ათენიდან ოცი წუთის სავალზე, ხიმეტუსის მთის ძირში, დგას წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი.
1925 წელს საბერძნეთის ეკლესია ახალ სტილზე გადავიდა და უმეტესი ტაძრებისა, რომელთაც უარი თქვეს ახალ კალენდარზე, დახურეს და სამღვდელოება განდევნეს. წმინდა იოანეს ეკლესიაში კი ძველი სტილით მსახურებდნენ და მთავრობაც ამას ვერ ამჩნევდა.
იმავე 1925 წელს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, 14(27) სექტემბერს, წმინდა იოანეს ტაძარში ღამისთევის მსახურების დაწყებამდე ორი საათით ადრე ორი ათას კაცამდე შეიკრიბა. ხელისფლებამ პოლიცია გაგზავნა ღვთისმსახურების ასაკრძალავად. მაგრამ ამდენი ხალხის დანახვაზე უკან დაიხიეს. ღამის თორმეტის ნახევარზე ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცაზე ნათლის ჯვარი გამოჩნდა, რომელიც ანათებდა არა მარტო ტაძარს და მორწმუნეებს, ბრწყინვალებით გარშემო ვარსკვლავებიც კი დაჩრდილა. ნახევარი საათის მანძილზე ანათებდა ჯვარი. თორმეტ საათზე კი ნელ-ნელა აღიმართა, ისევე როგორც ჯვართამაღლებისას აღამაღლებს ხოლმე მღვდელი. ჯვარი არ იყო რაიმე ბუნებრივი მოვლენა, მას ბიზანტიური ფორმა ჰქონდა და ათენის ყველა უბნიდან ხედავდნენ.
* წმინდა თეოდორეს მონასტერში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, თუმც მართლმადიდებელი იყო, მაგრამ არასწორად მსჯელობდა სარწმუნოებაზე. თუ სადმე გალობას გაიგებდა, შევიდოდა და ლოცვას ესწრებოდა. ერთ ღამეს მონაზონს ანგელოზი გამოეცხადა: "მითხარი, მამაო, როგორ გინდა დაგმარხონ სიკვდილის მერე: ეგვიპტურად, სომხურად თუ იერუსალიმურად?" არ ვიციო, - უპასუხა ბერმა. "კარგად მოიფიქრე, - ბრძანა ანგელოზმა, - სამი დღის შემდეგ მოვალ და პასუხი მითხარიო". მონაზონი სხვა განმსჯელ მამასთან წავიდა და ანგელოზის ნათქვამი უთხრა. ბერმა ჰკითხა: - სხვა რწენის ხალხთა ტაძარში ხომ არ დადიხარო. საიდანაც გალობა შემომესმება, იქ შევდივარ და ვუსმენო. "ვაი შენ, ძმაო! თუ შენ მართალი სარწმუნოება გაქვს, მაგრამ იმ ერეტიკოსებთან დადიხარ, რომლებიც უარყვეს ეკლესიის მამებმა, მაშინ უცხო ხარ წმინდა სამოციქულო ეკლესიისგან. ამიტომაც, როცა უფლის ანგელოზი გამოგეცხადება, უთხარი: - მართლმადიდებლურად ანუ იერუსალიმურად მინდა დაკრძალვაო. "რა მოიფიქრეო?" - ჰკითხა ანგელოზმა. "იერუსალიმურად მსურს დავიმარხოო". "კარგად მოგიფიქრებია, ვინაიდან ახლა იხსნი სულს საუკუნო სატანჯველისაგან", - უთხრა ანგელოზმა და ბერის სული ზეცაში წაიყვანა.
* არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) ბრძანებს: "თუ გინდათ, რომ ვიყოთ ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანები, უნდა გვქონდეს ცოცხალი და მუდმივი ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მის ლოცვებთან, მოძღვრებასთან, საიდუმლოებებთან, უნდა ვიცოდეთ ჩვენი რწმენა, შევისწავლოთ იგი, ჩავწვდეთ მას და ვიცხოვროთ მისი სულით, ვიხელმძღვანელოთ მისი კანონებით, მცნებებით და ტიპიკონით. და რაც მთავარია, აუცილებელია ღრმა სინანულით მუდმივად აღვადგინოთ საკუთარ თავში ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანის ხატი, ყოველ დროში მცხოვრები წმინდა ღვთის კაცთა მაგალითების მიხედვით".
