გაოცებული ვარ, სად გაქრა სნეულება?
გადასახლებაში მამა იოანე (კრესტიანკინი) პოლიტიკური ბანაკიდან გადაიყვანეს კრიმინალების ბანაკში. შეაგდეს ბარაკში და კარი მიუხურეს. მისკენ ერთი ტანმოხატული გოლიათი წამოვიდა, თურმე მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს.
"ვინა ხარ, მოძღვარი?" - ჰკითხა კაცმა. "კი, მღვდელი ვარ", - დაუდასტურა მამა იოანემ და სიკვდილისთვის მოემზადა. ბანდიტი მოულოდნელად პატიმრებს მიუბრუნდა და უთხრა: "ვინც მამაოს შეეხება, ჩემთან ექნება საქმე, ჩემი ხელით მოვკლავ... ტურებო, გაფრთხილდით!" ბანდიტი მამა იოანესთან მონასტერში მივიდა და დარჩა. მორჩილებდა, ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. ახლა უკვე ღრმად მოხუცია. ღვთის წინაშე ახლაც ინანიებს თავის ცოდვებს და ყოველ შემხვედრს შენდობას სთხოვს. * 1909 წლის 28 მარტის "ნოვოე ვრემია" ასეთ ამბავს მოგვითხრობს: "საოლქო სასამართლოზე ირჩეოდა გლეხი ქალის, დარია შიკუროვას მიერ ორი ებრაელი გოგონას მოტაცების საქმე. დარია სარა პოჩტალიცის ოჯახში მოახლედ მოეწყო. 16 წლის ძალზე რელიგიური და ღრმად მორწმუნე რუსი გოგონა გულით შეიყვარეს სარას მცირეწლოვანმა ქალიშვილებმა - 12 წლის ბელამ და 10 წლის დორამ. დარია მათ სახარებას უკითხავდა, ასწავლიდა ლოცვებს, თავისი ხელფასით რელიგიურ წიგნებს ყიდულობდა. უყვებოდა პირველ ქრისტიან ქალთა მოწამეობის ამბებს. მისი გავლენით ამ ორმა ებრაელმა გოგონამაც იწამა ქრისტე. თავიდან მშობლები ვერაფერს ამჩნევდნენ. მაშინაც კი ვერაფერს მიხვდნენ, როცა დედამ ბელას ხელით დაწერილი ქრისტიანული ლოცვა იპოვა. არ იცოდნენ მშობლებმა, რომ მათი შვილები დარიასთან ერთად კრონშტადტში (წმინდა იოანესთან, - კ.კ.) იყვნენ სალოცავად. როცა გოგონებს მოახლის დიდი გავლენა შეამჩნიეს, იგი დაითხოვეს. ორი თვის შემდეგ ბელა და დორა დაიკარგნენ. მათ მოსკოვიდან გაუგზავნეს წერილი დედას - ჩვენ ქრისტე ვიწამეთ, მარტონი წავედით კრონშტადტში, სადაც დარია მოვძებნეთო. პოლიციის აგენტებმა ისინი კრონშტადტიდან მიმავალ მატარებელში იპოვეს დარიასთან ერთად, რომელიც მათ თავის შვილებად ასაღებდა. როცა გოგონებს ჰკითხეს: "თქვენ პოჩტალიცები ხართო?" უპასუხეს: "არა, ჩვენ ებრაელები არა ვართ, ჩვენ გვწამს ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. ჩვენ უკვე მოვინათლეთ, მოსკოველმა მღვდელმა მოგვნათლაო". გოგონები პეტერბურგში ჩამოიყვანეს. არ უნდოდათ დედასთან წასვლა, მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდათ და შინ დაბრუნდნენ.
დარია შიკურინას კი ახლა ასამართლებენ: მას 1084-ე სტატიით წარუდგინეს ბრალდება, რომელიც ითვალისწინებს 3-4 წლით პატიმრობას".
მოდი და ამის შემდეგ იკითხე, რატომ მოხდა რევოლუცია.
* მამა სამსონის (სივერსი, +1989) მორდავეთში მსახურობისას ქრისტესკენ მოიქცა ძველი ათეისტი, 1905 წლიდან კომპარტიის წევრი ანდრია. სიკვდილამდე წელიწადნახევრით ადრე ანდრია საშინელი სნეულებით დაავადა, სიმყრალის გამო შეუძლებელი იყო მასთან ოთახში ცხოვრება. თავს ესხმოდნენ ეშმაკები თხების, კატებისა და მაიმუნების სახით და შეაწყენდნენ. მას სამჯერ გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა: "შეინანე, ანდრია, თორემ საქმე ცუდად წაგივა. მღვდელი მოაყვანინე აღსარების სათქმელადო". ანდრიამ ცოლს მღვდლის მოყვანა სთხოვა. მამა სამსონი შესულიც არ იყო ანდრიას ოთახში, რომ ავადმყოფმა თავისი ცოდვების ხმამაღლა ჩამოთვლა დაიწყო. მოძღვარი ორი საათი იღებდა მის აღსარებას, მაგრამ ჯერ არ აზიარა.
ანდრიას ცოლ-შვილის წინაშე უთხრა: "თუ დაიფიცებ, რომ ჩააბარებ კომუნისტის ბილეთს, წერილობით დაადასტურებ ამას და იტყვი, "მე ამიერიდან მართლმადიდებელი ვარო", მოვალ ხვალ. თუ ღმერთი მიიღებს შენს სინანულს, ცოცხალი და ჯანმრთელი დამხვდები, და თუ რწმენა არა გაქვს, ვერ გადარჩები". ამით მოძღვარს სურდა დარწმუნებულიყო ანდრიას რწმენაში. მეორე დღეს, 6 საათზე მისულ მოძღვარს ანდრია ფეხზე დახვდა. ტანთ თეთრი სამოსი ეცვა. ანდრია ამბობდა: "გაოცებული ვარ, სად გაქრა სნეულება? მეც დავმშვიდდი!" - ეს იყო კიდევ ერთი დასტური ღვთის არსებობისა. მყრალი ნივთები გამოიტანეს გარეთ და დაწვეს. მას კი სპეტაკი სამოსელი ეცვა, კეთრი სადღაც გამქრალიყო. "კიდევ ერთხელ ვათქმევინე აღსარება და ვაზიარე. "ახლა კი დავწვები", - დაწვა და გადაიცვალა. ზიარების შემდგომ სამადლობელი ლოცვების წაკითხვაღა მოვასწარი".
მას ბევრი მოწყალება ჰქონდა გაღებული. ბევრი უდანაშაულო გადაარჩინა სიკვდილს, თვითონაც მოწყალებამ გამოიხსნა საუკუნო სიკვდილისგან. ქალაქში ძველი კომუნისტის მონანიებას იმხელა რეზონანსი ჰქონდა, რომ მეუფეს მამა სამსონის სხვა ქალაქში გადაყვანა მოუხდა.
* ერთხელ წმინდა დავით გარეჯელი ძმებისგან განშორებული ლოცულობდა. უცებ ფეხებში მონადირის ქორს გამოქცეული კაკაბი შეუვარდა, ქორიც იქვე ახლოს დაჯდა. ამ დროს მონადირეც მოადგა. ეს უცნაური სახილავი რომ დაინახა, ჰკითხა, ვინა ხარ და აქ რა გინდაო. "ყოვლის შემოქმედის მონა ვარო", - უთხრა მამა დავითმა და სთხოვა, - ამ კაკაბს თავი დაანებე და სხვა მოინადირეო. წარმართმა, რომელსაც ბუბაქარი ერქვა, უთხრა, - შემიძლია მოგკლა, შენ კი კაკბის გაშვებას მევედრებიო და მახვილი მოუღერა. ხელი ჰაერში გაუშეშდა, გაუხმა. გონს მოსული ბუბაქარი მიწაზე დაემხო და განკურნება შესთხოვა. წმინდა დავითის ლოცვით კურნება პოვა, მერე შესჩივლა, - ხეიბარი შვილი მყავს, გამომყევი და განკურნეო. "წადი შინ და სარწმუნოებისამებრ მოგეგება. შვილს გაკურნებულს ნახავო", - უთხრა წმინდა დავითმა. ბუბაქარს შვილი ხტუნვა-ხტუნვით გამოეგება, თურმე მაშინ განკურნებულიყო, როცა მამა დავითმა უთხრა, განიკურნებაო. ბუბაქარმა მეორე დღეს ჯორებს ხორაგი აჰკიდა და თავის სამ ვაჟთან ერთად წმინდა დავითს მიადგა. მადლობა გადაუხადა და მონათვლა სთხოვა... ბუბაქარის მთელი სახლეული მოინათლა. ამის მერე ბუბაქარი მუშებთან ერთად კვლავ ეწვია წმინდა დავითს და დიდი გამოქვაბული გამოუკვეთა ეკლესიისთვის, რომელიც შემდგომ წმინდა ილარიონ ქართველმა გააფართოვა.
* XIX საუკუნეში მურომის ოლქში, უღრან ტყეში იყო ბერლიუკოვის ძველმორწმუნეთა სკიტი. როგორც ცნობილია, ძველმორწმუნეთა (ანუ სტაროვერები) სექტა, თავს ეკლესიას რომ უწოდებს, საქართველოშიც შემოვიდა. ამიტომ საგულისხმო იქნება მათთვის ამბავი, რომელსაც ს. ნილუსი მოგვითხრობს. ამ სკიტში 150-მდე ბერი ცხოვრობდა, მათ შორის იყო წიგნების მკინძავი ძმა ალექსი, კარგი ოსტატი, განათლებული. ძმების მიერ ასაკინძად მიტანილ ძველ ნაბეჭდ წიგნებს მრავალგზის წაიკითხავდა. ამ კითხვისას მიხვდა, რომ წმინდა კათოლიკე ეკლესიისა და წმინდა ზიარების გარეშე ცხონება არავის ძალუძს. ამას ფიქრობდა, თანაც მერყეობდა. მასთან სკიტში ცხოვრობდა ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი. ალექსიმ იგი ცალკე გაიყვანა. დააფიცა, რომ მისი საიდუმლო შეენახა, მერე თავისი ფიქრები გააცნო და აზრი ჰკითხა. მღვდელმა სიმართლე არ დაფარა და უთხრა: "შენს მიერ წაკითხულ წიგნებში სრული სიმართლეა და ჭეშმარიტება. წმინდა კათოლიკე (ანუ საყოველთაო) სამოციქულო ეკლესიისა და წმინდა ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელიაო".
ეკლესიის სიწმინდეში განმტკიცებულმა ალექსიმ დაიწყო ფიქრი, როგორ შეერთებოდა კათოლიკე ეკლესიას. მას სკიტში ორი ერთგული მეგობარი ჰყავდა. გაიგო, არცთუ შორს, საროვის უდაბნოში ბერები დიდ ღვაწლში არიანო და გადაწყვიტა წასულიყო. ეს ამბავი მეგობრებს გაანდო, რაღაც მოიმიზეზა წინამძღვართან და წავიდა. შორიდან მოჰკრა თვალი საროვის მონასტერს და გული აუჩქროლდა. დაიწყო ლოცვა, პირჯვარი გამოისახა, დახედა ხელს და ჰოი, საოცრებავ, თურმე სამი თითი შეუკრავს (როგორც ცნობილია, სტაროვერები ორი თითით იწერენ პირჯვარს და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ). "ეტყობა, ღმერთს ასე უნდა", - თქვა ალექსიმ და მონასტერში შევიდა. შეინანა და შეუერთდა ეკლესიას. შემდეგ ბერლიუკოვის სკიტში დაბრუნდა. თავდაპირველად ერთ მეგობარს მოულბო ეკლესიის მიმართ გული. სთხოვა, მარტო ერთხელ ნახე საროვის მონასტერიო. მასაც აუთრთოლდა გული საროვის ეკლესიის დანახვაზე, ჯვარი გამოისახა, მასაც თავისით შეეკრა ერთად მარჯვენა ხელის სამი თითი. მონასტერში საკმაო ხანს დარჩა, ეკლესიას შეუერთდა, მერე ისიც სკიტში დაბრუნდა. აღუწერელი სიხარული სუფევდა ორივე ძმის სულში. ჯერი მესამეზე მიდგა. ისიც დანარჩენი ძმებივით მოექცა. ღვთის შეწევნით, მცირე ხანში მათ სკიტში რამდენიმე თანამოაზრე იპოვეს.
ეს რომ სხვებმა გაიგეს, ერთი ამბავი ატეხეს. ისე იყვნენ სექტანტები თავის სიმართლეში დარწმუნებულნი, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების დასადგენად ალექსის შესთავაზეს: დიდი ქვაბით წყალი ავადუღოთ, ამ ადუღებული ქვაბის ძირიდან მუჭით ქვიშა ამოვიღოთ და ვინც უვნებელი დარჩება, მისი რწმენა იქნება ჭეშმარიტიო. აათუხთუხეს ქვაბი. სტაროვერების რჩეულმა ჩაყო ხელი ქვაბში და... ტკივილით გამწარებული გარეთ გავარდა. ალექსიმ სამი თითით გამოისახა ჯვარი, ჩაყო ქვაბში ხელი და ფსკერიდან ქვიშა უვნებლად ამოიღო, ხელი არც შეწითლებია. ამ სასწაულმა ბურლიუკოვის სკიტის ბინადართა უმეტესობა მოაქცია, ისინი შემდგომში მართლმადიდებლურ მონასტრებში გადანაწილდნენ, თუმცა იყვნენ გულგასასტიკებულნი, რომლებიც სტაროვერებად დარჩნენ.
* 828 წელს ნიკოპოლზე მუსლიმანურმა არმიამ გაილაშქრა. დამარცხდნენ, ჯარმა უკან დაიხია. ერთმა ჯარისკაცმა თავი ვენახს შეაფარა. მაგრამ მერე ჯარს ვეღარ დაეწია. ხელი ყაჩაღობას მიჰყო, მარტოხელა მგზავრებს ხოცავდა. ერთხელ ეთოლის საზღვართან მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიასთან გაჩერდა. წირვა მიმდინარეობდა. მსახურობდა ნიკოპოლელი მღვდელი იოანე. ბარბაროსი (ამ სახელითაა ცნობილი ის ჯარისკაცი) წირვის დასრულებას ელოდა, რათა მერე მღვდელი მოეკლა. უეცრად დაინახა, უფლის ანგელოზები მღვდელთან ერთად მსახურებენ. შეშინებული მუხლებზე დაემხო, მღვდელს ცოდვები აღუარა და მონათვლა სთხოვა. გაქრისტიანდა და განმარტოვდა მთებში, თავი მარხვასა და ლოცვას მისცა. ჯაჭვით შეიკრა კისერი და ხელ-ფეხი, ბალახით იკვებებოდა და დაითმენდა სიცხესა და ყინვას. მოუნდა ქრისტესთვის წამებულიყო. მაგრამ როგორ მოეხერხებინა ეს? ის ხომ ქრისტიანთა შორის ცხოვრობდა. მაგრამ, ეტყობა, შეიცნო მისი სურვილი უფალმა. ერთ საღამოს ნიკოპოლელმა მონადირეებმა შორიდან რაღაც ცხოველი შენიშნეს, ისარი სტყორცნეს და მოკლეს. ახლოს რომ მივიდნენ, ნახეს - კაცი მოუკლავთ. წმინდა ბარბაროსი სულს ლევდა, მან შეუნდო უნებურ მკვლელს და სული თვისი ჩააბარა უფალს. სულიერმა მამამ იოანემ იცნო ბარბაროსი, მისი ცხედარი ეკლესიაში დაასვენეს. მალე ცხედარმა უხვად დაიწყო მირონის დენა - უამრავმა პოვა კურნება. მის საფლავთან კონსტანტინე აკროპოლიტის ოთხი წლის გოგონაც გამოჯანრთელდა. კონსტანტინემ სამადლობლად მისი ცხოვრება შეადგინა. წმინდა ბარბაროსის წმინდა ნაწილები ახლა ჩრდილოეთ საბერძნეთში, კელიის მთებში განისვენებს.
* წმინდა აბო თბილელის დროს დამასკოში ცხოვრობდა ერთი არაბი, სახელად რაბახი, ყურეიშიტების ტომიდან, ანუ თვით მუჰამედის ტომელი. აგრესიულად განწყობილი იყო ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ. ერთხელ დასაცინად შევიდა წმინდა თეოდორეს ეკლესიაში. უეცრად დაინახა, როგორ დაკლა ტრაპეზზე მღვდელმა თეთრი კრავი. ამ დროს ზემოდან გარდამოვიდა თეთრი მტრედი, რომელიც ერთიანად ბრწყინავდა. დაელოდა წირვის დასრულებას და მერე მღვდელს მოუყვა ნანახი. მღვდელმა წმინდა ბარძიმი ანახა, სადაც წმინდა ნაწილები პურისა და ღვინის სახით იყო. მღვდელმა უთხრა: კრავი მარტო შენ დაინახე, სხვებმა კი პური და ღვინოო. აუხსნა წმინდა საიდუმლოების მნიშვნელობა. "დიდება ღმერთს! ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენს სარწმუნოებაზე აღმატებულიაო", - თქვა რაბახმა და მონათვლის სურვილი გამოთქვა. მღვდელმა ის იერუსალიმის პატრიარქთან გაგზავნა. პატრიარქმა ილიამ, მუსლიმანთა შიშით, თვითონ ვერ გაბედა მონათვლა და მკვდარი ზღვის პირას მოღვაწე მეუდაბნოე მამებთან გაგზავნა. რაბახმა ნათელი იღო, ანტონი დაარქვეს. ამის მერე მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და ყველას თამამად განუცხადა, ქრისტიანი ვარო. ანტონი დაიჭირეს და ხალიფა ჰარუნ ალ რაშიდს წარუდგინეს. "მე ქრისტიანი ვარ. მწამს მამა და ძე და სულიწმინდა", - უთხრა ანტონმა. განრისხებულმა ხალიფამ ბრძანა, ანტონისთვის თავი მოეკვეთათ...