სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
12 იანვარი (ორშაბათი, წმინდა მოწამე ტატიანას დღე). წმინდა მოწამე ტატიანას ხსენების დღეს მოსკოვის უნივერსიტეტის ყოველწლიური დღესასწაულია.
23 წლის წინ მე იქ იურიდიული ფაკულტეტის კურსი დავხურე. რაღა არ ხდებოდა ჩემს დროს მოსკოვის მაშინდელ სტუდენტობაში, მემთვრალეობით განხურვებისას. მეც კი, ახლა იმის გახსენება რომ მზარავს, მიმიღია ოდესღაც მონაწილეობა ყველა იმ საზიზღარ ორგიაში, როდესაც ადამიანი არა მარტო ღვთის ხატებას კარგავს, არამედ საკუთარ ადამიანურ ხატსაც კი ცვლის ცხოველთა შორის უბინძურესის ხატებაში...ახლა კი ამ ჩემს კურთხეულ მყუდროებაში სიმშვიდეა, სათნო მყუდროებაა, დაუსრულებლად მომდინარე ჩუმი სიხარულია. მაგრამ ამ სიჩუმეში გარედან ისმის ყრუ გრუხუნი ღვთის სამართლიანი რისხვის მეხისა. უკვე აჭავლდა სარკისებური ზედაპირი ოპტის მადლმოსილი ცხოვრებისა და თვით ამ წმინდა სავანის სიჩუმეშიც კი იგრძნობა, როგორ მოჰბერა სიცივემ მოახლოებული საავდრო ღრუბელი, ღვთის სამართლიანი რისხვის ელვებით რომ უმასპინძლდება კაცობრიობას, რომელმაც სიცრუე შეიყვარა...
***
მესინის კატასტროფის 200000-მა მსხვერპლმა რა გვასწავლა აქ, ჩვენს სამშობლოში? თითქმის არაფერი, თუ არ ჩავთვლით პატივმოყვარე და მედიდურ ორგანიზატორთა ერთგვარ შეჯიბრებას ბალების, კონცერტების და ყოველგვარი საქველმოქმედო მხიარულების მოწყობით, თითქოსდა დაზარალებულთა დასახმარებლად... "ძნელია დათვალო, - წერს რომიდან "ნოვოე ვრემია", - თუ რა დაუჯდა იტალიას 28 დეკემბრის საბედისწერო ღამე. დაიღუპა 200000-ზე მეტი კაცი, ასი ათასზე მეტი ცოცხლად დარჩენილთაგან მომავალში არაშრომისუნრიანად შეგვიძლია ჩავთვალოთ... კერძო და სახელმწიფო სიმდიდრის დანაკარგი მილიარდამდე ავიდა. იტალიის ერთი ღამის დანაკარგი, ფულის და ხალხის სახით, დიდად აღემატება რუსეთის დანაკარგს უკანასკნელ ომში... დიდი სიბრძნე არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ქვეყანა დათრგუნულია, თუმცა გარეგნულად მხნედ გამოიყურება... ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გათხრები უსარგებლოდ ჩათვალა და შეწყვიტა. არადა, ყოველდღიურად პოულობენ ადამიანებს, რომლებიც კატასტროფიდან სამი კვირის თავზეც კი ცოცხლები გადარჩნენ. ისინი ღარიბ ოჯახებს ეკუთვნიან. ქვედა სართულებზე ხშირად სავაჭროებია და მისი მსახურნიც იქვე ცხოვრობენ ხოლმე. კატასტროფას სწორედ მესინისა და რეჯიოს ღატაკები გადაურჩნენ... საყოველთაო უგუნურობის რა სცენების ნახვა მოუხდათ დასახმარებლად მოსულთ!.. ბიკენტი კუადომ, გაზეთ "მესინის ვარსკვლავის" რედაქტორმა, მიმართა "Corriere d" Italia"-ს შემდეგი წერილით: "გთხოვთ თქვენს გაზეთში გამოაქვეყნოთ: ერთხანს მესინა ღვთისგანდგომილთა ხელში იყო. კატასტროფის წინა კვირასაც შეკრება მოაწყვეს, რომელსაც მკვეთრად ანტირელიგიური დღის წესრიგი ჰქონდა. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ უთუოდ უნდა აღინიშნოს ერთი თანხვედრა: მესინის გაზეთმა "LI Telephono"-მ, რომელიც გამოირჩეოდა უხეში ანტირელიგიური მიმართულებით, საშობაო ნომერში გამოაქვეყნა სამარცხვინო პაროდია "ყრმა იესოსადმი ლოცვისა", სადაც იყო ასეთი შემზარავი ფრაზა:"ჰოი, ჩემო საყვარელო ბიჭუნავ,
ჭეშმარიტო კაცო და ჭეშმარიტო ღმერთო!
