მამა. ღირსსახსოვარი მამა ხარლამპე, ერისკაცობაში ხარლამპე გალანაპულოსი, კურთხეულ პონტოში დაიბადა. მის ღვთისმოშიშ მშობლებს ლეონიდე და დესპინე ერქვათ.
ლეონიდე მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი ერთი ძმა ანასტასი შემდგომში მონაზონი გახდა - მამა არსენი იოსებ ათონელის თანამოსაგრე იყო; და, პართენიაც, მონაზვნად აღიკვეცა ევპრაქსიას სახელით და ცნობილ მამას, იერონიმე ეგინეტს დაემოწაფა. ლეონიდესაც ბერობა უნდოდა, მაგრამ საღვთო განგებულება სხვაგვარად განსჯიდა.
პონტოელ ბერძნებს განადგურებით ემუქრებოდნენ თურქი დამპყრობლები. იძულებული გახდნენ, სამშობლოსა და პირად ქონებაზე უარი ეთქვათ და ამით რწმენა შეენარჩუნებინათ. 1880 წელს პონტოელი ბერძნები მასობრივად გადასახლდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ლეონიდე და მისი ახლობლები ეკატერინოდარის (ახლანდელი კრასნოდარი) მახლობელ სოფელში დასახლდნენ, სადაც მამათა ტრადიციების მიხედვით განაგრძობდნენ ცხოვრებას.
ლეონიდეს მონაზვნობა სურდა. მისმა მშობლებმა ეს არ იცოდნენ და მისთვის სარძლოს ეძებდნენ. ერთი თავმდაბალი, კეთილგონიერი და შრომისმოყვარე გოგონა შეურჩიეს. მოელაპარაკნენ დესპინეს მშობლებს და მათ სახლში "სიყვარულის ტრაპეზი" გაიმართა. ამ დროს საპატარძლო და სასიძო ერთმანეთს ეცნობიან, რაც უმეტესწილად შეუღლებით მთავრდება.
სანამ ეს სუფრა გაიშლებოდა, წინა დღეს ლეონიდეს თავს რაღაც მოხდა. მას ერთგვარ ხილვაში წარმოუდგა, რომ იგი, მშობლებთან ერთად, მეგობრებთან სტუმრობდა, სადაც ადრე არასოდეს ყოფილა. მასპინძლებს მიესალმნენ და თავმდაბალმა გოგონამ სტუმრებს ტრადიციული ნუგბარი მიართვა. ლეონიდეს შინაგანმა ხმამ მკაფიოდ უთხრა: - ეს გოგონა შენი მომავალი მეუღლეაო. მეორე დღეს ზუსტად ასე მოხდა. ცოტა ხნის მერე მშობლებმა ქორწინებაზე საუბარი რომ წამოიწყეს, ლეონიდე ამისთვის უკვე მზად იყო. დესპინემაც დაუფიქრებლად მიიღო მშობლების წინადადება.
შრომისმოყვარე ლეონიდე მალე დადგა ფეხზე, იგი მეთამბაქოეობას ეწეოდა.
იმ პერიოდში ლეონიდეს და, 16 წლის პართენია სამშობლოში დაბრუნდა და პონტოს ერთ-ერთ დედათა მონასტერში მოეწყო. ლეონიდემ მისი მონახულება გადაწყვიტა. გემით უნდა გამგზავრებულიყო. თანამგზავრებს შეუთანხმდა, უმისოდ არ წასულიყვნენ. სხვა დროს ლეონიდე გამგზავრების წინ ერთი-ორი საათით ადრე ემზადებოდა ხოლმე, მაგრამ იმ ღამეს ღრმად ჩაეძინა. როცა გაეღვიძა, ხომალდი ორი საათის წასული დახვდა. ჯერ გაბრაზდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ უფალმა ასე ინება. მეორე გემზე რომ იღებდა ბილეთს, შეიტყო, რომ წინა გემი, მგზავრებიანად, ზღვაში ჩაძირულიყო.
