სულიერი განსჯის მაგალითი. მამა არსენი ყვებოდა: "საძმოს ერთი მონაზონი ბერობას დიდი მოშურნეობით შეუდგა. დაემორჩილა ძალზე მკაცრ მამას, რომელიც ჩვენს ქვემოთ ცხოვრობდა და თვითონაც დასაწყისში მკაცრად მოსაგრეობდა:
მთელი ღამე მღვიძარებით, ფეხზე დგომით, მუხლთ დრეკით, მარხვით, მორჩილებით, წმინდა აღსარებითა და სხვა ამგვარით. მაგრამ ორი-სამი წლის მერე განგრილდა, ძალაუფლება თანდათანობით მაცთურს გადააბარა. ლოცვისას გონება ებინდებოდა, არაქათგამოცლილი იჯდა ხოლმე და ეძინებოდა. იქამდე მივიდა, რომ საბერო კანონსაც ვეღარ ასრულებდა. ეგ რაა - სიძვის დემონმა გაუმართა სასტიკი ბრძოლა. ეშმაკი სასოწარმკვეთ ფიქრებს ჩასჩურჩულებდა - ასეთი საქმეების გამო ნამდვილად ჯოჯოხეთში მოხვდებიო. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ეშმაკი მას სირცხვილს შთააგონებდა და მისგან ძლეულს, აღსარების თქმა აღარ შეეძლო. ეშმაკი ეუბნებოდა: "უბედურო, ამდენი ღამისთევის, მუხლთადრეკისა და ცრემლთა ღვრის მერე რას ეტყვი შენს მამას? მან რომ შენი უკეთურება შეიტყოს და უპირველესად სიძვის ბრძოლის ამბავი, აუცილებლად გაგადებს. ხომ არ სჯობს, თვითონვე გაეცალო?" წასვლის საბაბი ხომ უნდა მქონდეს, როგორ უნდა მოვიქცეო, - ფიქრობდა მონაზონი. მაგრამ მერე ეტყობა, ღმერთმა შეიწყალა და ამგვარი ფიქრი შთააგონა: ეგებ გულისთქმები მამა არსენს გავუმხილოო.
მოვიდა სირცხვილისგან თავდაღუნული და დიდი ხნის ძალდატანების მერეღა გაამხილა ყველაფერი, უპირველესად კი სიძვის ბრძოლა. გამოუცდელი იყო და ფიქრობდა, რომ თუ აღსარებას მეტყოდა, გავლანძღავდი. მე კი გამოცდილებით ვიცოდი ეშმაკის მახეებისა. მონაზონი ჩავიხუტე - ყოჩაღ, შვილო, ახლა გავიგე, რომ მოღვაწე ხარ და ქრისტეს უყვარხარ-მეთქი. გაიკვირვა, - ამას მე მეუბნები, მამაოო? დიახ, და მითხარი, გულწრფელად: როცა მკაცრად მოღვაწეობდი და ბრძოლა არ გქონდა, რას ფიქრობდი-მეთქი. მაშინ პატარა წმინდანი ვიყავიო. ვუთხარი: - მართალი ხარ. მთელი ჩვენი ღვაწლი თავმდაბლობა უნდა იყოს. არასოდეს ყოფილხარ წმინდანი, ღვთის მადლი გიფარავდა. შენ კი ამას საკუთარ დამსახურებად თვლიდი. ამიტომაც დაგტოვა მადლმა, რათა მიმხვდარიყავი, ვინა ხარ სინამდვილეში. მაგრამ აღსარებით კვლავ მოვა შენზე მადლი. ოღონდ, ამიერიდან ნუ შეგრცხვება შენს მოძღვართან აღსარების თქმისა, მტკიცედ გეპყრას შემდეგი გულისთქმა: "მე არაფერი ვარ. ყოველი სიკეთე, რაც ჩემშია (ჩემი მამის ლოცვით) ღვთისგანაა ბოძებული. თუ ის დამტოვებს, მაშინვე დავეცემი".
მას მერე ეს მონაზონი აღსარებას თავის მოძღვართან ამბობს და დიდი მოშურნეობით მოსაგრეობს.
მღვიძარებისა. ამ ამბის მოსმენის შემდეგ ერთმა ძმამ მამა არსენს ჰკითხა: - მამაო, თავიდან მთელი ღამე მღვიძარედ ვიყავი ხოლმე, სკვნილზე ორმაგად ვლოცულობდი, სულის შემუსვრილება და ცრემლები არასოდეს მიწყდებოდა. არ ვიცოდი, რა იყო ბრძოლა, მორჩილებას და სამუშაოს მონდომებით ვასრულებდი. მაგრამ ახლა ასე აღარ ვაიძულებ საკუთარ თავს, მთელი ღამე ლოცვაც აღარ შემიძლია და უარესი - დაჯდომისთანავე ძილი მერევაო.
