13.11.2008
უმძიმეს დღეშია ჩვენი სამშობლო. კაცთაგან შეწევნის იმედი გაქრა. თვალნი ისევ საქართველოს ისტორიას, წინაპართა ჩვენთა რწმენას, სასოებასა და სიყვარულს მივაპყროთ
და მაგალითად დავისახოთ.
ღვთის შვილები მეოხებას არ მოგვაკლებენ, ოღონდ მივბაძოთ მათ, ოღონდ ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ ზეცას.
ღვთისმშობელი. "ისეთი საძაგლები იყვნენ ქართველები, ღვთისმშობელმა არ იკადრა მათ განსანათლებლად წამოსვლაო", - გვამუნათებდა დეკანოზი იოანე (ვოსტორგოვი, რუსული ეკლესიისგან აწ წმინდანად შერაცხული), თითქოს არ სცოდნოდა, რომ დედა უფლისა თუმცა თვითონ არ ჩამობრძანებულა საქართველოში, მაგრამ უფლის პირველწოდებული მოწაფე, წმინდა ანდრია გამოგზავნა ჩვენს მოსაქცევად, შემდეგ კი წმინდა ნინო და ასურელი მამები. მაგრამ, ამის გარდა, უფლის დედა მრავალგზის თვითონვე მოსულა ქართველთა შესაწევნელად: გამოეცხადა ულუმბოს მთის მამასახლისს, მკაცრად ამხილა ილარიონ ქართველის გაძევებისთვის: "ვინც მათ არ შეიწყნარებს (ანუ ქართველებს), ჩემი მტრები არიანო". უფლის დედა გამოეცხადა წმინდა სოლომონ II-ის კარის მღვდელს ბესარიონ ქიოტიშვილს, რომელიც მეფის ერთგულების და რუს ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლის ფიცს არ შეუერთდა და მკაცრად უთხრა: "ბესარიონ, ბესარიონ! რადგან ჩემს ერს ეურჩე, ისეთ ადგილას გაგგზავნი, ქართული საერთოდ ვერ გაიგონოო". მამა ბესარიონს ცოლ-შვილი მოუკვდა სამ კვირაში და ბენედიქტედ აღკვეცილი ათონის მთაზე აღესრულა, სადაც ათეულობით წელი ქართულს იშვიათად თუ გაიგონებდა.
ეს ამბავი კი მონღოლთა ბატონობის დროს მოხდა. მონღოლები ქართველთა ნაწილს თავის გვერდითაც აომებდნენ. მათ ერთიან ლაშქარს ასასინთა ციხისთვის ჰქონდა ალყა შემორტყმული. ერთი ასასინი შეიპარა მონღოლთა ნოინის, ჩაღატას კარავში, განგმირა და მიიმალა ლერწმოვანში. ქართველები მოკლავდნენო - მონღოლებმა და ქართველთა ბანაკისკენ დაიძრნენ ამოსაწყვეტად. ქართველებმა მუხლი მოიდრიკეს და ღვთისმშობელს შეწევნა სთხოვეს. ამ დროს ლერწმოვანიდან დამალული მკვლელი გამოვარდა, სისხლიანი მახვილი აღაპყრო და დაიძახა: მან ქუშტემ ჩაღატა - მე მოვკალი ჩაღატაო. იგი შეიპყრეს და თავის გამომჟღავნების მიზეზი ჰკითხეს. "ლერწმოვანში დიდებული ქალბატონი მოვიდა და მითხრა: - კაცი მოკალი და დაიმალე, შენი მიზეზით კი უამრავი ადამიანი დაიხოცება. წადი, თქვი, რომ შენ ხარ მკვლელიო და ლერწმოვანიდან გამომიყვანა. როცა მკვლელობა ვაღიარე, დედაკაცი იგი უჩინო იქმნაო. ასე იხსნა უფლის დედამ განწირული ქართველი ერი.
1308 წელს სპარსელები 15 ხომალდით მიუახლოვდნენ ათონის მთას და ივერთა მონასტერს ალყა შემოარტყეს. შეშინებულმა ბერებმა სხვა სიწმინდეებთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის ხატიც გადამალეს. სპარსელებმა მონასტერი გაძარცვეს, მთავარი ტაძრის გუმბათს თოკები შემოარტყეს და მისი ჩამონგრევა მოინდომეს, თუმცა ტაძარს ვერაფერი დააკლეს. ამ ამბით შეძრულმა ბერებმა ღვთისმშობელს შეჰღაღადეს. მონასტრის საუნჯით დატვირთულმა გემებმა სანაპიროს მოშორებაც ვერ მოასწრეს, რომ სასტიკმა ქარიშხალმა ზღვა ააღელვა. მთელი ფლოტი ჩაიძირა. გადარჩა გემი, რომელზეც სპარსთა ამირა იმყოფებოდა და ზედ ნაძარცვი დაეტვირთათ. შეშინებული ამირა უკან დაბრუნდა და შენდობა სთხოვა მამებს, ნაძარცვი კი მონასტერს დაუბრუნა.