ერთხელ რუსეთში მეგობრებმა ლეონიდეს მეზობელ ქალაქში წასვლა შესთავაზეს. შეთანხმდნენ, ღამე გაეთიათ ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც სამეძაო სახლად იყო ქცეული. ლეონიდემ ამის შესახებ არაფერი იცოდა და მას შეგნებულად უბიძგეს გარყვნილების მორევისკენ. ყველანი ცალ-ცალკე ნომრებში მოათავსეს. ლეონიდემ გააღო კარები და რას ხედავს, ვიღაც ურცხვი გოგონა ლოგინისკენ ეპატიჟება. გთხოვ, წყალი შემომიტანე, წყურვილით ვიხრჩობიო, - უთხრა გოგონას. ის გავიდა, ლეონიდემ კარები ჩაკეტა და მაშინვე ტკბილად ჩაეძინა. უფალმა მისი უბიწოება რომ იხილა, გადაწყვიტა, სამოთხის ხილვით დაეჯილდოებინა. ძილში ის ხედავს, რომ უმშვენიერესი ბაღის წინ დგას. ჩიტები ტკბილხმოვნად გალობენ... გამოეღვიძა ლეონიდეს. მეგობრებს უსაყვედურა და შინ დაბრუნდა.
ლეონიდესა და დესპინეს ათი შვილი შეეძინათ, მაგრამ საღვთო განგებულებით, ცოცხალი მხოლოდ ხუთი გადაურჩათ. ლეონიდეს მრავალი სათნოება განამშვენებდა, მათ შორის მოწყალების გაღებაც. ერთხელ, დიდ ხუთშაბათს, დესპინე პასქებს აცხობდა. ფქვილი დააკლდა. ლეონიდე მეზობელს ესესხა. ცოტა ხანში ვიღაც გლახაკი მოადგათ კარს და ფქვილი ითხოვა. მიეცი ნახევარიო, - უთხრა ცოლს ლეონიდემ. ქალი შეყოყმანდა: - ეს ფქვილი ხომ ჩვენც არ გვეყოფაო. ლეონიდე შეუვალი იყო და ცოლიც დამორჩილდა. ფქვილი გასცეს, მაგრამ ღვთის წყალობით ათგზის გადაეხადათ.
რუსეთში მონარქიის დამხობის მერე ახლანდელი კრასნოდარი ბოლშევიკებმა დაიჭირეს. ქვეყანას ათეიზმი მოედო. პონტოელთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ასე მოიქცა ლეონიდეც და დრამასთან ახლოს მდებარე სოფელში დაბინავდა.
ხარლამპე. იგი რუსეთში დაიბადა დაახლოებით 1910 წელს. მისმა ბიძამ, ანასტასიმ, მთაწმინდაზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ პონტოური ტრადიციით, ერთი ნათლული მაინც უნდა ჰყოლოდა, რომ მომავალში ქრისტეს არ განეკითხა. ანასტასიმ ძმას უთხრა: "ლეონიდე, ის, ვისაც დესპინე გააჩენს, ჩემი გახდება, მისი ნათლია ვიქნებიო!" მართლაც, ანასტასის ნათლული მომავალში ნათლიის გაკვალულ ბილიკს გაჰყვა. ყრმას ხარლამპე დაარქვეს.
ხარლამპე 12 წლამდე რუსეთში იზრდებოდა და ამიტომაც კარგად იცოდა რუსული ენა. შემდეგ კი ნათესავებთან ერთად დრამაში გადასახლდა. წარმატებით დაამთავრა დაწყებითი სკოლა, გიმნაზიაში მოეწყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და მამას დახმარებოდა სამეურნეო საქმეში. თან მერიაშიც მსახურობდა კურიერად. დღისით მინდორში მუშაობდა, საღამოს პარიკმახერობდა. ხარლამპე გარეგნულად ერისკაცულ საზრუნავში ჩაფლული ჩანდა, მაგრამ უბიწო სული ჰქონდა. ამის დასტურად მხოლოდ ერთ შემთხვევას მოგიყვებით.
დემონის შთაგონებით, 23 წლის ხარლამპე ერთ ლამაზ ოფიცრის ცოლს მოეწონა. მისმა მრავალნაირმა მზაკვრობამ შედეგი არ გამოიღო. ერთხელ, როცა ქმარი შორს დაიგულა, ქალმა ყმაწვილზე იერიში მიიტანა. ჯერ უთხრა, მეშინიაო და გაცილება სთხოვა. თითქმის ძალით შეიპატიჟა შინ. გაშიშვლდა და ეცა ყმაწვილს. უმანკო ვაჟმა, როგორც კეთილგონიერმა იოსებმა, მრისხანედ ხელი ჰკრა ქალს და გარეთ გამოვარდა.
ახალგაზრდობაში ხარლამპე მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიური იყო. უყვარდა ცეკვა-სიმღერები, თეატრი. საფეხბურთო გუნდის შეუდარებელი მეკარე იყო. მაგრამ როცა ქორწილებში სხვები ცეკვავდნენ, მღეროდნენ, საშინელი მღელვარება იპყრობდა. მხიარულების ნაცვლად ცრემლები აწვებოდა და ტიროდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს ცრემლები ღვთისგან იყო, რადგან ქორწინება უდიდესი საიდუმლოება გახლავთ. როცა ამას იხსენებდა მამა ხარლამპე, ხუმრობით ამბობდა: "განა მათთან ერთად არ უნდა იტირო? მაშინ, როცა მონაზვნობა სამოთხეა, ისინი ქორწინების ჯაჭვით შეკვრას ამჯობინებენ".
ხარლამპეს ახალგაზრდობისას საბერძნეთის ეკლესიაში ახალ სტილზე გადასვლის გამო განხეთქილება მოუხდა. შედეგად ხალხი ორ მტრულ ბანაკად გაიყო. პირველმა ეკლესიის მორჩილება ირჩია, მეორემ ერთგულება კალენდარს გამოუცხადა. ხარლამპე თავისი ქალაქის მეძველსტილეთა მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ეს გუნდი უბრალო, ღვთისმოშიში და წმინდა ქრისტიანებისგან შედგებოდა. მათ შორის იყო ვინმე ილია. ხარლამპე მისი ღვთისმოშიში ცხოვრებით აღფრთოვანებული იყო, გულით მიეჯაჭვა მას და ვიდრე მთაწმინდაზე არ გაემგზავრა, მას არ გაშორებია.
ხარლამპემ მკაცრი ასკეტური ცხოვრება იწყო, დღისით მუშაობდა, ღამით კი ღამისთევის ლოცვას ატარებდა, მუდამ მარხულობდა და დღეში მხოლოდ ერთხელ, საღამოს მეცხრე ჟამზე მიიღებდა მშრალ საკვებს. უარს ამბობდა ხორციან საჭმელზეც.
ხარლამპეს სული საღვთო ცეცხლით აენთო, ამ სოფლიდან განშორების გულისთქმები გაუჩნდა. მისი თანამებრძოლები მღვდლობას აიძულებდნენ, რასაც მისი მოძღვარი ილია ეწინააღმდეგებოდა: "ან მონაზონი გახდები, ან ერში იქნები უცოლო მღვდელიო".
ამიტომ ხარლამპემ საბერძნეთის ოკუპაციამდე, 1940 წლამდე, თავისი ბედი ვერ გადაწყვიტა. ბოლოს მშობლებმა ერთი ძალზე თავმდაბალი გოგონა გამოუძებნეს. დიდი ხნის საუბრების შემდეგ დათმობას აპირებდა, მაგრამ ერთმა ამბავმა მთლიანად შეცვალა ხარლამპეს ცხოვრება.
