გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-5
კელია "პანაღუდა". პატიოსანი ჯვრის კალივაში თერთმეტწლიანი მოღვაწეობის მერე მამა პაისიმ მისი დატოვება გადაწყვიტა, რისთვისაც სერიოზული სულიერი მიზეზი ჰქონდა. მთელი გულით, ცრემლმორეულმა შესთხოვა ღვთისმშობელს შეწევნა. 27 თებერვალს, სწორედ იმ დღეს, როცა მას წმინდა ეფემია გამოეცხადა, მამა პაისიმ, მამა იოაკიმეს დახმარებით, ახალი სამოღვაწეო ადგილი იპოვა. ეს იყო "პანაღუდას" კელია. აქამდე "პანაღუდა" ყუთლუმუშის მონასტრის ვენახის საყარაულო სახლად ითვლებოდა. მონასტრის ძმობას ისე გაუხარდა მამა პაისის მისვლა, რომ კელიაც დაუთმეს და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ.
"პანაღუდას" კელია ერთი მოზრდილი ბორცვის წვერზეა, კარიეს-ივერონის ბილიკის სიახლოვეს. ტაძარს კელიის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე უკავია და ღვთისმშობლის შობის სახელზეა ნაკურთხი. ამიტომაც ჰქვია "პანაღუდა" ანუ "მცირე პანაღეა" ("დიდ პანაღეას" უწოდებენ ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ნაკურთხ ტაძრებს და სავანეებს, მცირე პანაღეა კი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა). მიუხედავად იმისა, რომ მამა პაისი საცხოვრებლად მყუდრო კელიას ეძებდა, თავისი მყუდროება მოყვასისთვის მსხვერპლად გაიღო და ისეთ ადგილას დასახლდა, სადაც მომლოცველებს ადვილად შეეძლოთ მისი ნახვა. პირველხანად კელიის აღდგენა მოინდომა, ამ დამქანცველ შრომასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს იღებდა. რამდენჯერ გაქვავებია მოზელილი ცემენტი, როცა სამუშაოსთვის თავი მიუნებებია მოყვასის სანუგეშებლად.
წმინდა პანტელეიმონი და ლუკილიანე. 1979 წლის 2 ივნისის საღამო იდგა. მამა პაისიმ "პანაღუდაში" თავისი ნივთები გადაზიდა და ჯერ არ დაელაგებინა. მწუხრისთვის ემზადებოდა. "თვენი" ყუთში ჰქონდა, ამიტომ არ იცოდა, მეორე დღეს ვისი ხსენება იყო. არც დამხმარე ბერმა იცოდა და დაჰპირდა - ხვალ მოვალ და გეტყვიო. შუაღამის ლოცვისას მამა პაისიმ დაინახა, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი მის კელიაში შემოვიდა და რომელიღაც წმინდანი შემოიყვანა.
- ვინა ხარ? - ჰკითხა წმინდანს.
- წმინდა ლუკილიანე, - უპასუხა წმინდანმა და წმინდა პანტელეიმონს სთხოვა: - ნახე, იარები თუ შეუხორცდაო.
წმინდა პანტელეიმონს ექიმივით თეთრი წინსაფარი ეკეთა, მივიდა ბერთან, მოუსინჯა ნაოპერაციევი და წმინდა ლუკილიანეს უთხრა, - ყველაფერი კარგადააო. წმინდანები გაქრნენ. მამა პაისიმ სანთელი აანთო, ადიდა ღმერთი, მადლობა შესწირა წმინდანებს. მერე გახსნა ყუთები და საეკლესიო წიგნები მოძებნა. აღმოჩნდა, რომ 3 ივნისს მართლაც ყოფილა წმინდა მოწამე ლუკილიანეს ხსენება.
შემდგომში მამა პაისიმ კიდევ ერთი "დამთხვევა" ნახა ივერონის მონასტრის ბიბლიოთეკაში. 27 თებერვალს ანუ იმ დღეს, როცა მამა პაისის წმინდა ეფემია გამოეცხადა, წმინდა ლუკილიანეს ხსენება ყოფილა. ამ ხილვის შემდეგ მამა პაისი წავიდა ყუთლუმუშის სკიტში და წმინდა პანტელეიმონის ხატს თაყვანი სცა. დიდმოწამის ხატი თავის კელიაშიც დაკიდა და ყოველდღიურად დღესასწაულობდა წმინდა პანტელეიმონის ხსენებას.
"ანუგეშე ჩემი ხალხი". ადრე მყუდრო და უკაცრიელი პანაღუდის ბილიკი ახმაურდა. უამრავი მომლოცველი მიდიოდა მამა პაისისთან, ბერიც უამრავ დროს სწირავდა მათ, ზოგს ანუგეშებდა, დაარიგებდა, ზოგსაც გაკიცხავდა. თავს არ ზოგავდა. მერე რა, რომ ღამისთევის ლოცვის შემდეგ მშიერი იყო, მწყურვალი, ავადმყოფი და დაღლილი, მის მოსიყვარულე გულს სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. თავისი დაფარულმცოდნეობის მადლით იცოდა, მომსვლელთაგან ვის სჭირდებოდა დახმარება, ცნობისმოყვარეებს არც ენახვებოდა. ერთხელ მამა პაისის თავისი განსვენებული ნეტარი მოძღვარი მამა ტიხონი უნახავს. მოძღვარს უთქვამს, - მიხარია, რომ ხალხს იღებო. ამ ხილვამ უფრო განაწყო ხალხის სამსახურად. მამა პაისის უთქვამს: "მე ჩემს თავს არ განვაგებ. ადრე გონებით ლოცვას ჩავუღრმადებოდი ხოლმე, ახლა საკუთართან ერთად ხალხის სატკივარსაც განვიცდი. ხშირად ძილშიც წამოვხტები... ნუ იფიქრებთ, თითქოს ადამიანები აქ დროის გასატარებლად მოდიოდნენ. მათ უზარმაზარი პრობლემები აქვთ. იცით, რა მაიძულებს ისე გავაგრძელო ცხოვრება, როგორც ახლა ვცხოვრობ? ის, რომ ზოგიერთი მათგანი შვებას ნახულობს. მე, ასე ვთქვათ, მსურდა ბერი ვყოფილიყავი და ყველასთვის დაფარულად მეცხოვრა, მაგრამ ადამიანები ამის საშუალებას არ მაძლევენ. ერთმა მამამ მითხრა: "მამა პაისი, შენ ეპიტიმია გადევს - ადამიანები მიიღო და ანუგეშო". მაგრამ არ ვიცი, ამ ყველაფერს ღმერთი როგორ განსჯის". დროთა განმავლობაში სტუმართა რიცხვი ისე გამრავლდა, რომ მამა პაისი თანახმა იყო, ამერიკაშიც კი წასულიყო, ოღონდ მყუდრო ადგილი მოეძებნა. სალოცავად ტყეში მიდიოდა, საათობით რჩებოდა ან ჩაიკეტებოდა კელიაში და გარკვეულ ხანს არავის იღებდა. მაგრამ ერთხელაც მკვეთრად და თვალსაჩინოდ შეცვალა ცხოვრების წესი - ტყეში სალოცავად გასვლა შეწყვიტა, შეამცირა დაყუდების საათები. როცა მიზეზი ჰკითხეს, იგავი უთხრა ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან: "ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამას ამბობს უფალი" (იხ. ესაია 40,1). ამბობენ, რომ მამა პაისის გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: "ჩემი საქმეა, თქვენი საზღვრები დავიცვა და ამას ვაკეთებ. ასე მოიქეცი შენც, ყველა კაცი მიიღე, გამონაკლისის გარეშე, ვინაიდან ისინი შეჭირვებულნი არიანო". მამა პაისიც თავმდაბლად დაჰყვა ღვთისმშობლის ნებას და უკვე მთლიანად მიეცა მოყვასის სამსახურს.
წმინდა ვლასის გამოცხადება. არქიმანდრიტმა ავგუსტინემ (კაცაბარისი) არაერთხელ სთხოვა მამა პაისის, ელოცა, რომ გამოცხადებოდა ახალგამოჩენილი წმინდანი, მღვდელმოწამე ვლას სკლავენელი. მამა ავგუსტინეს სურდა წმინდანის სახის ხილვა, რომ მერე მისი ხატი დაეწერა.
1980 წლის 21 იანვრის საღამოს მამა პაისი კელიაში სკვნილზე ლოცულობდა. უცებ დაინახა ნათელში მდგარი საბერო მანტიით მოსილი უცნობი წმინდანი. მის გვერდით კელიის კედელზე გამოსახული უცნობი მონასტრის ნანგრევები ჩანდა. ენით აუწერელი სიხარული იგრძნო. ნეტავ ვინ არის ეს წმინდანიო, - გაიფიქრა და ტაძრიდან ხმაც მოესმა: "წმინდა ვლას სკლავენელი". შემდგომში მამა პაისი ჩავიდა სკლავენაში და მადლიერებით თაყვანი სცა მღვდელმოწამის წმინდა ნაწილებს. ერთ-ერთ ხატმწერ მონაზონს აღუწერა გარეგნობა წმინდანისა და მანაც დაწერა ხატი წმინდა ვლასისა, რომელიც სწორედ ისეთი იყო, როგორიც მამა პაისის გამოეცხადა: "ეტყობა, ამ მონაზონს კეთილმოკრძალება ჰქონდა, ხატს ლოცვითა და მარხვით ხატავდა", - თქვა ბერმა. ამის მერე მამა პაისი ყოველწლიურად პატივს მიაგებდა წმინდა ვლასს ღამისთევის ლოცვით.
ნათლით ავსებული კელია. 1982 წელს აღდგომის დღესასწაულზე ორი მონაზონი, მამა პაისის სულიერი შვილები "რავდუხოს" კელიაში შევიდნენ და დიაკონ იოანეს აღდგომა მიულოცეს. მამა იოანემ ბერებს ჰკითხა: - აღდგომა მამა პაისის კელიაში ხომ არ იდღესასწაულეთო. არა, ყუთლუმუშში შევხვდით და მოძღვარი ჩვენთან ერთად იყოო, - მიუგეს.
გაოცებულმა მამა იოანემ მოჰყვა: ის სხვა მამებთან ერთად აღდგომას ერთ-ერთ მეზობელ კელიაში დღესასწულობდა. როცა დაიშალნენ, დაინახეს, რომ მამა პაისის კელიაში, "პანაღუდაში" უამრავი სანთელი ენთო. კელია უჩვეულოდ ბრწყინვალე სინათლით იყო ავსებული და მართლაც დიდებული სახილველი გახლდათ. მამა იოანემ უთხრა კიდეც სხვა მამებს: - შეხედეთ, მამა პაისი როგორი ზეიმით აღნიშნავს აღდგომას! ჩვენ კი ასე მალე დავამთავრეთო. მაგრამ აღდგომის იმ ღამეს "პანაღუდაში" არავინ ყოფილა, თვით მამა პაისიც კი. ვინ იცის, ეს რა ცეცხლი იყო და რა ნათელი. როცა მამა პაისის ეს უთხრეს, თავმდაბლად უპასუხა: "ეს ღვთის განგებულებით მოხდა, მამა იოანეს საგულისხმოდ. ზოგიერთი მნახველი, როცა კელიაში მოდის, გზად მას შეუვლის და აწუხებს, - მამა პაისისთან როგორ მივიდეთო. შესაძლოა, როგორც კაცი, ის ზოგჯერ დრტვინავს და ბრაზობს. ამიტომაც ღმერთმა ეს ნათელი ანახაო".
ღვთისმშობლის აღთქმა. ერთხელ მამა პაისიმ სიზმარი ნახა: თითქოს შორეული მოგზაურობისთვის აუცილებელ საბუთებს ამზადებდა. მასთან ერთად სხვებიც ემზადებოდნენ. უეცრად გამოჩნდა ოქროსფერსამოსიანი მშვენიერი და დიდებული ქალბატონი, ბერს საბუთები გამოართვა, უბეში ჩაიდო და უთხრა, მე გაგიმზადებ საბუთებს, შენი გამგზავრების დრო არ დამდგარა, ჯერ ადრეაო. მანამდე, ცოტა ხნით ადრე მამა პაისი ასე ლოცულობდა: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ჩემი საზღვარგარეთის პასპორტი და საბუთები ჯერ მზად არ არისო", - ამით იმას გულისხმობდა, რომ ჯერ მზად არ იყო იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადასასვლელად.
მალევე მამა პაისიმ წმინდა მიწა და სინას მთა მოილოცა. გეთსიმანიაში, როცა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატს მიეახლა, მის გაოცება სხვებმაც შეამჩნიეს. მან იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატში სიზმრად ნანახი ქალბატონი შეიცნო.
საღმრთო მადლის მოქმედება. მამა პაისი ამბობდა: "როცა კაცს საღმრთო მადლი მოიხილავს, გული აუჩქროლდება ხოლმე. ერთხელ თოთხმეტი საათი შეუჩერებლად ვლოცულობდი, დაღლილობის წილ სიხარულსა და მხიარულებას ვგრძნობდი! ერთ წამს გავიფიქრე, ახალგაზრდა აღარ ვარ, ორი ნეკნიც მაკლია. სპეციალური ქამარი უნდა გავიკეთო, თოკი ზემოთ მივამაგრო, რომ დამაკავოს-მეთქი. თუმცა, მე ხის ორი ორკაპი მქონდა, რომლებსაც შეიძლებოდა ლოცვისას იღლიებით დავყრდნობოდი. ანუ სინამდვილეში ქამრის გარეშეც შემეძლო ლოცვის გაგრძელება. გამიგრძელდა დიდხანს ფიქრი და იატაკზე მოცელილივით დავეცი. მაშინ კი ვიგრძენი თოთხმეტი საათის მანძილზე დაგროვილი დაღლილობა! თხუთმეტი წუთი გაუნძრევლად ვიწექი. ღმერთი თითქოს მეუბნებოდა: "ჩემი მადლი გაჩერებს და არა შენი ქმარი". განა ჩემი გულისთქმა ცოდვიანი იყო ანდა იდო მასში ეგოიზმი? არა, უბრალოდ, "ადამიანურად" ვიფიქრე. სიამაყის გულისთქმა რომ მქონოდა, იგი საღმრთო მადლს მთლიანად გააძევებდა. ხედავთ, რა ფაქიზია სულიერი ცხოვრება და რამდენად აუცილებელია ყურადღება".
ერთხელაც, ერთ-ერთ მონასტერში, ღამისთევის ლოცვისას, მამა პაისის ძალზე შესცივდა. იფიქრა, ვეზიარები, კელიაში წავალ და გავთბებიო. მაგრამ ზიარებისთანავე იგრძნო, საღმრთო მადლი როგორ გავრცელდა მის სხეულსა და სულში და თანდათანობით დაუთბა.
მამა პაისი ჰყვებოდა: "ერთხელ ღმერთს ვთხოვე, ეჩვენებინა ჩემთვის, როგორ უნდა მელოცა და ერთი ნაცნობი ყრმა ვიხილე. ბიჭი მუხლმოდრეკილი, თვალცრემლიანი აღიარებდა ღვთის წინაშე თავის ცოდვებს. ამის მერე მან ხელნი ზეცად აღაპყრო და უფალს რაღაც შესთხოვა. ამ ხილვამ განმაცვიფრა და წამოვიძახე: "ღმერთო, მაპატიე, რომ მე ჯერ არ მისწავლია ლოცვა-მეთქი". ამიტომაც კარგი იქნება, თუ ლოცვას აღსარებით დავიწყებთ. ცოდვის აღიარებას დაე მოჰყვეს სავედრებელი ლოცვა, რომელშიც იქნება დიდებისმეტყველებაც და მადლიერებაც".
საშინელი ხილვა. 1984 წლის 11 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, დაახლოებით შუაღამისას, თორმეტ საათზე, მამა პაისის ჰქონდა ხილვა, რომელიც აბორტის ცოდვას შეეხებოდა: "საღამოს ჩვეულებისამებრ ორი სანთელი ავანთე ხორციელად და სულიერად ტანჯულთათვის. მათ შორის არიან გარდაცვლილთა სულებიც. ეს სანთლები ანთია მაშინაც, როცა მძინავს. საშინელი რამ ვიხილე. ჩემს წინ ნათესი მინდორი იყო გადაჭიმული, ჯეჯილი ჯერ არ ამოზრდილიყო. ვიდექი გალავნის გარეთ და მასზე გარდაცვლილთა განსვენებისთვის ანთებულ სანთლებს ვამაგრებდი. მარცხნივ გადაშლილიყო უსწორმასწორო, კლდოვანი და უწყლო ადგილი, რომელსაც არყევდა საშინელი გრგვინვა, ათასობით სულისგანმგმირავი ყვირილი, რომელიც ყველაზე გულქვასაც შეძრავდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ხმა მომესმა: "მინდორი, სადაც ჯეჯილი ჯერ არ ამოწვერილა - იმ გარდაცვლილთა სამყოფელია, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან. იმ ადგილას, რომელსაც სულისგამგმირავი ყვირილი შეძრავს, იმყოფებიან აბორტით მოწყვეტილ ყრმათა სულები". ხილვა დამთავრდა, მაგრამ კარგა ხანს გონს ვერ მოვედი ამ ბავშვთა სულებზე საშინლად დამწუხრებული. ვერ დავიძინე, თუმცა საშინლად დაღლილი ვიყავი.