სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
12 მარტი. შევუარე ჩვენს "ფრიად ბრძენს" და ვკითხე:
- როგორ გადარჩეს სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი? კაცთა მოდგმა სულ ნიშსა და სასწაულს ეძებს. ნიშ-სასწაულნი კი დღეს უფრო მარცხენა მხრიდან ხდება, ვიდრე მარჯვნიდან: ტყუილად კი არ გავრცელდა ხლისტობა თვით მაღალ საზოგადოებაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასგვარ ოკულტურ საზიზღრობაზე, რომელიც მეცნიერების დონეზეც კი არის აყვანილი. სად ვიპოვოთ საზომი იმის განსაზღვრისთვის, თუ რა არის ღვთისგან და რა - მატყუარად ცნობილი ეშმაკისაგან?
- ეჰ, ჩემო საყვარელო! განა ვერ ამჩნევთ მთავარ განსხვავებას ერთი მხრივ ღვთის საქმის მუშაკთა და მეორე მხრივ ეშმაკის მსახურთა შორის? თავმდაბლობა და მორჩილება - სიამაყე და თვითნებობა - აი, ურთიერთსაპირისპირო დამახასიათებელი სული ორივე მხარისა. თუ გსურთ ყური მიუგდოთ ამ განცხადებულ საიდუმლოს, ქრისტიანისთვის სრულიად ხელმისაწვდომს, მაშინ ესწრაფეთ, შეისწავლოთ უდიდესი წიგნი, "სათნოებათმოყვარეობად" წოდებული. აქ თქვენ იპოვით იმას, რაც დააკმაყოფილებს თქვენს ცნობისმოყვარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სულიერი მოღვაწეობისთვის საჭიროა გამოცდილი ხელმძღვანელი, როგორსაც საეკლესიო მწყემსობისა და მოძღვრობის გალავანს იქით ვერ იპოვით, რამეთუ გალავანს იქით ყველა ქურდია და ავაზაკი. თქვენ დაგაფრთხოთ შავი მაგიის "პროფესორ" ბეკერის მოწაფის მაგალითმა, რომელიც თითქოსდა ეშმაკებს განდევნის. დაუპირისპირეთ მას მეორე მაგალითი, მართლმადიდებლური მოძღვრობის (ბერდიდობის) ამაღორძინებლის, არქიმანდრიტ პაისის (ველიჩკოვსკი) მესაიდუმლე, მღვდელმონაზონი მამა კლეოპა. აი, რა მსურს მოგითხროთ მასზე: ათონიდან რუსეთში დაბრუნებული კლეოპა მეუფე სილვესტერს (სტაროგოროდსკი) მიეახლა. ამ ეპისკოპოსს პირადად იცნობდა დიდებული თავადი პოტიომკინი. მან უთხრა ეპისკოპოს სილვესტერს:
- ნახეთ, მოლდავეთში რა დიდი მამები არიან! მაღალსულიერი ცხოვრების მქონენი, პატივცემულნი! ჩვენში არ არიან ასეთნი!
- არა, აქაც არიან, ოღონდ არ ჩანან, - უპასუხა ეპისკოპოსმა.
- მაგალითად, ვინ?
- თუნდაც კლეოპა.
- მომიყვანეთ, - ბრძანა პოტიომკინმა.
ეპისკოპოსმა უთხრა, სადაც უნდა ეძებნათ: ვაჭარ მატვეევის სახლში მუდამ სუფრა იყო გაშლილი მწირთათვის. კლეოპაც მასთან ცხოვრობდა. ეპისკოპოსმა კარეტა გაუგზავნა. კლეოპას მასში ჩაჯდომა არ სურდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.
- მეუფეო, ეს ბერიკაცი თქვენ მომათრიეთ აქ? - უთხრა მღვდელმთავარს.
დაიწყეს საუბარი. მოეწონა პოტიომკინს. სურდა დედოფლისთვის ენახვებინა. მაგრამ კლეოპა მაშინვე თავის ოპტის უდაბნოში წავიდა. გზად ვიღაც ჯარისკაცმა სასტიკად სცემა. კლეოპას ნაცნობმა ოფიცერმა მისი დასჯა მოისურვა, მაგრამ ღირსმა მამამ გააჩერა:
- ხელს ნუ ახლებთ: ღმერთმა უბრძანა! კლეოპა, ნუ გაამაყდები, კარეტით თუ იმგზავრე და სასახლეში იყავი!
კლეოპა ერთი ხანობა ტყეში ცხოვრობდა. ჰყავდა ორი მოწაფე: ლუკა და მათე. პური შემოაკლდათ. მოწაფეებმა სთხოვეს: - მამაო, გაგვიშვი სოფელში პურის სათხოვნელადო!
- დაიცადეთო, - კლეოპამ.
მეორე დღეს კვლავ გაშვება სთხოვეს - კუჭი გვიხმებაო. მან - ხვალე გაგიშვებთო.
მესამე დღეს, საღამოს, ეტლით ვიღაც კაცი მოვიდა და კლეოპა იკითხა. ყველაფერი მოიტანა: ხორბლის და ჭვავის ფქვილი, კარაქი, ზეთი, ბურღული. გაკვირდნენ მოწაფენი - როგორ მოგვაგნო, აქ ხომ გზა არ არის, უღრანი ტყეა, თანაც კერძო საკუთრებააო.
აი, კიდევ ერთი სახასიათო ამბავი მისი ცხოვრებისა. მამა კლეოპა წინამძღვარი იყო. ერთი მღვდელმონაზონი ჰყავდა, ძალზე უბრალო. მოსკოვში საყიდლებზე გაგზავნა. იქ ცხენები წაართვეს. წამოვიდნენ ქურდები მოსკოვიდან. გზად დასასვენებლად, ისე, რომ არ იცოდნენ, კლეოპას მონასტერში შეჩერდნენ. ბერებმა იცნეს ცხენები და ჰკითხეს: - საიდან წამოიყვანეთ, ეს ხომ მონასტრის ცხენებიაო! მიიყვანეს მამა კლეოპასთან.
- დამნაშავე ვართ, მოვიპარეთო, - გამოტყდნენ ქურდები.
- ღირსები ხართ, სასამართლოს გადაგცეთ... რაო, გიჭირთ?
- ძალიანო.
- მაშინ ერთი ცხენი წაიყვანეთ!
აი კიდევ ორი შემთხვევა:
გენერალ-გუბერნატორმა ვორონცოვმა მამა კლეოპას კაცი გაუგზავნა: ჰკითხეთ, რა სჭირდება, მიწა თუ თევზსაჭერი ტბორიო.
- თაყვანი ეცით გენერალ-გუბერნატორს. მადლობა გადაუხადეთ კეთილი სურვილისათვის. უთხარით, რომ მე სამი არშინი მიწა მჭირდება. ჩვენ ამდენი გვაქვს. თევზს კი მეთევზეებისგან ვყიდულობთ.
ერთ ვაჭარს სურდა, მონასტრისთვის ქვის გალავანი შემოევლო, 30000 მანეთს აძლევდა.
- მადლობა გადაუხადეთ. ააშენოს, თუ ასე უნდაო, - მამა კლეოპამ.
ვაჭარს ეწყინა და ფული საროვის უდაბნოს გადასცა. მამა კლეოპა მაშინ სანაქსარში იყო.
ერთხელ მამა კლეოპასთან სავანეში ერთმა მორჩილმა თქვა, აშკარად საოცარი ხილვა მქონდაო. მამა კლეოპამ მისი გამოცდა ბრძანა. ბერებს გაალანძღინა. შეწუხებულმა ბერმა ვერ დაითმინა და მამა კლეოპას შესჩივლა: "აქ ცხოვრება აღარ შემიძლია, შეურაცხმყოფენო!"
- როგორ ამბობ, ხილვები ვნახეო, როცა მოთმენა არ შეგიძლია? შენ, ძმაო, ეტყობა, ხიბლში ხარ. თავქვეშ საწოლზე ქვები გიწყვია, მარხულობ, ცარიელ მიწაზე წევხარ. "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა", - თქვა უფალმა. ნიშ-სასწაული აუცილებელი არ არის, - უთხრა მამა კლეოპამ.
...აი, რა ვისწავლე დღეს ჩვენს "ფრიად ბრძენისგან". უბრალო ამბავია, ყველასთვის გასაგები და გულშემმუსვრელი! აი, ის სამონასტრო მეცნიერება, რომელზეც იზრდებოდა რუსეთის სამეფო, ანტონიდან და თეოდოსიდან მოყოლებული.
და როგორი აშკარა განსხვავებაა სატანის მსახურსა და ჭეშმარიტი სიმართლის შვილებს შორის.
***
დღეს მოვიდა ჩემთან მამა თეოდოსი და რვეულით დიდი ოპტელი არქიმანდრიტის, მოსეს ცხოვრების შესახებ ჩანაწერები მომიტანა: - ნახეთ, დასაბეჭდად თუ გამოგადგებათო.არ ვიცი, ეს ჩანაწერები ვის მოჰგვრის ცრემლს, მე კი ვაღიარებ, რომ მისი წაკითხვისას ავტირდი. ჩაუწერიათ სქემმონაზონ ანტონის მონათხრობის მიხედვით.
"ჩვენთან ერთი ერის მღვდელი გამოგზავნეს. ძალზე სუსტი და შფოთიანი კაცი იყო. რომელიღაც დღესასწაულზე ლიტურგიას არქიმანდრიტი მოსე ატარებდა. კვეთისას ჩვენთან საკურთხეველში ძმები შემოდიან, სამკვეთლოდან მოსახსენებლებს იღებენ და მას საკურთხეველსა და მარცხენა კლიროსზე კითხულობენ. ეს მღვდელი საკურთხეველში სხვებთან ერთად შევიდა და მოსახსენებელი აიღო. მაგრამ წიგნაკთან ერთად სამკვეთლოდან ორგრივნიანიც გააყოლა (მოხსენებისთვის შეწირული) და ჯიბეში ჩაიდო. ბერდიაკონმა ეს შეამჩნია. წირვის დასრულების მერე არქიმანდრიტს მოუყვა, თუ რა ქნა ამ მღვდელმა.
- კიდევ დიდხანს უნდა ვუთმინოთ, მამაო? - ცხარობდა ბერდიაკონი, - ასეთი რამ რამდენჯერ შევამჩნიეთ. რამდენჯერ მოგახსენეთ ამის შესახებ! ფული კი არ არის მთავარი, არამედ საცთური. ემზადები წმინდა საიდუმლოს შესრულებისთვის და ასეთ დამაბრკოლებელს ხედავ.
- ძალიანაც კარგი, რომ შენ დაიწყე, დიდი ხანია მსურდა ამაზე მესაუბრა... კარები ჩაკეტე!
და დაიწყო:
- მე უკვე ვუთხარი ამ საცოდავს თავის უძლურებაზე, ვესაუბრე მამობრივად, მაგრამ გონს ვერ მოვიდა. ვუთხარი ხელმწიფებითაც, როგორც უფროსმა, და ესეც არ მოქმედებს... აქ მე ასეთი რამ დავინახე: სახელგანთქმულია ჩვენი სავანე. უფროსობაც გვწყალობს. თუკი რამ გვჭირდება, უფალი იმასაც გვიგზავნის და იმაზე მეტსაც, რათა მოყვასს დავეხმაროთ. დასათმენი კი, როგორც ხედავ, არაფერი გვაქვს და არც არავისგან დავითმენთ. მაგრამ ხომ გახსოვს, უფალმა გვამცნო, რომ მისი უღელი ვიტვირთოთ. კაცს კი უღელი უცილობლად სჭირდება, თორემ უმისოდ არ ვიქნებით ჩვენი უფლის მიმდევარნი და რისთვის დაგვადგამს გვირგვინს? და ამგვარ ადამიანებს გვიგზავნის, როგორც უღელს: ჩვენ ეს უღელი თვით უფლისა და მისი ჩვენდამი მოწყალების გამო უნდა ვიტვირთოთ, უნდა დავითმინოთ ჩვენი ძმის უძლურებანი. თვით უფალი უთმენს მას და ჩვენ რატომ არ უნდა მოვუთმინოთ? ის ხომ უცხო არ არის, ჩვენი ძმაა. გახსოვდეს ეს! მის უძლურებას არ უნდა ცქერა, ვინაიდან ღმერთი ძლიერია: მას ძალუძს ხვალ იგი წამოაყენოს და მისგან წინასწარმეტყველი შექმნას. გახსოვს მოციქული პავლე? მდევნელი, უფალმა თავის მოციქულთა შორის უპირველესი გახადა. ასე რომ, დაცემულს ნუ მოიძაგებ. ის შენს თვალშია დაცემული, თორემ ღვთის გამორჩევით, შესაძლოა უპირველესი მარცვალია მის ბეღელში. განა უნდა დავუშვათ მისი სულის დაღუპვა?
ერთხელ ჩვენთან საძმოში ერთი არქიმანდრიტი გამოგვიგზავნეს - მსახურება ჰქონდა აკრძალული. მამა მოსემ იგი ძმური სიყვარულით მიიღო, მიუალერსა, დაამშვიდა. მერე კი უთხრა:
- შენ, რა თქმა უნდა, იმ ბრძანების შინაარსი იცი, რითიც აქ გამოგაგზავნეს.
- როგორ არა, ვიცი.
შემდეგ კი ამ არქიმანდრიტმა დაიჩივლა, თუ როგორ უმძიმდა გახმაურება იმ ამბისა, რომ მღვდელმოქმედება ჰქონდა აკრძალული.
- კარგი, - უთხრა მამა მოსემ, - ასე მოვიქცეთ: რიგის მიხედვით შენი მსახურების კვირის დადგომის დღეს კაცს გამოგიგზავნი იმის სათქმელად, რომ შემდეგ კვირაში იმსახურო, მაგრამ ავადმყოფობას მოიმიზეზებ და უარს მეტყვი.
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ითქვა. ამგვარად, თავმოყვარეობაც არ შეილახა და საიდუმლოც შეინახა. მხოლოდ მამა მოსეს სიკვდილის შემდეგ, მისი საიდუმლო საბუთების დათვალიერებისას გამოცხადდა ეს საიდუმლო.
როცა ეპიტიმიადადებული არქიმანდრიტი განთავისუფლდა ჩვენი მონასტრიდან და მამა მოსეს სიკვდილი შეიტყო, საგანგებოდ ჩამოვიდა ოპტაში მისთვის პანაშვიდის გადასახდელად და როგორც ახლობელი, ისე დაიტირა.