სული სიბრძნისა ღვთის ნიჭია უდიდესი
* წმინდა პეტრე დამასკელი ბრძანებდა: "არა მხოლოდ ცოდვის ქმნის გამო უნდა ეშინოდეს კაცს ღმრთისა
, არამედ იმიტომაც, რომ ღმერთს უყვარს იგი, მას კი არ უყვარს უფალი და უღირსად იღებს მისგან სიკეთეს". წმინდა მაქსიმე აღმსარებელი კი გვასწავლის: "ღვთის შიშის სული არის თავშეკავება ბოროტ საქმეთაგან". "სინანულით განწმენდის საზომისაებრ შევიგრძნობთ ღვთის სიახლოვეს, ღვთის სიახლოვის შეგრძნებიდან კი იშვება წმინდა შეგრძნება ღვთის შიშისა", - გვასწავლის წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი). "არასოდეს გეშინოდეს სასჯელის, გეშინოდეს სასჯელის წარმომშობი ცოდვისა", - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.* რა არის ღვთის შიში? გეშინოდეს, მცირედითაც არ ატკინო გული უფალს.
კაბაშემოსილი ახალგაზრდა მორჩილის, მამა პლატონის კელია სკიტის სიახლოვეს იყო. ერთხელ პლატონმა ცისკრის ზარების რეკვა ვერ გაიგონა და ლოცვაზე დააგვიანა. როცა ტაძარში მოვიდა, სახარება წაეკითხათ და კანონს ლოცულობდნენ. პლატონს შერცხვა - სვეტს ამოეფარა და ტირილი დაიწყო. დამთავრდა ლიტურგია, ძმები ტრაპეზზე შეიკრიბნენ და პლატონი არ ჩანდა. წინამძღვარმა ეს შეამჩნია და მამა ათანასე გაგზავნა მის მოსაძებნად. მამა ათანასემ ძლივს იპოვა პლატონი და ძალისძალად წამოიყვანა. პლატონი, როცა დაინახა სატრაპეზოდ მჯდარი წინამძღვარი და ბერები, უფრო დაიბნა, დაემხო მიწაზე, თან მწარედ ტიროდა. გულამომჯდარმა ვერ უთხრა წინამძღვარს ტირილის მიზეზი, ისევ მამა ათანასემ აუხსნა. ამის მომსმენმა ძმებმა ამოიოხრეს და დადუმდნენ. პლატონმა პირში ლუკმა ვეღარ ჩაიდო, ტრაპეზის მერეღა შეჭამა რაღაც. სანამ ძმები ტრაპეზობდნენ, წინამძღვარი მათ უქადაგებდა, რომ ისეთივე მხურვალე რწმენა, სიყვარული და შიში ღვთისა მოეპოვებინათ, როგორიც ამ ახალგაზრდა მორჩილს ჰქონდა. ეს ახალგაზრდა შემდგომში დიდი მამა პაისი (ველიჩკოვსკი) გახლდათ.
* ღვთის შიშისა და ღვთის სიბრძნის ნიჭებით აღსავსე იყო ლაკედემონელი ეპისკოპოსი თეოფანე. მის ეპარქიაში ერთი ქრისტიანი გარდაიცვალა. მესამე წელს გახსნეს მისი საფლავი და სრულიად გაუხრწნელი იხილეს. მიხვდა მღვდელმთავარი, რომ ამ კაცს რაღაც ცოდვა ჩაედინა. ეპისკოპოსმა მისი თანასოფლელები მოიწვია, რომელთაც უნდა მოეთხროთ გარდაცვლილზე და თან შენდობა მიეცათ. ერთმა მათგანმა უარი თქვა, მიზეზი ჰკითხეს. "მე მაგაზე ათასჯერ ღარიბს, პანერაცი (სპილენძის ჭურჭელი, ცხვრის მოსაწველი) გამომართვა და აღარ დამიბრუნაო. მღვდელმთავრის ჩარევით, იმ კაცის ნათესავებმა პანერაცი პატრონს დაუბრუნეს. კაცი კი მივიდა მიცვალებულთან და უთხრა: - ახლა კი გაპატიოს ღმერთმაო და უეცრად გარდაცვლილის გახრწნილი სხეული ყველას თვალწინ დაიშალა. ამ სურათის დანახვამ შეაძრწუნა ეპისკოპოსი - თუ ერთი უბრალო ჭურჭლის გამო ასე განიკითხეს ის კაცი, მე როგორღა გავიმართლებ თავს, როცა ათასობით სულზე ვზრუნავ, რა იქნება, თუ მათგან რომელიმე დაიღუპება? მართლაც სახიფათოა ჩემი მდგომარეობა და უდიდესია პასუხისმგებლობაო. მან ჩუმად დატოვა კათედრა, ათონის მთაზე დასახლდა და უბრალო ბერივით ცხოვრობდა იმ დრომდე, ვიდრე ღმერთმა არ გამოაჩინა მისი მღვდელმთავრობა.
* სული სიბრძნისა ღვთის ნიჭია უდიდესი. ომირიტის მთავარმა დუნაანმა თავის ქვეშევრდომთა იუდაიზმზე მოქცევა მოისურვა. მან ბრძანა ურჩთა მოწყვეტა. წმინდა არეთისა (მისი ხსენება ძვ. სტ. 14 ოქტომბერსაა) და სხვა მოწამეებთან ერთად იყო ერთი ქრისტიანი ქალიც. ხელთ თავისი 5 წლის ვაჟი ეპყრა. ქალი ხმამაღლა განიკითხავდა მთავარს და ღმერთს მის დასჯას სთხოვდა. დუნაანმა მისი ცოცხლად დაწვა ბრძანა. ატირდა ქალის პატარა ვაჟი. ჩაუვარდა მუხლებში თავადს და დედის განთავისუფლება სთხოვა. დუნაანმა ბავშვი მუხლებზე დაისვა და ალერსით ჰკითხა:
- ვინ უფრო მეტად გიყვარს, დედა თუ მე?
- რა თქმა უნდა, დედაჩემი, მის გამო მოვედი შენთან, მასთან ერთად სიკვდილი მირჩევნია უმისოდ ცხოვრებასო.
- დარჩი ჩემთან, ჩემო მეგობარო, და საუკეთესო ხილით გაგიმასპინძლდები.
- დამიფაროს ღმერთმა! მირჩევნია, ვეწამო დედასთან ერთად, თუ მას ვერ გადავარჩენ.
- იცი კი, რა არის მოწამეობა? - ჰკითხა დუნაანმა.
- მოვკვდე ქრისტესთვის, რომ ვიცოცხლო მასთან ერთად მომავალ საუკუნეში.
- ვინ არის შენი ქრისტე?
- წამომყევი ეკლესიაში და გაჩვენებ! - უთხრა პატარამ, მერე დედას შეხედა და შესტირა: - გამიშვი დედასთანო. გულქვა თავადმა არ შეისმინა ყრმის ვედრება, მისი ბრძანებით, ქალი შეკრეს და ცეცხლში ჩააგდეს. გამწარებულმა ყრმამ ხელზე უკბინა მტარვალს. დუნაანმა ბავშვს ხელი ჰკრა და ბრძანა, წაიყვანეთ და ებრაული წესით გაზარდეთო. მაგრამ ბიჭი გაუსხლტათ ხელიდან და ცეცხლში შევარდა. მოეხვია დედას და მასთან ერთად ცოცხლად დაიწვა. ღმერთმა მოგვცეს თანამედროვე ქრისტიანებსაც ამ ყრმის სიბრძნე.
* სული ძლიერებისა განამტკიცებს კაცს რწმენასა და ღვთისმოშიშებაში. სულიწმინდის ამ ნიჭის მფლობელი მამაცურად შეერკინება ცხონების მტერს და წინ აღუდგება ცოდვისკენ მიმზიდველ ყველა განსაცდელს.
მამა ხარლამპე დიონისელის (+2001) ხორციელი მამა, ლეონიდე, ახალგაზრდობაში თანასოფლელებმა ქალაქში წაიყვანეს. ის ღამე ერთ "სასტუმროში" გაატარეს, რომელიც სინამდვილეში სამეძაო სახლი იყო, ლეონიდემ ეს არ იცოდა. ნომერში ტახტზე წამოწოლილი შიშველი ქალი დახვდა, რომელიც მაცდურად იხმობდა. ახალმა კეთილგონიერმა იოსებმა ხერხი იხმარა, უთხრა იმ ქალს: "გეთაყვა, კოკით წყალი მომიტანე, თორემ წყურვილით ვკვდებიო". ქალი ნომრიდან გავიდა, ლეონიდემ კარები გახელებით დაკეტა და მგზავრობით დაღლილმა მაშინვე დაიძინა. მისი სულის სიძლიერის გამო უფალმა იგი იმ ღამეს სამოთხის ხილვით დააჯილდოვა.
მამა ხარლამპეც ერისკაცობაშივე მაგალითი იყო კეთილგონიერებისა. 23 წლისას ერთი ოფიცრის ცოლმა თვალი დაადგა და არაწმინდა სურვილები აღეძრა. ქალმა მართლაც რომ ალყაში მოაქცია ვაჟი. გზაში დახვდა, შესჩივლა, - შინამდე მიმაცილე, მეშინიაო. სახლთან რომ მივიდნენ, უთხრა, - შემოდი, ჩემს მეუღლესთან ერთად ჭიქა ყავა დალიე, გაუხარდებაო.
დიდი ხვეწნის მერე ვაჟი შეჰყვა სახლში. ქალმა კარები დაკეტა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ვაჟმა ხმამაღლა დატუქსა ქალი, ხელი ჰკრა კარებს და გარეთ გამოვარდა.
* სული ზრახვისა აძლევს ადამიანს ურთულეს მდგომარეობაში სწორად განსჯისა და მოქცევის უნარს. ამ ნიჭის მქონე ადამიანს შეუძლია ყოველთვის კეთილი და დროული რჩევა მისცეს შეჭირვებაში ჩავარდნილ ან განსაცდელშემთხვეულ თანამოქალაქეს.
ამ უდიდესი საღვთო ნიჭის მფლობელი კაცი გავიხსენოთ. XVIII საუკუნე ათონის მთაზე საგანგაშო ამბები მოდის, განსაკუთრებთ მაკედონიიდან, ეპირიდან და ალბანეთიდან. უამრავი მართლმადიდებელი ქრისტიანი მაჰმადიანობაზე გადადის. ათონის ერთ-ერთ კელიაში ბერი წმინდა კოზმა ცრემლად იღვრება: "კოზმა, ხალხი იღუპება. შენ კი მშვიდად ხარ? აიღე მოციქულის კვერთხი, წადი და უქადაგე მათ დიდებულება ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი უფლისა! ანუგეშე ელადის ხალხი". ამ სულიერ ბრძოლაში გადაშალა სახარება და წაიკითხა: "ნუვინ თვისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყვასისასაც თითოეული" (1 კორ. 10,24). ღვთისაგან პასუხმიცემულმა კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან კურთხევა აიღო და მრავალი წლის მანძილზე ათასობით სოფელი და ქალაქი შემოიარა სახარების ქადაგებით - საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი, მცირე აზია, პრაქტიკულად მთელი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. აი, რას წერს წმინდა კოზმას თანამედროვე მის ქადაგებაზე: "სახარებისეული უბრალოება მისი ქადაგებისა და სიტყვების დამაჯერებლობა იმდენად ასწორებდა კაცთა ზნეს, რომ მტრად წაკიდებული ოჯახები ერთმანეთს ურიგდებოდნენ... მძიმე დანაშაულის ჩამდენნი მწარედ ტიროდნენ თავიანთ ცოდვებს და სინანულის საიდუმლოსკენ იჩქაროდნენ. მრავალი წლის წინ დარღვეული ქორწინებები კვლავ აღდგებოდა. მეძავები სამარცხვინო საქმიანობას თავს ანებებდნენ. წყენას პატიობდნენ. გარყვნილი და ქარაფშუტა ადამიანები რწმენაში მოდიოდნენ, ზოგიერთი მათგანი მონაზვნად აღიკვეცებოდა და წმინდა კოზმას თან დაჰყვებოდა, ყველა ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდა".
* ზრახვის (ანუ განსჯის) ნიჭი უხვად ჰქონდა ბოძებული ღირს მამა დანიელ კატუნაკელს.
ერთხელ ქსენოფონტეს მონასტრის ბერს, მამა ალოპის დიდი განსაცდელი შეემთხვა. მამა ალოპი განსაკუთრებული მოშურნეობით გამოირჩეოდა. უყვარდა განმარტოება და იესოს ლოცვის წართქმა. მაგრამ უეცრად უცნაური ამბები დაიწყო: მამა ალოპის ლოცვის დაწყებისთანავე კანკალი აუვარდებოდა. უცნაური და აუხსნელი ის იყო, რომ როცა მისი სხეული იწყებდა კანკალს, იგივე ემართებოდათ მის გვერდით მყოფთაც. ლოცვისას კლიროსზე მდგარ მამებსა და ტაძარში მყოფ მონაზვნებსაც აუტყდებოდათ ხოლმე კანკალი. აუტანელი იყო მისი მდგომარეობა. მამები ეხვეწებოდნენ, ლოცვა შეწყვიტეო. მაგრამ მას მოუკლებელი ლოცვის ნიჭი მოეპოვებინა და გული თავისით განაგრძობდა ლოცვის წარმოთქმას.
მამებს ღირსი დანიელი გაახსენდათ და მამა ალოპი იკონომოსთან ერთად მამა დანიელს ეწვია. მამა დანიელმა ჰკითხა: - კარგად გაიხსენე, პირველად როდის იგრძენი კანკალიო. "ღამით ვენახთან ეკვდერში ვლოცულობდი. უეცრად კარის ურდული ამოძრავდა. მივხვდი, ეშმაკის ხრიკები იყო და ლოცვა განვაგრძე. მერე კაკუნი გაძლიერდა, იმდენად, რომ მთელი ეკვდერი და ჩემი სხეული უცნაური სახით ირხეოდა". მართლაც რომ უჩვეულო შემთხვევა იყო. წუთის შემდეგ, სულიერი განჭვრეტის მერე, ჰკითხა, - რა იგრძენი პირველად რომ გაიგე კარებზე კაკუნიო. "ვთქვი, დაე აკაკუნონ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან. განა იგივე არ შეემთხვა ანტონი დიდს? მეც მის მსგავსად ვიღვწი. თუნდაც ეს სხეული სიცოცხლის ბოლომდე მითრთოდეს, ლოცვას მაინც არ შევწყვეტო". მამა დანიელმა უთხრა: - წადი და სინანულით წარმოთქვი აღსარება. იგრძენი, რომ ცოდვილი ხარ და ღვთის შეწევნა გჭირდება. სხეული კი თუ კვლავ აგითრთოლდება, მაშინ მხოლოდ მაცხოვარს შეეძლება შენი შველაო.
ამის შემდეგ მამა ალოპიმ თავმდაბლად დაიწყო ლოცვა და შვება იპოვა.
* სული ღმრთისა - სული ჭვრეტისა - სული წინასწარმცნობელობისა ღვთის უდიდესი ნიჭია და მხოლოდ დიდი ღვაწლის შემდეგ მიეცემა თავმდაბალ ადამიანებს, ანდა მაშინ, როცა ამას ღმერთი ინებებს.
გრიგორიატის მონასტრის ბერი, მამა სოფრომი ჰყვებოდა: "ჩემი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ასკეტური მისწრაფებით გამოვირჩეოდი და რაღას აღარ ვიგონებდი სხეულის დასათრგუნად. ტანზე მძიმე ჯაჭვები ავისხი, საწოლზე ბალიშის ნაცვლად ქვები დავაწყვე და გადავაფარე საბანი. მეგონა, ამით ძველი დროის მამებს მივემსგავსებოდი. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მათ შორის არც მონასტრის წინამძღვარმა მამა ათანასემ. ერთხელ იგი მოვიდა ჩემთან და მკითხა: - როგორ ცხოვრობო.
- თქვენი წმინდა ლოცვებით, კარგად ვარ, მამაო.
- თავს დაშვებულზე მეტად ხომ არ ითრგუნავ?
- ჩვეულებრივი ბერი ვარ, მამაო.
- მაინც ვნახოთ, რას ინახავ საბნის ქვეშ. ეს რა არის, ქვები?! სასწრაფოდ გადაყარე.
გაოცებულმა გავიფიქრე: ჩვეულებრივ ადამიანს არ უნდა შეეტყო ეს, ალბათ ჯაჭვების შესახებ არაფერი იცის-მეთქი, მაგრამ მამა ათანასემ წამის შემდეგ მითხრა, - მოდი, ახლოდან შეგათვალიერო. ეს რა რკინებია, მოიშორეო". ამის მერე მამა სოფრომი უფრო დიდი პატივით ექცეოდა თავის წინამძღვარს და აღარაფერს უმალავდა.
* მამა კალენიკე ისიქასტი (კატუნაკელი) ჭვრეტდა ზეციურ ნათელს. ერთხელ, როცა თავის კელიაში განმარტოებული ღვთის სასუფეველს ჭვრეტდა, მისი სულიერი შვილი მივიდა და კარებზე იმდენ ხანს აკაკუნა, ვიდრე მამა კალენიკე გარეთ არ გამოვიდა. მან დანანებით უთხრა სულიერ შვილს: რა გინდა, კურთხეულო, რატომ დამიძახე? რომ იცოდე, სად ვიყავი, როგორ ნათელსა ვჭვრეტდიო.
* ღვთის სულით იყო ავსებული მამა იაკობ ევბეელი. აი, რას ფიქრობდა ის ღვთისგან ბოძებულ ნიჭებზე: "ლოცვისას ვთხოვე ღმერთს, მოეცა ნიჭი, რათა კაცის შეხედვისთანავე შემეტყო მათი გულების მდგომარეობა, რომ შემძლებოდა დახმარება. ღმერთმა მომცა იგი. ღმერთმა მომცა ყველა ეს ნიჭი, ყველა სხვა ღირსებასთან (მღვდლობა, სულიერი მამობა, იღუმენობა და სხვა) ერთად, მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ კუბომდე მიმყვება: სიკვდილის მერე კი სხვანაირი ახალი ცხოვრება იწყება".
* 1451 წელს მოსკოვს თათრები დაესხნენ თავს. მიტროპოლიტმა წმინდა იონამ ჩუდოს მონასტრის ღვთისმოშიშ ბერს, მამა ანტონს სთხოვა: "ილოცე, ძმაო, რათა ღმერთმა გვიხსნას თათრების ხელთაგანო". ანტონმა უპასუხა: "დიდი ხარ, მღვდელმთავარო ღვთისაო, ღვთისმშობელი მოხედავს შენს ლოცვებს. აგარიანნი განიდევნებიან და მხოლოდ მე მომკლავენო". ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე მტრის ნასროლმა ისარმა განგმირა იგი. აღსრულდა მისი ნათქვამი: ღამით მტრები გაიქცნენ მოსკოვიდან - მათ დიდი ხმაური მოესმათ და იფიქრეს, დიდი მთავარი მოვიდა ჯარითო.