდენი წიგნი წაიკითხა, უნდა იცოდეს ეშმაკის საფრხეებზე. წმინდა მამები ამბობენ, როცა ხილვა ღვთისგანაა, სიხარულს გრძნობენ და არა მწუხარებას, შენ კი განუწყვეტლივ ტირი. თუკი შენი სული სატანურ ხილვებს ხედავს და ეშინია, გრძნობს სიხარულს, მაგრამ გრძნობს შიშს და ჟრჟოლას, შინაგან შიშს, დაე, მაშინ განგინათლოს გონება ღმერთმა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განგანათლოს და წმინდა ათანასე შეგეწიოს, განგაშოროს ეშმაკის საქმეთაგან.
11. მამა ნექტარიოს, გახსოვს, რომელიღაც ჯალათი მეფე ქრისტიან ქალწულს აწამებდა და ცალკე საკანში ჰყავდა ჩამწყვდეული? ერთ ბნელ ღამეს მასზე ძალის სახმარად წავიდა, მაგრამ ეშმაკის მიერ აღძრული ვნებებით გონმიღებული სამზარეულოში შევიდა და ჭურჭელს დაუწყო კოცნა. სასახლეში მობრუნებული დარაჯებმა შეიპყრეს და მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ მერე ხმით იცნეს და ჰკითხეს: - რა დაგემართათ, თქვენო ბრწყინვალებავ, სულ გამურულხართო.
12. ეშმაკი ერთ სათნო ადამიანს გამოეცხადა და უთხრა: მე ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზი ვარ და უნდა გაუწყო სასიხარულო ამბავი: თუ გინდა ცხონდე, ჩამოხსენი შენი საწოლის თავზე ჩამოკიდებული ღვთისმშობლის ხატი, რადგან როცა სცოდავ, ამით შებილწავ ღვთისმშობლის ხატს და ამის გამო ჯოჯოხეთში წახვალო. კაცი მუხლებზე დაემხო და ტირილი დაიწყო: დედაო ღვთისავ, როგორ ჩამოგხსნი კედლიდან, შენ ხომ ჩემი იმედი ხარო. ეს რომ გაიგო ეშმაკმა, გაქრა და საცოდავი კაცი მიხვდა, ვინ იდგა სინამდვილეში მის წინაშე. ძმაო ჩემო ნექტარიოს, ამის გარდა, ათასი სხვა მაგალითია...
13. გახსოვს, პეტრე ათონელს, რომელიც 52 წელი მოღვაწეობდა, ეშმაკი ძმიშვილის სახით გამოეცხადა, მოეხვია და კოცნა დაუწყო? ეუბნებოდა: - შენს ძებნაში ფეხები დამისისხლიანდა. ქალაქს სჭირდება შენი ქადაგება და თუ წამოხვალ, ბევრ სულს აცხოვნებო. აცრემლებულმა წმინდანმა უთხრა: - ძმისშვილო, მე ღვთისმშობელს დავპირდი და არ შემიძლია აქედან წასვლაო. ამის თქმისთანავე ძმისშვილი ჰაერში გაიფანტა და წმინდა პეტრე გაოცდა ეშმაკის მზაკვრობით.
ძმაო ნექტარიოს, დაფიქრდი ამ მცირეოდენზე, რაც მოგწერე. დაფიქრდი იმაზე, რომ სატანა დაგცინის და გაცდუნებს. ეს ეშმაკის საქმეა და შენ დაგუფლებია სიამაყე, განკითხვა და ძმათა სიძულვილი.
საჭიროა წრფელი, თავმდაბლობით შემუსვრილი გულით აღსარება. ყველა უნდა გიყვარდეს და თავს ყველაზე უარესად თვლიდე.
მაპატიე, ძმაო ნექტარიოს, ამას ძმური გულისტკივილით გწერ, რათა არ უხაროდეს ეშმაკს. მოდი ჩემთან კელიაში და დაწვრილებით ვისაუბრებთ, როგორც ამბობდა უფალი: "ძმა ძმისგან განმტკიცებული, ვითარცა ქალაქი შეუძვრელი". მეც მჭირდება, რომ დამეხმარო შენი ქადაგებით.
ჩემო ძმაო, მაპატიე. უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი და განვდევნოთ ყველა ბოროტება: ღმერთი სიყვარულია და მოყვარულნი თვისნი უყვარს. ამინ.
შენი მდაბალი ძმა, მონაზონი პეტრე დიდლავრელი".