ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი VII. მოსაგრე ბერები
მამა პანტელეიმონი - ბიბლიოთეკარი. მამა პანტელეიმონი წარმოშობით კვიპროსელი იყო. იგი დიდ ლავრაში ცხოვრობდა მაშინ, როცა ის იდიორითმული მონასტერი იყო
(ასეთ მონასტრებში საერთო მორჩილება და საერთო ტრაპეზი არ აქვთ. თითოეულ ძმას მონასტრიდან რომელიმე ნაგებობას და მიწის მცირე ნაკვეთს აძლევდნენ ბოსტნეულის მოსაყვანად. ასეთ მონასტრებს იღუმენი არ ჰყავთ და სავანეს მამათა საბჭო მართავს, - კ.კ.). თუმცა ღირსი ათანასეს ლავრა იდიორითმული იყო, ტიპიკონი ყველაზე მკაცრი და საუკეთესო გახლდათ მთელ ათონზე. სავანის მეტად თავმდაბალი, მამათა ცხოვრებაში ფრიად განსწავლული მამები დიდი სულიერი მოღვაწენი იყვნენ. მარხვაშიც ბადალი არ ჰყავდათ, თუ არ ჩავთვლით ხორცის ჭამას, რომელიც მაშინ ნებადართული იყო. თავი VII. მოსაგრე ბერები
მამა პანტელეიმონი იყო დინჯი, მდუმარე და ჭეშმარიტი ბერი. ბევრს შრომობდა მონასტერში. წერდა და აქვეყნებდა სტატიებს "მთაწმინდის ბიბლიოთეკაში" (ამ ჟურნალს გამოსცემდა ექიმი ათანასე კამბანოისი ქალაქ ვოლოსიდან).
იგი ნახევრადდაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა. მისი ყოველდღიური მარშრუტი გახლდათ კელია-ტაძარი-ბიბლიოთეკა. ღვთისმსახურებაზე ყოველთვის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მინაშენში იჯდა, ერთსა და იმავე სტასიდიაზე. ის იქ მას მერე გადავიდა, რაც მისივე თხოვნით ამორიცხეს მამათა საბჭოდან.
ის ხორცის ჭამისგან თავს იკავებდა. მის ბაგეს სიტყვა იშვიათად დასცდებოდა.
ლავრელმა მამა ევსტათიმ ერთხელ ბრძანა:
"იგი ლავრელ მონაზვნებს შორის საუკეთესო გახლდათ. იყო ყველაზე მშვიდი და მოღვაწე, ნამდვილი მონაზონი".
მამა ნიფონტი დურგალი. ის ცხოვრობდა კატუნაკის სადაყუდებულოში, კლდეებს შორის მდებარე უდაბნოს კელიაში.
ეს მამა გახლდათ სერიოზული, დიდებული, კეთილი ჩვევებით გამშვენებული, თავდაჭერილი, განკრძალული და მთელი სულით მომძულებელი ბოროტებისა, მზაკვრობისა და სიცრუისა.
სიცოცხლის ბოლო დღემდე სულგრძელად და უშიშრად უვლიდა ტუბერკულოზით დასნეულებულ სამ მამას.
მონაზვნად აღკვეცამდე ერში მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებდა.
ის პოლიციელი გახლდათ და ათენის რკინიგზის სადგურში მორიგეობდა. ერთხელ დედაქალაქში ჩამოსულმა გოგონამ გამვლელებს სთხოვა, ამა და ამ მისამართს ხომ ვერ მიმასწავლითო. მავანთ შესთავაზეს, - დაგეხმარებითო. ესენი ავაზაკები იყვნენ, რომლებიც თავს ხალხის ძარცვით ირჩენდნენ. ამ კურთხეულმა ადამიანმა მათ გოგონა ხელიდან გამოსტაცა, მეეტლეს ჩააბარა და იმ მისამართზე გაისტუმრა, რომელსაც ეძებდა.
ერთხელ იეღოველებთან მოუვიდა კამათი. გამძვინვარებული იეღოველები საცემრად გამოეკიდნენ. მაგრამ ამ დროს ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, იეღოველები შეფერხდნენ და მან სამშვიდობოს გააღწია.
როცა მთაწმინდაზე მონაზვნად აღიკვეცა, ჩვევად დაიდო, განუწყვეტლივ ელოცა ნათესავებისთვის - განსაკუთრებით საღამოობით.
კომუნისტმა ბანდიტებმა მისი მამა და ძმა შეიპყრეს და დახვრეტა დაუპირეს. მაგრამ რაღაც მოხდა და უვნებლად გამოუშვეს.
