მუხლი მოიდრიკე ძმის წინაშე, რათა სიყვარული გეწვიოს
მამა პაისი. 1968 წელს სტავრონიკიტას იდიორიტმული მონასტერი კინოვიად გადაკეთდა და მისი პირველი იღუმენი მამა ბასილი გახდა.
მამა ბასილი სულიერი შვილი იყო მამა პაისი ათონელისა. მალე ახალი კინოვიის გასაძლიერებლად სავანეში საცხოვრებლად მცირე ხნით მამა პაისიც გადმოვიდა. სწორედ მაშინ დაუახლოვდა იგი მამა არსენის საძმოს. ხშირად დადიოდა მათთან ღამისთევის ლოცვებზე, მათთან ერთად ტრაპეზობდა და მამა ხარლამპეს თხოვნით მცირე ქადაგებასაც წარმოთქვამდა. მამა პაისი მამა არსენს და ხარლამპეს ჩვეულებისამებრ ცალკე ესაუბრებოდა და "დიდ სიკეთეს იღებდა" ამით. მამა არსენის რჩევით, მამა ხარლამპე რთულ საკითხებზე რჩევის მისაღებად ხშირად მიდიოდა მამა პაისისთან. მამა პაისი თავის წიგნში იხსენებს მამა არსენის ნათქვამს: "როცა სკვნილზე ფეხზე მდგარი ვლოცულობ, ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებას ვგრძნობ, ხოლო დამჯდარი ლოცვისას სუსტად ვგრძნობ".
ერთხელ მამა პაისიმ ჰკითხა: "მამა არსენ, ძილში თუ ხედავ მამა იოსებს?" - "დიახ, მამაო, ვხედავ. რამდენიმე ღამის წინ ცხადად მეჩვენა. მოვიდა, მომეხვია და მითხრა: "როდემდე უნდა ვიცხოვროთ ცალ-ცალკე? მოდი ჩემთან, გელოდები". ვუპასუხე: - განა მე რამე შემიძლია-მეთქი?"
მამა პაისი დიდ პატივს სცემდა მამა იოსებს და დანანებით ამბობდა, - ეჰ, რამხელა რამ დავკარგე! როცა მთაწმინდაზე მოვედი, მამა იოსები ცოცხალი იყო. მისი დიდება მესმოდა და ერთმა ნაცნობმა მითხრა: - ნუ მოუსმენ, რასაც მასზე გეუბნებიან. ეს ყველაფერი სიცრუეაო. დავუჯერე და მამა იოსების მოსასმენად არ წავედი. მაგრამ როცა მისი წერილები წიგნად გამოიცა და წავიკითხე, მივხვდი, რომ იგი იშვიათი ადამიანი იყო და რაოდენ დიდ საგანძურს მოვაკლდიო.
მამა არსენის მცირე სწავლანი. ძმათა შეკრებაზე მამა არსენი თავმდაბლობით სიტყვას არ იტყოდა, მისი კელია კი მცირე აუდიტორია იყო, სადაც ძმები სათნოებებს სწავლობდნენ.
ერთმა ძმამ ჰკითხა: - მამაო, როცა მორჩილებას ვასრულებ, აუცილებელია ლოცვის წარმოთქმაო?
- რა თქმა უნდა, ლოცვა არ უნდა შეწყდეს, - უპასუხა ბერმა.
- ჩვენ ვცდილობთ ლოცვა მოუკლებლად წარმოვთქვათ, მაგრამ გონება გვეფანტება. როცა იმდენს ვლოცულობთ, რამდენის ძალაც შეგვწევს, მაშინ გონებას ძალას ვატანთ, რომ ჩვენი წარმოთქმული გაიგოს. მაგრამ ამას რომ მიაღწიო, დიდი თავის იძულებაა საჭირო. მუშაობისას ბაგეებით განუწყვეტლივ იმეორე: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". გონება, რა თქმა უნდა, გაგეფანტება, მოსცილდება სამუშაოს, იხეტიალებს, მაგრამ ყურს ხომ ესმის, რაღაცას მაინც ჩაავლებს ხელს და გულში ჩაუშვებს. თუნდაც ლოცვის არ გჯეროდეს, სატანას მისი კარგად ესმის და კანკალებს მარტო იესო ქრისტეს სახელის გაგონებით.
