მამა თეოფილაქტე და მამა ათანასე. ახალ სკიტში, თორმეტ უვერცხლოდ მკურნალთა კალივაში მრავალი წელი მოღვაწეობდა ცნობილი არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეტიარისი).
მასთან ცხოვრობდა ერთი ღვთისმოშიში მონაზონი თეოფილაქტე. როცა მამა იოაკიმე გარდაიცვალა, უმოძღვროდ დარჩენილი მამა თეოფილაქტე მამა იოსებ ისიქასტთან მივიდა სულიერი რჩევისთვის და დაემოწაფა. მამა იოსებმა ის დიდ სქემაში შემოსა. ეს დიდი მამა მრავალი სათნოებით იყო აღსავსე, მათ შორის უპოვარებითა და უბრალოებით. ფული არ ჰქონდა. როცა ფული სჭირდებოდა, შესთხოვდა თავის ზეციურ მფარველებს და ისინიც უგზავნიდნენ, რამდენიც საჭირო იყო. უვერცხლოთა ტაძარში კანდელები ყოველთვის ანთებული ჰქონდა.
გამზადებულ საჭმელს მხოლოდ მაშინ ჭამდა, როცა აძლევდნენ, შინ არაფერს აკეთებდა. ამ ღირს მამას ღვთისგან მიეცა ნიჭი, გონების თვალით დაენახა ზებუნებრივი საგნები. ერთხელ დაინახა, რომ ერთი მონასტრული საძმოს გარშემო სატანა ბადეს ქსოვდა. თეოფილაქტემ უთხრა ამ კელიის მოძღვარს: - ყურადღებით იყავი, სატანას შენს საძმოში რაღაცის გაკეთება აქვს განზრახულიო. რამდენიმე დღის მერე ერთმა მონაზონმა დატოვა საძმო.
მამა თეოფილაქტე სიცოცხლის ბოლომდე დარჩა თავის კალივაში, არ გადაჰყვა მამა არსენს ახალ სკიტში - უვერცხლოდ მკურნალთა კანდელს ვერ ჩავაქრობო. 1953 წელს მამა იოსები თავის საძმოსთან ერთად წმინდა პავლეს მონასტრის კუთვნილ ახალ სკიტში გადავიდა.
ამ საძმოში იყო ხორციელი მამა იოსებ ისიქასტისა, მამა ათანასე. მას კანონად ჰქონდა: არასოდეს დაეტოვებინა ათონი და ექიმთან არ ემკურნალა. როცა ის მამა იოსებთან მივიდა, მამა არსენს ეშველა, განთავისუფლდა ხორციელ საზრუნავთაგან. შემდგომში, როცა ახალ სკიტში გადასახლდნენ, მამა ათანასემ იკისრა, როგორც თვითონ ხუმრობდა, "ვირის" ანუ ფოსტალიონის მოვალეობა. დღეში ორჯერ ჩადიოდა ნავმისადგომთან და ემსახურებოდა მამებს. მხიარული იყო მამა ათანასე, სასიამოვნო მოსაუბრე, ჭამაში თავშეკავებული, ბრძნულად დამმოძღვრელი, ძალიან უყვარა ღვთისმსახურება და პირველი მიდიოდა საერთო ლოცვაზე, კირიაკონში. ლოცვა არასოდეს შეწყვეტილა მის ბაგეზე. მუხლმოდრეკით ესალმებოდა ყველას - ერისკაცსა თუ მონაზონს. სიცოცხლის ბოლოს ფეხები დაუწყლულდა, ტილები დაესია, მაგრამ მაშინაც კი არ უნდოდა კანონის დარღვევა. უარს ეუბნებოდა მონასტრის ექიმს, მამა საბას მკურნალობაზე, - სჯობს ილოცო, რომ ჩემი სული მალე გაიყვანოს ღმერთმა ამ ქვეყნიდანო. ამგვარი მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა ის 1954 წელს.
მოძღვრის სიკვდილის მერე ახალ სკიტში გადასულმა მამებმა ორი ტაძარი ააშენეს: ხარების და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. კელიებში გაფანტული იოსების საძმო განაგრძობდა დიდ სულიერ მოღვაწეობას. ამასობაში მამა იოსების ჯანმრთელობა გაუარესდა. 1959 წლის ქრისტეშობას მან თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. 15 აგვისტოს (ძვ.სტ.), მარიამობას, უფლის დედამ თავისი მიძინების დღეს წაიყვანა იმქვეყნად მამა იოსების სული. იმდენად უყვარდა მას ღვთისმშობელი, რომ მთელი სიცოცხლე მკერდში ჩაკრული ჰქონდა მისი წმინდა ხატი და ცრემლმორეული ევედრებოდა: როდის მოხვალ ჩემთან? როდის წაიყვან ჩემს სულსო. მამა იოსების სიკვდილის მერე სულიერმა შვილებმა ცალ-ცალკე იწყეს მოღვაწეობა. ასეთი იყო დიდი მოძღვრის ნება - თითოეულის გარშემო საძმო შეკრებილიყო. მალე იოსებელთა საძმო გაიზარდა და მთაწმინდის მონასტრები აავსო. რაც მთავარია, მათ იქ ნამემკვიდრალი ისიქასტური სული შეიტანეს. მამა არსენი ხშირად ეუბნებოდა სულიერ შვილებს: "ფრთხილად მოეპყარით მემკვიდრეობით მიღებულ ტიპიკონს, ჩვენ მამა იოსებთან ერთად, სისხლს ვაქცევდით, რათა იგი გამზადებული თქვენთვის გადმოგვეცა. თქვენ იგი მხოლოდ უნდა შემოინახოთო".
მამა ეფრემსა და მამა ხარლამპეს უკვე დიდი მონასტრები იწვევდნენ სულიერი დამოძღვრისთვის. ახალ სკიტშიც უკვე იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ საჭირო გახდა უფრო ფართო საცხოვრებლის მოძებნა. გაიგეს, რომ ფილოთეოს მონასტრისა და კარიესის ახლოს დიდი რუსული კელიები იყო ცარიელი. მამა ხარლამპემ მათ სანახავად ხალხი გაგზავნა. როცა ისინი მამა არსენთან შევიდნენ კურთხევის ასაღებად, სანამ რაიმეს ეტყოდნენ, მამა არსენმა დაასწრო:
- ფილოთეოში ნუ წახვალთ, რადგან ჩვენ ბურეზარში გადავალთ.
- საიდან იცით ეს, მამაო?
ლოცვისას მაჩვენა ღვთისმშობელმაო და დაწვრილებით აღუწერა ბურეზარის კელიები და იქ მცხოვრები ერთადერთი რუსი მონაზონი.
- ესე იგი ღვთისმშობლის ნებაა, აქედან წავიდეთ? - ჰკითხეს კვლავ.
- მე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, რომ აქედან გადავიდოდით. რამდენიმე დღის წინ კი, შუაღამისას, ძილში მამა იოსები ვიხილე. დადიოდა და დიდ შენობებს ათვალიერებდა. ვკითხე, - ვისი სახლებია-მეთქი და - ჩვენიო. წადით და ნახეთ ფილოთეოს მონასტრის კელიები, მაგრამ იცოდეთ, ჩვენ ბურეზარში დავსახლდებით.
მამა ხარლამპეს გაგზავნილ ბერებს ბურეზარის კელიები მოეწონათ, მაგრამ როგორ დაერწმუნებინათ რუსი მონაზონი, რომელსაც არაფრის დიდებით ბერძნებთან ცხოვრება არ უნდოდა. გაგზავნეს მამა ხარლამპე, რომელიც რუსეთში იყო დაბადებული, რუსული იცოდა, მაგრამ ისიც ხელცარიელი დაბრუნდა.
მეორე დღეს არსენმა იხმო მამა ხარლამპე და უთხრა:
- ხვალ წადი ბურეზარში. წუხელ ვიხილე ღვთისმშობელი და რუსი მონაზონი. შენზე ბრაზობდა, მაგრამ ღვთისმშობელი მოეხვია და ის ბატკანივით მშვიდი გახდა.
მართლაც ასე მოხდა, რუსი ბერი მამა ხარლამპეს ჯოხით გამოენთო, მაგრამ რომ მიუახლოვდა, ჯოხი გადააგდო, მოეხვია და უთხრა, - შენ კარგი კაცი ხარ. ხვალ მოდი აქ შენს მონაზვნებთან ერთადო.
მამა არსენის ლოცვით ყველაფერი კარგად დასრულდა. "მამა არსენი იყო ძალზე უბრალო და უბოროტო ადამიანი, - ჰყვება მამა იოსებ დიონისელი, - მის გვერდით ჩვიდმეტი წელი ვიცხოვრე და არასოდეს მინახავს გაბრაზებული ანდა განრისხებული. მხოლოდ ერთხელ აღიმაღლა ხმა. ერთი ძმა რაღაცას დაჟინებით თავის ჭკუაზე აკეთებდა. მამა არსენმა მკაცრი ტონით უთხრა: "შენ აღასრულებ მორჩილებას. ეს ასე იქნებაო". მართალი გამოდგა.
მამა არსენის სიზმრები. აქვე უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა მამა არსენის სიზმრებზე. ხილვა მოსაგრეებს აქვთ ჩვეულებისამებრ ლოცვისას, ძლიერი დაღლილობის ჟამს, როცა მოსაგრემ არ იცის, ეძინა თუ არა.
მამა არსენიც ლოცვის ჟამს ხედავდა ზებუნებრივ საგნებს. უფრო ხშირად კი თავის მოძღვარსა და თანამოსაგრეს მამა იოსებს, რომელიც სიკვდილის მერეც ხელმძღვანელობდა მას და იფარავდა სხვადასხვა საფრთხისა და შეცდომისაგან.
ერთხელ მასთან ერთი ძმა მივიდა და კურთხევა სთხოვა. მამა არსენი, რომელიც ადვილად იძლეოდა კურთხევას, ახლა გაჯიუტდა და უარი თქვა. როცა ამის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა: - წუხელ მამა იოსებმა გამაფრთხილა: - არსენი, სხვის სიმძიმეს ნუ იტვირთებ. ხვალ მოვა ხ-ი და კურთხევას ნუ მისცემო.
მამა არსენი სიზმრად ხშირად ხედავდა მამა იოსებს და ამას სავსებით ბუნებრივ მოვლენად აღიქვამდა:
- განუშორებლად ვიცხოვრეთ. ძილი საწყობია: რასად დადებ, იმას აიღებ. თუ მრუში, ვერცხლისმოყვარე ხარ, შენთვის ბუნებრივ საგნებს ნახულობ. თუ მოღვაწე ხარ, მაშინ ძილშიც ლოცულობ. ეს ლოცვა კი დღისით მეტ ძალასა და სიტკბოებას განიჭებს. ასევე ამბობდა: - ფრთხლად მოეპყარით ნუგეშისცემას (ანუ ღვაწლის შემსუბუქებას - მარხვისას, ღამისთევისას და სხვა ამგვარს), ეშმაკი ამას უპირველესად ძილისას გამოიყენებსო.
ბოლო ღვაწლი. ღამისთევის ლოცვას მამა არსენი ასე ატარებდა: ჯერ განმარტოებით ლოცულობდა 5-6 საათის მანძილზე. ამ დროს თავის საბერო კანონს აღასრულებდა, რომელიც 300 დიდი მეტანიისა და 300-კვანძიანი სკვნილის ოთხჯერ ჩამოლოცვისაგან შედგებოდა. ღამისთევა საერთო ლოცვით მთავრდებოდა, რომელიც ორი-ორსაათნახევარი გრძელდებოდა, რასაც საღმრთო ლიტურგია მოჰყვებოდა. როცა ბურეზარში გადავიდნენ, მამა არსენი 85 წლისა იყო. მიუხედავად გარდავლილი მკაცრი მოღვაწე ცხოვრებისა, თავს ღვაწლის შემსუბუქების ნებას არ აძლევდა. უკვე მოხუცებულს სხვის დაუხმარებლად წამოდგომა აღარ შეეძლო. ამიტომაც ასეთი რამ გამოიგონა: დაიხრებოდა თავის საწოლამდე, საიდანაც შეეძლო ადგომა, და ასე ასრულებდა მეტანიებს. ამბობდა: - რადგან ეს მეტანიები სანახევროდ არის გაკეთებული, ამიტომ ორჯერ მეტს აღვასრულებო.
ვიდრე შეეძლო ფეხზე დგომა, მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. სხვებსაც ურჩევდა: - ვიდრე ფეხები გემორჩილებათ, ლოცვისას იდექით, თუ გსურთ ლოცვის ნაყოფი იგემოთო.
მამა არსენს ფიზიკურად მუშაობა აღარ შეეძლო, მაგრამ არ უნდოდა პური უშრომლად ეჭამა. იჯდა სკამზე, ლოცულობდა ან ღვთისმოშიშ მომლოცველებს ესაუბრებოდა, კურთხეული ხელებით სკვნილს ქსოვდა და სულიერ შვილებს ურიგებდა.
მამა იოსებ ვათოპედელი იხსენებს: - მამა არსენზე შეიძლება ითქვას სახარებისეული სიტყვები: აი ჭეშმარიტი ისრაელიანი, რომელთანაც ზაკვა არ არის. იგი ბუნებით იყო პირდაპირი, უბრალო, უბოროტო, მორჩილი და გამორჩეულად იშვიათი მოღვაწე და უპოვარი.
ბოროტება არასოდეს ახსოვდა, არასოდეს მრისხანებდა, სხვას არასოდეს ზიანს არ მიაყენებდა.
სრულყოფილი მორჩილება ჰქონდა, ამიტომაც მორჩილებისა და მოძღვრისადმი (მამა იოსებისადმი) აბსოლუტური რწმენის წყალობით ბუნების კანონების აღმატებულად ცხოვრობდა.
ღამისთევის ლოცვას საღამოთი იწყებდა, ათასობით მეტანიას აღასრულებდა და გათენებამდე ფეხზე იდგა.
იგი ისე ჩაღრმავებული იყო ლოცვაში, რომ ხშირად ფიზიკური შრომის დრო მოდიოდა და ლოცვის შეწყვეტას არ ფიქრობდა. იძულებული ვიყავით, დაგვეძახა.
- განა უკვე გათენდა? - იკითხავდა.
მთელი თავისი უბრალოებით ეს მამა ჩასწვდა მონაზვნური ცხოვრების არსს. თავი მთლიანად მორჩილებასა და ღვაწლს მისცა და ამიტომაც ეწია სასურველს. მან თავისთვის ლოცვა შეიძინა, მან ღმერთი შეიძინა.
მონაზონი, რომელიც პირველ რიგში ამ მიზნისკენ არ ისწრაფვის, მარცხს იგემებს.
მამა არსენი იყო მშვიდი და დიდი მუშაკი სათნოებათა. იგი გახლდათ ერთ-ერთი თანამედროვე ათონელი წმინდანი. კურთხევა მისი იყოს ჩვენზედა. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი