სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
13 მაისი. არსებობს ჯოჯოხეთი. რომაელ კათოლიკეთა ეპისკოპოსი, სეგიური, ერთ ფრიად საინტერესო ამბავს ჰყვება:
"ეს მოხდა რუსეთში 1812 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე. პაპაჩემი, გრაფი როსტოპჩინი, მოსკოვის სამხედრო გუბერნატორი, მეგობრობდა გრაფ ორლოვთან, რომელიც რამდენადაც უღმერთო გახლდათ, იმდენად ომახიანი იყო. ერთხელ, სადილობისას, უხვად გაშლილ სუფრაზე გრაფმა ორლოვმა და მისმა მეგობარმა გენერალმა ვ-მ (რომელიც ორლოვივით ვოლტერიანელი იყო), რელიგიაზე დაიწყეს ხუმრობა. განსაკუთრებით ჯოჯოხეთის არსებობაზე იცინოდნენ. - მაშინ რა ვქნათ, თუ შემთხვევით იქით მხარეს აღმოვჩნდებით? - იკითხა ორლოვმა.
- მშვენიერია! - გამოეპასუხა გენერალი, - ჩვენ შორის ვინც პორველი წავა იმ ქვეყანაში, დაე, დაბრუნდეს და მეორეს შეატყობინოს.
- დიდებული აზრია! - წამოიძახა ორლოვმა და ორივემ ერთმანეთს პატიოსანი სიტყვა მისცა, პირობა არ დაევიწყებინა.
რამდენიმე კვირის შემდეგ რუსეთის არმია სამხედრო კამპანიაში გაემართა და გენერალმა ვ-მ მასში მაღალი თანამდებობა მიიღო.
გავიდა ორი-სამი კვირა, რაც მან მოსკოვი დატოვა. ერთხელ, უთენია, როცა პაპაჩემი ჯერ კიდევ კოხტავდებოდა, მისი ოთახის კარი შემოგლიჯა თმააწეწილმა, სახეჩატეტკილმა ხალათწამოსხმულმა გრაფმა ორლოვმა.
- ორლოვ, შენა ხარ? - წამოიძახა როსტოპჩინმა, - ამ დროს ასეთი სამოსით აქ რამ მოგიყვანა, რა მოხდა?
- მგონი, ვგიჟდები, - უპასუხა ორლოვმა, - მე სულ ახლახან ვნახე გენერალი ვ.
- უკვე დაბრუნდა?
- ეჰ, არა! - აღმოხდა ორლოვს, დივანზე დაეცა და თავზე ხელები იტაცა, - არა, ის არ დაბრუნებულა, სწორედ ესაა უბედურება!
პაპაჩემმა დაბნეულად შეხედა.
- ცოტა ხნის წინ მე და ვ-მ ერთმანეთს შევფიცეთ, ჩვენგან ვინც პირველი მოკვდებოდა, უნდა მოსულიყო და მეორისთვის მოეყოლა იმ ქვეყანაზე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მშვიდად ვიწექი საწოლში და ვ. არც მახსოვდა. უეცრად ფარდა გაიწია და ორიოდ მეტრში გულხელდაკრეფილი ფერმკრთალი ვ. დავინახე. მითხრა: - ჯოჯოხეთი არსებობს, მე იქა ვარო და გაქრა. მე მაშინვე შენთან წამოვედი, თავბრუ მეხვევა. ცუდად ვარ, ძალიან ცუდად.
პაპამ შეძლებისდაგვარად დაამშვიდა და ეტლით შინ წაიყვანა. ათი თუ თორმეტი დღის მერე არმიიდან კურიერმა გენერალ ვ-ს სიკვდილის ამბავი მოიტანა. სწორედ იმ დილით და იმ დროს, როცა ორლოვს მოსკოვში გამოეცხადა და ესაუბრა, გენერალი მოწინააღმდეგის პოზიციის დასათვალიერებლად გამოვიდა. თოფი ესროლეს. ტყვია მკერდში მოხვდა და მაშინვე მოკვდა".
