გიხაროდენ და მხიარულ იყვენით!
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით!
სააღდგომო ამბები
წმინდა ომარი. სასწაული მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლისა პირველად მოიხსენიება IV საუკუნეში, ამ მოვლენაზე მოგვითხრობენ IX საუკუნის არაბი ისტორიკოსები მასუდი და ბირუნი. ისევე, როგორც ახლა, ძველ დროშიც ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე ყოველ დიდ შაბათს გარდამოდიოდა ზეციდან. ცეცხლის ზეციურობა იქიდანაც ჩანს, რომ გარდამოსვლიდან რამდენიმე წუთი არაფერს წვავს, მცირე დროის მერე კი ჩვეულ თვისებას იძენს. ეს სასწაული, ჩუმი სიხარული მთელი მართლმადიდებელი სამყაროსი, აშკარა ნიშანია ღვთისგან, რომ იგი ჩვენთანაა.

მაგრამ 1579 წელს, სულთან მურად მართლის მმართველობისას, სომეხმა მონოფიზიტებმა მოისყიდეს იერუსალიმის ფაშა, რომ დიდ შაბათს ქრისტეს აღდგომის ტაძარში მარტო ისინი ყოფილიყვნენ. მართლმადიდებლები ტაძარში არ შეუშვეს. ისინი, პატრიარქ სოფრონიოს IV-სთან ერთად, ტაძრის დაკეტილი კარების წინ, მოედანზე იდგნენ, აცრემლებულნი და გულშემუსვრილნი იმედოვნებდნენ, მადლმოსილი ცეცხლი ერეტიკოსების ხელთაგან მაინც მიეღოთ.

მათ იანიჩრები თვალს ადევნებდნენ, მოსალოდნელი უწესრიგობისგან თავის დასაზღვევად. უფლის საფლავის ტაძრის გვერდით დაახლოებით იმავე სიმაღლის შენობა დგას. ამ შენობის ზედა სართულის ვერანდაზე, სადარაჯო პუნქტში, იდგა ოფიცერი ომარი თავის ჯარისკაცებთან ერთად.

ნათელი და მოწმენდილი იყო აპრილის ის დღე. გადიოდა საათები. უკვე კარგა ხანია გაიარა იმ დრომაც, როცა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის ხოლმე (ჩვენი დროით დაახლოებით დღის ორ საათზე), მაგრამ ახლა ასე არ მოხდა. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი კათოლიკოსი გულმოდგინედ ლოცულობდა უფლის საფლავის წინ, მაგრამ ღვთაებრივი ცეცხლი არ გარდამოდიოდა. უეცრად მეხმა იქუხა, ტაძრის ერთ-ერთი მარმარილოს სვეტი გასკდა და ამ ბზარიდან ცეცხლი გამოვარდა. ტაძრის წინ მლოცველი მართლმადიდებელი პატრიარქი წამოდგა და თავისი სანთლები აანთო. მისგან მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი ყველა მართლმადიდებელმა და ტაძარში მოსულმა სხვა აღმსარებლებმა.

ყველას უხაროდა. მართლმადიდებელი არაბები სიხარულით ხტოდნენ და ყვიროდნენ: "შენ მხოლოდ ხარ ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე! მხოლოდ ჩვენი რწმენა, მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენაა ჭეშმარიტი". ისინი მთელ იერუსალიმში დარბოდნენ, ყვიროდნენ და ხმაურობდნენ. მოდარაჯე თურქული ჯარი განაცვიფრა და შეაძრწუნა ამ სასწაულმა. ყველა დაიბნა. ამ დროს ომარმა ხმამაღლა დაიძახა: "დიდია მართლმადიდებელთა რწმენა და მეც ქრისტიანი ვარო!" წამისყოფაში მრისხანებისგან სახე აერიათ თურქებს და მას მისცვივდნენ. ომარი თამამად გადახტა ათ მეტრზე მეტი სიმაღლის აივნიდან დაბლა, ქრისტიანებთან. საკვირველი უშიშრობა, რაც ახასიათებს ქრისტესთვის ყველა მოწამესა და აღმსარებელს, მოწმობა იყო იმისა, რომ მან ჭეშმარიტად ირწმუნა ქრისტე, "რამეთუ არა მომცა ჩვენ ღმერთმან გული მოშიშებისაი, არამედ ძლიერებისა და სიყვარულისა და სიწმიდისაი".

