უცებ ცხადად იგრძნო, რომ მაგიდის იქით ქრისტე იდგა
* წმინდა იოანე-გიორგის (მხეიძე) მომავალი კარგს უქადდა. ერთხანს წმინდა ილია მართლის მდივნადაც მუშაობდა. მერე პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა.
ამასობაში მისი უფროსი ძმის, პოლიაქტორის სულში ცვლილებები მომხდარა. იგი ბერად აღიკვეცა, განმარტოვდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა. რაღაც საიდუმლო ზეციური ხილვები ჰქონდა. სიკვდილის წინ ღვთისმშობელი გამოეცხადა. სოფელში დაბრუნებული გიორგი ძმის ნაწერების წაკითხვის მერე სრულიად გარდაიქმნა. ქალაქიდან მისი ძმებიც კი ჩამოიყვანეს, ეგებ გონს მოიყვანონო, მაგრამ ჭაბუკმა მტკიცედ განაცხადა: "გადაწყვეტილია, მე ღმერთს ვწირავ თავს. ხმა მესმა ზეციდან, რომელმაც მითხრა, რომ ეს ჩემი გზაა". მალევე გიორგი შინიდან წავიდა და გამოქვაბულში განმარტოვდა. ასეთი იყო წმინდა იოანე-გიორგის სულიერი ცხოვრების დასაწყისი. * სქემმღვდელმონაზონი სამსონი (სივერსი) პეტერბურგში, ანგლიკანურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ყრმის მაძიებელ გონებას ყველა აღმსარებლობა აინტერესებდა, რომელსაც კი შეხვდა პეტერბურგში. ხშირად შედიოდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. 11 წლისამ მოისურვა მართლმადიდებლად გახდომა. შემდგომში მამა სამსონი სულიერ შვილებს სწერდა: "თქვენ ღმერთთან სხვანაირი გზებით მიხვედით. აბა, წარმოიდგინეთ: მე, 12 წლის ბიჭი, როცა უფლის მოწყალებით შევიცან ღმერთი და მართლმადიდებლობა, სრულიად მარტოხელა ედიკა (ასე ერქვა ერისკაცობაში) წინ უნდა აღვდგომოდი მამას, დედას, და-ძმას, ნათესავებს, დავრჩენილიყავი ეულად საკუთარ თავთან და ისე მელოცა, რომ არ შევრყეულიყავი, არც მებრძოლა მათ წინააღმდეგ, სულიერად უფრო ძლიერი ვყოფილიყავი. სწორედ ამან მიმიყვანა მონაზვნობამდე. მე, მაშინ ბავშვმა, ვიცოდი, რომ ადამიანები ვერაფერს მიკარნახებენ, მასწავლიან, ამას მხოლოდ ღმერთი იქმს რაიმე გზით. ასეც იყო. როცა დავრწმუნდი, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტებაა დედამიწაზე, ერთადერთი მადლმოსილი საზოგადოება, კატაკომბებში გადარჩენილი, უფლისგან და წმინდა მოციქულებისგან ნაქადაგევი, მეტი აღარაფერი მინდოდა". მაშინ ედუარდმა რუსულად ლოცვა არ იცოდა. "რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა თაყვანის-იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო ჩვენო!" - ეს იყო ის პირველი ლოცვა, რომელიც ისწავლა. ამას მოჰყვა იოანე დიდის ლოცვა: "სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა..." ღვთისმშობელი შემდგომში შეიცნო. გული ლიტურგიისკენ მიუწევდა, თუმცა ის მისთვის გაუგებარი იყო.
გადიოდა დრო, იზრდებოდა, მშობლებისგან მალულად ბუკინისტისგან სასულიერო ლიტრატურას ყიდულობდა და კითხულობდა ყველაფერს ევროპულ ენებზე. კარგად შეისწავლა კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, ფრანგული რეფორმატორობა, ცვინგლისა და კალვინის მოძღვრებები. შეეჭვდა ედუარდი, ვერ მიხვდა, რომელი იყო ჭეშმარიტი მოძღვრება. ამ შეკითხვას სასწაულებრივად უპასუხა ღმერთმა. ერთხელ ის ხელთუქმნელი ხატის ეკვდერში მივიდა და პარაკლისისას მაცხოვრის ხატიდან პასუხი მიიღო. ის ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. მიხვდა, მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინახა მოციქულთაგან გადმოცემული მადლი სიწმინდისა, რასაც ეძიებდა ედვარდი.
