კურთხევის გარეშე ჩემი თმის ღერი რატომ აიღე?
სოლოვეცკელმა იღუმენმა, ღირსმა ზოსიმემ მოსალოცად მონასტერში მოსულ ვაჭრებს სეფისკვერი აჩუქა, მათ კი ის დაკარგეს.
მონასტრის ძმათაგან ერთ-ერთმა სეფისკვერები იპოვა - ძაღლი უპირებდა შეჭმას, მაგრამ ვერ ეკარებოდა, რადგან მისგან გამომავალი ცეცხლით იწვებოდა. * წმინდა თეოდორემ უსისხლო მსხვერპლის შესაწირი ვერცხლის ფეშხუმის შესაძენად მორჩილი გაგზავნა კონსტანტინოპოლში. მაგრამ როცა მოუტანეს, წმინდა თეოდორემ არ მიიღო და არაწმიდება უკან დააბრუნა. ოსტატი ჩაფიქრდა, გაიხსენა, რომ ოდესღაც ეს ჭურჭელი მეძავს ეპყრა ხელთ. გაოცდა ოსტატი წმინდა კაცის დაფარულთმცოდნეობით და სხვა ჭურჭელი გაუგზავნა.
* წმინდა მაკარი ოპტელი მცირე საგნებშიც კი ვერ იტანდა უკრძალველობას. როცა დაინახავდა, მაგალითად, ვიღაცისგან ნაჩქარევად ანდა უყურადღებოდ გადაშლილად, ამობრუნებულად დადებულ წიგნს, ამის გამკეთებელს უეჭველად დატუქსავდა: - შენ წიგნი უკრძალველად დადე - ეს ცუდიაო და უთუოდ შეასწორებდა.
* მამა ბენიამინი ჰყვებოდა: "მამა იოანე კრესტიანკინთან ერთად ციმბირის ბანაკებში ვიყავი გადასახლებული. ზამთარში სქელ ყინულს ვამტვრევდით და ნათლისღებისას წყალს ვაკურთხებდით. მერე კი ამ წყლითა და ლოცვით ვკურნავდით პატიმრებს. ერთხელ გავიგეთ, რომ ბანაკის უფროსის შვილი სასიკვდილოდ იყო გადადებული. ვიღაცამ უფროსს ჩვენზე უთხრა, - ბავშვის ექიმები არიანო. სასოწარკვეთილმა მამამ მიგვიხმო. ვთხოვეთ, ბავშვთან მარტო დაგვტოვეო. შემოკლებული წესით მოვნათლეთ პატარა, ნაკურთხი წყალი დავალევინეთ, ვილოცეთ და მოხდა სასწაული - ბავშვი მეორე დღეს სრულიად გამოჯანმრთელდა.
* მამა კ. ჰყვებოდა თავისი სასწაულებრივი განკურნების ამბავს. მაშინ ახალგაზრდა მღვდელი იყო. მარჯვენა ხელზე შუა თითი გაუსივდა და გაულურჯდა. მერე მთლიანად ხელი ასტკივდა ისე, რომ ღვთისმსახურებას ვეღარ ატარებდა. ექიმმა - თითი უნდა მოვკვეთოთ, სიცოცხლეს საფრთხე რომ არ დაემუქროსო. მღვდელი ოპერაციას არ დასთანხმდა და ღმერთს მიანდო თავისი სატკივარი. ერთხელ ტაძარში წმინდა ტრაპეზის წინ დაემხო. მხოლოდღა ოხრავდა, მერე კი ოდიკის მთხვევა მოუნდა. უფალს შესთხოვა: "გამოაჩინე შენი წყალობა წმინდა მოწამეთა ნაწილთა მიერ, რომელნიც შენს წმინდა ტრაპეზზე ძევსო!" მოიძრო სახვევი, ტკივილი არ უგრძნია, თითი სრულიად ჯანმრთელი ჰქონდა.
