წარმართთა მადლიერება. ღირსმა საბა განწმენდილმა უდაბნოში ცხოვრებისას, შიმშილით მოუძლურებული ოთხი სარკინოზი დაინახა. იცოდა, რომ ეს ბარბაროსები მუდამ ლანძღავდნენ მონაზვნებს, მაგრამ შეებრალა და უკანასკნელი ლუკმა ძმურად გაუნაწილა.
სარკინოზებმა მადლობა შეწირეს და წმინდა საბას გასაკვირად, გადათელეს მის კელიასთან ამოსული ორი თუ სამი ბუჩქი, მიწაზე ნიშნები დააჩნიეს. რამდენიმე ხნის მერე დაბრუნდნენ და უხვად მოუტანეს პური, ყველი, ხილი და კვლავ მადლობა გადაუხადეს წმინდანს კეთილისყოფისთვის. გაიხარა ღირსმა მამამ, რომ მტერი მეგობრად გაიხადა, დამოძღვრა ისინი, რომ ამიერიდან არ ეწყენინებინათ მონაზვნებისთვის. უეცრად ჩაფიქრდა და ატირდა, - ვაიმე, სულო ჩემო! ერთხელ მათ მცირე სიკეთე გავუკეთე და ასეთი მადლიერება გამოიჩინეს. ჩვენ კი ყოველ წამს ღვთისგან გამოუთქმელ ნიჭებს ვიღებთ და უმადურნი ვცხოვრობთ უდებებად, არ დავიმარხავთ მის წმინდა მცნებებს".
წმინდა ამბროსი მედიოლანელის გარდაცვალება. ამბროსის ნეტარი აღსასრულის მოახლოება გაიგო, იმპერტორ ჰონორეს მთავარსარდალმა და მზრუნველმა მწუხარედ ამოიოხრა: - თუ ეს მღვდელმთავარი მოკვდება, იტალია დაიღუპებაო. შემდეგ მასთან გაგზავნა დიდებულები, რომელთაც უყვარდათ ამბროსი და ევედრებოდნენ უფალს, დაეტოვებინა იგი ცოცხალი სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ამბროსიმ აღაპყრო თვალნი ზეცისკენ და მშვიდი ხმით სთქვა: "გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რომ მე, თუმცა ცოდვილმა, ვიცხოვრე ისე, რომ აღარ მრცხვენია სიცოცხლის გაგრძელებისა და არ მეშინია სიკვდილისა".
ბრმის სურვილი. ღირს პატაპის შობითგან ბრმა ახალგაზდა შეევედრა, რათა ბერდიდს ღვთისაგან მისთვის თვალხედულობა გამოეთხოვა. "ყველაზე მეტად რისთვის გინდა თვალის ახელა?" - ჰკითხა ღირსმა მამამ. "რათა ქმნილება ვიხილო. ქმნილებიდან მივიდე შემოქმედის სრულ შეცნობამდე და განვადიდო იგი!" - გული შეუმუსრა პატაპს კეთილგონიერი ყმაწვილის ნათქვამმა, აღავლინა ღვთის მიმართ: იესუ ქრისტე, რომელი აძლევ ბრმას სინათლეს და მკვდარს სიცოცხლეს! განახვნე თვალნი შენი ღვთის შეცნობის ნათლით გაბრწყინვებით მსურველისა". და აი, უცებ ბრმადშობილ ყმაწვილს თვალთ აეხილა. წმინდა პატაპიმ უთხრა: "წარვედ მშვიდობით შინ, მაგრამ გაფრთხილდი, რომ ხორციელ თვალთა განღებით არ შეირყვნას შენი სულიერი თვალნი. სოფლის საცთური ყველაზე მეტად მხოლოდ ხედვის გრძნობაზე მოქმედებს. ვაი შენ, თუ დაგიბრმავდება შინაგანი თვალი. მაშინ ვერ დაინახავ ღმერთს იქ, სადაც ბრმები რწმენით ხედავენ პირისპირ.
მღვდლობის უღირსად მიმღები. ერთი ეკლესიის მსახური, ცოდვების გამო, არაწმინდა სულს მიეცა, ჭკუიდან შეირყა და ეშმაკეული გახდა. ვერც მკურნალობამ და ვერც აკვილეის ეპისკოპოს კონსტანტინეს ლოცვებმა შედეგი ვერ გამოიღო. ბოლოს, ღირს ბენედიქტესთან მიიყვანეს. წმინდა ბენედიქტემ მას ჯვრის ნიში გამოსახა, მაშინვე განდევნა ეშმაკი მისგან და მკაცრად ამცნო, რომ არ ეზრუნა მღვდლობის მოსაპოვებლად. განკურნებული კაცი დიდხანს იცავდა ბენედიქტეს მცნებას. მაგრამ რახან გარდაცვლილი ხუცების ნაცვლად უფრო ახალგაზრდებს და ნაკლებ სულიერთ აკურთხებდნენ, ეცდუნა და მღვდლად კურთხევა ითხოვა. როგორც კი ხელი დაასხეს, უმალ ეშმაკეულობის სულმა შეიპყრო იგი და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
თავმდაბლობა ღვთისგან განდიდებული. ერთი მამა თავისი კელიიდან არ გამოდიოდა, მაგრამ დაყუდებულის სახელს ყველა პატივისცემით და მოკრძალებით ახსენებდა. ერთხელ სულიწმინდამ აუწყა მას, - ერთი მართალი კაცის სული სხეულს განეშორება. წადი და სანამ მოკვდება, უკანასკნელად ამბორუყავიო. ბერი ჩაფიქრდა: "თუ დღისით გამოვალ, ხალხი შემეგებება და შესაძლოა, განადიდონ ჩემი სახელი, ეს კი გულს დამიმძიმებს. ასე რომ, გვიან ღამით, მალულად წავალო. როცა დაბინდდა და ბერი გარეთ გამოვიდა, უეცრად უფლის ორი ანგელოზი გამოეცხადა ლამპრებით ხელში, რათა მისთვის გზა გაენათებინათ. მთელი ქალაქი გამოვიდა ამ საოცრების სანახავად და განადიდა წმინდანი. ამგვარად, რამდენადაც გაექცა ის დიდებას, სახელი და პატივი თან გამოჰყვა და აღსრულდა წმინდა სახარების სიტყვები: "რომელმან დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს" (შდრ ლუკა XI,II).
საუბრის საგანი. მონაზონმა, რომელსაც გაეგონა ღირსი პიმენის სახელი, შორეული ქვეყნიდან ჩამოვიდა, რათა მას დაემოძღვრა. მართალმა მამამ ის სიყვარულით მიიღო და სულიერი საუბარი დაუწყო.
სტუმარმა საღმრთო წერილიდან საიდუმლო საგნებსა და ზეცაში ანგელოზთა მსახურებაზე დაუწყო საუბარი. ისე დიდხანს და ბევრს საუბრობდა, წმინდა პიმენმა თავი დაღუნა და დადუმდა. სტუმარი იძულებული შეიქნა, დამშვიდობებოდა. კელიიდან გამოვიდა და დაღონებულმა უთხრა წმინდა პიმენის მოწაფეს: "ეჰ, ამაოდ გამოვიარე შორი და ძნელი გზა. მსურდა, მისგან რაიმე მესწავლა და მან კი ხმა არ გამცაო. მოწაფემ უთხრა ეს წმინდა პიმენს. ღირსმა მამამ უთქრა: - ის ისეთ საგნებზე საუბრობდა, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. აბა, მე იმას რას ვასწავლი? მას რომ დაეწყო საუბარი ადამიანურ სისუსტეებზე, სიამოვნებით ვუპასუხებდიო. მოწაფემ ყველაფერი სტუმარს უამბო.
ბრძნადმეტყველი მონაზონი მიხვდა თავის შეცდომას. მეორედ შევიდა მამა პიმენთან და ჰკითხა: - მამაო, რა ვქნა, ვნებებმა დამატყვევესო. წმინდა პიმენმა მხიარულად შეხედა: - ახლა კი კარგი და სასარგებლო საქმისთვის შემოხვედი, საყვარელო ქრისტეს მიერ ძმაო, ახლა კი განვაღებ ჩემს ბაგეებსო. მათი სულიერი საუბარი საღამომდე გაგრძელდა.
სტუმარი გახარებული დაბრუნდა თავის უდაბნოში და მადლობდა ღმერთს, რომ ასეთი დიდებული მოძღვრის ხილვის ღირსი შეიქმნა.
მართლის ლოცვაც ვერ გიშველის. ერთი მონასტრის წინამძღვარი ღვთისმოშიში, გლახაკთმოწყალე და მრავალსათნოებით იყო შემკული. იგი დღე და ღამ, ღვთის წინაშე ლოცულობდა: "უფალო, ცოდვილი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს შენი სახიერებისა, რომ მაცხოვნებ შენი მოწყალებით. გევედრები შენ, უფალო! ნუ განმაშორებ ძმათაგან, მომავალ საუკუნეშიც. ისინიც ჩემთან ერთად სამოთხეში ცხოვრების ღირსნი გახადეო.
დიდხანს ლოცულობდა, მაგრამ უფალმა შემდეგნაირად განუცხადა თავისი ნება: შორიახლოს მდებარე მონასტერში ხატობა დადგა. მანაც მოისურვა იმ მონასტერში წასვლა, მაგრამ ძილში ზეციდან ხმა ჩამოესმა: - წადი, ოღონდ ჯერ შენი მოწაფეები გაგზავნე.
ძმები სადღესასწაულო ტრაპეზზე გაეშურნენ, გზად დავარდნილი გლახაკი იხილეს, დაგლეჯილი, ძლივსღა სუნთქავდა, ჰკითხეს, - რა დაგემართათო. მომაკვდავმა ამოილუღლუღა: - საქმეზე მივდიოდი, ნადირი დამესხა თავს, დამგლიჯა და წავიდა. კაცი არა მყავს, სოფლამდე მიმიყვანოსო. გვეჩქარება და ვერაფერს გაგიკეთებთო, - ბერებმა და გზა გააგრძელეს.
მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გაიარა და ეს საცოდავი იხილა. შეიტყო, რაც მომხდარიყო და შეწუხებულმა ჰკითხა: - აქ ცოტა ხნის წინ ბერებმა არ ჩამოიარეს? განა ვერ დაგინახესო? როგორ არა, მაგრამ მითხრეს, - დაგვამძიმებს შენი თან წაყვანაო. "შეგიძლია, თან გამომყვე?" - ჰკითხა წინამძღვარმა, გლახაკმა - არაო. მხარზე შემომაჯექი და ღვთის შეწევნით, მიგიყვანო, - უთხრა ღირსმა მამამ. წინამძღვარმა გლახაკი მოიკიდა და სოფლისკენ გზას გაუდგა. თანდათანობით ტვირთი შეუმსუბუქდა, ბოლოს თითქოს წონაც კი დაკარგა ამ გლახაკმა, ჩაფიქრდა წინამძღვარი, - ნეტავ, რა ხდებაო. ამ დროს ზეციდან ხმა მოესმა: - ყოველთვის ლოცულობ შენი მოწაფეებისთვის, ნეტავ ისინი ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდნენო. მაგრამ მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. აიძულე ისინი, შენს კვალს გამოყვნენ, თორემ ცათა სასუფეველში ვერ შევლენ. მე მართალი ვარ და თითოეულს თავიანთ საქმეთაებრ მივაგებ".
როგორ მოიქცა წმინდა იოანე ოქროპირი. საბერძნეთში, ქრისტიანობის პირველი წლებიდან მოყოლებული, არსებობდა ასეთი კანონი, - დამნაშავე ხელშეუხებელი იყო მართლმსაჯულებისთვის, თუ ის მოასწრებდა და თავს ეკლესიას შეაფარებდა. ამ კანონს თავისი მიზეზი ჰქონდა, რათა უფრო განდიდებულიყო ქრისტე მაცხოვრის გამომსყიდველი მადლი, რამეთუ სიკვდილისთვის განკუთვნილი ბოროტმოქმედი, ეკლესიიდან თითქმის ყოველთვის კეთილად გამოდიოდა, ასე ღრმად ემჩნეოდა კაცს ღვთის ყოვლისშემძლეობა და გულმოწყალება! მაგრამ ზოგიერთს სურდა ამ კანონის განქარვება. ერთმა დიდებულმა, ევტროპმა დაითანხმა მეფე არკადი, გამოეცა ბრძანება, რომლის ძალითაც ეკლესიაში თავს ვერავინ შეაფარებდა, ხოლო თუ დამნაშავე ტაძარში შესვლას მოასწრებდა, ძალით უნდა გამოეყვანათ, როგორც მეფის ნების დამრღვევი. წმინდა იოანე ოქროპირი, რომელიც მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო, ბევრს ეცადა, აეცილებინა ღვთის ტაძრისთვის ეს შეურაცხყოფა, რისთვისაც ევტროპის რისხვა დაიმსახურა.
მაგრამ, როგორც ბრძანებს უფალი, რა საზომითაც მივუწყავთ, იმ საზომითვე მოგვეგება. ხალხმა ვერ დაითმინა ევტროპის სისასტიკე და მეფეს მისი დასჯა მოსთხოვა. არკადი იძულებული შეიქნა, ევტროპისთვის სიკვდილის განაჩენი გამოეტანა. ბოროტმოქმედი გაიქცა და თავი ეკლესიის საკურთხეველს შეაფარა. იმ დროს წმინდა იოანე ოქროპირი ღვთის სიტყვას ქადაგებდა. მან ხალხს დაანახვა, თუ რა უცნაურია ბედი კაცისა. ხალხი ევტროპისადმი სინანულით აღიძრა და ეკლესია იქცა თავშესაფარად იმისთვის, ვინც ცოტა ხნის წინ თვითონვე იბრძოდა მის გასაუქმებლად.
ღირსი ზენონი. პალესტინაში დამქანცველი მოგზაურობისას, ღირსი ზენონი სოფელში ბოსტნის გვერდით ჩამოჯდა დასანაყრებლად. უეცრად გულში გაივლო, კიტრს მოვწყვეტ, ამით დიდი არაფერი დაშავდებაო. მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს ფიქრი, თითქოს საკუთარი თავის შეეშინდაო: თქვა: "მძარცველები სასჯელს მიეცემიან, ასე რომ, ზენონ გამოსცადე საკუთარი თავი, თუ შეგიძლია ტანჯვის დათმენა!" ამის მერე ბერმა ზაფხულის სიცხეში ხუთი დღე და ღამე გარეთ გაუნძრევლად გაატარა. როცა დაქანცულობა იგრძნო, საკუთარ თავს შეუძახა: რადგან ამ ტანჯვის დათმენა არ ძალგიძს, შესაბამისად საკუთარი თავის გამოსაძღებად სხვისი ქონება არ უნდა მიიტაცოო.
ეგვიპტელი მონაზვნები ესტუმრნენ ასურეთში მოღვაწე ღირს ზენონს და მის წინაშე საკუთარი გულისთქმების განქიქება დაიწყეს. გაკვირვებულმა ბერდიდმა თქვა: "ეგვიპტელები მალავენ სათნოებებს და განუწყვეტლივ ამხილებენ იმ ნაკლულოვანებას, რომელიც არა აქვთ. ასურელები და ბერძნები გვაჩვენებენ იმ სათნოებებს, რომლებიც არა აქვთ და ფარავენ იმ მანკიერებას, რომლებიც აქვთ.
მცველი ოჯახისა. ღირსმა პალადი ალექსანდრიელმა ერთხელ სტუმრებს უამბო. ერთ ღვთისმოშიშ და სტუმართმოყვარე კაცს თავმდაბალი, მორჩილი ცოლი და ექვსი წლის გოგონა ჰყავდა, რომელსაც უფლის რწმენაში ზრდიდნენ. ერთხელ, სავაჭრო საქმეების გამო ალექსანდრიიდან კონსტანტინოპოლში უნდა წასულიყო. ცოლმა ის ხომალდამდე მიაცილა და სხვათა შორის ჰკითხა: - ვის ხელთა გვტოვებ მე და შენს ქალიშვილსო.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბარებთო.
მალევე, როცა ეს ღვთისმოშიში დედაკაცი ქალიშვილთან ერთად, საოჯახო ხელსაქმით იყო გართული, ეშმაკმა მათ ერთ მსახურს, ქალბატონის მოკვლა და გაძარცვა შთააგონა.
დანა აიღო და ოთახისკენ გაემართა, მაგრამ ზღურბლს შეეხო თუ არა, უცაბედად დაბრმავდა და გონება ისე აერია, განძრევა ვეღარ შესძლო. მოუხმო ქალბატონს - მომიახლოვდი, ანდა გოგონა მაინც მოუშვი ჩემთანო. მაგრამ შეშინებული ქალი ახლოს არ მიეკარა. მაშინ სასოწარკვეთილმა მონამ დანა მუცელში იკრა და საკუთარი თავი დაიჭრა. ქალბატონის ყვირილზე მსახურებმა მოირბინეს. ბოროტმოქმედი ძლივსღა სუნთქავდა. ყველამ შეიტყო, რაც მოხდა და ერთხმად ადიდეს ღმერთი, რომელიც გონებამიუწვდომელ სასწაულებს იქმს. აქეს და ადიდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მცველი და ქომაგი ქრისტიანთა ოჯახისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი