უფალი იმისთვის გვაჩერებს ამ მიწაზე, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა მთლიანად აღგვივსოს გული
წმინდა მოსაგრე მამები იღვწოდნენ, რომ გული განეწმინდათ, თავიანთი საზომისა და ძალისაებრ, და ახერხებდნენ კიდეც:
ღირს სილუანზე ამბობენ, ღვთის განმარისხებელ ფიქრს გულში არასოდეს უშვებდაო. ეს რომ ძნელია, ამაზე ღირსი პიმენი ბრძანებს: - ჩვენს მამათა შორის იყვნენ მეტად მოღვაწენი, მაგრამ გულისთქმათა სიწმინდით ძლიერი ერთი თუ ორი იყოო."ერთია, გქონდეს ჭკუა, სხვაა, როცა განსჯის უნარს ფლობ, - ბრძანებდა წმინდა ბარსანოფი ოპტელი, - განსჯის უნარი ღვთის ნიჭია, ისევე როგორც უფლის სხვა ნიჭები. მაგრამ განსჯა ყველა ნიჭზე აღმატებულია და მაშინვე არ შეიგონება. კაცი შეიძლება ჭკვიანი იყოს, მაგრამ განსჯის უნარს მოკლებული, შეუძლია დაიკმაყოფილოს ქვენა, ცხოველური გრძნობები და ღმერთს არ აღიარებდეს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მუცლისა და სიძვისთვის ცხოვრობენ. არიან ხორციელზე აღმატებული, მშვინვიერი ადამიანები და არიან სულიერი კაცნი. მათ შორის კი უზარმაზარი განსხვავებაა. "მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაისა, რამეთუ სიცოფე უჩნს მას", - ბრძანებს პავლე მოციქული (1 კორ. 2,14). მან შეიძლება ყველანაირი ადამიანური სიბრძნე შეიცნოს, ყველანაირი ფილოსოფია, მაგრამ სულიერი განსჯა არ ჰქონდეს". ამის მაგალითი გოეთე გახლდათ. "მხოლოდ ორი რამ მეჯავრება ამ ქვეყანაზე, რწყილები და ქრისტიანები", - უთქვამს მას. საშინელი იყო მისი სიკვდილი: - სინათლე, მეტი სინათლეო, - გაიძახოდა.
* ერთ ძმას საეშმაკო ბრძოლა ჰქონდა ქალწულის მიმართ. ერთხელ წყაროსთან დაინახა და მასზე მისვლა ინება. ქალმა უთხრა: - წადი, ძმაო, თორემ ეს საქმე მრავალ ჭირს შეგამთხვევსო. როგორო, - იკითხა ბერმა. "ახლა ეშმაკისგან განხურვებული გაქვს გული და ღვთის შიში არ გახსოვს. ცოდვის ჩადენის მერე ღვთის შიში გაგახსენდება და ვინ იცის, სასოწარკვეთილებამდეც მიხვიდე და სრულიად დაიღუპო... გულისხმაჰყავ სასჯელი ღვთისა, გაჩერდი შენს სენაკში და სოფელში ნუღარ გახვალ". ამ სიტყვებმა გონს მოიყვანა ბერი, წავიდა და ყველაფერი სულიერ მამას მოუყვა. გაუკვირდა მოძღვარს ქალის გულის სიბრძნე და ბერს უბრძანა, ამიერიდან მონასტრიდან აღარ გახვიდეო.
* ერთი ამბავი თანამედროვე მამის, არქიმანდრიტ ეპიფანეს (თეოდოროპულოსი) ცხოვრებიდან უნდა მოგითხროთ: უფროსკლასელი ეთეოკლისი (ასე ერქვა მაშინ) პაპადიმიატისის რომანს, "მკვლელ ქალს" კითხულობდა. ეს რომ დაინახა, შეძრწუნებულმა დეიდამისმა ჰკითხა: - შვილო, ეს რა წიგნებს კითხულობ? ორიოდე ფურცელი წავიკითხე და შემეშინდა. შენც თავი ანებეო. "დეიდა, - უპასუხა მან, - მე სახარების მსახური უნდა გამოვიდე, ამიტომ ისიც უნდა წავიკითხო, რასაც სხვები კითხულობენ, რომ მერე, დიდობაში, ვესაუბრო და ვუპასუხო მათ შეკითხვებს".
