ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
საცდური. ერთმა კარიესელმა მონაზონმა კანონად დაიდო, ათონი არასოდეს დაეტოვებინა, მაგრამ ეშმაკმა არც ამ ბერს დაანება თავი.
ერთხელ, როცა ვათოპედის მონასტერში ზეთისხილს კრეფდა, ტოტზე შემოხვეულმა გველმა ლოყაზე უკბინა. ლოყა დაუსივდა და გაუშავდა. იმ ადგილას წვერი გასცვივდა. ზოგიერთმა სალონიკში ექიმთან წასვლა ურჩია. მან კეთილის მსურველებს უთხრა: - რადგან აქამდე არაფერი შემემთხვა, აწი არაფერი მომივა. ღვთისმშობელი სიკვდილის ნებას არ მომცემს და განმკურნავსო.მართლაც, ღვთისმშობელმა, რომელიც ათონელ მონაზონთა მფარველი და პატრონია, ბერი სავსებით განკურნა.
ეშმაკის საცდური მლოცველი ბერისთვის. ერთმა მონაზონმა მამამ, რომელიც რამდენიმე წელი კერასიაში მოსაგრეობდა და მერე მთაწმინდის დიდ ლავრაში გადავიდა, მიამბო ეშმაკის საცდურებზე, თავის მოსაგრეობისას რომ დაითმინა.
მოგვიანებით ის დიდი ლავრის იდიორითმულ მონასტერში გადავიდა. ერთხელ კელიაში იწვა და სკვნილზე ლოცულობდა. უეცრად სახურავზე გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, რათა ბერს ყურადღება გაფანტვოდა და იძულებული გამხდარიყო, ლოცვა შეეწყვიტა.
სხვა დროს დაინახა, რომ მისი საწოლიდან სავარძელზე კატისხელა მაიმუნის მსგავსი არსება გადახტა. ცოტა ხანს თვალი თვალში გაუყარა, მერე იატაკზე ისკუპა და გაქრა.
ერთხელაც მოეჩვენა, რომ მის წინ ოლარჩამოკიდებული ჯუჯა მღვდელი იდგა. იმ დროს სკვნილზე ლოცულობდა. შეთვალიერებაც ვერ მოასწრო, რომ ეშმაკი გაქრა.
ერთხელაც დაინახა, რომ სარკმლიდან მის კელიაში გაჩნდა პირქუში, მხეცისსახოვანი კაცი, საწოლზე წამოწოლილ ბერს თავზე დაადგა და მკერდზე უკბინა. ვიდრე ბერი გონს მოვიდოდა, ეშმაკი გაქრა. შევნიშნავთ, რომ ყველა ამ იდუმალ შემთხვევაში ბერი სკვნილზე ლოცულობდა. ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ეშმაკი ებრძვის მლოცველ ბერებს და ლოცვისგან მათ ჩამოცილებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ღვთის სასუფეველში განსაცდელის გარეშე ვერავინ შევა. არც ამ ამბის ნამდვილობაში შეეპარება ვინმეს ეჭვი, რამეთუ წმინდათა ცხოვრებებში მრავალი ამგვარი შემთხვევაა აღწერილი.
წმიდა პეტრე ათონელის ცხოვრება გვამცნობს, რომ ეშმაკმა ერთხელ პეტრეს ნათესავის სახე მიიღო და სცადა, იგი დაერწმუნებინა, კოსტანტინოპოლში გაჰყოლოდა.
ერთმა ლავრელმა უბრალო ბერმა, თომამ, რომელიც ღირსი ათანასე ათონელის დროს ცხოვრობდა, დაინახა დემონები ეთიოპების სახით, რომლებიც ათონის მწვერვალზე ადიოდნენ.
ღირსმა აკაკი კავსოკალიველმა თავის კელიაში მომუშავე ეშმაკები იხილა ბოშების სახით...
პავლე მოციქულიც ბრძანებს, რომ ჩვენ ბრძოლა გვაქვს არა სისხლთან და ხორცთან, არამედ ბნელეთის დაცემულ ძალებთან.
მორჩილებამ და თავმდაბლობამ უშველა. ერთხელ მთაწმინდაზე ერთი ახალგაზრდა ჩამოვიდა, სახელად გიორგი. მას სიყრმიდანვე ეშმაკის ხილვა ტანჯავდა. თანასოფლელმა ღვთისმოშიშმა ქალმა ურჩია, - მთაწმინდაზე წადი, წმინდა მოძღვრები და ღირსი მამები თავიანთი ლოცვით გაგათავისუფლებენ ამ ხილვებისგანო. გიორგიმ დაუჯერა და მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტში მორჩილად შედგა. იქ მას ბასილი დიდის შეფუცვის ლოცვებს უკითხავდა კეთილად მოღვაწე ბერი მამა პავლე. ერთხელ დაჩოქილ მორჩილს მოესმა, რომ მოძღვარი შეფუცვის ლოცვისას ტიროდა. წამოდგა - მამა პავლეს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მაგრამ ეშმაკის შემოტევა მაინც გრძელდებოდა.
მერე ის სკიტიდან ფილოთეოს მონასტერში გადავიდა. იქ მცირეაზიელმა ბერმა სიმონმა ბერად აღკვეცა. ცხოვრობდა ამ მონასტერში, აღსარების სათქმელად კი ივერიის მონასტერში დადიოდა მოძღვარ მამა მაქსიმესთან, მაგრამ ეშმაკის განსაცდელები გრძელდებოდა.
სახიერმა ღმერთმა ჩააგონა მის სულიერ მოძღვარს, მამა მაქსიმეს, ერჩია, ყარაყალის მონასტერში გადასულიყო. ამ მონასტერში ძმები აკლდათ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბერები, რომლებიც უფრო მოხუცებული მამების მოსავლელად სჭირდებოდათ. იმედი მაქვს, რომ ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწევიან და კურნებას მოგცემენო, - უთხრა გიორგის მამა მაქსიმემ. ასეც მოხდა.
მონაზონი ანდრია (ასე დაარქვეს ბერად აღკვეცისას), შვილი მორჩილებისა და თავმდაბლობისა, დამორჩილდა სულიერი მამის ნამცნევს. როცა მისი ფილოთეველი მოძღვარი მოკვდა, იგი ყარაყალის მონასტერში გადავიდა და მოხუცებულ მამებს უვლიდა. ამ სავანეში ათამდე მოხუცი ბერი ცხოვრობდა, რომელთაგან ყველამ შეისვენა უფლისა მიმართ. იქაც ლოცვებს უკითხავდნენ. ბოლოს მოახლოვდა მისი განკურნების ჟამიც. მონაზონ ანდრიას მორჩილებამ, რომლის გამოც მოვიდა ამ სავანეში, მისმა მოთმინებამ, რომლითაც ის ზრუნავდა მამებზე, თავმდაბლობამ, უდრტვინველად რომ ეხმარებოდა მათ სიკვდილამდე და ბოლოს ქრისტიანულმა სიყვარულმა, რომელსაც იჩენდა მოყვასის მსახურებისას, შედეგი გამოიღო. ეშმაკის ოცნებები, ხილვები და საერთოდ უხილავი მტრის საცდურ-განსაცდელები შეწყდა. ღელვა დაცხრა. კურნება კი ამგვარად მოხდა: ერთხელ ყარაყალის სავანის სარკმელთან მდგარმა ქალი-ჭინკა დაინახა, რომელმაც ველური ხმით უთხრა: სიყრმიდანვე - ოცდაჩვიდმეტი წელი ჩემს ხელთ იყავი, ახლა კი მიდიხარ ჩემგან! მე დაგკარგე და სხვამ წაგიყვანაო! ამის მერე ეშმაკი გაქრა და როგორც თვითონ მამა ანდრიამ მითხრა, თითქოს მხრებიდან ტვირთი ჩამოშორდა, შვებით ამოისუნთქა.
ეს სასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით აღესრულა, რომელსაც ის ხშირად მოუხმობდა.
იმავე დღეს, როცა ეშმაკის ხილვები შეწყდა, იგი სხვა სნეულებისგანაც განიკურნა, რომელიც ასევე მრავალი წელი ტანჯავდა. ტანჯვისაგან დახსნილმა მონაზონმა ადიდა ღმერთი და მადლობა შესწირა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მას მერე მშვიდად მიუყვება მონაზვნური ცხოვრების გზას და ღვთის შიშით იღვწის თავისი ცხონებისათვის.
თავი XX. ამბები ხიბლისა
ღირსი ნიფონტის ცხოვრებიდან. ერთხელ წმინდა კაცად ცნობილ ღირს ნიფონტთან მონაზონი მივიდა და თავის ათასნაირ ხილვაზე სიამოვნებით მოუთხრო, თან დასძინა, - შეიძლება ეს ღვთისგან არის, საღმრთო მადლია, რომლის ხილვის ღირსიც შევიქენიო. დაფარულმცოდნელმა მამამ უთხრა: - ღვთისგანაა თავმდაბლობა. ღვთისგანაა, როცა თავს ყველაზე უარეს ადამიანად მიიჩნევო. მერე კი აუხსნა, რომ ყველა ეს ხილვა ბოროტისგან იყო.სხვა მოხიბლულები. ნეტარი მამა იოაკიმე აფთიაქარი მოგონებების წიგნში წერს, რომ მის დროს (1880-1890 წლებში) მთაწმინდის უდაბნოში, სახელდობრ, მცირე ანას სკიტში, რამდენიმე მოხიბლული ცხოვრობდა. ერთი ფიქრობდა, რომ სულიერ სიმაღლეს და წმინდანობას მიაღწია, ამიტომ სცადა, თავისი კელიის სახურავიდან გადმომხტარიყო ღირსი მაქსიმე კავსოკალიველივით და ფეხი მოიტეხა.
სხვამ კი თავისი კელიიდან ქვაბები და სამზარეულოს მოწყობილობა გადაყარა, სრულიად უპოვარი რომ ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმედღიანი მშრალი კვებისა და მოღვაწეობის მერე ძველებურად დაიწყო საჭმლის მომზადება. მკაცრი მარხვის ვერდამთმენს, არ ჰქონდა განსჯის უნარი და გონიერება და ეშმაკის დასაცინი გახდა.
ნეტარი არქიმანდრიტი ქერუბიმი თავის წიგნში, "თანამედროვე ათონელი მამები", წერს სხვა მოხიბლულ მონაზვნებზეც. ერთი რუმინელი ბერდიაკონი თავის "მფარველ ანგელოზს" ხედავდა, რომელიც მასთან ერთად ლოცულობდა; მაგრამ ეს იყო ეშმაკი, რომელსაც მისი მოხიბვლა და საბოლოოდ დაღუპვა უნდოდა. ბოლოს ის თავის სულიერი მოძღვრის, მამა საბას, ლოცვით გადარჩა.
სხვა კი ეშმაკმა ათონის მწვერვალზე აიყვანა, ვითომდა ქრისტეს, წმინდანებისა და ანგელოზებისთვის თაყვანის საცემად. როცა მივიდა "ქრისტესთან", დაინახა, რომ "ქრისტეს" გვერდით "წმინდა სპირიდონი" იდგა თავისი ჩვეული სკუფიით მოსილი. ღვთის განგებულებით, მან "წმინდანის" თავზე რქები დაინახა და შეშინებულმა ჯვარი გამოისახა. ყველა ხილვა მაშინვე გაქრა. "ქრისტესა" და "მისი ანგელოზების" ნაცვლად ბერის წინ საშინელი უფსკრული გადაიშალა. მოხიბლული ბერი შიშით დაეშვა დაღმართზე, ეს კი ადვილი არ იყო, გზა თოვლით იყო დაფარული. ბერმა ყველაფერი მოძღვარს მოუყვა, მან კი ეპიტიმია დაადო, დიდი ხნით განაშორა საღმრთო ზიარებისგან, რათა გონს მოსულიყო. ასეც მოხდა.
მამა ქრისოგენ დაყუდებული. ყუთლუმუშის სავანის ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა მონაზონი, რომელიც არ ზრუნავდა ცხოვრებისეულ საგნებზე. მრავალი წელი თავისი კელიიდან ფეხი არ გაუდგამს, არც ტაძარში, არც საზიარებლად, არც მამათა კრებაზე, არც მორჩილებაზე, არც სასტუმროში, არც მონასტრის ალაყაფთან, რათა ადამიანისთვის შეეხედა, თუნდაც მონაზვნისთვის ანდა ერისკაცისთვის. იგი სრულიად განშორებული იყო მონასტრის სხვა ძმათაგან და არაფერი ამსოფლიური არ აინტერესებდა. მისთვის შეგეძლო დაგეძახა "არამიწიერი", ცნობისმოყვარეობას მოკლებული, დაყუდებული, მყუდროების მოყვარული, რომლის მსგავსიც არავინ იყო ათონზე. მისი გონება მიჯაჭვული იყო მისსავე იდეებს, ხილვებსა და "გამოცხადებას", მიპყრობილი იყო "ზეცისკენ" და საკუთარი ბრძნობისკენ. ის საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა საკუთარი მშვიდი ცხოვრებით. მისი და ყოვლისმხედველი ღმერთის გარდა, არავინ იცის, რას აკეთებდა, რას ხედავდა, რას ფიქრობდა. ერთხანობა, როცა ამ მონასტერში მორჩილი ვიყავი, მისთვის საჭმელი მიმქონდა. ის არასდროს აღებდა კარებს საჭმლის გამოსართმევად. გარეთ, თაროზე ვტოვებდით და მეორე თეფშს ვაფარებდით. ის კელიიდან მხოლოდ ტუალეტში წასასვლელად გამოდიოდა, ანდა კელიასთან ონკანზე ჭურჭლის დასარეცხად ან ხელების დასაბანად. ერთხელ მას კელიის გარეთ შევხვდი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ვისაუბრეთ - რამდენიმე უაზრო სიტყვა მითხრა. როგორც მივხვდი, მის "გამოცხადებებს, ხილვებსა" და "ანგელოზებს" ეხებოდა, რომლებიც მას სხვადასხვა "საიდუმლოს" და "არამიწიერ იდეებს" აცნობდნენ.
ამ მონასტრიდან წამოვედი. რამდენიმე წლის მერე შევიტყვე, რომ არქიმანდრიტმა ქრისტოდულომ, ვითარცა ჭეშმარიტმა მწყემსმა, სცადა მისი დარწმუნება, ტაძარში ჩამოსულიყო და ზიარებოდა უწმინდეს საიდუმლოს, რაც შეძლო კიდეც. ასე გამოიტაცა იგი მამა ქრისტოდულომ ეშმაკის კბილთაგან და ხიბლის ბნელი ღრუბლისაგან. ამიტომ კაცთა მოდგმის მტერმა, რომელმაც დაკარგა სული, რომლისთვისაც მახე დააგო, შური იძია ძმობაზე. დაახლოებით 1984 წელს საშინელი ხანძარი მოხდა მონასტრის სწორედ იმ ფლიგელში, სადაც მამა ქრისოგენის კელია იყო.
ბოლოს მამა ქრისოგენი ეზიარა საღმრთო საიდუმლოს, გახდა ჭეშმარიტი შვილი ქრისტეს ეკლესიისა და დაახლოებით 1984 წელს წარვიდა მონაზონთა ზეციურ დასთან.
ღმერთმა არ დაუშვა, ხიბლში დაღუპულიყო და სიკვდილის წინ იხსნა მისგან, რამეთუ, როგორც შევიტყვე, ვიდრე ის დაეყუდებოდა, საავადმყოფოში სწევდა მორჩილებას, მრავალ მოხუცს უვლიდა და ეხმარებოდა მათ ყველაფერში.
მოხიბლული მონაზონი. ერთი მონაზონი იმისთვის ლოცულობდა, რომ გონიერი ლოცვა შეეძინა, მაგრამ ეგოისტი იყო. უფლის ანგელოზის სახით მას სატანა გამოეცხადა და უთხრა, კვირას ეზიარე და გონიერი ლოცვის ნიჭი მოგეცემაო. მაგრამ, - უთხრა ეშმაკმა, - შენ უნდა განთავისუფლდე სამი ვნებისაგან: ვერცხლისმოყვარეობის, დიდებისა და გემოთმოყვრეობისგან. შეგიძლია უარი თქვა მათზე?
მონაზონმა უპასუხა: - რა თქმა უნდა, შემიძლიაო.
არ უთქვამს, - იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით შევძლებო. ამიტომაც, კვირა დღეს ეზიარა თუ არა, მისგან მდინარესავით გადმოიღვარა "გონებისმიერი ლოცვა". თუმცა გონს მოვიდა და გაიფიქრა, ეშმაკის ხიბლი ხომ არ არისო, რადგან ლოცვას გონებისმიერად კი იმეორებდა, მაგრამ საღმრთო მადლის ნაცვლად მხოლოდ შფოთს გრძნობდა.
თავი დაიმდაბლა და რჩევის საკითხავად წმინდა ბერთან, მამა პორფირესთან მივიდა.
მიუახლოვდა თუ არა მამა პორფირეს, სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი, რომ მან უპასუხა: - ჩემო ძვირფასო! ის, რის მოსაყოლადაც მოხვედი, მზაკვრისგან არისო.
ეს ამბავი ერთხელ ერთმა განმყუდროებით მყოფმა მამამ მოუთხრო დიდ ლავრაში გვერდით მოსაგრე ახალგაზრდა მონაზონს.