გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-16, 18-19.
ისეთ ბერს გაგაცნობ, მამა პაისის, რომელიც ეშმაკებს წინა ხაზზე ებრძვის
სოფლისთვის ლოცვა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მამა პაისი ერისთვის ლოცვას.
როცა ერს და ეკლესიას რაიმე სერიოზული კრიზისი არყევდა, ნაცნობ მონაზვნებს ურჩევდა ხოლმე: "როგორც საჭიროა, ისე ჩავკიდოთ სკვნილს ხელიო". ისეთ ბერს გაგაცნობ, მამა პაისის, რომელიც ეშმაკებს წინა ხაზზე ებრძვის
ერთხელ, წმინდა სპირიდონის დღესასწაულის საღამოს, ორი მონაზონი მონასტერში მიდიოდა. გზად კურთხევისთვის მამა პაისის შეუარეს. მამა პაისი სახეაწითლებული და შეწუხებული გამოვიდა და ბერებს უთხრა: - როცა ღამისთევის ლოცვაზე მიხვალთ, ილოცეთ და სხვა მამებსაც სთხოვეთ, ილოცონ. რუმინეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და ბევრი ადამიანი მოკლესო. ეს სწორედ ის დღეები იყო, როცა ჩაუშესკუ ჩამოაგდეს. მამა პაისიმ თავისი "სულიერი ტელევიზორით" ყველაფერი დაინახა, თანაუგრძნობდა რუმინელ ხალხს და მათთვის გულმოდგინედ ლოცულობდა.
ბერი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მისი მონაზვნური ვალი სხვებისთვის ლოცვა იყო. თითოეული, რომელიც მასთან კელიაში შედიოდა, მას, მისი სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "სკვნილზე მიიბამდა". ერთხელ ერთმა მამამ შვილისთვის ლოცვა სთხოვა, - ცუდ წრეში ჩავარდა და იქნებ ჩამოეხსნასო. მალე მამა სამადლობლად მოვიდა - მისი შვილის სულში სასიკეთო ცვლილებები მოხდა. მამა პაისიმ უთხრა: "იმ კომპანიას კი ჩამოეხსნა, მაგრამ აქედან ვერ ჩამოიხსნებაო" და სკვნილზე მიუთითა.
მამა პაისი ყველასთვის ლოცულობდა, რომ ღმერთს ყოველივე აუცილებელი მიეცა. ამბობდა: "ნახეთ, რამდენი იღებს შეწევნას ლოცვის მერე? ისინი ღვთის შეწევნას იღებენ, რადგან ამის უფლება აქვთ. ღმერთი შესაფერის მომენტს შეარჩევს მათ დასახმარებლად. როცა ლოცვა ძლიერია, ციდან თვით ქრისტე გარდამოდის და ეხმარება შეჭირვებულ სულს. თუ კაცს ლოცვის კადნიერება აქვს, მაშინ ის მინისტრს ჰგავს, რომელიც პრემიერ-მინისტრს სთხოვს დახმარებას და ისიც უსრულებს".
ერთხელ მამა პაისის ჰკითხეს: "რამდენი ხანი უნდა ვილოცოთ მიცვალებულისთვის, ნუთუ ლოცვით შეგიძლია ის ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოო", რაზეც მამა პაისიმ უპასუხა: "ჩემი გამოცდილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ ლოცვის საშუალებით შეიძლება გარდაცვლილი კაცის სული უფერული, ნესტიანი ფარდულიდან ჩვეულებრივ ოთახში გადაიყვანონ. შენთვის ეს ცოტაა?"
ერთ ბერს მამა პაისიმ უთხრა: "საქმე არა გაქვს? მე გამოგინახავ. გარდაცვლილთათვის მუხლი მოიდრიკე. იცი, მათ ეს როგორ სჭირდებათ?"
ერთხელ, ღამით, მამა პაისის მეზობელ ბერს მამა პაისის კელიიდან გალობა მოესმა. დილით ჰკითხა მამა პაისის, ეს რა გალობა ისმოდა ამა და ამ საათსო. ეს ის დრო იყო, რომელსაც მამა პაისი ლოცვას უთმობდა. მას გაუკვირდა, - ცისკარს სკვნილზე ვლოცულობ და არასოდეს ვგალობო. ვინ გალობდა? შეიძლება ისინი ზეციური ძალნი იყვნენ, რომლებიც ბერს ეხმარებოდნენ ლოცვებში და ღმერთამდე აჰქონდათ. იმედი გვაქვს, ახლა, როცა მამა პაისი ჩვენს შორის აღარ არის და ცათა შინა ავიდა სული მისი, უფრო შეეწევა შეჭირვებულებს, ამას მოწმობს მის მიერ გარდაცვალების შემდგომი სასწაულები, რომელთაც თავის დროზე მოგითხრობთ.
მადლი ნუგეშისცემისა. როგორც შემოდგომის მზე გაარღვევს ნისლს და გაათბობს დედამიწას, მამა პაისიც ნუგეშისცემის მადლით მასთან მიახლოებული გატანჯული სულისგან განდევნიდა ხოლმე მწუხარებასა და სევდას.
მასთან ურთიერთობისას ადამიანები იცვლებოდნენ, მანამდე უცნობ სულიერ სიხარულს გრძნობდნენ. ის სიტყვები, მამა პაისი გაჭირვებულს რომ ანუგეშებდა, შეიძლება სხვამაც თქვას, მაგრამ მის ნათქვამს სხვა ძალა ჰქონდა, რომელიც ადამიანებს ღვთის ძალას გადასცემდა.
შეეძლო, კაცთაგან ყველა ადამიანური ტკივილი და მწუხარება აეღო და მათ გულებში სიხარული და ნუგეში გადაეღვარა. მისი გულწრფელი სიყვარული ყოველი კაცისადმი სხვის ტკივილსა და პრობლემებს თავისად აქცევდა. გულისთქმებით და განსაცდელებით გატანჯული მონაზვნები მასთან მცირე საუბრის შემდეგ თავს მსუბუქად გრძნობდნენ. ეს შინაგანი ცვლილება იმდენად ეტყობოდათ, რომ თანამოძმეები ეკითხებოდნენ, - მამა პაისისთან ხომ არ იყავიო.
მამა პაისისთან ერთხელ რუსეთიდან ჩამოსული პონტოელი ბერძენი მივიდა. საცოდავს საბერძნეთში სამუშაო ვერ ეშოვა და თავის მოკვლას აპირებდა. მამა პაისისთან საუბრის შემდეგ უკან დაიმედებული დაბრუნდა. მან თქვა: ახლა თუნდა მთა გადამეღობოს გზაზე, გვერდზე გადავდგამ და გზას გავაგრძელებო.
პატიოსანი ჯვრის კელიაში ცხოვრებისას მამა პაისი ჰყვებოდა: "ცოტა ხნის წინ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა - ალმასივით წმინდა და მშვენიერი სულის პატრონი. ასეთ მაღალ იდეალებს და სიწმინდეს პირველად გადავეყარე. მაგრამ ნაცნობები და ახლობლებიც კი მას სულელად თვლიდნენ. საგიჟეში მის ჩაბარებასაც კი აპირებდნენ, რადგან ქალებთან არ სცოდავდა და მშვიდად ცხოვრობდა. ჩემთან მოვიდა, არ იცოდა, რა ექნა და სრულიად შეცვლილი წავიდა".
ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანი ცრემლმორეული ჰყვებოდა: "1992 წელს კანადიდან საბერძნეთში დავბრუნდი. სასოწარკვეთილი ვიყავი - ცოლს გავეყარე. ნარკოტიკების და კიდევ თორმეტი სხვადასხვა სახის წამლის მიღება დავიწყე. 32 წელი არ ვზიარებულვარ. მამა პაისი კალივის ეზოში იჯდა და თხუთმეტკაციან ჯგუფს ესაუბრებოდა. ძალიან დაუძლურებული მეჩვენა. როგორც იქნა, ეს კომპანია წავიდა და მარტონი დავრჩით. მან მითხრა: "ოჰ, რა შორიდან ჩამოხვედი! დიდი ხანია, გელოდებიო". მისმა სიყვარულმა შემცვალა. ვგრნობდი, რომ ყველაფერს ხედავდა. მან თავისი მდგომარეობა დაივიწყა და მთელი ჩემი უბედურება იტვირთა. მოაწესრიგა ჩემი ცხოვრება: ჯანმრთელობა (ახლა მხოლოდ ერთ აბს ვსვამ დღეში - წნევის წამალს), ოჯახი (მეზრდება ქალიშვილი, რომელსაც პაისია ჰქვია), სამუშაო და, რაც მთვარია, რწმენა ქრისტესი. დედაჩემი სიხარულით მუდმივად იმეორებს: "შვილო, რაც შენ დაგემართა, ნამდვილი სასწაულიაო!"
ბოროტ ძალთა წინააღმდეგ. მამა პაისის ნაცნობი ბერი ათანასე (სკლირისი) ეუბნებოდა ახლობელს: "წამოდი. ისეთ ბერს გაგაცნობ, მამა პაისის, რომელიც ეშაკებს წინა ხაზზე ებრძვისო". ასეთი იყო მამა პაისი. ერთხელ ერთმა სტუდენტმა მიამბო: თეოლოგიის პროფესორი ამტკიცებს, ეშმაკი არ არსებობსო. მამა პაისის გაეცინა: - ეს რა უთქვამს? ჩვენ აქ ეშმაკი ყოველღამ კინოს გვიჩვენებსო.
ვნებიანი და სუსტი ადამიანები საკუთარ ვნებებს ვებრძვით, ძლიერი კაცები კი ეშმაკებს. ეს ბრძოლა სავსებით რეალურია. ხანდახან ბერი პაისი ერთ ეშმაკს კი არა, მთელ ლეგიონს ებრძოდა.
ეშმაკის ბრძოლაზე მამა პაისი ამბობდა: "ეშმაკი თავის საქმეს სათანადოდ აკეთებს. ძაღლს ერთხელ გაუჯავრდები, მეორედ და გაიქცევა. ეშმაკს კი ურტყამ ერთხელ, მეორედ (მამა პაისი იესოს ლოცვას გულისხმობს, რომელსაც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი "ეშმაკის მათრახს" ეძახის), მაგრამ არ მიდის. აუცილებელია მისი უგულებელყოფა, მას ჩვენზე უფლების ნება არ მივცეთ. და თუ ასე მოვიქცევით, დაიწყებს ხორხოცს, ხითხითს, ნამდვილ თეატრს მოაწყობს, ბილეთისთვის ფულიც რომ არ დაგჭირდება! მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი არ განიცდის ეშმაკის შიშს, რადგან მის წინაშე ველური, მძვინვარე ქოფაკი კი არა, ერთი ქეციანი ლეკვი დგას".
ეშმაკები ეცხადებოდნენ მას ღვთის დაშვებით, არა იმიტომ, რომ მან ამის უფლება მისცა. ამიტომაც ვერ პოულობდნენ მასში ვერაფერს. მამა პაისი ძალზე ფხიზლად იყო და ცდილობდა, ეშმაკისთვის გალანძღვის საბაბიც არ მიეცა.
ერთხელ ერთმა მონაზონმა მას ტკბილეული მიართვა და ელოდებოდა, ბერი როდის იგემებდა, მაგრამ მამა პაისი კოლოფის გახსნას არ აპირებდა. ბოლოს კოლოფი უკან დაუბრუნა. "ისევ შენ გქონდეს, - უთხრა მამა პაისიმ, - შენ არ იცი, მერე ამის გამო ღამით რას აღარ მეტყვის ეშმაკიო". სხვა კაცმა მამა პაისის შოკოლადი შესთავაზა. მან უარი უთხრა, - ღამე ჭინკა დამცინებსო.
როცა მამა პაისი ეშმაკის თავდასხმაზე ჰყვებოდა, გულწრფელად იცინოდა: "უნდა გენახა, წუხელ რას მაიმუნობდა ეშმაკიო". მერე უცებ სახე მოექუფრებოდა და დანანებით თავს გადააქნევდა: "თავისი სიამაყით სადამდე მივიდა, ღვთის ქმნილებათა შორის საუკეთესო დაეცა ყველაზე უმაღლეს ანგელოზთა დასიდან და ეშმაკად იქცა, სიძულვილითა და ბოროტებით აივსო, ნათლის ანგელოზიდან ბნელის ეშმაკად გადაიქცა".