დადგა 1941 წელი. საბერძნეთს გერმანია დაპატრონებოდა, მაკედონიას კი გერმანიის მომხრე ბულგარელები. მაკედონიელებს ბულგარულ დამპყრობლებზე არანაკლებ ვნებას მოღალატე ბერძნები აყენებდნენ.
1941 წლის ზაფხულში ქალაქში ნაცისტური მოძრაობის წევრები მოვიდნენ, რომლებიც გზად ყველას კლავდნენ. მაშინ მამა გიორგი ქარსლადისმა თავის პატარა მონასტერში ძალიან ბევრი ადამიანი შეიფარა და გადაარჩინა. მათ შორის იყვნენ ხარლამპე და მისი 16 წლის ძმა დამიანე. როცა საფრთხე თითქოს შენელდა, ხარლამპემ ურემი შეაბა და ტყეში შეშის დასამზადებლად გაემართა.
- ხელები მაღლა! - მოესმა უცებ. თურმე ნაცისტური მოძრაობის წევრთა ალყაში მოხვდნენ, - არამზადებო, ხომ დაგიჭირეთ. თქვენ ყველანი ჯაშუშები ხართ.
- რას ამბობთ. ეს ჩემი ძმაა, არასრულწლოვანია. აბა, როგორი ჯაშუშები ვართ! - უარობდა ხარლამპე, პასუხად კი ურტყამდნენ, აწამებდნენ, მთელი კვირა ყლუპი წყალი არ მიუციათ...
ციხეში ხარლამპემ მცველთა შორის თავისი ნაცნობი დაინახა და დაუძახა, - ათანასეო. ათანასე მოუბრუნდა და მათრახი გადაჰკრა - ისიც თურმე მოღალატე ყოფილა. მეშვიდე დღეს აუწყეს, რომ მათ დახვრეტა მიუსაჯეს. ამ ამბავმა შეაძრწუნა ვაჟები. ხარლამპე ღრმად ჩაფიქრდა: "რა ამაო ყოფილა ეს ცხოვრება... ხარლამპე, დაოჯახება, მღვდლობა და ადამიანთა გადარჩენა გინდოდა. აბა, ჯერ თავი გადაირჩინე". მერე მუხლებზე დაემხო და წმინდა გიორგის მიმართა: - წმინდაო მთავარმოწამეო, გადაგვარჩინე და პირობას გაძლევ, რომ სიცოცხლეს ღმერთს მივუძღვნიო. ლოცვა დაამთავრა თუ არა, ზემოდან ფლოქვების ხმა მოესმა. აიხედა - მისკენ ცხენი მოქრის, მხედარი კი არ ჩანს. "ეს ნამდვილად წმინდა გიორგია, ოღონდ მე მისი ხილვის ღირსი არ ვარ. არა უშავს, ესეც საკმარისია, რომ მისი ცხენი დავინახე. ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდანმა ჩვენი ლოცვა შეისმინა", - გაიფიქრა ხარლამპემ.
მის გარდა მთავარმოწამე არავის დაუნახავს. "გამაგრდით, ბიჭებო, - უთხრა ძმას, დამიანეს და ბიძაშვილ ბასილს, - ჩვენ წმინდა გიორგი დაგვიხსნის".
მაგრამ როგორ გინდა გამაგრდე... დრო გადიოდა, აღსასრული ახლოვდებოდა. მეორე დილით ჯალათები გამოვიდნენ და პატიმრები განაჩენის აღსასრულებლად გაიყვანეს. თოფები მოიმარჯვეს. ამ დროს კარები გაიღო, ბრგე ახალგაზრდა შემოვიდა და მრისხანედ აყვირდა: "არამზადებო, ახლავე შეწყვიტეთ, თორემ ყველას ადგილზე დაგაწვენთ. თავი ანებეთ ამ უდანაშაულო ხალხს და შინ გაუშვით". წამში ყველაფერი შეიცვალა. ჯალათები სადღაც გაქრნენ. მათთან ერთად ის უცნობი ყმაწვილიც გაქრა. ატყდა სიხარულის შეძახილები, ხვევნა-კოცნა...
