სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
12 მარტი (გაგრძელება)
ოპტაში გვყავდა მღვდელმონაზონი მ., განსწავლული და სხვათა მასწავლებელი სასულიერო სასწავლებელში.
კარგი, ჭკვიანი, გონიერი კაცი იყო, მაგრამ დაუშვა, რომ კაცთა მოდგმის მტერს იგი ეცთუნებინა მემთვრალეობის ცოდვით, ეს სისუსტე კი განუყოფელია სხვა დაცემისგან. მამა მ. გონს რომ მოვიდა, წავიდა მოძღვართან. მან კი უბრძანა, - გაეთრიე მონასტრიდანო. სასოწარკვეთილი მამა მ. უფრო მეტად მიეძალა სასმელს. 12 მარტი (გაგრძელება)
მივიდა მამა მოსესთანაც და ჰკითხა:
- წინამძღვარო, შემოდიან თუ არა შენთან ცოდვილნი?
მამა მოსემ შეხედა მამა მ-ს არეულ სახეს და უთხრა:
- დიახ შემოდიან, თუ ცოდვილებს სწამთ და ინანიებენ. შენ გწამს? ინანიებ?
- მწამს და ვინანიებ! - უპასუხა მამა მ-მ.
- თუ კი გწამს, დადექი ჩემს გვერდით და ილოცე!
აცრემლებულმა დაიჩოქა ხატების წინ, გვერდით მამა მ. ამოიყენა და ლოცვა დაიწყეს. მამა მ. ისე გულმოდგინედ ლოცულობდა, რომ აცრემლებული დაეცა.
- ახლა კი წარვედ მშვიდობით, - უთხრა წინამძღვარმა.
- რა ვქნა, ვიმსახურო?
- ხომ გითხარი, წარვედ მშვიდობით და მსახურებითაც იმსახურე!
- როგორ, მამაო, ცოდვა?
- შენს ცოდვას საკუთარ თავზე ვიღებ.
მამა მოსე ქალწული იყო, მაგრამ დაცემული ძმის მძიმე ცოდვა იტვირთა, რათა მისი სული ეცხოვნებინა. მას შემდეგ მამა მ. სავსებით გამოსწორდა.
* იმავე მამა მ-ს იმ დღემდე, ვიდრე თავის გამოსწორებას დასაბამს დაუდებდა, ასეთი რამ შეემთხვა: ერთხელ ქალაქში წავიდა; ფული არ ჰყოფნიდა სისუსტის დასაკმაყოფილებლად და საფასურად თავისი პარამანდი ჩადო. ეს კი ბერისთვის იგივეა, კისრიდან ჯვარი მოიხსნას. გლახაკებმა შეიტყვეს ეს და მამა მოსეს შეატყობინეს. მან მათ ფული მისცა და უბრძანა, პარამანდი გამოისყიდეთ და მომიტანეთო. მიუტანეს, მაგრამ ამის შესახებ მამა მოსეს მამა მ-სთვის სიტყვაც არ უთქვამს. დიდხანს ჰქონდა ეს პარამანდი თავისთან.
ერთხელ არქიმანდრიტ მოსეს, ყირიმის კამპანიის სახსოვრად, ბრინჯაოს ჯვრები გაუგზავნეს ღირსეული მღვდელმონაზვნებისთვის დასარიგებლად. ყველას მისცა, მამა მ-ს გვერდი აუარა. მამა მ. შეწუხდა, - ჯვარი რატომ არ მომეციო.
- ახლავე მოგცემ ჯვარს, - უთხრა მამა მოსემ და პარამანდი გამოუტანა.
- შენია?
- ჩემია!
უსიტყვოდ აიღო თავისი პარამანდი და წავიდა.
* მამა მოსეს არ უყვარდა, როცა ძმები ერთმანეთს უჩიოდნენ. ცდილობდა, ისინი ამას გადაჩვეოდნენ.
ერთი კარგი, მშვიდი ოპტელი მონაზონი მამა მ-სავით სმას მიეჩვია. ამ მამას მორჩილად ერთი ბიჭი მისცეს, მგალობელი. ცოტა ხნის მერე მონაზონმა არქიმანდრიტს შესჩივლა: - მამაო, ბიჭი სულ მთლად გაფუჭდა, ოინბაზობს, როცა კელიაში არ ვარ, ჩემს ნივთებში იქექება, ცეცხლს ანთებს, რაღაც გატეხა, ეკლესიაში ყოველთვის არ დადის, უხეშობს, არ მიჯერებსო.
მამა მოსემ ჰკითხა, - კიდევ რას აკეთებსო.
მან კიდევ რაღაც მოიგონა.
- აბა, კიდევ რა გააკეთა?
მონაზონმა ისევ ბიჭის ჩადენილი რაღაც ბავშვური ცელქობა მოიგონა.
- მამაო, შენთან როცა მოეწყო, კარგი იყო?
- კი, თავიდან კარგი ბიჭი იყო! - უპასუხა მონაზონმა.
- აჰა! - მამა მოსემ ბოლთის ცემა დაიწყო, მონაზონს არც შეხედა, - ცოდვაა ბიჭი... ბავშვის სული - ანგელოზისაა. დიდი რამეა ბავშვის სული: "თუ არ მოიქცევით და არ იქნებით ვითარცა ბავშვები, ვერ შეხვალთ ზეციურ სასუფეველში"; "ვინც თუნდაც ერთ ბავშვს მიიღებს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს"; "ვინც აცდუნებს უმცირესთაგან ერთ-ერთს, მას ერჩივნა, კისერზე დოლაბი ჩამოეკიდა და ზღვაში გადაშვებულიყო". უფალო, როგორი სიტყვებია! ვისი ნათქვამია? თვით ღმერთისა! როგორც ამბობ, შენთან რომ მოვიდა, კარგი იყო, შენს კელიაში ცუდი გახდა? სწორედ შენთან რატომ გახდა ცუდი? ვისგან აიღო ცუდი მაგალითი?..
მონაზონს ცეცხლი შემოენთო.
- აი, რა, ძმაო, - განაგრძო წინამძღვარმა, - ვამჩნევ, რომ ცისკრის ლოცვაზე არა ხარ ხოლმე, ტრაპეზზეც ყოველთვის არ მოდიხარ...
და დაიწყო მისი უწესოების ჩამოთვლა. მონაზონი უკვე ნანობდა, რომ ბიჭზე საჩივლელად მივიდა. მან ცხადად დაინახა, რომ თვითონ იყო მიზეზი ბიჭის გაფუჭებისა.
- ბიჭზე კი ნუ წუხხარ, - დასძინა მამა მოსემ, - თუ ხელს გიშლის, ისეთ ძმასთან გადავიყვან, რომელიც შეძლებს მისი ბავშვური ონავრობის დათმენას და გამოასწორებს. ბავშვი ნერგია. თავიდანვე როგორც წარმართავ, ისე გაიზრდება.
თქვა და ბიჭი სხვა ძმას გადასცა.
13 მარტი. ამ დღეებში მოსკოვში იშვიათი ზეციური მოვლენა იხილეს: სამი ერთნაირი სიკაშკაშის მზე ბრწყინავდა ცაზე. შუაში იყო ნამდვილი მზე, აქეთ-იქით კი ცრუ მზეები კაშკაშებდა. ნამდვილი მზიდან ცეცხლის სვეტი გამოდიოდა. ღამით კი სამი მთვარე ჩანდა. გაზეთები, რომლებიც ამ მოვლენას გვაუწყებდნენ, მას იშვიათ, მაგრამ "ცრუ მზისა და მთვარის" "ცნობილ" ფიზიკურ მოვლენას უწოდებდნენ. ეს მოვლენა მარტო მოსკოვში რატომ იხილეს?
ღვთის ნიშანი ხომ არ არის ღვთისგან განდგომილ კაცობრიობაზე მოსალოდნელი საფრთხის წინ? "და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკვლავთა" (ლუკა 21,15). მსოფლიოს ხალხთა პოლიტიკური ცის ჰორიზონტზე არანაკლებ დიდი ნიშანი ჩანს: მარტო ერთი "განახლებული" ჩინეთი რად ღირს?!
16 მარტი. დღეს სკიტში ვესტუმრე ჩვენს ღვთივგანბრძნობილ მამებს. მამა იოსებს ცოტა ხალხი ელოდა. სხეულით სუსტდება ჩვენი მამაო; სხეულით და არა სულით. ეს დიდებული, თავმდაბალი მამა სულით თითქოს გუშინ დაიბადაო...
- დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილხართ, - საყვედური შემომაპარა მამა იოსების ალერსიანმა მესენაკემ.
- როგორ თუ დიდი ხანია? - შევეპასუხე, - ერთი კვირაც არ იქნება, რაც მამაოსთან კურთხევისთვის ვიყავი. მამა იოსები მოუძლურდა, უმიზეზოდ მას როგორ შევაწუხებ და წავართმევ მართლა შეჭირვებულთათვის საჭირო დროს? ამით ხომ ცოდვას ჩავიდენდი, მამა ზოსიმე, მე ხომ სულ თქვენს თვალწინ ვტრიალებ და ვხედავ, საიდან აღარ მოდიან მასთან შეჭირვებული ადამიანები.
- ეს ასეა, მაგრამ მოძღვრებისგან მარტო კურთხევის აღებაც კი დიდი საქმეა, - მითხრა მან.
მალე მოძღვართან მიმიხმეს.
- აბა, კარგს რას გვეტყვით, - მკითხა მამა იოსებმა და მაკურთხა.
- ჩემო ძვირფასო, კარგის შესაძენად თქვენთან მოვედი, საკუთარი სიკეთე კი არაფერი მაქვს-მეთქი, - ვუპასუხე მოძღვარს.
- მაშინ მე მოგიყვები კარგ რამეს: ამას წინათ შამორდინოში (ოპტის მახლობლად მდებარე დედათა მონასტერი, - კ.კ.) გარდაიცვალა კლიროსის მორჩილი. მეორმოცე დღეს მისმა ამხანაგმა სიზმარში ნახა, თითქოს გარდაცვლილი მასთან მივიდა.
- შენ ხომ მოკვდი, აქ როგორ ხარ? - ჰკითხა.
- განა ღვთისთვის მკვდრები არსებობენ? - უპასუხა გარდაცვლილმა, - მე მოვედი შენდობის სათხოვნელად (და სახელი წარმოთქვა), - მისი ვალი დამრჩა გადასახდელი - ათი კაპიკი. ამის გამოსასწორებლად გამომიშვეს მცირე ხნით.
- კარგია იქ, სადაც ახლა ხარ? - ჰკითხა მეგობარმა.
- ენით ვერ გამოვთქვამ, ისეთი კარგია.
- მომიყევი, გეთაყვა.
- არ შეიძლება, ამის უფლება არ მოუციათ.
ღამის სიზმარი ამით დამთავრდა. დილით კი მეორე მორჩილთან შამორდინოდან მოვიდა სწორედ ის ქალი, რომელიც სიზმარში ახსენა გარაცვლილმა და შესჩივლა, - ჩემი ათი კაპიკი ემართა და ახლა ვის მოვთხოვოო. ამ საუბარში მასთან სიზმრის მნახველი დაც მივიდა. საქმეც გაირკვა. დებმა საერთო ძალით გადაიხადეს ვალი.
- მამაო! - წამოვიძახე ამ საოცარი ამბით გულშემუსვრილმა, - ეს კი კარგი ამბავია, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი ცუდად არის.
- აბა, მითხარი!
- მოსკოვში და არა მარტო მოსკოვში - ცაზე ისეთი ნიშნები გამოჩნდა, სასიკეთოზე არ მიგვანიშნებს, მით უმეტეს, თუ ჩაუღრმავდები თანამედროვე ერისკაცულ ცხოვრებას...
- ცუდად იწყო ცხოვრება მართლმადიდებელმა ერმა, - მიპასუხა მოძღვარმა, - მაგრამ ვიდრე რუსეთში დგას ტახტი თვითმპყრობელი მეფისა და ცოცხალია ხელმწიფე, ღვთის მოწყალება არ მოაკლდება რუსეთს და ეს ნიშნებიც, რომელსაც ხალხი ხედავს, მხოლოდ მუქარაა და არა სამსჯავრო და საბოლოო განაჩენი.
- მამაო, მეფეს და თვითმპყრობელობას ყოველი მხრიდან უდიდესი საფრთხეები ემუქრება.
- ეჰ, ჩემო საყვარელო! გული მეფისა, მისი ტახტი და თვით მისი უძვირფასესი ცხოვრება - ყველაფერი ღვთის ხელთაა. შესაძლოა, ეს რუსული სიწმინდე ხელყოს რაიმე ადამიანურმა სისაძაგლემ... ეს მოხდება, როცა ჩვენი ცოდვებით აივსება ქვეყნიერება. ორი წლის წინ, ზაფხულში, ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ინანიებდა, რომ რევოლუციონერებს შორის წილის ყრისას ჩვენი ხელმწიფის მოკვლა ერგო. "ყველაფერი მომზადებული გვქონდა ამისთვის, - ჰყვებოდა იგი, - მე ხელმწიფესთან შემეძლო მოხვედრა. თავდასხმის წინა ღამეს არ დამეძინა, ვღელავდი. განთიადისას ჩავთვლიმე... და რას ვხედავ: დგას ხელმწიფე. მისკენ გავრბივარ მოსაკლავად... უეცრად ჩემს წინ ციდან ელვასავით ჩამოეშვა ცეცხლოვან მახვილმომარჯვებული მთავარანგელოზი მიქაელი. მის წინ დავემხე შეშინებული. შეძრწუნებულს გამომეღვიძა. პირველსავე მატარებელში ჩავჯექი და გამოვიქეცი. ახლა თანამოაზრეთა შურისძიებას ვემალები. თუ მიპოვიან, მირჩევნია, ათასჯერ საშინელი სიკვდილით მომკლან, ვიდრე განრისხებული მთავარანგელოზი ვიხილო და საუკუნოდ დავიწყევლო ღვთისგან ცხებულის მოკვლისთვის".
აი, მეგობარო, ჩემი სათქმელი: ვიდრე უფალი თავის მთავარანგელოზით და ზეციური მხედრობით იცავს თავის ცხებულს, მანამდე - ცხოველ არს უფალი! - არც ამ სოფლისთვის და არც რუსეთის ბედისთვის არ უნდა გვეშინოდეს. ეს მტიცედ დაიმახსოვრე... ჩემს მიერ შამორდინოზე ნათქვამიც არ დაივიწყო: იგია საწინდარი იმისა, რომ რუსულ მონასტრებში და სოფელში არსებობენ ადამიანები, რომელთა გამოც ინდობს უფალი სოდომსა და გომორს.
ჰოი, სიბრძნე და სახიერება ღვთისა!
ჰოი, სილამაზე და სიღრმე ჩემი ღვთის მდინარეთა!..
* ჩანს, შამორდინოში ჯერ კიდევ არიან მოღვაწე სულის ადამიანები, წმინდანი გულითა, რომელთაც ეცხადებათ ღვთის საიდუმლოებანი. მაგონდება შამორდინოს დაფარული ცხოვრებიდან ერთი ამბავი, რომელიც 1904 წელს მამა ანატოლის სკიტის კელიაში მოვისმინე ოპტელ, აწ განსვენებულ მღვდელმონაზონ დოროთესგან.
- მამა ანატოლი, - მეუბნებოდა მამა დოროთე, - შამორდინოელი მონაზვნები, ეტყობა, ჯერ კიდევ კარგად ცხოვრობენ (სულიერად). ჩემი რიგი მაისის თვეში დადგა (ოპტელი მღვდლები რიგრიგობით აღასრულებდნენ ღვთის მსახურებას შამორდინოში). მომაკვდავი სნეულის საზიარებლად წამიყვანეს. 15 წლის ყმაწვილი ქალი კვდებოდა. სრულ გონებაზე იყო. აღსარება ვათქმევინე, ვაზიარე და სანუგეშოდ ვუთხარი:
- არ უნდა გეშინოდეს, შვილო! მერცხალივით შეუჩერებლად გაიფრენ საზვერეებს შორის.
მან კი მიპასუხა: - რისი უნდა მეშინოდეს? მე ხომ იქ მარტო არ წავალ. სამნი გავემგზავრებითო.
ვაღიარებ, ვიფიქრე: ბოდავს-მეთქი! მაგრამ მისი სიტყვა გამართლდა - მასთან ერთად დედა ევფროსინე და ერთი სქემმონაზონი გარდაიცვალნენ. სამნი წარვიდნენ უფალთან. ხედავ, რას ჭვრეტენ გულით წმინდანი?