გუშინ მზარეულმა მითხრა: "მაკურთხეთ, მამაო. საჭმელი დავწვი". "ეტყობა, რაღაც ცუდი გულისთქმა გქონდა", - ვუპასუხე. "აღარ მახსოვს, მამაო". შენმა გონებამ რაღაც იოცნება და ლოცვა გაგიქრა-მეთქი. განა ეს ერთმანეთთან რაიმე კავშირშიაო? კავშირშია და თანაც როგორ. დაუკვირდი: როცა ლოცვას მოუკლებლად ამბობ, საჭმელი შენს გონებას არასოდეს გაფანტავს და ნახავ, რა გემრიელ კერძს მოამზადებ-მეთქი.
ჩვენი მოძღვარი, მამა არსენი თვითონ ამზადებდა ხოლმე საჭმელს. ვხედავდი, ამ დროს თვალზე ცრემლი არასოდეს უშრებოდა. სად იყო იმ დროს მისი გონება? რომ იცოდე, რა გემრიელ კერძს ამზადებდა! მას სხვა კელიებშიც კი იწვევდნენ სადღესასწაულო ტრაპეზის მოსამზადებლად". მერე კი მზარეულს მიუბრუნდა და თქვა: "აი მამა ნ-ი არ ლოცულობს, ეშინია, საჭმელი არ დაეწვას".
სხვა ძმამ ჰკითხა, - მამაო, ბევრ მონაზონს ჩვეულებად აქვს, მუშაობის დროს იესოს ლოცვის ნაცვლად ღვთისმშობლის აკათისტო იკითხოს. რომელი სჯობია?
- ღვთისმშობელს ძალზე უყვარს აკათისტოს კითხვა! მე, მამა იოსებთან ერთად, მუშაობისას აკათისტოს დღეში ორ-სამჯერ ვკითხულობდი. აი აქ აკათისტოს პატარა წიგნი მაქვს, სადაც დასაწყისში წერია, რომ ღვთისმშობელი მრავალ წმინდანს გამოეცხადა და დაჰპირდა, - ვინც ყოველდღე წაიკითხავს აკათისტოს, სიცოცხლეშიც დაიცავს მას და სიკვდილის მერეც უშუამდგომლებს თავისი ძის წინაშე. საფუძვლად კი, რა თქმა უნდა, იესოს ლოცვა ითვლება. თუ მოგწონს მისი წარმოთქმა, ნუ შეწყვეტ, რადგან ის ყველაფერს მოიცავს. თუ ლოცვა შეგისუსტდება, მაშინ აკათისტო წაიკითხე. ღვთისმშობელს ძალზე უყვარს "გიხაროდენის" ლოცვაც: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ". ზოგჯერ რამდენჯერმე წაიკითხავ ამ ლოცვას და ღვთისმშობელი ენით აღუწერელ სიტკბოებას გიბოძებს.
- მამაო, როცა სხეული ძალზე დაღლილი მაქვს, თუ შეიძლება დაწოლილმა ვილოცო?
- ქრისტე ჩვენგან არ მოითხოვს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. თუ ჩვენ მართლაც არც ჯდომა შეგვიძლია და არც ფეხზე დგომა, მაშინ ის ჩვენთან მაშინაცაა, როცა ვწევართ. მაგრამ თუ ძალი შეგვწევს და მაინც ვწევართ, მაშინ სატანაც იქვეა, უყურადღებობას და ძილს მოგვგვრის. ზოგს კი უარესსაც შეამთხვევს.
- მამაო, შეიძლება ღვინის დალევა?
- ეს შენს სულიერ მოძღვარს უნდა ჰკითხო. მაგრამ ფრთხილად იყავით, ვინაიდან ახალგაზრდებს ღვინო სისხლად გადაექცევათ, მოხუცებს კი წყლად. რაც შეეხება საჭმელს, თუ მარხვისას დილით მცირეოდენს შეჭამ, ცუდს არაფერს გიზამს. სჯობს დღეში ორჯერ ჭამო და ამპარტავნების რქა დათრგუნო, ვიდრე დღეში ერთხელ მიიღო საჭმელი და თავი ამით მოიწონო.
ერთმანეთთან ურთიერთობაზე კი მამა არსენი ამბობდა: - შეძლებისამებრ ვეცადოთ, რომ ყველა მამა ჩვენით კმაყოფილი იყოს. თუ კინოვიაში კარგი ურთიერთობა გაქვს ცხრა ძმასთან და ერთი ძმა დაუფიქრებლობით რაღაცით განამწარე, მაშინ ეს წინააღმდეგობად გექცევა ლოცვაში.