ომარი უვნებლად დაეცა მიწაზე და სასწაულებრივად გადარჩა. თანამემამულეებმა შეიპყრეს და უმალ თავი მოჰკვეთეს, ეშინოდათ, მისთვის სხვებსაც არ მიებაძათ. თავისი სისხლით მონათლული წმინდა ომარის სხეული კი ტაძრის წინ მოედანზე დაწვეს.

მართლმადიდებლებმა წმინდა ომარის ფერფლი და ძვლები მოაგროვეს, ლარნაკში მოათავსეს და სათაყვანებლად დააბრძანეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტერში, სადაც დღემდე საკვირველ კეთილსურნელებას გამოსცემს. იერუსალიმის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ომარი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 18 აპრილი (01 მაისი ახ.სტ.) დააწესა.

გვერდებგამურული გახეთქილი მარმარილოს სვეტი (ამ სვეტზე უძველესი წარწერაა გამოსახული) დღემდე დგას აშკარა ნიშნად ღვთის ძალისა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი, ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოების დროს ვლინდება.

წმინდაო მოწამეო ომარ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

მკვდრეთით აღმდგარი. წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს: "ქალაქ ტუდერდში ორ ღვიძლ დასთან ერთად ცხოვრობდა პატიოსანი ქრისტიანი მარკელაოზი. იგი ავადმყოფობდა და აღდგომის შაბათს, საღამო ხანს გარდაიცვალა. რადგან სასაფლაო შორს იყო, ამიტომ იმ დღეს არ დაუმარხავთ. მეორე დღეს, დაკრძალვის დრო რომ მოახლოვდა, სასოწარკვეთილი დები მისცვივდნენ წმინდა ფორტუნატეს და ძმის მკვდრეთით აღდგენა სთხოვეს. წმინდანმა მათი ძმის სიკვდილის ამბავი რომ შეიტყო, ატირდა და დებს უთხრა: - წადით, ნუ ითხოვთ ამას. ყველაფერი ღვთის ნებაა და მისი წინააღდგომა არ შეიძლებაო. მეორე დღეს, კვირას, განთიადისას, წმინდა ფორტუნატე ორი მსახურის თანხლებით გარდაცვლილის სახლში შევიდა. ჯერ დიდხანს ილოცა, მერე კი მიცვალებულთან ჩამოჯდა და ხმადაბლა დაუძახა: "ძმაო მარკელაოზ!.." თითქოს ძილიდან აღდგომილმა მარკელაოზმა თქვა: "გუშინ ჩემთან ორი კაცი მოვიდა, სული სხეულს განმიშორა. წამიყვანეს მშვენიერ ადგილას. დღეს კი ერთი მათგანი მოვიდა და თქვა: "წაიყვანეთ უკან, რადგან ეპისკოპოსი ფორტუნატე ესტუმრა შინო".

სააღდგომო ტრაპეზი. საბერო ცხოვრების დასაწყისში წმინდა ბენედიქტე ერთ მღვიმეში დასახლდა, სადაც საკვებს თოკით მისი მოწაფე რომანი აწვდიდა. მალე რომანი გარდაიცვალა. სახიერმა ღმერთმა ბენედიქტე უნუგეშოდ არ დატოვა. მოშორებით მცხოვრებ ერთ დეკანოზს, რომელიც სააღდგომო ტრაპეზს ამზადებდა, ღმერთი ხილვით გამოეცხადა და უთხრა: "შენთვის სანუგეშო ტრაპეზს იმზადებ, ჩემი მონა კი ამა და ამ ადგილას შიმშილით კვდებაო". დეკანოზი წამოდგა, აიკიდა საკვები, გადაიარა მთა-გორები, ხეობები და ბოლოს მღვიმეში დაყუდებულ ღვთის კაცს მიადგა. ლოცვის შემდეგ დასხდნენ და ყოვლისშემძლე ღმერთს ადიდებდნენ. ტკბილი საუბრის შემდეგ დეკანოზმა უთხრა: "წამოდექი, პური გავტეხოთ, დღეს ხომ აღდგომაა". წმინდა ბენედიქტემ უთხრა: - ჭეშმარიტად აღდგომის დღეა, რადგან შენი ხილვის ღირსი შევიქენიო. კაცთაგან განშორებულმა ბენედიქტემ არ იცოდა, რომ ამ დღეს აღდგომას დღესასწაულობდნენ. დეკანოზმა კვლავ უთხრა: "ჭეშმარიტად, დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეა, ამიტომაც მარხვა არ გმართებს, ვინაიდან აქ მე იმისთვის გამოვიგზავნე, რომ ერთად გვეჭამა ღვთისგან ნაწყალობევიო". სულიერი და ხორციელი ტრაპეზით დანაყრებული დეკანოზი თავის ეკლესიაში გაბრუნდა.

აღდგომის სიხარული. მამა ხარლამპე ათონელმა (+2001) მთელი სიცოცხლე შემოინახა წმინდა ანას მცირე ტაძარში ლოცვის მოგონებები.

დიდ დღესასწაულებზე და ვნების შვიდეულში სკიტის მონაზვნები სავანის საერთო ტაძარში - კირიაკონში იკრიბებიან ხოლმე, სადაც ერთად აღავლენენ საზეიმო ღვთისმსახურებას. ამ მიზეზის გამო მამა იოსები (მღვიმელი ისიქასტი) თავის მორჩილ მონაზვნებს ყოველთვის გზავნიდა წმინდა ანას კირიაკონში. კელიაში მხოლოდ თვითონ და მისი თანამოსაგრე მამა არსენი რჩებოდნენ, როგორც ღვთისმსახური, მათ მამა ხარლამპეც უერთდებოდა.

როგორც მამა ხარლამპე ჰყვებოდა, "კურთხეულ არსიდან" ვიდრე განტევებამდე ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში ყოფნა ისე ცოცხლად, ისე აშკარად შესაგრძნობი იყო, რომ თვალთაგან განუწყვეტლივ ცრემლი გვდიოდა და გულამოსკვნილი ქვითინი მსახურებას ხშირად აჩერებდა. ჩვენ არა მარტო ვზეიმობდით, არამედ ვცხოვრობდით ამით, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესა და მისი ყოვლადწმინდა დედის იქვე ყოფნით უდიდეს ნეტარებას განვიცდიდით. როცა ღვთისმსახურების შემდეგ აღსარება ვუთხარი მამა იოსებს და მოვუყევი ყოველივე, რასაც გონების თვალით ვგრძნობდი და განვიცდიდი, მანაც დარწმუნებით მითხრა, რომ თვითონაც და მამა არსენიც იმავეს განიცდიდნენ. "ის, რასაც მე და შენ განვიცდით, ჩემო შვილო, ეს მხოლოდ ნაწილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმ უსაზღვრო სიხარულისა, რომელიც იგრძნო, როცა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა. ჩვენი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით ეს უსაზღვრო სიყვარული გარდამოიღვრება ჩვენზე, მის უღირს შვილებზე", - მითხრა მან.

უფლის ვნების მოზიარე. ჰაჯიჯა მარიამი მუსლიმანურ ოჯახში დაიბადა. მისი საახლობლო ჭირმა გაწყვიტა, დარჩა ორი ძმა, რომლებიც სხვა სოფელში გადასახლდნენ. მარიამმა მეგობარი გოგონასგან შეიცნო ქრისტე და ჩუმად მოინათლა. მაგრამ ამას მალავდა და ტაძარში სხვისი ხელით გზავნიდა სანთლებსა და სეფისკვერებს. მისი ქრისტიანობის ამბავი ძმების ყურამდეც მივიდა, მაგრამ მარიამი უარყოფდა. მეორე წელს მარიამი აღდგომისთვის ემზადებოდა. შეღება კვერცხები, ჩამოქნა სანთლები, გამოაცხო პასქა და სეფისკვერები. დიდ ხუთშაბათს (მაშინ ის 28 წლის იყო) ტაძრიდან დაბრუნდა და მეზობელთან გადავიდა. ამ დროს ძმები მის სახლში შევიდნენ. კვერცხებმა, პასქამ და ანთებულმა კანდელმა დაარწმუნა ისინი, რომ მათი და "გიაური" გამხდარიყო. დაიმალნენ და დას დაუწყეს ლოდინი. შინ დაბრუნებულს ეცნენ და დახრჩობა მოუნდომეს, ცოცხალმკვდარს პირში ჩვრები ჩასჩარეს, გაიყვანეს გარეთ, აყვავებული ქლიავის ძირში დააგდეს და ზედ ორი ტყვიაც დაახალეს. მეორე დღეს მეზობლებმა მარიამი მკვდარი იპოვეს. აღდგომა დღეს სხვაგან გაუთხარეს სამარე და გულზე ვარდი დაარგეს. ყოველ გიორგობას მიდიოდნენ, ამ ვარდსა და სხვა ყვავილებს წყვეტდნენ და სამკურნალოდ მთელი წელი ინახავდნენ.

ჩაშლილი წირვა.
ეს ამბავი ბატონმა არჩილ ლაზაშვილმა გვიამბო. 1965 წლის 24 აპრილი - დიდი შაბათია. ბატონი არჩილი მაშინ მესამე კურსის სტუდენტი იყო. 24-ში, საღამოს, მეგობრებთან ერთად სააღდგომო წირვის მოსასმენად სიონში წავიდა. მთელი ტაძარი ახალგაზრდებით გაიჭედა.

გაიღო კარი და მღვდელმთავრები გამოჩნდნენ. წინ კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II მოუძღოდათ. პატრიარქი თან ხალხს ლოცავდა. ტაძრის შუაში რვა მეტრის სიგრძეზე საკმაოდ განიერი ქვით ნაშენი ამაღლება იყო, რომლის ბოლოში ქვის სავარძელი იდგა. პატრიარქი სავარძლისკენ მიემართებოდა. უცებ ყველამ დაინახა სავარძელში მოკალათებული 16 წლის ბიჭი, რომელიც ჩამოვარდნილმა სიჩუმემ "გამოაღვიძა" და წამოხტა. პატრიარქმა შენიშვნა მისცა ბიჭს, შებრუნდა, სამღვდელოება გაიყოლა და კარს მიეფარა. ცოტა ხანში ხმა გავრცელდა, მღვდელმსახურება დაიწყებაო. ყველა მოლოდინით მიაჩერდა სამეუფო კარს.

უცებ გაისმა: "ხანძარია, ხანძარი!" არც კვამლის სუნი იგრძნობოდა, არც ცეცხლი ჩანდა. მთელი ტაძარი სწრაფად გაივსო მუქი მომწვანო კვამლით. მალე ისეთი ბურუსი ჩამოწვა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. გოგონები კიოდნენ, ხალხი გარეთ გარბოდა. ალბათ ნახევარი საათი გავიდა, სანამ ხმაური შეწყდებოდა და ბურუსიც ცოტა შეთხელდებოდა. საგნები ბუნდოვნად მოჩანდა. ტაძრის იატაკი ქალის ფეხსაცმელებით იყო მოფენილი. ბოლოს ამ არეულობის გამომწვევი მიზეზიც მოიძებნა. ეს იყო სამხედრო ცილინდრი, "დიმოვაია შაშკა", რომელსაც ბრძოლის ველზე, ხელსაყრელი ქარის შემთხვევაში, კვამლის ფარდის შესაქმნელად იყენებდნენ.

მართლაც საოცარი და სასწაული იყო, რომ ამ პანიკისას რამდენიმე ასეული ადამიანი ისე გამოვარდა გარეთ, არავინ დაშავებულა.

მალე მილიცია მოვიდა პოლკოვნიკის მეთაურობით. კათოლიკოსი თავად შეხვდა მათ და ყველაფერი აუხსნა. წირვის განახლების იმედი გაქრა. მორწმუნეებმა, მათ შორის ბატონმა არჩილმაც, სააღდგომო წირვა ქაშვეთის ეკლესიაში მოისმინეს.

