დატკბით სულიერი ცხოვრებით, მასზე ტკბილი არაფერია
* "ჩვენი რონინი გამოცდის უდაბნოში მთელი ცხოვრება გრძელდება", - ბრძანებდა არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი).
სხვა დროს კი უთქვამს: "ჩვენი ცხონების საქმე საკუთარი თავისა და ცოდვიანობის უარყოფით იწყება. უნდა უარვყოთ ყველაფერი, რაც ჩვენი დაცემული ბუნების არსს შეადგენს, უარვყოთ თვითონ სიცოცხლეც და მთლიანად ღვთის ნებას მივენდოთ... ჩვენი სიმართლე ღვთის წინაშე უნდა ვაღიაროთ საშინელ უსამართლობად, ჩვენი გონება კი სრულ უგუნურობად. ყველაფერი იწყება საკუთარ თავთან თავგანწირული ბრძოლით, საკუთარი თავის ძლევა - გამარჯვებათა შორის ყველაზე ძნელად მისაღწევია. ეს ბრძოლა ხანგრძლივია და მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულისას მთავრდება". ამ სიტყვების ნამდვილობა მამა იოანემ თვითონვე გამოსცადა. გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე, 91 წლისას ერთი განსაცდელი შეემთხვა. 2001 წლის 28 თებერვალს მამა იოანემ წამოდგომა ვერ შეძლო და მოჰყვა: "ღამით დრო გაჩერდა. მომადგნენ ეშმაკები თავიანთი სატანჯველებით და სასიკვდილოდ მცემეს. ვერ ვიტყვი, რამდენ ხანს ვეწინააღმდეგებოდი მათ ლოცვით. მტრის ძალამ მხოლოდ განთიადისას დაიხია და უფალმა მანუგეშა". * "თუ ცუდად ცხოვრობ, არავინ გეხება, ხოლო როცა კარგად ცხოვრებას იწყებ, მაშინვე თავს გატყდება მწუხარებანი, განსაცდელები, შეურაცხყოფა", - ბრძანებს წმინდა ბარსანოფი ოპტელი. ასევე უთქვამს: "ეშმაკი ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მოგცემს, ყოველი ნაბიჯისთვის უნდა იბრძოლოთ. გახსოვთ, ებრაელებმა როგორ ააშენეს ტაძარი? ცალ ხელში ბარი ეჭირათ, მეორეში - მახვილი. ერთი მხრივ უნდა აღასრულოთ სახარებისეული მცნებები, მეორე ხელით კი - მტერი მოიგერიოთ, იბრძოლოთ თითოეული ნაბიჯისთვის... ეს მახვილი კი იესოს ლოცვაა". მამა ბარსანოფი ჰყვებოდა: "მივხვდი, რომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივად სიფრთხილისა და განუწყვეტელი ლოცვის გარეშე ვერ მოვიგერიებდი ეშმაკის ისრებს. ამიტომ ჩემი მოძღვრული ცხოვრების პირველი ხანი განუწყვეტელ ბრძოლასა და შრომაში გავატარე..."
* ოპტის სკიტელი მამა ბენედიქტე ჰყვებოდა: "მომაკვდავი მამა ნიკოლოზის საზიარებლად მის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დამიძახეს. ზიარების წინ მეზობელ კელიაში მცხოვრებ მამა პიორის ვთხოვე, ეკლესიაში წასულიყო, მნათესთვის მდუღარება გამოერთმია და მოეტანა. აღსარება ვათქმევინე ავადმყოფს, ვაზიარე, ამ დროს მოვიდა მამა პიორი და თავისი კელიის ტიხრიდან გაბრაზებული მეუბნება, - მნათემ მდუღარება არ მომცაო. უმაგისოდაც რამეს მოვიფიქრებ-მეთქი, სამოვარში ჩარჩენილი წყალი ჩამოვასხი და მამა ნიკოლოზს დავალევინე. თანაც ვუთხარი, მამა პიორიმ თქვა, მნათემ მდუღარება არ მომცაო, სხვა გზა არ არის, ეს უნდა დალიო-მეთქი. "არაფერი მესმის", - მითხრა მამა ნიკოლოზმა. "როგორ თუ არ გესმის, განა ახლა მამა პიორის ნათქვამი ვერ გაიგე?" "არა, არაფერი მესმის!" - გამიმეორა. გავოცდი. ამ დროს კელიის კარი იღება და მამა პიორის ჭურჭლით მდუღარება შემოაქვს. ახლა შენს კელიაში არ იყავი-მეთქი? არა, პირდაპირ მნათესგან მოვედიო. ამგვარად, ეშმაკს სურდა, მომაკვდავი ზიარებისას აეღელვებინა. მამა ნიკოლოზი ჭლექით კვდებოდა და როგორც ყველა ჭლექიანი, ძალზე გაღიზიანებული იყო, განსაკუთრებით სიკვდილის წინ. მაგრამ უფალმა არ დაუშვა, რომ თავისი მაზიარებელი მტერს გამოეცადა და სმენა დაუხშო. ამიტომ ეშმაკის ნათქვამი მარტო მე გავიგონე".
* ერთხელ ეშმაკი საშინელი ღვთისმგმობი აზრებით აღდგა უფლის მოღვაწე სქემმონაზონ ზოსიმეს წინააღმდეგ მაშინ, როცა ის თავის მოძღვართან ბასილისკოსთან ერთად განმარტოებით ცხოვრებას ეწეოდა ციმბირის ტყეებში. ვისაც მხურვალედ უყვარს უფალი იესო ქრისტე და შიგნით ატარებს მის წმინდა სახელს, უმძიმს მის გულს ეს ბრძოლა, უმძიმს გონებასაც, რომელიც ღმერთზე ფიქრობს, უმძიმს სულსაც და სამშვინველსაც, მარადისობისკენ რომ ისწრაფვის, როცა განუწყვეტლივ ჩაესმის ეშმაკის ჩურჩული: "იესო ღვთის ძე არ არის, ის ქმნილებაა". ამ ჩურჩულს თან სდევს უთვალავი მზაკვრული, საშინელი, უგუნური "მტკიცებულება", რომელთაც ეშმაკი წმინდა წერილიდან და მამათა ნაწერებიდანაც კი მოიხმობს.
ღვთის მონა ზოსიმე მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა და წუთითაც არ იჯერებდა გულისთქმებს, სულით არ იღებდა და გულით მოიძაგებდა. თუმცა ყველანაირი სულიერი სიხარული და ნუგეშისცემა დაიფარა მისგან, თითქოს მზე ღრუბლებში მიიმალა, მაგრამ სულიერ ბრძოლაში გამოცდილ ბერს სასო არ წარუკვეთია, არ აღელვებულა. შემწედ მოუხმო მამასა და მეგობარს ბასილისკოს და ორივე გულმოდგინედ ლოცულობდა ამ განსაცდელის წინააღმდეგ. მამა ზოსიმემ ამას დაურთო ეკლესიის მამათა ნაწერების კითხვაც. ერთი წელი თავს დასტრიალებდა შავი ღრუბელი, მაგრამ მერე გამოიდარა და გამობრწყინდა მზე სიმართლისა - ქრისტე. მამა ზოსიმე იხსენებდა, რომ ამ საშინელ ბრძოლაში ყველაზე მეტად გამოადგა იოანე ოქროპირისეული განმარტება პავლე მოციქულის მეთოთხმეტე ეპისტოლესი.
* მამა იოაკიმეს (სპეციარისი) მოწაფე მამა თეოფილაქტე განუწყვეტლივ ებრძოდა მელანქოლიას, რომელიც ხშირად აწუხებდა, განსაკუთრებით მოძღვრის გარდაცვალების მერე. ზოგჯერ მძიმე წუთებში, როცა მხნეობას კარგავდა ბრძოლის სისასტიკის გამო, შედიოდა თავის პატარა ეკლესიაში და ევედრებოდა წმინდა უვერცხლო მკურნალებს (ვის სახელზეც იყო ეს ტაძარიც) და ისინიც რაიმე ხილვით ანუგეშებდნენ. ერთხელ თითქმის სასოწარკვეთილი წამოწვა ლოგინზე, დაესიზმრა, თითქოს კირიაკონიდან სკიტისკენ მიმავალი კედლებს შორის აღმოჩნდა. წინ ლომივით ძაღლი გადაეღობა და თავდასხმას უპირებდა. საშინლად შეეშინდა, დაემხო და მფარველ წმინდანებს მოუხმო. ორი მათგანი, ბრწყინვალე დიდებით მოსილნი, მოვიდნენ, შეიპყრეს მხეცი, მსხვილი ჯაჭვით გაკოჭეს და ბერი გაამხნევეს: - ნურაფრის შეგეშინდება, წადი და შენს კელიაში დაეყუდეო. მამა ზოსიმე ამბობდა, როცა ეს ვნება პირველად გამოჩნდა, არ შევეწინააღმდეგე და ამიტომაც ჩემს მუდმივ ჯვრად გადაიქცაო.
* XX საუკუნეში ათონზე ისიქასტური სკოლის აღმდგენელს, მამა იოსებ მღვიმელს, მრავალი სულიერი ბროლა გაუმართავს დაცემულ ანგელოზებთან და უძლევია. მტერმა მის სულს ვერაფერი ავნო. თუ როგორ სასტიკი იყო ეს ბრძოლა, ამაზე მისი სულიერი ძმა და თანამოსაგრე არსენ მღვიმელი ჰყვებოდა: "ერთ საღამოს სტუმარი გვეწვია და მამა იოსებმა თავის კელიაში დააბინავა, თვითონ კი ღამისთევის ლოცვაზე საყდარში შევიდა. უეცრად კელიიდან გვესმის ქვითინი, ყვირილი. გავიქეცით მასთან. შეშინებული სტუმარი გვეხვევა, კანკალებს, ტირილით მუხლებში გვივარდება: - დემონებმა მცემეს. მომკლავენ, წამიყვანეთ სასწრაფოდ წმინდა ანაში, მეტი აღარ შემიძლიაო. დამშვიდდი, შვილო, - უთხრა მამა იოსებმა, - ბარემ გათენდეს. ეშმაკები ხელს აღარ გახლებენ, მათ შეეშალათ. ისინი ყოველღამე მცემენ, შენ კი შეცდომით გცემესო. მაგრამ ბერი ვეღარ დავამშვიდეთ და სიბნელეში წმინდა ანას სკიტამდე მივაცილეთ".
- მართლა გცემდნენ დემონები? - ჰკითხეს მამა არსენს.
- თავიდან ორივეს გვცემდნენ, უფრო მეტად კი მამა იოსებს, რადგან მისი ლოცვა მათ წვავდათ. მე ნაკლებს მირტყამდნენ, რადგან მამა იოსებისნაირი სულიერი მდგომარეობა არ მქონდა. თან იმიტომაც, რომ მორჩილი ვიყავი, ის მორჩილი კი, რომელიც თავის საქმეს კარგად ასრულებს და გულისთქმებს მოძღვარს ეუბნება, ეშმაკს ამის საბაბს ართმევსო.
* ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ძლიერი ხორციელი ბრძოლები ჰქონდა, ამტკიცებდა, ქორწინების შემდეგ აღარ მექნებაო. არქიმანდრიტმა ეპიფანემ (+1989, თეოდოროპულოსი) უთხრა: "ჩემო შვილო, ხორციელი ბრძოლისგან ვერც ქორწილი გიშველის, ვერც უქორწინებლობა და ვერც მრავალცოლიანობა. მისგან მხოლოდ სიკვდილი განთავისუფლებს. ამიტომაც კუბოში ჩაწოლამდე სიფხიზლე არ უნდა მოადუნო. ასე რომ, დღეიდან ღვთისგან შეწევნა გამოითხოვე და მოსაგრეობის ასპარეზს შეუდექიო".
* მკაცრ მოღვაწე ცხოვრებას ეწეოდა წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, მაგრამ ისიც ვერ ასცდა ეშმაკს. ბოროტმა მისი სხეული დაამძიმა და მოაუძლურა, ფიქრები ისე აურია, რომ ეჩვენებოდა, თითქოს არც ფეხზე დგომა შეეძლო, არც ბაგეების გახსნა ლოცვის წარმოსათქმელად, არც საეკლესიო მსახურება და არც გონების ზეცისკენ მიმართვა. მიხვდა, რაც სჭირდა და მოთმინებით შეიარაღდა, აიძულებდა თავს, არ დასუსტებულიყო და შთაგონებულის საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო. ეს ბრძოლა ღვთის შეწევნით და მისი მოძღვრის ლოცვით გამარჯვებით დამთავრდა. ღმერთმა ამგვარი ხილვით ანუგეშა. თითქოს რაღაც ღრუბელი მის ფეხებთან ზევით აიწია და ჰაერში გაიფანტა. მან თავი მხნედ, ცოცხლად და ისე მსუბუქად იგრძნო, თითქოს სხეული საერთოდ არ ჰქონოდა. განსაცდელი განშორდა და ღირსმა სვიმეონმა სამადლობლად კანონად დაიდო: ამიერიდან ღვთისმსახურებისას არასოდეს დამჯდარიყო, თუმცა ამის ნებას ტიპიკონი აძლევდა.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "ზოგჯერ ზიარების დღეს მძიმე განწყობა გვაქვს, მაგრამ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და სასო არ უნდა წარვიკვეთოთ. რადგან ამ დღეს ეშმაკი განსაკუთრებით გაილაშქრებს ადამიანის წინააღმდეგ ჰიპნოზით - ბოროტი, არაქრისტიანული ძალით. მისი მეშვეობით ეშმაკი აგვაღელვებს ხოლმე ჩვენც, ღვთისმსახურებსაც, როცა ლიტურგიას ვატარებთ".
* თუ ეშმა პატარა ყრმაში მომავალ მოწინააღმდეგეს ხედავს, ცდილობს მის დაღუპვას. ამას გვიდასტურებს წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.
ეშმაკმა პატარა ვასიკოს (მომავალ არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძე)) თავში ხელი ჩაარტყა და ზეცისკენ ყურება აუკრძალა.
სულიერი ბრძოლებით იყო აღსავსე იღუმენ თეოდოსის (პოპოვის) ცხოვრება. ამ ღირსმა მამამ ოპტის უდაბნოში დაიწყო და დაასრულა მოღვაწეობა. მამა თეოდოსიმ ყრმობისდროინდელი ამბავი გაიხსენა. რვა წლისას მღვდელმა წმინდა ისტორია და კატეხიზმო შეასწავლა. ბიჭმა შეიტყო, რომ არსებობენ ანგელოზები, რომლებიც იცავენ ადამიანებს და ეშმაკები, რომლებსაც ადამიანის დაღუპვა უნდათ. ფედიამ ამ სიტყვების ნამდვილობაში დარწმუნება მოინდომა და ბოროტს მიმართა: "ეშმაკო, თუ რაიმე შეგიძლია, დამარწმუნე ამაში. ბეღელში მომიტანე წვრილი, კარგი თოკი, მე კი წავალ და იმით გომურში ჩამოვიხრჩობ თავს... ნახე, როგორ გაოცდებიან ჩემი მეგობრები, ძელზე ჩამოკიდებულს რომ დამინახავენო".
ნათელი, მზიანი დღე იყო. ღრუბლები ალაგ-ალაგ დაცურავდნენ. შევიდა ბიჭი საბძელში, დაინახა ახალთახალი თოკი. უყოყმანოდ გადაწყვიტა თავის ჩამოხრჩობა. ჩამოაბა თოკი, გაუკეთა მარყუჟი. თავის გაყოფაღა აკლდა. უცებ ბიჭმა ხმამაღლა და მხიარულად გადაიხარხარა და ეშმაკს უთხრა, - თვითონვე შეძვერი, წყეულო, მე კი ამაში დაგეხმარებიო. ამ სიტყვების თქმა იყო და ცაზე დამაბრმავებლად გაიელვა და ისე დაიქუხა, რომ მამა თეოდოსის შემდგომში ამგვარი რამ არასოდეს გაუგონია.
* ათონელი მღვდელმონაზონი მაკარი ბრძანებს: "განსაკუთრებული სულიერი ბრძოლის დღე იქნება ჩვენთვის სიკვდილის დღე. თუ მტერი გაკადნიერდა და გაბედა გამოცხადებოდა ჩვენს უცოდველ მაცხოვარს მიწიერი ცხოვრების დასასრულს, იმ იმედით, რომ მასში რაიმე ცოდვას იპოვიდა, მით უმეტეს, თამამად გამოგვეცხადება ჩვენ, ცოდვილებს. სიკვდილის წინ ეშმაკი ჩვეულებისამებრ თავს ესხმის: 1) ურწმუნოებით, 2) სასოწარკვეთით, 3) პატივმოყვარეობით, 4) სხვადასხვანაირი ხილვით, თვით ნათლის ანგელოზის სახით გამოცხადებით, ამიტომ უნდა შევიარაღდეთ სასოებით, სიმდაბლით, მოთმინებით და ბოლომდე მივყვეთ ვიწრო გზას, რომელსაც სასუფევლამდე მივყავართ".
* მამა პორფირე ათონელი ამბობდა: - ბევრი იტყვის, რომ ქრისტიანული ცხოვრება უსიამოვნო და ძნელია, მე კი ვამბობ, რომ იგი სასიამოვნოა და მსუბუქია, მხოლოდ ორ პირობას ითხოვს: თავმდაბლობასა და სიყვარულს.
* "დატკბით სულიერი ცხოვრებით, - ხშირად იტყოდა მამა იერონიმე ეგინელი, - მასზე ტკბილი არაფერია. მკაცრია ზამთარი, სამოთხე კი მშვენიერია, სასტიკია ღვაწლი, გვირგვინი დიდებულია. მოღვაწეობის გარეშე ჩვენ სათნოებებს ვერ შევიძენთ".