* წმინდა ნიკოლოზ სერბი მოგვითხრობს მორავიის ოლქის ერთ სოფელში მომხდარ ამბავს. ღვთისმოშიშ ახალგაზრდას, რომელსაც წმინდა წერილის კითხვა და საქმით აღსრულება უყვარდა, მამამისი უშლიდა ღვთის გზაზე სიარულს და შვილს მთელი სასულიერო ლიტერატურა ცეცხლში შეუყარა. ბიჭს სახარება გადამალული ჰქონდა. ერთხელ მამამ მისი კითხვისას წაასწრო, წიგნი ხელიდან წაგლიჯა და სამზარეულოს ღუმელში შეუძახა. ათი დღე ყოველდღე ანთებდნენ ღუმელს. მეთერთმეტე დღეს დედინაცვალმა ღუმლიდან ნაცარი გამოიღო. ნაცარს წიგნიც გამოჰყვა. წმინდა სახარება უვნებელი დარჩენილიყო, ცეცხლს მხოლოდ შეეტრუსა.
* მამა იოანე ქოზიფელი 1960 წელს გარდაიცვალა, 20 წლის შემდეგ კი მისი უხრწნელი სხეული მოიპოვეს და თაყვანისცემისთვის ტაძარში დაასვენეს. ერთხელაც მონასტრის იღუმენი საქმეზე საბერძნეთში წავიდა. იერუსალიმის საპატრიარქოს ზოგიერთმა მსახურმა, რომელთაც სულიერად აბრკოლებდათ ის, რომ ახალგამოჩენილი, ეკლესიისგან ჯერ არშერაცხული მოღვაწის სხეული ტაძარში იყო დასვენებული და ეთაყვანებოდნენ, პატრიარქი დაარწმუნა, სანამ ამფილოქე იღუმენი წასულია, უხრწნელი სხეული სადმე სხვაგან დავმარხოთო. პატრიარქმა კომისიის გამოგზავნა გადაწყვიტა, რომელიც გადაასვენებდა კიდეც წმინდა იოანეს, მაგრამ ღმერთმა არ მისცა ამის საშუალება. პატრიარქი უეცრად მოკვდა, კომისიის თავმჯდომარეს სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. გულის ძლიერი შეტევა მისცა კომისიის მესამე წევრს. ამის შემდეგ ვინღა გაბედავდა წმინდა იოანეს სხეულის ხელის ხლებას?
* იღუმენი ამფილოქე ჰყვებოდა: ცოტა ხნის წინ წმინდა გიორგი ქოზიფელის მონასტერში ბერძენ მომლოცველებს სიწმინდეები ვაჩვენე. გავხსენი წმინდა იოანეს კუბოც. ისინი მიემთხვივნენ სიწმინდეს. ერთმა ქალმა შეუმჩნევლად წმინდა იოანეს თმის ერთი ღერი აიღო. მე ეს არ ვიცოდი. გავუმასპინძლდი. წავიდნენ. როცა ისინი ელადაში დაბრუნდნენ, ამ ქალს წმინდა იოანე რუმინელი (ქოზიფელი) გამოეცხადა და მკაცრად მოჰკითხა: - კურთხევის გარეშე ჩემი თმის ღერი რატომ აიღე? უკანვე წაიღეო. შეშინებული ქალი მაშინვე იერუსალიმში გამოფრინდა, მომიტანა თმის ღერი და ყველაფერს მომიყვა. ამის მერე მეშინია წმინდანის თმის ღერის გაცემა და მეტად აღარ ვაღებ კუბოს თაყვანისცემისთვისო.
* რევოლუციის შემდეგ ოპტის უდაბნოში ვლადიმირის ღვთისმშობლის ტაძარი გომურად გადააქციეს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეამჩნიეს - ყოველ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ძროხები ტაძარში ცოფიანებივით იქცეოდნენ, დარბოდნენ, ერთმანეთს ურქენდნენ. ერთხელ, დიდ ხუთშაბათს ისე გადაირია ერთი ძროხა, რომ ვეტერინარმა მას "ჭკუაზე გადაცთომის" დიაგნოზი დაუსვა. წითელ პარასკევს ძროხა თოფით მოკლეს. ტაძარი კი აგურებად დაშალეს. ოპტელები ჰყვებოდნენ, რევოლუციის შემდეგ, როცა ხატებით კოცონი გააჩაღეს, ყველამ დაინახა, ჯვრებიდან სისხლმა როგორ იფეთქაო.
ერთი დედაკაცი ჰყვებოდა: ოპტის უდაბნო კომუნისტებმა დასასვენებელ სახლად აქციეს. მისმა დირექტორმა ბავშვები შეგვკრიბა და კედლებიდან ფრესკების წაშლა დაგვავალა. მე პატარა ვიყავი და წმინდანთა სახეებს ვერ ვწვდებოდი, მხოლოდ ფეხები წავუშალე და თვითონაც წამერთვა ფეხები, მას შემდეგ მთელი ცხოვრება კოჭლობით განვვლე. მტკივა ახლა ფეხები, მაგრამ იმედი გულში მიტრიალებს: იქნებ შემიწყალოს უფალმაო.
* კირილე ეპისკოპოსი გარეჯის მონასტერში აღიზარდა. აქვე აკურთხეს მღვდელმონაზვნად. ერთხელ რაღაც სამორჩილო საქმეზე უნდა წასულიყო. წმინდა დავითის საფლავში ჩაყო ხელი მიწის ამოსაღებად (სოფელში ევლოგიად რომ ჰქონოდა). ხელში ერთი წმინდა ნაწილი მოხვდა (ნეკნი), დიდი სიხარულით ამოიღო და არავის უთხრა. განიზრახა, წაეღო სოფელში, ვერცხლით შეემკო და სასოებად ჰქონოდა. ჯერ ქარტიაში ჩადო, მერე წმინდა მანდილში შეახვია, შეკრა და სალოცველ წიგნებს შორის მოათავსა. დაადგა სოფლის გზას გახარებული. შესასვენებლად რომ შეჩერდნენ, კირილე სალოცავად განზე გავიდა. მოისურვა, წმინდა ნაწილისთვის თაყვანი ეცა. გადახსნა მანდილი, მაგრამ წმინდა ნაწილი იქ აღარ დახვდა. დიდად დამწუხრდა, გაოგნდა, არადა თითქოს ისევ ისე იყო შეკრული. სოფლიდან მობრუნებული დიდი სინანულით ჩავიდა მამა დავითის საფლავშიც. ის წმინდა ნაწილი ისევ იქ იხილა და იცნო. "მაშინღა მადლობით ადიდებდა ღმერთსა და წმიდისა მის საკვირველებათა".
* როცა კომუნისტებმა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია დაარბიეს, მისი წინამძღვარი, მოხუცებული მამა ნესტორ კონტრიძე გათოკეს და მის თვალწინ ცეცხლს მისცეს ეკლესიაში დაცული მრავალი ძვირფასი ნივთი და სიწმინდე. მამა ნესტორი თვალცრემლიანი ღმერთს ევედრებოდა: "შეუნდე, უფალო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". ტაძრიდან გამოიტანეს ყდაში ჩასმული სახარება, ყდა მოაძრეს და ცეცხლში ჩააგდეს. ამ დროს ერთმა კომკავშირელმა მამა ნესტორს ხელები შეუხსნა. მოძღვარმა ცეცხლიდან აიტაცა სახარება და გულში ჩაიკრა. მას ხელი ვერავინ ახლო. ტაძრის დარბევა ამით არ დასრულებულა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამოიტანეს ეკლესიიდან, ძვირფასი ჩარჩო შემოხსნეს, გამოაბეს თოკი და სოფლის ცენტრამდე ათრიეს. ხატს უკან მიჰყვებოდა გულში სახარებაჩაკრული მოძღვარი. რევკომელები და კომკავშირელები თოკზე გამობმულ ხატს მუხის გარშემო ათრევდნენ და მოძღვარს დასცინოდნენ, - აბა, ახლა მოახდინოს სასწაული ღვთისმშობელმაო. მამა ნესტორს უთქვამს: - მეტი სასწაული რაღა გინდათ, გაგაგიჟათ ხატმა და მუხის გარშემო გარბენინებთო.