მოგვიანებით მამამ და ძმამ ნიფონტი კატუნაკში მოინახულეს და თავიანთ დაპატიმრებასა და სიკვდილისაგან უეცარ გამოხსნაზე უამბეს. ნიფონტმა ჰკითხა, - რომელ დღესა და საათზე მოხდა ესო. უპასუხეს. ბერი ღრმად ჩაფიქრდა და თქვა, სწორედ იმ საღამოს გულმოდგინედ ვლოცულობდი თქვენთვისო. შინაურები მიხვდნენ, რომ მონაზვნის ლოცვებით გადარჩნენ.
ერთმა მომლოცველმა ჰკითხა: - ამ სივიწროვეში როგორ ცხოვრობ, მამაოო. "მე აქ ვითმენ სივიწროვეს, რათა ზეცაში სივრცე მოვიპოვოო", - უპასუხა.
ერთხელ ის წმინდა ანას სკიტისა და მეზობელი კელიების ბერებთან საუბრობდა მამა იაკობზე, რომელსაც ზოგი ქრისტესთვის სალოსად თვლიდა, სხვები კი - გონებაშერყეულად. მამა ნიფონტმა ბრძანა: - არა, მამებო, ქრისტესთვის სალოსმა შეიძლება სისულელე ჩაიდინოს, უაზროდ ილაპარაკოს, მაგრამ ღმერთს არ გმობსო. ეს საწყალი მამა კი ღმერთს გმობდა, ვინაიდან ვერც გონზე იყო და ეშმაკიც აწვალებდა.
როცა ავად გახდა, კატუნაკელი მამები უვლიდნენ. სიცოცხლის ბოლო დღეს, უფალთან წასვლამდე, ორი მონაზონი იხმო - მამა ექვთიმეს მოწაფეები. ექვსი საათის მერე კი წარვიდა უფალთან.
მამა მათე ყარაყალელი. ყარაყალის მონასტერში ცხოვრობდა ერთი ძალზე ღვთისმოშიში, უბრალო, თავმდაბალი და უბოროტო მღვდელმონაზონი მათე. ამ მონასტერში გაბრწყინვებული მამა კონდრატეს გარდაცვალების მერე ის ერთ-ერთი საუკეთესო მონაზონი გახლდათ, მონასტრის "ძველი საფუვრის" მღვდელთაგან უკანასკნელი, მერე კი სავანეში ახალი საძმო დასახლდა.
მას ორი სასწაული შეემთხვა: მამა მათე თიაქრით იტანჯებოდა და წმინდა დიდმოწამე არტემმა განკურნა. მერე ფეხების ფლეგმონა დაემართა. განსაკუთრებით ზამთრობით უსივდებოდა, უწითლდებოდა და აუტანლად სტკიოდა. მუნითა და ქავილით შეწუხებული თოვლში ფეხშიშველი დადიოდა, რომ მხურვალება დასცხრობოდა.
გულმოდგინედ და მხურვალედ დაუწყო ვედრება ღვთისმშობელს - განკურნება შესთხოვა. ყოველთა დედოფალმა დაიხსნა ამ სატანჯველისგან.
მე მას ყარაყალის მონასტერში შევხვდი 1977 წელს, როცა ის სავანის მღვდელი გახლდათ. რამდენიმე წლის მერე სული მისი წარვიდა ადგილსა განსვენებისასა, რათა ეგემა ის ხილი, რომელიც უამრავი განსაცდელის მერე მოაგროვა განწმენდისა და ცხონებისთვის.
მამა იობ დოქიარელი. "მეათერთმეტე" ანუ სიბერის ჟამს ერთი კვიპრელი მოვიდა მონასტერში, იობის სახელით მონაზვნად აღიკვეცა. მონასტერში რამდენიმე წელი იცხოვრა და წარვიდა უფალთან, რათა მასში განმცხრალიყო, რომელიც სიყრმიდანვე შეჰყვარებოდა, მაგრამ ოჯახური მოვალეობა და ამ ცრუ სოფლის საზრუნავი აჩერებდნენ ერში.
ერთხელ, განთიადისას, სარეკელას კაკუნმა ლოცვაზე მოუხმო და მდაბლად დაეშვა მონასტრისკენ. არ იცოდა, რომ ის მონაზონთა მიერ ნაგალობევი მიწიერი ღვთისმსახურებიდან ზეციურ მსახურებაზე გადასახლდებოდა, სადაც ანგელოზნი სახიერ უფალს უტკბესი და უნაზესი საგალობლებით უგალობენ.
ის კარიბჭეში ხატებს ეამბორა და ერთ-ერთ სტასიდიაზე ჩამოჯდა. შუაღამიანს კითხულობდნენ, სახელდობრ მეჩვიდმეტე კანონს. ეს კანონი წესის აგებისასაც იკითხება. ერთი მოწმობით, ბერი მიხვდა, რომ კვდებოდა, ადგა სტასიდიიდან, მოიდრიკა მუხლნი, ილოცა და უფალს სული ჩააბარა. ზოგნი კი ჰყვებოდნენ, სტასიდიაზე მჯდარი ლოცვაში გარდაიცვალაო.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, მამა იობი მართლაც ნეტარის სიკვდილით აღესრულა.
მამა პავლე წმინდა ანას სკიტელი. ღირსსახსოვარი უნეტარესი მამა პავლე მთაწმინდაზე მოსვლამდე ვოლოსში, ქსენიას მონასტერში ცხოვრობდა. დიდი სულიერი ღვაწლისა და მეტი მყუდროებისთვის მთაწმინდაზე ამოვიდა და წმინდა სერაფიმეს კალივაში დასახლდა, რომელიც წმინდა ანას სკიტს მიეკუთვნებოდა.
ნეტარი მამა სულიერი მოძღვარი იყო და ყველა, ვინც მასთან აღსარებას იტყოდა, მონაზონი თუ ერისკაცი, სიმშვიდესა და სულიერ შვებასა პოვებდა "ცოდვის სიმყრალისგან" დახსნილი. მისი რჩევები ყოველთვის მაცხოვნებელი იყო და სულისთვის სასარგებლო. ის არასდროს არავის ლანძღავდა და არ კამათობდა. იყო თავმდაბალი მლოცველი, მშვიდი და მყუდრო, მღვიძარე და ძუნწად მოლაპარაკე.
ერთხელ ბერმა უთხრა ერთ მორჩილს, რომელსაც მონასტერი მიეტოვებინა და წმინდა ანას სკიტში დარჩენა სურდა: - თუ აქ დარჩები, ეცადე, ისეთი მამა მონახო, რომელთანაც სულიერად გაიზრდები, ანუ ისეთი, რომელიც მონაზვნის სამოსის კერვაში დაგაოსტატებს. ნუ დაემოწაფები ისეთ მამასა და საძმოს, რომელსაც თევზის ჭერითა და ბადეების ქსოვით გააქვს თავი.
მან რამდენიმე წლის წინ მიიძინა და წავიდა თავის სასურველ ქრისტესთან.
მამა პაისი. მასზე ცოტას მოვყვები, მაგრამ ესეც საკმარისია, რომ ნათლად გამოჩნდეს მისი სათნოებები. ოდესღაც ის სტავრონიკიტას მონასტრის სიახლოვეს, ჯვარი პატიოსნის კელიაში ცხოვრობდა, მას ყველგან თან დაჰყვებოდა ორი გველი, რომელთაც ის რძით უმასპინძლდებოდა. როცა ყუთლუმუშის მონასტრის სიახლოვეს, ღვთისმშობლის კელიაში გადავიდა, მომლოცველები ხედავდნენ, რომ მას თავზე დაჰფარფატებდნენ შაშვები, მერე სხვა ჩიტებიც ეტანებოდნენ.
ერთხელ მასთან "მთაწმინდის მეგობართა საზოგადოების" წევრები მივიდნენ. ბერის კელიისკენ მიმავალმა ერთმა მათგანმა წაიწუწუნა: "თუ კაცი სოფლიდან გაიქცა და ტყეში ნადირივით ცხოვრობს, რა ვალდებულნი ვართ, ვეძებოთო".
კელიაში მისულთ სიურპრიზი დახვდათ: ეზოს კარზე წარწერა ნახეს: "ნადირს ნუ შეაწუხებთ, ისვენებსო".
ერთხელ მამა პაისისთან მიმავალი სტუმარი ხევში გველს გადაეყარა და მოკლა. ბერთან მისულმა ზარი დარეკა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კარი გააღო ბერმა და დამწუხრებული სახით უთხრა: - ცუდი რა გამიკეთებია შენთვის, რომ საუკეთესო მეგობარი მომიკალიო. სტუმარმა თავი ჩაღუნა და შეცდომა აღიარა.
როცა კვიპრელი მღვდელი ანდრია აღათოკლეუსი ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო, მეგობართან ერთად მამა პაისი მოინახულა. ბერი სტუმრებს სამი საათი ესაუბრა და ერთ-ერთ მეზობელ მონასტერში გაისტუმრა. წასვლისას ჟინჟვლა დაიწყო. მალე ალბათ კოკისპირულად გაწვიმდებოდა. მათ ბერს სთხოვეს, ცოტა ხანს კიდევ დავრჩებით - გაწვიმებას აპირებსო. მან დაამშვიდა: "ნუ გეშინიათ, ჯერ არ გაწვიმდება - არ დასველდებითო". სტუმრები მონასტრისკენ გაემართნენ. როგორც კი სავანის კარებში შედგეს ფეხი, საშინელი თქეში წამოვიდა.
ერთხელ ბერს ჰკითხეს, - რას ფიქრობთ ატმოსფეროში გაჩენილ ოზონის ხვრელზეო. უპასუხა: "თუ ადამიანებს სინანული ექნებათ, არაფერი მოხდება. ღმერთი ამ ხვრელს ხელის ერთი მოსმით ამოავსებსო".
ერთხელ აზრი კალენდარზეც ჰკითხეს. "ნუ ღელავთ და კამათობთ, ყველაფერი კარგადაა. კაცს კალენდარი კი არ აცხოვნებს, არამედ რწმენა და კეთილი საქმეები გადაარჩენს. ერთხანს ზილოტებს მივემხრე და კინაღამ გონება ამერია. უგუნურად მოშურნეობას კარგი არაფერი მოაქვსო".
ერთხელ ბერთან კვიპრელი მიხეილ პეტევისი მივიდა - ღმერთს ჩემი ცოლის განკურნება შესთხოვეო, - მამაო, შენ წმინდა კაცი ხარ და როცა ლოცულობ, ღმერთი გისმენსო. ბერმა - მე ვარ წმინდა? მატლი ვარ მიწისო.
როცა სტუმარი წავიდა, რა თქმა უნდა, ბერმა მისი ცოლის გამოჯანმრთელებისთვის ილოცა, რადგან იგი ყოველთვის ევედრებოდა ხოლმე ღმერთს სხვების სათხოვარს.
მართლაც, როცა მიხეილი ათენში დაბრუნდა და ცოლი გამოსაკვლევად წაიყვანა, ექიმმა სნეულებისა ვერაფერი უპოვა. როცა ეს ქალი დაფეხმძიმდა, ექიმებს ეშინოდათ, გადარჩება თუ არაო, მაგრამ მან თითქმის დაუხმარებლად, იოლად იმშობიარა. განცვიფრდა ექიმი - ეს ნამდვილი სასწაულიაო.
კვიპროსელმა მოძღვრებმა ჰკითხეს მამა პაისის ბერძნებისა და კვიპროსელი თურქების ურთიერთობაზე. თურქებმა კვიპროსის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს და იმუქრებოდნენ, ჯერ სადა ხართო. ყოველთვის ფხიზელმა და მშვიდობისმოყვარე ბერმა უპასუხა: - თურქებმა უკვე ღმერთსაც მოაბეზრეს თავი და ალიყურს იგემებენო.
ერთხელ მამა პაისის მომლოცველი მამა-შვილი ესტუმრა კუნძულ როდოსიდან, ორივე ავადმყოფი იყო. მამას მსუბუქი ფორმის ნევროზი სჭირდა (ეს საუბრიდანაც ეტყობოდა), ვაჟს კი მძიმე ფორმისა (შიზოფრენია). მამას სურდა, ბერისთვის ეთხოვა, მისი შვილისთვის ღმერთს შევედრებოდა - თურმე ყმაწვილი უდანაშაულოდ იტანჯებოდა ამ სნეულებისგან.
ცოტა ხნის წინ ხევში კუს გადავეყარეთ, - ჰყვებოდა მამა, - ჩემი შვილი მივიდა, ხელი რომ შეეხო, მაგრამ მან თავი ბაკანში შემალა. ყმაწვილს ეგონა, უთავოდ დარჩაო და ტირილი დაიწყო, მკერდში მჯიღს იცემდა. მალე კუმ თავი გამოყო და გახოხდა. ჩემს შვილსაც გაუარა შეტევამო.
მამა პაისიმ მამა-შვილი დაამშვიდა: "უნდა გწამდეთ, რომ თქვენი შვილი განიკურნება. დაითმინეთ თქვენი ჯვარი - ის სამოთხეში შეგიყვანთო".
როცა ისინი წავიდნენ, ბერმა ჩვეულებისამებრ ილოცა მათთვის.