ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
ლავრელი მამა ეფრემი. ერთი უბრალო, ღვთისმოშიში და სოფელს მოცილებული მონაზონი გახლავთ ლავრელი მამა ეფრემი.
როცა 1992 წელს მოვინახულე, მითხრა, - 37 წელია, მთაწმინდაზე ვარ ფეხმოუცვლელადო. ერთხელ თურმე მაცთურს შეშურდა მისი და ისე მოაწყო, რომ ბერი კარიესში, ლავრის მეტოქიონში, მაღალი სართულიდან ჩამოვარდნილიყო. მან ხელი მოიტეხა და იძულებული შეიქნა, დაბა კილკიდაში წასულიყო ექიმთან, ისიც სამი დღით. მერე კი კვლავ დაუბრუნდა თავის სავანეს.მამა ეფრემ კატუნაკელი. ერთხელ მამა ეფრემს დემონმა დიდებისმოყვარეობის გულისთქმა მოუვლინა. ბერს ორმოცი წელი ათონი არ დაუტოვებია და ეშმაკი ეუბნებოდა, სრული განდეგილობის საზომს მისწვდი, რომელსაც იშვიათად თუ ვინმე აღწევს მონაზონთაგანო. ბერმა დამშვიდება ვერ შეძლო. დიდხანს ევედრებოდა ღმერთს და ამ ფიქრის მოცილებას სთხოვდა, მაგრამ ამაოდ. მაშინ ის თავისი კალივის ტაძარში შევიდა, დადგა წმინდა ტრაპეზის წინ და უფალს ხიბლის ფიქრისაგან განთავისუფლება შესთხოვა. საბოლოოდ ღმერთმა შეისმინა მისი.
მოხდა ისე, რომ იმ ხანებში ორი-სამი დღე ცერცვს ჭამდა და ამისგან ჰემოლიზი დაემართა. ამიტომაც სამი დღით სალონიკში ექიმთან გაემგზავრა და უკან სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა.
ერთმა მორწმუნემ ეს ამბავი რომ შეიტყო, ბერს უთხრა: - ხედავ, მამაო, რა ქნა ცერცვმაო? მან მიუგო, - შვილო, ცერცვი არაფერ შუაშია. ყველაფერი ერთმა გულისთქმამ ქნაო.
აი, ასე დამშვიდდა ბერი და მოღვაწე ცხოვრება განაგრძო.
თავი მე-16. ამბები სოფლის უარყოფისა
ივერთა სკიტი. მამა ანდრია. 1983 წლის მარტის დასაწყისში პირველად ვესტუმრე ივერთა მონასტრის კუთვნილ იოანე ნათლისმცემლის სკიტს. გავუყევი ივერონიდან ბილიკს და ნახევარ საათში მივადექი წაბლის, დაფნებისა და სხვა ხეების ტევრში მდგარ სკიტს. ტაძარს კეთილმოკრძალებით და გულმომბალი მივუახლოვდი. დაკეტილი დამხვდა, სასტუმრო არქონდარიკი ნახევრად დანგრეული და მიგდებული. სკიტის პირდაპირ, მთის ფერდობზე ჩარიგებული კალივების უმეტესობა დაკეტილი და ცარიელი იყო. ზოგიერთ კალივაში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ბერები - ამას საკვამურიდან ამომავალი კვამლით მივხვდი.მიტოვებულ სასტუმროსთან ჩამოვჯექი და სკიტის თვალიერებას შევუდექი. ვუცქერდი სრულ სიჩუმეში ეკლესიას, სამრეკლოს და საუკუნოვან კვიპაროსებს და გული მიწუხდა სკიტის ამგვარად გავერანების გამო. საუკუნის დასაწყისში, სკიტის ზეობის წლებში აქ რომ ვყოფილიყავი, მოვისმენდი ზართა ტკბილ რეკვას, ვნახავდი ამ გულის შემმუსვრელ ტაძარში ღამისთევის ლოცვაზე მიმავალ ჭაღარა მამებს და მორჩილებს, ყურს დავუგდებდი მთაწმინდელთა ანგელოზებრ გალობას.
