"ვიდრემდის, მამაო?"
* ძმამ ჰკითხა მამა სისოს: "რა ვქნა, მამაო, დავეცი". "ადექი", - მიუგო მამამ. "წამოვდექი და ისევ დავეცი". "ისევ წამოდექი".
"რამდენგზისაც წამოვდექი, კვლავ იქვე დავეცი", - შეწუხდა ძმა. "კიდევ წამოდექი", - გაამხნევა წმინდა სისომ. "ვიდრემდის, მამაო?" "ვიდრემდის არა დაეპყრა გინათუ კეთილსა ზედა, გინათუ ბოროტსა (ვიდრე არ გახდები ან კეთილი ან ბოროტი), რამეთუ, რომელსაცა ზედა იპოვოს კაცი აღსრულებისა ჟამსა, მითცა წარვიდეს". * მონიდის მონასტრის ერთ ძმას ეშმაკი დასცემდა სიძვის ცოდვით. მონანული ბერი კი ამბობდა: რაც არ უნდა მოხდეს, მონაზვნობას არ დავუტევებო. დადგებოდა და საბერო კანონის ნაცვლად პატარა ლოცვას იტყოდა: უფალო, უფალო, მეუფეო, ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, მნებავს თუ არ მნებავს, მაცხოვნე მე, ვითარცა მიწას და თიხას, მიყვარს ცოდვა და ჰყავ ჩემზე დიდი წყალობა". ერთხელ, სიძვით დაცემულმა, იგივე ილოცა. იხილა რა ეშმაკმა მისი ღმრთის მიმართ სასოება "და კეთილი იგი ურცხვინოება", გაუკვირდა, წარმოუდგა და უთხრა: "როცა გალობ, როგორ იკადრებ შენი პირით ღვთის სახელის ხსენებას და მის წინაშე წარდგომას?" "ეს სენაკი სამჭედლოა, - უთხრა ბერმა, - ერთ უროს შენ ურტყამ, მეორეს - მე. სიკვდილამდე არ დავცხრები შენს წინააღმდეგ ბრძოლად. არც ღვთის მიმართ ლოცვას შევწყვეტ, ვიდრე შენ არ შეწყვეტ ჩემთან ბრძოლას. ვნახოთ, ვინ სძლევს - შენ თუ ღმერთი". ეშმაკმა რომ მისი მოთმინება იხილა, განშორდა. ამის შემდეგ ბერი ჭეშმარიტ სინანულში ჩავარდა.
* არავინ უნდა შეაძრწუნოს თავისმა დაცემამ ისე, რომ წამოდგომის სურვილი არ ჰქონდეს. წმინდა ამბროსი ოპტელი ჰყვებოდა: "ერთი ბერი მთელი სიცოცხლე სცოდავდა და ინანიებდა. შესცოდავდა - მაშინვე შეინანებდა... სიკვდილის წინ შეინანა და მოკვდა. ბოროტი სული მოვიდა მის წასაყვანად - ჩემია ეს სულიო. უფალმა უთხრა: - არა, ის ინანიებდაო. ინანიებდა და ისევ სცოდავდა, რატომ მიგყავსო? - შეედავა ეშმაკი. მაშინ უფალმა უთხრა: "მიუხედავად შენი ბოროტებისა, მაინც იღებდა მას, რასაც ჩემთან შეინანებდა, აბა, როგორ არ მივიღებ მის სინანულს? დაგავიწყდა, რომ შენ ბოროტი ხარ, მე კი სახიერი?"