წმინდა გიორგი. პაპა ბაგრატ დევნოსაძის შვილი, გიორგი, ჰყვებოდა, რაც იხილა. ზემო ვარძიაში უხვად მოდის ხილი. II მსოფლიო ომის დროს აქ ხშირად ჩამოდიოდნენ მახლობელი სოფლებიდან დამშეული ბავშვები და ამ ხილით იკვებებოდნენ. ერთხელ უკან გაბრუნებულებმა ხიდიდან დაინახეს აჩქარებით მომავალი მხედარი, რომელმაც გააფრთხილა ბავშვები, სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობას, წყალდიდობაა მოსალოდნელიო. შეშინებული ბავშვები გაიქცნენ და ხიდიდან დაინახეს, როგორ გაქრა მხედარი კლდესთან. სულ მალე მართლაც მოვარდა წყალი და იქაურობა დაფარა. ბავშვთაგან ერთი მოუნათლავი იყო. მხოლოდ მან ვერ იხილა მათი მხსნელი მხედარი, დანარჩენებმა ყველამ დიანახა.
აღა მაჰმად-ხანმა შუშის ციხე აიღო და მთლიანად ქართლის განადგურება ეწადა. შეშინდნენ კახელები და სიმაგრეებში დაიწყეს გახიზვნა. ალავერდობა დღე იყო. კათალიკოსი ანტონიც ალავერდს ბრძანდებოდა. ჩამოასვენა წმინდა გიორგის ხატი - მისი გახიზვნა ენება. რამდენჯერაც შეუშვირეს ფარჩის ბუდეს, არ ჩასვენდა ხატი. გაოცდნენ სამღვდელონი და საერონი. მალე მოვიდა მახარობელი დიმიტრი ამილახვარი და აუწყა მეფეს, აღა მაჰმადი შუშის ციხეში მოუკლავთო. გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი. კათალიკოსმა ხატის ზურგი მოჭედა და დაწერა, როგორ შეეწიათ წმინდა გიორგი.
წმინდა ნიკოლოზი. 1789 წელს სოფელ არტოზანში შუამთის არქიმანდრიტმა, მოძღვართ მოძღვარმა ნიკოლოზ მდივნიშვილმა, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის აშენება მოინდომა. ჩადგეს დიდი ქვის საკირე, შიგნით კაცი შეგზავნეს ცეცხლის შესანთებად. უეცრად ჩამოიქცა საკირე და კაცი დაიტანა. ამოყარეს ქვა და კაცი უვნებელი იხილეს. ჰკითხეს, როგორ გადარჩიო. მან თქვა: როცა საკირე ჩამოიქცა, მოვიდა ჩემთან ერთი მოხუცი ბერი და ზედ გადამეფარაო.
გარეჯელი მამები. დიდად შემწენი არიან თანამემამულეთათვის გარეჯელი მოწამენი. წმინდა გაბრიელ მცირეს წითელი ქარის სალმობა შეეყარა ფეხზე. გარეჯელმა მამებმა უთხრეს: - შენი განკურნება ადვილად ძალუძთ წმინდა მოწამეებს. ერთი მამა გვყავდა, შენნაირი სნეულება სჭირდა, ზურგით ავიყვანეთ დავითის ეკლესიაში (სადაც მათი ნაწილებია დასვენებული). საღმრთო წირვის შესრულების შემდეგ განიკურნა და უკან რომ ვბრუნდებოდით, კურდღელს გამოეკიდაო. მამა გაბრიელიც ავიდა მაღალ ბორცვზე მდებარე დავითის ეკლესიაში, შესწირა უსისხლო მსხვერპლი და იქიდან კვერთხის გარეშე წამოვიდა. ეს სნეულება კი აღარასოდეს შეჰყრია.
როცა მამები ლოცვითა და ლიტანიობით შეევედრებოდნენ წვიმას უწვიმრობისას ან ავი ქარისას, სათხოვარი უსრულდებოდათ. ერთხელ წმინდა გაბრიელ მცირემ დიაკონთან ერთად ავი ქარისთვის ლოცვის წართქმა მოინდომა, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და თქვეს, უმჯობესია ბრძოლის ლოცვა წავიკითხოთო. ეს იყო 25 იანვარს, გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. იმ დღეს ქართველებსა და აგარიანებს შორის ბრძოლა მომხდარა და უძლევიათ ქრისტიანებს მტერი გარეჯელ წმინდა მოწამეთა ლოცვით.
