მამა ქრისანთე - "მოგონებები"
წმინდა სპირიდონის მონასტერი და პირეის ეკლესიები.
პირეაში, ზღვის პირასაა წმინდა სპირიდონის დიდი მონასტერი, რომელიც 1821 წელს ჩვენმა მამებმა არსენალად გამოიყენეს. ამ მონასტერში დადიოდნენ ჩვენი დამონებული წინაპრები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხალხის მონობიდან განთავისფლებას ევედრებოდნენ. ამ მონასტრისა იყო მიწა კარაკის მთამდე, სადაც ცხოველსმყოფელი წყაროს ეკლესიასთან მონასტრის მეტოქიონი მდებარეობდა. ამ ეკლესიაში განდიდებული იყო წმინდა დემეტრეს ხატი, რომელსაც წმინდა დემეტრეს დღესასწაულის საღამოდან მეორე საღამომდე, წმინდა ნესტორის დღემდე, ზეთი სდიოდა. ამიტომაც წმინდა ხატს წმინდა დემეტრე ზეთმდინარეს ეძახდნენ. ამ ხატს ბაირაღად (წინამძღოლად) მიიჩნევდნენ თურქთაგან საბრძნეთის განმათავისუფლებლები. ბავარიელებს, რომლებიც აქ მოვიდნენ და მონასტერი გააუქმეს, არ სჯეროდათ სასწაულებისა. მათ ხატი ცალკე ოთახში ჩაკეტეს, მაგრამ ყოველღამე ზეთი სდიოდა. მერე მონასტრის ქონება აღწერეს და კონფისკაცია ჩაუტარეს. სად არის ეს ხატი, არავინ იცის.
ბავარიელებმა წმინდა პარასკევას ეკლესია აიღეს და იმ ადგილას ლურსმნების ქარხანა ააშენეს. მაგრამ ხალხს ვიღაც მოხუცი დედა ეცხადებოდა. იგი თვით წმინდა პარასკევა გახლდათ. შეშინებულებმა სამუშაო მიატოვეს. ქარხანა დაკეტეს.
წყარო ცხოველსმყოფელის სახელობის ეკლესიის გვერდით მღვიმეში დასახლდა კეთილმოკრძლებული და ღვთისმოშიში კონსტანტინოპოლელი მონაზონი ანასტასია. მთელი მხარის ღარიბი ბავშვები შეკრიბა და წერა-კითხვა ასწავლა. მონაზვნობის მოძულეებს შეეშინდათ, დედა ანასტასია ყველას მონასტერში წასვლისკენ მოუწოდებსო და დევნა დაუწყეს, დააბრალეს ჯადოქრობა, მკითხაობა და ეკლესია დაკეტეს. ეკლესიის პატრონმა ღვთისმშობელი იხილა, სასჯელისა შეეშინდა და წმინდა ტრაპეზის წინ სანთლები აანთო.
მესაფლავე პაპა დიმიტრი. პირეის პირველი სასაფლაო, ფერისცვალების ტაძრის ზემოთ, უვერცხლოდ მკურნალთა სახელობისა იყო. მაშინ ეკლესიას დევნიდნენ და მღვდლებმა, ხარჯები რომ დაეფარათ, ტაძარში სანთლების გაყიდვა ბრძანეს. ადრე სანთლებს არ ყიდიდნენ, ისინი მორწმუნეებს მოჰქონდათ. მაშინ ჯერ კიდევ არავის ვიცნობდი. ნეტარი ბერიკაცი დიმიტრი ყოველ შაბათ საღამოს მოდიოდა პირეის მოედანზე. მას ყველანი გროშებს აძლევდნენ ეკლესიის საჭიროებისათვის (ეს 1903 წელს ხდებოდა). ერთხელ პოლიციელმა ის საპოლიციო უბანში წაიყვანა. დიმიტრიმ მხიარულად უთხრა მათ: - რა გინდათ, შვილებო, ძმებო! მე ხომ ეკლესიისთვის ვკრებ ფულს. თქვენ თვითონაც იცით, მხოლოდ პურითა და წყლით ვსაზრდოობ, პატარა სენაკში ვცხოვრობ, სადაც უვერცხლოთა ხატის წინ ვლოცულობ და თქვენს ჯანმრთელობას ვევედრებიო.
მაგრამ უწყალო პოლიციელებმა ისე სცემეს, სულ დაალურჯეს. ეს მთელმა პირეის ბაზარმა შეიტყო. მივიდნენ პოლიციაში და ბერიკაცი გამოითხოვეს. ის ჩემს ბებიასთან, ლამპრების აღმნთებელთან მოვიდა, არვანულ დიალექტზე ისაუბრეს, ვინაიდან ის წარმოშობით პოროსელი იყო. გახარებულმა დიმიტრი პაპამ წამოიძახა:
- ქალბატონო ბასილენა (ასე ეძახდნენ ბებიაჩემს), არ მწყინს, რომ მცემეს; ის მაწუხებს, რომ ეკლესიისთვის შეგროვილი ფული წამართვეს.
ერთ საღამოს შეგვატყობინეს, დიმიტრი პაპა გარდაიცვალაო.
მახსოვს, წმინდა ბასილის ეკლესიაში ორ დაფაზე ესვენა, თავგვირგვინიანი, თეთრი სუდარა ჰქონდა გადაფარებული, სახე უბრწყინავდა. საფლავში რომ ჩაუშვეს, ხალხი ამბობდა: - რა ბედნიერია ახლა ცათა შინა დიმიტრი. ნეტარი სიკვდილით მოკვდა და ახლა ღმერთს ჩვენთვის ევედრებაო.
კოკინელმა ბაყალმა იოანე ლირიდასმა ფანქრით ფურცელზე მიცვალებულის სახე ჩაიხატა და მიაწერა: "ეს არის მამა დიმიტრი, ქრისტეს სიყვარულით მკვდარი".
მოსაგრე ლუკა ბეთანიელი. ატიკაში, ვილის ნაპირთან, "პსაფაში", ოდესღაც წმინდა იოანე ოქროპირის სახელზე ნაკურთხი მონასტრის ნანგრევებია. ამ მონასტრის მიდამოებში მღვიმეები იყო. ერთ-ერთ მათგანში მოღვაწეობდა წმინდა კაცი ლუკა ბეთანიელი. ის დაფარულმცოდნეობის მადლის ღირსი შეიქმნა და ყველა მიმსვლელს ეუბნებოდა: უფრთხილდით უცხოელებს. მოვლენ და მთელ ქონებას წაგართმევენ, თქვენ კი მათ წერილობით რწმუნებას მისცემთო...
წმინდა მოსაგრე სასურველი მოქალაქე შეიქმნა ზეციური სასუფევლისა. მის წმინდა ნაწილებს ემჩნეოდა აშკარა ნიშნები წმინდანობისა, მაგრამ დიდხანს მისი არაფერი იცოდნენ იმ დევნის გამო, რომელიც აღძრა მონაზვნობის მოძულე ოტონმა. ის უკრძალავდა ჩვენს მამებს, მიახლოებოდნენ ატიკის მღვიმეებში დაყუდებულ მოსაგრე მამებს. მაგრამ უფალმა განადიდა წმინდანი შემდეგი სახით: პელოპონესში ერთი კაცი შეპყრობილობისგან ძლიერ იტანჯებოდა. ეშმაკი ყვიროდა, აქედან არ გამოვალ, ვიდრე წმინდა ლუკა ბეთანიელის ნაწილები პსაფიდან არ მოვაო. როგორც კი წმინდა ლუკას ნაწილები მოაბრძანეს, ეშმაკმა დაიყვირა:
- აქ რა გინდა, ლუკა? მე შენ არ შეგეჯიბრები.
როგორც კი ავადმყოფი შეახეს წმინდა ნაწილებს, ეშმაკმა ვეღარ დაითმინა საღვთო ძალა და კაცისგან გამოვიდა.
ახლა მონასტერში ცხოვრობს ერთი მოსაგრე დედა, ნათესავი წმინდა ლუკა ბეთანიელისა. მონასტერში ერთი ეშმაკეული მოიყვანეს და ეშმაკმა იყვირა:
- ისმინე, მონაზონო! ეშმაკმა მრვალგზის სცადა მოსულიყო შენთან და შენი ყოველი საქმე დაერღვია. გააგდე აქედან, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. შენი წინაპარი, ლუკა ბეთანიელი ნებას არ მაძლევს, რომ რაიმე გავნო.
ვისაც რწმენით მოუწოდებია სახელი წმინდა ლუკასი, მას სახიერი ღვთისგან სათხოვარი აღსრულებია. მე, როგორც კაცთა მოძღვარი, ვალდებული ვარ, მოგითხროთ ჩემთვის ცნობილი წმინდა სასწაულები. დაე, ყველამ იცოდეს, როგორ არიან განდიდებულნი ახალი წმინდანები და მიხვდნენ, რაოდენ დიდი მოსაგრენი იყვნენ ისინი ჩვენი დროისა და რაოდენი კადნიერება მოიპოვეს ღვთის წინაშე, რაზეც ბრძანებს წმინდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი გამოცხადებაში.
როგორ დაარსდა ატიკაში, ლიკივრისიაში, წმინდა ირინა ქრისოვალადელის მონასტერი. მრავალ ახალგაზრდა მორწმუნეს მონაზვნობა სურდა. მათ შორის გამოირჩეოდა სამი მეგობარი, რომელთაც ერთი სული და ერთი მისწრაფება ჰქონდათ. ეს ყმაწვილები მუდამ ფეხშიშველნი დადიოდნენ. როცა ეკითხებოდნენ, ასე რატომ იქცევითო, პასუხობდნენ, ამით უფალ იესო ქრისტეს ვბაძავთო. ორი მათგანი მთაწმინდაზე გაემართა და ბერად აღიკვეცა, მესამე კი ეპისკოპოსად აკურთხეს. ერთხელ ერთი მათგანი ავად გახდა და სოფელში წავიდა სამკურნალოდ. წიგნის მაღაზიაში შევიდა და ძველი გამოცემები იყიდა. მათ შორის იყო წიგნი, რომელშიც დაწვრილებით იყო გადმოცემული ღირსი ირინა ქრისოვალადელის ცხოვრება. ღვთისმოშიში ახალგაზრდა მონაზონი გააოცა იმ სასწაულებმა, რომელსაც ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის რჩეულებზე. წმინდა ირინას შეევედრა და განკურნება სთხოვა. ძილში წმინდანი იხილა. მან მონაზონს მუჭით ბარდა ჩაუყარა და უთხრა: "ნუ გეშინია, იმდენ წელს იცოცხლებ, რამდენ ბარდის მარცვალსაც გაძლევო". მონაზონმა გაიღვიძა და თავი უკეთ იგრძნო. გავიდა რამდენიმე წელი. გაიცნო კუნძულ სიფნოსელი მონაზონი იოანიკე და სთხოვა, წმინდა ირინას მომცრო ხატი დამიხატეო. მან ღირსი დედის ხატი ათონზეც შეუკვეთა, წმინდა ანას სკიტის ხატმწერ მამა ნექტარიოსს. მეგობარმა ურჩია, ხატზე ანგელოზი დაეხატა, რომელიც წმინდანს ვაშლს უწვდის. ამ წმინდა ხატის ხილვა ლიკივრისიაში შეგიძლიათ, აქვე შეიტყობთ, წმინდანის ლოცვით თუ როგორ ახდენს ყოვლადსახიერი ღმერთი გაუგონარ სასწაულებს, რომლითაც ურწმუნოებიც კი განკვირდებიან. ამ მონასტრის ქტიტორი აზიელი ლტოლვილი გახლდათ. დედამისი ექიმი იყო და მისგან განკურნებულმა მოხელეებმა ნება მისცეს, თურქეთიდან ძვირფასეულობა წამოეღო. გადმოლახა საბაჟო, ჩავიდა პირეაში, გაყიდა ძვირფასეულობა, ეკლესია ააგო და წმინდა მთავარანგელოზთა სახელზე აპირებდა კურთხევას. არ ვიცი, როგორ გადაწყვიტეს მისი წმინდა ირინა ქრისოვალადელის სახელზე კურთხევა, რადგან მაშინ მთაწმინდაზე ვიყავი.
გაგაცნობთ საკუთარი თვალით ნანახ რამდენიმე სასწაულს, რათა გამომჟღავნდეს ის წმინდანის სადიდებლად.
არც ერთ თქვენგანს არ ძალუძს აღწეროს სასწაულები, რომელთაც წმინდა ირინა თავისი ხატის მიერ აღასრულებს. დღემდე არ წყდება მისი სასწაულებრივი გამოცხადებები და წმინდანიც ქვეყნის აღსრულებამდე არ შეწყვეტს მისკენ დიდი რწმენით მილტოლვილთა განკურნებას.
ერთხელ სანიტარმა მთხოვა, ფაშა-ლიმანში ავადმყოფ გოგონას საზიარებლად წამომყევიო.
გოგონამ მიამბო: "მძიმედ გავხდი ავად, ჩამსვეს თვითმფრინავში და მშობლებთან გამამგზავრეს. შინ, როცა მარტო დამტოვეს, ჩემს წინ უცნობი დედა ვიხილე. მკითხა: - ქალიშვილო, თუ მიცნობო. არა-მეთქი. ჩემი სახლი ლიკივრისიაშია. იქ ირინა ქრისოვალადელი იკითხე და ყველა მიგასწავლის. მოგიყვანენ იქ და გამოჯანმრთელდებიო.
გოგონა ვაზიარე და აცრემლებული შინ დავბრუნდი. მერე ვკითხე სანიტარს მისი ამბავი. უკვე გამოჯანმრთელდაო.
იმავე წელს მეც მძიმედ გავხდი ავად. ჩემთან მრავალი მნახველი მოდიოდა, მათ შორის იყო ერთი მონაზონიც, რომელიც აღსარებაში გამომიტყდა, რომ გმობის გულისთქმები ჰქონდა წმინდა ირინას მონასტერში ხატზე გამოხატულ ვაშლზე. მაშინვე გამახსენდა ეს წმინდა ხატი და უფლის მიერ მისით აღსრულებული სასწაულები. მას ვურჩიე, მოეშორებინა ეს გმობის გულისთქმები, რომელსაც სულში კაცთა მოდგმის მტერი უჩურჩულებდა.
ორი თუ სამი საათის მერე მოსანახულებლად ძმა მესტუმრა, რამდენიმე ვაშლი მომიტანა და მითხრა:
- როცა წმინდა ირინას მონასტერს ჩავუარე, მონაზონმა შეიტყო, რომ ავად ხარ და ეს ვაშლები შენთან გამომატანაო.
გამახსენდა ის მოხუცი მონაზონი და ძმას ვკითხე, რა დროს მოგცა იღუმენიამ ვაშლი-მეთქი. სწორედ ის დრო დამისახელა, როცა მე მონაზონს ვურჩევდი, გმობის გულისთქმები უკუაგდე და არ დაიჯერო ის, რასაც ზოგიერთი ერისკაცი წმინდა ირინას ვაშლებზე ამბობს-მეთქი.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ყველაზე ხანდაზმული ვარ პირველ ღვთისმსახურებს შორის. იციან, რომ საკუთარი ნებით დავუტევე სოფელი და მონაზვნად აღვიკვეცე, რომ ჩემი მამის ლოცვით მე არ შემიბილწავს ჩემი სიყმაწვილე, არამედ თავგანწირვით შევუდექი ღვაწლს ერთი წმინდა და კათოლიკე ეკლესიისთვის. ამისთვის დავითმინე დევნა, გადასახლება და დღემდე სხვა არაფერი მიფიქრია, მხოლოდ ერთი, რომ არავისთვის ვქცეულიყავი საცთურად.
მე ჯერჯერობით მედიდური ვარ, ამიტომაც ვთხოვ შენდობას ყოვლადსახიერ ღმერთს და ერთ რამეს ვევედრები - განმაძლიეროს მისდამი მართალ სარწმუნოებაში. ამას იმიტომ გიყვებით, იცოდეთ, წმინდა ირინა ქრისოვალადელის სასწაულები მონაზონთა სიცრუე და თაღლითობა კი არ არის, წმინდანის მიერ აღსრულებული საღვთო საქმეა. წმინდა ირინა, ისევე, როგორც წმინდა მეთოდე აღმსარებელი, სიცოცხლეში ღირსი შეიქმნა წმინდა იოანე ღვთისმეტყველისგან ვაშლის მიღებისა. დაფიქრდით ამაზე, რამდენად უყვარდა წმინდანნი მეუფე ქრისტეს, რომ ასეთი დიდი მადლი და კურთხევა მიაგო.