სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
წმინდა ნექტარიოსი ანტიქრისტეს ნიშნებზე. შემოგვიარა ჩვენმა დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა მამა ნექტარიოსმა.
- კარგა ხანია, არ გვინახიხარ, მამაო, - შევეგებეთ ამ სანახევროდ დაყუდებულ ოპტელ მონაზონს. ღიმილით გვიპასუხა:
- ვფიქრობ, რომ ცოდვილი ნექტარიოსისთვის საკმარისია წელიწადში ერთხელ გიხილოთ, მე კი თქვენთან ამ წელს რამდენჯერ ვიყავი! მონაზონს სამი გზა აქვს: ტაძრისკენ, კელიისა და საფლავისკენ.
- ხოლო თუ მოციქულებრივი ქადაგება მოითხოვს? - შევეპასუხე.
- ამისთვის ნასწავლი აკადემისტები არსებობენ, მე კიდევ დაბალი წოდების გაუნათლებელი კაცი ვარ.
ამ დროს კი ეს "დაბალი წოდების კაცი" თავისი ნაკითხობით გვაოცებდა ყველას (წმინდა ნექტარიოსმა დაყუდების ჟამს თავისით შეისწავლა რამდენიმე ენა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კლასიკური ლიტერატურა და კიდევ ბევრი რამ, რაც შემდგომში ადამიანებთან ურთიერთობისას გამოადგებოდა, როგორც მოძღვარს, - კ.კ.).
მოძღვარს მოვუყევი ზეციურ ნიშნებზე, რომელიც მოსკოვში მოხდა თვის დასაწყისში (ცაზე ორი მზე და ორი მთვარე გამოჩნდა) და ვკითხე, ამაზე რას ფიქრობთ-მეთქი.
- ეჰ, ბატონო, მე გაუნათლებელმა როგორ გიპასუხოთ? მას მე კი არა, თქვენ უნდა უპასუხოთ: თქვენ ხომ ასი წიგნი წაიკითხეთ, მე კი ბნელი კაცი ვარ.
- მამაო, თავს ნუ არიდებთ პასუხს, - ვთხოვე, - იმ ჩემს წაკითხულ ას წიგნში შეიძლება მხოლოდ სიბნელეა, თქვენს მონაზვნურ წიგნში, მთელი ცხოვრება რომ კითხულობთ, იმდენი ნათელი, მთელ სოფელს ეყოფა.
მამა ნექტარიოსმა სერიოზულად, გამომცდელად შემომხედა:
- ჩემგან კერძოდ როგორი პასუხის მოსმენა გნებავთ?
- ისეთის, რომლითაც უპასუხებდით ჩემს სულიერ შიშს: ასეთივე ნიშები იქნება ცაზე, მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, რაც მაცხოვრის სიტყვისაებრ ქვეყნის აღსასრულის ჟამს მოხდება?
- ხედავთ, რის გაგება ისურვეთ ჩემისთანა გონებანაკლულისგან, - თქვა მამა ნექტარიოსმა, - ეს ჩემი საზომი არ არის. ერთს კი საიდუმლოდ გეტყვი, რაც გასულ თვეში მოხდა. ერთხელ ცისკრის ლოცვიდან იღუმენთან ერთად კელიებში ვბრუნდებოდით. მამა ბარსანოფი (აწ წმინდანად შერაცხული, - კ.კ.) მომიბრუნდა და მეუბნება:
- მამა ნექტარიოს, ისეთი საშინელი სიზმარი ვნახე, რომ ახლაც მზარავს, - ჩაფიქრებული თავისი კელიისკენ წავიდა, ერთი-ორი ნაბიჯი გაიარა და მომიბრუნდა: - ჩემთან ანტიქრისტე მოვიდა... დანარჩენს მერე გეტყვი.
- მერე, მერე რა მოგიყვა? - შევაწყვეტინე მამა ნექტარიოსს.
- არაფერი, - მიპასუხა მან, - მე თვითონ ამაზე აღარ მიკითხავს, კითხვისა შემეშინდა. ხოლო ზეციურ ნიშნებს მიეკუთვნება თუ არა ბუნების უჩვეულო მოვლენები, მათი საიდუმლოებათა განცხადების ხელმწიფება მე არ მაქვს. დაახლოებით 1885 წელს, როცა ოპტის სკიტს მამა ანატოლი მეთაურობდა, შუა ზამთარში ისე უჩვეულოდ ჩაესვენა მზე, რომ მთელი ერთი საათი ოპტაზე თოვლი სისხლად გეჩვენებოდა. განსვენებული მამა ანატოლი მაღალი სულიერი ცხოვრების კაცი იყო, ჭეშმარიტი მუშაკი იესოს ლოცვისა და დაფარულმცოდნელი. ეტყობა, ამ მოვლენაზე მას რაღაც გამოცხადება ჰქონდა და ბრძანა: - ეს არის მინიშნება იმ სისხლიან ამბებზე, მალე რომ დატრიალდება და წინ უსწრებს მოახლოებულ ქვეყნის აღსასრულსო.
- ხომ არ გეუბნებოდათ, რომ ანტიქრისტე უკვე დაიბადა?
- ასე გარკვეულად, არ მახსოვს, ეთქვას, მაგრამ იგავებით ხშირად გვანიშნებდა ანტიქრისტეს მალე გამოჩენაზე. ბელევის დედათა მონასტერში მამა ანატოლის ბევრი სულიერი შვილი ჰყავდა. ერთ მათგანს, რომელიც იქ საკუთარ დედასთან ერთად ცხოვრობდა, მოძღვარმა უთხრა: - დედაშენი ვერ მოესწრება, მაგრამ შენ მოესწრები თვითონ ანტიქრისტესო. დედამისი ახლა გარდაცვლილია, მონაზონი ჯერ ცოცხალია, თუმცა 80 წელს მიღწეულია.
- მამაო, ნუთუ ასე მალე გაიხსნება კვანძი?
მამა ნექტარიოსმა გაიღიმა და მხიარულად თქვა, - ეს თქვენს რომელიმე ას წიგნში წაიკითხეთო და სიტყვა სხვა თემაზე გადაიტანა.
***
ერთხელ ჩვენთან მამა ნექტარიოსი შემოვიდა. მაკურთხა, ჩემი ხელი ხელთ იპყრო და სერიოზული, რაღაც ამაღლებული ტონით მითხრა: - "დავითის სახლს შიში დაეცა დიდი" - მერე კი გაიცინა და მისი სერიოზულობა სადღაც გაქრა. ეს რას ნიშნავს-მეთქი, ვკითხე.
სერიოზულად შემომხედა:
- ერთ ჩვენს სკიტელს ესიზმრა, - თითქოს სამეუფეო კარების გვერდით მხეცის გამოსახულება იდგა.
- რომელი მხეცის?
- აპოკალიფსის. საშინელი იყო, ენით აუწერელი. ბერის თვალწინ თურმე იერი სამჯერ შეიცვალა და კვლავ მხეცად დარჩა, - მამა ნექტარიოსმა ხელი აიქნია და დაუმატა: - თუმცა, განა ცოტა რამ შეიძლება დაესიზმროს ან მოეჩვენოს გონებანაკლულ მონაზონს (ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს ხილვა მამა ნექტარიოსს ჰქონდა, - კ.კ.)? ნუ მიანიჭებთ ჩემს სიტყვებს დიდ მნიშვნელობას.
სასწაული. 1914 წელს სერგი ნილუსს ერთმა პატივცემულმა მოძღვარმა დასაბეჭდად ხელნაწერი გამოუგზავნა, რომელშიც მიტროპოლიტ პავლე ტობოლელის მიერ მოხდენილ სასწაულზეა ლაპარაკი. ის ჩაწერილია არქიმანდრიტ პეტრეს მონათხრობის მიხედვით, რომელიც 1839-44 წლებში კიევის მღვიმის მონასტრის წინამძღვრის ნაცვალი იყო. გთავაზობთ ამ ხელნაწერს:
40-იანი წლების დასაწყისში ლავრაში მოსალოცად ჩამოვიდა ჩერნიგოვის გუბერნიის მემამულე ეკატერინე. შუახნის გახლდათ, გაუთხოვარი, ჯან-ღონით სავსე და ფიზიკურად საკმაოდ შევსებული, რაც მას ძალზე აწუხებდა.
ერთხელ მითხრა: "მამაო, თქვენთან უდიდესი და განსაკუთრებული სათხოვარი მაქვს. უჩვეულო სიზმარი ვნახე: ჩემს წინ წარდგა მღვდელმთავრის სამოსით მოსილი ღირსი მამა და სახელით მომმართა: "ეკატერინე, შენ აქ მოსალოცად ჩამოხვედი. ამით კეთილი საქმე გააკეთე!.. ახლა კი მიდი არქიმანდრიტ პეტრესთან და უთხარი, ჩემთან მოგიყვანოს. მე არქიდიაკონ სტეფანეს ეკვდერში ვწევარ დახურულ აკლდამაში. თუ უარს გეტყვის, უთხარი, რომ კურთხევა მიტროპოლიტისგან გამოითხოვოს (მაშინ კიევის მიტროპოლიტი გახლდათ ფილარეტი (ამფითეატროვი). მინდოდა მეკითხა, - ვინ ბრძანდებით-მეთქი, მაგრამ თვითონვე მითხრა: - მე მიტროპოლიტი პავლე ტობოლელი ვარ და იქ მნახავო.
დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ უარი ვუთხარი, - ჩვენ იქ მართლაც აღარ დავდივართ-მეთქი. მერე დავპირდი, რომ მიტროპოლიტისგან კურთხევას გამოვითხოვდი. მეუფე ფილარეტმა ნება მომცა, აკლდამა გამეხსნა და ეკატერინე შიგნით შემეყვანა. აკლდამის გასახსნელად დავნიშნე დღე, როცა ხალხი არ იქნებოდა, გავხსენით აკლდამა და ორი ბერის თანხლებით მე და ეკატერინე ქვემოთ ჩავედით. გავხსენით კუბო, თაყვანი ვეცით და ლოცვითა და კეთილმოკრძალებით ვეამბორეთ მღვდელმთავრის ხელს. ავხადეთ ღრუბელი, რომელიც სახეს უფარავდა. ქალმა იყვირა:
- ეს ის არის, ვინც სიზმარში ვნახე!
დიდხანს უყურებდა, ტიროდა და თან ლოცულობდა...
რამდენიმე დღის მერე ეკატერინე კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა: "მღვდელმთავარ პავლეს უხრწნელი სხეული რომ ვნახე, ვფიქრობდი: აი, წმინდა კაცი, რომელმაც საკუთარი სხეული მარხვით, შრომით, მოღვაწეობით დააუძლურა. მე კიდევ განცხრომით ვცხოვრობ, უზომოდ ვსუქდები, უზრუნველად მიედინება ჩემი ცხოვრების დღენი და ბოლოს მატლების გემრიელი კერძი ვიქნები. როგორ მინდა სხეულით გავხდე და ცოტათი მაინც მოგემსგავსო შენ, მღვდელმთავარო ღვთისაო! - მთელი დღე ამგვარი ფიქრი მიტრიალებდა თავში... ღამით წმინდა მღვდელმთავარი კვლავ გამომეცხადა: შენ დღეს ჩემი კუბოს წინაშე საკუთარ გარდამეტებულ სიმსუქნეზე ფიქრობდი. გსურს, რომ გახდე. ნუ იჯავრებ: ღმერთი გამოგიგზავნი სნეულებას და სულ მთლად გახდები. მაგრამ არ მოკვდები. შენ გინდა, რომ აქ (კიევის ლავრაში - კ.კ.) იცხოვრო. შინ დაბრუნდი, საქმეები მოაგვარე, ნურავის აწყენინებ, უკან დაბრუნდი, მოინახულე ლავრა, მღვიმეები და ჩემთანაც მოდი ხოლმე. ასე იცხოვრე და მოემზადე საუკუნო სიცოცხლეში გადასასვლელად. შენთვის შევევედრები უფალს და როცა დრო დაგიდგება, მე წაგიყვან".
ეკატერინე რჩევისამებრ მოიქცა და კიევში ჩამოვიდა; ყოველდღიურად უფრო და უფრო ხდებოდა. ხშირად შემოდიოდა ჩემთან და საუბრისას მეუბნებოდა: - ამ ცხოვრებაში უკვე აღარაფერი მიზიდავს, თუნდაც მოვკვდეო.
მისივე სურვილით, ნება მიეცა მღვდელმთავარ პავლეს კუბოსთან ხშირად ჩასულიყო და ეთხოვა მისთვის პანაშვიდის გადახდა.
გავიდა ერთი წელი. გვიანი შემოდგომა დადგა. ჯანმრთელობა უფრო შეერყა. ერთხელ ლავრაში მოვიდა, აღსარება თქვა და ეზიარა წმინდა საიდუმლოებას, ჩავიდა წმინდა პავლეს მღვიმეში. მეც შემომიარა:
- სიზმარში ვნახე მღვდელმთავარი. მითხრა: "ახლა უკვე ახლოა ჟამი შენი ამ ქვეყნიდან განსვლისა - ნუ გეშინია! უნდა მოემზადო და ეზიარო, სანამ ეკლესიაში ყოფნა შეგიძლია. როცა დიდ საყდარში (კიევის მღვიმევის ლავრაში) მოხვდები, შემოიარე მღვიმეები, ჩემთანაც შემოდი. ეს უკვე შენი ბოლო სტუმრობა იქნება. შედი წინამძღვრის ნაცვალთან და უთხარი, როცა სნეულებისგან ლოგინად ჩავარდები, შენთვის შეასრულოს ზეთისცხების საიდუმლოო. მე მას ვთხოვე, რომ თქვენ დაგეკრძალეთ. მღვდელმთავარმა მიპასუხა: "არა, არქიმანდრიტი პეტრე ავადმყოფს გაზიარებს, როცა აღარ შეგეძლება ეკლესიაში მოსვლა; ჩემი სახელით უთხარი, აღსარება გათქმევინოს, გაზიაროს და მიწიერი აღსასრულის წინ გაკურთხოს. მაგრამ დაგმარხავს წმინდა ნიკოლოზის მონასტრის არქიმანდრიტი აბელი მონასტრის სასაფლაოზე (ეს მონასტერი ლავრის ახლოსაა). გავკადნიერდი და ვკითხე: - მამა პეტრე რატომ არ დამკრძალავს, მე ხომ მას დიდ პატივს ვცემ-მეთქი. მითხრა, - ის ამ დროს ავად იქნება. ღმერთს ასე სურს. ორივე შენზე ვილოცებთ, მე-40 დღეს კი შენთვის წირვას დააყენებს. ნუ აღელდები და განემზადე საუკუნო ცხოვრებაში გადასასვლელად".
ყველაფერი ღვთის სათნომყოფელის სიტყვისაებრ აღესრულა. რამდენიმე დღის მერე მოვინახულე ავადმყოფი. ძალზე დასუსტებული დამხვდა, მთხოვა, საზიარებლად მივსულიყავი. მისი თხოვნა აღვასრულე. რომ ვემშვიდობებოდი, ვფიქრობდი: ალბათ უკანასკნელად ვხედავ-მეთქი. სული დამიმძიმდა, მაგრამ არ ვაჩვენე... უეცრად მეუბნება: - მამაო, არ გემშვიდობებით. ამა და ამ დღეს ჩემთან მოდით და მღვდელმთავარ პავლეს სიტყვისაებრ, მაკურთხეთ საუკუნო ცხოვრებაში გადასასვლელადო.
დანიშნულ დღეს მივედი, საამქვეყნო პირი არ ჰქონდა, მაგრამ მისი სულის მხნეობამ გამაოცა: უშიშრად და ღვთის გულმოწყალებაზე სრულიად მინდობილი გახლდათ და, რა თქმა უნდა, მღვდელმთავარ პავლეს იმედით გადადიოდა მომავალ ცხოვრებაში, თითქოს შორეული მგზავრობისთვის ემზადებაო. მთელი ეს ხანი ვიჯექი და ვუსმენდი მის სიკვდილისწინა საუბარს. არაფერი აღელვებდა. როგორი სიმშვიდე ჰქონდა სულში! როცა დასამშვიდობებლად წამოვდექი, ცრემლები ყელში მომებჯინა. დავიწყე "აწ განუტევეს" კითხვა, მაგრამ ვეღარ წავიკითხე. ისიც ატირდა. ვაკურთხე და აფორიაქებულმა ვუთხარი: "შემინდე და ილოცე ჩემთვის, ცოდვილისათვის". მომიგო, - მამაო, უკანასკნელად ვხედავთ ერთმანეთს ამ წუთისოფელშიო.
წამოვედი აღელვებული. გვიან საღამოს მაუწყეს, რომ ეკატერინე მშვიდად აღესრულა და სიკვდილის წინ ითხოვა, ეს ამბავი ჩემთვის გადმოეცათ. ბრძანება გავეცი, მისი დაკრძალვისთვის მოვმზადებულიყავით. ვვარაუდობდით, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაგვეკრძალა. ცისკრის ლოცვა აღვავლინე, შინ მისული დასაძინებლად დავწექი. ფეხების აუტანელმა ტკივილმა ლოგინს მიმაჯაჭვა, საწოლიდან წამოდგომა აღარ შემეძლო. ნიკოლოზის მონასტრის არქიმანდრიტ აბელს ვთხოვე მისი დაკრძალვა, როგორც მღვდელმთავარმა პავლემ ბრძანა, ეკატერინე უჩემოდ დაიკრძალა. ჩემს უღირსებაზე ფიქრი მთელი დღე მაწუხებდა. ღამე ძილში ეკატერინე წარმომიდგა, ცოცხალივით, ნათელი სახით, და მეუბნება: - ნუ ჯავრობთ, მამაო, ღმერთს ასე უნდა, გმადლობთ თქვენ და ყველას ჩემი სულისთვის ზრუნვის გამო, ვილოცებ თქვენთვის.
მსურდა მეკითხა, - ახლა სად ბინადრობ-მეთქი, უმალ მიპასუხა: - დიდება ღმერთს! მღვდელმთავარ პავლეს ლოცვით, უფალმა სამოთხის ნეტარებაში გადამასახლა. მცირედი დავითმინე მიწაზე, ახლა კი ჩემმა სულმა დაუსრულებელი სიხარული მიიღო. გთხოვთ, მეორმოცე დღეს წირვა და პანაშვიდი გადაიხადოთ ჩემი სულისთვის, იმ დროისათვის განკურნებული იქნებით. გმადლობთ ყველაფრისთვის.
ეკატერინე უჩინო შეიქმნა.
ნელ-ნელა გამოვკეთდი. გარეთ, პირველად, მის საფლავზე გავედი. თხოვნაც აღვუსრულე".