შენი ჯვრის სიყვარულისთვის
უპასუხე ჩვენს შეძახილს.
თუ შენ ჭეშმარიტად არსებობ და მითი არა ხარ,
მაშინ მიწისძვრით გაგვთელე ჩვენ, ყველანი".
საგულისხმოა ახლა ეს სიტყვები. სხვას არაფერს დავუმატებ. თქვენი ერთგული ბიკენტი კუადო, "მესინის ვარსკვლავის" რედაქტორი".
იტალიური გაზეთები აღნიშნავდნენ სხვა "საშინელ დამთხვევასაც": "შობის წინა ღამეს, საზეიმო ღვთისმსახურებისას, მესინის ქუჩებს მიუყვებოდა რელიგიური პროცესია, რომელსაც ჩვეულებრივ 24 დეკემბრის შუაღამეს აწყობენ იტალიაში. პროცესიის თავში მიასვენებდნენ ყრმა იესოს (ბამბინო) გამოსახულებას, რომელსაც მიჰყვებოდნენ ბავშვები ანთებული ჩირაღდნებით. სწორედ იმ დროს, როცა პროცესიამ მესინის ერთ-ერთ კლუბს ჩაუარა, იქიდან გამოვარდა წაგებულ მოთამაშეთა ჯგრო (უეჭველია მთვრალებიც იყვნენ), ხალხს გამოსტაცა ყრმა იესოს გამოსახულება, მიწაზე დააგდო და ფეხით გათელა. პროცესიის მონაწილენი შეშინებულნი გაიფანტნენ... ჩაიარა საზეიმო დღეებმა და გაუგონარმა მიწისძვრამ ქვა ქვაზე არ დატოვა". ასეთი ამბები მოგვდის იტალიიდან. იმავე გზას ხომ არ ადგას ჩვენი ქვეყანა, ოდესღაც წმინდა რუსეთი, საითაც მიდის იტალია, მცხუნვარე მზის, მწიფე ფორთოხლებისა და ლიმონის ქვეყანა? ვერ ვივიწყებ პეტერბურგის აიაზმის ამბავს... და განა მარტო ამას?
აი, რას სწერს ოპტელ მამებს მართლმადიდებელი რუსეთის ერთ-ერთი ეპისკოპოსი: "გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, სიხარულს უფლისმიერს, რომელსაც მწუხარების დღეებშიც ვერავინ წაგართმევთ. მწუხარების დღეები რომ გვიახლოვდება, ამას გულით ვგრძნობ. სინდისიც მიმოწმებს, რომ ღვთის გულმოწყალება არ დავიმსახურეთ. ეკლესიის სვეტნიც კი შეირყევიან, რაღა ითქმის ჩვენზე, ცოდვილებზე? მტკიცედ ევედრეთ ეკლესიის ზეციურ წინამძღვარს, რომ რწმენის ქვაზე დაამყაროს თავისი ეკლესია: თუ რწმენის საფუძველი გამოცლილია, რაღას უნდა ველოდეთ ცოდვილნი? შიშით უნდა ვხვდებოდეთ ახალ წელს, ჩვენ კი გვძინავს..."
ამას წერს ეპისკოპოსი. ხოლო აი, რას ამბობენ ერში, - მათი ნაუბარი ჩვენს სიმყუდროვეში ხომ კარგად ისმის. ოპტიდან 15 ვერსში მდებარე სოფელ ისტიკიდან ოპტაში ხშირად გვსტუმრობს სამი ღვთისმოშიში გლეხი. მათგან, როგორც ერის გულის სიღრმიდან, ვისმენ იმის დადასტურებას, რომ ბოროტება გაბატონდა სოფლის ახალგაზრდობაში, განსაკუთრებით 1905 წლის "თავისუფლების" მერე უკიდურესად გაირყვნენ ისე, რომ მალე საკუთარ სოფელში ცხოვრებაც შეუძლებელი გახდებაო, - ამბობენ სასოწარკვეთილნი. მათი ეს შიში სხვებსაც გადაედო და საშინელებას მოელიან. ამ შიშმა უკვე ლეგენდარული ფორმა მიიღო და ერთგვარი სახალხო ეპოსიც კი შეიქმნა შიშის და მტანჯველი წინათგრძნობისა. მათ მონათხრობთაგან ერთ-ერთი მახსენდება:
სოფელ ისტიკის სიახლოვეს, გლეხების სანადელო მიწაზე, მთავრობის ტყეში, ზამთრის დასაწყისში გლეხები ხეებს ჭრიდნენ. იმ დროს, დღისით-მზისით, ტყის პირას გამოჩნდებოდა ხოლმე უცნობი, კეთილშობილი გარეგნობის გლეხურად ჩაცმული ბერიკაცი. მომუშავეების შორიახლოს გაჩერდებოდა, თითქოს ყურს უგდებდა მართლმადიდებელთა საუბარს და კვლავ სახელმწიფო ტყის სიღრმეში შებრუნდებოდა. შეამჩნიეს, რომ ეს ღირსი მამა მუშათა პირიდან პირველივე ბილწი სიტყვის გაგონებისთანავე შორდებოდა მათ... როცა შეამჩნიეს, რომ მას გინება არ უყვარდა, ყველა გაფაციცდა - ნეტავ რას დახეტიალობს, ხომ არ გვითვალთვალებსო.
კაცებმა გადაწყვიტეს, ეთვალთვალათ მისთვის, დაეჭირათ და დაეკითხათ - ვინ იყო და რა უნდოდა. როგორც კი დაინახეს ბერიკაცი, მის დასაჭერად გაიქცნენ, ტყის სიღრმეში რომ არ შეესწრო. მაგრამ სწორედ მაშინ მოხდა საოცარი და საკვირველი რამ. ბერიკაცი ტყისკენ მიდიოდა მშვიდი, ბერიკაცული ნაბიჯით და მისი დაწევა ახალგაზრდებმა ვერ შეძლეს - თვალსა და ხელს შუა ისე გაუქრათ, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. თანაც ბერიკაცს ღრმა, სწორზედაპირიან და სპეტაკ თოვლზე ფეხის ნაკვალევი არ რჩებოდა. ასე რომ, ვერ შეიტყვეს, ვინ იყო.
კიდევ თუ გამოეცხადა ისტიკელებს ეს კაცი, არ ვიცი, მაგრამ იმავე ხალხისგან სხვა ბერიკაცის ამბავიც გამიგონია.
1908 წლის შემოდგომაზე, დაახლოებით იმავე დროს, როცა ისტიკელებმა ტყის ჭრა დაიწყეს, ერთ კაცს ბელევის ბაზარში გასაყიდად დაკლულ-გასუფთავებული ღორი მიჰქონდა. გზად ტყე უნდა გაევლო. ტყეში უეცრად თეთრთმაწვერიანი ბერიკაცი გამოუჩნდა. შეაჩერა და ჰკითხა, - სად მიდიხარ და რა მიგაქვსო.
- ბაზარში მივდივარ, ღორი მიმაქვს გასაყიდადო.
იმან - კარგი, წაიღე, ოცდახუთ მანეთად გაყიდი. მიყიდე შარვალი, პერანგი და პიჯაკიო.
კაცი დათანხმდა - ღორი 15 მანეთისა იყო. თუკი ვინმე ათ მანეთს აჩუქებდა, ბერიკაცს სათხოვარს როგორ არ აუსრულებდა!
კაცი ბაზარში შესვლამდე გააჩერეს და 25 მანეთი შესთავაზეს ღორში. ეტყობა, ბერიკაცი უბრალო ვინმე არ იყოო, - გაიფიქრა კაცმა და უყიდა დანაბარები. ბერიკაცი იმავე ადგილას დახვდა - რა ქენი, გაყიდე ღორიო? გავყიდეო. შეასრულე დანაპირებიო? შევასრულეო, - უთხრა კაცმა და საჩუქარი გადასცა. ბერიკაცს ცალ იღლიაში ჭვავის კონა ამოედო, მეორეში - კუბოს მსგავსი პური და ჰკითხა, - ეს რა გაქვსო.
- ჭვავი დიდი მოსავლის ნიშანია, კუბო კი იმისა, რომ მისი შემჭმელი არავინ იქნება, ისეთი ქოლერა დაერევა ხალხს, რომ მკვდრებს დამმარხავი არ ეყოლებათ, - ეს თქვა და დაუმატა: - ოღონდ შენ სასოს ნუ წარიკვეთო და ტყეში შეიმალა.
***
დღეს ვნახე განსვენებულ მამა ილიოდორთან დაახლოებული ერთ-ერთი მონაზონი და მისგან შევიტყვე, რომ მამა ილიოდორმა სიზმრეული ჩვენებით შეიტყო სიკვდილის მოახლოება. ის ქრისტეშობას გარდაიცვალა, ხუთშაბათ დღეს. კვირას კი, გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე, თავის კელიაში დივანზე მიწვა მოსასვენებლად. ძილ-ღვიძილში ხედავს, ვითომ მისი კელიის კარები გაიღო. სკიტელი მონაზონი პატრიკი და ბერდიაკონი გიორგი შემოვიდნენ, პატრიკს ხელში დიდი დანა ეჭირა (ორივე მონაზონი მთავარი მოჯანყენი იყვნენ არქიმანდრიტ ქსენოფონტესი. ორივე ეშმაკი, შფოთიანი და ხორციელი ადამიანი იყო და ოპტის სულთან საერთო არაფერი ჰქონდათ). "მოგვეცი ფული", - უყვირა პატრიკმა. "ხუმრობ, მე რა ფული მაქვსო", - უპასუხა ილიოდორმა. "რახან ასეა, მიიღე საკადრისიო" - და დანა გულში გაუყარა. ხილვა ისე ცხადი იყო, რომ ილიოდორი ტკივილისაგან ფეხზე წამოვარდა. მის კელიაში არავინ იყო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე კი იმავე წლის ზაფხულში გარდაცვლილი ოპტის უდაბნოს მოძღვარი მამა საბა იხილა, მხიარული იყო.
- რაო, ძმაო, ძნელი იყო და საშიში, როცა სული სხეულს გაეყარა? - ჰკითხა ილიოდორმა.
- დიახ, - უპასუხა მამა საბამ, - მაგრამ ახლა, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად არისო.
მამა საბას მერე განსვენებული ოპტელი არქიმანდრიტი ისააკი და მისი მემკვიდრე, ისიც გარდაცვლილი, დოსითეოსი გამოეცხადნენ. ისააკმა მას ვერცხლის მანეთიანი მისცა, დოსითეოსმა - ორი. "უბრალო სიზმარი არ ყოფილა, - უთხრა ილიოდორმა ნაცნობ ბერს, - ეტყობა, ძმაო, მალე მოვკვდები". სიკვდილის დღეს ილიოდორმა მეზობელ სოფელში სწირა, ეზიარა და უკან დაბრუნდა...
მისი სიკვდილის მერე მიყვებოდა მამა ბარსანოფი: "მამა ილიოდორთან არასოდეს ახლო ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ მშრალი და ოფიციალური. მაგრამ მისი სიკვდილის დღეს, დიდებიანის მერე, არ ვიცი, რატომ, - მივუბრუნდი და ვკითხე, - ძმაო, სამგზავროდ რამე მოიმზადე-მეთქი? შეკითხვა ისე მოულოდნელი იყო ჩემთვის და მისთვისაც, რომ ილიოდორი დაიბნა და არ იცოდა, რა ეპასუხა. ლანგრიდან ავიღე მონაზონთათვის დღესასწაულზე სანუგეშოდ განკუთვნილი შაქარყინული, ხელში ჩავუგდე და ვუთხარი: - ეს გზად გაიყოლე-მეთქი. ხედავთ, როგორი მგზავრობა გამოუვიდა".
მამა ბარსანოფი მიყვებოდა ამას, თითქოს იმით გაოცებული, რომ მისი სიტყვა აცხადდა. არ გამკვირვებია. "როცა ასე ახლოს ვცხოვრობ ოპტის სიწმინდეებთან, ბევრი რამ უკვე აღარ მიკვირს".