უფალო! თუ ეს ჩემი ჯვარია, მომეცი მისი ტვირთვის ძალა, თუ არადა, აღხოცე იგი ჩემი მეხსიერებიდან
დღევანდელი გაშიშვლებული ქართველობის ყურებისას ბალღობა მახსენდება, ჩემი ბებია და პაპა, მათი მოკრძალება, მათი სიყვარული სიწმინდისადმი.
ბებომ ცხრა შვილი გააჩინა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე თავსაფრის ქვეშ ყოველთვის ხილაბანდი ჰქონდა გაკრული. პაპაჩემს მუდამ ყელამდე ჰქონდა შეკრული საკინძე, მკლავებზე პერანგს ოდნავ თუ გადაიკეცავდა (XIX ს-ის I ნახევარის მოღვაწე, მღვდელი იონა ხელაშვილი გამუსლიმანებულ ქართველებს "ნაქართველარად, საკინძეგახსნილთაგანად" იხსენიებს) მახსენდება ხატობისთვის მზადება. სანთელი აუცილებლად ქვრივს ან ქალწულს უნდა ჩამოექნა, ქადებსაც ისინი აცხობდნენ. მღვდელი არ გვყავდა და ღმერთთან ხევისბერი "გვაწყალობებდა", რომელიც ხატობამდე სულ მცირე, სამი დღე მაინც "წმინდაობდა" - ცოლს არ მიეკარებოდა. ბევრი რამ შეიძლება ითქვას ძველ ქართველთა მაღალ ზნეობაზე, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ. * იყო ერთი ძმა სიწმინდის მოყვარე, ერთხელ ქალაქში სულიერი მამის დავალებით წავიდა და გზაში ხუთჯერ დაეტაკა ეშმაკი, სიძვის გულისსიტყვით. მაგრამ ყმაწვილმა ჯოჯოხეთის გახსენებით დათრგუნა ბოროტი. უკან მობრუნებულმა შეწუხებულმა მოძღვარს შესჩივლა... მან მორჩილის თავზე ხუთი გვირგვინი იხილა და დაამშვიდა, - ნუ გეშინია, შვილო, ღმერთმა შეიწირა შენი სიწმინდის მოყვარება და ამ მოთმინებისთვის ძლევის გვირგვინნი მოგანიჭაო.
* წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "წარმართებს შორის არასოდეს ყოფილა სახელი ქალწულებისა, რამეთუ ქალწულების ძალა და სათნოებანი ძნელი, მკაცრი და მოუხერხებელი იყო მათთვის. ახლა კი მსუბუქი და ხელმისაწვდომი გახდა. რამეთუ თვით დედებსაც მიეცათ ნიჭი, ისწრაფვონ ამ სამეუფეო და უსაფრთხო გზისკენ. ზოგიც ამ გზაზე უყოყმანოდ და უშიშრად შედგა, რადგან ქრისტე მოუწოდებს მათ იქითკენ, რომელიც თვითონ გაიარა!"
* წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ბრძანებს: "ცოლქმრობა სამკაულია მიწისა, ქალწულება კი - ღვთის ზეცისა".
* ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი არქიმანდრიტი პავლე (გრუზდევი) იგონებს: ჩვენთან ბანაკში ორასამდე გოგონა შემოყარეს. მათ "ბენდერებს" ვეძახდით. მათ შორის ერთი მართლაც მზეთუნახავი იყო, ნაწნავიანი, 16 წლის, რაღაცაზე მწარედ ტიროდა. ვიკითხე, ასე რად იკლავს თავს-მეთქი. ერთმა მითხრა: - სამი დღე უსმელ-უჭმელნი მოვყავდით. აქ რომ მოვედით, პური დაგვირიგეს. მაგან თავისი წილი შეინახა, რადგან მარხვის დღე ჰქონდა. ვიღაცამ წაართვა. ჩვენც არაფერი გვაქვს, რომ მივცეთო.
მაშინვე შევირბინე ბარაკში და დღიური ნორმა - 800 გრამი პური გამოვიტანე, რომელსაც როგორც მუშას, მაძლევდნენ. რა პურიც იქნებოდა, წარმოიდგინეთ. მივაწოდე გოგონას (მამა პავლეს, ბუნებრივია, ბანაკში ერისკაცულად ეცვა). უკან დამიბრუნა: - არ შევჭამ! ჩემს პატიოსნებას პურზე არ გავცვლიო. პურიც კი არ აიღო! ჰოი, უფალო! განა რა პატიოსნება უნდა იყოს ისეთი, რომლისთვისაც კაცი მზად არის მოკვდეს? მანამდე არ ვიცოდი და იმ დღეს შევიტყვე, რომ ამას ქალწულის პატიოსნება ჰქვია!
* ერთ დედათა მონასტერში იღუმენიასთან ერთად მისი ძმისშვილი ცხოვრობდა. სხეულითაც და ხასიათითაც მშვენიერი გოგონა იყო. უეცრად გარდაიცვალა და საზეიმოდ დაკრძალეს იმ იმედით, რომ მისი წმინდა სული სამოთხეში მოხვდებოდა. იღუმენია ევედრებოდა ღმერთს, გაემხილა მისთვის, ქალწულთა დასს შეუერთდა თუ არა ქალიშვილი. ერთხელ, შუაღამისას, ლოცვისას, იღუმენიას ფეხქვეშ მიწა გაიხსნა და იქ ჯოჯოხეთის ცეცხლში თავისი ძმისშვილი დაინახა.
- შენ აქ რა გინდა? - ჰკითხა დამწუხრებულმა იღუმენიამ, - მე შენ ქრისტეს უბიწო კრავებთან მყოფი მეგონე.
- ვაი, მე უბედურს, თვითონვე ვარ დამნაშავე ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვედრისა. გარეგნულად ვჩანდი ქალწული, ხორციელი ცოდვით არ ვიბილწავდი სხეულს, მაგრამ სიძვის დაფარულმა ფიქრებმა და სურვილებმა ჯოჯოხეთის მკვიდრი გამხადა. ქალწულებრივი სხეული კი შემოვინახე, მაგრამ ფიქრებმა და გულისთქმამ შემიბილწა სული. გაუფრთხილებლობით ერთი ყმაწვილი მომეწონა და ფიქრებში მასთან გატარებულ დღეებს წარმოვიდგენდი, ვხვდებოდი, რომ ეს ცოდვა იყო, მაგრამ მოძღვრისთვის აღსარებაში გამხელისა მერიდებოდა. ჩემი გარდაცვალების ჟამს კი უფლის ანგელოზებმა პირი იბრუნეს ჩემგან და დემონებს გადამცეს!" ჩვენება გაქრა, იღუმენია კი მწარედ ჩაფიქრებული დატოვა.
* აბბა იოანე მოაბიტელი ყვებოდა: "იერუსალიმში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც დიდი ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა. ეშმაკს შეშურდა მისი სულიერი უბიწოებისა და მისადმი ვნებით აღძრა ერთი ყმაწვილი. ქალწულმა როცა ეშმაკის მზაკვრობა იხილა, აიღო დამბალი ცერცვით სავსე კალათა და უდაბნოში განმარტოვდა. მრავალი წლის მერე იორდანეს უდაბნოში იგი ერთმა განდეგილმა იხილა და ჰკითხა, - დედაო, ამ უდაბნოში რას აკეთებო. მონაზონს თავისი ღვაწლის დაფარვა უნდოდა და - გზა ამერიაო, უთხრა. განდეგილი დიდად სულიერი მამა იყო, მიხვდა ყველაფერს - შენ გზა არ აგრევია, დედაო, მითხარი სიმართლეო. "შემინდე, მამაო. ერთი ახალგაზრდა მაცთუნებდა და უდაბნოში გამოვექეცი და ქრისტეს მადლით, 17 წელია აქ ვარო. მერე აჩვენა დამბალი ცერცვით სავსე კალათა - ამ კალათით გამოვედი ქალაქიდან და ღმერთმა მე, უღირსზე მოწყალება მოიღო და ამ ცერცვს არა აკლდება რა. ხოლო რაც უდაბნოში შემოვედი, დღემდე არავის ვუნახივარო.
* ზადონში მოღვაწეობდა ცნობილი მოსაგრე გიორგი, ის მალევე მიხვდა სოფლის ამაოებას, წავიდა მონასტერში, მაგრამ ესეც არ იყო მისთვის საკმარისი, მან დაყუდებაში განვლო ცხოვრება.
ერისკაცობისას წმინდა სიყვარულით უყვარდა ერთი გოგონა, და მისი სახე ხშირად ედგა თვალწინ და სულის სიმშვიდეს უკარგავდა. ერთხელ იგრძნო ბრძოლისას უძლურება, წამოიძახა: - უფალო! თუ ეს ჩემი ჯვარია, მომეცი მისი ტვირთვის ძალა, თუ არადა, აღხოცე იგი ჩემი მეხსიერებიდანო.
უფალმა ისმინა მისი და იმავე ღამეს ძილში ოქროსფერი სამოსით მოსილი უმშვენიერესი ქალწული ეჩვენა. მის მზერაში იმდენი არამიწიერი დიდებულება და ანგელოზებრივი სიწმინდე ჩანდა, რომ გიორგიმ თვალის მოშორება ვერ შეძლო და კეთილმოკრძალებით ჰკითხა, - ვინ ხარ და რა გქვიაო. "ჩემი სახელი უბიწოებაა", - უთხრა ქალწულმა და ხილვაც გაქრა. გონს მოსულმა მოღვაწემ მადლობა შესწირა უფალს გულისხმისყოფისთვის. ძილში ნანახი სახე კი ისე ჩაებეჭდა გონებაში, რომ მან სრულიად განაძევა იქიდან ყველა სხვა სახე.
* ახალგაზრდა ქალწული თეოდორა ქრისტეს აღმსარებლობისთვის შეიპყრეს და ალექსანდრიის ქალაქისთავს, ევსტათეს წარუდგინეს. "ან შენი სამშობლოს ღმერთებს ეცი თაყვანი ანდა სამეძავო სახლში ჩაგაბარებ, ქრისტიანები ხომ თქვენს უპირველეს მოვალეობად უბიწოების დაცვას მიიჩნევთო", - დაემუქრა ჯალათი. "იცოდე, - უთხრა მას თეოდორამ, - ღმერთი გულთამხილავია... დაე ქმნან, რაც უნდათ, მე მაინც ქალწულად დავრჩები. ღმერთი ძლიერია და ძალუძს, თუ ინებებს, ჩემი აღთქმული უბიწოება დაიცვასო. მსაჯული შეძრა გოგონას გონიერებამ. სამი დღე "აცალა" - იქნებ გადაიფიქროსო, მერე კი, როცა დაინახა თეოდორას რწმენაში ურყეობა, უთხრა: - კარგი, ვნახოთ, რამდენად ყოვლისშემძლეა ეგ შენი ჯვარცმულიო და ქალწული, ჯარისკაცების თანხლებით, ბიწიერების სახლში გაგზავნა. ამასობაში ეს ამბავი ქალაქის გარყვნილმა ახალგაზრდობამაც შეიტყო, სამეძავო სახლთან მიირბინეს და ერთმანეთში კამათობდნენ, თუ ვინ უნდა შესულიყო ქალიშვილთან პირველი. საბრალო გოგონა თრთოდა და შეწევნას უფალს ევედრებოდა.
უეცრად ვიღაც სამხედრო სამოსით შემოსილმა ახალგაზრდამ მიირბინა სამეძავო სახლთან, გააპო ბრბო და შიგნით შევიდა. ვერავინ შეეწინააღმდეგა, რადგან ყველას სამხედრო ჩინოსანი ეგონა. მისი დანახვისას შეძრწუნდა თეოდორა. "ნუ გეშინია, - უთხრა ყმაწვილმა, - მე შენი ერთგული ძმათაგანი ვარ, დიდიმე მქვია. შენს დასახსნელად მოვედი. ჩემი სამოსი ჩაიცვი და გადაარჩინე შენი უბიწოება. მე კი აქ დავრჩებიო". თეოდორას არ უნდოდა, სხვისი სიცოცხლის ფასად შეენარჩუნებინა უბიწოება, მაგრამ დიდიმესგან გამხნევებულმა ჩაიცვა მისი სამოსი, სახე დაიფარა და ისე გამოსხლტა ამ საშინელი სახლიდან, როგორც კრავი - მგლის ხროვიდან.
* ერთი მოგზაური აღმოსავლეთის უდაბნოში ერთ-ერთ მონასტერს ეწვია. იღუმენთან და ძმებთან საუბრისას შეამჩნია, რომ რამდენიმე ჩიტმა ნისკარტით მონასტრის ბაღში ხეებიდან ნაყოფიანი ტოტები მოიტეხა და გაფრინდა. გაოცდა კაცი, პირველად ნახა, ფრინველი ადგილზე არ ჭამდა ნაყოფს და სადღაც მიჰქონდა. უკვე ათი წელია ასეთ რამეს ვუყურებთ, - უთხრეს მონასტრის ძმებმა. ნეტავ მთებში ღვთის წმინდანები ხომ არ ცხოვრობენ და ღვთის ბრძანებით ფრინველებს ხილი მიაქვთო, - იკითხა. ამ დროს ყორანი მოფრინდა, ნაყოფიანი ტოტი მოტეხა და გაფრინდა. მოგზაური და ძმები გაყვნენ. ყორანი ერთ ბორცვთან დაჯდა, მერე იქიდან ნაპრალში ჩაფრინდა. ძმები მივიდნენ და ნაპრალში ქვა ჩააგდეს, უეცრად იქიდან ხმა მოესმათ: - თუ ქრიტიანები ხართ, არ მოგვკლათ... აქ სამი ქალი ვართ, თუ ჩვენი ნახვა გსურთ, ტანსაცმელი ჩამოგვიყარეთ, რადგან სულ შიშვლები ვართ, მერე კი ბილიკს ჩამოჰყევითო. ბერებიც ასე მოიქცნენ. ქვემოთ ერთი ქალბატონი და ორი მისი მხევალი დახვდათ. - ვინ ხართ და ან აქ საიდან მოხვდითო? - ჰკითხა იღუმენმა. მათ შორის უფროსმა მიუგო, - კონსტანტინოპოლიდან ვარ. ჩემი ქმარი სამეფო კარის დიდებული იყო. მისი სიკვდილის შემდეგ, უშვილოდ დავრჩი, ცოდვის ქმნას მაიძულებდა ერთი მთავართაგანი. ჩემი ქონება სხვას მივანდე, გლახაკებისთვის დასარიგებლად, მე კი ჩემს მხევლებთან ერთად ხომალდში ჩავჯექი და აქ გადმომსვეს. მეთერთმეტე წელია ადამიანს არ გადავყრილვარო. ქალბატონებო, აქ როგორ ჰპოულობდით საკვებსო, - ჰკითხა მოძღვარმა. "უფალმა, რომელმაც თავისი ხალხი უდაბნოში გამოკვება მთელი ორმოცი წლის მანძილზე, საკვებს გვიგზავნიდა. ფრინველებს მოჰქონდათ ყოველგვარი ხილი. უფალი გვიცავდა და გვათბობდა. ვცხოვრობდით აქ, როგორც სამოთხეში ყოვლადწმინდა სამების განმადიდებელნი", - მიუგო ქალბატონმა და იღუმენს სთხოვა, რომ დეკანოზი მოეყვანა, რომელიც საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა და აზიარებდათ - რაც კონსტანტინოპოლი დავტოვეთ, არ ვზიარებულვართო. იღუმენმა აღასრულა მათი სურვილი. ზიარების შემდეგ იმავე დღეს გარდაიცვალა უფროსი ქალბატონი, მეორე დღეს - მეორე, მესამე დღეს კი მესამე განდეგილი დედაკაცი.
* ღირსი ვიტალი, 60 წლისა, მონასტრიდან ალექსანდრიაში ჩამოვიდა და მოღვაწეობის განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთა - დაცემული დედაკაცების გადარჩენა. დღისით დღიურად მუშაობდა, ღამე კი სამეძავო სახლში მიდიოდა. ფულს ხან ერთ დედაკაცს აძლევდა, ხან მეორეს, სთხოვდა, ცოდვა არ ჩაედინათ და მთელი ღამეები მათთვის ღმერთს ევედრებოდა. ამგვარად, იმას აღწევდა, რომ ამ დედაკაცთაგან ზოგი თხოვდებოდა, ზოგიც მონასტერში მიდიოდა, სხვები კი სოფელში საკუთარი შრომით ირჩენდნენ თავს. წმინდანი ბევრ საყვედურსა და დაცინვას დაითმენდა, რადგან დედაკაცებს სთხოვდა, ამის შესახებ არავისთვის მოეყოლათ. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თავის კელიაში ჩაიკეტა და მშვიდობიანად, ლოცვისას ჩააბარა სული უფალს. ხელში კი გრაგნილი უპოვეს, სადაც ეწერა: "ნურავის განიკითხავ უწინარეს ჟამისა, ვიდრე არ მოვა თვით სამართლიანი მსაჯული". მაშინ შეიტყო ყველამ სიმართლე მის წმინდა ცხოვრებაზე. მოგვიანებით კი მისმა წმინდა ნაწილებმა მირონდენა დაიწყო.