სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
9 იანვარი. როგორც ჩანს, ოპტაში ქრისტეშობას მომხდარის განმარტების გამართლება იწყება: სხვებისთვის დიდად სამწუხაროდ და მოზეიმე მგლების ხროვის გასახარად (ისინი ნეტარებენ მოახლოებული გამარჯვებით) რწმენის საფარველი ეხდება ქრისტეს სამწყსოს.
ნათლისღების წინა დღეს და ნათლისღებას, სანიტარული კომისიის წარდგენით, გაიცა განკარგულება, პეტერბურგში დიდი აიაზმის წესით კურთხევა ადუღებული წყლით ჩატარებულიყო. ყველა დიდ ტაძარსა და საყდარში, ასევე იორდანესა და ნევასთან კასრებით მიიტანეს ადუღებული წყალი და წყლის კურთხევის ლოცვებს მდუღარე წყლის თავზე კითხულობდნენ; მასზე მოიწვევდნენ ყოვლადგამწმენდელ მადლს სულიწმინდისა. განა ეს არ არის რწმენის დარბევა?! წყლის ასადუღებლად საჭირო შეშის და მიკრობების განადგურებისა უფრო იწამეს, ვიდრე ღმერთის. აი, ისიც, "ხანძარი რწმენის საფარველისა!" მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერ ყველა არ განდგომია ჩვენი ცხონების ღუზას იმავე პეტერბურგში. რჩეულთა შორის უფალმა შემოინახა ერთი ეპისკოპოსი, რომელმაც არ უღალატა რწმენას ქრისტეს ეკლესიის მტრებთან მშვიდობის გულისთვის. ჩემი ჩანაწერები ოდესმე დღის სინათლეს თუ იხილავენ, დაე, შემოინახოს სახელი ღვთის ამ ერთგული მონისა და მღვდელმთავრისა, რომელიც აძლიერებს ღვთისმოშიშებასა და რწმენაში მოუძლურებულ ჩემს ძმებს. კირილე გდოველი გახლავთ ის ეპისკოპოსი. კურთხეულ იყოს სახელი მისი.
პეტერბურგიდან გამომიგზავნეს იქაურ გაზეთში დაბეჭდილი სტატია "ნათლისღების წყლის კურთხევა ალექსანდრე ნეველის ტაძარში".
მნიშვნელობით საშინელ ამ მოვლენას გაზეთი ამგვარად აღწერს: "აი, რა მოხდა ნათლისღების წინა დღეს ალექსანდრე ნეველის ლავრის მთავარ ტაძარში! ლავრის დარაჯებმა მოიმარაგეს წყლის კურთხევისთვის უზარმაზარი მუხის როფები და რამდენიმე კასრი აუდუღარი, ონკანიდან აღებული წყალი. ადგილობრივმა საუბნო პოლიციის პოლიციელმა ალექსანდრე ნეველის ლავრაში წყლის კურთხევისთვის 50 ვედრო ადუღებული წყლის მომზადება უბრძანა ადგილობრივ მეტრაქტირეს, ბატონ ევლოპის. მდუღარე შეუკვეთეს დილის ათ საათზე და ერთ საათში უკვე მზად იყო, მაგრამ არ გამოუყენებიათ, ლავრაში თვითონვე აადუღეს.
ბოქაულის თანაშემწემ ბრძანა, აუდუღარი წყალი ადუღებულით შეეცვალათ. ლავრის ეკონომოსი, არქიმანდრიტი ფილარეტი გაემგზავრა მიტროპოლიტ ანტონთან (მიტროპოლიტი ანტონი ამ მკრეხელობიდან მალევე მოკვდა საშინელი სიკვდილით, ათი დღე უგონოდ მყოფი კვდებოდა. როცა წესის აგების მერე ჩვეულებისამებრ სახურავახდილი კუბო ტაძარს შემოატარეს, უეცრად მოვარდნილმა ქარბორბალამ თავიდან გვირგვინი მოჰგლიჯა და ხალხში გადააგდო, სადაც უკვალოდ გაქრა), მაგრამ მდივანმა ტიხომიროვმა არ მიუშვა - მეუფე დაკავებულიაო. "მეუფისგან ვერანაირი განკარგულება ვერ მივიღე და ჩემი ხელმწიფებით ვბრძანე წყლის შეცვლა. ადუღებული წყალი საკმარისად გვქონდა, ოღონდ მისი გაცივება ვერ მოვასწარით და მადუღარადან ვიღებდით მდუღარეს", - გვეუბნებოდა არქიმანდრიტი ფილარეტი. ლავრის იკონომოსი წუხდა, წყლის ადუღების განკარგულება ძალზე გვიან მივიღეო. "საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ბევრმა იქ მყოფმა მადლობაც კი გადაგვიხადა მიღებული ზომებისათვის", - გვეუბნებოდა არქიმანდრიტი ფილარეტი.
სამწუხაროდ, სულ სხვა რამე გვიამბეს მლოცველებმა. ბევრი აღელვებული გარეთ გამოვიდა, როცა ლიტურგიის მსვლელობისას დარაჯებმა ცხელი წყალი როფებში ჩაასხეს. ორთქლი მთელ ტაძარში დატრიალდა. პოლიციის მოთხოვნამ, ცივი წყალი სასწრაფოდ ცხელით შეეცვალათ, მლოცველები ააფორიაქა. ნათლისღების დღეს ლავრის სამღვდელოებამ ყურად არ იღო პოლიციის მოთხოვნა, ადუღებული წყლით სავსე როფები იორდანესთან ყინულზე დაედგათ. ნევის ყინულჭრილთან ლავრის არქიმანდრიტებთან ერთად წყალი აკურთხა ეპისკოპოსმა კირილე გდოველმა.
ადგილობრივმა პოლიციამ იორდანესთან წყლის ასაღებად მომლოცველთაგან არავინ მიუშვა...
***
ოპტის მახლობლად, დედათა მონასტერში არის მონა ღვთისა ოლღა. მას ზოგჯერ "მოუვლის". ამ მდგომარეობაში ხილვები აქვს და წინასწარმეტყველებს. ზოგს სჯერა მისი, ზოგსაც - არა. მე ვერას ვიტყვი, მაგრამ ზოგი რამ მისი ნათქვამიდან ცხადდება. მამა იოანე კრონშტადტელის სიკვდილის შემდეგაც "მოუარა". ის თითქმის არაფერს ჭამს და სვამს და არც სძინავს. ქაღალდის საყვირი გაიკეთა და მასში ჩაყვირის:
- ახლა დადგა ანტიქრისტეს დრო. სატანა ამოვიდა ჯოჯოხეთიდან, სადაც, იუდას გარდა, აღარავინ დარჩა. მთელი სატანური მხედრობა თავისი თავადებით ქვესკნელიდან დედამიწაზე ამოვიდა ბოლო დროის ქრისტიანების საცდუნებლად და დასაღუპავად! იქ ჭირი ატყდება, სხვაგან მიწა შეირყევა, იქ კი საშინელი ომი ატყდება. მზის ამოსვლის მხარეს, აღმოსავლეთით, ორი ცხენია, ქურანა და შავი. აღვირს ღეჭავენ და ჭიხვინებენ. ჩვენი გაგლეჯა სწადიათ, მაგრამ ჯერ არ შეუძლიათ - არაამქვეყნიური ძალა აკავებთ... მაგრამ მალე ჯაჭვებს დაწყვეტენ და მოგვცვივდებიან!
ოლღას უცრემლოდ ვერ ვუყურებთო, - მეუბნებოდნენ თვითმხილველები, - ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩა და მისმა სხეულმა სრულიად არაბუნებრივი მდგომარეობა მიიღო.
ყვირის ოლღა: - ანტიქრისტეს ვხედავ. დადის, ხელებს იფშვნეტს, თავისი მსახურებით კმაყოფილია. ოღონდ არავინ იცის, სად არის და როდის გამოცხადდება. მალე თავს გამოაცხადებს. მე მას ვამხელ, როცა იოანეს მონასტერში გადავალ საცხოვრებლად. ანტიქრისტეს ბრძანებით, ქრისტიანების დევნა იოანეს მონასტრიდან დაიწყება.
ოლღა ანტიქრისტეს აღწერს, როგორც წვერულვაშიან მშვენიერ მამაკაცს...
ორ მოვლენას - ადუღებულ წყალსა და ოლღას წინასწარმეტყველებას გარეგნულად კავშირი თითქოს არ აქვს, შინაგანი კი, ჩემი აზრით, რამდენიც გინდა!.. თუ როგორი სულით წინასწარმეტყველებს ოლღა, მომავალი გვიჩვენებს.