ერთხელ ერთმა ძმამ მუხლი მომიდრიკა: - მაკურთხე, მამაო. მე ერთი ჩვენი ძმა შევაწუხე და ამიტომ ლოცვა არ მომდისო. საშიში არაფერია. მუხლი მოიდრიკე ძმის წინაშე, რათა სიყვარული გეწვიოს და ლოცვაც კვლავ დაგიბრუნდება-მეთქი. "მამაო, მე ხომ მუხლი შენ მოგიდრიკე, განა ეს საკმარისი არ არის?" - შეცბა. "არ არის საკმარისი. რაც მის წინაშე შესცოდე, მასზე სთხოვე შენდობა". ვხედავდი, რომ მასში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობდა. ბოლოს წავიდა და შენდობა ითხოვა. მეორე დღეს კვლავ მოვიდა: "გმადლობ, მამაო, რჩევისთვის. მთელი ღამე სიხარულით და გულის შემუსვრილებით ვილოცე".
- მამაო, შენდობა ითხოვო, ეს კარგია. მაგრამ ხდება ხოლმე, ვინმეს შენდობას სთხოვ და ის არ გპატიობს. როგორ მოვიქცე?
- შენ შენდობა ითხოვე? ესე იგი თავისუფალი ხარ. მხოლოდ ეცადე, სიყვარული გქონდეს ძმისა და შემდგომში, ვიდრე ის არ მიიღებს შენს სინანულს, მისთვის სკვნილზე ილოცე.
მეტანიები. ერთხელ დიონისეს მონასტერში მამა არსენს ერთმა ძმამ უთხრა: - მეტანიები შევასრულე და გადავიღალეო.
- რამდენი მეტანია შეასრულე?
- ას ორმოცდაათი.
- ხედავ? ასორმოცდაათი მეტანიის გამო გადაიღალა! - უთხრა გაოცებულმა მამა არსენმა მამა იოსებ დიონისელს.
მან კი ხელსაყრელი მომენტი შეარჩია და მოძღვარს ჰკითხა: - მამაო, თქვენ და მამა იოსები რამდენ მეტანიას ასრულებთ?
- როცა ახალგაზრდები ვიყავით, სამი ათასამდე მეტანიას ვასრულებდით, მთელი ღამე სკვნილს ვმარცვლიდი, ჯვრის გამოსახვით, მაგრამ ერთხელ მხარი დამიჭირა და ეს მამა იოსებს ვუთხარი. მას მერე, მისი ბრძანებით, ჯვრის გამოსახვის გარეშე ვლოცულობ სკვნილზე, იმ ლოცვების გარდა, სადაც კანონის აღსრულება მოითხოვს.
- თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენს ღვაწლზე.
- პირველ წლებში წმინდა ბასილის სკიტში ჩვენი მოძღვარი დავმარხეთ და ორნი ვმოღვაწეობდით, ცალ-ცალკე, ჩვენ-ჩვენს კელიაში.
მამა იოსების ინიციატივით, მღვიძარების ყველა სახე გამოვცადეთ, რომელზეც წმინდა მამები წერენ. დიდი ხნის მანძილზე არ ვწვებოდით ლოგინში. ჩვენი ღამისთევა საღამოს იწყებოდა და დილით, მზის ამოსვლისას მთავრდებოდა. დაღლილ-დაქანცულები, მივსხდებოდით სტადისიებზე და ვიდრე ხელსაქმეს შევუდგებოდით, ხორცს დაწესებულ ხარკს ვუხდიდით. მთელი წლის მანძილზე დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამდით, უმთავრესად ორცხობილას ან პურს, ანდა რაიმეს, რაც ხელში მოგვხვდებოდა. შაბათ-კვირის გარდა უზეთოდ ვიყავით. დილით ხელსაქმეს ვასრულებდი, მე უფრო მეტად კელიის გარეგნული საჭიროებისთვის ვზრუნავდი. ერთდროულად შეუჩერებლად ვიმეორებდით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". უქმმეტყველება მამა იოსებისთვის სასიკვდინე ცოდვა იყო (აქვე უნდა გავიხსენოთ, რა უთხრა მამა იოსებ მღვიმელმა მამა ეფრემ კატუნაკელს: "ახლა დიდი მარხვაა, შაბათს ლიტურგია გვაქვს. ვეზიარებით, ვიტრაპეზებთ და ამის მერე შეიძლება მამა არსენთან საუბარი, ვიდრე კვირა დღის საღამომდე, კვირა საღამოს კი ერთმანეთს მუხლს მოვუყრით და მთელი კვირის მანძილზე ერთმანეთს აღარ დაველაპარაკებით, მხოლოდ ხელით მივანიშნებთ. შენ მოხვალ შაბათს, ვეზიარებით და მაშინ შევწყვეტთ დუმილს. ასეა ყოველკვირა", - კ.კ.).
- მამაო, ასეთი ცხოვრებით ხომ დავიხოცებით?
- არა, არა. ჩვენ ნუ მოგვბაძავთ. თქვენ ორი რამ აღასრულეთ და ქრისტესთან ერთად ვიქნებით, ესაა მორჩილება და თქვენი სულიერი მოვალეობები. რაც შეეხება მეტანიებს, მოძღვრის კურთხევით აღასრულეთ ძალისაებრ თქვენისა. თქვენს ენას მიხედეთ, რათა არ იუქმმეტყველოთ და არ განიკითხოთ, მოუკლებლად ილოცეთ, როცა საქმით იქნებით დაკავებული. განა ეს ძნელია?
- არა, მამაო.
- ეს არის ჩემი კურთხევა. აღასრულეთ იგი და ქრისტესთან ერთად ვიქნებით. დაე, მფარველი ანგელოზი მიგიძღოდეთ წინ.
ბოლო წლები და ნეტარი აღსასრული. მამა არსენის საძმომ ბურეზარში თორმეტი წელი იცხოვრა. მერე კი, დიონისეს მონასტრის მამათა თხოვნით, ამ მონასტერში გადავიდნენ საცხოვრებლად. ვიდრე ამ მონასტერში გადასვლაზე სიტყვა ჩამოვარდებოდა, მამა არსენმა ძილში მამა იოსები იხილა, რომელმაც უთხრა:
- ამ დღემდე ამბობდნენ, "მონაზონი არსენი და მისი საძმო". ამიერიდან იტყვიან, "მღვდელმონაზონ ხარლამპეს საძმოო".
თავისი სულიერი ძმის ნახვის სურვილით ანთებულმა იფიქრა, ალბათ ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი დამიდგაო. მაგრამ ასე არ მოხდა. როცა მამა ხარლამპე დიონისიატის იღუმენად აირჩიეს და ლოცვაზე წესისამებრ მოიხსენიეს, მაშინ მიხვდა ამ სიტყვების აზრს და დანანებით თქვა: - სამწუხაროა, რომ ჩემი დრო ჯერ არ დამდგარაო.
დიონისიატის სავანეში იმ დროს ბევრი ღირსი მამა მოღვაწეობდა, მათ შორის იყო მამა გაბრიელი, რომელიც ორმოცი წელი მართავდა მონასტერს. ეს ორი მხცოვანი მამა კვერთხის კაკუნით მიმოივლიდა ხოლმე მორჩილების საქმეზე გასულ ძმებს, ამხნევებდა და აძლიერებდა მათ.
გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე იღუმენი გაბრიელი ლოგინად ჩავარდა. ერთი წლის მერე მას მამა არსენიც შეუერთდა. ორივე მონასტრის პატარა საავადმყოფოში იწვა. ახლა იმკიდნენ იმის ნაყოფს, რაც დათესეს, ორივე სათნო ეყო უფალს იმ საქმეში, რომელშიც მან მოუწოდა.
მონასტრის ერთ-ერთი სანიტარი ამბობდა, - მრავალი წმინდა მამის მომსახურების ღირსი ვიყავი, მაგრამ ასეთი მორჩილი კრავი არ მინახავსო.
1983 წლის 2 სექტემბრის დილას მამა არსენი გარდაიცვალა. მას ორმოც დღეში მიჰყვა იღუმენი გაბრიელიც. ასრულდა ოცი წლის წინანდელი წინასწარმეტყველებაც: 1966 წელს იღუმენი გაბრიელი ახალ სკიტს ეწვია და მამა არსენთან საუბრისას როცა შეიტყო, რომ არა მარტო ასაკით, ბერობის წლებითაც თანატოლები იყვნენ, თქვა: - ჩვენ, ორი მამა, ერთად მოვკვდებითო.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა არსენს მამა იოსები გამოეცხადა და უთხრა: "არსენ, დადგა კურთხეული ჟამი. მე შენ გაშლილი ხელებით გელოდები".
საუკუნოდ იყოს ხსენება მათი!