* წმინდა იაკობ მმარხველმა (ხსენება 4 მარტს) თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ უდიდეს სასწაულებს იქმოდა: ავადმყოფებს კურნავდა, ეშმაკებს განდევნიდა, მკვდრებს აღადგენდა. მაგრამ ერთხელ, შუაღამისას, მისი კელიის კარებზე ქალმა დააკაკუნა და ღამის გასათევი სთხოვა, უდაბნოში გზა ამერიაო. შეეწყალა ბერს, მხეცებმა არ დაგლიჯონო და შეუშვა, თვითონ კი მეორე ოთახში გავიდა. გულისთქმები შეებრძოლნენ. შემოვიდა ქალთან. შიშველი დაუხვდა. ღირსი იაკობი ქალთან დაეცა. როცა ერთი ცოდვა ჩაიდინა, მეორე უარესი დაუმატა - იმის შიშით, რომ ეს ცოდვა არ გამჟღავნებულიყო და მონაზვნების გასაკიცხი არ გამხდარიყო, ქალი მოკლა. გონს მოსულმა და სასოწარკვეთილმა მიატოვა კელია და სოფელში გაიქცა. გზად მეუდაბნოე მამა შეხვდა, რომელმაც, როცა შეიტყო მისი ამბავი, ანუგეშა, ღმერთს ზღვა გულმოწყალება აქვს და ნუთუ მარტო შენ არ გეყოფაო. ბერმა იგი ერთ მღვიმეში მიიყვანა და იქ ურჩია დაყუდება. დაჰპირდა, საკვებს მოგიტან ხოლმეო. ოცი წელი მღვიმიდან გამოუსვლელად იმოღვაწა წმინდა იაკობმა და უფალმა აპატია ცოდვები.
საშინელი გვალვა ჩამოვარდა. იმ მხარის ეპისკოპოსს ძილში უფალი გამოეცხადა და უთხრა, - მღვიმეში დაყუდებული ბერის ლოცვებით მოგეცემათ წვიმაო. ეპისკოპოსი ხალხთან ერთად მღვიმეს მიადგა. ბერმა - "თქვენ შეცდით, მე დიდად ცოდვილი ვარ და უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდათო". "ნუ აღუდგები ღვთის ნებას, - სთხოვა ეპისკოპოსმა, - ილოცე ჩვენთვის". როცა წმინდანმა ლოცვა დაიწყო, ძლიერ გაწვიმდა, მაშინ მიხვდა ღირსი იაკობი, რომ შეუნდო ღმერთმა.
* შიომღვიმეში, წმინდა შიოს ხსენების დღეს, თვით სარმიანე კათალიკოსმა სწირა. ტფილისიდან სარწმუნოებით იაკობინელი ეგვიპტელები ამოვიდნენ. პატრიარქს ეგვიპტური ძღვენი მიართვეს და ზიარება სთხოვეს. პატრიარქმა ისინი სარწმუნოების უკითხავად აზიარა. სარმიანე საღამოთი მცხეთაში დაბრუნდა. დაღლილს მიერულა და დიდებული კაცნი იხილა. მათ შორის გამორჩეული ერთი მღვდელმთავარი და მოხუცებული მონაზონი იყვნენ. ნეტავ, ვინ არიანო, - იფიქრა პატრიარქმა. ამ დროს მასთან მივიდნენ მღვდელმთავარი და ბერი და შესამოსელი გახადეს. მღვდელმთავარი წავიდა. მღვდელმონაზონმა უთხრა: "მოგწონს განა ეს სიშიშვლე? შენ აზიარე ისინი, ვინც ქრისტე ღმერთი განაშიშვლა, ბუნებითა და მოქმედებითა და ნებითა მისთაგან. შენ, ძღვნისგან გულდაბრმობილმა, სარწმუნოება არ ჰკითხე ეგვიპტელთ. აჰა, შენც შიშველი ხარ ღვთის მადლისგან". "ვინ იყო ის მღვდელმთავარი და შენ ვინა ხარ?" - ჰკითხა სარმიანემ. "კირილე ალექსანდრიელი იყო, მე კი მონა ღვთისა შიო ვარო". გაეღვიძა სარმიანეს, შემოკრიბა ეპისკოპოსნი. მათ ურჩიეს, - ძღვენი გალავანს გარეთ დააწვევინე, მერე კი ცალკე ვილოცებთ შენთვისო. პატრიარქი ასეც მოიქცა. ჩაიკეტა წმინდა შიოს საფლავთან და დღედაღამ ცრემლით ევედრებოდა შენდობას.
მოიწია კვირა დღე. პატრიარქმა იხილა გოლგოთაზე ჯვარცმული მაცხოვარი. ვიღაც "საშინელმა" კაცებმა ჯვართან მიიყვანეს. შემოვიდნენ წმინდა კირილე და წმინდა შიო, შეევედრნენ მაცხოვარს სარმიანესთვის. მაცხოვარმა უთხრა, - შენდობის ღირსი არ არის სარმიანე, რადგან ჩემს მტრებს მისცა ჩემი სისხლი და ხორცი, მაგრამ თქვენს გამო შემინდვია. უთხარით, ამიერიდან გაფრთხილდესო. ღირსმა მამებმა შემოსეს სარმიანე პატრიარქი. მას გახარებულს გამოეღვიძა. დილით შიომღვიმეში მოვიდა ფილიპე ეპისკოპოსი და ეპისკოპოსთა წერილი მიართვა. მღვდელმთავარნი სწერდნენ: ხუთ ჩვენგანს გამოგვეცხადა წმინდა შიო და გვითხრა, რომ შეგინდო ღმერთმა ცოდვებიო. პატრიარქმა სამადლობლად განაჩინა, რომ წმინდა შიოს საფლავთან ერთი ჩაუქრობელი კანდელი დაეკიდათ.
* სიყრმეში წმინდა ნიფონტი კვიპრელი თავმდაბალი, მორჩილი და ღვთისმოშიში იყო. მოიზარდა და ცუდ წრეში მოხვდა, ბილწი ცოდვებით შეილანძღა სული. ქურდობდა, ჩხუბობდა და მრავალი ახალგაზრდისთვის იქცა მაცდუნებლად. ერთგული მეგობარი ჰყავდა, ბასილი, რომელიც ცდილობდა მის მოქცევას, მაგრამ ამაოდ. ისე გაუსასტიკდა ნიფონტს გული, ლოცვაც აღარ შეეძლო. ერთხელ მისმა მეგობარმა ნიკოდიმოსმა დიდხანს უყურა. ასე რატომ მიცქერ, თითქოს უცხო ვიყოო, - ჰკითხა ნიფონტმა. "დამერწმუნე, ძმაო, - უთხრა ნიკოდიმოსმა, - არასოდეს ასეთი არ მინახიხარ, ახლა ეთიოპივით (ანუ შავი) გაქვს სახეო". ამ სიტყვებმა შეაძრწუნა ყმაწვილი: "ვაი მე, უბედურს, თუ ამ ცხოვრებაში შავი ვარ სულით და სხეულით, რა მეშველება ღვთის სამსჯავროზეო". მაშინვე ანება თავი ცოდვიან ცხოვრებას. მიუხედავად ეშმაკის ათასნაირი ბრძოლისა, უკან აღარ დაუხევია. შემდგომში ღმერთმა ის კვიპროსის ეპისკოპოსად გამოარჩია.
* ერთ დაცემულ ბერს წამოდგომა და ყველაფრის თავიდან დაწყება სურდა, მაგრამ სულს მწუხარება უღრღნიდა: განა ოდესმე ვიხილავ საკუთარ თავს ისეთს, ადრე რომ ვიყავიო? მიადგა ერთ ღირს მამას და თავისი გასაჭირი შესჩივლა. მან პასუხად იგავი უთხრა: - ერთი კაცის ყანა სარეველა ბალახს და ეკალბარდს დაეფარა. მამამ შვილი გაგზავნა მინდვრის გასაწმენდად. მაგრამ ვაჟს გულს შემოეყარა - განა ოდესმე შევძლებ ამ მინდვრის გასუფთავებასო? წამოწვა და დაიძინა. ასე იქცეოდა ყოველდღე. გაუწყრა მინდვრის სანახავად მისული მამა, აქამდე რატომ არაფერი გააკეთეო? ამდენი საქმე რომ ვნახე, სასოწარკვეთილი მიწაზე დავეცი და დამეძინაო. მაშინ მამამ უთხრა: - შვილო, ყოველდღე მინდვრის იმხელა ნაწილი გაწმინდე, რამდენსაც იკავებს შენი სარეცელი, ამგვარად წაიგდე საქმე წინ და სასოს ნუ წარიკვეთო. დაუჯერა შვილმა და მცირე ხანში მინდორი გაწმინდა. ასე მოიქეცი შენც, ძმაო, ცოტ-ცოტა იღვაწე, სასოს ნუ წარიკვეთ და ღმერთი თავისი მადლით აღგიდგენს ძველ მდგომარეობასო. წამოვიდა ბერი დამშვიდებული. მალევე წამოდგა და წარემატა სულიერად ქრისტეს მადლით.
* დიდი მადლია დაცემულის წამოყენება, მაცხოვრის სიტყვისაებრ, მას მრავალი ცოდვა ეპატიება. სქემარქიმანდრიტ გაბრიელთან (ზირინიანოვი) ერთი სახელგანთქმული მამა მივიდა აღსარებაზე და თავისი დიდი დაცემა აღიარა. რა ექნა მამა გაბრიელს, ეპატიებინა ცოდვა - უმძიმდა, რომ არ შეენდო, არც ის შეეძლო. და - მიუტევა! მაგრამ თავს იუდა გამყიდველად თვლიდა, უარესადაც კი. შიშით შეუდგა წირვის ჩატარებას, ტირილით ჩაიკითხა შესავალი ლოცვები. წირვის დროს სულიწმინდის მოწვევამდე უნუგეშოდ თრთოდა. სულიწმინდის მოწვევისას უფალმა ხილვა ახილვა: მთავარანგელოზნი, ანგელოზნი, ქერუბინები, სერაფიმები წინასწარმეტყველებდნენ. მოციქულნი, მოწამენი და სხვა წმინდანნი, თავმოდრეკილნი, კეთილმოკრძალებით მდუმარენი იდგნენ მაცხოვრის წინ და თითქოს განსცხრებოდნენ მაცხოვრისა და მის წყლულთაგან მომდინარე მოვარდისფრო სინათლით. ეს ნათელი ქრისტეს წყლულთაგან წმინდა საიდუმლოებასაც ეცემოდა. გაოცებულსა და აღფრთოვანებულ მამა გაბრიელს მოესმა: ამ აღსარების მიღებისათვის ამის ხილვის (აქ ყოფნის) ღირსი შეიქმენიო. მოეხსნა სულიდან სიმძიმე. ის კაცი მალე დასნეულდა, მან კიდევ ერთხელ შეინანა თავისი დაცემა, დიდხანს ავადმყოფობდა და ინანიებდა, ბოლოს, ზეთისცხებისა და ზიარების შემდეგ მშვიდად ჩააბარა სული უფალს. მამა გაბრიელს მის გამო ერთგვარი სიხარულიც დაუტრიალდა გულში.
* დაცემულის წამოსაყენებლად ზოგჯერ სიმკაცრეცაა საჭირო, მით უმეტეს, თუ ის ვერ გრძნობს ამას. მამა გაბრიელთან (ზირინიანოვი) სააღსარებოდ ერთი მღვდელი მივიდა. მამა გაბრიელმა ჰკითხა: - წმინდა ზიარებისთვის მზადებისას დაწესებულ კანონს თუ კითხულობო. მან ისეთი სახე მიიღო, თითქოს პასუხი ვერ გაიგო:
- როგორ თუ კანონს?.. მე ვკითხულობ, მაგრამ... გაზეთებს...
- გაზეთებს? - გაოცდა მამა გაბრიელი, - ღმერთი თუ გწამთ?
- ჰოო... ვერ ვიტყვი, რომ ძალზე მწამს, - გამოსცრა აღმსარებელმა, გვერდულად ჩაიღიმა. ამ უცნაურმა მანერამ "მონანულისა", მისმა გაქვავებულმა გულმა აღაშფოთა მშვიდი ბერი. აღელვებულმა თავისთვის უჩვეულოდ მკაცრი ხმით განაგრძო მღვდლის დაკითხვა:
- და ამის მერე მაინც მსახურობთ?
- დიახ, რა თქმა უნდა. მე ხომ მღვდელი ვარ.
- ხალხს თუ უქადაგებთ, რომ ილოცონ და ღმერთი სწამდეთ?
- დიახ, ვუქადაგებ მოვალეობის გამო.
- თქვენი მოვალეობა ხომ უპირველესად ლოცვაა.
- მე ამ საქმეს ასე ვუცქერი: მოხელე მოვალეა, იმსახუროს და მსახურებს გულში რა უდევთ, არავის საქმე არ არის, მე მოვალე ვარ, ვიქადაგო და ვქადაგებ კიდეც, ხოლო შიგნით რა მაქვს, ვისი რა საქმეა?..
- როგორ? - წამოიყვირა მამა გაბრიელმა და წამოდგა, - ესე იგი, ენა თაფლისა გაქვს, გული კი ყინულისა? შენ ხომ დამნაშავე ხარ?! - აღელვებულმა მოძღვარმა ანალოღიას მუშტი დაჰკრა.
აათრთოლა მღვდელი ამ მკაცრმა შეძახილმა, დაემხო მუხლებზე, შეძრწუნებულმა სახეზე ხელები აიფარა და ამოიკვნესა: - უფალო, სად ვიყავი? - და ატირდა... ძლივს დაამშვიდა მოძღვარმა, ხელახლა ათქმევინა აღსარება და დიდხანს ამშვიდებდა, ცხონებასა და ღვთის სიყვარულისგან გამოწვეულ სიხარულზე ესაუბრა. შემდგომ ის მღვდელი გამოსწორდა და გულწრფელი პატივისმცემელი გახდა ბერისა.
* ათონზე ერთი ახალგაზრდა ბერი სამონაზვნო გზას დედის სიყვარულმა ააცდინა. ცოტა ხნით წავიდა სოფელში, მაგრამ იქ დაეცა, დაქორწინდა, შეეძინა ვაჟი. ერთხელ, როცა მამას თავისი პატარა მუხლებზე ეჯდა, შვილმა უთხრა: "მამიკო, გულზე წითელი ჯვარი გაქვსო". ბავშვმა თავისი უცოდველი თვალებით მამის მკერდზე იხილა წითელი ჯვარი (ბერძნები მონაზვნის სქემაზე წითელ ჯვარს ქარგავენ) ანგელოზის სქემისა. საეროდ ჩაცმული მამა მიხვდა, რაც დაინახა ბავშვმა. ვერ გაუძლო სინდისის მხილებას, დაბრუნდა ათონზე თავის მონასტერში და ძმებს მისცა მაგალითი სინანულისა. ღმერთმა დაამოწმა, რომ შეიწირა მისი სინანული, მისი სულიერი წამოდგომა. ეს მონაზონი, მამა მაკარი გრიგორიატელი, 1975 წელს გარდაიცვალა. მისმა სხეულმა მირონი წარმოადინა.
* ერთი ახალგაზრდა ბერი მოხუცებულ მთაწმინდელ მამას სალონიკში გაჰყვა სამედიცინო გამოკვლევაზე. ზაფხული იდგა, ირგვლივ გაშიშვლებული ქალები დადიოდნენ. მათი ცქერით ვნებებიც შევიდა ბერში და ბიბლიური ონანის ცოდვა გაიმეორა. დაბრუნდა ათონზე, აღსარება თქვა, მაგრამ სიმშვიდე ვერ პოვა. გააკეთა ვეებერთელა ჯვარი, რომელსაც ძლივს სწევდა, თოკებით ზურგზე მოიკიდა და ორმოცი დღის განმავლობაში მისი მონასტრიდან ორი კილომეტრით დაშორებულ მწვერვალზე ბილიკით ეკვდერში ადიოდა და უკანვე ბრუნდებოდა. ამას შუადღისას აკეთებდა, როცა სხვა ძმები საქმეების შემდეგ ისვენებდნენ. მეორმოცე დღეს მოიხსნა ჯვარი, მიაყუდა კედელზე და წარმოთქვა დავითის სიტყვები: "უფალო! იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევე შეცოდებანი ჩემნი". სულში სიმშვიდე იგრძნო და მიხვდა, რომ ღმერთმა აპატია ცოდვები.
* ღირსი იოსებ მღვიმელი (ათონელი) წერდა: "მართალი თუნდაც ათასჯერ დაეცეს, არ კარგავს კადნიერებას, კვლავ წამოდგება, მოიკრებს ძალას და უფალი მას გამარჯვებად ჩაუთვლის. მაგრამ გამარჯვებას არ აჩვენებს, რომ არ გაამაყდეს, დაცემას კი თვალთა წინაშე წარმოუდგენს, რათა ხედავდეს, იტანჯებოდეს და დამდაბლდეს".