თავი V. ორი უბრალო მამა
ოცი წლის წინ (ე.ი. დაახლოებით 1975 წელს, - კ.კ.) დიდ ლავრაში უფლისა მიმართ მიიცვალა უბრალო ბერი ნეოფიტე.
ეს უბოროტო მამა ახალგაზრდობაში უდაბნოში, წმინდა ანას მცირე სკიტში მოღვაწეობდა. როცა მონაზვნად აღკვეცა ასევე უბრალო ზნის მამამ, ათონის უდაბნოში მღვიმიდან მღვიმეში იწყო ხეტიალი (ეტყობა, მოძღვრის სიკვდილის შემდეგ), სადაც მყუდროებითა და ლოცვით ტკბებოდა. ერთხელ დიდლავრელმა ბერდიაკონმა ჰკითხა, - მღვიმეებში გველებისა არ გეშინოდაო? მამა ნეოფიტემ უპასუხა: - ისინი, ჩემი დალოცვილი გველები, ხომ იქ თავიანთ ხვრელებში წვანანო.
კიდევ ერთი უბრალო მამა იყო უნეტარესი მამა ტიმოთე. რამდენიმე წელი ივერიის მონასტრის მეკარე იყო. იგი წარმოშობით მცირე აზიის ქალაქ პრუსიდან გახლდათ. სიცოცხლის ბოლო წლები მოღვაწეობდა ივერონსა და რუსულ კელია მურეზერს შორის მდებარე ერთ საცოდავ კელიაში, სადაც ადრე რუსი მონაზვნები ცხოვრობდნენ. საუბრობდა და შეკითხვებს პასუხობდა, როგორც პატარა ბავშვი. მართლაც საკვირველი სანახაობა გადაეშლებოდა თვალწინ ღირსი მამის სტუმარს: მდაბალი მამა იჯდა თავის ნახევრად დანგრეული კელიის კუთხეში, ცეცხლთან, ლოცვაში ჩაღრმავებული, მთლიანად მოწყვეტილი მიწიერ საზრუნავს და ხორციელი სიკვდილის მომლოდინე.
თავი VI. ამბები მონაზვნობის აღთქმის დარღვევისა
ჩვილის ნათქვამი. ქალკედონის ქალაქ სიკიიდან ათონის მთაზე ერთი ღვთისმოყვარე კაცი მოვიდა და მონაზონი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ ეშმაკმა ბრძოლა დაუწყო, აიძულებდა, ერში დაბრუნებულიყო. ბოლოს, მტერმა სძლია. მონაზონმა გაიხადა წმინდა ანაფორა, მალე დაქორწინდა და ბავშვიც შეეძინა.
ერთხელ ანაფორა და სქემა დაახვია, შეფუთა და ღუმელში დასაწვავად წაიღო. ჩაუარა ოთახის კუთხეში აკვანში მწოლ სამი თვის შვილს. უეცრად ჩვილმა საშინელი სიტყვები უთხრა: "ანაფორაც რომ დაწვა, ისე განიკითხები, როგორც ბერიო".
შეშინებულმა ნაბერალმა ყველაფერი ცოლს უამბო. მან უთხრა: "თუ მონაზონი იყავი, არ ვიცოდი. რახან ასეა, მშვიდობით. წარვედ იქ, სადაც შენი ადგილიაო". კაცი დაემშვიდობა შინაურებს, ჩაიცვა ანაფორა და მთაწმინდისკენ გაემართა. დასახლდა ყარაყალის მონასტრის ახლოს, ერთ-ერთ კელიაში, სადაც აღსასრულამდე დაყო.
ნიშანი. ერთხელ დიდი ლავრის სასტუმრო ოთახში ერთ მონაზონს შევხვდი, რომელიც ადრე დიონისეს მონასტერში ცხოვრობდა. მან მიამბო, ოდესღაც სოფლის მზაკვრობით მოტყუებული ერში დავბრუნდი და ქალაქ ლამბიაში დავცოლშვილდიო.
ამ უკანონო ქორწინებიდან ცოლ-ქმარს ქალიშვილი შეეძინა. ერთხელ, როცა გოგონა ცხრა წლის გახდა, მამამ შვილი მუხლებზე დაისვა და ეალერსებოდა. უცებ ბავშვი დაიხარა მისკენ და უთხრა, - მამა, მკერდზე ჯვარი გაქვსო. მაშინ მამა მიხვდა, რომ შესაძლოა პატარამ იხილა ჯვარი მისი ანგელოზებრივი ხატისა (ანუ მონაზვნობისა). დატოვა სოფელი, ოჯახი ღვთის მოწყალებას ჩააბარა და დაბრუნდა მთაწმინდაზე.
არსებობს სხვა შემთხვევებიც, საიდანაც ჩანს, თუ როგორ მოუწოდებს ღმერთი სხვადასხვა ნიშნით მონაზვნობის დამტევებელს.
ერთმა მთაწმინდელმა მონაზონმა, რომელიც გულგრილად მოეპყრო სულიერ მოვალეობებს და გაიტაცა სოფლისმოყვარეობის ეშმაკმა, დაუტევა მონაზვნური ცხოვრება და დაქორწინდა. მაგრამ ღმერთმა კვლავ მოუხმო. ერთხელ შვილმა უთხრა: - მამიკო, მკერდზე წითელი ჯვარი და რაღაც ასოები გაწერიაო. ბავშვს არასოდეს ენახა მონაზვნის სქემა (ბერძნულ სქემაზე წარწერაც და გამოსახულებაც იხატება წითლად, ნიშნად მაცხოვრის დაღვრილი სისხლისა). ამის მერე მამამ ოჯახი ღვთის განგებულებას მიანდო და დაუბრუნდა მონაზვნურ ცხოვრებას. რამდენიმე წელი მთაწმინდის ერთ-ერთ მონასტერში სინანულში გაატარა და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
მონაზონს, რომელმაც მოისროლა მონაზვნის სქემა და დაქორწინდა, რამდენიმე წლის მერე შვილმა უთხრა, ზურგზე ჯვარი გახატიაო. მამა მიხვდა, რომ შვილმა სქემა იხილა. თუმცა ვერ შევძელი გამერკვია, დაუბრუნდა ის მონაზვნობას თუ ერში გარდაიცვალა.
მონასტრიდან წასულის ცრემლები. ერთხელ ყუთლუმუშის მონასტრიდან კარიესისკენ მიმავალი გზაში შევხვდი თეთრწვერა მოხუც ერისკაცს. მივესალმეთ ერთმანეთს. გზის პირას ჩამოვსხედით დასასვენებლად. ბერიკაცმა სადაურობა მკითხა. მორჩილი ვარ-მეთქი. მან მითხრა, მხატვარი ვარ და ამ ხელობით ვირჩენ თავსო. ეტყობოდა, სულის სიმშვიდეს ეძებდა და ამიტომ მოვიდა მთაწმინდაზე.
მითხრა: ახალგაზრდობაში მონაზონი ვიყავი წმინდა სკიტში. იქ ვისწავლე ხატვაო. საფულიდან ამოიღო ძველი ფოტოსურათი და გამომიწოდა. დავათვალიერე. ანაფორამოსილი ახალგაზრდა მონაზონი წმინდა ანას თვალწარმტაც სკიტში, წმინდა გიორგის ეკლესიის ფონზე დგას. სანამ ფოტოსურათს ვათვალიერებდი, ბერიკაცი ატირდა. ამ წუთიერმა მოგონებამ წარსული მონაზვნური ცხვრებისა მას გული შეუმუსრა.
მოუნანიებელი. ვინმე მთაწმინდელ მონაზონს სძლია სოფლის სიყვარულმა, ვეღარ დაითმინა მოსაგრეობის ღვაწლი, ათონიდან სოფელში წავიდა, მიეცა ერისკაცულ ცხოვრებას და დაცოლშვილდა.
ერთ ზაფხულს, შვებულების პერიოდში, ოჯახით ქალქედონის ნახევარკუნძულზე გაემგზავრა. გადაწყვიტა, მთაწმინდაზე ასულიყო როგორც ერისკაცი. მაგრამ გზაზე ავარია მოუხდა და დაიღუპა. ღვთისმშობელმა არ შეუშვა თავის ბაღში, რამეთუ მან არ შეინანა თავისი საქციელი (მას სხვა, ქვენა ზრახვებიც ჰქონდა). ეს კი იგივე ფიცის დარღვევაა.
თავი VII. ამბები სათნოებებით შემკული ათონელი მამებისა
მეუდაბნოე მამა დანიელი. ღირსი პეტრე ათონელის კელიაში, ჩვენი საუკუნის (XX ს. - კ.კ.) დასაწყისში დაყუდებული იყო მეუდაბნოე მამა დანიელი. მამა ისიდორეს თქმით, რომელიც ამ კელიაში ახლა მოღვაწეობს, ერთხელ ეს წმინდა მეუდაბნოე მღვდელმონაზონი თავისი კელიის ტაძარში წმინდა ლიტურიგიის ჩასატარებლად ემზადებოდა. ეს პატარა ეკვდერი ღირსი პეტრე ათონელის სახელზე არის ნაკურთხი. მღვდელმა, საღმრთო კანონების მიხედვით, წირვა მარტომ არ უნდა ჩაატაროს - საჭიროა ერთი მგალობელი მაინც, ამიტომ ქვემოთ მოღვაწე მეზობელს სთხოვა, მეორე დღეს ლიტურგიაზე მოსულიყო.
მეორე დღეს მამა დანიელი ჩვეულებისამებრ შეიმოსა სამღვდელმთავრო სამოსით, ცისკრის ლოცვები წაიკითხა და იწყო ლოდინი, როდის ამოვიდოდა მონაზონი. დიდხანს უცადა, აღელდა, დაიწყო ფიქრი, რა გაეკეთებინა. მეზობელი მონაზონი კი ავად გამხდარიყო...
უეცრად ეკლესიაში სამი უცნობი მონაზონი მოვიდა. მიესალმა მათ ბერი და გალობა შესთავაზა. ერთი მარცხენა კლიროსზე გალობდა, მეორე - მარჯვენაზე, მესამე კი მნათეობდა.
წირვის დასასრულს ჰკითხა, სადაურები ხართ, რა გქვიათო. ივერთა მონასტრიდან ვართ, ექვთიმე, იოანე და გიორგიო. მღვდელმონაზონმა მიიღო წმინდა ძღვენი და საკურთხევლიდან სტუმრებისთვის გასამასპინძლებლად გამოვიდა. ისინი უჩინო იქმნენ.
მიხვდა მამა დანიელი, რომ ისინი ივერიის მონასტრის მაშენებლები - ღირსი ექვთიმე, იოანე და გიორგი მთაწმინდელები იყვნენ.
მამა იოსებ მღვიმელი. მამა იოსები, მეტსახელად მღვიმელი (წარმოშობით კუნძულ პაროსიდან გახლდათ), იყო "მოშურნე საღმრთო საქმეში, ვითარცა ანტონი დიდი". სულიერი ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი სიყვარულის გამო არად ჩააგდო საფრთხე, განსაცდელები, შეჭირვება და განკითხვა-ჭორაობა - ზოგიერთი მას მოხიბლულად თვლიდა და ეს იმიტომ, რომ მან თავის მიზანს მიაღწია სათნოებით. მოიპოვა სათნოებათა გვირგვინი - სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
წმინდა ანას სკიტის მამები მას სასჯელს მოაწევდნენ, რათა დაემდაბლებინათ "შვილი სიმდაბლისა" და განეშორებინათ "ხიბლისგან". მან ღვთის მადლით სძლია სოფლის მაცთუნებელ სატანას. თავს არ იმართლებდა და იმ სასჯელს, რომელსაც დაადებდნენ სკიტელი მამები, უდრტვინველად მიიღებდა. არ ახსოვდა ბოროტება, პატიობდა მათ. ამგვარად აღასრულა უფლის სიტყვები, როცა თქვა: "თუ ვინმე ერთი სარბიელის გაყოლას გთხოვს, მასთან ერთად ორი სარბიელი განვლეთ" და "ყველა ტოტს, რომელსაც ნაყოფი გამოაქვს, (უფალი) განწმენდს, რომ უფრო მეტი გამოიღოსო".
ახალგაზრდობაში თავის მოძღვარს სადილს უმზადებდა, თანაც ათონი უდაბნოს კელიებში დადიოდა (რა თქმა უნდა, მოძღვრის კურთხევით) და ფუტკარივით აგროვებდა ნექტარს ღვთივსათნო მონაზონთა და მოსაგრეთაგან.
მისი მღვიმის გარშემო მისი მოწაფეები ცხოვრობდნენ. აქვე იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საყდარიც (ადრე - რუსული კელია, წმინდა ანას დიდსა და მცირე სკიტებს შორის, ციცაბო და ძნელად მისადგომ ადგილზე). მასთან ერთად ცხოვრობდნენ მამა არსენი, მისი ხორციელი ძმა, მონაზონი ათანასე და მისი მორჩილები: მამა ხარლამპე, მამა ეფრემი და მონაზონი იოსები.
ეს კურთხეული მამა მუდმივად სულიერ აღფრთოვანებასა და სულიერ ჭვრეტას გახლდათ მიცემული. მას სრულყოფილება სურდა და მოშურნეობდა ყველანაირი მოღვაწეობისადმი.
დაუჯერებლად არ უნდა ჩავთვალოთ სასწაულებრივი გამოცხადება იოანე ნათლისმცემლისა მამა იოსებისადმი. ის მშიერი გახლდათ. ნათლისმცემელმა მას პური მისცა, მანაც იგემა. ეს ამბავი კი მამა იოსების ხორციელმა ძმამ, მამა ათანასემ მოგვითხრო.
მამა იოსები წმინდა მონაზონი იყო და დიდებული მოღვაწე, ამიტომაც განადიდა უფალმა სიცოცხლეშიც და გარდაცვალების მერეც.
როცა მიწაში დამპალი თესლი ვარდება, ის წყლის დასხმისას საბოლოოდ ლპება და იკარგება. კარგი თესლი კი იზრდება და უხვ ნაყოფს გამოიღებს. სიტყვისაებრ მაცხოვრისა: "ნაყოფთა მათთაგან იცანით ისინი. არ შეუძლია თესლსა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღება და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფისა კეთილისა გამოღება". მამა იოსები რომ არ ყოფილიყო ხე კეთილი, ვერ გამოიღებდა ამდენ კეთილ ნაყოფს ანუ სულიერ შვილებს, "შვილიშვილებს და შვილთაშვილებს" - ვიდრე დღეინდელ დღემდე.
მისი მორჩილები დღეს ხელმძღვანელობენ მთაწმინდის ბევრ მონასტერს, რომლებიც ძმათა ნაკლებობის გამო თითქმის დაცარიელებული იყო, მაგრამ კვლავ აღორძინდნენ. მაგალითად, მღვდელმონაზონმა ეფრემმა თავისი მორჩილები დაასახლა ფილოთეოს, კოსტამონიტის, ქსიროპოტამისა და ყარაყალის მონასტრებში. მამა ხარლამპემ თავისი ახალი საძმო დიონისეს მონასტერში მიიყვანა. მამა იოსებ კვიპრელი, მორჩილებთან ერთად, ვათოპედის მონასტერში დასახლდა და ახლაც იქ ცხოვრობს.
ამგვარად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელიც დაპირებისამებრ ათონის მკვიდრთა გამომზრდელი, მზრუნველი და მკურნალია, მოუწოდა მამა იოსების მორჩილებს - მეუდაბნოეებს და დაყუდებულებს, რათა მის მონასტრებში დასახლებულიყვნენ ყოვლადწმინდა სამების სადიდებლად და ათონის დიასახლისის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივად ქების შესასხმელად.