- რამდენი საათი გძინავს?
- ოთხი-ხუთი საათი.
- შვილო, იმას ნუ უყურებ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ადრე ადამიანებს სხვანაირი აღნაგობა ჰქონდათ. ეს ძველი სხეული თავის საზღაურს ითხოვს. შენ მთელი დღე მძიმე სამუშაოს ასრულებ და ცოტა გძინავს. ამიერიდან ექვსი-ექვსნახევარი საათი გეძინოს: დაახლოებით ოთხი-ოთხნახევარი საათი დღისით, ორი საათი - ღამით.
- მაგრამ, მამაო ღვაწლის შემსუბუქება შეიძლება?
- მაშინ ამის მეტს ნუღარ დაიძინებ და ნურც ლოცვისას ჩაიძინებ!
მეორე ძმამ ჰკითხა: - ღამე ლოცვისას ფეხები არ მემორჩილება, ამიტომაც უმეტესწილად ვზივარ, მაგრამ ზოგჯერ ძილი მომერევა ხოლმეო.
- ღამის დარაჯი თუ ფეხზე დგომით დაიღლება, ჩამოჯდება. თუ ჩასთვლემს, ამისთვის არავინ დასჯის. მაგრამ საწოლზე გაშოტილს თუ მიუსწრებენ, სამუშაოდან გააგდებენ. ჩვენ თუ მოღვაწებისას ძილი მოგვერევა, დიდი უბედურება არ არის. თუ მაცდური ლოგინში ჩვენს ჩაწვენას მოახერხებს, მაშინ შეგვჭამს კიდეც.
- მამაო, როცა ძილი გვერევა, მაშინ რა ვქნათ?
- ამისთვის ბევრი წამალი არსებობს. თუ ფეხზე მდგარი ლოცისას დაიღალე, არ დაჯდე, დაიჩოქე. თუ მუხლმოდრეკილს გძინავს, წამოდექი. ცოტა გაიარ-გამოიარე, ხმამაღლა ილოცე, ტკივილით და სიღრმით გულისა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ან სახეზე წყალი შეისხი. ისააკ ასური ამბობს: "ცხონების მოსურნე ამისთვის სხვადასხვა საშუალებებს გამოიგონებსო".
თუ ესეც არ გშველის, მაშინ არსებობს ერთი უდიდესი საშუალება, მამა იოსები მას ყველა ვნების წამალს ეძახდა: "მოტეხე ტოტი და როცა ძილი ან გულისთქმები თავს დაგესხმება, ერთი-ორჯერ ფეხებზე მაგრად მიირტყი. ვნახოთ, გაგეღვიძება თუ არა!"
ჩვენი მოძღვრისგან (მამა იოსებ მღვიმელი, - კ.კ.) დაწესებული გვაქვს, ღამისთევის წინ გასამხნევებლად ერთი ჭიქა მაგარი ყავა დავლიოთ. თუ თავიდანვე თბილი ლოცვა, ჭვრეტა და გულის შემუსვრილება გვაქვს, მაშინ ეს ყველაფერი არ გვჭირდება და ჩვენი კანონი უნდა შევასრულოთ. მოგვიანებით, როცა "მოტორი" დაგვისუსტდება, კვლავ ავამუშავებთ სხვადასხვა ხელოვნური საშუალებით: ჩვეულებრივი მუხლთადრეკით და ჯვრის გამოსახვით, რომელსაც გვავალებს ყოვედღიური კანონი, თითოეული იმდენ მეტანიას აღვასრულებთ, რამდენსაც მოძღვარი განგვიკუთნებს. მაგრამ, ყველა ეს წამალი მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ მოტორი ავამუშაოთ, ვიდრე ქრისტეს გულმოწყალება გულს არ გვითბობს. თუ უფალი მცირე ცრემლსაც გვიბოძებს, მაშინ თვალნიც აგვიელვარდება.
ვიდრე ახალგაზრდები ხართ, იღვაწეთ, რომ ქრისტესა და ღვთისმშობლის სიყვარული მოიპოვოთ და იგემოთ ეს ცრემლები. შეიძინე ეს ცრემლები - ღამისთევა დღესასწაულად გექცევა".
ამის გარდა, მამა არსენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სხვა ფაქტორებსაც, მაგალითად, ამინდს: "საუკეთესო დრო ლოცვისთვის შემოდგომა და გაზაფხულია. თუ წლის ამ დროს ლოცვაში ვბრკოლდებით, მაშინ სხვა რამეშიც შეგვეშლება ხელი და აუცილებელია დაფიქრება, აღსარების თქმა და გრძნობების დაცვა. ამიტომაც, რამდენადაც შეძლებთ, დაიცავით თავი ურჩობისაგან, განკითხვის, სიამაყის, შურის, გულის გაციების, ნაყროვანებისგან და სხვათაგან, რაც ცთუნებათა კარს აღებს. გაღვიძებისთანავე წამოდექი და გონება მოიკრიბე, მონაზვნობა ჩვენგან სიფხიზლეს ითხოვს, ამაზეა დამოკიდებული, ვცხონდებით თუ წარვწყმდებით. წამოდექი, ჯვარი გამოისახე და თქვი: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
განაწესი. "მონაზვნურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განაწესს. მამა არსენი ამბობდა, ნამდვილ მონაზონს განაწესი არა აქვსო. ამავე დროს, თვლიდა, რომ განაწესის გარეშე წარმატება შეუძლებელია. იგი ასე ხსნიდა ამას: მორჩილს არ აქვს უფლება, ეურჩოს მოძღვარს და თავისი საქციელი მორჩილების შესრულებით განაწესის დარღვევით გაამართლოს. მაგრამ როცა მორჩილს განაწესის დარღვევას არ აიძულებენ, მაშინ განაწესი მკაცრად უნდა დაიცვას. დაგიდგა მორჩილების დრო? წამითაც ნუ დააყოვნებ. მაგრამ იმუშავე იმდენი, რამდენსაც განაწესი გავალებს. თუ იტყვი, "კიდევ ცოტას წავიმუშავებო", ამით დროს მწუხრს სტაცებ. გეძინება და შენ ამ დროს მწუხრის ლოცვაზე უნდა წახვიდე. უფრო უარესი ამბებიც ხდება: ზოგიერთნი ძილისთვის განკუთვნილ დროში უქმმეტყველებენ. გვიან წვებიან და გვიან დგებიან. შედეგად - უძილობა სჭირთ და ეზარებათ კანონის შესრულება, - ბრძანებს მამა იოსებ ვათოპედელი.
"ერთხელ, წმინდა ანას მღვიმეში შორით მოსულმა ძმებმა მრავალ სხვა ნივთთან ერთად თევზიც ჩამოიტანეს, - იხსენებს მამა არსენი, - ამ დროს დასვენების საათი დაგვიდგა. ძმებმა, - მამაო, თევზი უნდა დავამუშაოთ, თორემ აყროლდებაო. მამა იოსებმა უპასუხა: - სჯობს თევზი გაფუჭდეს, ვიდრე ჩვენი განაწესი. თავი ანებეთ, როგორიც არის და დასაძინებლად წადითო.
მეორე დღეს კი გვითხრა: - მე საგანგებოდ გავაკეთე, რომ აყროლებულიყო და ეს მაგალითი არასოდეს დაგავიწყდებათო.
განა მამა იოსები მფლანგველი იყო? წმინდა ბასილის სკიტში ხშირად გვიჭამია ამჟავებული ლობიო. ერთხელ, ახალ სკიტში, მამებმა მჟავე ლობიოს ჭამა ვერ შეძლეს. მაშინ ბერდიდმა ცრემლიანი, გულთბილი ლოცვა აღავლინა. მეორე დღეს ეს ლობიო საჭმელად მოგვიტანა. მაგრამ ახლა ის შაქარივით ტკბილი გახდა!
წიგნის კითხვა. მამა არსენი თვლიდა, რომ მონაზვნისთვის აუცილებელი იყო წიგნი ეკითხა: "წიგნის კითხვა ლოცვის ერთ-ერთი სახეა, - ამბობდა იგი, - ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობდით სახარების ერთი-ორ თავს, მერე წმინდა მამათა წიგნებს, ისააკ ასურის სწავლებები ყოველთვის იღლიის ქვეშ გვედო. იგი ყველაფერზე საუბრობს. მის გარდა ვკითხულობდით: "კიბეს", აბბა დოროთეს "ევერგეტიოსს" (წმინდა მამათა სწავლებების კრებული) წმინდა მაკარის და მრავალ სხვას. ასევე წმინდანთა ცხოვრებებს. ამ უკანასკნელთა კითხვისას ორმაგ სიკეთეს ვიღებთ: მათი მოღვაწეობის მაგალითი გამოგვაფხიზლებს სიზარმაცის ძილისაგან; როცა წმინდანთა ცხოვრებას კეთილმოკრძალებით ვკითხულობთ, მაშინ ისინი ჩვენთვის ქრისტეს ევედრებიან.
მაგრამ ყოველთვის, ვიდრე წიგნის კითხვას დავიწყებთ, აუცილებელია ვილოცოთ, ლოცვის მერე წმინდანთა ცხოვრების წაკითხვას ისეთ გულისშემუსვრილებამდე მივყავართ, რომ უკვე გვიჭირს ცრემლის შეკავება. ეს იმიტომ ხდება, რომ ლოცვა გონებას განანათლებს.
- მამაო, წმინდა წერილიდან უფრო მეტად რა უნდა ვიკითხო?
- მთელი წმინდა წერილი ღვთივსულიერია და მას მთლიანად უნდა ვკითხულობდეთ. ძველი აღთქმიდან კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფსალმუნს. ეს ძალზე ძლიერი ლოცვაა.
მამა არსენის დარიგებები. მამა არსენის გვერდით ცხოვრებისას, მისი სულიერი შვილები დარწმუნდნენ, რომ ის უბრალო რამ, რასაც იგი მათ ასწავლიდა, მხოლოდ ჭკვიანურად ნათქვამი არ იყო, ის ამით ცხოვრობდა.
როცა მამა პავლე მორჩილად შედგა ბურაზერში (წმინდა ნიკოლოზის სახელობის კელია, ეკუთვნის ქილანდარის სერბულ მონასტერს და ბერძენი ბერებით არის დასახლებული, აქ ერთხანს ცხოვრობდა მამა არსენი, მორჩილებთან ერთად), ისეთი ძალით დაესხნენ თავს გულისთქმები, რომ ლოცვაც აღარ შეეძლო. მან დასახმარებლად მამა არსენს მიმართა. ბერდიდმა დაამშვიდა:
- ნუ იჯავრებ. ვილოცებ და ამ ღამესვე გულისთქმები აღარ გექნებაო.
მართლაც, როგორც მერე ირწმუნებოდა მამა პავლე, იმავე ღამეს გულისთქმები აღარ მიჰკარებია. როგორც კი კელიაში წმინდა ლიტურგიის მაუწყებელი რეკვა ატეხეს, მორჩილმა მადლობისთვის მიირბინა მოძღვართან. მან კი უბრალოდ უპასუხა: - ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ საღამოს, მთელი შენი გულისთქმები მე გამომიგზავნეო.
ერთ ძმას გაუგებრობის გამო, მოულოდნელი განსაცდელი შეემთხვა და ორი ღამე პოლიციაში ჰყავდათ ჩაკეტილი. ასეთი უკიდურესი შეჭირვების ჟამს, მთელი სულით მოუწოდა მოძღვრის ლოცვებს შეწევნისთვის: "მაშინ ჩემს სულში, - ჰყვებოდა იგი, - ისეთი ძალით აბრიალდა ცეცხლი, რომ ორი დღე-ღამის მანძილზე, არც მიჭამია, არ დამილევია, არ დავმჯდარვარ, არ ჩამითვლემია, ფეხები კი ძელებივით მქონდა გაჭიმული და მოუკლებლად ვლოცულობდი". - ეს კი, პავლეს თქმით, მოძღვრისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი იყო, მან თავის სულიერ შვილებს ნაწილობრივ აჩვენა, თუ რას ფლობდა ჯერ კიდევ ამ ხორცში მყოფი. მაგრამ, ფიქრობდა, რომ მამა იოსებთან შედარებით მაინც არაფერს წარმოადგენდა.
საუბრები ღვთის მოშიშ მომლოცველებთან. მამა არსენთან სულიერი ცხოვრების მოსურნე მრავალი მონაზონი და ერისკაცი მოდიოდა და მისგან ლოცვას ითხოვდნენ.
მას ერთი კურთხეული ჩვევა ჰქონდა - მოსულთ ხელების ჩვენებას სთხოვდა - უნდა ვნახო, ბეჭედი ხომ არ გიკეთიათ (ანუ დაქორწინებული ხომ არა ხართ, - კ.კ.). დაქორწინებულებთან სხვანაირ სულიერ თემებზე ვისაუბრებთ, უცოლოებთან - სხვაზეო. როცა სტუმრები გონიერი ლოცვით ინტერესდებოდნენ, ეკითხებოდა, - მოძღვარი თუ გყავთ, აღსარებას თუ ამბობთ? ტაძარში დადიხართ თუ შინ ლოცულობთ? ოთხშაბათ-პარასკევს თუ მარხულობთ? რეგულარულად თუ ეზიარებით?
დაოჯახებულებს, ეკითხებოდა, - ცოლთან ურთიერთობისგან თავს თუ იკავებთ მარხვაში, კვირა დღეებსა და დღესასწაულებზე? რამდენი შვილი გყავთ? გიყვართ თუ არა მტრები და მეგობრები? თუ ასე იქცევით, მაშინ ვისაუბროთ გონიერ ლოცვაზე. თუ არა, გონიერი ლოცვაც არ არსებობს და დროს ფუჭად აღარ დავკარგავთო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი