სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
ლიპოჩკა. ლიპოჩკას, ოლიმპიადა რაგოზინას ჩამოსვლის შესახებ წინასწარ გვამცნო მამა ნექტარიოსმა. იგი ცნობილია არა სიმდიდრითა და გვარიშვილობით, არამედ სულით, სიკეთით, სიყვარულით, სიმშვიდით...
სამწუხაროდ, პეტერბურგში ცხოვრებისას დაუახლოვდა ახალი გაგების ადამიანებს, განმაახლებლური მიმართულების სამღვდელოებას, გადმოხტა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ბედაურიდან და სიმშვიდედაკარგული უგზოუკვლოდ დაეხეტება. მამა ნექტარიოსმა მოსვლისთანავე ვარსკვლავებზე გააბა საუბარი. ირწმუნებოდა, ვარსკვლავიანი ცის ატლასზე ჩემი "ბედნიერი ვარსკვლავი" ვიპოვეო.
ლიპოჩკა გაოცებული უსმენდა, მერე განზე გამიხმო და ჩუმად მკითხა: - ამას, რატომ ამბობსო. არ ვიცი-მეთქი. თუ ჩემზე რამე არ მოგიყოლიათ მისთვის, მეტად უცნაური ისაა, რომ სწორედ მე ვეძებდი ჩემს "ბედნიერ ვარსკვლავს" და აქამდე ვერ ვიპოვეო. მან კი იპოვა-მეთქი. როგორო. ახლოს გაიცანით ოპტა, ჩვენი ცხოვრება, ინტერესები და შესაძლოა, თქვენც იპოვოთ თქვენი ვარსკვლავი-მეთქი.
თქვენ თუ იპოვეთო, - ჩამეძია. რახან არ ვეძებთ, ესე იგი ვიპოვეთ-მეთქი.
ლიპოჩკა კი ჩაფიქრდა, მაგრამ მგონი, ნათქვამი მაინც არ დაიჯერა.
სადილობისას სოფლის ტრიალზე ვსაუბრობდით.
- ახლა ყველაფრის გადაფასება ხდება, - თქვა ლიპოჩკამ, - თვით მათემატიკური აქსიომებიც კი ირღვევა! თქვენ ხომ გჯერათ, რომ ორი პარალელური წრფე არ გადაიკვეთება უსასრულობაში, თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს, რომ ეს ხაზები უსასრულობაში გადაიკვეთება.
- სისულელეა! - წამოვიძახეთ ერთხმად.
- სულაც არ არის სისულელე. დადექით რკინიგზის ლიანდაგზე, სწორ რელსებს შორის, განა ვერ დაინახავთ, წერტილს, სადაც ეს რელსები იკვეთება?
- ეს ხომ ოპტიკური სიცრუეა. მათემატიკურ თეორიას სიცრუეზე ვინ აგებს, - შევედავეთ.
- დიახ, ტყუილია, - აბობოქრდა ლიპოჩკა, - მაგრამ ამ ხილულ სამყაროზე მხოლოდ ჩვენი წარმოდგენები გვაქვს და ისიც სიცრუეა.
ვერ შეეკამათები, რადგანაც მთელი ეს სისულელე, მათემატიკის გადაფასებისა, დაფუძნებულია მისი ნათესავის, ცნობილი პროფესორის, ავტორიტეტზე.
- ვერა და ვერ ვიჯერებ თქვენს რწმუნებას ანტიქრისტეს მოახლოებაზე, - მომმართა ერთმა თანამეინახემ, - მეცნიერები თავისი ამგვარი სისულელეებით მარწმუნებენ, რომ მართლაც მოახლოებულია ანტიქრისტეს მოსვლა, თორემ ამგვარი ანარქიული აზრები სამყაროში აღარ წარმოიშვებოდა.
- ყურადღება მიაქციეთ, - შენიშნა ერთმა თანამოსაუბრემ, - ამ აშკარად უაზრო თეორიაში ერთგვარი დაფარული სატანური აზრია, როცა საკუთარ თავს არწმუნებ, რომ პარალელური ხაზები შეიძლება გადაიკვეთოს უსასრულობაში (მარადისობაში) და ამით უარყოფ უსასრულობას, შესაბამისად, მარადისობას და შესაძლოა თვით ღმერთსაც კი...
მაგრამ, როცა ლიპოჩკა ამ გავლენას აღწევს თავს, ისეთ მარგალიტებს გამოაჩენს ხოლმე საუბრისას, რომ ნებისმიერ საგანძურს დაამშვენებდა.
საუბარი შეეხო წარსულსაც. ჩემმა ცოლმა ლიპოჩკას გაცნობის დრო გაიხსენა. ლიპოჩკას ერთი ამბავი მოაგონდა:
- ამ ორმოცდაათი წლის წინ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა საკმაოდ მძიმე ტვირთი მაწვა: ჩემი ქმარი გონებააშლილობის მძიმე ფორმით იტანჯებოდა. თავის რჩენის საშუალება აღარ გვქონდა. ღვთის მოწყალებით, კეთილმა ადამიანებმა სამსახური მაშოვნინეს, ქმარი კი სამკურნალოდ გაამწესეს. ცოტათი ამოვისუნთქე, ხვალინდელი დღის აღარ მეშინოდა. ჩემი მცირე ხელფასი ქმრის სამკურნალოდ მჭირდებოდა. მორალურად ძალიან მეხმარებოდა ჩემი და, რომელიც ქმართან ცხოვრობდა. მასთან მისასვლელად კონკით ფინეთის ვაგზლამდე მივდიოდი. ერთხელ, კონკიდან თვალი მოვკარი უბრალო მუშას, რომელსაც დასისხლიანებული ხელი შეხვეული ჰქონდა. შემეცოდა. ჩამოვედი კონკიდან, მასთან მივედი. მოტეხილი ჰქონდა და სისხლისგან იცლებოდა.
სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წახვიდე-მეთქი.
ობუხოვოში უადგილობის გამო არ მიმიღეს. გარეუბნის საავადმყოფოს ბილეთი მომცეს, მაგრამ იქ წასასვლელი ფული არ მაქვსო, - მიპასუხა.
მე წაგიყვან-მეთქი. პოლიციელის დახმარებით ვაგონში ამოვიყვანე და გვერდით მოვისვი. ხალხი არათუ თანაგრძნობით, დაცინვითაც კი მომჩერებოდა - მეტი საქმე არა აქვს ამ ქალს, თავი ქველმოქმედად რომ მოაქვსო...
მეც ალბათ უარს ვიტყოდი განზრახვაზე, სიბრალულს რომ არ დაეძლია ეს მოჩვენებითი სირცხვილი.
სადგურზე სიძე დამხვდა და ერთად მოვათავსეთ სნეული საავადმყოფოში. ათშაურიანიც მივეცი ჩაისა და ორცხობილის საყიდლად, ფუნთუშისთვისაც მინდოდა დამემატებინა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გროშების გარდა არაფერი მქონდა - ზუსტად სამი მანეთი დამიჯდა მუშის საავადმყოფოში დაბინავება.
საავადმყოფოდან სიძეს აგარაკზე გავყევი. გზაში ვფიქრობდი, - ხელფასამდე კიდევ ერთი კვირაა, ფულსაც ვერსად ვისესხებ, თავი რითი გავიტანო. ის სამი მანეთი რომ მქონოდა-მეთქი... უცებ საკუთარი თავი ამ მზაკვრულ ფიქრში დავიჭირე და საპასუხოდ, ლამის ხმამაღლა წამოვიძახე:
"ღმერთი ხომ დაგვპირდა, რომ მოყვასისთვის გაწეული სიკეთის სანაცვლოდ ასგზის მოგვაგებდა. დე იყოს მისი წმინდა ნება - ის რამენაირად იზრუნებს ჩემზე".
სახლს რომ მივუახლოვდით, ჩემმა დამ შორიდანვე დამიძახა: - ლიპოჩკა, გილოცავ! მოდი და სასწრაფოდ ხელი მოაწერე. ჩვენს მისამართზე ფოსტიდან შენთვის სამასი მანეთი მოიტანესო. სიხარულის ელდისგან მუხლები მომეკვეთა. გავხსენი კონვერტი და თვალებს არ ვუჯერებ - შიგ სამასი მანეთი დევს, წერილთან ერთად, რომელიც ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს გამოუგზავნია. მწერდა: "მე დიდი ხნის მეგობარი ვარ თქვენი ქმრისა. მისი სამასი მანეთი მემართა. შევიტყვე, მძიმედ ავად ყოფილა და ვალს თქვენ გიბრუნებთ". გამომგზავნის ხელმოწერის გარჩევა ვერ შევძელი. ასე რომ, ვერ შევიტყვე, ვინ იყო ჩემი კეთილისმყოფელი... აბა, დაფიქრდით: ქვრივი ქალის სამი წვლილივით, სამი მანეთი შევწირე და სამასი იქვე მივიღე! ჰოი, რაღას აღარ მოიმოქმედებს ღმერთი!