26 მაისი. მკრეხელობის საზღაური. ოპტის უდაბნოში ჩამოვიდა სოფიო ალექსანდრეს ასული მანაენკოვა, რომელიც თავისი სულის სიცოცხლეს უმადლის ოპტის სიწმინდეებს და აქაურ ცოცხალ და გარდაცვლილ მამათა ლოცვას. ის წარმოშობით ორლოვის გუბერნიის დიდებულთა გვარიდან იყო. მის ოჯახს პატარა მამულის შემოსავლით თავი ძლივს გაჰქონდა. გოგონამ წარმატებით დაამთავრა ორლოვის ინსტიტუტი და კეთილი ადამიანების დახმარებით ელეცკში გოგონათა სასწავლებელი გახსნა, რომელიც ნელ-ნელა ქალთა გიმნაზიად გადაკეთდა. "ხელი ისე მომემართა, რომ წლიური შემოსავალი უზრუნველად ცხოვრების საშუალებას მაძლევდა, - იხსენებს ქალბატონი სოფიო, - დედაჩემის მამულის მეზობლად ჩემი ინსტიტუტის მეგობრის მამული იყო. იგი ცოლად ჰყავდა იმ დროს ელეცკში სახელგანთქმულ ექიმ გოლოსტენოვს. ზაფხულის არდადეგებს დედასთან ვატარებდი და ხშირად ვნახულობდი მის ოჯახს. ძალზე დავუახლოვდი ჩემი მეგობრის მულს. ახალგაზრდები ვიყავით, ჯანმრთელები, ბედი ყველას გვიღიმოდა. გონებას არ ვიღლიდით რთული კითხვებით და არც გულს ვიმძიმებდით დარდით.
და აი, ჩვენს უზრუნველ, სულიერ საკითხებს არიდებულ წუთისოფელში შემოაღწია სულიერმა სამყარომ. ექიმი გოლოსტენოვი სპირიტიზმმა და ჰიპნოზმა გაიტაცა და ეს გატაცება ჩვენც გადაგვდო. ხარბად ვეწაფებოდით ლიტერატურას, რომელიც ამ მოვლენებს იკვლევდა და მათ პრაქტიკულად გამოყენებას ასწავლიდა. ხოლო "ვისი სულისგან" მოდიოდა ეს, არავის გვაინტერესებდა, მხოლოდ გვიხალისებდა ერთფეროვან სოფლის ცხოვრებას. ბავშვებივით გვახარებდა ახალი სასიამოვნო სულიერი საკვები, რომელსაც ვერც მეცნიერება გვაძლევდა და ვერც ჩვენი რელიგია. ნათლისღებით მართლმადიდებლებს დიპლომში გვეწერა "წარმატებები" საღმრთო სჯულში, მაგრამ სულით სრული უმეცრები და წარმართებზე უარესნი ვიყავით.
აღარ დავაყოვნეთ და პრაქტიკაზე გადავედით: დავიწყეთ აზრების შთაგონება და ფიქრების გამოცნობა, ვატრიალებდით თეფშს და ვუახლოვდებოდით უხილავ სამყაროს, იმავე "მეცნიერების" მიერ მითითებული მეთოდებით, რომლითაც დღესაც არიან გატაცებულნი ქრისტეს რწმენას შეგნებულად თუ შეუგნებლად განდგომილნი. ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად მე და ჩემი მეგობრის მული დავხელოვნდით.
და აი, დადგა ჩვენთვის სამაგიეროს გადახდის ჟამიც. ჩემი მეგობარი თავისი ანგელოზის დღეს დილით წირვაზე წავიდა თავის ტაძარში. დაველოდეთ მის მოსვლას. გაიშალა სუფრა ჩაით, ღვეზლებით, საჩუქრებით... ვიმხიარულეთ, ვიხალისეთ და შთაგონებით გართობა გადავწყვიტეთ. მე უნდა გავსულიყავი სახლის განაპირა ოთახში, რომელიც ჩემი მეგობრისა და მისი მეუღლის საძინებელი და კაბინეტი იყო და რაღაც შთამეგონებინა ჩემი მეგობრის მულისთვის. დიდხანს არ მიფიქრია, გავიქეცი იმ ოთახში. დანარჩენები სამზარეულოში დარჩნენ. კაბინეტში შესვლისას თვალში მომხვდა ჩემი მეგობრის მიერ წირვიდან მოტანილი, ცხრა დასთა სახელზე ნაკვეთი სეფისკვერი, რომელიც საწერ მაგიდაზე იდო, ხელი ვტაცე და ხელსაბანში ჩავდე. "დაე, ამოიღოს ეს სეფისკვერი და ისევ მაგიდაზე დადოს", - ჩავიფიქრე და დავიძახე: "მზად არის!"
ჩემს ყვირილზე სამზარეულოდან ყველამ მოირბინა. ის, ვისაც ჩემი ჩანაფიქრის ასრულება შთავაგონე, წამითაც არ შეყოყმანებულა, ჯერ საწერ მაგიდასთან მივიდა, იქიდან კი ხელსაბანთან და როგორც კი სეფისკვერისკენ ხელის გაწვდენა მოინდომა, თითქოს ვიღაცის ძლიერმა ხელმა მოისროლაო, ამოტრიალდა და იატაკზე უგონოდ დაეცა. იქვე მე უკვე ბნედის შეტევით ვიკრუნჩხებოდი. შთაგონებული მალე მოვიდა გონს, მე სამი საათის მერეღა გამიარა კრუნჩხვამ. მიუხედავად ექიმის დახმარებისა, არც ერთს გვახსოვდა, რა დაგვემართა. ექიმიც არ იყო ბაიბურში.
იმ საშინელი დღის მერე სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ბნედა დამჩემდა. თავიდან სამ თვეში ერთხელ მემართებოდა, შემდეგ ყოველ ახალმთვარობას, მერე კი დღეში რამდენჯერმე. ვცადე თვითმკვლელობა.
ყველასთვის მძიმე ტვირთად ვიქეცი, საკუთარი თავი მტერივით შევიძულე. ასეთი წამებით გაიარა თხუთმეტმა წელმა... ახალგაზრდა, ჯანმრთელი ყმაწვილი ქალი დედაბრად გადავიქეცი. არანაირმა მკურნალობამ არ გაჭრა. თავს კი ხან ერთ ნათესავს ვაფარებდი და ხან მეორეს. დროებით ჩემს დასთან დავსახლდი. სიძე სადგურის უფროსი იყო. უბრალო, არცთუ დიდად განათლებული, სამაგიეროდ, კეთილი და ღრმადმორწმუნე კაცი იყო.
- სონია, დიდი ხანია არ ზიარებულხარ? - მკითხა ერთხელ.
- მას მერე, რაც ცუდად გავხდი...
- რას ამბობ, ასე როგორ შეიძლება! - შეწუხდა ჩემი სიძე, - ნუთუ ერთი კეთილი ადამიანი არ გამოგიჩნდა, რომ შენზე ეზრუნა? აუცილებლად თქვი აღსარება და ეზიარე ქრისტეს წმინდა საიდუმლოებას. ღმერთი მოწყალეა, გამოჯანმრთელდები.
უარი არ მითქვამს. მივედი ეკლესიაში, აღსარება ვთქვი. ეპილეფსიის შეტევებმა თითქოს თავი მანებეს. წირვაზე ჯანმრთელი ადამიანივით ვიდექი... გაიღო სამეუფეო კარები...
- შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით!
აბა, თუ მიხვდებით, რა მოხდა? მე, თხუთმეტწლიანი სატანჯველით დაუძლურებული, ცხრა მამაკაცმა ძლივს დამაკავა და წმინდა ბარძიმთან მიმიყვანა. ჩემში რაღაც უჩვეულო ძალა ეწინააღმდეგებოდა სიწმინდესთან მიახლებას და მას ძლივს უმკლავდებოდა ეს ცხრა მომლოცველი, რომლებიც ჩემს დას ეხმარებოდნენ. მე, განათლებული ქალბატონი, ინსტიტუტდამთავრებული, რომელსაც ეშმაკეულობისა არ სჯეროდა და დასცინოდა, თვითონ გავხდი ეშმაკეული.
ამ საშინელების გახსენებაც კი მზარავს. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა გადაიარა. მოკლედ, სნეულების ძირი გაირკვა, ამის მერე დაიწყო ჩემი სწორი მკურნალობა. მორწმუნეთა რჩევით ხშირად ვეზიარებოდი, რის საშუალებასაც მაძლევდა ჩემი მწირი შემოსავალი, წმინდა ადგილებში დავდიოდი. ბნედის შეტევები თითქმის შემიწყდა, აშკარა ეშმაკეულობის ნიშნებიც შესუსტდა. სამაგიეროდ, გულში გაჩნდა ისეთი ენით აღუწერელი სევდა, რომ არა ღვთის წყალობა, ალბათ ის მომკლავდა.
გავიდა თვრამეტი წელი მას მერე, რაც ვიმკრეხელე ცხრა დასთა სეფისკვერზე. ერთმა ღვთისმოშიშმა ქალბატონმა ოპტის უდაბნოში გამიყოლა. იქ ყველაფერი ძალზე მომეწონა, ტაძრებიც, ღვთისმსახურების რიგიც, გარემოც. მაგრამ არც ცოცხალ მამებთან და არც გარდაცვლილ მამათა საფლავებთან მისვლა არ მინდოდა, მიუხედავად ჩემი თანამგზავრის დაჟინებული რჩევისა.
სევდა ცოტათი შემიმსუბუქდა, მაგრამ მალე კვლავ ამიშფოთდა სული. თანამგზავრმა მითხრა, ეზიარეთო და დავიწყე მზადება. ამ დროს ჩემში ისეთი რამ მოხდა, რომ მადლიერების გრძნობით სამუდამოდ მივეჯაჭვე ოპტელ მამებს.
ჩემს სევდასთან დაკავშირებული იყო წმინდა ფიზიკური შეგრძნებაც - მკერდში გულის ქვეშ რაღაცას გორგალივით ვგრძნობდი და უსაშველო ტკივილი მთანგავდა.
აღსარება ვთქვი მამა სერაპიონთან და მარტოდმარტო წავედი მამა ამბროსის საფლავთან. და აი, ამ თვრამეტი წლის არაადამიანური ტანჯვის მერე გადმოსჩქეფა წყარომ ჩემი სიზმრებისა, დიდხანს, დიდხანს ვტიროდი, ვიდრე გულიდან არ გადმოიღვარა რაღაც სიმძიმე და გაქრა ის საშინელი გორგალიც, ამდენი წელი რომ მტანჯავდა.
მამა სერაპიონს მოვუყევი ჩემი ცხოვრების ამბავი. მან ცოდვები მომიტევა. მერე კი "კურთხევანი" აიღო, შეფუცვის ლოცვების კითხვა დამიწყო. ვყვიროდი, თავს იატაკს ვურტყამდი, კელიიდან გასვლას ვლამობდი. მერე კი დავმშვიდდი. მას მერე შეტევები არ დამმართვია და სულიერად გამოვჯანმრთელდი. ზიარების მერე მამა ამბროსის საფლავთან მივედი და უეცრად ვიგრძენი, რომ საბოლოოდ და სრულიად განვიკურნე.
თვრამეტი წელი! თითქმის ორ-ორი წელი სეფისკვერის თითოეული ნაწილის გამო! გავიტანჯე აქ, იქ კი, ვნახოთ, თუ შემიწყალებს ღმერთი!" - ბრძანა სოფიომ დასასრულს.