ყველა ეს მამა წავიდა იმ ქვეყნად. ტაძარი ღვთისმსახურების გარეშე დგას. წელიწადში ერთხელ, 29 აგვისტოს, ნათლისმცემლის პატიოსანი თავის კვეთის დღესასწაულზე, აღესრულება მსახურება, ზარებსაც მხოლოდ მაშინ რეკავენ და მთაწმინდელთა გალობაც მხოლოდ მაშინ გაისმის. დანარჩენ დღეებში ირგვლივ ყველაფერი დაკეტილია, სიჩუმეა, მხოლოდ არქონდარიკის ფანჯრებსა და კარებში სტვენს ქარი. მერე სკიტის სასაფლაოზე ჩავედი. კრძალვით და ლმობიერად დავყურებდი ერთ ორმოში რომელიღაც ღირსი ნეტარი მამის გაუხრწნელ თავის ქალას.
სადღა ნახავ ისეთ ღირს მამებს, ოდესღაც ამ სკიტში რომ ცხოვრობდნენ და ღვთის საქმეს მოიმუშაკებდნენ ამ გონებრივ ვენახში-მეთქი, ვფიქრობდი, - მათი ძვლები აქ განისვენებენ, ხოლო სულნი უფლის სავანეში დატკბებიან. მათ ნეტართა ძილით სძინავთ იმ დღემდე, ვიდრე არ განქარდება სიკვდილი და აღმობრწყინდება დაუღამებელი მზე სიმართლისა, სიწმინდისა და მარადისობისა. მათ ძვლებს აქ მოიპოვებენ, ხოლო სულნი მათნი აბრაამის წიაღში განისვენებენ და სამოთხის ზეციურ სიკეთეებს იგემებენ...
მერე ტაძრის მახლობლად წმინდა მოციქულთა სახელობის კალივაში დაყუდებულ მამა ანდრიასთან მივედი. უბრალო, უბოროტო, უზაკველი და მხიარული მონაზონი პატარა ბავშვივით იყო.
ამ კურთხეულ ბერიკაცს თავისი კალივის კარებზე დაფა ჰქონდა მიმაგრებული, ზედ ძაღლი ეხატა. ამით აფრთხილებდა მოსულთ, რათა დაეძახათ მისთვის.
მამა ანდრიას კურდღლები ჰყავდა. ვკითხე, არ კლავ-მეთქი? არა, მეცოდებიანო. როცა დაბერდა, გაუჭირდა მათი რჩენა. თუმცა ამ მდგომარეობიდან საღმრთო განგებულებამ გამოიყვანა - ერთ ღამეს წვიმამ ფარდული წყლით გაავსო და კურდღლები ამოხოცა... მას სოფელი სრულიად არ აინტერესებდა. როგორც მითხრა, ათონი უკანასკნელად 1928 წელს დაეტოვებინა, ანუ 60 წელი სიკვდილამდე ერში არ გასულა. მთელი სიცოცხლე ათონზე გაატარა და ყველა მონასტერი არც მოუნახულებია, იმდენად იყო მოკლებული ცნობისმოყვარეობის სულს. მხოლოდ მახლობელ სავანეებში მიდიოდა: ივერონში, სტავრონიკიტასა და პანტოკრატორში, ვათოპედსა და ყუთლუმუშში, ფილოთეოსა და ყარაყალის მონასტრებში. ერთხელ ყუთლუმუშის მონასტრის იღუმენმა შესთავაზა, მასთან მონასტერში გადასულიყო, რათა გაადვილებოდათ მასზე ზრუნვა. ბერმა უპასუხა: - გმადლობ, მამაო, კეთილი განზრახვისათვის. მაგრამ არ შემიძლია დავკეტო კალივის კარები, მივატოვო წმინდა მოციქულნი და მათი კანდელი ჩავაქრო. არ შემიძლია მივატოვო ეს ადგილი, სადაც ახალგაზრდა მოვედი და სადაც დავბერდი. ჩემს სულს არ შეუძლია მიატოვოს ეს გადაწნული ვაზის ხეივანიო.
ბოლოს, მცირე ხნით იავადმყოფა. ივერონში გადაიყვანეს, სადაც მიიცვალა 1988 წელს.
მამა ანდრია ხორციელი ძმა გახლდათ ცნობილი მამა ნილოსისა. ისინი წარმოშობით მრავალი მონაზვნის გამზრდელ ქალაქ მადიტოსიდან იყვნენ. აქაურები თურქებმა 1922 წელს მცირე აზიიდან გამოდევნეს.
თავი მე-17. ამბები ურჩობისა
ღირსი ნიფონტი კავსოკალიველის ცხოვრებიდან. ერთხელ ღირსი ნიფონტის მორჩილმა ნარკოზმა სთხოვა, ზღვაზე თევზაობის კურთხევა მიეცა. ღირსმა მამამ არ აკურთხა, - სჯობს შორს იყო ზღვისაგან, განსაცდელების ზღვაში რომ არ შეხვიდე. აჯობებს, გულისთქმის დაჭერა ისწავლო და არა თევზისაო. მორჩილი არ დაემორჩილა და სათევზაოდ წავიდა. დაიწყო თევზაობა. ანაზდად ზღვიდან ზვიგენი ამოუხტა. დამფრთხალი მორჩილი მაშინვე მოძღვართან გაიქცა და ყველაფერი უამბო. ღირსმა მამამ უპასუხა: - "ხედავ, რა ხდება ურჩობისას! დაჭერილი თევზი მოისროლე, - არასოდეს შევჭამ ურჩობის თევზს-თქო".ტრაგიკული ამბავი. შორეულ წარსულში დიონისიატის სავანეში ერთმა ბერდიაკონმა წირვის მერე ზღვაში ბანაობა მოისურვა. იღუმენმა ნება არ მისცა და უკურთხებლად, სრულიად მარტო მივიდა ზღვასთან, ჩახტა წყალში და ბანაობა დაიწყო. იმდენ ხანს იცურა, ვიდრე საკბილოს მაძიებელმა ზვიგენმა არ გადაყლაპა.
ბერდიაკონი რომ არ გამოჩნდა, ძმები შეწუხდნენ. შესაძლოა, შორიდან უცქერდნენ მის ბანაობას. უეცრად რომ გაუჩინარდა, დაეჭვდნენ, ზვიგენმა ხომ არ შეჭამაო, ანდა იქნებ ზვიგენსაც მოჰკრეს თვალი. დაკლეს ღორი, მოაბეს კაუჭზე, ნავით ზღვაში შეცურეს და სატყუარა წყალში გადააგდეს, მაგრამ ზვიგენის დაჭერის ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა.
ასე ტრაგიკულად დატოვა ბერდიაკონმა სავანე. ურჩის სამაგალითო დასჯამ შიში ჩათესა დიონისელი ძმების გულებში და ცდილობდნენ, არაფერი დაემალათ იღუმენისთვის.
მორჩილის ურჩობა. ერთ-ერთ კელიაში, რომელიც წმინდა ანას მცირე სკიტის სიახლოვეს, ძნელად მისადგომ კლდოვან უდაბნოში მდებარეობდა, ოდესღაც ბერი და მორჩილი ცხოვრობდნენ. მოძღვარმა წინამორბედ მამათაგან მემკვიდრეობით ყოველ შაბათს, სამდღიანი მარხვის მერე, ზიარების ტრადიცია მიიღო. მოისურვა, ეს ტრადიცია მორჩილისთვის გადაეცა.
ერთხელ ეს მორჩილი მეზობელ კელიას ეწვია. იქ სხვათა შორის ისაუბრეს ხშირ ზიარებაზეც. მონაზონი გაიტაცა ამ მამათა აზრებმა, თითქმის ყოველდღე მიდიოდა მათთან კალივაში და ეზიარებოდა საღმრთო საიდუმლოს.
მოძღვარი არიგებდა, ჩვენთვის სრულიად საკმარისია, ყოველდღე ღვთისმსახურების სრული ციკლი ვილოცოთ და შაბათობით ვეზიაროთო. მორჩილი არ უსმენდა. ერთხელ ემზადებოდა მოძღვრის კურთხევის დასარღვევად. მოძღვარმა რისხვით უთხრა: - რადგან არ მემორჩილები და თვითნებობას განაგრძობ, დაე, დაგსაჯოს ბოროტმა ანგელოზმაო.
ორი დღის შემდეგ მორჩილს ყელში სიმსივნე გამოაჩნდა, რომელიც გაიზარდა და ძალზე სტკიოდა. ერთი კვირის მერე გარდაიცვალა და ღმერთმა იცის, ცხონდა თუ არა...
ეს ამბავი ყუთლუმუშელ მონაზვნებს მამა იოსებ მღვიმელმა უამბო.
თავი მე-18. ამბები საცთურებისა
ღირსი ფილოთეოს დიონისელი. ღირსი ფილოთეოსი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. ის და მისი ძმა ბავშვობაში აგარიანებმა მოიტაცეს. მათი დაქვრივებული დედა ტიროდა და ღვთისმშობელს შვილების ტყვეობიდან დახსნას ევედრებოდა. მართლაც, უფლის დედამ საოცარი სახით გაათავისუფლა ისინი და ქალაქ ქრისოპულოს სიახლოვეს მონასტერში მიიყვანა. ამასობაში დედაც მონაზვნად აღიკვეცა იმ მხარის ერთ-ერთ მონასტერში, რომლის სულიერი წინამძღოლი იყო იმ სავანის იღუმენი, სადაც მისი შვილები მოხვდნენ.ერთხელ ისინი შეხვდნენ დედას, გაიხარეს და განადიდეს ამ სასწაულის მოქმედი ღვთისმშობელი და მადლობა შესწირეს მას.
ჯერ კიდევ ყმაწვილ ფილოთეოსს განსაცდელი შეემთხვა იმის გამო, რომ ურთიერთობა ჰქონდა დედამისის მონასტერთან. ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა, სატანის ჩაგონებით, ურცხვად სცადა მისი სიძვაზე დაყოლიება. მან ყველაფერი იღუმენს უამბო, რათა მონაზვნისთვის გამოსასწორებლად ეპიტიმია დაედო. იღუმენმა კი ის მონასტრიდან გააგდო.
როცა მონაზვნებმა ეს ამბავი შეიტყვეს, ფილოთეოსს წმინდანად და ზნემაღალ ადამიანად მიიჩნევდნენ. ღირსმა მამამ კი, რომ გაქცეოდა სულის გამხრწნელ პატივს, დატოვა მონასტერში, წავიდა ათონზე და დიდხანს ცხოვრობდა დიონისეს სავანეში. მერე მოშორებით კელია აიშენა და იქ დაეყუდა. სიკვდილის წინ ღირსი შეიქმნა საღმრთო ნიჭისა, უფლისა მიერ რომელი განადიდებს მადიდებელთა თვისთა.
ცოდვილი დედაკაცის მონანიება. ერთხელ სოფელში არსებულ საცთურზე ვესაუბრებოდი ქსენოფონტეს მონასტრის იღუმენს ნეტარ მამა ევდოკიმეს, რომელიც დოქიარის სავანეში გარდაიცვალა. ბერმა ხაზგასმით ბრძანა, რომ სახიფათოა ახალდამწყებისთვის მთაწმინდიდან გასვლა და სოფელში ხეტიალი, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როცა სულიერი ცხოვრება ჩაკვდა, უსჯულოება და ცოდვა კი ბობოქრობს. რამდენიმე რამ მირჩია, მერე კი ერთი ამბავი მიამბო, რომელიც სალონიკში შეემთხვა 70 წლისას.
"ათონიდან სალონიკში საქმეზე ჩასული ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში გავჩერდი. საქმე მოვათავე, სასტუმროში დავბრუნდი. ვიფიქრე, - დავისვენებ, ვილოცებ და ხვალ დილით გავემგზავრები-მეთქი. ჩემი ნომრისკენ მიმავალს ერთი გოგონა შემომხვდა. მთხოვა, თქვენს ნომერში წამიყვანეთ და ზურგზე მალამო წამისვით, მძიმედ ავად ვარო. ღვთის მცნება გვეუბნება, ორი სარბიელი გავიაროთ, თუ ვინმე ერთის გავლას გვთხოვსო. თანახმად მოწყალე სამარიტელის იგავისა, რომელიც გაჭირვებულის დახმარებას გვასწავლის, გავიფიქრე, კარგად მოვიქცევი, თუ დავეხმარები-მეთქი.
ქალი საწოლზე დაწვა, მალამო წავუსვი ისე, როგორც მთხოვა. ამასთან ჩემს გულისთქმებს თვალყურს ვადევნებდი, რომ რაიმე არაწმინდა ფიქრი არ დამუფლებოდა, რაც, ღვთის შეწევნით, შევძელი კიდეც ლოცვით. ეშმაკი კი, რომელიც ამ გოგონას გულში იყო დაბუდებული, გამძვინვარებული მეცა.
როცა მალამოს წასმა დავამთავრე, ეს გოგონა წამოდგა, მოიცილა ავადმყოფის ნიღაბი და ურცხვად ცოდვის ქმნა შემომთავაზა. არც დავთანხმდი და არც ვცდუნებულვარ, დავტუქსე, მერე კი დავარიგე, რომ თავი დაენებებინა ამ საქმისთვის, რომელიც ეშმაკის მოსაწონია და ღვთის საწინააღმდეგოა.
გოგონა ატირდა, თან იძახდა, - თავს მოვიკლავო. ვკითხე: - შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ-მეთქი. დიახო, - მიპასუხა. მაშინ ვუთხარი: - ქრისტიანობაში არ არსებობს თვითმკვლელობა. ჩვენთან მონანიებააო. მიპასუხა: - რა ვქნა ახლა, მამაო? ვურჩიე: - აღსარება თქვი, შეინანე, ცხოვრება შეიცვალე-მეთქი. შევთანხმდით: ის სალონიკის ერთ-ერთ ტაძარში მოვიდოდა და აღსარებას ჩამაბარებდა. საცოდავმა გოგონამ მიამბო, რომ ის თავის ქალაქში პატიოსნად ცხოვრობდა, მაგრამ კალამატში ვინმე ახალგაზრდამ შეაცდინა, ცოდვაზე დაიყოლია და მას მერე წარწყმედისკენ მიექანება. აღსარება ვათქმევინე, განხსნის ლოცვა წავუკითხე, ვურჩიე, ამის მერე აღარ ეცოდა და მშვიდობით გავუშვი".
აი, ასე სძლია სიძვის ეშმაკს თვითონ უბიწომ, განკრძალულმა და ქალწულმა მამა ევდოკიმემ და ღვთის ჭეშმარიტ და მტკიცე მონად გამოჩნდა, როგორც მღვდელი და როგორც მონაზონი.
იმ დროს, როცა ეშმაკი ხაფანგს უგებდა დასაღუპად, ეს ხაფანგი მისთვის გვირგვინად იქცა. თუმცა მან ბერს ანკესი გადაუგდო სატყუარათი, ბერმა იგი დათრგუნა, ანუ ზიზღით შეხედა შეთავაზებულ სიტკბოებას და გოგონა გადაარჩინა.
და აი, სიძვის ეშმაკის მძლეველი მამა ევდოკიმე გაემგზავრა ქალკედონის ნახევარკუნძულზე, იქიდან კი მთაწმინდაზე. მიდიოდა გახარებული და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც იგი უვნებელი დაიცვა ხორციელი ცოდვის ისართაგან და თავისი საღმრთო მადლით დაცემული გოგონაც სინანულში მოიყვანა.