კარგი მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს მაშინ, როცა ზურგს შეგაქცევს ბედნიერება
მეგობრობა მიწაზე იწყება და მარადისობაში გრძელდება.
დიდად უყვარდა ღირს მამას, ათანასე ათონელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უფლის დედაც მზრუნველობას არ აკლებდა. ხოლო როცა გარდაიცვალა, ქალწულმა მარიამმა თვითონვე გამოაჩინა, თუ რა დიდი იყო იგი ღვთის წინაშე. დიდ ლავრაში ხარების დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ღვთისმშობელი გამოეცხადა სავანის წინამძღვარს და უთხრა: "დღეიდან ჩემს პატივსაცემად ნუღარ იზეიმებთ, რამეთუ შემომნატრის მე კაცთა მოდგმა და მთელი საქრისტიანო განადიდებს ჩემს სახელს. იდღესასწაულეთ ხსენება ჩემი მეგობარი ათანასესი, რომელიც მემსახურა და დიდად იღვაწა ამ სავანის აშენებისთვის". ამის მერე დიდ ლავრაში ხარების დღესასწაულზე წმინდა ათანასეს ხსენებას აღნიშნავენ ხოლმე.* მოგვითხრობს წმინდა გაბრიელ მცირე: ერთ მორწმუნეს გარეჯის მოწამე მამათა საძვალიდან დიდი სასოებით წაუღია იქ მოღვაწე რომელიღაც წმინდა მოწამის თხემის ნაწილი, მოოქრულ ვერცხლის კოლოფში ჩაუსვენებია და შინ დიდი პატივით ჰქონია. მაგრამ წმინდანებს არ მოსწონებიათ ურთიერთდაშორება და ეს კაცი უკურნებელი სენით დასნეულებულა. მერე ჩვენებით გამოსცხადებიან წმინდანები და უთქვამთ: "რად განგვაშორე სულით შეერთებული ძმანი? თუ ჩვენს ნაწილს უკან არ დააბრუნებ, სენი მთელ შენს სახლს მოედებაო". კაცს მაშინვე სანთელ-საკმევლით და დიდი პატივით დაუბრუნებია წმინდა ნაწილი უკან და მისი სახლი ამ სენისგან განთავისუფლებულა.
* დიდი მეგობრობა ჰქონდათ წმინდა სერაპიონ საკვირველმოქმედს და გარეჯის მონასტრის წინამძღვარ სვიმონს. ერთხელ მამა სვიმონი ერთი საათით მოკვდა. გონს მოსულმა მთელი თავისი ნივთები გასცა. ეს ამბავი შეიტყო წმინდა სერაპიონმა. უძლური - სხვათა დახმარებით მივიდა მის სანახავად და ცრემლმორეულმა უთხრა: "მომეცი ეგ წმინდა ხელნი, ვეამბორო, რამეთუ მათ მიერ მსურდა დავმარხულიყავი და ამ დროს შენ მიდიხარ ჩემზე წინ. მამაო, არც მე გავჩერდები აქ უშენოდ, მალევე გამოგყვება სული ჩემი იმ ქვეყნადო". ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა მამა სვიმონი. მეორე კვირას მამა სერაპიონი "მიჰყვა" მეგობარს.
* წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს: სჯობს კაცს მეგობარი არ ჰყავდეს, ვიდრე ჰყავდეს და პატივისცემის ღირსი არ იყოს. ასეთ მეგობრებთან ცხოვრება მსგავსია მოლიპული გზისა, უფსკრულში რომ მიჰყავხარ.
მეგობრებმა მე მიწას მიმაჯაჭვეს, მტრებმა კი მისგან გამათავისუფლეს... მდევრით დამფრთხალი მხეცი უფრო იპოვის საიმედო თავშესაფარს, ვიდრე თავისუფლად მორონინე, ასევე მეც, მტრებს გამოქცეულმა, უსაფრთხო ნავსაყუდელი შენს ფრთებქვეშ ვპოვე, სადაც ვერც მეგობრები და ვერც მტრები ჩემი სულის დაღუპვას ვერ შეძლებენ... მხოლოდ მას სძულს მტრები, ვინც არ იცის, რომ მტრები სინამდვილეში მკაცრი მეგობრები არიან.
