სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
2 იანვარი. ორი-სამი წლის წინ, სანამ ორლოვის გუბერნიაში, როგორც მემამულე, საქმიანობას შევწყვეტდი, ზაფხულში, თიბვის დასრულებისას, მკის დაწყებამდე ცხენებით მამა გიორგი ჩეკრიაკოველთან წავედი.
სულდაბურულს და გულგაქვავებულს მინდოდა, სულისთვის შვება მიმეცა და გამომეცოცხლებინა. მამა გიორგისთან იმ დროს მივედი, როცა მისი "მარჯვენა ხელი" ბავშვთა თავშესაფრის გაძღოლაში, კნეინა ოლღა ევგენის ასული ობოლენსკაია, გასამგზავრებლად ემზადებოდა.
- საით მიდიხართ? - ვეკითხები.
- მოძღვარმა მაკურთხა, დავისვენო და ვესტუმრო კიევის მღვიმევის მონასტრის ღირს მამებს. ხვალ მივდივარ, სათხოვარს ხომ არაფერს დამაბარებ კიეველ წმინდანებთან?
საფულიდან ორგრივნიანი ამოვიღე, მივეცი და ვუთხარი:
- მღვიმევში მომიხსენიეთ ღირს იოანე მრავალვნებულთან და მის წმინდა ნაწილებზე ეს ორგრივნიანი დადეთ, როგორც ძღვენი, ნიშნად ჩემი მისადმი ლტოლვისა.
რატომ გამიჩნდა მაშინ კიევის მღვიმევის ღირს მამათა გუნდიდან სწორედ ამ წმინდანისადმი ლტოლვა, დღემდე არ ვიცი... ეტყობა, ასე იყო საჭირო.
კნეინა გაემგზავრა, მეც მამულში დავბრუნდი.
საშემოდგომო თესვასაც მოვრჩით, კალოობაც ჩავისტუმრეთ და გამოსაზამთრებლად მწირი ქალი მატრონუშკაც მოვიდა - მან ორი წელი ზედიზედ ჩვენთან გამოიზამთრა. საჩუქრად სხვადასხვა წმინდა ადგილიდან წამოღებული უამრავი სიწმინდე მოიტანა, მათ შორის გახლდათ კიევიდანაც - ღირსი იოანე მრავალვნებულის ნაწილებზე შენახები პატარა ხატი. ამან ძალზე ამაღელვა, მაგრამ მისი დარი სხვა სიწმინდეებიდან არ გამომირჩევია და განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია.
ოქტომბრის ბოლოს თუ ნოემბრის დასაწყისში ერთი დღით მეწვივნენ მამა გიორგი ჩეკრიაკოველი და მისი მეუღლე. სხვათაშორის ვკითხე, კარგად თუ იმგზავრა კიევში კნეინამ-მეთქი.
- კარგად კი იმგზავრა, მაგრამ დარდი გამოჰყვა; მღვიმევში პირველსავე დღეს ჯიბიდან საფულე ამოაცალეს, მასში ოქრო და თქვენი ორგრივნიანი იდო. საფულეზე და ოქროზე არას ჯავრობდა. თქვენი ფული რომ ვერ მიიტანა წმინდა იოანეს წმინდა ნაწილებთან, დიდად იყო შეწუხებული. თუმცა მან ის ფული თავისით შეცვალა, მაგრამ ეს, მისი აზრით, ის არ იყო, რაც უნდა გაეკეთებინა, გამოვიდა, თითქოს მან თქვენი დავალება არასწორად შეასრულა.
უცბად გამიელვა:
- არა, ასე ნუ იფიქრებთ, მან ჩემი ორი გრივნიანი ღირს მამასთან მიიტანა...
და ვაჩვენე მას, თუ რა ჩამომიტანა კიევიდან მწირმა მატრონამ. მივიყვანე მატრონა მამა გიორგისთან და ვკითხე:
- კიევურ სიწმინდეთაგან რატომ აირჩიე ის, რაც წმინდა იოანე მრავალვნებულს ეხება?