სამაგიერო.
დიდმარხვა იდგა. ახალდაქვრივებული თამარ მეფე გეგუთში ატარებდა ამ წმინდა დღეებს. მეფეს თან ახლდნენ სახელგანთქმული სარდლები - მხარგრძელები. ეს შეიტყო არდაველის სულთანმა. დაძრა ჯარი და ანისის მოსაოხრებლად წამოვიდა. გზადაგზა არავის ავნო, ამიტომაც უჩუმრად მიაღწია ანისამდე. დიდი შაბათის მწუხრისას მივიდნენ ანისის მისადგომებთან. ცისკრისას ჰკრეს ძელს, ატეხეს საზეიმო რეკვა ზარებისა, გააღეს ქალაქის კარები. მტერი ეცა კარებს, ქალაქელებმა დაკეტვა ვერ მოასწრეს და უსჯულონი შიგნით შევიდნენ. იწყეს ხოცვა-ჟლეტა. უამრავი ადამიანი შეკრებილიყო ტაძარში, ვინც მოასწრო, ციხეში შევარდა, მაგრამ მათაც მისწვდა მტრის ხელი. ტაძრების გარშემო 12 ათას ადამიანს სააღდგომო კრავივით გამოსჭრეს ყელი. უამრავი დახოცეს ქალაქის ქუჩებში. მოაოხრეს ანისი და ტყვე-ალაფით გაბრუნდნენ.

ანისის მოოხრების ამბავი ახალ კვირიაკეს შეიტყვეს გეგუთში. დაუმძიმდათ გული ამირსპასალარ ზაქარიას და მსახურთუხუცეს ივანეს. მეფე თამარი და მთელი ლაშქარი, მწუხარებით მოცულნი, სპარსელების წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდნენ. მხარგრძელებმა - ჩვენი ცოდვების გამო მოხდა ეს ყველაფერი. მაგრამ ღმერთი შეწევნის გარეშე არ მიგვატოვებს. მეფეო, უბრძანე სპას, არდაველის სულთანზე სალაშქროდ მოემზადოს. დიდი ლაშქრით ნუ წავალთ, თორემ შეიტყუებენ და სიმაგრეებში შეიმალებიან. რაჟამს მათი შეგინებული მარხვა (რამაზანის მარხვა) დადგება, ჯარი ამ დროს სალაშქროდ მზად იყოსო.

მხარგრძელები ანისში წავიდნენ და მზადებას შეუდგნენ. დადგა რამაზანის მარხვა და მათ შიკრიკი გამოუგზავნეს მეფეს - მოგვეშველეთო. თამარმა უბრძანა მესხებს, თორელებს, თმოგველებს, ჰერ-კახთა, სომხეთის მკვიდრთ და ანისში გაგზავნა. ჯარმა უჩუმრად მიაღწია არდაველამდე. რამაზანის ღამე იდგა. ცისკრისას მუეძინმა ლოცვისკენ მოუწოდა მორწმუნეთ, გახშირდა მუყრთა ყივილიც. ყოველი მხრიდან შეუტიეს მხარგრძელებმა. ხელთ იგდეს სულთანი, მისი ცოლ-შვილი, ქალაქის მთელი სიმდიდრე მათსავე ჯორებს აჰკიდეს და წამოვიდნენ. მანამდე მოკლეს სულთანი და აღდგომას მოსრილი თორმეტი ათასი ანისელის სამაგიეროდ თორმეტი ათასი რჩეული კაცი მიზგითში ამოხოცეს. ამათ გარდა მრავალი არდაველელიც მოსწყვიტეს და გამარჯვებულნი წამოვიდნენ თამარის წინაშე, რომელიც ამ დროს კოლაში ელოდა თავის ლაშქარს...

KARIBCHE


"აღდგომისა დღე არს". წმინდა ნიკოლოზ სერბს მოვუსმინოთ: ქრისტე აღსდგა, დანო და ძმანო! მიწას არ შეუძლია რაიმე ავნოს მას, და ვერც საფლავი დააკავებს. დაე, აღდგნენ სულნი თქვენნი! დაე, გაბრწყინდეს ღვთის ხატება თქვენში, მიწისგან განწმენდილთა და სასიკვდინე ხრწნისაგან დახსნილთა სულებში! გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ თქვენი მესია ერთადერთია, ვინც სძლია სიკვდილს, რომელიც შიშს ჰგვრიდა მიწაზე ყოველ დაბადებულს.

საკვირველი აღდგომა მკვდრეთით ჩვენი ქრისტე ღმერთისა სრულიად შეესაბამება სოფელში მის საკვირველ მოვლინებას, მის უჩვეულო შობას ყოვლადწმინდა ქალწულისგან, მის მიერ დედამიწაზე მოხდენილ, ჯერ არნახულ სასწაულებს, მის ზეციურ სიბრძნეს და გულმოწყალებას, მის ზეადამიანურ მოთმინებას და ღირსებას, რომლითაც მიიღო მან უსამართლობა და სატანჯველნი, ჯვრიდან მის ყოვლისმიმტევებლობას თავისი მკვლელების მიმართ. ყველაფერი ერთმანეთს ეთანხმება, პასუხობს და შეჰფერის ყველაფერი ერთმანეთს. თუ ზღვის წყლის წვეთით შევიტყობთ, როგორია მთლიანად ზღვა, ასევე ქრისტეს ცხოვრებიდან ერთი მოქმედებით შეგვიძლია შევიცნოთ მისი ხასიათი. მისი ხასიათი კი არაამქვეყნიური სასწაულია, რომელიც ორგანულად დაწნულია მრავალი საწყისისგან. ქრისტე ყოვლისშემძლე მესიაა, რომელიც გაკურთხებთ ჯვრიდან, საფლავიდან და მკვდრეთით აღდგომისას.

აღდგომა ქრისტესი - უძვირფასესი ქვაა არამიწიერ საგანძურთა ყელსაკიდში, რომელსაც წარმოადგენს ქრისტეს ცხოვრება დედამიწაზე. ეს უძვირფასესი ქვა ისევე მშვენიერია, ისევე ფასდაუდებელია, ისევე მომხიბვლელია, როგორც ყველა დანარჩენი საგანძური ქრისტეს ღვთაებრივ ყელსაკიდში. მისი აღდგომა სრულიად რეალურია იმ საუკუნო რეალობების თვალსაზრისით, რომელიც განგვიცხადა მან თავისი საქმეებით და მთელი თავისი პიროვნებით. მესამე დღის განთიადისას ყოვლისშემძლე უფალი აღსდგა მკვდრეთით და ცოცხალი ეჩვენა თავის წმინდა დედას, მირონმცხებელ დედებს და მოციქულებს (მათე 28; მარკ. 16; ლუკა 24; იოანე 20-21; 1 კორ. 15,16), მერე კი ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და მეგობრებს (მოციქ. საქმე 1), გამოეცხადა თავის მდევნელ სავლესაც (მოციქ. საქმე 9). ამგვარად, პირველად თავის მიმდევრებს გამოეცხადა, თავისი წმინდა ეკლესიის პირველ წევრებს, რათა უპირველესად ისინი გაეძლიერებინა და დაემოძღვრა, მერე კი თავის მოძულეებს, ენახვა, რომ არა მარტო თავისი ეკლესია დაეცვა, არამედ მოწყალება გამოეჩინა მათზე, რამეთუ მას "მართალნი უყვარს და ცოდვილთა სწყალობს", და სურს, ყოველმა კაცმა ჭეშმარიტება შეიცნოს და ცხონდეს.

მკვდრეთით აღმდგარი, ცოცხალი უფალი გამოეცხადა უამრავ მისი სახელის გულისთვის წამებულთ. ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ვიდრე დღევანდლამდე ეცხადებოდა და ეცხადება ღირს მამებს, წმინდა დედებს, ქალწულებს. ეცხადებოდა ცხადსა და ძილში, ომის გზებზე და საპყრობილეში, სნეულის საწოლთან და უბედურების ჟამს, როცა კაცნი შეწევნად უძლურნი არიან. ეცხადებოდა თავის მონებს ღარიბულ ქოხებში და თავის წმინდანებს ბრწყინვალე საკურთხეველში, ეცხადებოდა ცოდვის ბუნაგში - მონანულ ცოდვილებს, ეცხადებოდა სწორედ იქ, სადაც მოუხმობდა მას მხურვალე რწმენა და ცრემლიანი ლოცვა, სადაც იგი სჭირდებოდათ. მეტი რაღა ჩამოვთვალო. მის გვერდით ყოფნას ყოველთვის ყველა ქრისტიანი გრძნობს, ვინც ღვთის ხატებას ატარებს საკუთარ თავში. გახსოვდეთ მკვდრეთით აღმდგარი უფლის ნათქვამი, რომელიც მან უთხრა თავის მიმდევრებს ყველა დროისა: "მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ" (მათე 28,20). ამინ, უფალო!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat