ქრისტიანი არ უნდა გაკადნიერდეს და დროზე ადრე ქვეყნის აღსასრულის თარიღი არ უნდა გამოაცხადოს
მამა პაისის სთხოვეს, რაიმე გვითხარი ანტიქრისტეზეო. მან ბრძანა: "მოდით, ახლა ქრისტეზე ვისაუბროთ.
თუ ქრისტესთან ვართ, მაშინ ანტიქრისტესი რაღად გვეშინია? ან იქნებ დღეს ანტიქრისტიანული სული არ ტრიალებს? ასეა თუ ისე, ბოროტებას ანტიქრისტიანული სული სჩადის. ხოლო თუ ურჩხული - ანტიქრისტე დაიბადება და სხვა უგუნურ საქმეებს ჩაიდენს, საბოლოოდ მაინც სასაცილო გახდება". * ქრისტიანი არ უნდა გაკადნიერდეს და დროზე ადრე ქვეყნის აღსასრულის თარიღი არ უნდა გამოაცხადოს. არქიმანდრიტმა იოანემ (კრესტიანკინი) ყველა ის საზვერე გამოიარა, რაც რუსეთს კომუნისტებმა დააწიეს. მამა იოანე ამბობდა: "მე ხომ მოხუცი ვარ, ჩემი ახალგაზრდობის დროსაც კი, როცა აშკარად იმსხვრეოდა ადრინდელი ცხოვრების საფუძვლები, მადლმოსილი ადამიანები ვერ ბედავდნენ, ის დრო ისტორიის აღსასრულად გამოეცხადებინათ. დღეს კი კადნიერი ბევრია, არადა უნდა იცხოვრო, უნდა გადარჩე (ცხონდე), ღვთის მოწყალება კი ახლაც იგივეა..."
* ერთხელ უწმინდესმა ილია მეორემ თავის ქადაგებაში პარალელი გაავლო ჩვენს დროსა და გასული საუკუნის დასაწყისს შორის. მაშინაც მართლმადიდებლობას ათვალწუნებით უცქერდნენ იმდროინდელი განმაახლებლები, რომლებიც უღმერთო საზოგადოების აშენებას აპირებდნენ. სერგი ნილუსი ჰყვება: 1909 წელს ოპტის უდაბნოში მოვიდა უსმანელი მონაზონი და გვიამბო, რომ მონაზვნებს არა აქვთ საშუალება რკინიგზით მგზავრობისა, რადგან მათ დღევანდელ კაცთა შორის მოქმედი წინააღმდეგობის სულნი სატანური გაბოროტებით ლანძღავენ, აგინებენ, დასცინიან, წყევლიან. იძულებული ვართ, ცისფერი კაბა შევიმოსოთ, - ამბობდა მონაზონი, რომ ერის ადამიანებს დავემსგავსოთო.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელს მისმა სულიერმა შვილმა ნიკონმა შესჩივლა, - დღევანდელი მონაზვნობა თავის იდეალს დაშორდაო. წმინდა ბარსანოფიმ მიუგო: - დიახ, დაშორდა. ეშმაკს ესეც კი არ მოსწონს... ასე ეწინააღმდეგება თანამედროვე მონაზვნობას. ამ მონაზვნობაზე დგას სამყარო. როცა მონაზვნობა აღარ იქნება, დადგება საშინელი სამსჯავრო.
ღირს ნიკონს გაახსენდა, რომ მოსკოვში გაუქმებული ტაძრის ადგილას იდგა თეატრი-რესტორანი "ომონი". ღირსმა ბარსანოფიმ ბრძანა: ბოლო ჟამს ტაძრებს დაანგრევენ, მათ ადგილას ებრაელების სინაგოგები და ბუდისტური ტაძრები აიგება. მონასტრები დიდ დევნაში იქნებიან. ჭეშმარიტი ქრისტიანები პატარა ტაძრებში ილოცებენო. მამა ბარსანოფი ასწავლიდა სულიერ შვილებს, - ისარგებლეთ ამ დროით, სანამ წიგნის კითხვა შეგიძლიათო.
* ერთმა ერისკაცმა შეიტყო, აპოკალიფსურ დროში ვცხოვრობთო და დაიბნა - არ იცოდა, ოჯახი შეექმნა თუ არა. ათონის მთაზე მამა პაისის ჰკითხა, როგორ მოვიქცეო. ბერმა უთხრა: "როცა დიოკლეტიანე და ნერონი ქრისტიანებს ამოსაჟლეტად დევნიდნენ, წმინდა მოწამეები ოჯახსაც ქმნიდნენ და მოწამეობაც მათთვის დღესასწაული იყო. ნუთუ ვერ ხედავ, თუ რამდენი მოწამე ეწამა ოჯახთან, ცოლ-შვილთან ერთად? ასე იქნება ყოველთვის".
* წელს, როცა ტერიტორიის ნაწილი დავკარგეთ გაურკვეველი დროით, როცა მეტი სინანული გვმართებს და მეტი სიმდაბლით უნდა გამოვთხოვოთ წყალობა უფალს, სიონის ტაძრის სიახლოვეს ქართველებმა ჰელოუინის დღესასწაული გამართეს. ზოგი ამით შეუგნებლად "გაერთო", ზოგიც ალბათ სრულიად შეგნებულად ეწინააღმდეგებოდა ქრისტესა და მის ეკლესიას. მათ გასაფრთხილებლად მესინის ტრაგედიას გავიხსენებთ. 1908 წელს, ქრისტეშობის დღეებში მიწისძვრამ აღგავა პირისაგან მიწისა ეს 300000-კაციანი ქალაქი. მესინის სასაფლაოც კი ისე შეირყა, რომ საფლავები ამოატრიალა და საფალვის ქვებიც დაამსხვრია. როცა ნანგრევები გათხარეს, ერთი ქალი ნახეს ცოცხალი, რომელიც მიწისძვრისას ქმართან ერთად იწვა. საძინებელი ოთახი დაინგრა, ქმარი დაიღუპა, ცოლი გადარჩა. განა ზედმიწევნით არ აცხადდა მაცხოვრის სიტყვები: "მას ღამესა ორნი იყვნეს ერთსა ცხედარსა. ერთი იგი წარიტაცის და ერთი იგი დაეტეოს" (ლუკა, 17,34). იმდროინდელი გაზეთების მიხედვით, მესინაში მხოლოდ ორი შენობა გადარჩა - ციხე და საგიჟე. 200000 კაცი დაიღუპა მაშინ, 100000-მა გადარჩენილმა კი შრომის უნარი დაკარგა. გადარჩენილთა უმეტესობა ღარიბთა კლასს ეკუთვნოდა.
გაზეთ "მესინის ვარსკვლავის" რედაქტორმა ბიკენტი კუადომ მიმართა იტალიის ერთ-ერთი თეატრალური გაზეთის რედაქციას; "გთხოვთ გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთში, რომ ერთხანს მესინა ღვთისგან განდგომილთა ხელში იმყოფებოდა. ბოლო კვირასაც, რომელიც წინ უძღოდა საშინელ კატასტროფას, შეიკრიბნენ მკვეთრად ანტირელიგიურ თემაზე სასაუბროდ. ამ შეკრების მიხედვით მე რაიმე დასკვნის გამოტანა არ მინდა, მაგრამ ვთვლი, რომ ვალდებულნი ვართ, ერთი თანხვედრა აღვნიშნოთ: მესინის გაზეთი "ლა ტელეფონო" გამოირჩეოდა უხეში ანტირელიგიური მსახურებით. საშობაო ნომერში სამარცხვინო პაროდია გამოაქვეყნა "ყრმა იესოსადმი ლოცვაზე", სადაც იყო ასეთი საშინელი ფრაზა:
"ჰოი, ჩემო საყვარელო ბიჭო,
ჭეშმარიტო კაცო და ჭეშმარიტო ღმერთო!
შენი ჯვრის სიყვარულისთვის
უპასუხე ჩვენს შეძახილს:
თუ მართლა მითი არა ხარ,
მაშინ მიწისძვრით გაგვსრისე ყველანი".
საგულისხმოა ახლა ამ სტრიქონის გახსენება. სხვა რამის ახსნას აღარ დავიწყებ".
იტალიური გაზეთები აღნიშნავდნენ სხვა "უცნაურ დამთხვევასაც": "შობის ღამეს, საზეიმო ღვთისმსახურებისას, მესინის ქუჩებში რელიგიური პროცესია მიემართებოდა, რომელსაც სამხრეთ იტალიაში ყოველ 24 დეკემბერს აწყობდნენ. პროცესიას თავში ჰქონდა ყრმა იესოს გამოსახულება. მას თეთრსამოსიანი ბავშვები მიჰყვებოდნენ ჩირაღდნებით ხელში. პროცესიამ მესინის ერთ-ერთ ხალხმრავალ კლუბს ჩაუარა, შენობიდან წაგებული მთვრალი მოთამაშეები გამოცვივდნენ. ბავშვებს ყრმა იესოს გამოსახულება გამოსტაცეს, ფეხებით შესდგნენ და დაამსხვრიეს... დღესასწაულმა ჩაიარა და საშინელმა მიწისძვრამ ქვა ქვაზე არ დატოვა მესინაში". წაიკითხონ და გულისხმაყონ, ვინც თბილისში ვალპურგის ღამეს აწყობს ანდა მასში მონაწილეობს.
* "ვფიქრობ, აპოკალიფსი წიგნია, რომელსაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს ყველა თაობის ქრისტიანისთვის, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი, - ამიტომაც ყოველი თაობა მის აზრს თავის დროს მიუსადაგებს. რამეთუ ყველა დროში, ქრისტეს რწმენის წინააღმდეგ, თავისი გველი წამოიმართებოდა. ყველა უღმერთო იარაღით საბრძოლველად აღჭურვილი გველი ზე წამოდგებოდა, იბერებოდა, სისინებდა, შხამს აფრქვევდა, მაგრამ ბოლოს სკდებოდა და ფერფლად იქცეოდა და ყოვლისშემძლე ქრისტე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა აპოკალიფსურ ურჩხულთან ბრძოლაში". წმინდა ნიკოლოზი იმავე წერილში ამბობს: "არის თუ არა ბოლო ჟამი? ვინ იცის ეს? ნათქვამია: "ხოლო დღესა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მათე 24,36). არის თუ არა ეს ბოლო ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ? თუნდაც ბოლო ბრძოლა იყოს, სწორედ ამიტომ გავიხაროთ და გავმხიარულდეთ! დაე, ეს ბოლო ბრძოლა ყველაზე სასტიკი იყოს, მაშინ დიდების გვირგვინები ყველაზე ნათელი იქნება. ბოლო ბრძოლა ნიშანი იქნება კრავის ბოლო და საბოლოო დიდებული გამარჯვებისა. რომელი ქრისტიანი არ ისურვებს, იყოს მონაწილე ამ გამარჯვებათა გამარჯვებისა? ნუ გეშინიათ: ქრისტეს სარწმუნოების გამარჯვება სამყაროს საფუძველზე უფრო მტკიცე იქნება. ის ნებით გადადებს უკანასკნელ გამარჯვებას, რათა რაც შეიძლება მეტმა შეძლოს მისი დანახვა და მისით გახარება.
* - მამაო, როცა ანტიქრისტეზე ვისმენ, დიდ შიშსა ვგრძნობ, - უთხრა ერთმა ქრისტიანმა მამა პაისის.
- რისი გეშინია? - ჰკითხა ბერმა, - ის ეშმაკზე საშინელი ხომ არ იქნება? ის ადამიანია. წმინდა მარინემ ეშმაკს შეაფურთხა, წმინდა იუსტინამ კი არაერთი ეშმაკი განგმირა! მთავარი უნდა გვახსოვდეს: ჩვენ ამ სოფელში კარგად საცხოვრებლად არ მოვსულვართ...
- მამაო, რამდენად მალე მოხდება ყოველივე?
- ეს შენთვის და ჩემთვის არის შეჩერებული - იმისთვის, რომ კეთილად, სულიერად აღვეშენოთ. ღმერთი გვითმენს. ყველაფერი ახლა რომ მოხდეს, დავიღუპებით. ქრისტეს სწავლებაში არსადაა მითითებული კონკრეტული დრო. მაგრამ წმინდა წერილი გვამცნობს, რომ ის დროის ნიშნებით გვეუწყება. წმინდა ანდრია კესარიელი ბრძანებს, - ფხიზლებს ამას დრო და გამოცდილება გაუმჟღავნებსო.
* "საუბრები ანტიქრისტეს ბეჭედზე, ჩვენი ეკლესიის უმადლობაზე, ქვეყნის აღსასრულის სიახლოვეზე აღელვებს ადამიანებს. სექტანტური და ანტიეკლესიური განწყობა და ქადაგებები ახლა ამბიონიდანაც ისმის. ეკლესიის ისტორიაში ამგვარ განწყობილებას ხშირად ვხვდებით, განსაკუთრებით პოლიტიკური რყევების, კატასტროფების, ომების და ყოველგვარი "გარდაქმნის" პერიოდში. თვით ეკლესიის დიდი სვეტნიც კი ცდებოდნენ", - ბრძანებს არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი). იმავეს იტყვის მიტროპოლიტი ბენიამინი (ფედჩენკოვი): "ამგვარი მოვლენების მიზეზი ადამიანის სულში ძევს: მას ყოველთვის გაიტაცებდა ყველანაირი საიდუმლო, უჩვეულო, ზებუნებრივი, საოცრებები და განსაკუთრებით საშიში ამბები. ამასთან ერთად, ვლინდება ცრუ "საღმრთო მოშურნეობა"... ეს დიდი ხანია ცნობილია სულიერ სამყაროში. ამგვარი მოძრაობა პერიოდულად ვულკანივით ამოიფრქვევა...
აუცილებელია ვებრძოლოთ ამ სულიერ წყლულს. ეს ბრძოლა პავლე მოციქულმა დაიწყო, მას მიუძღვნა II ეპისტოლე (ნაწილობრივ პირველიც) თესალონიკელთა მიმართ, სადაც ამბობს, რომ "არცა შეშფოთნეთ, არცა სულითა, არცა სიტყვითა, არცა წიგნითა (2 თეს. 2,2-4). მიუხედავად ამისა, ისტორიაში ამგვარი მოძრაობები ხშირი იყო. თვით ეკლესიის უდიდესი სვეტნი ცდებოდნენ და ადგენდნენ "სამყაროს აღსასრულის თარიღს". მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირი წერდა, რომ ქვეყნის აღსასრულს უნდა ველოდოთ "ოთხას" წელსო. "მე არ შევცოდავო", - ამბობდა იგი, მაგრამ იმ დღიდან გავიდა 1548 წელი და აღსასრული ჯერ არ დამდგარა.
ხატმებრძოლობის დროს სამყაროს აღსასრულის "სიახლოვეზე" ფიქრობდა წმინდა თეოდორე სტუდიელი და მრავალი სხვაც. რუსეთში ამ საგანზე საუბრობდა მამა ამბროსი ოპტელი".
ისევ არქიმანდრიტ იოანეს (კრესტიანკინი) მოვუსმინოთ:
"ვფიქრობ, უფალი თავის მოყვარულთ და ერთგულთ ზომაზე მეტად არ გამოცდის. ბეჭედი კი შეიძლება დაესვას იმას, ვინც შეუნანებლად ცოდვაში ცხოვრობს, ვინც უარყო უფალი. ანტიქრისტეს ბეჭედზე ადრე მან გონება ცოდვის ბეჭდით დაიდაღა.
ადამიანები ცხონდებიან ახლა და გადარჩებიან სამყაროს აღსასრულამდე. არ შეიძლება რაიმეს მოლოდინში გულხელდაკრეფილი ჯდომა. ურწმუნოებთან ერთად განიკითხები უსაქმურობის გამო, რომ არ განამრავლე ღვთისგან ბოძებული ტალანტი. ახალ დოკუმენტებზე (ახალ რუსულ პასპორტებზე) ვწერდი და აღარ გავიმეორებ. ბეჭედი მოჰყვება მხოლოდ ადამიანის ღვთისგან პირად განდგომას და არა მოტყუებას. უფალს შენი მოყვარული გული უნდა.
შფოთს, გაუგებრობას ყველგან ერთი და იგივე მტერი თესავს, მას მრავალი მიჰყავს ეკლესიიდან.
თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით შესაძლებელია საიდუმლოდ თუ ცხადად დაბეჭდონ ყველა ადამიანი "ნომრებით", "ჩიპებით", "ბეჭდით". მაგრამ მათ ადამიანის სულის დაზიანება არ შეუძლიათ, თუ ისინი შეგნებულად არ უარყოფენ ქრისტეს და შეგნებულადვე თაყვანს სცემენ ღვთის მტერს".
ერთგან კი შეგვაგონებს: გეშინოდეთ ეკლესიისგან გადგომისა და გამოყოფისა. გეშინოდეთ დედაეკლესიიდან ჩამოშორებისა, რამეთუ მხოლოდ იგი აკავებს ამ სოფელში ანტიქრისტიანულ ლავას. გეშინოდეთ საეკლესიო ღვთისმსახურთა განკითხვისა, რამეთუ ეს სიკვდილია ანტიქრისტეს ბეჭდის გარეშეც! გეშინოდეთ ცოდვისა.