***
ჟურნალ "კოლოკოლში" წავიკითხე, უძველესი რუსული ეპარქიის (ნოვგოროდელი გური) მოხუც მთავარეპისკოპოსს თავის კაბინეტში, ხალიჩაზე, ნაბიჯი აერია, წაიქცა, თავი და სახე ისე დაილეწა, რომ დღესასწაულებზე მსახურება ვერ შეძლო, ახლაც კი სახეახვეული წევს და არავის იღებს. შარშან, ნოემბრის დასაწყისში თუ ოქტომბრის ბოლოს, ამ მღვდელმთავრის ეპარქიიდან მოსალოცად ოპტაში ერთი ოფიცერი ჩამოვიდა. მან მიამბო:
- ოპტაში წამოსვლამდე ერთ-ერთი სავანის დღესასწაულს დავესწარი, რომლის სიახლოვესაც ჩემი პოლკი დგას. ზეიმის შემდეგ წინამძღვარმა ტრაპეზზე მიმიწვია. ეს მონასტერი მდიდარია. ტრაპეზზე ბევრი სტუმარი იყო. სუფრას ჩვენი ეპარქიის ქორეპისკოპოსი უძღვებოდა, იგი იყო მწირველი იმ დღის ლიტურგიისა. საპატიო სტუმრებს შორის იმყოფებოდა რომელიღაც "გენერალი" სინოდის კანცელარიისა. საუბარში ქორეპისკოპოსმა ახსენა, რომ მთავარეპისკოპოსის წარდგინებით, სინოდმა მიიღო კურთხევა, რომ რესტავრაცია ჩაუტარდეს ამ მონასტერში დასვენებულ ერთ-ერთ სასწაულმოქმედ ძველ ხატზე ღვთისმშობლის სახეს. ამ ხატის სწამთ და თაყვანს სცემენ მთელ მართლმადიდებელ რუსეთში და იგი გადმოცემით ღვთისმშობლის მიწიერ სიცოცხლეშივე დაუხატავს წმინდა მოციქულსა და მახარებელ ლუკას. ხატი ისე არის დაბინდული, მასზე სახის გარჩევა შეუძლებელია. მონასტრის ხელმძღვანელობას, კაცმა არ იცის, საიდან, გამოეცხადნენ რესტავრატორები და ახალი წესით ხატის რესტავრაცია შესთავაზეს. მოხუცებული ეპარქიის მღვდელმთავარი დაითანხმეს.
- ნუთუ ეს განცხადებულად, მრევლის თანდასწრებით მოხდება?
- არა, რესტავრაციის ჩატარება ღამ-ღამობით და ნაწილ-ნაწილ მოხდება: პატარა მონაკვეთებს ამოფხეკენ ძველ საღებავებზე და სანაცვლოდ მოზაიკასავით ძველის მსგავს ახალ ფერებს ჩასვამენ, რათა თანდათანობით აღდგეს ძველი ნახატი.
- ეს ხომ მკრეხელობაა, - წამოვიძახე, - იმაზე არანაკლები, რაც ჩაიდინა ხატმებრძოლი მეფის მეომარმა, მახვილი რომ აძგერა ივერიის ღვთისმშობლის უწმინდეს სახეს.
- თურმე ამასვე ფიქრობდა ქორეპისკოპოსი, მაგრამ მას არ ეთანხმებოდა სინოდის კანცელარიის "გენერალი". ამასობაში ხალხმა გაიგო ეს ამბავი და შეშფოთდა: ხომ არ ჩაებმებით შეგინებისთვის განწირული სიწმინდის დაცვაში?
მწარედ გამეღიმა: - მე ვინ დამიჯერებს-მეთქი.
თუმცაღა ამ ოფიცრის გამგზავრების შემდეგ ძალა მოვიკრიბე. მივწერე იმავე სინოდის ერთ-ერთ "გენერალს", სკვორცოვს, რომელსაც ადრე ვიცნობდი. ასევე წერილი მივწერე იმ ეპარქიის ქორეპისკოპოს ანდრონიკეს (შემდგომში წამებულ პერმელ ეპისკოპოსს), სადაც უნდა შესრულებულიყო ამ წმინდა ხატის "რესტავრაცია". ეპისკოპოსს დიდი ხანია ვიცნობდი, ვამჩნევდი ჩემდამი კეთილგანწყობას და ვიფიქრე, წერილს ყურადღებით მიიღებდა. წერილის ტონი პატივისცემის გამომხატველი იყო, შინაარსი კი აღსავსე გულითადი სიყვარულით, რამდენადაც ეს შეეძლო ჩემს მცირედ მგრძნობიარე გულს. უეცრად გამახსენდა: ხელი ასეთ მნიშვნელოვან საქმეს მოვკიდე, ოპტაში ვცხოვრობ და რჩევისთვის ოპტელი მამებისთვის არ მიმიმართავს. ვინანე, რომ წერილი უკვე გავუგზავნე "გენერალს". ავიღე ეპისკოპოსისთვის გამზადებული წერილი და ჩემს მოძღვართან, მამა ბარსანოფისთან (წმინდა ბარსანოფი ოპტელი, - კ.კ.) მეუღლესთან ერთად მივედი სკიტში. მჯეროდა, მოძღვრის გულს შევძრავდი ჩემი მოშურნეობით და ისიც მაკურთხებდა, სასწაულმოქმედი ხატის დასაცავად გამელაშქრა.
- მშვიდობა თქვენდა, სერგეი ალექსანდროვიჩ! რას გვეტყვით? - მკითხა მოძღვარმა. მოკლედ მოვუყევი ყველაფერი და ეპისკოპოსისთვის მიწერილი წერილის ხმამაღლა წაკითხვის ნება ვთხოვე. მან ყურადღებით მომისმინა და უეცრად მკითხა: "ზეციური დედოფლისგან თუ მიიღეთ კურთხევა, ეს წერილი დაგეწერათ?" "მაპატიეთ, მამაო, ვერ მიგიხვდით ნათქვამს", - ვკითხე დაბნეულმა. "განა თქვენ უფლებამოსილი ხართ ღვთისმშობლისაგან, მისი წმინდა ხატი დაიცვათ?" "რა თქმა უნდა, არა, - ვუპასუხე, - მისგან პირდაპირი კურთხევა არ მაქვს. მაგრამ ვფიქრობ, თითოეული მოშურნე ქრისტიანის ვალია, ყოველწამს მზად იყოს თავისი რწმენის შეგინებული სიწმინდეების დასაცავად".
- ეს ასეა, ასე უნდა მოვიქცეთ, - მითხრა მამა ბარსანოფიმ, - მაგრამ არა ქრისტეს ეკლესიაში უმაღლესი მოციქულებრივი ხელმწიფების მქონე პირთან ურთიერთობისას. ვინ ხართ თქვენ, რომ წინ აღუდგეთ ეპისკოპოსს და მიუთითოთ ღვთისგან რწმუნებული ადგილობრივი ეკლესიის მართვის საქმეში? განა არ იცით, როგორია მთელი სისავსე მთავარეპისკოპოსის ხელმწიფებისა? თავი ანებეთ მაგ განზრახვას, მსჯავრი მიანდეთ ღმერთსა და ზეციურ დედოფალს, ისინი ისე იზრუნებენ, როგორც მათთვის სათნო იქნება. მოიქეცით ასე წმინდა მორჩილებისთვის და ღმერთი, რომელიც აფასებს ადამიანის განზრახვასაც კი, თუ ის სიკეთისკენ არის მიმართული, გიბოძებთ ორმაგ ჯილდოს: მორჩილებისა და განზრახვისთვის. ოღონდ ბრძოლას ნუ დაუწყებთ ეპისკოპოსის საყდარს, თორემ თვითონ ზეციური დედოფალი დაგსჯით.
უნდა დავმორჩილებოდი.
- მამაო, რა ვუყოთ იმ წერილს, სინოდის "გენერალს" რომ გავუგზავნე?
- ეს თქვენი პირადი საქმეა: "გენერალი", თანაც სინოდისა, ღვთის ეკლესიაში უფლის მიერ დადგენილი ხელმწიფება არ არის, იგი თქვენი თანასწორია (ერისკაცია), რომელთანაც ურთიერთობა შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, ქრისტიანული მშვიდობისმოყვარეობის და კეთილგანწყობის საზღვრებში.
"მთელი მსჯავრი ღმერთს მიანდეთ!" - ასეთი იყო მოძღვრის რჩევა და ეს მსჯავრიც შესრულდა: ორი თვეც არ იყო გასული, რომ მთავარეპისკოპოსმა უკვე შეგონება მიიღო ღვთისაგან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახის შელანძღვისთვის საკუთარი სახით ზღო, მოკლედ, მოაკლდა საშობაო დიდებულ დღეებში ლიტურგიის შესრულების ბედნიერება.
შეწყდა ხმები წმინდა ხატის რესტავრაციაზე. მსურდა, მემხილებინა დიდი აიაზმისთვის წყლის ადუღებაც, მაგრამ მოძღვრის შეგონების შემდეგ მსჯავრი ღმერთს მივანდე.
ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის რესტავრირება ზემოხსენებული ხერხით მაინც მოხდა არქიმანდრიტ იოანიკეს დროს. ძველი წმინდა ხატიდან აღარაფერი დარჩა და მისი გამოფენა თაყვანისცემისთვის უკვე აღარ შეიძლებოდა. არქიმანდრიტს ამის მერე მალევე დამბლა დაეცა და მსახურება ვეღარ შეძლო. ვალდაის მონასტერში პენსიაში გაუშვეს, სადაც მესენაკემ გაქურდა, დანაზოგი ფული (40 თუ 60 ათასი მანეთი) მოჰპარა და 1913 წლის 3 ივნისს გამწარებული გარდაიცვალა. "ადრე ის ხარივით ჯანმრთელი იყო", - მითხრა მასზე ვალდაის არქიმანდრიტმა, შემდგომში ეპისკოპოსმა იოანემ.