- მე არ ამირჩევია, - მიპასუხა მატრონამ, - ჩვეულებად გვაქვს, როცა კიევიდან წამოსვლის დრო მოგვიწევს, ფულს ვაგროვებთ და წირვას ვუკვეთავთ მღვიმევის ეკლესიის კეთილისმყოფელთა განსვენებისა და ჯანმრთელობისათვის. ახლაც ასე მოხდა. წირვის შემდეგ მწირველმა მღვდელმონაზონმა სხვადასხვა სიწმინდე დაგვირიგა. წმინდანის ხატი და ქუდი შემხვდა, მე კი, კეთილი მასპინძლობისთვის, თქვენ მოგართვითო.
დღემდე ვინახავ ამ სიწმინდეს. განა ამნაირადვე არ მოვიდა ჩემთან წმინდა იოანე კრონშტადტელის ხელთ ნაჭერი ბზის ტოტი? ჩემი რწმენით, ამ ორ მოვლენაში საერთო ბევრია.
მამა იოანე კრონშტადტელის სიკვდილიც ჩემს მწირ გონებაში დაფარული და საშინელი მნიშვნელობის მინიშნებად წარმომიდგება: მიწაზე მყოფ ცოცხალთაგან აღიყვანება მთელი რუსეთისთვის მლოცველი და ნუგეშინისმცემელი, ამის გარდა - სასწაულმოქმედიც, თანაც იმ დროს, როცა რუსული ცხოვრების ჰორიზონტზე უფრო და უფრო ბნელი და სქელი ღრუბლები იკრიბება... და განა მარტო რუსული ცხოვრებისა? მსოფლიოსიც ხომ არა? მართალია, "არ არის კაცი, რომელმაც იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი". მამა იოანე დიდხანს ავადმყოფობდა, თუმცა სიკვდილამდე თორმეტი დღით ადრე ფეხზე იდგა და ყოველდღიურად სწირავდა. მისი სიკვდილი მოულოდნელი არ ყოფილა - მორწმუნეები შემზადებულნი იყვნენ. მაგრამ ახლა ვის გამო უნდა შეიწყალოს უფალმა ცოდვილი დედამიწა? ვის ძალუძს ისეთივე ძალითა და ხელმწიფებით შეავედროს იგი მართალ მსაჯულს? "შვიდი ათასი, რომელთაც არ მოუყარეს ბაალის კერპს მუხლნი", შემოინახა თავისთვის უფალმა, იმისათვის ხომ არა, რომ უთხრას მიწაზე დარჩენილ თავის ბოლო ეკლესიას, თავის ამ მცირე სამწყსოს, - "გამოდი აქედან, ჩემო ხალხო".
ჩვენი დრო და ნაყოფნი მისნი მსგავსია იმისა, რაც მოხდა იერუსალიმში ალყის წინ და მისი დანგრევისას. განა შობას არ დაინგრა აყვავებული ქალაქი მესინა; თვალის დახამხამებაში ნანგრევებქვეშ 200000 კაცი ჩაიმარხა. მესინის საფლავებიც კი, პირველ მიწისძვრას რომ გაუძლეს, კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ ახალმა აღხოცა პირისაგან მიწისა...
განა ეს სილუამის გოდოლი არ არის? ღმერთი დაღუპვით ხომ არ გვემუქრება, თუ არ შევინანებთ? სინანული კი არათუ არ ჩანს, არამედ ადამიანები, მიუხედავად მათზე დადებული მძიმე წყლულებისა, უფრო მეტად გმობენ ღვთის სახელს. მაგალითად, რუსი ხალხის წიაღიდან გამოსული მაქსიმ გორკი, ოდესღაც მორწმუნე და მაზიარებელი, რუსული ანარქიის ეს პატარა ღმერთი, საცოდავი და უგუნური, წერს მესინის კატასტროფაზე: "ასეთი საშინელი მოვლენა კიდევ შეიძლება მოხდეს, ვიდრე კაცობრიობის ძალა იხარჯება ერთის მეორესთან ბრძოლაში. მაგრამ დადგება ჟამი ამ ბრძოლის დასასრულისა, მაშინ დავეუფლებით თვითონ სტიქიებს და ვაიძულებთ, ადამიანს დამორჩილდნენ..."
რა არის ეს, თუ არა დაცემული მთიების აჯანყება ღვთის წინააღმდეგ? განა ამ საცოდავი უხამსი და მკრეხელი ღვთისმგმობი ბაგეებით აპოკალიფსური მხეცი არ საუბრობს, რომელიც ჯერ არ მოსულა, მაგრამ მის სიახლოვეს წინასწარ გრძნობს შიშის ზარდაცემული ადამიანის ათრთოლებული გული, რომელიც ერთისთვის, მცირედი ნაწილისთვის, ანტიქრისტეა, საცაა, სოფელში რომ შემოვა, სხვებისთვის - უმეტესთათვის კი "ზეკაცია", მსოფლიო გენიაა, რომელიც უნდა მოვიდეს და ყველაფერი მოაწესრიგოს, მახვილი სახნისად და ფარი ნამგლად გადაადნოს?
ჩემი გული და გონება უარს ამბობენ, თანამედროვე მსოფლიო მოვლენებს სხვანაირად შეხედონ, თუ არა ოდენ როგორც აღსრულებას წმინდა წერილის წინასწარმეტყველებათა, და ნაწილობრივ აპოკალიფსურისა. ოპტაში გატარებულმა თხუთმეტმა თვემ, ოპტის წერილობითმა თუ ზეპირმა გარდამოცემებმა სრულიად დამარწმუნა, რომ არ ვცდები ჩემს რწმენაში: მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეიძლება აიხსნას ეს უგუნური, უაზრო ღმერთისთვის გადაბრალება ყველაფრისა, რაც მთელ მსოფლიოში ხდება და რამაც უკვე დაასნეულა რუსეთი, რათა მორწმუნეთა გულები (ამის შემხედვარე) უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე არ მივიდნენ, რომლის იქით უკვე საუკუნო სიკვდილია სულისა. წმინდა წერილის, სულის, უარისმყოფელი კაცნი რაოდენ ბრმანი არიან! - თვალით ხედვენ, ყურით ესმით, მაგრამ ვერ გულისხმაჰყოფენ?
მესინაში საყოველთაო ნგრევას ორი შენობა გადაურჩა: ციხე და საგიჟე. როგორც ჩანს, გადარჩნენ მხოლოდ ამ სოფლისგან განკითხულნი და გარიყულნი, მათი განმკითხველი და გამრიყველი სამყარო კი დაიღუპა.
განა არ არის ეს ნიშანი ღვთის განგებულებისა? ვისაც ყურნი აქვს სმენად, დაე, ისმინონ!
***
3 იანვარი. არცთუ ცოტა ნიშ-სასწაული ხდება ჩვენს ჯერჯერობით ღვთივდაცულ ოპტის უდაბნოში. თვითონ ქრისტეშობის დღეს მასში მოხდა თავისი შინაგანი მნიშვნელობით ორი დიდი შემთხვევა: საზეიმო ლიტურგიის დროს, რომელსაც მამა არქიმანდრიტი უძღვებოდა, დიდი შესვლის მომენტში, ცეცხლი წაეკიდა და საძირკვლამდე დაიწვა მონასტრის კრამიტის ქარხანა - ეს პირველი შემთხვევა. იმავე დღის ხუთ საათზე, როცა ტაძარში მწუხრის მეცხრე ჟამის კითხვა დაიწყეს, თავის კელიაში გული გაუსკდა და უეცრად გარდაიცვალა მონასტრის კეთილმოწესე, მამა ილიოდოსი. იგი შუახნის იყო და შესახედავადაც მხნედ გამოიყურებოდა. ესეც მეორე მოვლენა.
ამგვარად, ახალი ქრისტიანული წლის დასაწყისი, რომელიც ლოგიკურად ქრისტეს შობის დღიდან უნდა დაიწყოს, ხანძრითა და სიკვდილით აღინიშნა. დაიწვა ქარხანა, მოკვდა კეთილმოწესე. პირველსახე ხომ არ არის პირადულიდან საზოგადოებრივამდე ქრისტიანად სახელდებულ სოფელში მომხდარი მოვლენებისა? ახალი წელი ხანძრით იწყება (ჩვენ სულიერებმა ყველაფერი სულიერად განვსაჯოთ) და (საეკლესიო) კეთილმოწესის უეცარი სიკვდილით. ეს მოვლენები (ნიშები), რომელიც ოპტის უდაბნოს ეხება, შეუძლებელია, არ აისახოს მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროზე. ოპტის უდაბნო ერთი უცნობი, სოფლის სადღაც მიყრუებულ ადგილას მდებარე ადგილი კი არ არის - წმინდა იოანე კრონშტადტელის სიკვდილის შემდეგ იგი თითქმის უმთავრეს ცენტრად იქცა მართლმადიდებელი რუსული სულისა. მასში, როგორც ცენტრში, მომხდარი ამბავი უცილობლად აისახება როგორც პერიფერიაზე, ისე რუსულ ორგანიზმზე, მასთან ერთად მსოფლიო მართლმადიდებლობაზე. პულკოვოს ობსერვატორიის სეისმური ინსტრუმენტები განა არ გვაჩვენებენ სხვა ნახევარსფეროზე მომხდარ მიწისძვრებს?
