მამა ქრისანთე - "მოგონებები"
პირეის ეკლესიები. იერუსალიმიდან ამოვიდა მონაზონი მელეტი, რომელიც მოუკლებლად ლოცულობდა.
როცა მისი სათნოებები და მოშურნეობა იხილეს ღვთისმოშიშმა პირეელებმა, იგი მიიღეს და მღვიმეში დაასახლეს. როცა დასავლური კალენდარი შემოიღეს, იგი, როგორც იერუსალიმელი მონაზონი, იერუსალიმის პატრიარქის მფარველობის ქვეშ იყო, თავისუფლად დადიოდა ტაძრებსა და სახლებში და განამტკიცებდა ქრისტიანებს ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მართალ დოგმატებში. გლახაკ და ავადმყოფ მონაზონ ევპრაქსიას თავშესაფარი არ ჰქონდა. მოუძლურებული წაიყვანა მიწათმფლობელმა, ქალბატონმა იანინამ, და წყარო ცხოველსმყოფელის ტაძრის გვერდით მღვიმეში დაასახლა. სიკვდილის პირას მყოფმა მონაზონმა საზიარებლად ღვთისმოშიშ მღვდელმონაზვნებს უხმო. მამა ევგენი დიონისელი და მამა არტემი ქსიროპოტამელი მღვიმეში შევიდნენ. იქ წმინდა ტრაპეზი დახვდათ, აღტაცებულებმა შესძახეს: - ეს რა ვნახეთ, ეს რა ვნახეთო. მონაზონმა ისინი მოსალოდნელ მოვლენებზე გააფრთხილა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ვიხილე, რომელმაც ყველაფერი მაუწყაო.
მამა ევგენიმ ასეთი წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა: "წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა კონსტანტინოპოლში პატარა საყდარი იპოვა და იქიდან ქადაგებდა წმინდა მართლმადიდებლობას. წყარო ცხოველსმყოფელის (ეს წყარო დღესაც მოჩუხჩუხებს) ეკლესიის ამ მღვიმიდან, გაუქმებული მეტოქიონიდან, ამ სავანიდან მთელ სამყაროს ჩვენი წმინდა მართლმადიდებლობა ექადაგება.
ასეც მოხდა.
პირველი მღვდლები. ცოცხლებივით თვალწინ მიდგანან ის წმინდა ადამიანები და საქმენი მათნი, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი. ვიხსენებ ჩვენი მამების სიყვარულს და ვტირი.
პირეაში მრავალი კუნძულელი ცხოვრობდა. წმინდა ნიკოლოზის სამრევლო იდრელი და სპეტსიელი მოქალაქეებისგან შედგებოდა. იქ, სადაც მე აღვიზარდე და ვცხოვრობდი, ძირითადად ეგინელები ცხოვრობდნენ.
რა დამავიწყებს იმას, თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი მღვდლებს, როგორ ედგნენ მხარში ერთურთს, რა კრძალვით ეპყრობოდნენ თავიანთ მოვალეობას.
ჩვენი სამრევლოს მღვდელი ეგინაში დაიბადა. ის სიამოვნებით მრთავდა ნებას, პროსკომიდიის დროს ფეშხუმი დამეჭირა, რომელზეც ორი სეფისკვერი იდო. როგორც კი ხელში ავიღებდი, წმინდა ლახვრის გამოსახულებიან სეფისკვერს, თვალთაგან ცრემლთა მდინარე მდიოდა. მღვდელი პროსკომიდიას კანონების კითხვის დროს იწყებდა და დიდ დიდებიანზე ამთავრებდა. მე კი მეტყოდა: "ხედავ, შვილო? სეფისკვერი შეგვიძლია ორ ნაწილად გავტეხოთ, რაც ნიშნავს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ორ ბუნებას: ღვთაებრივსა და კაცობრივს. ის მრგვალია - რაც დაუსაბამო ღმერთს ნიშნავს. რამეთუ, როგორც წრეს არ აქვს დასაწყისი და დასასრული, ასევე საუკუნოა და დაუსრულებელი ღმერთი. ყოვლადწმინდა ღმერთმა კაცობრიობის ხსნისთვის ხორცი შეისხა და კაცი გახდა ისე, რომ არ დაუტევებია თავისი ღვთაებრიობა. მან ხორცი შეისხა მარადის ქალწული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან. სეფისკვერი სიმბოლო არის მისი ყოვლადწმინდა წიაღისა, რომლიდანაც გამოუთქმელი სახით გამოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამიტომაც ამ სეფისკვერიდან მხოლოდ ერთი ნაწილი - ტარიგი ამოიღება და მეტი არა. მღვდელს მკაცრად აქვს აკრძალული, მხოლოდ ერთ სეფისკვერზე კვეთოს.
მეორე სეფისკვერიდან ამოიღება ნაწილი ღვთისმშობლის პატივად. ეს ნაწილი სამკუთხოვანია, მას ტარიგის მარჯვნივ დებენ, რაც ნიშნავს სიყვარულს ღვთისმშობლისა ღმრთისადმი და ღვთისა - ღვთისმშობლისადმი და იმას, რომ ყოვლადწმინდა სამების მერე ყველაზე მეტად ქალწული მარიამია განდიდებული. ამიტომ რაც არ უნდა სთხოვოს ღვთისმშობელმა თავის ძესა და ჩვენს ღმერთს, უფალი მაშინვე გვიბოძებს ჩვენ, დიდად ცოდვილებს.
ტარიგის მარცხნივ ცხრა ნაწილი იდება, ანგელოზთა ცხრა დასის პატივად, რომლებიც ევედრებიან ყოვლადსახიერ უფალს ჩვენ, ცოდვილთა, ცხონებისათვის.
შენ ხედავ ნაწილს, რომელიც წმინდა ლახვრის ზემოთ ამოიკვეთა - ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი სულებისთვის. მე თვალს ვადევნებ, რომ ისინი, ვისაც ვიხსენიებ, იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომ ყველა წესით იცავდნენ დადგენილ საეკლესიო მარხვებს და ყველიერის კვირაში ხორცს არ ჭამდნენ, რამეთუ, როგორც კანონი განაჩინებს, ის, ვინც ხორცი შეჭამა ამ კვირაში, მთელი მარხვა ვერ ეზიარება, მხოლოდ აღდგომას ეზიარება.
პროსკომიდია იწყება იმ დამატკბობელი ტროპარებით, რომელთაც მარჯვენა კლიროსზე წიგნის მკითხველი ვიტიფალი კითხულობს. მათ ჩემი სული მიწიდან აჰყავთ და ზეცისკენ მიაცილებენ, ღმერთზე გულისთქმების უსხეულო სამყაროში. პროსკომიდიას დიდებიანზე ვამთავრებ, როცა უკვე ყველა შეიკრიბება ტაძარში, რათა მიიღონ მადლი და იგრძნონ კეთილსურნელება წინადაგების კმევისა, სიტყვა "პროსკომიდიაც" ხომ ასე განიმარტება. ასევე დაუტევონ თავიანთი ცხვრები და თხები შენმა მწყემსმა ბერებმა, მოვიდნენ და იყნოსონ ეს მშვენიერი კეთილსურნელება".
აი, ასეთ სულის მარგებელ სიტყვებს მეუბნებოდა მღვდელი. ამდენად დიდი იყო მისი კეთილმოკრძალება, ამდენად მხურვალე იყო მისი რწმენა, უანგარო - მისი სიყვარული მეუფე ქრისტესადმი. არა მარტო ის, ყველა პირეელი მღვდელი რჩევას აძლევდა და მოძღვრავდა ბავშვებს და თავიანთი პირადი ნათელი მაგალითით მიჰყავდა ისინი სათნოებათა გზაზე.
წმინდა ბასილის ეკლესიაში მსახურობდა ღვთისმოშიში განსწავლული მღვდელი. როგორც მოწყურებული ირმები წყაროთა მიმართ წყალთასა, ისე მირბოდა მისკენ პირეელი მოსახლეობა ქადაგების მოსასმენად. როცა პრინცმა კონსტანტინემ წმინდა დემეტრეს ხსენების დღეს თურქებს ბრძოლით წაართვა თესალონია, ჩვენც მთელ სამყაროსთან ერთად ვხარობდით. მაგრამ მოღუშულმა მამა გიორგიმ უთხრა მსმენელს: - მომიტანეთ გაზეთი. მოუტანეს. მან ის ძაბრივით დაახვია, მერე ცრემლმორეულმა, მილძაბრს შეგვახედა: - შეხედეთ ამას. ეს ფართო ხვრელი - გზაა, რომლითაც ხალხი მიდის. ნეტარია ის, ვინც აქეთკენ მიდის (მიუთითა ვიწრო ხვრელზე), ქრისტიანული ზნეობრიობის ვიწრო გზით. ადამიანები თოთხმეტი წლისანი დაქორწინდებიან და თორმეტი წლისები დაიხოცებიან. ოჯახებიდან განდევნიან ქრისტეს და ეშმაკის სარკეს დააყენებენ, როგორც წინასწარმეტყველებდა პაპულაკოსი თქვენი კუნძულელი მშობლების წინაშე. მე მალე მოვკვდები, მაგრამ მოვალე ვარ, გაგაფრთხილოთ, როგორც წმინდა ბასილი დიდის ტაძრის მღვდელმა.
მამა გერმანე (ნაწყვეტი წერილიდან). საყვარელო შვილნო მეუფე ქრისტესნო, გიხაროდენ უფლისა მიერ, რომელსაც მისდევდით მთელი გულით.
წაკითხულ მრავალ წიგნთაგან ჩვენი ყურადღება მიიპყრო მამა გერმანეს წიგნმა "სახარების საყვირი". ბოლოს ის წერს: "ახლა გადასახლებიდან დაბრუნებულნი, სადაც ჩვენ გაგვაგზავნა ოტონმა, რომელმაც მიუხედავად საყოველთაო უკმაყოფილებისა, საბერძნეთის 450 ეკლესია გააუქმა, ვაპირებთ განვაახლოთ გამოცემა გაზეთისა "სახარების საყვირი".
ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობაში წმინდა ელისეს ეკლესიაში მოგვისმენია ნიკოლოზ პლანასის ქადაგება ამ წმინდა კაცზე.
გადასახლებიდან დაბრუნებული მამა გერმანე პირეელებმა და ათენელებმა ხელით ჩაიყვანეს ათენს.
ის ყოველი თხრობის დასასრულს უმატებდა: "სულელებიც ალაპარაკდებიან".
მიაღწიეს პირეის ქუჩაზე მდგარ ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარს, მამა გერმანე ხელიდან გაუსხლტა მორწმუნეებს და აკაციასთან მივიდა. ტოტებზე ალაგ-ალაგ ესხა ფოთოლი. მან განაცხადა: - ამდენი ქრისტიანი იქნება მაშინ, როცა სულელები გამოჩნდებიანო.
დაფიქრდი, აბა, ვინ არიან ეს სულელები?
ისინი ცხოვრობენ რუსეთში, ცხოვრობენ მთელ სამყაროში და კურთხეულ საბერძნეთშიც. ჩვენ ქრისტიანები ამ აკაციის ფოთლებივით ცოტანი ვართ, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის განმშვენდებიან მადლით, მათი სულიერი ძალები არ დაჭკნება და ისინი მაცოცხლებელ აღმსარებლობას სხვებს გადასცემენ. ყოველთვის ეზიარეთ წმინდა საიდუმლოს. გიყვარდეთ გულითადი ლოცვა, რომელსაც გონიერ ლოცვას ეძახიან. იგი მიაკრავს თქვენს გულს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს უტკბეს სახელს.
როგორც ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი: "იესო ქრისტეს სახელით გაამათრახე მტერი". როცა მოიმუშაკებთ ლოცვის ღვაწლს, მის ტკბილ ნაყოფსაც იხმევთ.
განუდექი ადამიანურ ამაოებას, ხომ ნათქვამია: "მითხარი მე, ვისთან მეგობრობ და გეტყვი, ვინა ხარო".
ყოველთვის ყური უგდე მხილებას და დამდაბლდი სხვათა წინაშე.
როცა თქვენ ასე იშრომებთ სულიერად, მაშინვე იხილავთ სიკეთეს. ამიტომაც ყოველთვის ილოცეთ ჩემთვის, ცოდვილისთვის.
ათენი გუშინ და დღეს. ერთმა სულიერმა მოძღვარმა მიამბო (ეს თვითონ მამა ქრისანთეს შეემთხვა, - კ.კ.). ერთხელ ის კოკინარიდან დაღლილი მოდიოდა. ზურგზე აბგამოგდებული, როგორც ასწავლა მას თავისმა მთაწმინდელმა წმინდა მოძღვარმა. ის დაღლილი, მშიერი ავტობუსიდან ათენში ჩამოვიდა. უეცრად კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. ათენელები დაიფანტნენ. მოძღვარიც გაიქცა და ერთ-ერთ შენობას შეაფარა თავი. იქ მან ორი ამსოფლიური სწავლული დაინახა, რომლებიც მისჩერებოდნენ და სიცილს ძლივს იკავებდნენ. სულიერი კაცი მათ მიესალმა, - საღამო მშვიდობისა, ხომ კარგად ხართო. მათ ისეთი სახე მიიღეს, თითქოს ვერ ამჩნევდნენ. მაშინ მონაზონმა განაგრძო, - რა საოცარია! სოფელი დასცინის კაცს, ხოლო კაცი სულში სასაცილოდ იგდებს და დასტირის ამ ერისკაცებს, ვინაიდან მათ ისიც არ იციან, საით წავიდნენ, მაშინ, როცა XX საუკუნეში, ათენში ცხოვრობენ და მიიღეს იქ განათლება.
მეცნიერი კაცები სრულიად გულგრილად, გახევებულნი, უფრო - გაქვავებულნი ისმენდნენ, რადგან ხე ცეცხლს მაინც ემორჩილება. მონაზონმა მათ უთხრა, - მეც ათენელი ვარ და იმავე აუდიტორიაში ვიჯექი, სადაც მერე თქვენ, როცა დავტოვე ათენი და ამქვეყნიური ამაოებაო და დაუმატა, სწავლის წლებში მასწავლებელმა ხელი მომკიდა და წმინდა ქალაქ ათენის უმნიშვნელოვანესი ადგილები შემომატარა: "როცა ამ ადგილებში ივლი, გაიხსენე ჩვენი მამები, მათ მშივრებმა და გათანგულებმა როგორ გაათავისუფლეს ათენის სიწმინდეებიო".
- ამიტომაც, - განაგრძობდა მონაზონი, - როცა მივდივარ ათენის ქუჩებში, თავდახრილი ჩავცქერი მიწას და ვიხსენებ ჩემი წმინდა მასწავლებლების დარიგებებს. მე ვხედავ, რომ თქვენც იმავე აუდიტორიებში ისხედით, მაგრამ სულ სხვაა თქვენი პარასანგები (გზის მონაკვეთის მაჩვენებელი ბოძები ძველ სპარსეთში. ამ სიტყვას მხოლოდ რამდენიმე ანტიკური ისტორიკოსი ახსენებს, ამიტომაც უცნობია მათთვის, ვინც არ იცნობს ანტიკურ პროზას. მან ეს სიტყვა სპეციალურად იხმარა, რათა მეცნიერები მიმხვდარიყვნენ, რომ იგი მათ ცოდნით არ ჩამოუვარდებოდა). ჩვენ ვისწავლეთ, რომ კაცები ვართ და ამის გარეგნული ნიშანი ულვაშია. თქვენ გაქვთ ულვაში? არა. ჩვენ ვისწავლეთ, რომ ღვთის ყველაზე წმინდა ქმნილება - დედაკაცია და ისეთივე წმინდაა, როგორიც იდუმალი ტრაპეზი უფლისა. ჩვენ ვისწავლეთ საერთო და საეკლესიო ისტორია. შევიტყვეთ, რომ ადამიანის სხეული სულის გარეშე მკვდარია, რომ ყოველ ბერძენს, მით უმეტეს, თუ ის თავს განათლებულად თვლის, აქვს სხეული - ხალხი და მისი ისტორია, აქვს სულიც - მართლმადიდებლური რწმენა. ამის გამო ჩვენი წინაპრები ბრძოლაში ამ სიტყვებით შედიოდნენ: "ქრისტესთვის და წმინდა სარწმუნოებისთვის".
ბერი მათ საათზე მეტხანს ესაუბრებოდა, მათ გარშემო შემოიკრიბნენ ახალგაზრდები, რომლებიც ყველას დასცინოდნენ და უშვერად ხუმრობდნენ. მეცნიერებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, მონაზონმა კი განაგრძო: - ხედავთ, ისინი ისე ადგნენ სკოლის მერხიდან, რომ არ იციან, რა არის სიწმინდე და წმინდანობა. ჩვენს სკოლაში ფული არ ჰქონდათ არც სარკმელში მინების ჩასასმელად, არც კარების შესაბმელად. მელანს თვითონვე ვამზადებდით ყაყაჩოსგან, ხოლო კლასს მხოლოდ სანთლებით ვანათებდით. მაგრამ ადამიანები გამოდიოდნენ მორწმუნეები, სხვათა პატივისმცემლები. ახლა კი იმავე აუდიტორიებში სხედან ახალი ადამიანები, რომლებიც ერთხელაც არ ჩაფიქრდებიან მართლმადიდებლობასა და საბერძნეთზე. სად არის ახლა იოანე მაკრიანისი? სად არის გრივას პირველი? სად არის კარაისკაკისი? ისინი საბერძნეთის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ანთხევდნენ სისხლს მომავალი ქვეყნისთვის, რათა შემორჩენილიყო წინდი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. მათ იცოდნენ, რომ რწმენა საფუძველია მთელი ერისა. მან (ერმა) ხომ მონობაში ოთხასორმოცდაათი წელი გაატარა, მაგრამ იქიდან წმინდა სულით გამოვიდა. რამეთუ დაიცვა სული და სხეული ისე, როგორც გვიბრძანა ყოვლადსახიერმა ღმერთმა ახალ აღთქმაში.
სულიერმა კაცმა მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, ვინაიდან პოლიციელები გამოჩნდნენ და ხალხს "ლინჩის სასამართლოსი" შეეშინდა. სასწრაფოდ წავიდნენ მეცნიერებიც. ამბობდნენ: - ჩვენ ორნი ერთის დასაცინად მივედით, მან კი ყველანი სასაცილოდ აგვიგდოო.