* 1798 წლის ივლისში ნიქოზის ეპისკოპოსმა ბრძანა, ეკლესიაში დაებრძანებინათ ძელი ჭეშმარიტი, რომელიც განთქმული იყო თავისი სიდიდით, რათა დაეფიცებინა თავადნი ამირეჯიბნი და მათი მოდავენი - იმერეთის მესაზღვრენი. აიღეს ტრაპეზიდან ძელი ჭეშმარიტი. მკლავის სიგრძე სიწმინდე ალავერდის ძელი ჭეშმარიტზე ორჯერ დიდი იყო. დადეს ეკლესიის გარეთ საწიგნეზე. შემდგომად ფიცისა და შფოთისა გლეხებსა და თავადებს შორის ეკლესიის მცველებს დაავიწყდათ ძელი ჭეშმარიტის აღება საწიგნიდან და წმინდა ტრაპეზზე დაბრძანება. მწუხრის შემდეგ სცნეს, რომ ეს სიწმინდე აღარ იყო არც საწიგნეზე და არც ტრაპეზზე. მოახსენეს მღვდელმთავარს, დაუწყეს ძებნა, კათალიკოსმაც შეიტყო და მეფე გიორგის აცნობა. მან იმერეთში კაცი გაგზავნა - წერეთლებსა და აბაშიძეებს სთხოვა, თავიანთ გლეხებში მოეძებნათ, რადგან ისინი ფიცის დადებისას იქ იყვნენ და მათ აბრალებდნენ, მოიპარესო. საბოლოოდ, ძელი ჭეშმარიტი დაიკარგა. მეფე გიორგის ბრძანებით, ათანასე ნიქოზელი კათედრიდან განდევნეს და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში გაგზავნეს.
* წმინდა ილარიონ ქართველი (ყანჩაიშვილი) ივერონის მახლობლად, მთავარანგელოზის სენაკში ცხოვრობდა. მამა ილარიონი ყოველდღე სწირავდა და სეფისკვერებს მონასტრიდან იღებდა. სეფისკვერში მამა ილარიონი ხშირად თაგვის ცურცლს პოულობდა. სიწმინდეთა წაბილწვის გამო პროესტოსებს სამჯერ უსაყვედურა, მით უმეტეს, რომ საჭმელად ისინი ყოველთვის წმინდა პურს იყენებდნენ. როცა მის შეგონებას ყური არ ათხოვეს, კიდევ ერთხელ მკაცრად ამხილა ისინი, დატოვა მთავარანგელოზის სენაკი და დიონისეს მონასტრის ახლოს წმინდა იაკობ მოციქულის სენაკში გადასახლდა, სადაც თოთხმეტი წელი დაჰყო. აქაც დევნა დაუწყო ჩვენი გადარჩენის მოშურნემ. იღუმენმა ევლოგიმ აიძულა ბერი, მონასტრიდან წასულიყო. თურმე იმ ფქვილში, რომლითაც სეფისკვერებს აცხობდნენ, კატებს ეძინათ, გობზე მოთავსებულ ცომზეც კი ჩანდა კატის სიბინძურე. მესეფისკვერე ძმას მიუთითეს, მაგრამ მას ისე უყვარდა თავისი კატები, რომ არ ეთმობოდა გასაყრელად. წმინდა ილარიონმა მონასტრის იღუმენი დატუქსა: - შენთვის ახალი სენაკი აიშენე, რატომ ფურნეს არ გააფართოვებო. გეტყობა, იღუმენობა გინდაო, - უთხრა წინამძღვარმა. მამა ილარიონი წმინდა ანას სკიტში გადასახლდა.
* მამა იაკობ ევბეელი ყრმობაში ძალზე ღვთისმოშიში იყო. მოივლიდა ხოლმე სოფლის გარშემო მდებარე ეკვდერებს და კანდელებს ანთებდა. განსაკუთრებით წმინდა პარასკევას სახელობის ეკვდერში ყოფნა და მისი მოვლა უყვარდა. წმინდა პარასკევაც ხშირად ეცხადებოდა და ესაუბრებოდა. ერთხელ, გამოცხადებისას ჰკითხა: - ასე რომ ზრუნავ ჩემი სახლის დასამშვენებლად, მითხარი, რითი დაგაჯილდოვოო. იაკობმა არ იცოდა, რა ეპასუხა: - წავალ და დედაჩემს ვკითხავო, - უთხრა წმინდანს. დედამ დაარიგა: - სთხოვე, კეთილმოგიწყოს ცხოვრებაო. მეორე ღამეს წმინდანმა უთხრა იაკობს: - შენ გაიგებ, რა არის პატივი და დიდება, უამრავი ადამიანი შენთან შეხვედრას მოისურვებს. უამრავ ფულს აიღებ მათგან, მაგრამ ხელში არ გაგიჩერდებაო. ასეც მოხდა, მაგრამ მამა იაკობი წმინდანის მიერ მოძღვნილ ჯილდოდ სხვას თვლიდა: - წმინდანმა უმთავრესი საგანძური მომცა - ღვთის საიდუმლოთა მსახური გამხადაო.
* ღირსმოწამე კოზმა ეთოლელი ღვთის სიტყვას უქადაგებდა თურქებისგან დამონებულ თანამემამულეებს. სადაც მიდიოდა, სპეციალურ კათედრას უგებდნენ, იქვე ვეებერთელა ჯვარს აღმართავდნენ, რომლის ქვეშაც ქადაგებდა ღირსი მამა. მისი წასვლისას ამ დიდ ჯვარს, როგორც სიწმინდეს, ისე იტოვებდნენ იქაური ქრისტიანები. ყოფილა შემთხვევა, როცა წყაროს ამოუჩქეფია იმ ადგილას, სადაც ჯვარი იდგა. ერთმა თურქმა ოფიცერმა მოთხარა ჯვარი, მიიტანა შინ - უნდოდა, ჯვრის ფრთებით თავისი ტახტი შეეკეთებინა. მაგრამ უცბად, თითქოს მიწა იძრაო, თურქმა ფეხზე დგომა ვეღარ შეძლო, დაეცა მიწაზე, პირზე დუჟმორეული კბილების ღრჭენით დიდხანს გორაობდა. წამოაყენეს ფეხზე. ცოტა გონს რომ მოეგო, მიხვდა თავის დანაშაულს, წაიღო ჯვარი, ძველ ადგილას ჩაამაგრა, ყოველდღე მიდიოდა და თაყვანს სცემდა, ემთხვეოდა. როცა ერთხელ იმ მხარეში წმინდა კოზმამ ისევ ჩამოიარა, თურქი მას მუხლებში ჩაუვარდა, ყველაფერი უამბო და შენდობა სთხოვა.
* ერთმა სოფლელმა დედაკაცმა წმინდა კოზმას პირისნაბანი წყალი შუშის ჭურჭელში შეინახა. გარკვეული ხნის შემდეგ ჭურჭელში რომელიღაც მცენარე უფესვოდ გაიზარდა. ორად ორი ფოთოლი ჰქონდა და მთელი ჭურჭელი დაიკავა. მთელი წლის განმავლობაში მცენარეს ფერი არ შეუცვლია და აღაფრთოვანებდა მისი ნახვა. ჭურჭელში ნადგომი წყლისგან კი მრავალი კურნება აღესრულა.