მივყვეთ მოვლენებს: ისინი თვითონ გვიჩვენებენ, მართალია თუ არა ჩვენი თვალსაზრისი.
1905 წლის რუსეთში საყოველთაო დარბევის წინ, 1904 წლის აგვისტოში, ოპტაში მოხდა მოვლენა, რომლის მნიშვნელობაც ღირსეულად შეაფასეს განკრძალულად მცხოვრებთ.
ეს ასე მოხდა: ზაფხულის არდადეგების დასაწყისში ოპტის უდაბნოში წინამძღვართან და მამებთან გამოცხადდა ერთ-ერთი სასულიერო აკადემიის სტუდენტი და თან მოიტანა თავისი რექტორის სარეკომენდაციო წერილი, რომელში მამა რექტორი უდაბნოს ხელძღვანელობას სთხოვდა, ხსენებული სტუდენტისთვის არდადეგების პერიოდში მიეცა უფლება და საშუალება მონასტერში მორჩილად ყოფნისა.
აკადემისტი ოპტის უდაბნოში ჩვეული გულითადობითა და ალერსით მიიღეს. ცალკე ოთახი გამოუყვეს სასტუმროში. მორჩილებად კი მისცეს ის, რასაც აძლევენ ოპტელი მამები ახალმოსულს - სამზარეულოში კარტოფილის სათლელად და ჭურჭლის სარეცხად გაამწესეს. რადგანაც ახალ მოხალისე-მორჩილს ხმა და სიმღერის ნიჭიც გამოაჩნდა, სხვა სამორჩილო საქმეც დაუმატეს - მარჯვენა კლიროსზე უნდა ეგალობა. ოპტის საეკლესიო მსახურებები ძალზე ხანგრძლივია. ყოველდღიური სამონასტრო ღვთისმსახურების წრე მოიცავს დილასაც, შუადღესაც, საღამოსაც და ღამის დიდ ნაწილსაც. კარტოფილის გაფცქვნა და კლიროსის მორჩილებაც შეასრულო, ეს ისეთი ღვაწლია, რომლის კეთილსინდისიერად შესრულება მხოლოდ ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმის, დისციპლინირებული ნების ადამიანს შეუძლია, რომელსაც, ღვთის სიყვარულით აღფრთოვანებულს, მოშურნედ სურს უფლისადმი მსახურება. მაგრამ ეს ღვაწლი განსწავლულ მორჩილს საკმარისად არ მოეჩვენა და თვითნებურად განსაკუთრებულ ლოცვით ღვაწლს შეუდგა: ღამღამობით დაიწყო ლოცვა და ისეთ დროსაც ლოცულობდა, როცა სრულყოფილი მამებიც კი თავიანთ გათანგულ სხეულს ასვენებდნენ. ეს შეამჩნია სასტუმროს მესტუმრემ და წინამძღვარს უთხრა:
- აკადემისტი დიდ ღვაწლს რაღაც ავადმყოფურად მიეძალა. ღამღამობით არ სძინავს, სულ ლოცულობს, ახლა კი ისე დაიწყო ლოცვა, მოსმენისაც შეგეშინდება: ოხრავს, ქშინავს, იატაკს შუბლს უხათქუნებს, მკერდში მჯიღს ირტყამს.
მამებმა აკადემისტს უთხრეს: ასეთი თვითნებობით შეიძლება ჯანმრთელობა შეგერყეს ანდა ეშმაკის ხიბლში ჩავარდე. აასრულე ის, რაზეც გაკურთხეს. ზედმეტს ნუ მოინდომებ.
მაგრამ უგუნურად გულმოდგინე, თანაც განსწავლული მოღვაწის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა: "რა იციან ამ ჩამორჩენილმა ბერებმა? მე უკეთესად ვიციო", - ფიქრობდა და ისეთ საფეხურამდე მივიდა, ოპტის ძველ მოღვაწეთაგან არავის რომ არ მიუღწევია!
მამათა დარიგებიდან მალევე მარჯვენა კლიროსის მგალობლებმა აკადემისტის საქციელში აშკარა არანორმალურობა შეამჩნიეს: მან გალობისას ისეთი რამ ჩაიდინა, რომ კლიროსიდან პირდაპირ მონასტრის საავადმყოფოში გაგზავნეს; საავადმყოფოში კი მან გაშმაგებული სიგიჟე გამოაჩინა. იძულებული გახდნენ, გაეკოჭათ და ისეთ შენობაში ჩაესვათ, სადაც არც საკუთარ თავს ავნებდა და არც სხვებს. ამასობაში მისი ამბავი აკადემიაში შეატყობინეს.
ეს 1904 წლის 1-ელ აგვისტოს მოხდა. ორ აგვისტოს კი ისეთი კატასტროფით დამთავრდა, რომლის მსგავსი არათუ ოპტის უდაბნოს, ვგონებ, რუსეთის ეკლესიასაც არ სმენია დღიდან მისი დაარსებისა.
მირქმის ეკლესიაში (ოპტის საზაფხულო ტაძარში) ცისკრის ლოცვა მიმდინარეობდა. მსახურობდა მღვდელმონაზონი პალადი, შუახნის მაღალი სულიერი განწყობილების და გოლიათური ფიზიკური ძალის პატრონი. კლიროსზე "უპატიოსნესსა ქერუბინთასას" გალობდნენ, მამა პალადი კი კმევით მიმოივლიდა ტაძრის ყველა კუთხე-კუნჭულს. საკურთხეველი ცარიელი იყო, მორიგე მნათეც სადღაც გახლდათ გასული. ლოცვაზე ბევრი ხალხი იდგა, რადგან ძმათა უმეტესობა ეზიარებოდა, ბევრი იყო მაზიარებელი ერისკაც მომლოცველთაგანაც... უეცრად ტაძარში დასავლეთის კარებიდან დინჯად და მედიდურად შემოვიდა ვიღაც სრულიად შიშველი. ამ კარების მარცხნივ დგას შესაწირავის ყუთი, მის ახლოს ორი-სამი ღონიერი ახალგაზრდა ბერი იდგა. სატრაპეზოში ბერები და ერისკაცები იყვნენ, ასევე ტაძარშიც. მაგრამ ყველა ისე გაშეშდა, თითქოს იატაკს მიეწებნენო, ადგილიდან დაძვრა ვერავინ შეძლო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიდურად მოსიარულე შიშველმა კაცმა ჩაუარა ყველა მლოცველს, მივიდა მარჯვენა კლიროსთან მდებარე ყაზანის ღვთისმშობლის ხატთან, გულმოდგინედ პირჯვარი გამოისახა, ბერულად მუხლი მოუდრიკა მარჯვნივ და მარცხნივ მდგომ მლოცველებს და მარჯვენა კლიროსზე ავიდა. თვალის დახამხამებაში შეხტა სამეუფო კარებში, ძლიერად მიიჯახუნა, ერთი ნახტომით შევარდა წმინდა ტრაპეზზე, ხელი სტაცა ჯვარსა და სახარებას, შორს მოისროლა. სახით მლოცველებისკენ მთელი ტანით დადგა ტრაპეზზე, აღაპყრო ორივე ხელი ისე, როგორც ვინმემ, ვინც "დაცაჯდეს ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა ვითარცა ღმერთი" (2 თესალ. 2,4). ოპტელმა ბრძენმა მოღვაწეებმა ასეც გაიგეს.
ეს შიშველი კაცი სწორედ ის სემინარისტი გახლდათ, რომელმაც მამათა ნებისა და კურთხევის წინააღმდეგ თვითნებური მოღვაწეობა დაიწყო, რამაც სული დაუბნელა, ანუ ხიბლში ჩავარა.
მონაზვნები ეცნენ ახალგამოჩენილ ღმერთს, წამში გათოკეს და წმინდა ტრაპეზის წინ იატაკზე დააგდეს. სისხლი სდიოდა. ხელები მაშინ გაუჭრია, როცა თავისი საკნის სარკმელი ჩარჩო-გისოსებიანად გაანგრია. ბაგეებზე ირონიულ-სატანური, შემაძრწუნებელი ღიმილი დასთამაშებდა...
როცა მოხიბლული გონს მოვიდა, ჯანრთელივით დაიწყო საუბარი. რა დაგემართა, თუ გახსოვსო, - ჰკითხეს. მახსოვს, ყველაფერი კარგად მახსოვს. ეს უნდა გამეკეთებინა. ვაი მე, თუ არ დავემორჩილებოდი ამ ბრძანებას... როცა სარკმელი გავტეხე, გავშიშვლდი და როგორც ახალი ადამი, რომ აღარ რცხვენია თავისი სიშიშვლისა, წავედი "უხილავი" არსების ბრძანების აღსასრულებლად. მესმა ხმა: "იჩქარე, თორემ მერე გვიან იქნება!" მე მხოლოდ ჩემი ვალი შევასრულე ჩემი გამომგზავნელის წინაშე.
ასე ახსნა თავისი საქციელი "ახალმა ადამმა", თავისი გამომგზავნელის, სულიერი სიამაყისა და სიცრუის მამის ნების აღმასრულებელმა. მოხიბლული გაგზავნეს კალუტაში, სულიერად სნეულთა საავადმყოფოში, საიდანაც რომელიღაც ახლო ნათესავმა წაიყვანა (აქვე უნდა ითქვას, რომ ეს აკადემისტი შემდგომში გამოჯანმრთელდა და შვიდი წლის მერე მღვდლადაც კი აკურთხა სოხუმის ეპისკოპოსმა ანდრიამ. იგი გახლდათ მღვდელი სერგი იაკობის ძე მარაგდოვი).
ამის გამო მიყვანების ტაძარი დროებით დახურეს (ოპტის უდაბნო მიყვანების სახელობისაა. მისი უმთავრესი დღესასწაული კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაა), ვიდრე მისი ხელახლა სატფურება არ მოხდა. მაღალსულიერმა ძმებმა მომხდარში მომავალი მრისხანე მოვლენების და ანტიქრისტეს დროის მოახლოების მინიშნება დაინახეს. ერთი წელიც არ გასულა, რომ დაიწყო ე.წ. განმათავისუფლებელი მოძრაობა და აშკარად დაამტკიცა ის, რაც ივარაუდეს ოპტელმა სულიერმა მამებმა - ეს მოძრაობა არა მარტო ღვთის ცხებულის წინააღმდეგ გაბრძოლებაა, არამედ სამყაროს შემოქმედის წინააღმდეგ ომი. ახლოვდება ის ავბედითი დღე, როცა გამოცხადდება დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები ანტიქსიტე, ის აკრძალავს ყოველდღიურ მსხვერპლშეწირვას ღვთისადმი და წმინდათაწმინდაში საძაგელი იგი მოოხრებისა დატრიალდება.
ოპტის უდაბნოში ცხოვრობს ძალზე უბრალო, განკრძალული, ღვთისმოშიში ბერდიაკონი ეგნატე. ამ მოვლენამდე თურმე ხედავდა მიყვანების ტაძარში ტრაპეზზე მჯდარ შიშველ მამაკაცს.
- ეს რანაირი განსაცდელი მჭირს, - ეუბნებოდა მღვდელმსახურებს, - როგორც კი ჩემი რიგი დგება, შევდივარ საკურთხეველში და ტრაპეზზე შიშველ კაცს ვხედავო.
ცოტა თუ ვინმეს სჯერა ამ ღვთის მონის სიტყვებისა...
ნეტავ ბევრი თუ მოიძებნება ისეთი, ვინც გაიზიარებს ჩემს შეხედულებას და განსჯას იმისა, რაც 1904 წლის 2 აგვისტოს მოხდა ოპტის უდაბნოში. ღმერთმა ქნას, ჩემი განმარტება სწორი არ აღმოჩნდეს! გული კი ღელავს, ძალიან ღელავს!..