- განა არ გითხარით, წმინდა გიორგი გადაგვარჩენს-მეთქი? მე დავპირდი, რომ ჩემს თავს ღმერთს მივუძღვნი, - თქვა ხარლამპემ.
დამიანემ დაუმატა: - მე აღთქმა მივეცი, რომ ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემს სახლში მისი ხატის წინ კანდელი მუდამ ანთებული იქნება.
ბიძაშვილმა ბასილმა თქვა: - მე კი მას ჩემს ცხენს დავპირდი.
მაგრამ უცნობი კეთილისმსურველის ვინაობა ვერ გაერკვიათ. ერთნი ამბობდნენ, მამაცი ყმაწვილი იყოო, სხვები - შუახნის კაციო, მესამენი იფიცებოდნენ, მისი მარტო ხმა გავიგონეთ, მაგრამ არავინ დაგვინახავსო. ზოგს მოეჩვენა, ბერძნულად ლაპარაკობდაო, ვიღაცას კი ბულგარულად მოლაპარაკედ.
მალე კარები გაიღო და ბულგარეთის მეფის, მორისის ამნისტია გამოაცხადეს. იმ დღეს ტახტის მემკვიდრე დაიბადა, ამიტომაც მან ყველა პატიმარი შეიწყალა. შინ დაბრუნებული ძმები სალოცავ ოთახში შევიდნენ, რათა ღვთისა და წმინდა გიორგისთვის მადლობა შეეწირათ. ხატების წინ მუხლმოყრილი, თვალცრემლიანი მამა დახვდათ.
- მამიკო, დავბრუნდით, წმინდა გიორგიმ გაგვათავისუფლაო, - უთხრეს.
- დიდება ღმერთს, შვილებოო, - და ლეონიდემ ბიჭები გულში ჩაიკრა.
- წმინდა გიორგის შევპირდი, თუ გადაგვარჩენდა, თავს ღმერთს მივუძღვნიდი, - უთხრა მამას ხარლამპემ.
ამაზე კი ბრძენმა მამამ უპასუხა: - ეს საუკეთესოა, შვილო, ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია. სულით და გულით გაკურთხებ. გინდა რაღაც გითხრა?
- კი, მამა.
- იმ დღეს, როცა შეგიპყრეს და ცხენ-ურემი ცარიელი დაბრუნდა, მივხვდი: ყველაფერი დამთავრდა, თქვენ შეგიპყრეს. იმ დღიდან არც მიჭამია, არც მისვამს და ამ სალოცავი ოთახიდან არ გამოვსულვარ. ახლა ყველანი ცოტა უნდა მოვძლიერდეთ. წავიდეთ სამზარეულოში.
ტყვეობაში დადებული აღთქმები ხარლამპემ და დამიანემ აღასრულეს, ბასილი კი ეკლესიაში ცხენის მიყვანას აგვიანებდა. იმ გაჭირვების დროს ცხენი პრაქტიკულად ყველაფერი იყო. ბასილი ამბობდა: აღთქმაზე უარს არ ვამბობ, მაგრამ აღსრულებას გადავდებ, რადგან ცხენი ძალზე მჭირდებაო.
გავიდა 5-6 თვე, მაგრამ წმინდა გიორგიმ არ დაივიწყა აღთქმა. ერთხელ ღამე ძილში გამოეცხადა ბასილს: - ცხენი ჩემია, შენთან რატომ აჩერებო.
შეშინებულმა ბასილმა უთხრა:
- მოგიყვან, წმინდაო გიორგი, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.
- არა, - უთხრა წმინდანმა, - აღთქმის დღიდან ცხენი შენ აღარ გეკუთვნის. ცუდად იქცევი. ის ცხენი ჩემია.
მეორე დღეს, გათენდა თუ არა, ბასილმა ცხენი ეკლესიის ეზოს ღობეზე მიაბა...
გაგრძელება იქნება