მშვიდობისმყოფელობა ძალუძთ მხოლოდ სრულყოფილ ქრისტიანებს, მათ, ვინც გული ვნებათაგან განიწმინდა
* გარეჯის უდაბნოში XVIII საუკუნეში ცხოვრობდა ერთი ბერი, ქრისტესია, რომელსაც შემდგომში, დიდი სქემით შემოსვისას ქრისტეფორე უწოდეს.
მას, მრავალ სათნოებასთან ერთად, მშვიდობისმყოფელობაც ჰქონდა. თუ გაიგონებდა, რომ სადმე ძმათა შორის, მამასა და შვილს, ცოლსა და ქმარს შორის სიძულვილი იყო ჩამოვარდნილი, დატოვებდა მონასტერს, მივიდოდა მათთან სახლში და იქამდე ელაპარაკებოდა მშვენიერითა და ლმობიერითა სიტყვითა, ვიდრე არ იტირებდნენ და შეინანებდნენ. მერე ეტყოდა: "შვილებო, თუ ჩემსას არ ისმენთ, რადგან თქვენი მიზეზით მოვედი აქ, წავალ მწუხარებით სავსე და განიხარებს ეშმაკი, რომელსაც კაცთა შორის მშვიდობა არ სურს და უფრო დიდ განსაცდელს მოაწევს თქვენზე. მე კი, როგორც მშიერი მოვედი თქვენთან, ისევე მშიერი წავალ". როცა მოყვასნი ურთიერთს დაეგებოდნენ და მშვიდობას ჰყოფდნენ, გაიხარებდა მამა ქრისტესია: ბოროტი ეშმაკი განვდევნეო. * 1964 წელს, როცა მიტროპოლიტი ანასტასი გადადგა რუსეთის ემიგრანტული ეკლესიის მეთაურობიდან, წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი მთავარი კანდიდატი გახლდათ ამ საპასუხისმგებლო ადგილისა. განმეორებითი წილისყრის შემდეგ ხმები ერთი ხმის უპირატესობით განაწილდა. ეკლესიაში მშვიდობის ჩამოსაგდებად წმინდა იოანემ მოიწვია ყველაზე ახალგაზრდა იერარქთა შორის, ეპისკოპოსი ფილარეტი და სთხოვა, კეთილმოკრძალებით და პასუხისმგებლობით მიეღო ეკლესიის მეთაურობა. მეორე დღეს კი მოხსნა თავისი კანდიდატურა და რეკომენდაცია მისცა მიტროპოლიტ ფილარეტს, რომელიც ეპისკოპოსებმა ერთხმად აირჩიეს მეთაურად.
* უთუოდ უნდა შევეხოთ ეკუმენიზმსაც - სარწმუნოებათა შორის "მშვდობისმყოფელობას". წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებდა: "ყველანაირი მშვიდობა როდია საღვთო მშვიდობა! არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, არც დროისა და ხელმწიფეთა მოთხოვნებს დავემორჩილოთ, მით უმეტეს, არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს! ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას".
* ერთხელ კოსტამონიტის მონასტერში ორ მეგობარ ბერს შორის შუღლი ჩამოვარდა. ამგვარი ურთიერთობა მონასტერსაც ლაქას სცხებდა. მათი შერიგება სცადეს ძმებმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. იღუმენმა მშვიდობისმყოფელობა მამა დანიელს სთხოვა. მან კი თითოეული მათგანი ცალკე გაიყვანა და უთხრა: "შენი ძმა ამ ჩხუბის გამო ძალზე უბედურია, ნანობს და შერიგებას ცდილობსო".
მამა მოდესტს ძალიან უჭირდა პატიება და მას უთხრა: "მამა მოდესტ, ეს განსაცდელია და გაივლის. საწყალი მამა ათანასე ტირის გულშემუსვრილი, რომ გაწყენინა. ახლა სასტუმრო ოთახში გიცდის შესარიგებლად. მაგრამ შეიძლება მოერიდოს, ამიტომ მეც წამოვალ. შენ ძლიერი ხარ და პირველი ნაბიჯი გადადგი და შენდობა სთხოვეო". მანამდე იგივე უთხრა მამა ათანასეს. როცა ისინი სასტუმრო ოთახში შეხვდნენ ერთმანეთს, მამა დანიელმა პირველმა მოიდრიკა მუხლი, მის მაგალითს სხვებმაც მიბაძეს და უთანხმოების ეშმაკი შერცხვენილი გაიქცა.
* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) მშვიდობისმყოფელობაზე ბრძანებს: "ქრისტე ღვთის ძეთ უწოდებს იმ ქრისტიანებს, რომლებმაც თავითონაც მოიპოვეს სიმშვიდე და მზესავით გარშემომყოფებზეც ასხივებენ ამ სათნოებას, ყველგან მშვიდობას ამყარებენ მტრადმოკიდებულთა შორის.
ბევრი მოსაგრე ცდილოდა მშვიდობისმყოფელობის სათნოების ასრულებას. ზოგიერთი მონასტრიდანაც კი მიდიოდა, წაჩხუბებულნი რომ შეერიგებინა და ერისკაცებისთვის სულიერი მშვიდობა მიეტანა, მაგრამ ცოტა თუ ახერხებდა ამას...
მამა სილუანე თავის გამოცდილებაზე წერს: "უფალი ამბობს, ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. მეც ვიფიქრე: მოდი, ხან დავეყუდები, ხანაც ადამიანებს შევარიგებ-მეთქი და ერთი ფიცხი ძმის, სქემმონაზვნის გვერდით დავსახლდი... დავუწყე საუბარი, დარიგება, რომ ყველასთან მშვიდობიანად ყოფილიყო და ყველაფერი ეპატიებინა. ცოტა ხანს დაითმინა, მერე ისე აღსდგა ჩემს წინააღმდეგ, რომ კელიაც დავუტევე და გამოქცევა ძლივს მოვასწარი. ბევრს ვტიროდი ღვთის წინაშე, მშვიდობამ რომ ვერ დაისადგურა. მაშინ მივხვდი, რომ ღვთის ნება უნდა ვეძიოთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც უფალს უნდა და თვითონ არ უნდა გამოვუგონოთ საკუთარ თავს ღვაწლი".
მშვიდობისმყოფელობა ძალუძთ მხოლოდ სრულყოფილ ქრისტიანებს, მათ, ვინც ვნებათაგან გული განიწმინდეს, ხოლო თუ ქრისტიანს უვნებლობისთვის არ მიუღწევია, მაშინ მისი მცდელობა მშვიდობის ჩამოგდებისა წარუმატებლობისთვისაა განწირული.
ღირს ბარსანოფს ჰკითხეს: "კარგია, თუ ყველასთან მშვიდობას ეცდები?" უპასუხა: "სჯობს საკუთარი გული დაამშვიდო. ეს თითოეულისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ნეტარია, ვინც მას ასრულებს. მოჩხუბართა შერიგება მხოლოდ მათ ძალუძთ, ვინც ამას საკუთარი თავისადმი ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე მოიმოქმედებს".
წმინდა სერაფიმე კი ასე ასწავლიდა: "მოიპოვეთ სული სიმშვიდისა და თქვენს გარშემო ათასები გადარჩებიან". მშვიდობისმყოფელობა მარტო ის კი არ არის, დაამშვიდო წაკიდებულნი, არამედ იმაში მდგომარეობს, რომ დაამშვიდო გარშემომყოფთა სულები, შთაუნერგო მათ რწმენა და იმედი, შეარიგო ისინი ღმერთთან, ცხოვრებასთან, სოფელთან და ადამიანებთან. სულიერად ჯანმრთელი მშვიდობისმყოფელი გარშემომყოფთაც შთაუნერგავს სიფხიზლეს, სიხარულს, სიმშვიდეს. თუ ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია სულიერი სრულყოფილებისთვის, გვსურს ამ სოფელში ვიცხოვროთ ისე, რომ ყველასთან სიყვარულსა და თანხმობაში ვიყოთ, ამისთვის ზღვრამდე სიღრმით გულისათ უნდა დავიმდაბლოთ თავი. ჩვენს წინააღმდეგ აღძრულთ გულწრფელად უნდა ვაპატიოთ და ყველაფერში საკუთარი თავი დავადანაშაულოთ, საჩუქარიც კი უნდა მივუძღვნათ მათ მშვიდობის ჩამოსაგდებად და განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ მათთვის.
თუ წაკიდებული ახლო ნათესავების ან მეგობრების შერიგება გვსურს, უპირველესად, შეწევნისთვის უნდა მივმართოთ ღვთისმშობელს და იმ წმინდანებს, რომელთა სახელებსაც გადამტერებულნი ატარებენ. ლოცვა საიმედო სულიერი საშუალებაა ბოროტ ძალასთან ბრძოლაში. ლოცვით დავშრეტთ მრისხანებას, გაღიზიანებას, ბოროტებას, შურს, სიძულვილს, კამათს - ყველა ვნებასა და მანკიერებას. ლოცვით გამეფდება სულში სიმშვიდე, მყუდროება, სიჩუმე, სიწმინდე!"
* წმინდა სვიმეონმა, მას შემდეგ, რაც ათონზე წმინდა შვილთან, საბასთან წავიდა, სერბეთის მმართველად თავისი მეორე ძე, სტეფანე დატოვა, მესამე ვაჟი, ვულკი, შურით აღძრული თავისთვის ამბობდა: "როცა მამაჩემი გარდაიცვლება, შურს ვიძიებო". მართლაც, როცა წმინდა სვიმეონი გადაიცვალა, ვულკმა გაილაშქრა ძმის წინააღმდეგ, ამაში მან უნგრელები დაიხმარა. მაგრამ მისი ყოველი გაბრძოლება მამამისის კურთხევას აწყდებოდა, როგორც დაუძლეველ გალავანს. დამარცხებული ვულკი იძულებული გახდა, მთებისთვის შეეფარებინა თავი. სტეფანემ კი წერილი გაუგზავნა საბას და ძმათა შორის მშვიდობის ჩამოსაგდებად მათი მამის, წმინდა სვიმეონის მირონმდინარე ნაწილთა ათონიდან ჩამობრძანება სთხოვა. მართლაც, წმინდა სვიმეონის ნაწილთა მშობელ მიწაზე დაბრუნებამ მშვიდობა დაუბრუნა სერბეთს. ვულკი ძმას შეურიგდა.
ერთხელ სტეფანემ შეიფარა ბულგართა მთავრის მოწინააღმდეგე სტრეზი, რომელმაც იმით გადაუხადა მადლობა, რომ სერბთა მეფეს აუჯანყდა. მეფე სტეფანემ ჯარი დაძრა მის დასასჯელად. ეს რომ წმინდა საბამ შეიტყო, მაშინვე ძმისგან მალულად სტრეზთან გაეშურა. ეს საშიში კი იყო, მაგრამ წმინდა საბას ღმერთის გარდა არავისი ეშინოდა. ხან მოფერებით, ხან ღვთის რისხვის შეხსენებით შეეცადა მოელბო აჯანყებულის გული. არაფერი გამოუვიდა. სტრეზმა თავისი ხელით გაითხრა სამარე, წმინდა საბა უარით გაისტუმრა. ღამით სტრეზის კარვიდან ყვირილი მოესმათ. შევიდნენ და იგი საკუთარ მახვილზე წამოცმული იხილეს. მრისხანე ახალგაზრდამ, რომელმაც თავი საბას მოციქულად წარმომიდგინა, წამართვა მახვილი და ზედ ამაგოო, - თქვა სიკვდილის წინ მოჯანყემ. ეს "ახალგაზრდა" უფლის ანგელოზი იყო, რომელიც წმინდა საბას ლოცვით მიევლინა მოჯანყესთან. შეშინდნენ სტრეზის მეგობრები და მიმოიფანტნენ. სერბები კი გადაურჩნენ უაზრო სისხლისღვრას.
ეს ამბავი კი მაშინ მოხდა, როცა წმინდა საბამ თავისი ძმა, სერბეთის მთავარი სტეფანე, მეფედ აკურთხა. ამან შური აღძრა უნგრეთის მთავრის გულში და სერბეთზე გალაშქრება გადაწყვიტა. სტეფანე ომისთვის მზად არ იყო, ამიტომ ძმას, წმინდა საბას სთხოვა, უნგრეთში წასულიყო და მტერი დაემშვიდებინა. უნგრელებს დიდი ჯარი შეეყარათ. წმინდა საბა სათანადო პატივისცემით მიიღეს, მაგრამ მის სიტყვებს ყურად არ იღებდა უნგრეთის მეფე. ძალზე ცხელოდა, წმინდა საბამ ცივი წყალი მოითხოვა. მეფემ მსახური ყინულისთვის გაგზავნა, მაგრამ პაპანაქებამ ყინული დაადნო. შეწუხდა მეფე. მაშინ წმინდა საბამ ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს გულგაქვავებულ კაცთა სამხილებლად ციდან სეტყვის მოვლინება შესთხოვა. უეცრად გაიელვა, დაიგრუხუნა, მსხვილმა სეტყვამ წამოუშინა, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქს დაატყდა თავს და ასევე მალევე შეწყდა. შეშინებული მეფე, "უფალო, შეგვიწყალეო", გაიძახოდა. წმინდა საბამ კი ჭურჭელში სეტყვის მარცვლები მოაგროვებინა და როგორც ღვთის კურთხევა, ისე იგემა. "რადგან შენს სამთავროში არ იყო ყინული, მე ის შევთხოვე ჟამთა მეუფეს და უფალმაც, თავისი დაუშრეტელი საგანძურიდან, ყინული მიბოძა, რათა შენთვის, როგორც ღვთის კურთხევა, ისე მომეცაო". მეფემ მოწიწებით მიიღო ყინული. მისი მტრობა სერბეთის სიყვარულით შეიცვალა. ამას გარდა უარყო ლათინური მრწამსი და სიცოცხლის ბოლომდე მართლმადიდებელი დარჩა. როცა ნეტარი ვლადისლავი გარდაიცვალა (ასე ერქვა უნგრეთის მეფეს), ღმერთმა ის სასწაულებით განადიდა. ასე აქცია იგი წმინდანად წმინდა საბას მშვიდობისმყოფელობამ.
* წმინდა მაკარი ოპტელს თავის კელიაში კატები ჰყავდა მღრღნელებთან საბრძოლველად. მაგრამ კატები, თაგვების გარდა, წმინდა მაკარის კელიის წინ გაშენებულ ვარდებზე შემომსხდარი ბულბულებითაც იგემრიელებდნენ პირს. ერთმა მორჩილმა წმინდა მაკარს კატების დახოცვა "ურჩია" და განრისხებულ მამას კარებში ძლივს გაასწრო. მორჩილი პავლე ორ-სამ დღეს მოძღვარს შორიდან უვლიდა. მიხვდა წმინდა მაკარი, რომ პავლე უაღრესად განრისხებული იყო და მასთან მშვიდობის ჩამოსაგდებად მივიდა. ჩვეულებისამებრ ლოცვა წართქვა. პასუხად, "ამინო", მოესმა, შევიდა შიგ, ხატებთან ილოცა, მერე კი პავლეს მიუბრუნდა: "პავლე, პავლე, ჩემზე განაწყენდი? მაშინ მაპატიეო", - და ფეხებში ჩაუვარდა. დაიბნა პავლე, მთელ რუსეთში სახელგანთქმული ბერი მის წინ დამხობილიყო. თვითონაც სულშეძრული დაემხო მამა მაკარის წინაშე და შენდობა სთხოვა.
* წმინდა იოანე მოწყალე, იერუსალიმის პატრიარქი, ღარიბ-ღატაკთა მიმართ დიდი სიყვარულის გარდა უაღრესად მშვიდობისმოყვარე იყო. ერთი ეკლესიის მსახური წმინდა იოანემ დასაჯა რაღაცის გამო, ის კი სინანულის ნაცვლად უკმაყოფილებას გამოხატავდა. წმინდა იოანეს მასთან გასაუბრება სურდა, მაგრამ საქმით გართულს გადაავიწყდა. ერთხელ, როცა პატრიარქი წირავდა, სახარებიდან ის საკითხავი წაიკითხეს, როცა უფალი ღვთისადმი მსხვერპლშეწირვაზე ადრე მტერთან შერიგებისკენ მოგვიწოდებს (იხ. მათე 5,23-24). მაშინ პატრიარქს ის ღვთისმსახური (დიაკვანი) გაახსენდა, მივიდა მასთან, მუხლებზე დაემხო და შენდობა სთხოვა. დიაკვანმაც დაუჩოქა პატრიარქს. ამის მერე პატრიარქი საკურთხეველში დაბრუნდა და უფალს "მამაო ჩვენო" შეჰღაღადა.
* დაბოლოს, ქართული "დემოკრატიის მამა" ყუთლუ არსლანი ვახსენოთ, რომელმაც მოინდომა ისანში გაშლილ კარავში "პარლამენტის" გამართვა, რომელიც დაამტკიცებდა ანდა უარყოფდა მეფის ბრძანებებს. ყუთლუ არსლანს ჯარის ნაწილი მიუდგა და საბრძოლველად გაემზადნენ. რა ექნა თამარს, ჯარი გაეგზავნა და ძმათა სისხლი დაეღვარა? არა. ამის მაგივრად მათთან ორი პატივცემული ქართველი დედაკაცი გაგზავნა - ქართლის ერისთავთ-ერისთავ რატის დედა ხოშაქი ცოქალი და კრავაი ჯაყელი. მათმა სათნო საუბარმა და თამარის ლოცვამ დააცხრო ჯანყი.
* წმინდა ლევ ოპტელი ბრძანებს: უპირველესი და ყველაზე საჭირო საშუალება განაწყენებულთა და ჩვენთა მდევნელთა შესარიგებლად არის ჩვენი ლოცვა მათდამი, ისე როგორც ამას ქრისტე გვამცნევდა.