წმინდა სერაფიმე. "ბოლო ჟამს უფლის ტრაპეზზე ღვინო იბერიიდან მოვაო", - უთქვამს წმინდა სერაფიმე საროველს. მრავალგზის შესწევია წმინდა სერაფიმე ქართველებს. ერთ რუს დედაკაცს, რომელსაც მისი შემწეობით ეღირსა შვილი, გამოეცხადა და უთხრა, - ბავშვს გიორგი ათონელის სახელი დაარქვითო. ის ბავშვი გაიზარდა და დაკაცდა. რამდენიმე წლის წინ წმინდანი იმავე დედაკაცს გამოეცხადა მისთვის უცნობ ქართველ მეფესთან ერთად (მამების ვარაუდით, იგი წმინდა დავით აღმაშენებელი იყო) და უთხრა: - უთხარით მორწმუნეებს, დახატონ სამი მოწამე დის - მინადორას, მიტრადორასა და ნიმფადორას ხატი და ივერიაში გაგზავნონ. ეს ქვეყანას მშვიდობას მიანიჭებს. ივერია კი ისე აყვავდება, როგორც ამ მეფის დროს იყოო. გიორგიმ, იმ ქალის ვაჟმა, ეს ხატი დახატა და საქართველოში გამოგზავნა.
მთავარანგელოზი მიქაელი. ქართლში ერთი ციხისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს. ერთხელ მეფე თავისი კარვის კართან იდგა, მხოლოდ პერანგით იყო მოსილი. უცებ ციხიდან ვიღაცამ ისარი გამოსტყორცნა და მოხვდა მთავარანგელოზის მცირე ზომის ოქროს ხატს, რომელიც მეფეს გულზე ეკიდა და ღვთის ძალით მშვიდობიანად გადარჩა. წმინდა მთავარანგელოზმა თავის თავზე მიიღო მტრის ისარი და ქართველთ ცხებული მეფე გადაურჩინა.
ბასიანის ომში გამარჯვებული ქართველები შემოვიდნენ ოძრახეს მხიარულნი, ხოლო იქიდან შვება-სიხარულით ტფილისს გაეშურნენ. თამარ მეფემ სულთნის დიდებულები ერთი ნალის ფასად გაყიდა. იმასაც ამბობენ: როცა სულთნის დიდებული თამარის წინაშე შემოიყვანეს, დაეცა მის წინაშე და გველივით იკლაკნებოდა. გარეთ გაიყვანეს. როცა გონს მოვიდა, მიზეზი ჰკითხეს, - ასე რატომ მოიქეციო. თამარის თავს ზევით იყო ის, ვინც მოერია ჩვენს ჯარს და ახლაც შევშინდი მის დანახვაზეო. თამარის თავს ზევით კი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა და ქართველებმაც უმეტესი მადლობა შესწირეს ღმერთს.
ნათლისმცემელი იოანე. უფლის წინამორბედს დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები. მთაში მას "ბალღების მფარველს" ეძახდნენ. ამიტომაც შვილებს მის სახელს ხშირად არქმევდნენ. წმინდა იონეც დიდად შეეწეოდა ჩვენს წინაპრებს.
ეს ამბავი XIII საუკუნეში მოხდა. თეგუთარს, აბაღა ყაენის მამას, ესმა ოპიზის მონასტრის სიმდიდრე და მისი გაძარცვა მოინდომა. ათასი მხედრით ოპიზისკენ დაიძრა. მაგრამ "არა დაიდუმნა მსჯავრმან ზენამან", წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამო, ვისი სახელობისაცაა მონასტერი და იქ მოღვაწე მტრისგან მოწყვეტილ წმინდა მამათა ლოცვით დაიხსნა წმინდა სავანე. მტერი დადგა იმ მთის ძირას, რომლის თავშიც ოპიზის მონასტერია აშენებული. ამ მთის ძირში, რომელსაც ძეგლს ეძახდნენ, იდგა წმინდა გიორგის ეკლესია. ისეთი ნისლი ჩამოწვა, მტერი წინ ვერ მიიწევდა. მოვარდა წვიმა, სეტყვა, ხორშაკი, მდინარესავით წამოვიდა ნიაღვარი, წაიღო თათარნი ცხენიან-კაციანად. მხოლოდ ერთი ამბის მთხრობელი გადარჩა, რომელიც ეახლა თეგუთარს და უთხრა, - იქ ღვთის სახლია და მისვლას ერიდეო.