* დეციუსის მეფობისას რომში ორი მეგობარი ცხოვრობდა, ქრისტიანი ნიარქი და წარმართი პოლიექტო. ნიარქმა ბევრჯერ ამაოდ სცადა მისი მოქცევა. თუმცა მათ ძმობას ეს ვერაფერს ვნებდა. დადგა ქრისტიანთა დევნის ჟამი. ნიარქსაც ქრისტესთვის სიკვდილის გემო უნდა გაესინჯა და განშორებოდა თავის მეგობარს. ემზადებოდა სიკვდილისთვის და თან მეგობრის სულის წარწყმედაზე ჯავრობდა, იმდენად, რომ ეს ტკივილი სახეზეც დაეტყო. პოლიექტო, როცა ნიარქის უზომო მწუხარების მიზეზი გაიგო და ისიც შეიტყო, რომ მეგობარს უნდა დაშორებოდა, წავიდა მმართველთან, თავი ქრისტიანად აღიარა და ტანჯვა ბოლომდე დაითმინა იმ იმედით, რომ მათი მეგობრობა ცათა შინა ღვთის სასუფეველში გაგრძელდებოდა.
* თეოდოსი დიდის მონასტერში ორი ბერი ცხოვრობდა. მათ ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ აღთქმაც დადეს ერთად ყოფნისა როგორც მიწაზე, ისე იმ ქვეყანაზე. ერთ-ერთი ეშმაკმა აცდუნა და მან სოფელში წასვლა გადაწყვიტა. მეგობარმა მისი შეჩერება ვერ შეძლო და დაცემულ ძმას სოფელში გაჰყვა. ერთი სცოდავდა, მეორე კი მუდმივად უკან, მონასტერში დაბრუნებას შეახსენებდა, მაგრამ მდგომარეობა უარესდებოდა. ამ დროს ღირსი აბრაამი მონასტერს აშენებდა და მუშებად ეს ძმებიც დაიქირავა. სამუშაო დღის მერე დაცემული ძმა ცხოველურ ვნებებს იკმაყოფილებდა, მეორე კი ამ დროს მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და ცრემლთა ღვრაში იყო. ღირსმა აბრაამმა ეს ამბავი რომ შეიტყო, დაიბარა ბერი და გამოჰკითხა, რა იყო მიზეზი მისი იქ ყოფნისა. ბერმა უთხრა, ძმის საცხოვნებლად დაცემულსაც არ მივატოვებო. წმინდა აბრაამმა უთხრა: "წადი მშვიდობით, ღმერთმა გაჩუქა შენი ძმის სულიო!" "ღირსი აბრაამისგან გამოსულ ბერთან მეგობარი მივიდა, მუხლებში ჩაუვარდა და შესთხოვა: "საყვარელო ძმაო, წამიყვანე უდაბნოში, ცხონება მინდაო". მაშინვე დაბრუნდნენ მონასტერში. განაგრძეს ძველებური მოსაგრე ცხოვრება. ციტა ხნის მერე ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალნენ.
* საუკეთესო შენაძენი ერთგული მეგობარიაო, - ბრძანებს ამბა ევაგრე. წმინდა ამბროსი მედიოლანელი გვასწავლის: "მეგობრობაზე უკეთესი არაფერია ცის ქვეშეთში. რა შეიძლება იყოს იმაზე ამაღლებული და ძვირფასი, გყავდეს ადამიანი, რომელსაც გაუხსნი გულს, გაუმხელ საიდუმლოს, ჩააბარებ საგანძურს? რა განუგეშებს იმაზე მეტად, ვიდრე ის, რომ გყავდეს გვერდით გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს, მწუხარების ჟამს თანაგიგრძნობს, დევნისას კი რჩევას მოგცემს და განუგეშებს?" წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "კარგი მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს მაშინ, როცა ზურგს შეგაქცევს ბედნიერება".
* წმინდა მამები გვაფრთხილებენ: ამბა მატათე - "ნუ დაუმეგობრდები ადამიანს, რომელიც ვნებს თავის მოყვასს და ნუ გაიხარებ მასთან ერთად, რომელიც სხვას ბოროტებას უკეთებს". წმინდა ბასილი დიდი - "ნუ გაუშინაურდები მზაკვარს, რამეთუ მეგობრობა მზაკვართან ეშმაკთან მეგობრობის ტოლფასია". ანტონი დიდი - "ნებას ნუ მისცემ საკუთარ თავს, დაარღვიოს საღმრთო მცნებები ადამიანური მეგობრობის გამო". "ყველასთან გქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ყველას ნუ გაიხდი მრჩევლად". ამბა ევაგრე - "სჯობს ყალბი ოქრო მიიღო, ვიდრე ყალბი მეგობარი". ამბა აღათონი კი ბრძანებს: "თუ ვხედავ, რომ ჩემი უსაყვარლესი ადამიანი სულიერად მვნებს, მაშინვე მოვიშორებ, ანუ შევწყვეტ მასთან ნაცნობობას და ურთიერთობას".
* "დაუახლოვდი მართალს და მის მიერ მიუახლოვდები ღმერთს", - გვასწავლის წმინდა ისააკ ასური. ხოლო თუ შენს გვერდით კაცნი არ არიან, მაშინ როგორ უნდა მოიქცე? წმინდა პავლე მეუდაბნოესთან მისულმა ღირსმა ანტონმა იგი უკვე აღსრულებული იხილა. როცა ფიქრობდა, როგორ დაეკრძალა ეს წმინდა მამა, რადგან ხელთ ნიჩაბი არ ჰქონდა, ლომების ღრიალი შემოესმა. ორი ლომი მოდიოდა და, თითქოს წმინდანს დასტირიანო, საშინლად მოთქვამდა. შეშინდა წმინდა ანტონი, მერე კი, როცა თავი ასწია, დაინახა, რომ ლომები კრავებივით ჩამომსხდარიყვნენ წმინდანთან, ლოკავდნენ და ბღავილით დასტიროდნენ. წამოდგნენ, ტორებით ღრმა ორმო გათხარეს, კვლავ დაემხნენ წმინდა პავლეს ფეხებთან, თითქოს დაემშვიდობნენო. მერე კი წმინდა ანტონთან მივიდნენ, ხელ-ფეხი აულოკეს, თითქოს ლოცვა-კურთხევას სთხოვენო. ანტონმა აკურთხა წმინდა პავლეს მეგობრები და უდაბნოში გაუშვა, თვითონ კი ღირსი მამა მიწას მიაბარა და სულიერად აღშენებული დაბრუნდა თავის მონასტერში.
* ვინ არის მეგობარი უფლისა? წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს: "მე აღარ მეშინია ღმრთისა, არამედ მიყვარს. რამეთუ სიყვარულმა გარე განდევნა შიში".
* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) გვასწავლის: "სულიერი მამა მეგობრობისთვის კი არ მოგეცემა, არამედ ცხონებისთვის და უნდა დააფასო მისი სიტყვა, გაუფრთხილდე მის კურთხევას და ყველაფერი უზადოდ აღასრულო".
* ლომი თუ გყავს მეგობრად, განა არ შეიძლება რწყილი "დაიმეგობრო"? თურმე შეიძლება. ერთხელ ახალგაზრდა ქერუბიმი (შემდგომში არქიმანდრიტი) ყუთლუმუშის სკიტში მამა ნიკოლოზ კვიპრელის კალივას ესტუმრა. მამებმა სიყვარულით მიიღეს, ასადილეს და მოსასვენებლად კელიაში შეიყვანეს. დაღლილი ქერუბიმი საწოლზე მიწვა, თვალის დახუჭვაც ვერ მოასწრო, რომ ტანზე კბენა იგრძნო. ყვირილით წამოხტა და რას ხედავს: მთელი ქვეშაგები რწყილებითაა დაფარული. ხმაურზე მამები შემოვიდნენ და ჰკითხეს, რა მოხდაო. ქერუბიმს მიზეზის გამხელა არ უნდოდა, მაგრამ მამები თვითონვე მიხვდნენ და უთხრეს: "ჩანს, ჩვენს კეთილ მეგობრებს რომელიმე ჩვენგანი ეგონეთ და ეს საცოდავები თავიანთი საკვებისთვის მოვიდნენ. მამა ქერუბიმ, ისინი დიდად გვეხმარებიან, ნახევარ საათზე მეტხანს ძილის უფლებას არ გვაძლევენ, რისთვისაც დიდად მადლიერნი ვართ მათიო". მამა ნიკოლოზმა კი დასძინა: "მე აქ ორმოცდაათი წელია ვარ და ამ ჩვენს კეთილ მეგობრებს ერთი ღამეც კი არ მივუტოვებივართ. ისინი დიდ სიკეთეს გვიშვრებიან, ძილს ჩვენზე ბატონობის ნებას არ აძლევენ. შეგვახსენებენ, რომ მონაზონი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იდგეს ღვთის წინაშეო".
