მოძღვრის თავმდაბლობამ მაყვედრებელ შვილსაც გული მოულბო
"ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ", - ასე კადნიერად უსაყვედურა დიდმა აკაკიმ იმ გულგრილ საქართველოს, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი სულიერი მამა.
ვერც მაშინ, როცა ჟურნალ "მოგზაურში" ცილისწამებები იბეჭდებოდა წმინდა ილია მართალზე და მისი პასუხი მისმა პირმშომ "ივერიამ" არ დაბეჭდა; არც მაშინ, როცა დღევანდელი ფსევდოდემოკრატების სულიერმა წინაპრებმა დაახალეს ტყვია... მწარეა ეს სიტყვები, რომლის წარმოთქმის უფლება ალბათ მხოლოდ აკაკის ჰქონდა...ვაჟა-ფშაველას ჩუმი საყვედურიც გვახსენდება სამშობლოს მიმართ, როცა გიორგი სააკაძის მწარე ხვედრით შეწუხებული მიმართავდა საქართველოს:
"თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს,
ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?
ცრემლები მაღრჩობს, ვეღარას ვამბობ;
კარგის დაღუპვა რად გვენატრება,
ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება.
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება!.."
* წმინდა იოანე კრონშტადტელის სახლის მეზობლად ვაჭარ პეტროვს მცირე ფარდული ჰქონდა. მასთან ყოველდღიურად შედიოდა წმინდა იოანე, ფულს წვრილ მონეტებად ახურდავებდა და ურიგებდა ფარდულთან თავშეყრილ გლახაკებს. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი. შეწუხდა პეტროვი, ცალკე ამ ფულის დახურდავებით დაიღალა, ცალკე კი იმ გლახაკთა ცქერით, რომლებიც მყიდველებს ფარდულში შემოსვლაში ხელს უშლიდნენ. ასე ფიქრობდა ის, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა კარგად მისდიოდა.
ერთხელ წმინდა იოანე ჩვეულებისამებრ შევიდა ფარდულში და ოცმანეთიანის დახურდავება სთხოვა. ვაჭარს ბევრი მყიდველი ჰყავდა. ხურდა თვითონაც სჭირდებოდა, მაგრამ რა ექნა, ნახევარი საათი მოუნდა ფულის კაპიკებად დახურდავებას. გულში კი ჰყვედრიდა მამა იოანეს - სხვაგან წასულიყავი, ჯობდაო. მამა იოანე თითქოს მიუხვდა ფიქრს, საყვედურით შეხედა და უსიტყვოდ გამოვიდა.
ამის მერე წმინდა იოანე ამ ვაჭრის ფარდულში აღარ შესულა. გავიდა თვე. ვაჭარმა შეამჩნია, რომ მისმა შემოსავალმა საგრძნობლად იკლო, ბოლოს, ლამის ფარდული დასაკეტი გაუხდა. ერთხელ, თავის გასაჭირს მეგობარს რომ შესჩიოდა და მიზეზებს ეძებდა, მეგობარმა ჰკითხა: - რატომ აღარ დადის შენთან მამა იოანე, ხომ არაფერი აწყენინეო. მიხვდა კაცი თავის შეცდომას, ჩაუვარდა მუხლებში მამა იოანეს და შენდობა სთხოვა. წმინდა იოანემ კვლავ დაიწყო მის ფარდულში სიარული. ამის მერე პეტროვს ხელი მოემართა.
* სამშობლოსა და მეფის სამსახურში მრავალწლიანი შრომის შემდეგ ერთი დიდებული ბერად აღიკვეცა. მამა ანტონმა (ასე ერქვა) ერთხელ იერუსალიმი მოილოცა და ათონზე მობრუნებული გზად პატმოსის კუნძულზე, მონასტერში შეჩერდა. თავის მორჩილს, ნიკიტას უბრძანა, ხვალ დილაადრიან მოდი და მალამო მომიტანეო. გათენდა, მოშუადღევდა, ნიკიტა არ ჩანდა. როგორც იქნა, გვიან გამოჩნდა. როცა მალამოს აწვდიდა, მამა ანტონმა მდაბლად უსაყვედურა: - ღმერთის როგორ არ გეშინია, ძმაო, მე ხომ გთხოვე, მალამო მოგეტანა, შენ კი როდის მოხვედიო. შენ ხომ ვერაფრით გასიამოვნებს კაციო, - შეუყვირა გაფიცხებულმა ნიკიტამ. უეცრად მამა ანტონი ფეხებში ჩაუვარდა: - შემინდე, ღვთის გულისთვის, რაც გაწყენინე, ძმაოო. მოძღვრის თავმდაბლობამ მაყვედრებელ შვილსაც გული მოულბო, ჩაუვარდა მუხლებში და მანაც შესთხოვა შენდობა.
* ბერად აღკვეცა მოისურვა ანდრია ბულისკირიამ (შემდგომში ბერი გიორგი), გამოუტყდა კიდეც დედას, რომელსაც მისი დაქორწინება სურდა. დედამისი კივილითა და თმის გლეჯით მოთქმა-გოდებას მოჰყვა და მკვდარივით დაიტირა შვილი. ევედრებოდა, - ისე ნუ მომკლავ, შენი შვილები არ ჩავიკრა გულშიო. შვილი უკან არ იხევდა. ქალი შეშლილობის მსგავსმა რისხვამ შეიპყრო - ჩემი ხელით დავახრჩობ ამ უმადურსო. შვილი ხმას არ იღებდა. დედამ სასტიკად დაწყევლა და შეაჩვენა ანდრია. პასუხად შვილმა მხოლოდ თაყვანი სცა და იმავე ღამეს წავიდა თავის მოძღვართან, წმინდა ალექსისთან (შუშანია).
* 1993 წელს, აღდგომა ღამეს, ოპტის მონასტერში სატანისტმა სამი ბერი მოკლა, მათ შორის მამა ტროფიმე. მისი სიკვდილი დიდად განიცადა ღვიძლმა დამ, ელენემ. მამა ტროფიმე ერთხელ გამოეცხადა და თავისი მანტია მოახურა დას, ამან ის დაამშვიდა, მაგრამ ელენე უფრო ხშირად ძმას გაბრაზებულს ხედავდა. ერთხელ ტროფიმე მწუხარებით გატანჯული იხილა: "დავიღალე თქვენზე ლოცვით, თქვენ გამო მთელი შინაგანი დავიგლიჯე, თქვენ კი მაინც არ მიდიხართო". ამ საყვედურის მერე ელენემაც ირწმუნა ღმერთი, წავიდა ტაძარში, ეკლესიური გახდა, მას კი მთელი ნათესაობა მიჰყვა.
* ათონზე, კარიესის ახლოს, ორი რუმინელი ბერი ცხოვრობდა. ერთი მათგანი მძიმედ დაავადდა, მეორეს კი მოვლა ეზარებოდა და წმინდა პანტელეიმონს დაჟინებით სთხოვა: "ან მალევე განკურნე, ანდა იმ ქვეყანაზე წაიყვანეო". გულში კი ძმას მცირე ზრუნვასაც აყვედრებდა. გამოეცხადა წმინდა პანტელეიმონი და უთხრა: "აბა, რას მევედრები? შენ სათნოებებს მოკლებული ხარ, ძმაზე ზრუნვით კი ღვთისაგან დიდ ჯილდოს მიიღებო". ამ ხილვამ გონს მოიყვანა მაყვედრებელი ბერი, უფრო მეტად ზრუნავდა ძმაზე და ღმერთს შესთხოვდა, დიდხანს მიცოცხლეო.
* დიდი სათნოებაა საკუთარი თავის ყვედრება. წმინდა მოსე შავი დიაკვნად აკურთხეს და ოლარი გადასდეს მხარზე, ეპისკოპოსმა უთხრა, - სრულიად განსპეტაკდი, მამაოო. მოსემ უთხრა: "მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად ისევ შავი ვარო". მღვდელმთავარმა მისი გამოცდა გადაწყვიტა. როცა მოსე სხვა მამებთან წირვაზე დადგა, მღვდელმთავრის ბრძანებით, მამებმა იგი ეკლესიიდან გააგდეს, - ინდოელო, აქ რას მოსულხარო. მოსემ საკუთარ თავს ყვედრება დაუწყო: - კარგად მოგექცნენ, ნაცრისფერკანიანო, არარაობა ხარ და კაცივით კაცებს შეუერთდიო. ჩუმად გადევნებულმა ძმებმა მისი ნათქვამი ეპისკოპოსს მიუტანეს. მან იგი საკურთხეველში დააბრუნა.
* გარეჯელ ბერ მამა არსენ მმარხველზე მოგვითხრობენ, დღეგამოშვებით ტრაპეზობდაო. ერთ დღეს, სადილობისას, ვიღაცამ პურის მოტეხა სთხოვა. საყვედურით გაიფიქრა ბერმა: "გუშინ პური არ მიჭამია, ხვალაც მშიერი უნდა ვიყო, აბა, ეს მცირე ნატეხი რას მიზამსო?!" მაგრამ მაშინვე მიხვდა ეშმაკის განზრახვას. ჩუმად გავიდა გარეთ და პურის ნატეხი ძაღლს მიუგდო, თვითონ კლდის ნაპრალში შევიდა, სცემდა საკუთარ თავს და აყვედრიდა: "ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო, არა გრცხვენია, რომ ძაღლი შენზე უკეთესი გამოდგა: მან უდრტვინველად მიიღო პური, შენ კი მის სიმცირეზე ჩიოდი. ამიტომაც, ბოროტო მუცელო, არც დღეს და არც ხვალ პურს არ მოგცემ და ქრისტეს მადლით წესიერებას გასწავლიო". საკუთარი თავის ყვედრებით, მარხვითა და მოთმინებით სძლია სისუსტეს.
* რვა წელს სამშობლოდან შორს იყო წმინდა ვახტანგ მეფე. უკან მობრუნებულს შვილი, დაჩი და დიდებულები მიეგებნენ. მათ შორის არ იყო მიქელ ეპისკოპოსი. მას გაეგონა, რომ ვახტანგ მეფეს ბიზანტიაში ხალხი გაეგზავნა, პონტოდან პეტრე მღვდლისა და სამოელ მონაზვნის წარმოვლენა, ერთის - კათალიკოსად, მეორის - ეპისკოპოსად კურთხევა ეთხოვა და აყვედრა: ქრისტე დაგიტევებია და ცეცხლსა სცემ თაყვანსო. მეფე ეფიცებოდა, - უბრალო ვარო და მიეახლა მღვდელმთავარს. გადმოვიდა სახედრიდან, რათა მიქელს ფეხზე მთხვეოდა. მან კი ფეხი გაჰკრა და კბილები ჩაუმტვრია. ამხილა მეფემ იგი შურსა და ვერცხლისმოყვარეობაში და თავისი მაყვედრებელი ეპისკოპოსი განსასჯელად კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა. მან კი აყვედრა მიქელს: "ვინაიდან შენს მიერ სისხლი დაითხია, ღირსი აღარა ხარ ეპისკოპოსობისა და მეფისთვის ამის კადრებისთვის სიკვდილს იმსახურებო". შემცოდე მღვდელმთავარი მღვიძარეთა მონასტერში გაგზავნეს, სადაც მკაცრი ტიპიკონი ჰქონდათ.
* გარეჯის უდაბნოში ერთი ვეებერთელა გველი (ვეშაპი) ბინადრობდა, რომელმაც მამა დავითის მიჩვეულ ირემს ნუკრი შეუჭამა. წმინდა დავითი მივიდა მასთან რისხვით და იქაურობის დატოვება უბრძანა. გველმა კი, უფრო სწორად, მასში ჩაბუდებულმა ეშმაკმა, ადამიანის ხმით სთხოვა, ნუ შემრისხავ და თუ გინდა, აქედან წავიდე, გამომყევი ამ მთის თავამდე და აღმითქვი, რომ თვალს არ მომაშორებ, ვიდრე მდინარეში არ შევალ. თორემ ვაითუ ღმერთმა დამწვას შენი შეწუხებისთვისო. აღუთქვა წმინდა დავითმა. გამოვიდა გველი ბუდიდან, ისეთი საზარელი სანახავი იყო, რომ წმინდა დავითის მორჩილი ლუკიანე შიშით მიწას დაემხო. წმინდა დავითი გაჰყვა მთამდე და თვალს არ აშორებდა. საცაა გველი მდინარეში შეცურდებოდა. უცებ უფლის ანგელოზმა უკნიდან დაუძახა: დავით! ღირსმა მამამ მოიხედა და სწორედ ამ დროს მეყსეულად მეხი დაეცა გველს და მოსწვა. შეწუხდა მამა დავითი, საყვედურით შეღაღადა ღმერთს: "უფალო, უფალო! რატომ ჰქენ ასე! რატომ მოკალი გველი, რომელიც ასე სასოებით მომენდოო". უფლის ანგელოზმაც მდაბლად უსაყვედურა: რატომ შეწუხდი, კაცო ღვთისაო? განა არ იცი, რომ გველი წავიდოდა და მრავალ ადამიანს დაღუპავდა? ღმერთს უნდოდა მაგის მოკვლა. შენ კი დაბრუნდი შენს მღვიმეში, სადაც მოწაფე შენი ლუკიანე შიშით მიწას დამხობია, წამოაყენე და ნუგეში ეცი. ამ პირუტყვისა და ბოროტი მხეცის ნაცვლად პირმეტყველთა და სულიერთა შვილთათვის იზრუნეო.
* როცა მამა იაკობ ევბეელი პროსკომიდიისას სეფისკვერს კვეთდა და მიცვალებულებს იხსენიებდა, ღვთის მადლით ხშირად ხედავდა, რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ისინი. ერთხელ გარდაცვლილი დედის მოხსენიება დაავიწყდა. დედა გამოეცხადა და უსაყვედურა: "შვილო, როგორ მოხდა, რომ დღეს ყველა დააჯილდოე, მე კი დამივიწყეო".
* ერთხელ მამა იოსებ ათონელის კალივის სიახლოვეს უწესრიგობის მოთავე ბერები დასახლდნენ. მამა იოსები გამოსავალს ვეღარ ხედავდა. მოწაფეებს ის არ ირჩევდა, ყველას თანაგრძნობით იღებდა, ვისაც ერთი შეხედვით მყუდროება და სულიერი ცხოვრება სურდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე სხვანაირად შეტრიალდა. ეს ხალხი სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა მამა იოსებს და მის თანამოსაგრე მამა არსენს სულიერ ღვაწლში და არ ესწრაფოდა სარგებელს. შეწუხებული მამა იოსები ღმერთს შეწყალებას სთხოვდა. უეცრად იხილა, რომ მისი ვიწრო კელიის სახე შეიცვალა და ზემოდან უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩამობრძანდა თავის ჯვართან ერთად. მის წინ გაჩერდა და მშვიდად უთხრა: "ხედავ, რა დავითმინე თქვენ გულისთვის, თქვენ კი ასე ადვილად იღლებით?"
მამა იოსები მის წინ დაემხო და აცრემლებულმა შეღაღადა: "უფალო, შეგვეწიე ჩვენ, ცოდვილებს, და ნუ მიგვატოვებო". ამ ხილვის შემდეგ საცთურები შეწყდა, ვინც შეძლო მათთან დარჩენა - დარჩა, ვინც ვერა და - ნელ-ნელა თვითონ განშორდა.
* არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) ჰყვება: "ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი... სიონის საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი მღვდელმთავარი აღავლენდა წმინდა მეფე თამარის სავედრებელ პარაკლისს. ამ დროს შემობრძანდა მამა გაბრიელი (ურგებაძე). მღვდელმთავრის გვერდით დადგა, ტაძარში მყოფთ თვალი მოავლო, ეტყობა, წმინდანის მიმართ მოწიწება ვერ დაინახა, ავიდა ამბიონზე და მრევლს შესძახა: "დაიჩოქეთ, როგორ დგახართ ამხელა წმინდანის წინაშე სავედრებელი პარაკლისის დროს?!" მრევლმა მაშინვე დაიჩოქა, თვითონაც მუხლებზე დაეცა, ტირილითა და გოდებით დაიწყო მოთქმა: "გიშრისფერი გაშლილი თმით, ფეხშიშველი მიუძღოდა ჯარს წინ. მარხულობდა, დღედაღამ ლოცულობდა, რომ გაემარჯვებინა მტერზე..."
თითოეულმა ჩვენგანმა შევიგრძენით, რამხელა მოწიწებით უნდა გველოცა წმინდა თამარ მეფეზე. "თქვე წუწურაქებო, მუხლის მოდრეკაც არ გინდათ?!" - შემოგვძახა. მამა გაბრიელი კიდევ დიდხანს გოდებდა, შემდეგ წამოდგა, აღასრულა დიდი მეტანია და ემთხვია წმინდანის ხატს. მრევლმა საოცარ სიჩუმეში განსაკუთრებული მოწიწებით გაიმეორა იგივე.
ასე აღსრულდა სიონის ტაძარში პარაკლისი და ზეთის ცხება".