ძალიან დაეხმარა მას გიმნაზიაში მართლმადიდებელი მოძღვრის საღვთო სჯულის გაკვეთილები. გიმნაზიის შემდგომ სასულიერო აკადემიაში ჩაბარება შეეძლო, მაგრამ დედის განაწყენებას მოერიდა. თითქოს ხელსაყრელ მომენტსა და ღვთის კურთხევას ელოდა. მხოლოდ 1918 წელს, 19 წლისამ გადაწყვიტა, მართლმადიდებელი გამხდარიყო. წირვის ჟამს მირონცხებით მიიღეს იგი ეკლესიის წიაღში. ბოლოს ეზიარა კიდეც... მაშინ რაც განიცადა, იმ დიდებულ გრძნობას შემდგომში ვერაფერს ადარებდა! დამთავრდა წირვა. გახარებული ჭაბუკი ლამის ოთხი საათი დარბოდა პარკში, ვიდრე არ დაიქანცა.
* წმინდა მოწამე იულიანე ალექსანდრიელს ფეხები სტკიოდა და ქრისტიანთა მდევნელ წარმართთა სამსჯავროზე მისმა ორმა მსახურმა მიიყვანა. ერთი მათგანი ქრისტიანი იყო, მაგრამ სამსჯავროზე უარყო ქრისტე, თავისი ბატონიც და კერპებს შესწირა მსხვერპლი. მეორე მსახური კი ერთგული დარჩა უფლისა და თავისი ბატონისა. ქრისტეს აღმსარებლები აქლემებზე შესვეს და ალექსანდრიის ქუჩებში ჩამოატარეს, დასცინოდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ, შემდეგ ცოცხლად დაწვეს. წამებას უყურებდა მათი მცველი ჯარისკაცი ვასა. მან აღელვებული ხალხის დამშვიდება სცადა. ისიც სამსჯავროზე მიიყვანეს, სადაც თამამად აღიარა, ქრისტიანი ვარო. წმინდა ვასას თავი მოჰკვეთეს.
* მიტროპოლიტმა ანტონი სუროჟელმა მრავალ რწმენაშერყეულს აპოვნინა სასურველი უფალი. 14 წლის ყმაწვილმა "ცხოვრების აზრი დაკარგა". დედისა და ბებიის სიყვარულიც კი ვერაფერს შველოდა. გადაწყვიტა: - თუ ერთ წელიწადში ცხოვრების აზრს ვერ ვიპოვი, თავს მოვიკლავო. ერთ დიდ მარხვაში ემიგრანტ რუს ბავშვებთან სასაუბროდ მამა სერგი ბულგაკოვი მივიდა. ანტონი ლექციაზე თითქმის ძალით მიიყვანეს, მამა სერგისაც ნაძალადევად უსმენდა. მამა სერგი მოუთხრობდა მათ წმინდა სახარების ფასეულობებზე. განცვიფრებულმა ყმაწვილმა გადაწყვიტა, შინ მისვლისთანავე სახარებაში შეემოწმებინა, მართლა ასე იყო თუ არა. დედას სახარება გამოართვა და ოთახში ჩაიკეტა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სახარება ოთხი იყო. იფიქრა, მათ შორის ყველაზე მოკლეს, მარკოზის სახარებას წავიკითხავო. "მარკოზი ხომ სწორედ ჩემნაირი რომაელი ახალგაზრდა ველურებისთვის წერდა. მე ეს არ ვიცოდი, მაგრამ ღმერთმა იცოდა", - ბრძანებს მეუფე ანტონი.
...ყმაწვილი უცნობ და რთულ ტექსტს ნელა კითხულობდა. უცებ ცხადად იგრძნო, რომ მაგიდის იქით ქრისტე იდგა. შეჩერდა, მიმოიხედა. ვერავინ დაინახა. მაგრამ შეგრძნება არ ტოვებდა. "თუ ცოცხალი ქრისტე აქ დგას, ესე იგი, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა. გამოდის, რაც სახარებაში წერია, ყველაფერი მართალია, მაშ, ცხოვრებასაც აზრი აქვს!" სხვებსაც მოუთხრო ის, რაც შეიტყო. "მეორე დილას გარეთ გამოვედი და თითქოს ფერნაცვალ სამყაროში მივაბიჯებდი. ყოველ შემხვედრს ვუცქერდი და ვფიქრობდი: შენ ღმერთმა სიყვარულისთვის შეგქმნა! მას შენ უყვარხარ! შენ ჩემი და ხარ, შენ ჩემი ძმა ხარ, შენ შეგიძლია მე გამანადგურო, ვინაიდან ეს არ გესმის, მაგრამ მე ვიცი და ესეც საკმარისია", - ბრძანებს მეუფე ანტონი.
* "ღმერთმა ჩუმად დამიკაკუნა გულზე", - წერს მამა სერგი ბულგაკოვი. 14 წლიდან მოყოლებული ათი წლის მანძილზე ჭაბუკი ურწმუნოდ ცხოვრობდა. სულში სიცარიელე უტრიალებდა. მაგრამ ერთხელაც მოვიდა უფალი და გულზე დაუკაკუნა. ეს მაშინ მოხდა, როცა მგზავრობისას პირველად კავკასიის მთებს მოჰკრა თვალი. ამან ისე აღაფრთოვანა, რომ ბალღობის წლები გაახსენა, მაშინდელი გულწრფელი რწმენა. მაგრამ გზაში შემოაღამდა და კავკასიის მთები სიბნელემ დაფარა. მზის სხივთან ერთად ჩაქრა მის სულში ის ამაღელვებელი გრძნობა. მან ღვთის ძახილს არ მოუსმინა და უფალი განეშორა. შემდგომში კვლავ ხმა ამოიღო ამ გრძნობამ და ისევ კავკასიის მთების ხილვისას - თითქოს მის თვალწინ სამყაროს შესაქმის პირველი დღე კრთოდა. სული ნეტარებდა, ქმნილების ხილვამ შემოქმედამდე, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველამდე მიიყვანა. მან იპოვა თავისი სასურველი უფალი.
* XX საუკუნის დასაწყისში საბერძნეთში, კალამატში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა მუსიკოსი, ილია ერქვა. მაგრამ ვერ ამართლებდა სახელს. 30 წლამდე განშვებულად ცხოვრობდა. არავის და არაფრის არ ეშინოდა. სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა და ყველასთვის სასურველი იყო. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სიახლოვეს ტავერნა ჰქონდა, სადაც მთელი ქალაქის უსაქმურები იყრიდნენ თავს.
უახლოესი მეგობარი გარდაეცვალა. დაკრძალვაზე წავიდა და დიდი ყურადღებით მოუსმინა წესის აგების ლოცვებს. სახარების სიტყვებმა - "გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან" (იოანე 5,24) - ძალზე ააღელვა და მოკრძალებით ჰკითხა ღვთისმსახურს, სიკვდილის შემდეგ სხვა ცხოვრება თუ არსებობსო. მღვდელმა მას მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებანი გააცნო. განაცვიფრა ილია ღვთის მოწყალებამ, შეაძრწუნა თავისმა წარსულმა. წავიდა მღვდელთან, მოინანია ცოდვები და აღთქმა დადო, ამიერიდან ქრისტიანულად ვიცხოვრებო. მალევე მთელი ქონება დაარიგა, თავის ოთახში შავი ფარდები ჩამოაფარა, მოიარა ყველა, ვინც მასზე იყო ნაწყენი და მუხლის მოდრეკით შენდობა სთხოვა. გამოასწორა ყველა ის საქმე, რის გამოსწორებაც შეიძლებოდა. საბოლოოდ, ერთ კელიაში დაეყუდა, სადაც 15 წელი განუწყვეტლივ მოღვაწეობაში განლია. სრულიად აიკვეთა ხორცის, თევზის, კვერცხისა და რძის პროდუქტის ჭამა. ზეთს მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა. ოთხშაბათ-პარასკევს არაფერს ეკარებოდა. მცირე ხანს ეძინა, ისიც - მიწაზე დადებულ დაფაზე. მისმა ცხოვრების წესმა მრავალი ახალგაზრდა მიიზიდა. შაბათ-კვირაობით იკრიბებოდნენ ილიას სენაკში და მის ბრძნულ დარიგებებს ისმენდნენ. 45 წლისაც არ იყო, ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა.
* მამა ისააკ დიონისელი (+1932) დღე-ღამეში ორ საათს იძინებდა. დანარჩენ დროს მხოლოდ თავის სასურველ უფალს უთმობდა. მამა ლაზარე ჰყვებოდა: წმინდა მოციქულთა კათიზმაში ვლოცულობდით ორნი, მე და მამა ისააკი. მამა ისააკმა ჩვეულებრივი სიმშვიდით ორჯერ წარმოთქვა: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი". მესამედ კი გული ისე განუხურდა, რომ თავს მშვიდად ლოცვა ვეღარ აიძულა, ხმა მღელვარებით აუკანკალდა და აქვითინდა... ვუყურებდი და მიკვირდა ქრისტესადმი მისი გულწრფელი სიყვარული".
* წმინდა ათანასე ალექსანდრიელი მოგვითხრობს, რომ ქალაქ ბეირუთში, იქ, სადაც ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, ერთ ქრისტიანს თავისი ქოხის კუთხეში, კლდეზე, მაცხოვრის ხატი ესვენა. მერე სახლი ურიას მიჰყიდა. ხატის ჩამოხსნა არ გახსენებია. ამ ურიას ერთხელ თანატომელი ეწვია. ხატის დანახვაზე ერთი ამბავი ატეხა. მასპინძელი უმტკიცებდა, მისი არსებობისა არაფერი ვიცოდიო. მოკლედ, სტუმარი მაშინვე გაეშურა მღვდელმთავრებთან ნანახის შესატყობინებლად. დილით მთელი ებრაელობა ამ კაცის სახლში შეიკრიბა. ჩამოხსნეს მაცხოვრის ხატი, თავიანთი მამების მსგავსად, ძელზე მიალურსმეს. ერთმა მათგანმა ხატზე გამოსახულ მაცხოვარს მახვილი გვერდში უგმირა და უცებ იქიდან სისხლი წამოუდინდა, რომელმაც მთელი ჭურჭელი აავსო. შიშის ზარი დაეცა ყველას. უხუცესთა საბჭომ ითათბირა და დაადგინა, თუ ამ სახლიდან რაიმე სასწაულს ვნახავთ, ჯვარცმული იესო ვირწმუნოთო. დაბადებით კოჭლი მოიყვანეს, ფეხზე სისხლი სცხეს და მაშინვე განიკურნა. ხმა ამ სასწაულზე მთელ ქალაქში გავარდა. მოჰყავდათ - ყრუნი, განრღვეულნი, ეშმაკეულნი, კეთროვანნი და ყველა პოვებდა კურნებას. ქალაქის ყველა ებრაელი ქრისტესკენ მოიქცა. ტაძარიც კი ააშენეს სასურველი უფლისა და ჭეშმარიტი მესიის იესო ქრისტეს სახელზე.
* ნიკოლოზ გოგოლი სწორედ მაშინ გამოაცხადა ამ სოფელმა გიჟად, როცა ის სასურველი უფლისკენ შებრუნდა. ერთხელ ესტუმრა პაგოდინს, სადაც იმდროინდელი მოსკოველები იკრიბებოდნენ. გოგოლი ჩვეული ეგზალტაციით საუბრობდა თავის სულიერ ძიებაზე - ჩემნაირად ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ როგორ ვიცხოვრო, არ ვიციო. სახარებას თუ კითხულობო, - ჰკითხა პაგოდინმა.
ვკითხულობ და სწორედ მან მითხრა, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ როგორ შევცვალო და წმინდა გავხადო, არ ვიციო, - მიუგო.
წმინდანთა ცხოვრების წაკითხვა ურჩიეს.
- მე წავიკითხე ეს ცხოვრებები. წმინდანები ყველანი ღმერთისკენ ისწრაფოდნენ, მაგრამ ერთი თავმდაბლობით ცხონდებოდა, მეორე - მოთმინებით, მესამე - განსჯით, ყველანი სხვადასხვა გზით მივიდნენ ღმერთთან. მეც მინდა ღმერთთან მისვლა, მაგრამ მისკენ სავალ გზასაც ვერ ვპოულობ და არც "კაცი არა მაქუს" (იოანე 5,7), - გოგოლმა სილოამის საბანელთან მყოფი განრღვეულის სიტყვები გაიხსენა. "ამისათვის მონასტერში უნდა წახვიდეთ, იქ არის ასეთი კაცი", - უთხრა პაგოდინმა.
- მონასტერში? რა უნდა ვნახო იქ? ვიყავი იტალიაში კათოლიკე მონაზვნებთან, მაგრამ არ დამაკმაყოფილეს.
პაგოდინმა მას კალუჟის გუბერნიაში ოპტის უდაბნო მიასწავლა, სადაც იმ დროს მამა მაკარი მოღვაწეობდა. გოგოლი მამა მაკართან გაემგზავრა. ამბობენ, რომ მამა მაკარმა იგრძნო გოგოლის მისვლა, სწრაფად სცემდა ბოლთას და თავისთან მყოფ ბერს ეუბნებოდა: - გული მიღელავს, თითქოს რაღაც არაჩვეულებრივი რამ უნდა მოხდეს, თითქოს ვიღაცას ველიო. ამ დროს გოგოლის მოსვლა შეატყობინეს. "სთხოვეთ, შემობრძანდეს". მათ საუბარს არავინ შესწრებია, მაგრამ შედეგით ვხვდებით, თუ რაოდენი გავლენა უნდა მოეხდინა მამა მაკარის სიტყვებს გოგოლის სულზე. ბერის კელიიდან გამოსულმა თქვა: - დიახ, მართალი უთქვამთ! იგი ერთადერთია, ვისაც აქვს ხელმწიფება და ძალა, წყაროცხოველისკენ წაიყვანოს ადამიანი.
გოგოლი ხელახლა იშვა. თვითონაც ამბობდა: "ბერთან ერთი შევედი და სხვანაირი გამოვედიო".
გოგოლმა "მკვდარი სულების" პირველი ნაწილი დაწერა. მაგრამ იქ წარმოდგენილმა სულისშემძვრელმა გარემოებამ თვითონ მწერალიც შეაშინა. იმედოვნებდა, რომ ეს მხოლოდ ცხოვრებისეული ზღვის ქაფი იყო. წიგნის მეორე ნაწილის დაწერას აპირებდა, სადაც მას მართლმადიდებელი რუსი კაცი უნდა გამოესახა მთელი თავისი რწმენითა და მშვენიერებით. მაგრამ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს, არ იცოდა. სწორედ ამ დროს შეხვდა მამა მაკარს.
განახლებული სულით გაემგზავრა გოგოლი ოპტიდან. მუშაობდა "მკვდარი სულების" მეორე ნაწილზე, მაგრამ გრძნობდა, რომ არ ძალუძდა მთელი სისავსით გამოეხატა იდეალური ქრისტიანის ხატი, რომელიც მის სულში ცხოვრობდა და ამიტომაც იმედგაცრუებულმა დაწვა "მკვდარი სულების" მეორე ნაწილი. მეგობრებმა და მისმა თანამედროვეებმა ვერ გაუგეს, რა დაემართა. თვით ბრძენმა ბელინსკიმაც კი გამოლანძღა. გოგოლი გაგიჟდაო, - იძახდა მთელი რუსეთი. ნიკოლოზ გოგოლი ჭეშმარიტ ქრისტიანად გარდაიცვალა. მხოლოდ ერთზე წუხდა სიკვდილის წინ ახლო მეგობრების წინაშე: - ეჰ, რა ბევრი დავკარგე, რა საშინლად ბევრი დავკარგეო. რა დაკარგეო, - ჰკითხეს. ის, რომ ბერი არ გავხდი, რომ მამა მაკარმა არ დამტოვა თავისთან სკიტშიო.