აღელვებულები და სულშეძრულები მოვეხვიეთ ჩვენს ლიპოჩკას.
- გახსოვთ, ელისაბედ თეოდორეს ასული, - ჰკითხა ჩემმა ცოლმა, - ყაზანის ღვთისმშობლის დღესასწაულზე მისი ტროპარი როგორ შეისწავლეთ?
- როგორ, მახსოვს, - მიუგო ლიპოჩკამ, - განა ასეთ ამბებს ივიწყებენ.
- აბა, რა მოხდა, მოგვიყევი! - მივაყარეთ.
- მთელი ეს ჩემი ამბავი სამ სიტყვაში ჩაეტევა: ღვთისმშობლის ტროპარი ვისწავლე!
- მაინც როგორ?
- მე ყოველთვის პატივს მივაგებდი ყაზანის ღვთისმშობლის ხატს, საკუთარ თავზეც გამომიცდია მისი სასწაულმოქმედება. ერთხელ ვიღაცამ მკითხა: ყაზანის ღვთისმშობლის ტროპარი თუ იციო. არ ვიცოდი. დავიწყე მისი შესწავლა - საკმაოდ გრძელია და მიჭირდა სწავლა. ერთხელ გამეორებისას ცრემლიც კი წამსკდა. ტროპარის პირველი ორი სიტყვის მერე ვეღარ ვაგრძელებდი. ერთხელ, ღამით, ჩამეძინა და ვხედავ: მოვიდა ჩემთან თვითონ ზეციური დედოფალი და მითხრა:
- ამიერიდან ჩემი ტროპარი გეცოდინება და სიკვდილამდე გემახსოვრებაო.
გამოუთქმელად გულშემუსვრილს გამომეღვიძა. რა თქმა უნდა, ეს ტროპარი დღემდე მახსოვს...
ეჰ, ასეთი გულის პატრონი ლიპოჩკა ნეტავ, რატომ დაეხეტება ფასეულობათა გადამფასებელ პროფესორებთან.
კვლავ კამათი გვაქვს ლიპოჩკასთან. მიყვირის:
- ქრისტემ თავის ჯვარზე სიკვდილით ყველა გამოგვისყიდა! გესმით - ყველა! გაგონებაც არ მინდა ქრისტეს პიროვნების თქვენეული შუასაუკუნეების დროინდელი გაგებისა, როგორც ვინმე ინკვიზიტორისა.
საცოდავი ჩვენი ლიპოჩკა, პეტროგრადში სახელგანთქმულ "რელიგიურ-ფილოსოფიურ" კრებებზე გულმოდგინე სიარულით, სულ აერდაერია აზრები.
- თვით ურწმუნონიც, ქრისტეს მოწინაღმდეგეებიც რომ არ მოაკლდებიან თავის წილ ზეციურ ნათელს, ამის დამამტკიცებელ ამბავს მოგიყვებით!.. ეს ისეთი ამბავია, რომ ვერაფრით დაუპირისპირდები.
- მაინც რა მტკიცებულებაა?
- ზეციური მტკიცებულებაა, ხილვა, - დამშვიდებული მპასუხობს, - ძალზე სერიოზული.
მე ვიცნობდი ლიპოჩკას ფაქიზ სულიერ რწმენას და მჯეროდა, რომ შეეძლო დაენახა რაღაც იმქვეყნიური, სადაც იშვიათად თუ უხდებათ დაუსჯელად შეხედვა - ამის მაგალითები უკვე მქონდა. ამიტომაც ავღელდი.
- ჩვენი თანაკურსელი (პეტერბურგში ცნობილი ქალთა კურსები) ძალზე კარგი და სიმპათიური ადამიანი გახლდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი შინაგანი კაცი დასნეულებული და გაჟღენთილი იყო დროის სულით - ეწინააღმდეგებოდა და მტრობდა ყველაფერს, რაც რელიგიის სფეროს ეკუთვნოდა... გახდა ეს გოგონა ავად. ექიმებმა - ავადმყოფი დიდხანს აღარ იცოცხლებსო. დავინახე, რომ მისი მიწიერი აღსასრული მოახლოებულიყო და ვცადე, ნელ-ნელა, შეფარულად, დამეყოლებინა ეკლესიისკენ მიბრუნებულიყო. რაც მთავარია, აღსარება ეთქვა და ზიარებოდა საღმრთო საიდუმლოებას. ვერაფერი გავაწყე, არაფრის გაგონება არ უნოდა და მართლმადიდებელი სარწმუნოების მტრობაში აღესრულა. რომ იცოდეთ, როგორ მძიმედ განვიცადე ეს ყველაფერი.
დაკრძალვამდე ის კარის ეკლესიაში იყო დასვენებული. დაკრძალვის წინა საღამოს, შევედი ეკლესიაში, მთელი გულით ვილოცე გარდაცვლილების განსვენებისთვის, შინ დაბრუნებულმა ძილის წინ ვილოცე და მის სიკვდილისშემდგომ ხვედრზე ჩაფიქრებული დავწექი. მაგრამ თვალზე რული არ მომეკარა. სახარება წავიკითხე. ვწევარ თვალებგახელილი, სანთელი იწვის... ჩემს საძინებელს ოთხი სარკმელი აქვს, სარკმლებს შორის, შუაკედლისში ცოცხალივით გამომეცხადა ის გოგონა, ჩვენი კურსის გოგონების ფორმით - კაბითა და თავსაფრით. გამომეცხადა და გაქრა, შუაკედლისიც გაქრა, თითქოს გაიწიაო და თვალწინ გადამეშალა უმშვენიერესი, საოცარი სანახაობა. გული შემიტოკდა აღფრთოვანებისგან. წამოვხტი საწოლიდან და ჩვენება გაქრა. სანამ გონს მოვიდოდი, ნანახი სურათი აღიხოცა ჩემი მეხსიერებიდან, ხოლო გული განაგრძობდა თრთოლას აღფრთოვანებული იმის ხილვით, რასაც ვერ გამოთქვამს კაცის ენა.
ცოტა რომ დავმშვიდდი, ხელი ვსტაცე ქაღალდსა და ფანქარს, რომ ჩამეწერა ნანახი... ამ დროს გავიფიქრე, - ღვთის სამართალი არ ჰგავს კაცთა სამართალს: მე ჩემი კურსელი გოგონას იმქვეყნიურ ხვედრზე ვწუხდი. მაგრამ ღვთის მოწყალებამ მაჩვენა ზეციური სასუფეველიც, სადაც მოუწოდა მას ზეციური განსვენებისთვის.
აღელვებულმა მოვისმინე ლიპოჩკას მონათხრობი, ვგრძნობდი, რომ ეს სიმართლე იყო და არა ეშმაკის ხიბლი, მაგრამ გული არ ეთანხმებოდა იმ დასკვნებს, რომელიც გამოიტანა ამ ხილვიდან ლიპოჩკამ.
- ლიპოჩკა, თქვენი კურსელი გოგონა როგორ ნახე? ის ერთ შუაკედლისში იდგა, სამოთხე კი მეორე შუაკედლისში იხილე?
- დიახ!
- ესე იგი, ის სამოთხეში არ გინახავს?
- არა.
- აქედან ჩანს, რომ თქვენი განმარტება არასწორია. არც შეიძლება იყოს სწორი, რამეთუ ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტესადმი მისეულ მტრობას ვერ შეუერთებ საღმრთო სიყვარულსა და ედემის სიტკბოებას. თქვენს აღსაზრდელსა და თქვენც გეჩვენათ სამოთხე - ეს ჩემთვის უეჭველია, მაგრამ სამოთხის კარები მისი სულისთვის ჩაკეტილი აღმოჩნდა, იგი იქ ვერ შევიდა, და ვერც შეძლებდა შესვლას, თორემ მაშინ უნდა უარვყოთ მთელი ჩვენი სარწმუნოება, რომელსაც არც საკუთარ თავს და არც საკუთარ მტერს არ ვუსურვებთ, - ვუთხარი გულწრფელად და ჩემდა გასაოცრად, ლიპოჩკა, რომელიც ყოველ სიტყვაზე მეკამათებოდა, არ შემეწინააღმდეგა...
ეს ამბავი მაშინვე ჩავიწერე დღიურში. ახლა კი ვფიქრობ: განა მქონდა უფლება, ასეთი კატეგორიული მსჯავრი გამომეტანა ოლიმპიადას აღსაზრდელის სულისთვის? თვით ზეციური მამაც არავის განსჯის და მთელი მსჯავრი თავის ძეს უბოძა.
იყოს ნება ღვთისა და მოწყალება ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის სამსჯავროსი განსვენებულსა ზედა არა ჩვენი ჭორიკნობანი.