* გული გონიერი ყველას მოეთხოვება, ერისკაცსა თუ სამღვდელო პირს. 1909 წელს რუსეთის ეკლესიის სინოდის ზამთრის სესიის დასრულების მერე ეპისკოპოსები მეფესთან დასამშვიდობებლად მივიდნენ. იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ მათ პატრიარქობის აღდგენა შესთავაზა (ის პეტრე I-მა გააუქმა რუსეთში) და თან ჰკითხა: - საპატრიარქო კანდიდატურა თუ გყავთო. ყველა დადუმდა. მაშინ მეფემ შესთავაზა: - რახან კანდიდატურა არ გყავთ, შევუთანხმდები დედოფალს და ტახტს ჩემს შვილს დავუტოვებ, მას რეგენტად ჩემს მეუღლესა და ჩემს ძმას დავუდგენ, მე კი ბერად აღვიკვეცები და თავს პატრიარქად შემოგთავაზებთ. მოგწონთ ეს აზრიო?
ეს იმდენად მოულოდნელი იყო სინოდის წევრებისთვის და იმდენად არ ემთხვეოდა მათ გეგმებს, რომ გაჩუმდნენ. იმპერატორმა გამჭოლი მზერით შეხედა მათ და გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა. ამის შემდეგ მათსა და მეფეს შორის კედელი აღიმართა. ეპისკოპოსთა ნაწილი მერე კი სწუხდა, რომ გონიერი გულით ვერ იმოქმედეს და ღვთის ნების ნაცვლად საკუთარი სურვილების ასრულებას ცდილობდნენ.
* ოპტის მონასტერში 1893 წლის 18 აგვისტოს 65 წლისა გარდაიცვალა ბერი, რომელსაც ნიკოლოზ თურქს ეძახდნენ. საინტერესოა მისი ცხოვრება. ერისკაცობაში იუსუფ-აბდულ-ოღლის ეძახდნენ, თურქეთის მოქალაქე იყო, მცირეაზიელი მუსლიმანი. მსახურობდა თურქეთის არმიაში გვარდიის ოფიცრად. მან არ დაუმალა თურქ ნათესავებს, მართლმადიდებლურად ნათლისღება მინდაო. მათ ისე შეიძულეს, რომ იუსუფს ორ დღეში ერთხელ აჭმევდნენ საჭმელს, აწამებდნენ, სხეულიდან ხორცს აჭრიდნენ, მაგრამ ქრისტეზე უარი ვერ ათქმევინეს. მან რუსეთში გაქცევა მოახერხა და 1874 წელს ოდესაში მოინათლა. 1892 წელს კი ოპტის უდაბნოში მივიდა. უფალმა მოხედა მისი გულის გონიერებას. სანუგეშოდ ნიკოლოზი ზეცად იქნა აღტაცებული და სამოთხის მშვენიერება იხილა, სადაც სამი თვის შემდეგ გადასახლდა კიდეც. გამოირჩეოდა სიმშვიდით, სიმდაბლით და ძმათმოყვარეობით.
* "ყველანაირად გაუფრთხილდი საკუთარ გულს, ანდა გულითად სიწრფელეს, უნარს, თანაუგრძნო მოყვასს სიხარულსა და მწუხარებაში და როგორც სასიკვდინე საწამლავს, გაექეცი გულცივობას და გულგრილობას ადამიანთა სხვადასხვა უბედურების, თავმდაბლობის, სნეულებათა და ათასგვარ გასაჭირთა მიმართ. სიცოცხლე გულისა სიყვარულია, სიკვდილი მისი - ბოროტება და მტრობა ძმის მიმართ. უფალი იმისთვის გვაჩერებს ამ მიწაზე, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა მთლიანად აღავსოს ჩვენი გული. ამას ელოდება ის ყველასგან - ესაა მიზანი და სიმყარე სოფლისა", - ბრძანებს სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო).
* მაკარი დიდი წერს: "გული მართავს მთელ ორგანიზმს და როცა მადლი გულის ყველა ნაწილს დაიკავებს, მაშინ ის ხელმწიფებს ყველა გულისთქმასა და ასოზე, რამეთუ იქაა გონება და მშვინვიერი გულისთქმების სამყოფელი".
წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: "ყოველი გონებისთვის მიუწვდომელი უფალი შედის გულში და იქ ივანებს. იგი, ცეცხლებრივ ანგელოზთაგან დაფარული, გულში შეიძინება (მოიპოვება). მიწა ვერ უძლებს მის ნაბიჯებს, წმინდა გული კი შიგნით ატარებს". ამიტომაც ბრძანა წმინდა ნილოს სინელმა: "თითოეული ჩვენგანის გული საშინაო (სახლის) ეკლესიააო". ხოლო წმინდა ეფრემ ასური მოგვიწოდებს: "შედი შიგნით, შედი შენს გულში, რამეთუ იქაა ღმერთი".
* სქემიღუმენი საბა წერს: "შეიძლება გვწამდეს გონებით, მაგრამ მასზე უფრო აღმატებულად გვწამდეს გულით. გულით გვწამდეს - ნიშნავს დავიჯეროთ, რასაც ჩვენი გული გვეუბნება, ის, რისკენაც ვისწრაფვით და გვსურს, არის უეჭველი ჭეშმარიტება... გონება თავს ავლენს განსჯაში, გამოკვლევაში, მოსაზრებაში, ხშირად ძალზე რთულსა და გრძელ დასკვნებში. გული კი თავს სხვანაირად გამოხატავს. ის მტკიცებულებებს არ აგებს. ხშირად სიტყვებიც არ სჭირდება, სწრაფად გადაწყვეტს".
* როგორ იქცევა გული გონიერი? მამა სილუანის მოწაფეზე, მამა პეტრეზე ჰყვებოდნენ: როცა ის სინას მთაზე თავის კელიაში ცხოვრობდა, თავის ცხოვრებას, ხორციელ მოთხოვნილებებს ზომიერებით წარმართავდა, ხოლო როცა ფარანში ეპისკოპოსად დაადგინეს, უფრო მკაცრად იწყო ცხოვრება. მოწაფემ ჰკითხა: - ამბა, როცა უდაბნოში ვიყავით, ასე მკაცრად არ ცხოვრობდიო. მოძღვარმა უპასუხა: იქ იყო უდაბნო, მყუდროება, სიღატაკე და ამიტომ ვცდილობდი, სხეული არ მომეუძლურებინა, რომ შემეძინა ის, რაც არ მქონდა. ახლა სოფელში ვცხოვრობთ. აქ ბევრი საცთურია. ამიტომაც მოვაშთობ სხეულს, რომ ჩემში ბერი არ მოკვდეს. ხოლო თუ მოხდება და ცუდად შევიქმნები, მიმკურნალებენო.
* მამა მაკარმა ბრძანა: - თუ გვეხსომება ბოროტება, რომელიც ჩვენ ხალხმა მოგვაყენა, მაშინ შეგვისუსტდება ხსოვნა ღმერთისა. ხოლო თუ გვეხსომება ბოროტება, რომელიც დემონებმა მოგვაყენეს, მაშინ მათგან დაგესვლას გავექცევით.
* მამა სილუანი ჰყვებოდა: მავანი მძიმე ცოდვით დაეცა და მწარედ მონანული ერთ ბერთან მივიდა, ყველაფერი მოუყვა და მერე ჰკითხა: - მამაო, ვისაც ასეთი გულისთქმა მოუვა, თუ შეუძლია, ცხონდესო. ბერს კი არ ჰქონდა განსჯის ნიჭი ანუ გული გონიერი და უთხრა: - დაგიღუპავს სულიო. სასოწარკვეთილმა ძმამ თქვა: "თუ დამიღუპავს, მაშინ სოფელში წავალო". დაცემულმა ძმამ განსაჯა და მიმავალმა მამა სილუანს გაუმხილა გულისთქმები. როგორც კარგმა ექიმმა, ღირსმა მამამ უმკურნალა ძმის სულს წმინდა წერილით ანუ სინანულის გრძნობით ღვთისკენ მოქცევით. სხვისთვის კი უთქვამს, - ეს დაცემული ძმა, იმედი რომ დაკარგა და სოფელში წასვლა გადაწყვიტა, ვარსკვლავია ძმათა შორისო. ბოლოს კი მამა სილუანმა ბრძანა, - ეს იმისთვის მოვყევი, რათა ვიცოდეთ, რა სახიფათა განსჯაში გამოუცდელს (გონიერი გულის უქონელს, - კ.კ.) გაუმხილო გულისთქმები თუ საქმეები.
* ერთხელ გზად მიმავალ მამა ეფრემს ერთი მეძავი დედაკაცი გადაეკიდა და მისი შეცდენა მოინდომა. თუ ვერ შევაცდენ, იქნებ განვარისხო მაინცო, - ფიქრობდა, რადგან არავის ენახა, მამა ეფრემს ან ვინმესთან ეკამათოს, ანდა გაბრაზებულიყოს. მამა ეფრემმა უთხრა, - გამომყევიო. ქალიც გაჰყვა. როცა ერთ ადგილას მივიდნენ, სადაც ბევრი ხალხი იყო, ბერმა უთხრა, - შეუდექ შენს საქმეს, რის გაკეთებაც გინდოდაო. დედაკაცმა - როგორ შეიძლება ამდენი ხალხის წინაშე მაგ საქმის ჩადენაო. ბერმა ბრძანა: - თუ შენ ხალხისა გრცხვენია, როგორ არა გრცხვენია ღმერთისა, რომელიც ამხილებს "დაფარულსა იგი ბნელისასა?" (1 კორ. 4,6). დედაკაცი სირცხვილეული გაშორდა მოძღვარს.
* პელუზიიდან ორი დიდი განდეგილი ბერი მივიდა დედა სარასთან. სულიერ საკითხზე ისაუბრეს. უკან წასვლისას ერთმანეთს უთხრეს, - მოდი, მას სიმდაბლე ვასწავლოთო. ერთმა მათგანმა დედა სარას მიმართა: - დედაო, თავი არ აიმაღლო, გონებით ნუ ამაღლდები და იტყვი: ჩემთან განდეგილები მოვიდნენო. დედა სარამ უპასუხა: - მე დედაკაცი სხეულითა ვარ და არა გონებითო.
დედა სარას უთქვამს: - თუ იმას შევევედრები ღმერთს, ყველა კაცი ჩემით კმაყოფილი იყოს, მაშინ თითოეულის კართან უნდა ვინანიებდე. სჯობს ღმერთს შევევედრო, რომ ჩემი გული ყველას მიმართ წმინდა იყოსო.
* წმინდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის: გონების თვალთ ნუ მოაცილებ გულს და იქიდან გამომავალ ფიქრებს, ხელი სტაცე და განიხილე: კარგია - დაე, იცხოვროს გულში, თუ ცუდია, მაშინვე უნდა მოვკლათ. აქედან ისწავლე საკუთარი თავის შეცნობა: რა გულისთქმაც უფრო ხშირად გამოდის გულიდან, ის ვნება შენში უფრო ძლიერია, და მის წინააღმდეგ უფრო ძლიერ უნდა იმოქმედო.
*ხშირად ხდება, რომ რწმენაში განუმტკიცებელი ქრისტიანი სექტანტების ლოცვასაც ესწრება და ამაში თითქოს ცუდს ვერაფერს ხედავს.
წმინდა თეოდორეს მონასტერში ერთი მართლმადიდებელი ძმა ცხოვრობდა. თავის კელიიდან გამოსულს ვისი გალობაც მოესმებოდა, მათთან შედიოდა ეკლესიაში. არ უფიქრდებოდა, კოპტები იყვნენ ისინი თუ სომხები. ერთხელ უფლის ანგელოზი გამოეცხადა: - მითხარი, მამაო, სიკვდილის შემდეგ როგორ დაგკრძალოთ: სომხურად, ეგვიპტურად თუ იერუსალიმის წესითო. ბერმა - არ ვიციო. მოიფიქრე და სამი კვირის შემდეგ მოვალო. ბერმა ერთ გონიერ, განმსჯელ ძმას მოუყვა ყველაფერი. სხვანაირად მადიდებლებთან ხომ არ დადიხარ ეკლესიაშიო, - ჰკითხა ძმამ. ბერმაც არ დაუმალა: როცა ვინმეს გალობას ვისმენ, მათთან შევდივარ, მნიშვნელობა არა აქვს, რისი აღმსარებელიაო. "ვაი შენ, ძმაო. თვითონ განგიშორებია თავი ეკლესიისგან. როცა უფლის ანგელოზი გამოგეცხადება, უთხარი: - მართლმადიდებლად მინდა სიკვდილიო", - დაარიგა ბერმა. მართლაც ორი კვირის შემდეგ გამოეცხადა ანგელოზი და ახლა უკვე ჰქონდა პასუხი: "იერუსალიმის წესით დამკრძალეთო". "სწორად მოიქეცი, - უთხრა ანგელოზმა, - ამით გაითავისუფლე სული საუკუნო სატანჯველისგანო". ბერი აღესრულა.
* წმინდა ნიკოლოზ სერბს მოვუსმინოთ: "მთავარი და ძირითადი ადამიანში გულია; გულშია სისხლი; სისხლში - სამშვინველი; სამშვინველში - სული. გული და სისხლი - მიწისგანაა და მიწისკენ იწევს, სული და სამშვინველი - ციურია და ზეცისკენ ისწრაფვის.
მზე წმინდა წყალში აირეკლება; ზეცა კი წმინდა გულში.
თუ არ შეგიძლია შენი უფლის სახის ხილვა, იღვაწე, რომ ის შენს გულში იგრძნო. ეს უფრო აღმატებულია, ვიდრე ქრისტე ცხადად იხილო.
რად გინდა ბაგე ლოცვებით სავსე, თუ გული ცარიელია?
ადამიანის გული არასოდეს დარჩება ცარიელი, ის ყოველთვის სავსეა ან ჯოჯოხეთით, ან ამა სოფლით, ანდა ღმერთით.
განიწმინდე გული შენი რწმენით, განაძლიერე იგი იმედით, გაათბე სიყვარულით, განასურნელე ლოცვით, განბანე ცრემლით, ასვი სისხლი ქრისტესი და ზეცისკენ აღპყრობილი გქონდეს, ვითარცა ანთებული ლამპარი".