წმინდა ალექსი შუშანია რამდენიმე წელი სალოსობდა, მერე კი თავის დედასა და დებს სთხოვა, ერთი შვიდეული ემარხულათ და შევედრებოდნენ მაცხოვარს, განეცხადებინა მათთვის თავისი ნება - ამიერიდან როგორ ეცხოვრა. ბოლო ღამეს წმინდა ალექსიმ იხილა: ერთი საჟენის სიმაღლეზე გამოჩნდა ჰაერზე მდგომარე იოანე ნათლისმცემელი, ისე, როგორც ისრაელში იმოსებოდნენ, ხელში ჯვრიანი კვერთხი ეპყრა და ალექსის უთხრა: "რას წუხხარ?" "არ ვიცი, წმინდაო, რა გზას დავადგე", - მიუგო წმინდა ალექსიმ. იოანემ უთხრა: "შენთვის დაუსაბამო ღმერთს ვთხოვეთ და ბრძანა: "თერთმეტამდე არ იქნება და თერთმეტის შემდეგ ნახავო". მხოლოდ ამ ხილვიდან მეთერთმეტე წელს გამჟღავნდა უფლის ნება, როცა წმინდა ალექსიმ ნებართვა მიიღო მწყემსმთავრისგან და ზედა თეკლათში მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი ააშენა.
წმინდა ევსტატე პლაკიდა. მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა. მეორე დღესვე შეუდგნენ მისი ჯარისკაცები ტაძრის დაშლას, გუმბათიდან კრამიტები გადმოყარეს. შაჰმა თვალისჩინის თანდათანობით დაკარგვა იგრძნო და მთლად დაბრმავდა. აქამდე მას თვალი არასოდეს სტკივებია და ახლა დამწუხრებულს ჩაეძინა. უეცრად შეშინებულს გამოეღვიძა და არ იცოდა, როგორ აეხსნა ეს ხილვა - გოლიათი ვიხილე, რომელიც მახვილით ჩემს განგმირვას ცდილობდაო. შაჰის წინაშე მოკრძალებით წარდგა ერთაწმინდელი, გიორგი სააკაძის ამალის წევრი და სიზმარი აუხსნა: თვალისჩინი მაშინ დაგიბრუნდება, თუ ტაძრის ნგრევას შეაწყვეტინებ, ვინაიდან ეგ ტაძარი წმინდა ევსტატესია და იგი გახლდათ ის გოლიათი, რომელიც გესიზმრათო. შაჰი ასეც მოიქცა. თვალისჩინი დაუბრუნდა, მერე კი იმ ქართველს შეჰყვა ტაძარში, სადაც მას წმინდა ევსტატეს ხატი აჩვენეს. შეძრწუნდა შაჰი, სწორედ ეგ მემუქრებოდაო. წმინდა ევსტატეს ტაძარს მან თვალმარგალიტით მოოჭვილი ხმალი შესწირა.
წმინდა ბარბარე. პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე) ეპისკოპოსობის ჟამს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში წირავდა. მაშინ ტაძარში ცოტა თუ დაიარებოდა. ერთხელ, მზის ჩასვლის ჟამს, მღვდელმთავარი ტაძარში სკამზე იჯდა, იქ მის გარდა არავინ იყო. ამ დროს შემოვიდა ქალი პატარა გოგონათი. მივიდა წმინდა ბარბარეს ხატთან, ბავშვი ზედ მიახეთქა და უთხრა: - აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, თუ არადა მე მაგის ყურების თავი არა მაქვს, შენც ხომ ქალი ხარ, მოკალი და გაათავეო. მეუფე ეფრემი მივიდა ქალთან და ასე უდიერად მოქცევის მიზეზი ჰკითხა. ჩემს შვილს თვალები სტკივა და ვერავინ უშველა. ახლა კი აქ მოვიყვანე თუ ღმერთი მას მოარჩენს, მისი მსახური ვიქნებიო. გოგონას თვალები არც კი უჩანდა. მეუფე მოეფერა მას, დაამშვიდა, მერე წმინდა ბარბარეს პარაკლისი გადაიხადა, წყალი აკურთხა, მისით განბანა წმინდა ბარბარეს ხატი და ნაბანით ბავშვს თვალები მოსწმინდა, დარჩენილი წყალი კი დედამისს გაატანა და ურჩია, ყოველ დილით დაებანა ბავშვისთვის თვალები. ერთხელ მეუფე ეფრემს კაბის კალთა პატარა გოგონამ მოჰქაჩა. ეს სწორედ ის თვალმტკივანი გოგონა იყო, რომელიც წმინდა ბარბარეს ლოცვით სრულიად განკურნებულიყო. დედამისმა აღთქმა აასრულა, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მრევლი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ტაძარს.