* წმინდა მაკარი ალექსანდრიელის სავანემდე მხოლოდ ვარსკვლავებით იგნებდნენ გზას. იქ ყველაფერი აკლდათ, მხოლოდ ძმური სიყვარული ჰქონდათ გარდამეტებული. ერთხელ ღირს მაკარის ვიღაცამ ყურძნის მტევანი მიართვა. მან კი ძმური სიყვარულით ერთ სნეულ ძმას მიართვა. იმან მადლობა შესწირა ღმერთს და ღირს მაკარის, ხოლო მტევანი სხვა შეჭირვებულ ძმას მიუტანა, იმ ძმამ მესამეს წაუღო, მესამემ - მეოთხეს. ყურძენმა კელიები მოიარა და კვლავ მაკარისთან დაბრუნდა. დიდად გაიხარა მოძღვარმა, როცა ძმათა შორის ასეთი სიყვარული დაინახა.
* მამები ამბობდნენ: თითოეულმა მოყვასის მდგომარეობა უნდა საკუთრად მივიჩნიოთ, თანავუგრძნოთ მას, გვიხაროდეს და ვიტიროთ მასთან ერთად, ისე ვიცხოვროთ, თითქოს მის სხეულს ვატარებდეთ და საკუთარივით ვიზრუნოთ მასზე, როცა ის დასნეულდება, რამეთუ დაწერილია, რომ ერთი სხეული ვართ ქრისტეში და რომ "სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონებაი ერთ" (მოციქ. საქმე 4,32).
* მამა პორფირე ათენელს სულიერმა შვილმა, ბერმა აღაპიმ შესჩივლა: ერში ცხოვრებისას ბევრ ჩემს მეგობარს ვეხმარებოდი, ახლა კი ვერაფერს ვაკეთებ და ვწუხვარო. მამა პორფირემ უპასუხა: - მთაწმინდაზე მეც ასე ვწუხდი - მსურდა, ჩემი მეგობარიც მოსულიყო. მთელი თვე ვფიქრობდი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ლოცვა და სიმშვიდე დავკარგე. ამის შესახებ მოვუყევი ჩემს მოძღვარს, მან მითხრა:
- ადრევე უნდა გეთქვა. შენ ეშმაკი გაცდუნებს. მითხარი, აქ ვინ მოგიყვანა?
- ღმერთმა, ჩემმა მამამ.
- აღავლინე ლოცვა ღვთის წინაშე შენი მეგობრისათვის. უთხარი წმინდა გიორგისაც და ის მას თავისი ცხენით მოგიყვანს. ნუ იღელვებ, მიანდე ღმერთს ყველა, ვინც კი გიყვარს.
მამა პორფირემ თქვა: - იმავეს გიპასუხებ შენც, შეგიძლია რაიმეთი დაეხმარო სხვებს, ოღონდ ყოველთვის მოძღვრის კურთხევითო.
* ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს. ვინ აღწეროს მათ მიერ გაწეული ღვაწლი? ის, რომ საქართველოს ეკლესია გადარჩა, მათი ლოცვის წყალობითაც მოხდა. მამა გაბრიელის თქმით, საქართველოს თავზე გადაკვროდა ცოდვის ღრუბელი, რომელიც კაცთა ლოცვებს ზემოთ არ უშვებდა. მათ კი თავიანთი ლოცვით ეს ღრუბელი გადაყარეს. მამა იოანე ადრე გარდაიცვალა. ერთ აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეები ავიდნენ ბეთანიაში და უფლის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცეს მამა გიორგის. წმინდა ბერმა მათ შესჩივლა: - ეჰ, გოგონებო, დავობლდი, მამა იოანე წავიდა ჩემგან, მარტო დამტოვა. მორწმუნეებმა მისგან კურთხევა აიღეს, რათა მამა იოანეს საფლავზე აღდგომის ტროპარ-კონდაკი ეგალობათ. იგალობეს და უკან გაბრუნდნენ. მამა გიორგი ეკითხება: - უგალობეთ მამა იოანეს, არ გაგცათ ხმა?
- არა.
- მე კი შემეხმიანა! როცა აღდგომის ღამეს მასთან საფლავზე გავედი, ძლისპირნი ვიგალობე და ვახარე: - მამა იოანე, ქრისტე აღსდგა-მეთქი, მიპასუხა, - ჭეშმარიტად აღსდგაო!
ასეთია ჭეშმარიტი მეგობრობა, ქრისტესმიერი მეგობრობა!