მამა პაისი ეშმაკისადმი სიძულვილს არ გრძნობდა, არ სწყევლიდა. მის გამო გული სტკიოდა და ლოცულობდა, - თუ ეს შესაძლებელია, შეინანოს და კვლავ ნათლის ანგელოზად იქცესო.
მამა პაისი ამბობდა: "ეშმაკი მართლაც გარდაისახება ადამიანებად, ცხოველებად... მას მართლაც ვეხებით. ეს ისეთი არსებაა, როგორსაც არ ვიცნობთ. შენ ხედავ მას, ეხები, ხელებს უკრავ და ამ დროს პირდაპირ შენს თვალწინ ქრება. ამისთვის მატერიალიზაციის დარქმევა არ შეიძლება. ეს რაღაც შუალედური მდგომარეობაა". ერთმა მართლმადიდებლად მონათლულმა კათოლიკემ სთხოვა კურთხევა, ფრანგულად ეთარგმნა მისი წიგნი "წმინდა არსენ კაპადუკიელი". ერთი პირობითო, - უთხრა მამა პაისიმ, - ფრანგულად არ თარგმნო ყველა ის შემთხვევა, რომელშიც ეშმაკებზე და ეშმაკეულთა გაკურნებაზე წერია, რადგან ევროპელები ამას არ აღიარებენო. მამა პაისიმ კი ეშმაკებსა და ეშმაკეულებზე წიგნებით კი არა, პირადი გამოცდილებით იცოდა.
მამა პაისის სტომიონის მონასტერში ერთი ყმაწვილი ღამისთევით ესტუმრა. ბერმა უთხრა: "შენ აქ მოისვენე, მე კი სადმე მოვთავსდებიო". გადაწყვიტა, კლდის პირას მღვიმეში წასულიყო. მღვიმის ქვეშ ძალზე ღრმა უფსკრული იყო. მღვიმეში რომ ჩადიოდა, უეცრად მამლის ყივილი გაიგონა. იმ უდაბურ ადგილას ვერანაირი მამალი ვერ იქნებოდა. მამა პაისი მიხვდა, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო და წინ აღარ წასულა. ის ღამე იქ იესოს ლოცვაში გაატარა.
როცა მამა პაისი ივერონის სკიტში ცხოვრობდა, თავიდან მის კელიაში ყოველ ღამე მოდიოდა ეშმაკი, კარზე აკაკუნებდა და ამბობდა: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა". ბერი პასუხობდა: "ეშმაკო, ლოცვისას მაღვიძებ და მეხმარები, რომ სამოთხეში მოვხვდეო". "აქ, ამ სახლში, რაღაც განსაცდელი მოხდა, - ამბობდა ბერი, - რადგან აქ ერთმა ერისკაცმა კედელზე ნათლიღების წყლით სავსე ბოთლი მიამსხვრიაო".
ერთხელ, ღამით, როცა იგი პატიოსანი ჯვრის კალივაში ცხოვრობდა, კარებზე ვიღაცამ დაუკაკუნა. ბერმა იფიქრა, ქურდიაო და სანთელი აანთო. მერე სარკმელზე მიუკაკუნეს. ეტყობა, მართლა ქურდიაო და კალივის ეკლესიაში ბევრი სანთელი აანთო - ქურდს ეგონოს, თითქოს აქ ბევრი ხალხიაო. მალე კაკუნი სახურავიდან მოესმა. ბერი მიხვდა, რომ ღამის ქურდი ეშმაკი იყო და უთხრა: "ეს შენა ხარ? რატომ თავიდანვე არა თქვი? ახლა კი მივუხვდით ერთმანეთსო".
მამა პაისი ჰყვებოდა: "მე ვნახე ეშმაკი, რომელიც თავის "გამოცხადებებს" მიყვებოდა. ის სახელებით ახსენებდა სხვადასხვა ხალხს და ამბობდა: "ეს ჩემია, ესეც ჩემიაო". მათ შორის ბევრი სიცრუე იყო. მაგრამ ხანდახან ის სიმართლესაც ამბობს".