* 1988 წელს მთელი საბერძნეთი ააღელვა სკორსეზეს ფილმმა "ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება". ელადის ეკლესიამ გადაწყვიტა, ორდღიანი საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა და ათონის მთასაც მოუწოდა. ბევრი უარობდა - ეს ფილმის რეკლამა იქნებაო.
მამა პაისი ათონელის აზრი სრულიად საპირისპირო გახლდათ: "ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლის ოქროს კარებთან ათმა ქრისტიანმა მტკიცედ დაიცვა ქრისტეს ხატი და მისი გულისთვის ეწამნენ კიდეც. ახლა, როცა ილანძღება სახე ქრისტესი - გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ. ჩვენ, ასეთ "გონიერ" და "განმსჯელ" ადამიანებს, იმ ეპოქაში რომ გვეცხოვრა, იმ ათ ქრისტიანს ალბათ ვეტყოდით: "ასე მოქცევა არასულიერი საქციელია. ყურადღებას ნუ მიაქცვთ იმ კაცს, ხატის ამოსაგდებად კიბეზე რომ მიცოცავს. ხოლო როცა მდგომარეობა შეიცვლება, მაგ ადგილას სხვა, უფრო ბიზანტიურ ხატს დავკიდებთ". სწორედ ესაა საშინელება! ჩვენს დაცემას, ჩვენს ლაჩრობას, კარგად და მყუდროდ ცხოვრების ჩვენეულ სურვილს რაღაც ამაღლებულად ვაცხადებთ".
მამა პაისის მაგალითმა გაამხნევა ათონელი ბერები. ასამდე მამა შეუერთდა სალონიკში ქრისტიანთა აქციებს, პროტესტმა შედეგი მოიტანა - საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა ამ ფილმის ჩვენება.
* რასაც ენით ვაღიარებთ, საქმით უნდა აღვასრულოთ. მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძე თავის "ეთნოგრაფიულ წერილებში" გვიყვება ყაბარდოში მოგზაურობზე 1889 წელს. ყაბარდოში ბაქსანის მთავარი ყოფილა ადინგერ ურუსბეი. 1860 წელს მას ცოლად შეურთავს ულამაზესი სალდათხან დადეშქელიანი. "იმ პირობით გამოგყვები, თუ ქრისტეს რჯულზე მოინათლებიო", - უთქვამს ქალს ურუსბეისთვის. გაუჭირდა ადინგერს, მაგრამ სიყვარულმა რჯულს აჯობა. ოთხი შვილი შეეძინათ, ერთი ვაჟი და სამი ქალი. შვილებიც მონათლული ჰყავდა. მათი ოჯახი ერთადერთი იყო ორი ათას მაჰმადიან მცხოვრებს შორის. მათ ქრისტიანულ ოჯახს ზიზღით უყურებდნენ როგორც გარეშენი, ისე შინაურები, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავადის ქალი მტკიცედ იდგა ქრისტეს რჯულზე. ყოველწლიურად ჩამოდიოდა სვანეთში, რომ მას და მის შვილებს ქრისტეს სისხლი და ხორცი მიეღოთ. როგორც ნამდვილი ქრისტიანი, ყველა საეკლესიო მარხვასა და წესებს ინახავდა. ბევრს ცდილობდა, არაფერს ზოგავდა, რომ მაჰმადიანთაგან ვინმე მაინც ქრისტეს რჯულზე მოექცია. მაგრამ ამაოდ.
* წმინდა ღირსმოწამე კოზმა ეთოლიელი მოგვიწოდებს: "მე ბევრი რამ წავიკითხე უწმინდურ და უღმერთო ერეტიკოსებზე. გამოვიკვლიე სიბრძნის სიღრმეები. სიცრუეა სხვა სარწმუნოება და მე ჩავწვდი ჭეშმარიტებას: მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოებაა წმინდა და ნათელი და უნდა ვირწმუნოთ და მოვინათლოთ ყოვლადწმინდა სამების სახელით... აი, რა არის მთავარი, რისი თქმაც მინდა თქვენთვის: "გიხაროდეთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ და იტირეთ ის საცოდავი ერეტიკოსები, ბნელში რომ დადიან".
* არქიმანდრიტი ქერუბინი ერთხელ ნავსადგურიდან კალივაში ბრუნდებოდა. ჩხუბის ხმა შემოესმა. "კარგი არაფერი მოხდებაო", - გაიფიქრა და წყლის რეზერვუარისკენ წავიდა, სადაც ბერი პ-ე ერისკაც მენავეს ეჩხუბებოდა. მენავემ შეაგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი. მონაზონმა მოჰკიდა ხელი მენავეს და ძლიერი დარტყმით რეზერვუარში ჩააგდო, თან მიაძახა: "შე არამზადავ, მე ღვთისმშობლის სიყვარულისთვის უარვყავი მშობლები, სოფელი და საკუთარი თავიც. შენ აქ, მის სამეფოში, მის ლანძღვას ბედავ?" ქერუბინმა მიირბინა, კიდევ რომ არაფერი მომხდარიყო და მენავე წყლიდან ამოათრია. საღამოთი კი თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს, მოუყვა ყველაფერს და ჰკითხა, იყო თუ არა მამა პ-ეს საქციელი ღვთისთვის სათნო. მამა გრიგოლმა ბრძანა: "წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ თუ ვინმე აგინებს ღვთის სახელს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ იგი. ის ხელით შეხების უფლებასაც კი გვაძლევს: "გააწანი სილა, შეუმუსრე ბაგე, განიწმინდე (ამ გარტყმით, - კ.კ.) ხელი შენი". წმინდა მამები ამბობენ, რომ მორჩილი მოვალეა, შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც მის მოძღვარს ცილს სწამებს. მით უფრო უნდა დავიცვათ უფლისა და ღვთისმშობლის სახელები, როცა ზოგიერთნი, რომელთაც ღვთის შიში არ აქვთ, ლანძღავენ მათ".
* წმინდა არსენ კაპადოკიელი, როგორც კეთილ მწყემსს შეჰფერის, ფხიზლად დარაჯობდა ღვთისგან ჩაბარებულ სამწყსოს, ცხვრის ქურქში გახვეული მგელი რომ არ მიჰპარვოდა. ფარასში, კაბადოკიაში მდებარე სოფელში, პროტესტანტი მასწავლებელი გაგზავნეს. მან სოფელში მისვლისთანავე იკითხა სახლი პროტესტანტი კუფსისისა, რომელსაც დიდძალ ფულს უხდიდნენ მართლმადიდებელთა ცდუნებისთვის. დაიწყო ბარგის გადმოტვირთვა. ეს რომ მამა არსენმა შეიტყო, საჩქაროდ მივიდა მის სანახავად და უთხრა "სტუმარს", - "აკრიფე ეგ შენი ნივთები და აქედან გაემგზავრე, რადგან ფარასში არ გვჭირდება კიდევ ერთი პროტესტანტი. კუფსისი და ერთი თურქი სრულიად საკმარისია ჩვენთვისო". მერე ხალხს მიუბრუნდა: "ყველამ, ვინც კუფსისს მიესალმება, უნდა იცოდეს, რომ როცა მის სხეულს საფლავიდან ამოთხრიან, გაუხრწნელი (ანუ ცოდვებმიუტევებული, - კ.კ.) იქნებაო. ეს ერთადერთი საშუალება იყო კუფსისის იზოლაციისა. ბოლოს სექტანტი იძულებული გახდა, წმინდა არსენისთვის შენდობა ეთხოვა და მართლმადიდებლობას დაბრუნებოდა. "პროტესტანტებმა უფრო მეტი ზიანი მიაყენეს აღმოსავლეთის მართლმადიდებლებს, ვიდრე თურქებმა, რადგან ეს უკანასკნელნი მაჰმადს აღიარებდნენ და ქრისტიანები გაურბოდნენ მათ. პროტესტანტები სახარებით ხელში დადიოდნენ და უბრალო სულებს ითრევდნენ", - ბრძანებს დანანებით მამა პაისი ათონელი.
* წმინდა ნიკოლოზ სერბს მოუყვა ბაჩკელმა ხელოსანმა: "მეშაბათეებთან გადავედი და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებას აღარც ვფიქრობდი. მხოლოდ მხურვალედ ვევედრებოდი ცხონებისთვის. მოწყალე ღმერთმა ერთხელ ძილში მიჩვენა, თუ სად არის ჭეშმარიტება. დამესიზმრა, - ბაღში ვარ. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სამაგიეროდ, უამრავი ქვაბი იდგა. უეცრად მარცხენა განაპირა ქვაბთან მამაჩემი გამოჩნდა, თეთრწვერა, ოქროსფერი სამოსით მოსილ მღვდელმთავართან ერთად. იგი წყლის კურთხევას შეუდგა. მივიდა მარცხენა მხარეს, ჩაყო ჯვარი ქვაბში და ცარიელი აღმოჩნდა, წყალი არც მეორე და მესამე ქვაბებში ესხა, მეოთხეში მხოლოდ ფსკერზე იყო, სხვა ქვაბებში უფრო მეტი წყალი ესხა. როცა მეუფემ მარჯვნივ, განაპირა ქვაბს გადასახა ჯვარი, წყალმა აიწია. ჯვრის ყოველი ჩაშვებისას ამ ზევით ამოსული წყლიდან კაკლისხელა, მზესავით მბრწყინავი ნაპერწკლები ცვიოდა. გაოცებული ვუცქერდი, შემდეგ მღვდელმთავარმა ჯვარი სამთხვევად გამოსწია. გამოჩნდა ხალხი და ჯვარს სამთხვევად მიუახლოვდა, მეუფე კი მათ წყალს ასხურებდა. წყლის წვეთები ნაპერწკლებივით ესხურებოდათ თავზე. როცა ჩემი რიგიც მოვიდა, მღვდელმთავარმა მკაცრად მითხრა: "შენ რა საერთო გაქვს ამ ქვაბთან, შენი ქვაბი მარცხნივ დგას, ცარიელთა შორის. ადრე ხალხს ეკუთვნოდი, ახლა კი ეკლესიიდან განვარდნილებს შეუერთდი. წადი აქედან!". შიშისაგან აკანკალებულმა მამაჩემს შევხედე. მას თავი ჩაეღუნა და შემოხედვაც არ უნდოდა. მოვბრუნდი და ხალხისკენ გავემართე, მაგრამ ისინიც, როგორც კეთროვანს, ისე მომერიდნენ. ავტირდი და გამომეღვიძა... ჭკუის სასწავლებელი გახლდათ ეს სიზმარი. მღვდელმთავარი, მამაჩემთან ერთად რომ გამომეცხადა, წმინდა ნიკოლოზი იყო, ჩვენი გვარის ზეციური მფარველი. როცა მართლმადიდებლობას ჩამოვშორდი, მისი დიდება შევწყვიტე. მივხვდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. დავუბრუნდი მამათა რწმენას, აღსარება ვთქვი და ვეზიარე. მას მერე წინანდელზე მტკიცედ მიპყრია მართლმადიდებლობა".
* წმინდა ნიკოლოზ სერბს მოუყვა ბაჩკელმა დედაკაცმა: იგი ქრისტიანული საზოგადოების შეკრებებზე დადიოდა და მტკიცედ ეპყრა მართლმადიდებელი სარწმუნოება. მაგრამ ერთხელაც მას ერთმა მეშაბათემ დაუწყო მტკიცება, - ჩვენი რწმენა ყველაზე სწორია ამ ქვეყანაზეო და ქალი თავიანთ კრებებზე მიიპატიჟა. რწმენაშერყეული ქალი დაჰპირდა მისვლას. პარასკევ საღამოს, ძილის წინ, მაცხოვრის ხატის წინ ილოცა: - უფალო, შენ მოგენდობი. დამაყენე ცხოვრების გზაზეო. ღამით უჩვეულო სიზმარი ნახა: თუ როგორ ევნებოდნენ ქრისტეს მოწამეები რწმენისთვის - ზოგს მახვილით ჭრიდნენ, სხვებს ცეცხლში წვავდნენ, მესამეთ მხეცებს უგდებდნენ დასაფლეთად, მეოთხეთ კი ჯვარზე აკრავდნენ... უეცრად ხედავს, რომ ვიღაცის მოკვეთილი თავი მისკენ მოგორავს. ალბათ წმინდა იოანე ნათლისმცემლისააო, - გაიფიქრა. თავმა კი უთხრა: "ხედავ, მათ როგორ დაითმინეს ჭეშმარიტი რწმენისათვის, შენ ახლა მათ რწმენას დაუტევებ და სხვას ეძებ!" ქალს შეშინებულს გამოეღვიძა. მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ადრინდელზე მეტად განმტკიცდა და სექტანტთა შეკრებაზეც აღარ წასულა.
* ერთხელ ანტიოქიის პატრიარქმა წმინდა ეფრემმა შეიტყო, რომ იერაპოლის მხარეში ერთი მესვეტე ერესში ჩავარდა. მას თავისი მოღვაწეობის გამო დიდ პატივს სცემდნენ და ბევრის ცთუნება შეეძლო. ამიტომაც მესვეტესთან გაემგზავრა, მართლმადიდებლობაზე რომ დაებრუნებინა. მესვეტემ პატრიარქის სიმტკიცე რომ დაინახა, მისი შეშინება გადაწყვიტა. ეფრემს შესთავაზა, კოცონი ავანთოთ, მასში გავიაროთ და ვინც უვნებელი დარჩება, მისი რწმენა იქნება სწორიო. პატრიარქის ბრძანებით, ვეებერთელა კოცონი გააჩაღეს, მაგრამ მესვეტე მასში წმინდა ეფრემთან ერთად შესვლაზე არ თანხმდებოდა. მაშინ პატრიარქმა მოიხსნა ომოფორი და შეაგდო კოცონში. სამი საათი ენთო ცეცხლი, შეშა ჩაიფერფლა, მაგრამ ომოფორი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის შემდეგ მესვეტემ საჯაროდ აღიარა ცდომილება, მოინანია და შეუერთდა ქრისტეს სამწყსოს.
* მამა პაისი დიდად წუხდა, რომ თანამედროვე განმაახლებლებმა შეუტიეს ბერძნულ ეკლესიას და მის დასაყრდენს, მართლმადიდებლურ ოჯახს. მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანთა გულგრილობა აღაშფოთებდა. ერთხელ ჰკითხეს:
- მამაო, ყოველთვის უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა?
- აუცილებელია განსჯა, - უპასუხა ბერმა, - არის შემთხვევა, როცა არ უნდა თქვა ხმამაღლა, ხოლო არის შემთხვევაც, როცა ჩვენ კადნიერად უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა, ვინაიდან თუ დავდუმდებით, პასუხი მოგვეთხოვება. ამ მძიმე წლებში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ის, რაც ადამიანურად შესაძლებელია, ხოლო რაც არ არის შესაძლებელი, მივანდოთ ღვთის ნებას. მაშინ სინდისი დაგვიმშვიდდება, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. თუ წინ არ აღვუდგებით, საფლავიდან წინაპრები წამოდგებიან, მათ რამდენი იტანჯეს სამშობლოსთვის, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? მართლმადიდებელ ელადას, მის გარდამოცემას, მის წმინდანებსა და გმირებს თვითონ ბერძნები ებრძვიან, ჩვენ კი ვდუმვართ. ეს საშინელებაა!
* საბერძნეთის მეფე ანასტასიმ, რომელიც ევტიქიანელთა ერესით იყო დასნეულებული, სცადა, მოედრიკა მართლმადიდებელი სამღვდელოება - ზოგი მუქარით და ციხით, ზოგიც ალერსითა და ძღვნით. მან ძღვენი გაუგზავნა თეოდოსი დიდსაც - 33 ლიტრა ოქრო, - თითქოსდა გლახაკთა დასაპურებლად და შესამოსად. სინამდვილეში ღირსი მამის თანხმობის ყიდვა სურდა, მას ხომ ბერძნები და რომაელები, როგორც მოციქულს, ისე უცქერდნენ. წმინდანი მიხვდა მის მზაკვრობას, მაგრამ არ უნდოდა მრისხანების საბაბი მიეცა მეფისთვის და ძღვენი მიიღო.
ანასტასიმ თეოდოსი თანამზრახველად ჩათვალა, მაგრამ მოტყუვდა. ერთხელ საგანგებო ელჩები გაგზავნა თეოდოსის რწმენის გასარკვევად. წმინდა მამამ მეუდაბნოე მონაზვნები შეკრიბა და მეფის გასაგონად განაცხადა: "როგორც სამშობლოსთვის, ისე მართალი სარწმუნოებისთვის უტკბესია საკუთარი სულის დადება! ტკბილია, თუნდაც ჩვენი წმინდა სავანეები ცეცხლით მომწვარი ვიხილოთ".
* ღირსი ისააკ დალმატელი, წმინდა ილია წინასწარმეტყველის მსგავსად, თითქმის არ ეჩვენებოდა ამ სოფელს. მაგრამ ერთხელაც ის ღმერთმა თავისი ეკლესიის დასაცავად გამოგზავნა, დევნა კი არიანელ იმპერატორ ვალენტის მიერ იყო აღძრული. წმინდა ისააკი მივიდა კონსტანტინოპოლში. ამ დროს ბერძენ-რომაელები გუთებს ებრძოდნენ. მათ ადრიანოპოლს ალყა შემოარტყეს და დედაქალაქს ემუქრებოდნენ. ერთხელ, როცა ვალენტი ჯართან ერთად შეტევაზე გადავიდა, წმინდა ისააკი წინ გადაუდგა იმპერატორს: "მეფეო! შეწყვიტე მართლმადიდებელთა დევნა, გაუღე მათ ეკლესიები - და უფალიც წარგიმართავს გზასო". ვალენტიმ არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი და გზა გააგრძელა. მეორე დღეს უკვე სხვა ადგილას დახვდა იმპერატორს და იგივე გაუმეორა. ვალენტი შეყოყმანდა, მაგრამ არიოზელმა მხლებლებმა გადააფიქრებინეს ეკლესიების გახსნა და მანაც წმინდა ისააკი აცემინა. მესამე დღეს წმინდა ისააკმა იმპერატორს ცხენის აღვირზე უტაცა ხელი და კვლავ შეევედრა. განრისხებული იმპერატორის ბრძანებით, წმინდა ისააკი ჭაობში ჩააგდეს. მაგრამ ღვთის ხელმა ამოიყვანა ამ ტალახიდან, ხოლო როცა იგი მეოთხედ იხილა ვალენტიმ, შეძრწუნებული დადუმდა. წმინდა ისააკმა უთხრა: "მეფეო, შენ გინდოდა ჭაობში ჩაგეხრჩვე, მაგრამ უფალმა დამიფარა! ისმინე ჩემი და შეწყვიტე მართლმადიდებელთა დევნა, მაშინ ძლევ მტერს და შინ დიდებით დაბრუნდები. თუ არ დამიჯერებ, თვითონაც დაიღუპები და ჯარსაც დაღუპავ. მეფეო! საკუთარი სიკვდილი თუ არ გაღელვებს, შეიწყალე სამშობლო: ის შენი ცოდვების გამო იღუპება". იმპერატორმა წმინდა ისააკი მკაცრი დაცვის თანხლებით გაისტუმრა კონსტანტინოპოლში, თვითონ კი საომრად გასწია. დამარცხდა, ჯარიც დაიღუპა და უკან გამოქცეული თავის საშველად ერთ სახლში დაიმალა. გუთებმა ცოცხლად დაწვეს.
* წმინდა ნიკოლოზ სერბის მღვდელმსახურებისას სერბეთში გამრავლდა მართლმადიდებელი საძმოები. აი, რა ურჩია მათ წმინდა ნიკოლოზმა: "თუ გინდა გამოასწორო სოფელი, შენი ხალხი, შენი ქვეყანა და მთელი სამყარო, ჯერ საკუთარი თავი გამოასწორე. აი, მთავარი პრინციპი მართლმადიდებელი სახალხო მოძრაობისა".
* "მართლმადიდებლობა - მშვიდობისა და ერთიანობის რელიგია, ესე იგი წმინდანთა რელიგიაა", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზი.
* მდინარე იორდანეს ახლოს, კალამონის მონასტერში ცხოვრობდა წმინდა ბერი კვირიაკოზი. მასთან ერთხელ ერთი ძმა მივიდა და სიძვის გულისთქმებთან ბრძოლაზე ჰკითხა. ფრიად სასარგებლო იყო ბერის დარიგებები, მადლობა გადაუხადა და უთხრა: "ჭეშმარიტს იტყვი, მამაო, სჯულით ნესტორიანელი რომ არ ვიყო, არ განგეშორებოდიო". შეწუხდა ღირსი მამა: "განეშორე, შვილო, მაგ ბოროტ მწვალებლობას, მიიღე მართლმადიდებელი სარწმუნოება და შეუერთდი კათოლიკე (ანუ საყოველთაო) ეკლესიას". ძმამ მიუგო: "მამაო, ყველა მწვალებელი ამას ამბობს, - თუ ჩვენ არ შეგვიერთები, ვერ ცხონდებიო. არ ვიცი მე გლახაკმა, რომელს შევუდგე. ევედრე, მამაო, უფალს ჩემთვის, რომ დამარწმუნოს მართლმადიდებელ სარწმუნოებაშიო". ბერმა, - დარჩი ჩემს მღვიმეში და ღმერთს შევთხოვ, ჭეშმარიტება განახოსო. ძმა მღვიმეში დატოვა, თვითონ კი მკვდარი ზღვის პირას გავიდა და ღმერთს ძმისთვის ვედრება დაუწყო.
მეორე დღეს, მეექვსე ჟამს ამ კაცმა საშინელი სანახავი იხილა. მოვიდა ერთი დიდებული კაცი და უთხრა: - წამოდი, უნდა გაჩვენო, რა არის სინამდვილეო. წაიყვანა და სიმყრალით სავსე უფსკრული ანახა, სადაც საშინელი ცეცხლი გუზგუზებდა და შიგ ნესტორი, არიოზი, ევტიქი, ევაგრე, საბელიოსი და ყველა მათი მოყვასი მწვალებელი იწვოდნენ. "თუ შენც აქ გინდა მოხვედრა, მაშინ ნესტორიანელად დარჩი, თუ არადა, მიდი კათოლიკე ეკლესიაში და ის სარწმუნოება აღიარე, რომელსაც ეგ ბერი გასწავლისო". სიხარულით შეიწყნარა ბერმა ღვთისგან განსწავლული ძმა, დაიტოვა თავისთან და სიკვდილამდე ორმოცი წელი ერთად იღვაწეს.
* როცა ღირსმოწამე თეოდორეს და მის ძმას, ღირს თეოფანეს წმინდა ხატთა თაყვანისცემისთვის, სხვადასხვანაირი სატანჯველის მერე, ახალი, ჯერ გაუგონარი სასჯელი მიუსაჯეს - ჯალათებს ებრძანათ, მათ წმინდა სახეებზე ცხელი ნემსებით ამოეშანთათ საგინებელნი. ბრძანების აღმასრულებელმა მოხელემ უთხრა წმინდა აღმსარებლებს, - მხოლოდ ერთხელ ეზიარეთ ჩვენთან (ანუ ერეტიკულ ეკლესიაში) და სადაც გინდათ, იქ გაგიშვებთო. ნეტარ თეოდორეს გაეცინა: "ეს იმას ჰგავს, ვინმემ რომ მითხრას, - მოდი, ერთხელ მოგკვეთ თავს და მერე სადაც გინდა, წადიო. დიდ სიკეთეს გვპირდები! იცოდე, ჩვენი მოცილება მართალი სარწმუნოებიდან იმდენად ძნელი და შეუძლებელი იქნება, როგორც ცისა და მიწის დაშორებაო". ამის მერე ღირსი მამები მშვიდად წავიდნენ ტანჯვის დასათმენად.
* დაბოლოს, მომავალი თაობისადმი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი გავიხსენოთ: "აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი